ჩემ შესახებ
დაწყება და საკუთარ თავზე ლაპარაკი ყოველთვის მიძნელდება. ‘სასაცილო’ კი, ის არის, რომ ამ ‘რუბრიკას’ ვწერ ბლოგის გახსნიდან თითქმის ორი წლის (103 გამოქვეყნებული და 8 დადრაფტული პოსტის) შემდეგ.
მოკლედ, ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს წერა. ამ სიყვარულის გამო ისწავლა ჟურნალისტიკა და მუშაობს გაზეთში. ძირითადად, ამავე სიყვარულის გამო არის „ფეისბუქის“ თავგადაკლული ფანი. ასევე უყვარს კითხვა და აინტერესებს თითქმის ყველაფერი სპორტის გარდა. უყვარს შემწვარი კარტოფილი. ოცნებობს, გაარღვიოს მასა და უცხო ენებს შორის აღმართული კედელი. გიჟდება სოციალურ მედიაზე, განსაკუთრებით, სოცალურ ქსელებსა და ბლოგინგზე (ჰო, მისი „ფბ-ტყაოსანი“ მოხვდა ბლოგერების კრებულში, „ფეისბუქმა რა ჰქმნა“). მოწყენილობის ჟამს, ერთობა ვიდეო-აუდიომონტაჟით.
წერა პირველ პირში რომ განვაგრძო. ახლაც სტუდენტი ვარ და ამჟამად, „პოლიტიკის ანთროპოლოგიის“ დაუფლებას ვაპირებ. მეუბნებიან, რომ წერა კარგად გამომდის. მე კი, იმას ვამბობ, რომ უბრალოდ, წერა უკეთ გამომდის, ვიდრე ლაპარაკი. უფრო რომ დავაკონკრეტო – ტელეფონზე ლაპარაკი ანუ რბილად რომ ვთქვა, ვერ ვიტან და ცოტა სიხისტე რომ შევურიო – მძულს. როცა რესპოდენტებთან მაქვს დასარეკი, მგონია, რომ უსაშინელეს გამოცდაზე გავდივარ. მათ რომ იცოდნენ, რა მიჯდება თითოეული ზარი, არასოდეს გამითიშავდნენ ტელეფონს და არასოდეს მეტყოდნენ უარს კომეტარზე. ძირითადად, სწორედ ამ თვისების გამო ვხდები თანამშრომლების „დაცინვის ობიექტი”, რადგან. რედაქტორთან ლაპარაკის დროსაც კი, ხმას თრთოლვა ეპარება და „მოკრძალებრივ-ქალწულებრივი“ ხდება.
მიჭირს ახალ და უცხო ადამიანებთან საერთო ენის უცებ გამონახვა, რადგან ჯერ დაკვირვება მხიბლავს და შემდეგ, დალაპარაკება.
მახასიათებს მაქსიმალიზმი და დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, რაც ზოგჯერ დეპრესიაში მაგდებს. პრიციპში, სწორედ ეს ორი თვისება ანეიტრალებს ჩემს უდიდეს სიზარმაცეს და საქმის “მკვდარზოლამდე” (deadline – მკვდარიზოლი © დათო პაიჭაძე) მიყვანის სურვილს. თამამად შეიძლება ვთქვა, რომ არ მახსოვს, დაწყებული არ გამეკეთებინოს – უფრო ხშირად, დაწყების გადაწყვეტილება „გამიუქმებია“.
არ მიყვარს ტყუილი, რადგან ვერ ვამბობ. არც არასდროს გამომდიოდა – სახეზე ვწითლები, ხმა მიკანკალებს და მეცინება – ჰოდა, ბავშვობაშიც კი, ჩემი ხუთი წლით უმცროსი დაც ყოველთვის ხვდებოდა, როდის არ ვამბობდი მართალს.
ვკამათობ ხშირად, ბევრ სისულელეზეც კი და მერე ვნანობ. ვკამათობ იმათთანაც, ვისთანაც ვიცი, აზრი არ აქვს. ხშირად, ენა წინ მისწრებს, უფრო ზუსტად, იმდენად „ვგულწრფელობ“ , რომ მოგვიანებით ვხვდები – ‘ეგრეც არ შეიძლება რა’.
მეტი ისეთი არაფერი მახსენდება. რაღა მეტი, ისედაც ბევრი დამიწერია. დღეს მომინდა, დიდი ხნის წინ/მაძილზე მიგდებული ბლოგის ცოტა გააქტიურება. ჰოდა, შეხვედრამდე.




natali08
February 27, 2011 at 6:15 am
მარი, შენსავით ლამაზად წერა არ მეხერხება (უფრო სწორად საერთოდაც არ მეხერხება), თორემ ასე მგონია ჩემზე ლაპარაკობ