RSS

Category Archives: ჟურნალისტიკა

ლევან ბუთხუზი – “აფრიკის შვილობილი”

ველური ბუნების მოყვარული, დახვეწილი იუმორის პატრონი, ენერგიული და  კონტაქტური… თითქმის ყველა თემაზე  შეუძლია ლაპარაკი. შეუძლია და უყვარს კიდეც. ამიტომ ხუმრობით  მეგობრები „ლოგონევროზიანსაც“ ეძახიან. ამბობენ, რომ ზოგჯერ მისი გაჩერებაც კი ჭირს. თუმცა, თხრობის დიდებული მანერისა და მრავალფეროვანი ისტორიების გამო, გაჩერების სურვილი არც უჩნდებათ.

ლაპარაკი ბავშვობაშიც უყვარდა. ადრეც დაიწყო. როგორც დედა ამბობს, უპრობლემო ბავშვი იყო და ეს დიდობამდე გამოჰყვა. ეგ არის, სკოლაში ცელქობდა. დამრიგებელი ჯავრდებოდა, მიცვალებულს რომ დაუსვა, აალაპარაკებსო.

მგელთან ერთად - ფეისბუქის პროფაილის ფოტო.

მგელთან ერთად. ფეისბუქ პროფაილის ფოტო.

ჩემი პორტრეტის გმირი ლევან ბუთხუზია, პროფესიით ბიოლოგი. სახასიათო იმიჯი აქვს: ბლანჟე და გადაპარსული თავი, წლებია, მისი განუყოფელი ნაწილია. 41 წლის გახლავთ. ძაღლთან – ბელონასთან – ერთად ცხოვრობს, დროდადრო დედას სტუმრობს  ვერაზე და დღეებს მასთან ატარებს. მუშაობს სახეობათა კონსერვაციის ცენტრ ”ნაკრესში“, რომლის ერთ-ერთი დამაფუძნებელიც თავად არის. ბედნიერია იმ გუნდით, ვისთანაც მუშაობს.  კარგი ატმოსფეროს შექმნა უყვარს და ადამიანებთან ურთიერთობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

„ნაკრესი“, პროექტები, დონორების მოზიდვა, ”ფეისბუქი”,  კვირაში ერთხელ სატელევიზიო გადაცემა, საღამოს მეგობრებთან ერთად რომელიმე ბარი ან რესტორანი – ეს მისი ყოველდღიურობაა.

ლევანს დედა ნაკლად უთვლის იმას, რომ დაოჯახების სურვილი არ აქვს. თუმცა, ამას მისი  თავისუფლების სიყვარულით ხსნის.

„არ უყვარს ჩარჩოებში ყოფნა. თავისუფლებაზე გიჟდება. როცა უნდა მიდის-მოდის, მეუღლე რომ ჰყავდეს, დილის 4-5 საათზე მომსვლელი ქმარი არავის უყვარს. დადის და დროს ატარებს,“ – ამბობს ქალბატონი გიული.

არატიპურ ქართველ კაცად ახასიათებენ და ამბობენ, რომ მისი აზროვნება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებში ჯდება. მეგობრების თქმით, ლევანს მიაჩნია, რომ ყველას თავისი წარსული აქვს. შესაბამისად, ქალსაც უნდა ჰქონდეს წარსული და გამოცდილება. თუმცა, ამას ისე არ ამბობს, რომ ვინმემ თავი შეურაცხყოფილად იგრძნოს.

შრომისმოყვარეობას უქებენ. პასუხისმგებლობასაც. იმასაც, რომ დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს. რაც მთავარია, ერთი საქმის გასაკეთებლად, არასოდეს აფუჭებს მეორეს.

„ვთქვათ, გაკვეთილები არ ჰქონდა ნასწავლი და  უნდა წასულიყო დაბადების დღეზე. აუცილებლად წავიდოდა, მაგრამ შინ დაბრუნებული  თავის საქმეს გააკეთებდა, სულ რომ დილამდე მჯდარიყო,“ – ამბობს დედამისი.

ნაცნობებს არ ახსოვთ, რომ ლევანს დანაპირები არ შეესრულებინოს, თუმცა, საქმის ბოლო წუთისთვის მოტოვებაც არ ყოფილა მისთვის უცხო.

საკურსოს აგვიანებდა და სულ ვეკითხებოდი – როდის გააკეთებ-მეთქი.  პასუხი იყო – დღეს-ხვალ. ბოლოს გავბრაზდი და გადავწყვიტე, საერთოდ აღარ მეკითხა.  საბოლოო ჯამში, გააკეთა ძალიან ნორმალური, ოღონდ, ბოლო წუთებში, – ეს ლევანის ყოფილი ლექტორის, ნათია კოპალიანის სიტყვებია.

კაცთმოყვარეობას,  სიკეთესა და ხელგაშლილობას უწონებენ. ამას  მრავალი მაგალითითაც  ამყარებენ. თავად არ უყვარს საკუთარ სიკეთეებზე ლაპარაკი და არც ლაპარაკობს. სხვისგან თუ გაიგებ შემთხვევით.

„ზოგი ხომ დაიწუწუნებს, იმან  ეს მთხოვა, ის მთხოვაო… ლევანისგან მასეთს ვერ მოისმენ. გეგონება, კაციშვილი არაფერს სთხოვს ან არავის ეხმარება.  მერე სხვისგან ვიგებთ – ლევანმა ეს გამიკეთა, ლევანმა  ის გააკეთა…“ – ამბობს მისი მეგობარი ნინო ქურიძე.

ჯაბა გერსამიამ ლევანთან ერთად სამი დღე გაატარა – როცა იგი ლექციას კითხულობდა ზუგდიდში.  სწორედ იქ ნახეს ჯაბას ნაცნობი, რომელსაც  მძიმე დაავადება – თავის სიმსივნე აქვს. სოციალურად დაუცველისთვის დაზღვევა  შეუჩერებიათ.  ლევანმა ჯაბას უთხრა, რომ   ფინანსურად დახმარება შეეძლო,  თუმცა, კატეგორიულად მოითხოვა, რომ  მისი სახელი არ გამოჩენილიყო.

„ფულს დაგიტოვებ და თბილისში რომ წავალ, მაშინ გადაეციო. ვერ დავითანხმე, რომ ერთად მივსულიყავით. ჩემი მიღწევა ის იყო, რომ თავად დაიმალა და მე მივუტანე იმ კაცს ფული.  არასოდეს დამავიწყდება, ბანკნოტსა და ჩემს თითებს ერთად როგორ მოუჭირა ხელი… ორი თუ სამი თვის წინ დამირეკა იმ ბიჭმა და მეგრულად მკითხა, ის ღვთიური კაცი როგორ არისო?“ - ყვება ჯაბა.

მას ახასიათებენ, როგორც ემოციურ, თუმცა, არაკონფლიქტურ ადამიანს. დიპლომატობას უქებენ. ამბობენ, რომ თავშეკავებულია და მისი გაბრაზება ადვილი არ არის. როგორც კარგ მენეჯერს, შეუძლია მარტივად დაალაგოს არეული სიტუაცია. გაგა გობრონიძე, მისი მამიდაშვილი, ამბობს, რომ ლევანის გაბრაზება საზარელი საყურებელია, თავად, ამის მნახველი, შეშინებულა კიდეც.

სხვა  სულ  რომ ღრიალებს, შეჩვეული ხარ. მშვიდი ლევანისგან კი  მოულოდნელია.  კორექტულად ლაპარაკობს, მაგრამ მკაცრი ტონი. პასუხისმგებლიანი და შრომისმოყვარე  - სხვებისგან საწინააღმდეგო ქცევებს ვერ იტანს,“ – შენიშნავს გაგა.

დედას სულ ორჯერ ახსოვს ძალიან გაბრაზებული ლევანი და ამბობს, რომ ასეთ დროს ერიდება კიდეც მას. ქალბატონი გიული იხსენებს, თავიანთ ახლობელთან როგორ მოიხსენია მცირედ ხელაკვრით  ამავე ახლობლის ძმა. თან, ამ ქალბატონს სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა და ტრავმაგადატანილი იყო.

„იქ არაფერი მითხრა, შინ კი, კატეგორიულად და ხმამაღლა გამომიცხადა – ძალიან გთხოვ, ამ გაუბედურებულ ქალთან მის ძმაზე აუგს ნუღარ იტყვი, უყვარს  ის  და თუ არ შემოგეპასუხა, არ ნიშნავს, რომ  გულში ხინჯად არ დარჩაო. მე მივხვდი, რომ ლევანი მართალი იყო და მოვიბოდიშე,“ – დასძენს  დედა.

განიცდის მისდამი უსამართლო დამოკიდებულებას და მოტყუებას.  მაგრამ  როგორც გარშემომყოფები ამბობენ, გულში არ იხვევს,  ამაზე ლაპარაკი უნდა, თუ არ თანხმდები,  წერილს მოგწერს და  ბოლომდე გაარჩევს საკითხს. პრობლემას არ ტოვებს. უკირკიტებს, რომ  როგორმე გადაწყდეს და პოულობს კიდეც გამოსავალს. მიიჩნევს, რომ ქრონიკული პრობლემა მდორედ მიდის, ამიტომ, მედიცინასა და ბიოლოგიაში გავრცელებული მეთოდის მსგავსად, მწვავე მოქმედებაში გადაჰყავს,  რომ მკურნალობას დაუქვემდებაროს.

”ბავშვობიდან ნიჭიერი” – ასე ახასიათებენ ნაცნობები. ლევანის ბავშვობის ახლობელი, ნენე კვინიკაძე ჰყვება ამბებს, რომლებიც, თავისივე შეფასებით, მითებს ჰგავს.

„ხუმრობასავით დადიოდა, რომ  წლინახევრის ლევანი „მერანს“ თავიდან ბოლომდე გამოთქმით, ძალიან სერიოზულად  ამბობდა. მამიდაჩემი იხსენებდა, პეტერბურგში,   ერმიტაჟში რომ შევიდნენ,  3 წლის ლევანმა კატალოგებიდან თეორიულად იცოდა, რომელ ოთახში რა იყო და ეს ბავშვი მიუძღვოდა ამხელა ქალებს გიდივით. თავად ძალიან არ უყვარს, ასეთ რაღაცებს რომ ვიხსენებთ ხოლმე, მაგრამ  ეს  დადასტურებული ფაქტი იყო,“ – ამბობს ნენე.

„ბუასი“ და „გუდიანი კაცის“, სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, არ ეშინოდა. აი, მამამისის დახატული მიკი-მაუსისა – კი. მამის შექმნილ პასტერნაკის პორტრეტისაც. სწორედ მათი მუქარით აჭმევდნენ საჭმელს.

ბავშვობიდან ზოოლოგობას აპირებდა,  მე-9 კლასში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლა გადაწყვიტა. ვერ ჩააბარა, ოცნების პროფესიას დაუბრუნდა და დაეუფლა კიდეც. მის მამიდაშვილს  კი ეგონა, რომ თეატრალურში ჩააბარებდა, რადგან  მიბაძვის ნიჭი ჰქონდა, ყველაფერს აჯავრებდა, ხმასა და მიმიკებს იცვლიდა. ეს უკანასკნელი ახლაც გამოჰყვა.

რასაც იტყვის, აუცილებლად ასრულებს. მაგალითად, კენიაში არ შეუშვეს -  საქართველო არასტაბილურ ქვეყანათა სიაში გვყავსო. სხვა გზებით, სხვა ქვეყნებით შეეცადა, ბრიტანეთის საელჩო დაიხმარა ვიზების აღებაში და მაინც წავიდა. ფიქრობს, რომ ყველაფერი ადამიანის ხელშია და მიუღწეველი არაფერია.

კოორდინაცია შენს ხელთაა, გააჩნია, რა გინდა. თუ 60 მილიონი ადამიანის ამოწყვეტა გსურს, მიაღწევ. ვიღაც ამერიკელს კოსმოსში გაფრენა უნდოდა.  არ ყოფილა კოსმონავტი. გადაიხადა 20 მილიონი და გაფრინდა. რეალურად შესაძლებელი ყოფილა. ის მილიონერი იმიტომ გახდა, რომ გაფრენილიყო. ბლოკს აქვს ფრაზა – “თუ რაღაც გინდა, აუცილებლად ახდება”.  თუ არ ასრულდა, დიდი სურვილი არ გქონია, თუ სხვა რამ აგისრულდა, იმედგაცრუება მხოლოდ მოჩვენებითია, რადგან ასრულდა სწორედ ის, რაც გინდოდა“, - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში.

ლევანის ოპტიმიზმზე ოჯახის წევრებიც საუბრობენ.  უფასებენ, რომ არასოდეს ეშინია და  სულ წინ იყურება.

გვქონია მატერიალური სიდუხჭირეც, თუმცა სულ მეუბნებოდა,  ნუ გეშინია, მე დამატებით ვიმუშავებ, თარგმანებს შევასრულებ და არ გაგვიჭირდებაო. მართლა ასე იყო, ათენებდა ღამეს და რაღაცებს აკეთებდა. შრომის უნარი აქვს ძალიან დიდი, ზარმაცი არ არის,“ - ესეც დედამისის სიტყვებია. თან წუხს, რომ ქება გამოსდის; ლევანი შავ დღეს დამაყრისო, ხუმრობს და შვილის უარყოფით თვისებებსაც ეძებს. პოულობს კიდეც: სიჯიუტე. მაგალითად, რომ სთხოვო, ტელეფონი  აქეთ გადამიდგიო, თუ არ სურს ამის გაკეთება, დაგისაბუთებს კიდეც, რატომ არ სურს და არაფრით არ გააკეთებს. დედა ამას  მთიულის ხასიათსაც აბრალებს.  უწესრიგობასაც უწუნებს -  სადაც დებს, ყველაფერს იქვე ტოვებსო. ამას ლევანიც აღიარებს და, ამ მხრივ, თავს მოუწესრიგებელ კაცად მიიჩნევს. ნივთებთან  ისედაც საკრალური ურთიერთობა აქვს. ბავშვობაში სჯეროდა, რომ ისინიც სულიერები იყვნენ და უჭირდა მათი  გადაყრა.

სათამაშოებიდან დაწყებული, დაძონძილი  მაისურით დამთავრებული, მიჭირდა შელევა და მუდამ ჩხუბი მქონდა სახლში. ეს ჩვევა შემრჩა და ახლაც, ამ ოთახშიც იმდენ უაზრო ნივთს იპოვი, რომელსაც არც ესთეტური დატვირთვა არ აქვს და არც შინაარსობრივი,”  – იცინის და მაგიდას ათვალიერებს, ქაღალდების შეკვრას იღებს და ხსნის.

-         აი, ამერიკიდან ჩამოვედი ცოტა ხნის წინ და ეს არის  ჩემი საჭმლის ჩეკები, რომელიც არაფერში არ მჭირდება.  უამრავი სავიზიტო ბარათი ისეთი ადამიანებისა, რომლებიც არც ვიცი, ვინ არიან. აი, ბილეთები, რა ქვეყნისაა, არ ვიცი და როდინდელია, არ ვიცი. ყველაფერი ქაოტურად ყრია.

ლევანი კონვერტს ხსნის და იქვე „იგებს“, რომ 2009 წელს 15-დან 29 სექტემბრამდე  სტრასბურგში ყოფილა. ტუმბოდან ”ნაკრესის” ლოგოიან მაისურს იღებს და იზომავს.

-         ათი წლის წინანდელი მაიკაა,  ფაქტობრივად, ძონძია, ყველა მეუბნება რომ გადააგდეო, მაგრამ იყოს რა.

არ უყვარს ფულის ხარჯვა ტანსაცმელში. „შოპინგს“ ვერ იტანს. ამბობს, რომ მეგობრები სულ ეჩხუბებიან – გარდერობი გამოცვალეო. თუ მათთან ერთად მიდის უცხოეთში, სწორედ ისინი ურჩევენ და აცმევენ, ისიც, დიდი ომის შემდეგ. სამაგიეროდ, სიამოვნებით ხარჯავს ქეიფებში, ოღონდ არა  ქართული გაგებით – რომ ოცი კაცი დაპატიჟოს. ძალიან უყვარს საზღვარგარეთ  სიარული და  ყოველთვის აგროვებს ფულს, რომ წელიწადში ერთხელ მაინც, რომელიმე  ქვეყანაში წავიდეს დასასვენებლად. სუვენირების ყიდვაც უყვარს და მას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ცდილობს,  ყველას რაღაც ჩამოუტანოს, რაც საბოლოო ჯამში, დიდ თანხას შეადგენს.

„ერთდოლარიანი ნივთიც რომ იყოს, ანიშნებს იმას, რომ 1000 კმ-ის იქით მე შენზე ვფიქრობდი. ერთია, როცა მეგობარს ეუბნები – გამახსენდი სადღაც, მაგრამ ეს ყალბი შეიძლება გახდეს თუ ამ გახსენებას რაღაც მატერიალური არ ახლავს,“ - მეუბნება ლევანი და თავის მაგიდაზე მიმოფანტულ ნივთებს მათვალიერებინებს.

ღორი, მისი საყვარელი ცხოველი; აუტიზმით დაავადებული ბავშვების მიძღვნილი სპილო; ხოჭოები პატარა ყუთში, რომელიც კობა კოსტავამ სახეობის გასარკვევად მიუტანა, მან კი სუვენირად დაიტოვა; ეგვიპტური მზის სიმბოლო და ეგვიპტურივე პერგამენტი; კალამი, რომლითაც მხოლოდ ხელს აწერს. კალამს გიშერი აქვს თავზე და მეგობარმა, რომელმაც აჩუქა,  უთხრა, რომ ეს ფინანსურ დოკუმენტებზე ხელის მოწერისას მნიშვნელოვანია.  ამბობს, რომ ეს არ აინტერესებს, მაგრამ მაინც „დარიგებისამებრ“ მოქმედებს; ჩინური ბურთებიც უწყვია, რომლებიც ისე უნდა ატრიალო ხელში, რომ ზარის ხმა არ ისმოდეს. როგორც ამბობს, კონცენტრაციას უწყობს ხელს, მაგრამ ნერვები არასდროს ჰყოფნის ამისთვის. ოთახში მაგიდის გარშემოც და შემოსასვლელის კედელზეც თაბახის ფურცლები აქვს გაკრული – ფრანგული ზმნები უწერია. ამბობს, რომ მე-3 ჯგუფის ზმნა  წესის მიხედვით არ იუღლება და სულ იზეპირებს.

მაგიდაზე 9×13-ზე დაბეჭდილი ძველი ფოტოებიც უდევს. 15-20 წლის წინანდელებიც და შედარებით ახლებიც – მეგობრებთან: გიგი თევზაძესთან, ირაკლი მაჭარაშვილთან, ბეჟან ლორთქიფანიძესთან, ლაშა ბაბუაძესთან ერთად გადაღებული.

- ეშ ნიკოლოჟია, ჩემი ნათლული, შაყვარელი – იჩლიქავს ენას და ღიმილით დაჰყურებს ბავშვის ფოტოს.

კარადის თავზე პლუშის ლეოპარდი აქვს შემოდებული. კოლექცია ჰქონდა, თუმცა, ერთი სათამაშოღა შემორჩა. ბავშვები რომ შედიოდნენ, მოსწონდათ და უარს ვერ ეუბნებოდა.

ბავშვს ვერ ეტყვი, რომ იცი რა, 40 წლის კაცის კოლექციაა და ხელი გაუშვიო, ამიტომ ვჩუქნიდი,“ – ასე ხსნის თავის საქციელს.

ლეოპარდი მისი ტოტემია. დარწმუნებულია, რომ ან წინა ცხოვრებაში იყო ლეოპარდი, ან შემდეგში იქნება, რადგან შინაგანად ეს ცხოველია. სიცოცხლის მოტრფიალე – თავის აფრიკულ ჩანაწერებში, რომელიც მეგობრებისთვის მიძღვნილი წერილის სახით დაიბეჭდა – წერს, რომ თუ ოდესმე მაინც მოუნდება სიკვდილი, ისურვებდა, რომ ის სწორედ ლეოპარდის სახით მივიდეს მასთან.

„ სხვანაირი სიკვდილი არ მინდა. როცა დავბერდები და ფეხზე ძლივს ვიდგები, მოვკიდებ ხელს ჩემს ჯოხს, ვიყიდი ბილეთს, შვილებს დავუწერ მოკლე წერილს, არ მეძებოთ, სახლში წავედი-მეთქი და აქ ჩამოვალ. დავიქირავებ ერთ დანჯღრეულ მანქანას, ძლივს გავატარებ სადმე სავანაში, ვიპოვი აკაციის ტოტზე გაწოლილ ლეოპარდს, ნელა გავაჩერებ მანქანას და გადმოვალ. ახლოს რომ მივალ, ცოტას წავიბანალურებ, რომ ეფექტურად წავიდე და ცოტა თავიც შემეცოდოს; მზის სათვალეს მოვიხსნი და, ჯოხთან ერთად, გვერდზე მივაგდებ. ხელებს გავშლი, ძია რადიარდის სიტყვებს მოვიშველიებ და ზემოდან თვალებში მაყურებელს ვეტყვი: “ლეო, შენთან დასარჩენად მოვედი, we be of one blood! Thou and I – ჩვენ ერთი სისხლისანი ვართ! მე და შენ!“.

ბევრს მოგზაურობს – ცხოველებზე დაკვირვება მისი სტიქიაა. დიდი ხანია, ჩაალაგა ჩემოდანი და წავიდა.  თავგადასავლებიც მისი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.  ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს ველურ ბუნებას უკავშირებს. აფრიკაში პირველი ჩასვლა და ზოოპარკში, იასონ ბადრიძის მგლებთან პირველი ურთიერთობა – ორივე ახდენილი ოცნება იყო. ”ნაკრესის” ჩამოყალიბების შემდეგ,  პროექტი დაუფინანსეს და აფრიკაში წავიდა საკვლევად. ამ საოცნებო ჰარმონიულ მიწაზე  ჩასვლა მიზნად ჰქონდა დასახული და აიხდინა კიდეც, თუმცა თავიდან უტოპიაც ეგონა. ფიქრობს, რომ ეს გარდატეხა იყო – ცხოვრების ერთი  ეტაპი  დაასრულა და სხვა განზომილებაში გადავიდა. ადამიანის წარმოშობის ადგილს თავის ბიოლოგიურ სამშობლოს უწოდებს. პერიოდულად აქვს  ნოსტალგიური შემოტევები იმ სავანასი, რომელიც სულ იხმობს.

სავანის ეს ძახილი  აუტანელი რომ ხდება, ვტოვებ ყველაფერს და იქ მივდივარ. რომ ჩავდივართ, მეგობრები დამცინიან - ახლა დაწვება.  მართლაც, პირველი გასვლისას გადმოვდივარ მანქანიდან და ვწვები მიწაზე. მთელი ზურგით ვეხები და ძალიან სასიამოვნო გრძნობა მეუფლება. მაშინ ვგრძნობ – I’ve come home at last!. იქ რომ ვწვები, რაღაც მაგიური მოდის სამშობლოსგან. საქართველო სოციალური სამშობლო.  აქ რომ ჩამოვდივარ, სხვა განცდა მაქვს. აქ მყოფი ადამიანები რომ იგრძნო, ეხუტები და კოცნი. შეხება მნიშვნელოვანი, გრძნობ, რომ სამშობლოში ხარ. იქაური სოციუმი და საზოგადოება ჩემთვის არაფერია, სამაგიეროდ,  ის ადგილები ადამიანის სამშობლო და როგორ უნდა შეიგრძნო, თუ არ გაწექი მიწაზე და შეეხე. რასაც დაქალებთან და ძმაკაცებთან გამოხატავ ჩახუტებით, იქ – იმ მიწასთან გადახვევით. როგორც შენი ძმაკაცისგან, დაქალისგან თუ დედისგან გადაკოცნის დროს სითბოსა და მაგიურ ძალას გრძნობ, ისე, იქ რომ დაწვები, გრძნობ სითბოსა და მაგიურ ძალას” – ამბობს ლევანი. ექსპედიციის გუნდის შეკრებას კი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ისეთ ადამიანებთან ერთად დადის, ვინც, მაგალითად, ნასესხებ ფულს არ დაუბრუნებს და ამის გამო მასთან  ურთიერთობისა არ მოერიდება,  ახლობლური ლექსიკონით გააგრძელებს ურთიერთობას. თავად რომ არ შეეცვლება მის მიმართ დამოკიდებულება, დარწმუნებულია. ამბობს, რომ ასეთი ურთიერთობის მქონე ადამიანთან  ერთად ჯუნლებში წასვლაც შეიძლება.

თხრობის უნარს უქებენ. ამბობენ, რომ შესაძლოა, ისე არც იყოს ამბავი, როგორც ჰყვება, თუმცა, გარწმუნებს. ყოფილი „ნაკრესელი“ ნათია კოპალიანი ტანზანიაში ვიზიტს იხსენებს, სადაც თავად, თავისი ქმარი, ირაკლი შავგულიძე და ლევანი იყვნენ. ტერიტორია,  სადაც კარავი დასცეს, დიდი პარკივითაა, საერთო დგუშებით და სხვადასხვა ეროვნების ადამიანებით. მათ  კარავთან  მამა-შვილს დაებანაკებინა, ორივე დაღვრემილი ჩანდა.

„ჩვენ ბედნიერები ვიყავით ტანზანიაში ყოფნით და ესენი – მოწყენილები. ლევანი მოვიდა და მაგათი ამბავი არ იციო? მოყვა, რომ შვილს მამასთან ჰქონია კონფლიქტი, სამი წელია, წასულია სახლიდან, მამამ არ იცოდა შვილის შესახებ არაფერი, არ ეგონა ცოცხალი და ბოლოს შვილმა  გადაწყვიტა რომ დაბრუნებულიყო.  მამამ კი, დიდი შერიგების ნიშნად, მოაწყო ეს ტური აფრიკაში. პატარა ნოველა დაწერა ერთ წუთში, თან თავად ხატოვნად ჰყვებოდა. იმდენად კომუნიკაბელურია, რომ ჩასვლისთანავე  ყველას  მეგობარი ხდებოდა, იცოდა დეტალური ამბები მათზე, მერე გვიყვებოდა - ეს იქ მუშაობს, ეს იმისი შეყვარებულია, ყველაფერი 5 წუთში. ამიტომ არ გაგვკვირვებია. ორი დღე გვეგონა, რომ ყველაფერი ასე იყო. ჩავუვლი ამ ტიპებს, საინტერესოები გახდნენ ჩემთვის და ორი დღის შემდეგ თქვა ლევანმა – მოვიგონე ყველაფერი, საერთოდ არ ვიცნობ ამათო. სამ კაცს ეჭვი  არ შეგვპარვია, რომ შეიძლებოდა ტყუილი ყოფილიყო“.

ბევრ განსხვავებულ სოციალურ წრეს ერგება, შეუძლია თან საოცრად მეცნიერული იყოს, თან „ფეისბუქში“ სრულიად გასაგებად ილაღოს. საკუთარ მრავალმხრივ განათლებას კი ყველგან იშველიებს. მოგზაურობა, ლიტერატურა, ბიოლოგია, მუსიკა, პოლიტიკა, ფოტოგრაფია – ყველაფერზე შეუძლია საუბარი ფეხბურთის გარდა, რაც მის „რუსთავი 2-ელ“ თანამშრომელს, დიმა ობოლაძეს მოსწონს კიდეც, რადგან მშვიდად საუბარს ახერხებენ. მისი ფოტოები ცალკე თემაა: ჩახუტებული მგელთან, აფთართან, ლომთან.. „We love each other deeply“ – ამ წანამძღვარს უკეთებს ცხოველებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. საკუთარ ალბომებს კი, სადაც მხოლოდ ველური არსებები ჰყავს გადაღებული – My Life – My Animals“- უწოდებს.

-         ძაღლს ჩავკეტავ, თორემ ცუდი ამბავი დატრიალდება – მეუბნება და რამდენიმე წუთში სახლში მეპატიჟება.

ძაღლთან მისი ურთიერთობა ყველასთვის ცნობილია. „მას რომ ენა ჰქონდეს, ყველაზე მეტს მოგიყვებოდა ლევანზეო,“ – მეუბნებიან. დიდი და სხვებისთვის მონსტრი ბელონა – ლევანის ჩემოდანს რომ ხედავს,  მიდის და თავისთვის წვება.  არც ემშვიდობება, რომ ეძახის.  ჩამოსვლის დღეს კი ხალისიანია.

„ბელონა ახალგაზრდა როცა იყო, შემოსულ ლევანს ახტებოდა და ლოკავდა, გული  ისეთ დღეში ჰქონდა, მეშინოდა,  ინფარქტი არ დამართნოდა. ახლა  ვეღარ ახტება, იწყებს კანკალს და ლევანი ეხუტება – აქ ვარ ბელონა, ნუ კანკალებ, ნუ კანკალებ..  მას კი გული უცემს.. „ – ამბობს ლევანის დედა.

როგორც ამბობენ, მისთვის ცხოველი მთელი ცხოვრებაა – გიჟდება გორილებზე და მათ არაფრით არ განასხვავებს ბავშვებისგან. ახალდაბადებულ ბევრ ბავშვს რომ ნახავ და აღფრთოვანებული მოყვები მათ საყვარლობაზე, აურასა და სუნზე,  დაახლოებით, ასე ჰყვება გორილებზე.

პოლიტიკური თანამდებობის დაკავების ინტერესი არასოდეს ჰქონია და, როგორც ამბობს, არასოდეს ექნება. კმაყოფილია საკუთარი საქმით და ცდილობს დატკბეს. ყველაფერში ერთვება, მაგალითად, ვიკიპედიაში „უგვანი“ სტატიის განხილვაც არ ეზარება და ფაქტობრივ უზუსტობებსა და არააკადემიურ ქართულს უსწორებს ავტორს.

ბავშვებთანაც პოულობს საერთო ენას, მათი ტოლი ხდება. ამას ერთი ზუგდიდური ეპიზოდიც მოწმობს.

„ორ დღეს კითხულობდა ლექციებს. ცაიშში ზრდასრული ადამიანები უსმენდნენ. ზოოლოგიური ტერმინებით ისაუბრა. მეორე დღეს, ჯვარში უნდა წაეკითხა იგივე ლექცია. ისე მოხდა, რომ სკოლის ბავშვებიც შემოიყვანეს, მათთან კი, მეცნიერულად ვერ ისაუბრებდი. ამხელა კაცი გახდა ბავშვი და ისე ჩანდა, რომ ბავშვი უკითხავდა ბავშვებს ლექციას. დიალოგში შემოიყვანა, ელაპარაკებოდა დათვებზე, მგლებზე.  ვუყურებდი და მეცინებოდა, რადგან იმავე ლექციას ვუსმინე წინა დღეს, იყო სულ სხვანაირი და ახლა ჰყვებოდა ბავშვების დონეზე.  მულტფილმებზე ლაპარაკობდნენ. როლში შევიდა, უხსნიდა ძალიან გასაგები, მარტივი მაგალითებით. ვთქვათ, „ახლა გორილა და ჯაბა რომ იყვნენ“  და სხვა…“ – ამბობს ჯაბა გერსამია.

ლევანი „რუსთავი 2-შიც“ მუშაობს. გადაცემა „შუადღეს“ ერთერთი თანაწამყვანია. სკანდალური თემებითაც გამოირჩევა. ორგაზმსა თუ – სექსზე ორსულობის პერიოდში – ხშირად არ ლაპარაკობენ, მითუმეტეს, დღის საათებში. მისი პროდიუსერი ნენე კვინიკაძე ფიქრობს, რომ რითიც შეიძლება გადაცემამ იამაყოს, ლევან ბუთხუზია.

„მას შეუძლია ის, რასაც ტელესივრცეში ძალიან  ბევრი გამოცდილი ვერ  შეძლებს. ლევანს არ ზღუდავს და არ უშლის ხელს ის, რომ პროფესიით ბიოლოგი, პირიქით, ყველაზე მეტი რესურსი აღმოაჩნდა, რომ  ყველაზე სპეციფიკური თემებიც კი, გასაგები და საინტერესო გახადოს რიგითი მაყურებლისთვის,“ – ამბობს ის.

„შუადღეს“ წამყვანი, დიმა ობოლაძე ლევანს არაორდინალურ გიჟს უწოდებს და იქვე შენიშნავს, რომ ხუთშაბათი (ლევანის გადაცემის დღე) ყველაზე საინტერესოა – თოფებიც მიუტანია, ეთერშიც უსროლიათ,  მონადირეები და ძაღლებიც მიუყვანია, თუმც, პრობლემა არასოდეს შექმნიათ.

„კვერცხუჯრედები გააკეთა პლასტელინით და მოიტანა – უნდა ავუხსნა ხალხს ადვილად – ეს რა არის, როგორ ნაყოფიერდებაო. რაღაცები  შეუშვა – სპერმატოზოიდებიაო, მერე მოკუჭა.. ეთერიდან გამომდინარე რაღაცებისგან თავს იკავებს ხოლმე მაინც, მაგრამ მთლიანობაში თავის სათქმელს  ამბობს.  გადაცემის მზადების პროცესში კი პედანტია. უნდა, რომ მთელი გადაცემა ბოლომდე გავიაროთ და თავის მონოლოგებს რეპეტიციაზე ბოლომდე კითხულობს,“ – ყვება დიმა ობოლაძე.

ადაპტური და შემგუებელია, თუმცა, ცდილობს, სიტუაცია მოირგოს და არა – მიერგოს.

„გოსტიბეში გვქონდა ბანაკი. დამავიწყდა საძილე ტომრის ქვეშ დასაგები თხელი ნოხი, რეზინის მასალაა. მის გარეშე, იატაკზე უნდა დადო საძილე ტომარა, რაც მოუხერხებელია წესიერი ძილისთვის. გია თოდუას ჩაეძინა, მე ვფოჩიხობ, ერთ ამბავში ვარ.  ავიღე ტანსაცმელი, დავაგე, ერთი საათი მივუძღვენი ამას და გია მეუბნება – გარემოს სიტუაციას ისე ირგებ, როგორც შენ გინდაო. ეგრეა ანუ სიტუაციას ვერგები, მაგრამ ჩემი კომფორტით. მაგალითად, თქეშში ხელებს კი არ ჩამოვყრი და გავაგრძელებ გზას, იმ წუთას დავიწყებ ქოხის აშენებას, რომ შევეგუო, მაგრამ კორექტივები შევიტანო. მოულოდნელი ცვლილებები ძალიან მიყვარს და თუ საკითხი ვინმეს ჯანმრთელობას არ ეხება, პრობლემებიც მიყვარს. მათი გადაჭრა ჩემი სტიქიაა. სპორტული ინტერესი მიჩნდება ამ სიტუაციის ბოლომდე დაძლევის,“ – ამბობს ლევანი.

ღმერთის არ სწამს, ბიბლიას კი კარგად იცნობს. ამბობს, რომ ათეისტობა არასოდეს დაუმალავს და ფარისევლობა იქნებოდა ეთქვა, რომ სწამს.

„ყველაფრის მოთმენა შემიძლია, მაგრამ ფარისევლობას ვერ ვეგუები. როდესაც ჩემი ზოგიერთი მორწმუნე მეგობარი მეუბნება, რელიგიას დასცინიო, მე ვპასუხობ – რელიგიას არა, შენ დაგცინი, როცასამარხვო ხაჭაპურს ჭამ მეთქი. თუ მას მართლა სწამს და მისდევს რელიგიურ ცხოვრებას, მაშინ კარგად უნდა იცოდეს, რომ მარხვა ჭმუნვაა და ამ დროს მარტო ხორცეულზე კი არ უნდა თქვას უარი, არამედ ზოგადად სიამოვნებაზე. უნდა ილოცოს, იაროს ეკლესიაში, მოიშოროს ფუფუნების ატრიბუტები, მოინანიოს, ღვთის ჭვრეტით იყოს დაკავებული…“

ნებისმიერი საყვარელი საქმის კეთებას ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიასთან აიგივებს. იხსენებს რადიოდანიშვნის მეთოდს, რომლის დროსაც, მის ქცევაზე დასაკვირვებლად, ცხოველს აძინებენ და სპეციალურ აპარატს ყელზე აცვამენ:

„შენ გაქვს მიმღები, ის იჭერს ყელზე მიბმული აპარატის ტალღებს, განსაზღვრავს, სად არის იმ კონკრეტულ დროს დათვი და სვამს რუკაზე წერტილს. თავიდან  არის აბრაკადაბრა, რაღაც ხაზები, წერტილები.. მაგრამ ნელ-ნელა ამ ქაოსიდან ხვდები, რას აკეთებს ცხოველი. აქ რომ გაჩერდა 20 წუთით -  ჭამდა, 5 წუთი რომ გაჩერდა და  გაიქცა, ფერმაა და ალბათ, ძაღლებმა დაუყეფეს.. აქ რომ გაჩერდა, მეორე დათვი იყო. ამეებს რომ ალაგებ, დათვის ერთი დღეა ანუ ქაოსიდან მოწესრიგებული ამბავი დგება. პირველად რომ აღმოვაჩინე, ჰგავდა ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიას, სადაც რამდენიმე წამს არის სრული კაკაფონია და მერე ჰარმონია იწყება.  გენიალური მიგნებაა. როცა კაიფობ საქმეზე, სხვა ვარიანტი არ არსებობს. ჯერ ქაოსია და მერე შენ ძერწავ და ქმნი რაღაცას, ხედავ პროდუქტს. ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია -  დასაწყისი ქაოსიდან და შემდეგ უკვე აპოთეოზი – უჰარმონიულესი რამ“.

ვერ იტანს სხვის წუწუნსა და ტრაგიკულობის განცდას. არც თავად უყვარს დარდის გამოხატვა. როგორც ახლობლები ამბობენ, თავისთვის იკეტება, არ იმჩნევს წუხილს, იმიზეზებს, დაღლილი ვარო. ალბათ, ამ დროს, ისევ იმაზე ფიქრობს, რომ „კოორდინაცია თავის ხელთაა“ და პრობლემიდან გამოსავალს ეძებს.

 

Tags: , , , , ,

„საბჭოთა ბავშვი“

ქვემოთმდებარე ნოუთის წერა რამდენიმე თვის წინ დავიწყე, მაშინ, როცა აკაკი ბაქრაძის „მწერლების მოთვინიერებას“ ვკითხულობდი. მაგრამ ძალიან გამეწელა, მრავალფეროვანი  ინფო-დოკუმენტაციის ჩადება მინდოდა წიგნებიდანაც, საქმე კი, ბევრი მქონდა, მოკლედ, ვერ დავასრულე. დღეს, საბჭოთა ოკუპაციის 90 წლისთავზე, ფეისბუქზე რამდენიმე ფრენდმა „დააშეარა“ კოლაუ ნადირაძის „25 თებერვალი“:

“თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით,
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!“ -

და ისევ გამახსენდა აკაკი ბაქრაძე, მისი მოთვინიერებული და პირიქით, მოუთვინიერებელი მწერლებიც და მასთან ერთად, ეს არქივში „დადრაფტული“ , დაუსრულებელი ჩანაწერიც. სამსახურიდან  შინ რომ დავბრუნდი, მოვძებნე, თუმცა, არ დავასრულე,  მინიმუმამდე შევამცირე და მხოლოდ ძირითადი წუხილი დავტოვე.

„რამდენიმე დღის წინ ვკითხულობდი აკაკი ბაქრაძის მწერლობის მოთვინიერებას და გულზე ვსკდებოდი. რა მხეთქავდა გულზე, ალბათ, ადვილი მისახვედრია. მაგრამ ყველაზე მეტად იმაზე ფიქრი მაცოფებდა – ეს მოთვინიერებული მწერლები თავიანთი იდეოლოგიური ნაღვაწით რამხელა გავლენას ახდენდნენ ადამიანებზე. (ნუ, „უმწიფარებზე“ და მოზარდებზე მაინც.) სიმართლე რომ ვთქვა, არავის განსჯას არ ვაპირებ. ალბათ, საბჭოთა კავშირის  ტერორს ვერ გაუძლეს, მაგრამ მე უბრალოდ,  ბავშვობა გამახსენდა და ის, თუ რამხელა გავლენას ახდენდა ჩემს ცნობიერებაზე „მოთვინიერებული ლიტერატურის“ კითხვა.

კითხვა ძალიან ადრე დავიწყე. სკოლაში შესვლამდე უკვე „წასერიოზულო“ წიგნებს ვკითხულობდი – დეტექტივებს, ისტორიულს თუ სათავგადასავლოს, პრინციპში,  არც ვარჩევდი. რაც მხვდებოდა, ეგრევე ვშთანთქავდი. ედმუნდო დე ამიჩისის „გულში“ ერთი ბიჭია, რომელიც ძირს ნაპოვნ გაზეთის ფურცელსაც არ ტოვებს წაუკითხავს – ხარისხიანს და უხარისხოს არ უყურებს –  მეც დაახლოებით ასე ვიყავი.  მაგრამ „ჰოი, საშინელებავ“, მხოლოდ ‘გაცნობიერებულმოზრდილობაში’ აღმოვაჩინე, რომ ჩემი წაკითხული წიგნების ( განსაკუთრებით, „შინმდებარე“) უდიდესი ნაწილი, სწორედ მოთვინიერებული მწერლების და მათი მსგავსების შემოქმედება იყო. ორი წიგნი ვერ წავიკითხე ბავშვობაში და ცუდად დამრჩა მეხსიერებაში. ალექსი მირცხულავას „პარტიული მშენებლობა საქართველოში 1921-1928 წლები“ და ამავე სახელწოდების ”დამხმარე სახელმძღვანელო”, ასევე, „ახალგაზრდობის შრომის პრობლემები საქართველოში , რომელსაც ლენინის ორდენოსან ახალგაზრდებს უძღვნიდნენ.  ახლა მიდევს გვერდით და ვათვალიერებ, ვფიქრობ, დავუთმო თუ არა, ჩემი ცხოვრების რამდენიმე საათი.

ამის წერა რატომ დავიწყე, იმიტომ, რომ აღმოვაჩინე – მე საბჭოთა მენტალიტეტით გაჯერებული ბავშვი ვყოფილვარ. როცა ვკითხულობდი ოსტროვსკის ”როგორ იწრობოდა ფოლადი” – ვფიქრიბდი, რა მაგარი იყო პავკა კორჩაგინი. როცა ვკითხულობდი  ვალენტინა ოსეევას ”დინკას”, მახსოვს, როგორ ვგულშემატკივრობდი რევოლუციონერ ნიკოლოზს და თავად დინკას მამას. რამდენი ქართველი მწერლისა თუ პოეტის  სულისკვეთებით ანთებულს მეგონა, რომ წითლები ”ჩვენები” იყვნენ. ბოლშევიკები –  მაგრები ”ვიყავით”, მენშევიკები „ის ცუდები, ბოროტები“.  პატარა ვიყავი, რომ მასწავლეს იოსებ ნონეშვილის – ”შენ სამშობლოს შუქმა გზარდა” –  ზოაია კოსმონდემიასკაიასადმი მიძღვნილი ლექსი და სკამზე შემართებით ვჭექდი – „მე ვარ თვითონ ატამანი, იყო შენი პასუხი“ და სხვები.

მოზრდილ კლასებამდე,  „ძია სტალინი“ საუკეთესო ადამიანი მეგონა. პრინციპში, ბევრი გარეშემომყოფიც აღვივებდა ამ აზრს. ”როგორი კარგი ცხოვრება იყო მაშინ, ყველა მუშაობდა, ყველას ბინებს აძლევდნენ, პური ხუთი კაპიკი ღირდა, სტალინს და ლენინს ვუყვარდით…  და ა.შ. მწარედ მახსოვს, მეორე კლასის ბოლოს ექსკურსიაზე ვიყავით – წიწამურსა და საგურამოში. ილიას სახლ-მუზეუმი ვნახეთ. ჰოდა, ჩემი დამრიგებელი ნინო მამუჩიშვილი ილიას ღვაწლზე გვიყვებოდა. მე მივედი მასწავლებელთან და  ჩუმად ვუთხარი – ილია ხომ ცუდი კაცი იყო, ის ხომ ღარიბებს მტრობდა მეთქი. ( არ მახსოვს, სად წავიკითხე ეგეთი წერილი თუ მოთხრობა.). მხოლოდ მასწავლებლის გაოგნებული სახე მახსოვს.

ნუ, მადლობა ღმერთს, წამოვიზარდე. ბიბლიოთეკიდან არასაბჭოური წიგნების გამოტანაც დავიწყე, სათავგადასავლოზე მეტად „ჩავიციკლე“ და საყვარელ ძია სტალინზე ფიქრსაც შევეშვი,  მაგრამ  ზოგჯერ მაინც მიტივტივდება ხოლმე ის განცდა, როგორი გაბიაბრუებული ვიყავი ზოგიერთი მოთვინიერებული მწერლის მეშვეობით.

 

Tags: , , , ,

ქართველური ადამიანობა

ტერმინთა განმარტება:

კონტროლიორი - თბილისის მერიის მიერ დაქირავებული პირი, რომელსაც ევალება ბილეთის შემოწმება, მისი არქონის შემთხვევაში კი - მგზავრის დაჯარიმება. კონტროლიორს აცვია ყვითელი პერანგი, გულზე ”ჰკიდია” ვინაობის დამადასტურებელი ლამინირებული საბუთი, ხელში უჭირავს  ოქმის ფურცლებით სავსე შავყდიანი დავთარი  და დგას ავტობუსის გაჩერებაზე. ამბობენ, რომ აქვს საკმაოდ მაღალი ხელფასი ( ჩემთან შედარებით მაინც :D ) და ამ ხელფასს იღებს ზემოთ, პირველ   წინადადებაში თქმულ საქმიანობაში.

ყვითელი ავტობუსი – სამგზავრო საშუალება, სადაც ბოლო წელიწადნახევრია, დამონტაჟებულია ბილეთის ასაღები აპარატები. მასში ადიან მგზავრები და კონტროლიორები, მართავს მძღოლი, რომელსაც დე კატეგორიის მართვის მოწმობა აქვს.

ავტობუსის მგზავრი – ადამიანი, რომელიც იყენებს მგზავრობის ამ საშუალებას და იღებს ბილეთს. მისი ტიპებია – მოსწავლე – უფასობილეთიანი მგზავრი; სოციალურად დაუცველი – მგზავრი, რომელიც 10თეთრიან ბილეთს იღებს. პენსიონერი, მასწავლებელი და სტუდენტი – მგზავრები, რომლებიც 20თეთრიან ბილეთს იძენენ,  ”ჩვეულებრივი” მოქალაქე, რომელიც იყენებს ”მეტრომანს” და სხვანი…

………..

ზუსტად ნახევარი საათის წინ, დელისიდან ნუცუბიძეზე ამოსასვლელად შევახტი ავტობუს ნომერ 99-ს. მეტროდან ჩემს სამსახურამდე სულ სამი გაჩერებაა –  ხშირად ფეხითაც დავდივართ ხოლმე, მაგრამ დილაობით ყოველთვის მაგვიანდება და ამიტომაც ავტობუსს მივმართავ.

ზუსტად ერთ გაჩერებაში, გზაჯვარედინზე, სადაც კანდელაკის ქუჩიდან, დელისიდან და ნუცუბიძიდან მომავალი ავტობუსები ერთმანეთს ხვდებიან (თუ პირდაპირ არა, ირიბად მაინც),  ყოველთვის დგას ერთი-ორი კონტროლიორი.  მართლა ძალიან კარგად მოიფიქრეს მე და ჩემმა ღმერთმა,  რადგან ერთგვარი საკვანძო ადგილია ასე ვთქვათ და  ”ვინუჟდენი” ხარ, რომ ბილეთი აიღო. თუმცა, როგორც წესი, ”დელისთან” ამოსულ მგზავრთა  უმეტესობა  პირველივე გაჩერებაზე არ იღებს ბილეთს და როდესაც კონტროლიორს დალანდავს, მხოლოდ შემდეგ  იწყებს ფაცი-ფუცს.

დღეს დილითაც ასე მოხდა.  მძღოლის გვერდითა სკამის უკან მჯდომი ქალბატონი ( დაახლოებით 50-55წლის) მას შემდეგ რაც ორი ახალგაზრდა კონტროლიორი დაინახა ფანჯრიდან –  დაფაცურდა. ამოიღო საფულე, რომელშიც ჩემი ღრმა რწმენით ”მეტრომანი”  იდო და დასცხო აპარატს –  არ  ჩამოვიდა ბილეთი, მეორედ დასცხო, შემდეგ გახსნა საფულე და ამოიღო ბარათი –  დაარტყა. ისეთ ხმას გამოსცემდა, რომ ვუთხარი, ალბათ, ანგარიში არ გაქვთ მეთქი. ამასობაში, ორი კონტრლიორიც ამოვიდა – ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ ( ჰო, ვიცი, რომ ბიჭი თავისთავში გულისხმობს ახალგაზრდას:-D ) – ბილეთები წარმოადგინეთო. წარმოვადგინეთ.  ამ ქალმა – აი, ვერ ვიღებო. კონტროლიორმა ბარათი გამოართვა და თავად დაადო აპარატს – 10 თეთრი გაქვთ მხოლოდო – უთხრა და დაუბრუნა პატრონს.

- აბა რა ვქნა,?

- ხურდით გადაიხადეთ ქალბატონო.

- არც ხურდა არ მაქვს.

- მაშინ ჩამობრძანდით.

- არა, სად უნდა ჩამოვიდე, არა მაქვს მეთქი, თორემ ხომ გადავიხდიდი, თქვენთან სალაპარაკო რა მჭირს ( ადამიანი გულღრძოა და მე გამახსენდა, ეს ქალი დელისამდე რომ იყო ავტობუსში ამოსული და ბილეთის ასაღებად კონტროლიორების დანახვის შემდეგ გაიწია, ისიც გამახსენდა, რომ განცხადებაა გაკრული – ამოსვლისთანავე უნდა აიღოთ ბილეთიო).

-   ქალბატონო ჩამობრძანდით ( არ დაგავიწყდეთ, რომ ავტობუსი გაჩერებულია მთელი ეს დრო, ხალხს ( ყოველ შემთხვევაში მე) კი გვეჩქარება.

- არსადაც არ ჩამოვალ, რატომ უნდა ჩამოვიდე, არ ჩამოვალ მეთქი.

-  ქალბატონო,  ჩამობრძანდით ახლა, სადამდე ვალოდინოთ ეს ავტობუსი ( ჩაერთო მეორე კონტროლიორი).

-  არსად არ ჩამოვალ მეთქი, თქვენ ადამიანები არ ხართ, ჰიტლერები ხართ ყველა. მაინც არაფერს არ ჩაგაწერინებთ, აი, არ ჩამოვალ – ქალმა ზურგი შეაქცია კონტროლიორებს და ფანჯრისკენ მიბრუნდა.

-   ქალბატონო, მეც კონტროლზე ვარ, თქვენ რა გგონიათ – ხმას აუწია პირველმა კონტროლიორმა.

-   არ მაინტერესებს თქვენი კონტროლი. არ ჩამოვალ და ვსიო, არა მაქვს და ვერ ავიღე. – კივის ქალი.

ამ დროს ავტობუსის უკანა ნაწილიდან მამაკაცი მოიწევს, ალაგმელოტ-ალაგშეჭაღარავებული თმა აქვს და გრძელი, ლურჯი ლაბადა აცვია.  - რამდენია გადასახდელი, მე ავიღებ მის ბილეთს.- ამბობს ის და ხურდებს აჩხრიალებს.

 

- გეუბნებით, არაადამიანები ხართ თქვენ, მაინც არ ჩამოვალ, არა. – არ ჩუმდება უბილეთო ქალი.

- ქალბატონო, ბილეთი არ გაქვთ, ჩვენ რა ვქნათ? – კონტროლიორი.

- ბატონებო, არ გვინდა,  შევწყვიტოთ, მე გადავიხდი  ამ ქალბატონისას –  მიმართავს მშვიდი ხმით ალაგმელოტ-ალაგშეჭაღარავებულთმიანი და გრძელლურჯლაბადიანი მამაკაცი – ყვითლებს, ორ ოცთეთრიანს იღებს, ერთს აპარატში აგდებს, მეორე ძირს უვარდება, იხრება, იღებს და კვლავ აგდებს აპარატში, შემდეგ ბილეთს ხევს და ქალბატონს უწვდის.

-  კი ბატონო, ჩუმად ჩაილაპარაკა პირველმა კონტროლიორმა და ჩავიდა. ავტობუსი დაიძრა, ქალმა მადლობა გადაუხადა ”მხსნელს” და გააგრძელა – ესენი არ დაესწრონ ახალ წელს, ამათმა არ გაიხარონ ცოლ-შვილში, ეს უოჯახო და უგულო ხალხი.

-   ქალბატონო, ამათ რა ქნან, სამუშაოს ასრულებენ – ამოვიკნავლე მე.

ეტყობა ჩემი კნავილი  მოწმენდილზე მეხის გავარდნასავით გაისმა, რადგან თუ აქამდე ეს ქალი ლაპარაკობდა მხოლოდ, ახლა მთელი ავტობუსი აყვა.

”ესენი ადამიანები არ არიან, ფაშისტებზე უარესები, ადამიანის გამწარებაზე არიან გამეცადინებულები, ურჯულოები, არაფერი ადამიანური მათ არ ესმით” – მომდევნო ორი გაჩერება ”დედის ნანასავით”  ჩამესმოდა ეს და ბევრი ამგვარი ფრაზა..

ხოდა, მე მაქვს კითხვა: კონტროლიორი ვალდებულია იყოს ”ადამიანი” ( ადამიანის ქართველური მნიშვნელობით)  ყოველ ჯერზე? მჯერა, ”მას” ასეთი ხვდება დღის მანძილზე ათობით და ასობით და ყველას პრობლემა უნდა გაითვალისწინოს? ეს ხომ იგივეა, პოლიციელს რომ ვუთხრა – კი კაცო, მართალი ხარ, ბინა ( სახელმწიფო) გავქურდე , მაგრამ ადამიანობა გამოიჩინე და მაპატიე რააააა…

 

 

Tags: , , , ,

ვინ, რას, სად, როგორ, რატომ გვიშვება ანუ ყვითელმთმმუსვრელი მთავრობა..

დღეს ახალ ამბებს ვეცნობოდი და ერთი ინფორმაცია მოხვდა თვალს და გულს ცუდად - ”ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემცირება იგეგმებაო”. ცუდად მოხვდა რა, პირველად არ გამიგია, ცხადია.  ერთი, მაქსიმუმ ორი კვირაა, ყველა  ავტობუსში (რომელსაც მე და ჩემი ნაცნობები ვიყენებ(დი)თ) ,არის წარწერა, სადაც ღრმად პატივცემულ მგზავრებს აუწყებენ, რომ  ნომერი ესა და ეს  1 ნოემბრიდან სულს განუტევებს. უკეუთუ ეს არ მოხდება, მაშ  მივა მხოლოდ ამა და ამ წერტილამდე, ”იქიდან კი საგანგებოდ თქვენთვის დავნიშნეთ ერთი ნომერიიოოოო”..

ახლა რა ხდება:

ვინ არის ავტობუსის ძირითადი მომხმარებელი? ალბათ, პენსიონერი, საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქე და სტუდენტი. პენსიონერი ალბათ, უფრო იშვიათად იყენებს, საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეების უმეტესობაც სამარშრუტო ტაქსს და მეტროს უფრო ანიჭებენ უპირატესობას,  ჩემი აზრით. ”ყვითლების” ყველაზე ხშირი  მომხმარებელი უნდა იყოს სტუდენტი, ალბათ, ამიტომაც ქალაქის სხვადასხვა ნაწილიდან წამოსული ავტობუსების  ძალიან დიდ ნაწილს,  ჰქონდა ბოლო გაჩერება მაღლივ კორპუსთან.

რა გინდათ, ალტერნატივა ხომ გაქვთო, სულ ხომ არ გაუუქმებიათო – იკითხავს მავანი. კი, ჩემო ბატონო, გვაქვს. როდესაც დადიოდა ვთქვათ, ხუთი ავტობუსი, ახლა ივლის ერთი და ისიც  არ გაივლის ( უფრო ზუსტები რომ ვიყოთ – აღარ ექნება ) ”სრულ” მარშრუტს, ჩამოგაგდებს შუა გზაზე ( ამჯერად, ბოლო გაჩერებაზე) , მერე კეთილი ინებე და  სხვა ( ასევე შემცირებული რაოდენობის და ”არჩევანის”) ავტობუსს დაელოდე.

გელა ბოჩიკაშვილის ფოტო

უფრო ნათელი რომ გახდეს, რასაც ვამბობ, განვიხილავ ერთ დილას ერთი ”უბრალო” სტუდენტისას, რომელსაც ლექცია ეწყება დილის 9 საათზე და რომლის დღიური ”შემოსავალი”  თუ ”ჯიბის ფული”  1 ლარია. ( ახლა ნუ დაიწყებთ, დღეში 1ლარიანი სტუდენტი არ არსებობსო, სანამ მუშაობას დავიწყებდი, ჩემთვის ერთი ლარი ძალიან ხშირად მაქსიმუმი იყო :P ) .

ეს X სტუდენტი ცხოვრობს ვარკეთილში ( დიდ დიღომში, გლდანში) არ აქვს მნიშვნელობა და სწავლობს მაღლივ კორპუსში. ( ჰა, ილიაუნიში ( გეპეის ”ხაზი” კარგად არ ვიცი). ის აქამდე , დილის 8 საათზე, ერთ (ამ შემთხვევაში N71) ავტობუსს  მოახტებოდა და მიდიოდა პირდაპირ. თანხას  იხდიდა ერთხელ და ”გადაჯდ-გადმოჯდომაც” არ სჭირდებოდა.  ახლა, ( როცა, N 71 მოხსნეს), ფეხით ( ან მარშუტკით) უნდა ავიდეს N 39-ის გაჩერებამდე, ეს უკანასკნელი მიიყვანს კოლმეურნეობის მოედნამდე, ( აქამდე, ზემოხსენებული N39 ბაგებში მიდიოდა). ჩვენი X სტუდენტი ჩავა კოლეურნეობაზე ( აბა, ბოლო გაჩერებაა და)  ვაკეში მიმავალ არც ისე ცოტა მგზავრთან ერთად, მათთან და არა მხოლოდ მათთან ( როგორც წესი, კოლმეურნეობაზე სხვა –  არავარკეთილიდან და არაN39-ით მოსული ხალხიც დგას და არც ისე ცოტა) ერთად დაელოდება  N61-ს და საგანაგებოდ ამისთვის დანიშნულ  ახალ N140-ს. ( ორივე მიდის ბაგებში), შემდეგ ( თუ ჯანსარად ავიდა ყველა) გადმოხტეს კიდევ ვაკის პარკთან და დაელოდოს ”რამეს” მაღლივამდე. ან აქვს მეორე ვარიანტი, ”მარშუტკით” ჩავიდეს ვარკეთილის მეტრომდე, მერე წავიდეს მეტროთი რუსთაველამდე და თუ ილიაშია, ”აჰყვეს”  რამეს. ( თსუ-ში ფეხითაც შეიძლება არბენა) ან დელისზე (თუ მაღლივში მიდის) და იქიდან ”რამეს”.

მოკლედ, ამ ახალი ”ინიციატივით” მინიმუმ ორმაგი და ჩვეულებრივ, სამმაგი თანხა იხარჯება. ამასთან, აქამდე თუ ველოდით 15-30 წუთი თითო ავტობუსს, ახლა ეს ლოდინი ორზე ან სამზე უნდა გადამრავლდეს.

და ეს დაემართა ყველა მიმართულებას. მე ”ვმსახურობ” ნუცუბიძეზე , ვვცხოვრობ ვარკეთილში, ვსწავლობ ვაკეში. ვაკიდან ჩემს სამსახურამდე მიდიოდა 67 ნომერი ავტობუსი. ამასწინ, ვნახე განცხადება, რომ 67 გაუქმდება, მის ნაცვლად ნუცუბიძის მესამე პლატოელები ( ისინი კიდევ შორს არიან) ვაკემდე მივლენ კოსტავას ქუჩიდან N51-ით,  ხოლო თამარ მეფის გამზირიდან – N9-ით. მაღლივის მიმართულებით კი, ვაჟადან იმოძრავებს ახალი N150 მარშრუტი. ( ვაჟადან მიდიოდა თითქმის ყველაფერი და ეს ყველაფერი  ორნიშნა რიცხვს აღწევდა). ანუ ნუცუბიძიდან რითიმე ( ალბათ, მარშუტკით) ჩახვალ დელისამდე, მერე რითიმე მიხვალ კოსტავამდე ან თამარ მეფემდე ( კოსტავა საზოგადოებრივთან მახსენდება და ახლა ვფიქრობ, ”სად”  არის კიდევ, თამარ მეფე არც ვიცი), მერე იქიდან ხო დამხვდება ის ”თითო” ნომერი (სპეციალურად რომ დამინიშნეს) და წამიყვანს კაცო, რა მიჭირს.

ხოდა, დრო დროდ მეხარჯება, რომელიც ფულს უდრის და ფული ფულად ანუ თუ თანხის გადახდით სამმაგ ფულს ვხარჯავ, ამას ემატება ჩემი სამმაგი ( ლოდინში გატარებული) დრო, რომელიც ასევე  ფულია და გავიყვლიფე გენაცვალე!!! ( ნერვები შეუფასებელია.).

ეს არ ხდება მხოლოდ, ვარკეთილელი X სტუდენტის თავს.  ყველა ამ დღეშია. თემქა, დიდი დიღომი, სამგორი, გლდანი… ”პერიფერიებიდან” – აბსოლუტურად ან თითქმის აბსოლუტურად ყველა მარშრუტი არის გაუქმებული ან ორად და სამად  გახლეჩილი.

ამოცანა გვეკითხება:

ვინ გვიშვება ამას? – მთავრობა.

რას გვიშვება ეს მთავრობა – ავტობუსებს გვართმევს.

სად გვიშვება? - ზურგზე.

როგორ გვიშვება – არანებაყოფლობით.

რატომ გვიშვება? – მე რავიცი.

ჰო, ახლა გავარჩიოთ, რატომ გვიშვება:

ერთმა სთქო – აი, ბილეთებს რომ არ ვიღებდით, ღირსები ვაართო. უკაცრაული პასუხია და ის 500 ლარიანი კონტროლიორ-კონტროლიორშები რასა შვებიან? არაერთხელ შევსწრებივარ ერთმანეთთან  საუბარში ისე გართულს, რომ ავტობუსი არც დაუნახავთ ან დაუნახავთ და ოდენ მზერა ამოუყოლებიათ.  (ეს ნუცუბიძეზე, რადგან მალე ჩავდივარ და ფეხზე ვდგავარ) .

მეორეც, თუუ აქამდე არ იღებდნენ რა,  ვინც არ იღებდა , ახლა აიღებს?  ( ახლა ნუ მეტყვით – არ აიღებს ძმაუ და ააღებინებენო, რადგან თუ 1ნოემბრის მერე ააღებინებენ, 1 ნოემბრამდეც არაუჭირდათ რა).

მესამეც, რატომ უნდა ვიხადოთ იმათმა, ვინც ვიღებთ (ბილეთს) იმათი, ვინც არ იღებდა და არც აიღებს?

მეოთხეც, რეისი რომ გახლიჩეს , ლოგიკურად უფრო ახლო-ახლო მოუწევთ მანდატურების დანიშვნა, ვინაიდან და რადგანაც, თუ აქამდე, ვარკეთილიდან მომავალ ავტობუსს ვაკემდე არ აწუხებდა ”ყვითელი”, ახლა თუ კოლმეურნეობამდე მივა, ხომ ცხადია, რომ მანამდე უნდა დახვდეს, ისიც ცხადია, რომ კოლმეურნეობიდან მერეც უნდა დახვდეს, იქითაც, იქითაც და სხვა. ეს მეტი ხარჯი არ არის? აააარა, ეს მეტი სამუშაო ადგილია.

მოკლედ, მე არ ვიღებ მაგ ლოგიკას.

შემდეგი და ოფიციალური, ”ჯი-ეიჩ-ენ”-თან საუბარში თბილისის მერიამ სთქოო, რომა იმ რეისებს ვაუქმებთ, რომელზეც მოთხოვნა არ არისო. უკაცრავად და არც ერთ რეისზე არ იყო მოთხოვნა? ხო, მართალია, ვარკეთილი-ვაკე , დიღომი-ვაკე, გლდანი-ვაკ –  ვის რათ უნდოდა და რა მოთხოვნა მაგაზე იქნებოდა.  მოთხოვნაა – მელიქიშვილი-ვაკე, ვაჟა-ვაჟა… მდაჰ..  4 წელი, რაც თსუ-ში დავდიოდი, დილის საათებში ვერ ავდიოდი 71-ში ( იმის მიუხედავად, რომ ბოლო გაჩერებიდან ძალიან ახლოს ვარ) იმიტომ, რომ კარი რომ იღებოდა, ხალხი პანტა-პუნტით ცვიოდა, იმდენად დახუნძლული იყო.

მოკლედ, ამ ლოგიკას ხომ არ ვიღებ და არ ვიღებ.

კიდევ ორი არაოფიციალური, ”ჭორისდონეზე”  მიზეზი ვიცი – საწვავს ვერ აუდიანო და ავტობუსები გაფუჭდაო. ამას ვიღებ ( თუმცა, არ მჯერა) , მაგრამ ჩემი რა ბრალია? საწვავს ცხადია, აუვლენ, რადგან ერთმა ავტობუსმა უნდა ზიდოს ხუთი ავტობუსის მგზავრები და უნდა გაიაროს  იმ  მანძილის მესამედი (შესაბამისად, დაწვას იმ საწვავის მესამედი) რასაც გადიოდა (რასაც წვავდა).

მაგრამ იმაზე თუ უფიქრიათ, რომ ცხრაჯერ გადახტომ-გადმოხტომა არ მოუნდება ამ საყვარელ ადამიანებს და წავლენ მეტროთი ( ნუ, ეს ფულიც მაგათ შედით, მაგრამ ავტობუსის საწვავს ვანაზღაურებთო – რაია) და ერთი-ორი ”მარშუტკით” ( მერიაზე გაბრაზებულები – ამათ მაინც არ გადვუხდითო).

მოკლედ, მე მაქვს ინიციატივა. გაგვიკეთონ ველოსიპედის ბილიკი თუ რაც არის და შევიძინოთ ”ორლიონოკები”, მაგრამ ახლა ამის მართვის მოწმობას და მის ჯარიმებს  მოიგონებენ ესენი:-|

 

Tags: , , , , , ,

ჩემი ომი ანუ 2008 წლის 8 აგვისტოს მცირე რეპორტაჟი

ამ წერილის დაწერა , უფრო ზუსტად ატვირთვა 8 აგვისტოს მინდოდა, მაგრამ დღეს ლაშა ბერულავას და სხვების ჩანაწერები წავიკითხე და გული დამიმძიმდა. ამიტომ, არ მოვითმენ კიდევ სამ დღეს და ჩემი თვალით დანახულ 2008 წლის 8 აგვისტოს ახლავე გაგიზიარებთ.

2008 წლის 8 აგვისტოს სოფელში მივდიოდი. წელსაც ძალიან მინდოდა, დამემთხვია და ორი წლის შემდეგ ( ომის მერე იქ აღარ ვყოფილვარ), ისევ 8 აგვისტოს წავსულიყავი, მაგრამ მარი ბჭობდა და ლოვა (სტომატოლოგი) იცინოდაო, “რომ იტყვიან ხოლმე” და გადამედო სამი დღით წასვლა.

შარშან, ბლოგზე ერთი პოსტი დავწერე, სადაც იმ დღის შესახებ მქონდა მოთხრობილი. ვიცი, რომ არც ისე ორიგინალურია, ომზე ბევრმა დაწერა, ბევრი დაწერს და პრინციპში, მე ომი არც კი მინახავს, მაგრამ საჩხერეში, (სადაც რუსული თვითმფრინავები არც თუ ისე იშვიათი იყო) , სრულ იზოლაციაში, ინფორმაციულ ვაკუუმში გატარებული 21 დღე, (სადაც მე და ჩემი დეიდაშვილი ვიყავით ყველაზე უფროსები – სოფო 21-ის, მე 19-ის) – ჩემი ცხოვრების კოშმარულ დღეებად ნამდვილად დარჩება.

ქვემოთმოყვანილი პოსტი შარშან ავტვირთე ბლოგზე, მგონი, არ დაძველებულა და ყველა 8 აგვისტოსაც გამოდგება.

”დღეს ვფიქრობდი , რომ ომის წლისთავია, რომ ერთი წელი გავიდა “აგვისტოს მოვლენებისა” და “რუსული აგრესიის” შემდეგ და გამახსენდა შარშანდელი რვა აგვისტო..
სოფელში მივდიოდი, სოფელი მაქვს საჩხერეში, ზუსტად ჯავის საზღვართან, როგორც ამბობენ ერთი ქედი , ტყე თუ გორა გვყოფს.
ჩემი და, ბიძაშვილი და დეიდაშვილი (14, 17 და 21წლის გოგოები) იყვნენ უკვე იქ.
მეც რამდენიმე დღის ჩამოსული ვიყავი თბილისში. კბილზე შემექმნა პრობლემები და გული ისევ იქით მიმიწევდა:-D

7აგვისტოს ტელევიზორისთვის საერთოდ არ მიყურებია (მეც ჟურნალისტი ვარ რაღა), რაღაც კი თქვეს, მაგრამ ვერ წარმომედგინა , რომ ამდენად სერიოზული საფრთხე იყო, ვერ წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა ომი დაწყებულიყო.

ხოდა, 8 აგვისტოს სამგორის სადგურში ვიყავი ”ბარგაკიდებული” და ჩემი სოფლის მარშუტკას ველოდი. (ეს არის ცამეტადგილიანი , ყვითელი ფერის, მგზავრობისთვის ყოვლად შეუფერებელი ტრანსპორტი, რომელიც ლიჩი-თბილისის რეისით კვირაში მხოლოდ სამჯერ დადის და რომელზე ადგილის დაკავებაც წინა დღეებში იწყება).

ხალხი ბლომად იყო შეკრებილი და მეც გასული წლების მსგავი შიში , ნაცნობი გრძნობა – “ვაი, ადგილები რო არ იყოს და დარჩენამ მომიწიოს”? – დამეუფლა.

ამ დროს ერთი მგზავრი (ჩემს უბანში უნდა ჩამოსულიყო), მორბის ყვირილით – ვაიმე, გორი დაბომბეს, ვერავის ვუკავშირდებით, მობილური ქსელებიც გათიშულიაო. დავიწყე წვალება, იმ დროს, უფრო აქტიურად ლაი-ლაის ნომერს ვხმარობდი, რომლითაც ვერაფრით ვერ დავრეკე. ჩავდე ბალის კარტა და როგორც იქნა მოვახერხე სოფელში ” გასვლა” – ცოტა დავაშინე “ბიძაშვილ-დეიდაშვილ-და” – შეიძლება ვერ ჩამოვიდე მეთქი..

ამასობაში მოვიდა როგორც იქნა ჩვენი მარშრუტკა, მძღოლს შემოვეხვიეთ – აბა რა ხდება თქო.
მისი პასუხი: – არაფერი კაცო, უბრალოდ რომ მოვდიოდი, იგოეთთან ჭურვი ჩამოაგდეს და მანქანის უკან აფეთქდა.

ხალხი დაფეთდა..

დედაჩემი და დეიდაჩემი ცდილობენ გადამარწმუნონ წასვლაზე – ამას ჯობს, ჩვენ წავიდეთ და ისინიც წამოვიყვანოთო.

მე ცივი უარით ვიკავებ ადგილს და “ფეხებს ვაფიჩინებ” – უნდა წავიდე მეთქი. (ნუ, ერთი მხრივ , კარგად მოვიქეცი, რადგან ისინი რომ წასულიყვნენ, ჩარჩებოდნენ მთელ თვეს და იქით თავად მოკვდებოდნენ შიმშილით, აქეთ მე:)დედაჩემი მაინც არ წყვეტს ხვეწნას, მე “ვამშვიდებ” – ხო იცი, იმათ საჭმელი უთავდებათ და მე რომ არ ჩავიდე, შეიძლება ისე დარჩნენ.
ცოტა გაჭრა..

მგზავრობის მოსურნეთა რიცხვმა შესამჩნევად იკლო, ადამიანებიდან, რომლებისგანაც სამი მარშუტკა გაივსებოდა, რვა კაცი ვრჩებით.

მძღოლი გვამშვიდებს – თუ გადაკეტილი იყო გორთან, უკან მოვბრუნდებით, რა პრობლემაა.
როგორც იქნა, გავედით.

ფანჯარასთან მჯდომს უფრო მიტანს შიში, გზაზე დაუსრულებელი კოლონებია – რეზერვისტების, “ორხიდიანების – სავსე ჯარისკაცებით”, სხვადასხვა ტექნიკის.

“ღმერთო, შენ დააბრუნე ყველა მშვიდობით” – პირჯვარს იწერს მარშუტკაში მყოფი ერთადერთი ქალი. ნუ, ჩემს გარდა). ის ჩემს სოფლამდე ცხოვრობს და თბილისში მოტეხილი ფეხის სამკურნალოდ იყო ჩამოსული.

მანქანაში მყოფი შვიდ ი მგზავრი+მძღოლი მოსალოდნელ საფრთხეებზე იწყებს მსჯელობას, მე რადიოს ვრთავ და ვცდილობ ახალი ამბები გავიგო.

“რუსების ერთი თვითმფრინავი ჩამოაგდეს”, უკვე ორი, უკვე სამი . . – ვამშვიდებ გზადაგზა ჩემს “თანამოინახეებს”, ისინი თავიანთ ოჯახზე და ახლობლებზე იწყებენ ლაპარაკს , პრეზიდენტმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა – “რა გვეშველება” – როდის მორჩება ყველაფერი” – ატირებული კითხულობს მარშუტკაში მყოფი ერთადერთი ქალი. ნუ, ჩემს გარდა). ის ჩემს სოფლამდე ცხოვრობს და თბილისში მოტეხილი ფეხის სამკურნალოდ იყო ჩამოსული.

“ხვალვე წავალ ომში და რუსებს დედას ვუტირებ”: – აღგზნებული სახით ყვირის ვასიკო – მარშრუტკის პატრონი და მძღოლი (ის აფხაზეთის ომშია ნამყოფი და ყოველ წელს, ყოველ მგზავრობისას აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნებას განიხილავს.

“მიშამ თქვა – დავიბრუნებთო და დავიბრუნებთ. ძალით, ნებით, მაგრამ შევალთ, ჩვენს ადგილს მაინც დავიბრუნებთ” – ეს მისი საფირმო ფრაზაა. (კიდევ ერთი, ამბობენ, რომ აფხაზეთის ომის დროს ვასიკოს ძმა დაეღუპა და მისი ცხედარი ერთ კვირას ზურგით ატარა, სანამ სოფელში ჩაიყვანდა და მიწას მიაბარებდნენ.)

გორის გზა გახსნილი დაგვხვდა, თუმცა მოძრაობა ძალიან გაძნელებულია. . ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით მოძრავ რეზერვისტებით სავსე ათეულობით ავტობუსს და მსუბუქ მანქანას რამდენიმე საცობი აქვთ შექმნილი . ყველგან პატრული დგას, გორის ცენტრში დაბომბილი ადგილი ჩანს, ქალაქის გარეთაც მოჩანს მინდვრებზე დამწვარი ადგილები.
რატომღაც, პირველად “ვასოს მარშუტკით მგზავრობის” ისტორიაში, მანქანა არ გაფუჭებულა და სამი საათი შესაკეთებლად არ “წაგვიყვანია””, ერთი ეგ იყო, ერთერთი მგზავრის წამოღებულ ბალონს გაზი გაუვიდა და გაგუდვა-აფეთქებას ბეწვზე გადავრჩით.

მობილურ ოპერატორებს უფრო და უფრო უჭირთ მუშაობა. მხოლოდ გამოტოვებული ზარებიღა მომდის,. ძლივს მოვახერხე მესიჯის გაგზავნა.

ჭერათხევიდან აღარც რადიო იჭერს. სწორედ აქ იწყება ჩემი ინფორმაციული ვაკუუმი, რომელიც ზუსტად 21დღეს გაგრძელდა. ამ პერიოდის მანძილზე ტელევიზორის (კურიერის) ყურება მოვახერხე სამჯერ. მიზეზი – ჩემი სოფელი არის (მაშინ იყო) ნამდვილი სოფელი, ანუ ჯუნგლები, სადაც ცივილიზაციას თითქმის არ შეუღწევია. ტელევიზორი იჭერს იმ ოჯახებში, სადაც “ანტენა-თეფშები” აქვთ.

წკოტთან თვითმფრინავები შევნიშნეთ ცაზე. მგზავრები ლოცვას იწყებენ, აფეთქების ხმა ისმის და ფანჯრიდან ცეცხლმოკიდებული ადგილი ჩანს მინდორზე. ჭურვი ჩამოაგდეს.

მძღოლი (ისედაც ძალიან სწრაფად დაჰყავს მანქანა) უფრო უმატებს სიჩქარეს, უსწრებს წინ მიმავალ “ოპელს” და ლამის ეჯახება ცისფერ “ვოლვოს”, რომელიც “ოპელის” წინ მიდიოდა.
ვასიკო მარჯვნივ ატრიალებს მანქანას და მკვეთრად ამუხრუჭებს, მარშუტკა ტროტუარიდან გადადის და მარჯვენა ნახევრით გადაღმა თხრილში დგება, მარცხენა კი თითქმის ჰაერში აქვს. მძღოლი სასწრფოდ ასწორებს და აჩერებს მანქანას.

“შე სამიწე, ბომბს გადავრჩით და შენ უნდა მოგვკლა? სახლში მაინც ჩაგვიყვანე ცოცხლები ” – ყვირის მარშუტკაში მყოფი ერთადერთი ქალი. ნუ, ჩემს გარდა). ის ჩემს სოფლამდე ცხოვრობს და თბილისში მოტეხილი ფეხის სამკურნალოდ იყო ჩამოსული.

ბოლოსდაბოლოს ჩავდივართ ლიჩში. სოფელში დამხვედრები მძღოლს შემდეგ რეისზე ეკითხებიან – “არ ვიცი, ხვალ ომში მივდივარ, დავხოცავ რუსებს და ჩამოვალ” – იცინის ვასიკო.

მერე კი.. 21დღე სრულ იზოლაციაში, შიშში , ღამე გათიშული სინათლე – დაბომბვისას რომ არ დაგვინახონ.

მეზობელ სოფელში (6კმ-ში) გადასვლა – პურის თუ ერთი კგ შაქრის საყიდლად. ყოველ ახალ ჭორზე – ”საფიხვნოზე” შეკრებილი სოფლის მკვიდრნი და მათი ბჭობა – აგერ მოსულა ჯარი, დაბლა ნახეს სამხედროები, ტყეში გავიქცეთ, გავიხიზნოთ.

თბილისიდან ზარები – ვაიმე, მაქეთ მოდის ჯარი, ვაიმე, თბილისში შემოდიან რუსები.

ჩემი ბიძაშვილის მუდმივი წუწუნი და ზარები დედამისთან – როგორც გინდა წამიყვანე, მე აქ მოვკვდები. ჩვენი ჩხუბი მასთან – არა პანიკას.. ტყიდან შეშის მოტანა, ნაჯახით ატკიებული მკლავები, საჭმლის დამთავრებისას ბალახეულზე (დანდურზე) გადასვლა. თბილისიდან მოსული ახალი ინფოს მერე სოფელში “თეფშიანი” ტელევიზორის ძიება, ზოგჯერ უიმედობა – ვაი, თუ, არ გავიდნენ, ვაი თუ, სულ აქ ჩავრჩეთ.. რუსებისთვის კაი გინება.. და მაინც იმედი – რომ მალე დამთავრდება ის საშინელება , რასაც ომი ჰქვია.

ახლა მესმის, იმ ტრადიციულ ქართულ სუფრებზეც კი (რომლებიც ასე არ მეხატება გულზე), რატომ ამბობენ პირველს – მშვიდობის სადღეგრძელოს.

 

Tags: , , , , ,

მე ვიცავ საერთო სამაგისტრო გამოცდას ანუ რა არ უნდა გააკეთო გამოცდა(მდე)(ზე)(შემდეგ)

გუშინ საღამოს, სიკო ჯანაშიას ნოუთზე მცირედ ”წავიკამათეთ” მე, ნინო დათაშვილმა და კიდევ ერთმა ჩემმა არაფრენდმა – Anana Fok-ის სახელით დარეგისტრირებულმა იუზერმა. კამათი გააღვივა ერთიანმა ეროვნულმა თუ ერთიანმა სამაგისტრო გამოცდებმა. იმან, რომ თურმე ”მე თეოლოგს”, ”მე ფილოლოგს”, ”მე ხელოვნებათმცოდნეს”, (იქ საერთაშირისო ურთიერთობების სპეციალისტსაც თურმე) – არ მჭირდება მათემატიკა, არ უნდა გადავლახო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (20-დან 5.1 ქულა), მერე რა, რომ მე მათემატიკაში არ ვარ მაგარი, სამაგიეროდ, ჩემს პროფესიაში ვარ მხეცი და მსგავსი. არ მჭირდება ლოგიკური ამოცანები, რადგან დებილობაა”, ”სისულელეა ერთიანი სამაგისტრო და ეროვნული გამოცდები” და ა.შ.

რა მათემატიკა? რომელი მათემატიკა?

”რამდენი გრამი წითელი საღებავი უნდა შევურიოთ 15გ ლურჯ საღებავს, რომ
მიღებული ნარევის 75% იყოს წითელი საღებავი?
(ა) 30გ (ბ) 45გ (გ) 50გ (დ) 75გ (ე) 85გ

ამას რა მათემატიკა და 11 წლის მასალა უნდა? ( მე, მათემატიკაში მეექვსე კლასის მერე სამოსან ადამიანს წამომაძახეს – გეტყობა, მათემატიკაში ძლიერი იყავი, 11 წლის მასალა ზეპირად იცი და ამიტომ მოგწონს ეროვნულებიო :)

ახლა ეროვნულების განსჯას არ დავიწყებ, სიკო ჯანაშიას ნოუთზე წერია კომენტარების სახით არგუმენტები თუ კონტრარგუმენტები. აქ დავწერ იმას, რაც ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ტიპის გამოცდაზე გასვლისას. რაც მე და ბევრ ჩემნაირს დააკლდა..

რა არ უნდა გააკეთოთ გამოცდა(მდე(ზე)(შემდეგ) ?

1) ნუ გექნებათ საკუთარი თავის რწმენა გარკვეულ საკითხში იმ დონეზე, რომ ტესტის ნიმუშის ნორმალურად გადაშლაც დაგეზაროთ . მაგალითად, წინასაგამოცდო რამდენიმე დღე შევიკალი ყველაფერი გოდებით – მათემატიკაში რა მეშველება, რაის ლოგიკა და რაის წაკითხულის გააზრება – მაგაში ხომ ეროვნულებზე 50/50 ავიღე მეთქი. ხოდა, ბოლო საღამომდე წაკითხულის ტესტი არ გავაკეთე ( იმასაც თუ გაკეთება ერქვა – რამდენიმე წუთში მივაფუჩეჩე). საბოლოოდ კი, რა გამოვიდა? მათემატიკის 20ქულიან ტესტში – 4 შეცდომა (ანელის ორი საღამოს დამსახურებას ვერ დავუკარგავ) და ლოგიკის 17ქულიანში – 5.. წაკითხულის გააზრების 4 შეცდომაზე აღარაფერს ვამბობ.

2) არ ინერვიულო – რაც იქნება, ის იქნება – ვერაფერს უშველი თუ არ დააკლებ :)

3) დროის სწორად დაგეგმვა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ნუ ”დახამდებით” ჩემსავით, საათსა და 10 წუთს. ნუ გაიფიქრებთ – ამას რა უნდა. ნუ ეცემით სამივე ტექსტს ერთად, ნება-ნება ნუ დაიწყებთ კითხვას, მერე ნუ მიუბრუნდებით სათითაოდ ყველა კითხვას – ხუთი სავარაუდო პასუხიდან ორ-ორს ნუ გამორიცხავ და სხვა კითხვაზე ნუ გადახვალ. ასე გააკეთებ? მერე არ გაგიკვირდეს – 20 წუთი და 21 გასაცემი პასუხი თუ დაგრჩა.

3) კარგად გაიგე წესები!!!

ჰკითხე კურატორს (თუ არ გითხრა) – ანალიტიკური წერის ორივე ნაწილისთვის ერთად არის 70 წუთი თუ, სათითაოდ – 35-35. მერე ისე არ დაგემართოთ, რომ პირველი თემის დროზე ადრე მორჩენის შემთხვევაში, კურატორის მიერ მეორე თემის დაწყებისთვის ”გონგის დარტყმის” მოლოდინში – მეორე თემისთვის განკუთვნილი დროის ნახევარი შემოგეფცქვნათ ჭერში ყურებით და იმაზე ფიქრით – შენს თავზე მოციმციმე ნათურას, რომელიც წამში თითქმის ათი პარპალის სიჩქარით ”მოძრაობს” – როგორ აარიდო თვალი.

4) დააკვირდი ყველა კითხვას და ნუ დატოვებ წაუკითხავს მაინცდამაინც სწორ პასუხს. ხუთ სავარაუდო პასუხში ვეძებდი ვარიანტს, რომელიც სწორად მიმაჩნდა და რომელიც ”არ იყო” – მერე შემოვხაზე პასუხი, რომელიც არასრულად მეჩვენებოდა თავიდანვე, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. მეორე დღეს – ჯგუფელთან საუბრისას გავიკვირვე – არა, რას ამბობ, ეგ როგორ შემოხაზე, იმდენი ვეძებე და არ იყო მეთქი და შემდეგ, ნაეკზე რომ დაიდო ტესტები და ჩემი შემოხაზულის დაბლა, სწორედ ის პასუხი რომ დამხვდა, რომლის შინაარსის შემცველ ვარიანტსაც დავეძებდი – შემომეყარა გულს.

5) ეს შეცდომა მე არ მომსვლია, მაგრამ ჩემს ნაცნობებს მოუვიდათ – გაუფრთხილდით პასუხების ფურცელს – ნუ გადაშლით სწორ პასუხებს შემთხვევით და ნუ დაიკლებთ ამით ქულას…

6) უკვე გამოცდის მერე - იპოვნე რაც შეიძლება ბევრი შეცდომა და ნუ შეიქმნი ილუზიას, რომ ძალიან კარგად დაწერე – რადგან მერე უფრო მაგრად გაგიტყდება :) როგორც დაემართათ ასევე ჩემს ნაცნობებს – მე ამ მხრივ, გამიმართლა – ტესტების გამოქვეყნებამდე, გულგატეხილი ვვარაუდობდი 16 შეცდომას, გამოქვეყნების შემდეგ – გულგატეხილმა დავთვალე 14 შეცდომა, დღეს – შედეგების გაცნობისას ასევე გულგატეხილმა აღმოვაჩინე, რომ 13 შეცდომა მაქვს 58-დან. მაგრამ მიუხედავად ჩემი გულგატეხილობისა, საბოლოოდ, ისე არ გამტეხვია გული, როგორც მათ, ვინც უმაღლესს ელოდა და საკმაოდ ბევრი შეცდომა აღმოაჩნდა :-(

ზემოთჩამოთვლილ მიზეზებს, მწამს, კიდევ ბევრი აკლია. იმისც მჯერა, რომ აქედან ყველა არ მოსვლია ერთ ადამიანს ( ჩემს თავას არ ვთვლი), მაგრამ ნაკლებად დამაჯერებენ, რომ ერთერთი მაინც – არა. ( არ ვგულისხმობ, მაღალქულიან და კმაყოფილ მაგისტრანტებს ;))

ხოდა, შეცდომები და ნაკლოვანებები ვეძებოთ ჩვენს თავებში და არა – საერთო სამაგისტრო გამოცდაში, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უკმაყოფილო ვარ ჩემი შედეგით ( ასევე მიუხედავად იმისა, რომ ბევრზე ბევრად უკეთესი შედეგი მაქვს) – მაინც ვთვლი, რომ ჩემი ბრალია და არა – გამოცდების ეროვნული ცენტრის, მაია მიმინოშვილის, დიმიტრი შაშკინის თუ ჩემი მეზობელი მაყვალასი.. ასე რომ, ჩვენს შეცდომებზე ჩვენ ვიფიქროთ , დროის უკეთ განაწილება, თავის ხელში აყვანა და ნაშრომზე მობილიზება ვისწავლოთ. განათლების სისტემას ისედაც ბევრი ხარვეზი აქვს, ჩვენი ცოდვებიც მას რომ არ გადავაბრალოთ ;)

( ეს ნაწერი ეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებსაც :)

 

Tags: , , , ,

დაიცავი ფეისბუქი!!!

ბოლო მინიმუმ ორი თვე, მთელი საპირწიგნაკეთი გავაბეზრე ჩემი სადიპლომოს ამბებით და მასზე(ც) გაუთავებელი წუწუნით. ხოდა, გუშინ, ”არის, აღსრულდა მიზანი” და დავიცავი – ”სოციალური მედია, როგორც ინფორმაციის გავრცელების საშუალება”. ( საქართველოს შიდაპოლიტიკური ინფორმაცია ”ფეისბუქისა” და ბლოგების მაგალითზე).

საკმაოდ მაღალი , ფაქტობრივად უმაღლესი შეფასება მივიღე, ვერც კი წარმოვიდგენდი ამდენს თუ დამიწერდნენ – 99 ქულა (ნიშნის ხამი არ გეგონოთ, უბრალოდ , ადამიანური მომენტია, ქულა ზოგჯერ ასახავს იმას, რამდენად კარგად გააკეთე ის, რაც შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია (”მწვანე ვაშლის” პრომო გამახსენდა – ამას თამუნა შეყილაძე გამიგებს კარგად:)

ხოდა, 99 ქულა მეთქი, ვამბობდი, თან, ის ერთი ქულაც ხელმძღვანელმა დამაკლო და არა კომისიამ ან რეცენზენტმა, რაც ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია. ერთი ეგაა, ხელმძღვანელის განაჩენიდან პირველი ხუთი წუთი ძალიან გაოცებული ვიყავი ( არა იმიტომ, რომ ძალიან მაგარ ნაშრომად ვთვლიდი, ისე, გამიკვირდა. პირველი ეს გავიფიქრე – ნახე, რა გამიჩალიჩა მეთქი:-D რამდენიმე წუთის მერე გამეცინა და მერე კი გამიხარდა, რომ სწორედ ასე მოიქცა და არა სხვანაირად. როგორც მან თქვა, ეს მხოლოდ ამშვენებს ნაშრომს.

ძალიან კარგი/სამართლიანი კომისიის წევრები და ძალიან კარგი რეცენზენტი შემხვდნენ, მადლობა მათ. კომისიის წევრმა საბოლოო შედეგამდე მითხრა – ძალიან კარგი გოგო ხარ, ძალიან მომეწონაო. რეცენზეტმა კი – დათო (ხელმძღვანელი) რას გერჩოდაო :-D

ჰოდა, ცხადია, ჩემი დაცვის შესახებ – სად, რა და როგორ შემეშალა და ვინ, როდის ჩაახველა ამის დაწერას არ ვაპირებ. უბრალოდ, რამდენიმე ფეისბუქელს აინტერესებდა ეს ნაშრომი და გადავწყვიტე მისთვის პირწიგნაკის სინათლე მეჩვენებინა.

მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილი ნამდვილად არ არის ( ის ერთი ქულა სწორედ ამაში დამაკლდა) ძალიან მიყვარს ეს 53 გვერდი. უბრალოდ, ვეცადე, რომ ყველაფერი ჩამედო მასში, რაც შემეძლო. ფაქტობრივად, ამ სემესტრში ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე იყო ჩემთვის. ზოგჯერ მეგონა რომ ვერ გავაკეთებდი ვერაფერს და რამდენიმესაათიან დეპრესიაში ვვარდებოდი. გარშემომყოფები კი ”მსაყვედურობდნენ” – რათ გინდოდა რომ აიღე სადიპლომო, რას ყოფდი შარში თავს, აგერჩია ჩვენსავით საგნები, შენი ბრალია და ა.შ. კი, ჩემი ბრალი იყო, სავალდებულო არ გახლდათ ჩემთვის სადიპლომოს დაწერა, მაგრამ მაინც ავიჩიე, ავირჩიე იმიტომ, რომ მინდოდა უნივერსიტეტში სწავლის მეოთხე წელს მაინც, რაღაც სხვა, განსხვავებული გამეკეთებინა და ჩემი თავი წმინდად ჟურნალისტიკის გარდა, სხვა რამეშიც მომესინჯა. ეს, რაღაც მხრივ, ალბათ, მოვახერხე კიდეც.

თან, არ მინდოდა, უნივერსიტეტი ”ისე” დამემთავრებინა, ჩვეულებრივ, თითქოს მესამე, მეორე ან პირველ კურსს ვამთავრებდი, რაღაც ”ისეთის” გაკეთება მინდოდა, რაც დიპლომის აღებასთან უფრო ახლოს იყო და სადიპლომოს გარდა, განა რა შეიძლება ყოფილიყო :-D

გარდა ამისა, თემა იყო ძალზე საინტერესო. სოციალურ მედიაზე კვლევები თითქმის არ არის, ესეც არ არის განსაკუთრებით ბევრის მომცველი – პრინციპში, ვერც იქნებოდა, მაგრამ რაღაც მცირე სიახლე ალბათ, მაინც დევს ამ 53 გვერდში – სულ მცირე, “ფეისბუქის” შესახებ.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო დათო პაიჭაძეს, თემის ხელმძღვანელს. ყველაზე ”ისეთ” დროსაც კი, როდესაც ვფიქრობდი, რომ აღარაფერი გამოვიდოდა , მასალას ვერ მოვერეოდი ( არადა, ჩემი აჩემებული თემა იყო და ვერც ვერაფერს ვიტყოდი :-D ) , მეგონა, რომ “ვერგაგებას” ვერაფერი ეშველებოდა და მაინც მივწერდი კითხვას. ვიღებდი თუნდაც სულ რამდენიმესიტყვიან ისეთ პასუხს, რომ თავში მაშინვე ყველაფერი ლაგდებოდა და ვხვდებოდი – თურმე როგორი მარტივი ყოფილა და თურმე როგორ ვართულებდი ყველაფერს. ( ის კიდევ იტყვის, მარადონა ”თლა” მართალიაო?!:-D

ღაღადს მოვრჩი, ნაშრომი კი, ამ ლინკზეა, მსურველებს – შეგიძლიათ  გაეცნოთ :-) (საავტორო უფლებები დაცულია :-D

 

Tags: , , , , , ,

და დამთავრდა..

დღეს, ბოლოჯერ ვიყავი მეექვსე კორპუსში, როგორც უნივერსიტეტის სტუდენტი. დედა, გული მიფრიალებს და რა მეშველება მეთქი – არა, თუმცა, ცოტა მაინც დავნაღვლიანდი, დავნაღვლიანდი იმიტომ, რომ ოთხმა წელმა რაღაც თვალისდახამხამებაში გაიარა.
ნუ, იმის მიუხედავად, რომ უბრალო რაღაცებზე ვტირი ხოლმე, სენტიმენტები მაინც მძულს, ხოდა, ვეცდები ცრემლების ღვარღვარის გარეშე შევაჯამო უნივერსიტეტული ოთხი წელი.

”ცოდნის ტაძარში” სრულიად შემთხვევით მოვხვდი. 2006 წელს, ყველაზე ”პრესტიჟული” სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთერთ ყველაზე ”პრესტიჟულ” ფაკულტეტს, ბევრი აბიტურიენტი ეტანებოდა – ვერ ჩავაბარებ, ვერ ჩავაბარებ, ისე მაინც მეწეროს პირველიო. ასეთებს შორის, მეც ერთერთი მათგანი ვიყავი. 09-ს ოპერატორის სიტყვებმა -ჩაირიცხეთ პირველი პრიორიტეტით, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე – გამაოგნა.

სიმართლე რომ ვთქვა, თავიდან გული დამწყდა, ტურიზმი ”მინდოდასავით” და დანარჩენ ჩამონათვალთა უმრავლესობაში, სწორედ ეს სპეციალობა მქონდა მითითებული. ნუ, რაღას ვიზამდი და 2006 წლის ”1 სექტემბრის” წვიმიან დილას, ( არადა, 1 ოქტომბერი იყო) თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში ”მღელვარებით აღსავსე” და და ”გულანთებული” ვუსმენდი თსუ-ს ჰიმნს – ”დედა უნივერსიტეტს” …

განსაკუთრებულად კარგად კი, მეორე დღე მახსოვს, როდესაც ფაკულტეტის ”დეკნები” შეგვხვდნენ, მერე კი ამირან ბერძენიშვილის თუ სოსო სალუქვაძის კაბინეტთან ”ვჩოჩქოლებდით” და ”ბრძოლითა ჩვენითა ვიპოვებდით ცხრილსა ჩვენსას”. გივი, ახლა რომ მეექვსე კორპუსის აკვარიუმში იწონებს თავს, მაშინ სწორედ იქ ედო ბინა და გამოცუნცულდებოდა, შეცუნცულდებოდა – ნუ ხმაურობთო.

ახლა ცარიელია, აი, ყოველ ”1 სექტემბერს” უნდა ნახოთ, როგორ არის სტუდენტობა მიჯრილი ამ დაფებთან :))

პირველ კურსზე მეტისმეტი არეულობა იყო, დეპარტამენტიდან დეპარტამენტში სირბილი, გაურკვევლობა ცხრილებზე, ახლად დანერგილი ელექტრონული სისტემა, სპეციალობის არჩევისკენ გადაგმული პირველი ნაბიჯი და წლის ბოლოს, სამუდამოდ დატოვებული საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი და ჟურნალისტების ცისფერი და საყვარელი, ყოფილი მონკავშირის შენობის ”ბინად” არჩევა..

აქედან სულ მიყვარდა ხოლმე გადმოდგომა და შენობაში შემომსვლელთა დაზვერვა :))))

ოთხი წლის მანძილზე ბევრი საგანი ვისწავლე, დაახლოებით 40 ან ცოტა მეტი, დაახლოებით, ამდენივე ლექტორი მყავდა. არიან პროფესორები, ვინც საერთოდ აღარ მახსოვს და არის საგნები, სადაც აბსოლუტურად ტყუილად დავკარგე დრო და მე არაფერი მისწავლია, მაგალითად, აკადემიური წერა, სტატისტიკა, პოლიტიკური კულტურა, საქართველოს პოლიტიკური სისტემა… ყველას ვერ ჩამოთვლი და ცხადია, საგნის ბრალი ნამდვილად არ ყოფილა.
მაგრამ უფრო მეტი ვისწავლე. იმ საგნებს თუ ლექტორებს შორის, ვინც მართლა მომცა ცოდნა, ყველას ვერ ჩამოვთვლი, თუმცა, ყველაზე დასამახსოვრებელის და მნიშვნელოვანის გამოყოფა შეიძლება.

პირველ რიგში, დათო პაიჭაძე რომ არ ვახსენო, ჩემი ნაცნობები არაგულწრფელად ჩამთვლიან, მე კი, ასეთი არ ვარ :-) სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სწორედ ამ ადამიანმა შემაყვარა ჟურნალისტიკა, მის დავალებებს ყოველთვის აზარტით ვასრულებდი და დაღლა ფაქტობრივად, არ მიგრძვნია, მხოლოდ მსიამოვნებდა და ახლაც, დრო თუ გამომიჩნდა ხოლმე, ბლოგისთვის ”ვურეპოტინგებ” ხოლმე ;))

მისი რამდენიმე ფრაზა ლექციიდან კი სულ მახსოვს :

”ჟურნალისტიკა თხზვა არ არის”, ”საკმაო არ გამაგონოთ”, ”არ იფიქროთ იმაზე, თუ რას ფიქრობთ იმაზე, რასაც უყურებთ, ”,  ”ჟურნალისტიკა კონკრეტიკაა”, ”არ იგრძნოთ თავი ვალდებულად, თუ ისინი თავის საქმეში არიან სპეცები, თქვენ ჟურნალისტიკაში ხართ მხეცები” – და სხვა ;)))ვგრძნობდი რომ მას ჩვენი, სტუდენტების გაკეთებული ”საქმე ” აინტერესებდა და მიფუჩეჩება არასოდეს უცდია, სტუდენტისთვის კი, მოტივაციისთვის ბევრი არაფერია საჭირო ;) როდესაც ვხედავ, რომ თავს დავახლი, რაღაცას დავწერ, ლექტორი კი არც კითხულობს და ისე მიწერს უმაღლეს ქულას, საერთოდ ვანებებ მისი საგნის სწავლას თავს.

აქვე მოვაყოლებ, ”ღია რადიოს”, რომელიც უკვე ”გამოტირებული” მყავს ;)) ის პერიოდი ( შარშან ამ დროს), მუდამ დარჩება ჩემი პროფესიული ცხოვრების ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად. ეს იყო, ჩვენი, სტუდენტი ჟურნალისტების პირველი მცდელობა რაღაცის შექმნისა. მაშინ ვიყავით ყველაზე დამოუკიდებლები და თავისუფლები, ვაკეთებდით იმას, რაც გვინდოდა და ამით სიამოვნებას ვიღებდით. მაშინ გამოვცადე კარგ ჯგუფთან მუშაობის ბედნიერება – თამუნა შეყილაძე, ანელი ედიშერაშვილი, ინგა ბაჯელიძე, თამუნა ლემონჯავა – ეს ოთხი ადამიანი სწორედ იქ გავიცანი და ჩემი საუკეთესო მეგობრები და კოლეგები გახდნენ. ეს იყო ერთი, ”ღია რადიოს” იდეით გაერთიანებული გუნდი, რომელიც უსიტყვოდ უგებდა ერთმანეთს მუშაობის პროცესში, ღია რადიოთი ”სუნთქავდა” და აზროვნებდა ( :-D დედა, ეს რა პათოსი და სენტიმენტებია, ეს ერთხელ მაპატიეთ ;)). თუმცა, დამთავრდა ”ღია რადიო” და დიდი მეგობრობა კი დარჩა :-)

მაგრამ… მთელ მეექვსეში, ყველაზე მეტად, ეს ოთახები მიყვარდა ♥

ხოდა, ღია რადიო, დღეს, სწავლის დასრულების დღეს არ დამთავრებულა, უკვე ერთი წელია, მენატრება რადიოს სამონტაჟო ოთახები და სტუდია – თავისი ოპერატორებით, კახას ჯუჯღუნი, ავთოს – ”დაამახსოვრებინეთ გოგონებო, ვიკეტებით”. სხვადასხვა სტუდენტის გაოცებული შეძახილი – თქვენ ისევ აქ ხართ? რემონტს როდის იწყებთ?

მომენატრება დარბაზი, სადაც მუდმივად სიძველის განცდა და სუნია, თითქოს რაღაც მისტიკური, საღამოს თათბირების ადგილი იყო ხოლმე ;))

ლექტორებით დავიწყე, გადავუხვიე და ამიტომ უკან დავუბრუნდები. როგორ შეიძლება, მეექვსეკორპუსელ ლექტორებში რომ არ გამოყო ირა ღვინერია, უძალიანმაგრესი იუმორის მქონე ადამიანი, რომელმაც სულ სიცილ-სიცილით დაგვიწერა დაბალი ქულები ;))) რომელთან ურთიერთობაც ერთი სიამოვნებაა, საგნის რა ვთქვა :-D

ასევე, ნინო ჭალაგანიძე, რომელსაც მეორე კურსზე რატომღაც ვერ გავუგე, მეოთხეზე კი – მის გამო ავირჩიე ” ბავშვთა საკითხები”.:-))))

უკარგესი, უადამიანესი და უჰუმანურესი გიორგი კალანდაძე, რომელიც მეოთხე კურსზე იყო ჩემი ლექტორი, ძალიან მწყდება გული, რომ მისი ლექციების ხშირად გაცდენა მიწევდა.

ნინო ჟიჟილაშვილი და მისი ორი საგანი. ”კონფლიქტების გაშუქების” გამოცდა და სტუმრობა ხურვალეთში არასოდეს დამავიწყდება.

კობა ლიკლიკაძე და მისი საველე ამბები, რა უნდა გააკეთოს/არ გააკეთოს ომის დროს ჟურნალისტმა.

ასევე, ( რაღა ასევე) თამაზ ჯოლოგუა, ადამიანი, რომლის დახვეწილი ქართულით წაიკითხული ლექციის მოსმენას არაფერი სჯობდა. ძალიან განათლებული და საყვარელი ადამიანი – მალხაზ მაცაბერიძე, რომლის ”მეგობრებო” პირველი კურსის შემდეგ, მახსოვრობაში დამრჩა. .. და ფსიქოლოგების ზურაბ მხეიძის თავისუფალი და ძალზე საინტერესო საუბარი ზოგად ფსიქოლოგიაზე.

ანტიკური ლიტერატურის სემინარის ლექტორის, თინა გიორგობიანის დღევანდელი სიტყვები – ”ჩემთვის მთავარი ის არ იყო, რომ სემინარებზე არ აქტიურობდი, შენმა კოლოკვიუმებმა და ნაწერებმა დამანახა, რომ აქ მსხდომ, 80 აქტიურ, კლასიკური მიმართულების სტუდენტზე უკეთ იცი ანტიკური ლიტერატურა და ამის მიხედვით გაფასებო” – მუდამ მემახსოვრება.

მომენატრება გაჭირვების ტალ-კვესი ნაირა მახაშვილი, ჩვენი ბიბლიოთეკარი ლია ( რომელიც აღარ არის ჩვენი ანუ მეექვსეს ”კუთვნილება”, მომენატრება კომპიუტეროლოგი ზაზა… და ალბათ, სხვებიც ;)))

მახსოვს, პირველი ორი წელი, ”მეექვსე” საშინლად მიყვარდა, სულ აქეთ ( რაღა აქეთ :/ მომიწევდა გული, სწავლის დაწყებაც სულ მიხაროდა ხოლმე, მესამე კურსზე, უნივერსიტეტის ”არაჯანსაღმა მიდგომამ” და მეექვსე კორპუსში დატრიალებულმა სკანდალებმა კი, ცოტა არ იყოს და, გული ამიცრუა, თუმცა, ღია რადიომ მაინც ”გამომიყვანა”.

მეოთხე კურსზე კი, მეექვსე კორპუსში კვირაში სულ თითზე დასათვლელ საათს ვატარებდი, სამსახურის გამო, ვერც ვახერხებდი იქ ყოფნას, ასე, რომ მე უკვე ”გამონატრებული” მყავს მეექვსე კორპუსი, მე თითქოს, შარშან დავამთავრე.

წელს, იმ რამდენიმე საათის შერბენის შემდეგ, ვხედავდი რომ სულ რაღაც იცვლებოდა, ეს ის მეექვსე აღარ იყო, მე რომ ვიცნობდი ;)))
და მაინც.. მე მიყვარს მეექვსე კორპუსი. ის პატარა, ცისფერი შენობა ჩემი ცხოვრების ერთ ტკბილ მოგონებად დარჩება. ( დავიღვარე რა :-D)

 

Tags: , , , , , , , ,

ვაკის პარკიდან ”დელისამდე” ანუ ახალი გზის ნახვის სურვილით გავლილი მარშრუტი

დღეს, ილიაუნიში ვიყავი მასალაზე წასული. შვეიცარიელი პროფესორები იყვნენ ჩამოსულები სამეცნიერო კვლევების ამბებზე. ჩემს საქმეს, ერთ საათში მოვრჩი და სამსახურში წასვლა გადავწყვიტე.

ვაკის პარკის მოპირდაპირე მხარეს, 67 ნომერი ავტობუსის ოცწუთიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ, გამახსენდა, რომ ახალი გზა ნანახი არ მქონდა და გადავწყვიტე ფეხით წავჩანჩალებულიყავი. ძალიან ცხელოდა, ყურსასმენები მე არ მქონდა და შესაბამისად, თავსაც ვერაფრით ვერ გავირთობდი. ამიტომ, ერთადერთ “გზად” ხალხის და გარემოს დათვალიერება დამრჩა. გამახსენდა ჩემი პირველი ნაბიჯები რეპორტინგში ”გზათააღმწერლის” რანგში, ხოდა გადავწყვიტე პაწა გამეხსენებინა და საკუთარი თავიც გამეხალისებინა.

სიარული, როგორც ზემოთ აღნიშნე, ვაკის პარკის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ავტობუსის გაჩერებიდან დავიწყე. რამდენიმე მაღაზიის გავლის შემდეგ, უკვე ჩემთვის უცნობ, მხოლოდ ავტობუსის ფანჯრიდან თვალმოკრულ გზას დავადექი. ქუჩის მეორე მხრიდან, შავით მოსილი ქალი მოდის, ძალიან ცხელა, თუმცა, მას მაინც შალის სქელი ჟაკეტი და გრძელი კაბა აცვია. ორივე ხელში დიდი, გამჭირვალე პარკები უჭირავს, საიდანაც ”ბუბლიკები” და ”კექსისმაგვარი” ნამცხვარი ჩანს.

 ჩემ წინ, მწვანე-ყვითელ-გრძელ-გაშლილკაბიანი ქალი მიდის, ადრე, ამას ”იზაბელას” კაბებს ეძახდნენ, ერთი სერიალის მთავარი გმირის საპატივსაცემოდ. ქალი ”კალიასკას” მიაგორებს. მგონია, რომ ბავშვი უზის და გადავუსწარი, თუმცა, მალე აღმოვაჩინე, რომ შევცდი. ”კალიასკიდან” მწვანეთვალება, დიდი თოჯინა იმზირება, რომელსაც ზედ მწვანილის პარკი ადევს.

უკვე, თამარაშვილის 1-სა თუ 11 ნომერში ვარ, კარგად არ ჩანს. აი, იმ შენობასთან, კორნელი დანელია და გივი ჩივაძე რომ ცხოვრობდნენ. ძველი, დიდი, საბჭოთა ნაგებობაა. მისი ერთი ნაწილი თითქოს შეკეთებულია და ჭუჭყიანმწვანედ არის შეღებილი, თუმცა, სიძველის განცდას, მაინც ძალიან ტოვებს. მტვრიანია შემოგარენი, ირგვლივ, დახეული საარჩევნო პლაკატები ყრია, კიბეზე ქალი ზის, მზესუმზირას ყიდის, იქვე, მზისგულზე ქუჩის ორი ძაღლია გაწოლილი, მის გვერდით, ნაგვის გროვასთან კი ქალი ზის ხის ყუთზე. წინ კი სულგუნის თავები უდევს გასაყიდად. ყველს პარკი გადახდილი აქვს და მისი მოჭრილი ნაწილი მზისგან და მტვერისგან გადაზელილია.

აქვე კახა კუკავას საარჩევნო პლაკატია გაკრული, საიდანაც, მხოლოდ მისი თვალები მოჩანს. სახის ზემოთა ნაწილი მოხეულია, ხოლო ქვემოთ განცხადება – ”ვაყენებთ ვინდოუსს პროფესიონალურად” – არის გადაკრული. პლაკატთან გოგო დგას, ხელში ”ჯოკერის” ნაყინი უჭირავს, კუკავას თვალებს თუ ”ვინდოუსის გადამყენებლის” ნომრებს აკვირდება, ამ დროს ნაყინის ზემოთა ნაწილი გადატყდა და ვარდისფერ მაისურზე დაეცა. შემდეგ კი, რძე-შოკოლადის უკვე სქელ, ბლანტ სითხედ ქცეულმა მასამ ”ელასტიკის” შორტი ჩაიარა და ფეხის ზურგზე დავარდა…

ათვლის წერტილიდან, ავტობუსის შემდეგ გაჩერებასთან ვარ. მოსაცდელის მინები სანახევროდ ჩალეწილია, შერჩენილი ნახევარი კი მტვერში ალესილი სისველით არის გადაგლესილი. გაჩერებაზე მხოლოდ ერთი ქალი და ერთიც კონტროლიორი დგას. ამ უკანასკნელს, საჯარიმო დავთარი თუ ოქმთა დღიური გულზე აქვს ახუტებული. 88 ნომერი გაჩერდა. გოგო ჩამოდის, ელასტიკები, მოკლე ლურჯი კაბა და ლურჯივე ღილებიანი, თხელი მოსაცმელი მოსავს.

- ბილეთი მოქალაქევ – ჩამოიღო ”გულზედაკრეფილი დავთარი” კონტროლიორმა. გოგო დიბნა და მის საწინააღმდეგო მიმართულებით დააპირა გასვლა, თუმცა უშედეგოდ.

- არ მაქვს ბილეთი, ახლავე ავიღებ, – გოგო საფულეს ხსნის, ხურდა ფულს იღებს და კაცს უწვდის.

- მე რას მაძლევ, რომელი აპარატი მნახე?

 - იქ ვერ ავიღე, არ ვიცი.

- პირადობა წარმოადგინეთ…

 გზას ვაგრძელებ. უკვე, თამარაშვილის 13ა-სთან ვარ. ”თქვენ ამ სახლზე ოცნებობდით”-აწერია შენობას. დაუმთავრებელი მაღალსართულიანი ნაგებობაა. მის შემდეგ გზის გავლა უკვე ჭირს, მანქანების სავალ გზაზე დავდივარ, სიგნალებზეღა ვუბრუნდები ტროტუარს, სადაც ასვალტი აყრილია და ბღუჯა ბალახია ამოსული. გზის გაყოლებაზე, ქვის კედელზე მხოლოდ კუკავას და ძიძიგურის საარჩევნო პლაკატები ცვლის ერთამნეთს. და აჰა, ახალი გზაც გამოჩნდა, ხიდივით გადასხედიდან ვიყურები, მანქანები ასე თუ ისე, იშვიათად მოძრაობენ. მის თავზე კლდეა აშვერილი, ძალიან უცხოდ მეჩვენება, ”ქალაქაგარეთს” მაგონებს.

წინ მივდივარ, ”დელისამდე” არც თუ ისე ბევრი დარჩა. გზაზე დაყრილი ქვები თხელძირიან ფეხსაცმელში მერჭობა. მალე, ტყე, როგორ დავარქვა, მაგრამ ხეებით დაბურული ადგილი იწყება, დასაწყისში, შემოუღობავია, შემდეგ კი, რკინის გალავნით შერაგვული. ერთერთ ხესთან კაცი დგას, ქამარს ისწორებს. ორი ხის იქით კი მოხუცი, თეთრთმიანი, თეთრებში გამოწყობილი და თეთრჩანთიანი ქალი სცემს ბოლთას, ჯერ, ერთ ხეს დაარტყამს წრეს, შემდეგ სხვა ხესთან მიდის.

ბენზინგასამართი სადგური ”ვისოლიც” გვაიარე. მისგან რამდენიმე მეტრში ცემენტის და სხვა საშენი მასალის აუტანელი სუნი დგას. გზის ორივე მხარეს რაღაცას თხრიან , წელსზემოთ შიშველი კაცი თავდაყირაა ორმოში ჩამხობილი და გამალებით მუშაობს რკინის იარაღებით. ლურჯი, ორზოლიანი სპორტული ჩასწევია და წელს ქვემოთ ღარი უჩანს. ამ დროს, დარტყმის ძლიერი ხმა ისმის და ქვის გოროხიც ამოვარდა ზევით, ფეხი ახლაც მტკივა.

რესტორანს მივადექი – ”მეგრელები – მანონი”. ეზო ცარიელია, მხოლოდ, რესტორნის ერთი თანამშრომელი დგას ჭიშკრის შიგნით. გარეთ კი, ”მერსედესის” ფირმის ორი ჯიპი დგას. ერთი ცარიელია, მეორესთან კი, სამი კაცი იმაზე ბჭობს, ღირს თუ არა ”მეგრელებში” შესვლა.

- ხაჭაპური კარგი აქვთ – ამბობს, მელოტი, ჯარისკაცის ფორმიანი, 40-იოდე წლის მამაკაცი, რომელსაც წარბზე დიდი ხალი აქვს, თან, ჯიბიდან საფულეს იღებს და ფულს ითვლის.

- ხაჭაპურზე ხომ არ გადავალთ, ამხელა ხალხი, ხინკალი ამათ არ უვარგათ და მწვადი. – პასუხობს გამხდარი, დაბალი, ულვაშა კაცი და გვერდით მდგომ ქერა -ცისფერთვალება და წითელ შორტებში გამოწყობილ ვაჟს უყურებს, რომელიც ასანთის ღერით კბილებს იჩიჩქნის.

- თქვენ როგორც გინდათ, ისე ვქნათ, – წამიერად იღებს პირიდან ასანთს ბიჭი და ისევ უკან იბრუნებს. სამეული მანქანაში სხდება.

სუპერმარკეტ ”სამოსთან” ვარ, ”ფანტის” ან სხვა რამე გამაგრილებლის ყიდვა მინდა, თუმცა, ვხედავ , რომ ”ჟალუზებს” უშვებენ, ალბათ, უკვე კეტავენ. გზა გავაგრძელე, თუმცა, უკან რომ მოვიხედე , მიხვდი, რომ უბრალოდ, სიცხეს ემალებიან და ”ჯალუზიც” მხოლოდ სამი მეოთხედით აქვთ ჩამოშვებული.

ყაზბეგის და თამარაშვილის გადაკვეთაზეც მალე მივედი, კუთხეში მდგარ ”პოპულში” მაინც შევედი ”ფანტისთვის”. მოლარესთან რიგი დგას, შევარჩიე ჩემთვის სასურველი ზომის, სასურველი სასმელი და რიგს შევუერთდი. ჩემ წინ, სამი ადამიანი დგას, ორი კი უკან. თუმცა, უკან დგომი კაცი, რომელსაც ლუდი უჭირავს,- ”შენს ”ფანტას” ჩემი ლუდი ჯობს პრინციპით”, გამყიდველს უყვირის: აუ, ეს მაქვს მარტო, აქედან ვარ (სასმელების ”კარადისკენ” უთითებს) და გამომართვი რა ფული. გამყიდველიც უჯერებს. გვერდიდან კი პუტკუნა, 20 წლამდე ცისფერთვალება ბიჭის შეძახილი მესმის:

ჯოხიანი კანფეტი არ გაქვთ?

 - როგორი ჯოხიანი?

- რავი, ლიჟბი ჯოხიანი იყოს.

 - ჩუპა-ჩუპსები გვაქვს.

 - იყოს, ოღონდ დიდი მინდა.

ჩემ წინ მდგომი ქალი კი, ერთჯერად ყავას ეძებს.

”რაღაცებიანი არ მინდა, რძე და შოკოლადები არ ქონდეს, მარტო ყავა მინდა და კარგი. ასეთი ნებავს, შვილიშვილი ჩამომივიდა ჯარიდან, იცი, რა კარგი ბიჭია? რამდენი წლის ხარ შენ დედა?” – მიმართავს ”პოპულის” ქერათმიან, თაფლისფერთვალება ოპერატორს, რომელსაც ეღიმება და ქვითარს უხმოდ უბეჭდავს.

”დელისამდე”, გზას კი სულ სირბილით გავდივარ, ავტობუსის გაჩერებასთან ვდგები და ”არჩევნებზე მიდიხარ?”, ”გუშინდელი კონცერტი მომეწონა”, ”ხვალ გიგას ბანკეტია”, ”პლატოზე ადის”?, მეორე მიკროში”? – ამ და ”სხვაფიქრებიან” ხალხთან ერთად, მოთმინებით ვიწყებ ხუთი ”საჩემო” ავტობუსიდან ერთერთის ლოდინს.

 

Tags: , , ,

ყველაზე არაპოლიტიკური პოლიტიკური არჩევნები

გუშინ ვიყავი თბილისი მარიოტში რომ დაჯილდოე.. არა, სლოგანების არჩევნებ.. არა, აი, ის, ყველაზე არაპოლიტიკური პოლიტიკური კონკურსი რომ იყო.. მოკლედ, საარჩევნო სლოგანებისთვის უნდა მიენიჭებინათ სხვადასხვა ნომინაცია და რაღაცები უნდა გაეთამაშებინათ.

მერობის კანდიდატებს თავიანთი ფორმალურ-არაფორმალური ფოტოებით სტენდები ჰქონდათ გაკეთებული და ყველაზე მეტად ვინც მოაწონებდა თავს დარბაზში შეკრებილ პატივცემულ საზოგადოებას – აბა, სტენდზე დამინახე ვინაა ვაარ, აბა მარიოტში მნახე ვინა ვაარ – პრინციპით, დარბაზის არჩევნებში გამარჯვებულიც ის იქნებოდა.

ბევრი ვათვალიერე თუ ცოტა მერობისთვის მრბოლელთა ფოტო-სლოგან-პლაკატები, ”მოწყენა ვიგრძენი”. როდის დაიწყება და მერე დამთავრდება მეთქი, ვფიქრობდი, თან საათზე ვიყურებოდი მალიმალ და ვცდილობდი გამომეთვალა, რამდენ ხანში დამთავრდებოდა, მერე რამდენ ხანში მივიდოდი სახლში, დავწერდი , მოვასწრებდი თუ არა სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაციაზე მისვლას და ასე შემდეგ. ამ დროს მოვიდა ზვიად ძიძიგური, ვინ მიმიშვა მასთან და მის სიახლოვეს, როოომ დაეხვივნენ მასთან ერთად მოსული ”უცნობი”, მაკა ასათიანი და კიდე ვიღაცები, მკლავის სიახლოვეზეც კი ვერ მივედი. ერთი ისღა მოვახერხე, რომ ყური შევყავი ჩემ წინ აყუდებულ ორ ოპერატორს შორის და გულ-სულგანაბულმა ვცადე მოსმენა. საკუთარ ხელნაკეთობებზე ლაპარაკობდა, კაიკაცობასა და ადამიანობაზე, უცებ ვიგრძენი, რომ დეჟავიუ მქონდა და ეს სიტყვები რამდენჯერმე მქონდა მოსმენილი სხვადასხვა აქციაზე და წავიჩოჩე წინ, წამყვანისკენ, რომელიც ”კაკრაზ”, იმ დროს გამოვიდა სცენაზე ყველაზე არაპოლიტიკური პოლიტიკური არჩევნების ჩასატარებლად.

ყველა მრბოლელის წარმომადგენელი გამოვიდა სიტყვით, ”ასეთები ვართ, ისეთები ვართ”, ”ჩვენ ვართ, რაც ვართ” , ”მოგვეცით და მოგეცემათ” და მასეთები.. მერე ჟიურიც შეუდგა საკუთარ საქმეს და სახეთეთრადშეღებილი და თეთრხელთათმანიანი მსახიობ-მოცეკვავეებიც (რაღაც სახელს ეძახდნენ, მე არ ვიცი:-/ დარაზმეს დარბაზის ”გამოსაკითხად”. ჩემ მხარეს – (ძიძიგურის მოპირდაპირე, დარბაზის მარცხენა-შუა ნაწილში) არავინ არ მოსულა ფურცლის მოსაცემად , სამაგიეროდ, მარჯვენა განაპირას იყოჩაღეს და ძიძიგურიც მოგვევლინა დარბაზის სიმპათიად.

რაც შეეხება ჟიურის :
ყველაზე დამაჯერებელი – ”ნაციონალური მოძრაობა”. მიზეზი? – გასაკეთებელი მართლაც ბევრია.
ყველაზე საქმიანი – გოგი თოფაძე. ( ვაშაძეს რას ერჩოდნენ-საქმემან შენმან წარმოგაჩინოს -ნაკლებად საქმიანია? მაგრამ ის საქმით მოდის უკვე და ამან ჯერ უნდა გააკეთოს და მერე წარმოაჩინოს).

ყველაზე ემოციურები – ნიკა ივანიშვილი და ზვიად ძიძიგური:-/

ყველაზე ლაკონიური – ირაკლი ალასანიას – ”ჩვენ შევცვლით. გამიჩნდა კითხვა: და რატომ ძიძიგურისი – არა?. მაგრამ მერე მივხვდი – ალბათ, ბრძოლა დღეეეეეეეეეეეეეეეეეეეესვე” გრძელია.

ყველაზე კრეატიული – ქრისტიან-დემოკრატები. აი, ამაზე გავკვირდი კაი ხანს, ”დასაქმება და დაბალი ტარიფებში” რა კრეატივი და რა შემოქმედება დაინახეს მეთქი. ვიიფიქრე, ვიიფიქრე და მერეღა გამახსენდა, რომ ორგანიზატორებს ”ნაციონალ-დემოკრატების” (დღევანდელი საოცარი წამოცდენა) სლოგანი – გაზი 10 თეთრი, შუქი 5 თეთრი, წყალი უფასო ეგონათ ( მართალია, ვეფხვაძემ განუმარტათ-ეს ქვესლოგანიაო, მარა მაინც), ხოდა, აბა არ არის ეს კრეატიული? თუ ეგ არ არის, რამდენ კრეატიულს დაუდო საფუძველი?
ლუდი-10თეთრი, რაღაცა (არ მახსოვს რა) -5 თეთრი, ქალები უფასო. ან ერთი ძროხა-10 farmville coins , ერთი ქათამი-5 farmville coins, აგური უფასო! ასე რომ, არის, აბა როგორ.
საჩუქრები გასცეს ღვინო-კალამ-წიგნები და ერთმა, ”პიარ ჯგუფელმა” საკუთარი ხელით დამზადებული ”საროჭკის სამაგრები” მიართვა თოფაძეს :)

ძიძიგურმა გაცვლა აწარმოა-თავად ქინძმარაულის ”მარანი” მიიღო და ”კონსერვატორების” ერთი ბოთლი ( ესღა დამრჩაო) უძღვნა ორგანიზატორ-წამყვანს;)

ხო, ერთი რამ იყო- საინტერესო. ბოლოს, მოროშიკინამ საკუთარი წიგნები ამ სიტყვებით გასცა: დიდი სიამოვნებით გადავცემ “ალიანსს”, რადგან სწორედ მათ აქვთ დასახვეწი პიარ ტექნოლოგია და ჩემი წიგნი დაეხმარებათო:)

 

Tags: , , , , ,

გვეშველება რამე კი არადა , ვაიუშველებელი ილიაუნისთან

“ლიგამუსთან” აქცია რომ უნდა ყოფილიყო, ფეისბუქზე გავიგე. თუმცა, ”მაგნიტური დღე” მქონდა და ესეც, ისევე როგორც ბევრი რამ, რაღაცნაირად ამომვარდა მეხსიერებიდან. მხოლოდ ”განათლების ადმინისტრირების” პრეზენტაციიდან გამოსულმა დავამარცხე ”ამნეზია” და თვალი შევავლე ფეისბუქელებს..

რადგან ერთი საათი დრო მქონდა ლექციამდე და სამსახურში მისვლასაც აზრი აღარ ჰქონდა, გადავწყვიტე დავრჩენილიყავი. თავიდან ჩვეულებრივ, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე – ჩანდა რამდენიმე ბანერი – ”არა ფაშიზმს” და ”ჩვენ ვიცავთ გამოხატვის თავისუფლებას” – შინაარსით. ისმოდა ფრაზები, რომ ”ვისაც რის პრეზენტაციასაც უნდა იმას გამართავს”, და ასე შემდეგ. აი, მალე კი…

ჯერ მოვიდა რამდენიმე ტიპი, რომლებიც ილიაუნის სტუდენტებს უწოდებდნენ თავს და გააპროტესტეს ის, რომ მათ გააპროტესტეს მათი პროტესტი… მმკ – მაც სუნზე მოაგნო და ეს სამგზის პროტესტი ძალიან უხეშ ფორმებში გადაიზარდა. რამდენიმე ადამიანზე ხელითაც გაიწიეს, მაგალითად, ბექა მინდიაშვილი, ვასო გაბუნია. კიდევ ერთი ბიჭს, რომლის სახელ-გვარი არ ვიცი, მაგრამ თუთბერიძის პრესკონფერენციაზე მინახავს – გზაზე გაეკიდა ქერაწვერიან-გაყინულცისფერთვალება მმკ-ელი, რომელიც ასევე თუთბერიძის პრესკონფერენციაზე მინახავს..

სიტყვიერი შეურაცხყოფა ( მერე სადღაც წავიკითხე, რომ ფიზიკურიც და ეს, არ ვიცი) მიაყენეს სიკო ჯანაშიას. ორი მართლმადი – დებლი დასდევდა – წადი ამ ქვეყნიდან, შვილებს გამირყვნიო. ესეთი ხარ, ისეთი ხარო.
ნუ რადგან, უკვე ყველგან ყველაფერი დაიწერა. მე მხოლოდ ჩემთვის დასამახსოვრებელ რამდენიმე დეტალს დავამატებ:

1) შავგვრემანი, ხშირგადაბმულწარბებიანი ბიჭი გვერდით მდგომს ყვირილით უხსნის: აი, ისინი არიან, თუბერიძე და პატრიარქი, ვიდეო, მამაბუასილი..
- ესენი არიააან? ვაააჰ, ჩემიიიი.. წააამო, ბიჯოუ, წამოოო… ( მირბიან აქციის შუაგულისკენ..) – მოვკლავ ამათ. ამათ დედას მოვ… ავ ჩემიიიი…

2) მმკ ”მასონებს” დაერია. გზაზე დარბიან, მოვკლავ დედას, მოვკლავ მამას, თუ ”იეღოვა” მიბრძანებს ამას” პრინციპით, ”შეამჩნია რა” , რომ ”მდგომარეობა სტაბილიზაციას არ ექვემდებარებოდა”, პატრული ბიძიამ , ( რომელიც აქამდე ძალიან მიყვარდა) დაიწყო ვითომდა გაშველება. დავთვალე ექვსი შემთხვევა, როდესაც იმ შემთხვევაში თუ ”მასონს” ცემდნენ – არავითარი რეაგირება, თუ ”მასონი” ცემდა – სასწრაფოდ გაშველება.

3) იგივენი – პატრული ბიძიას ყელზე კაი მოზრდილი ნაფხაჭნი აქვს , მმკ-ელი ( ოხ, იმის სახელი არ უნდა ვიცოდე?:-/ ხელს უქნევს ყბაში , ამხანაგი პატრული ალერსიანად უღიმის და მხარზე ხელს უთათუნებს. მმკ-ელი შეჰვედრის : შენც ხო მართლმადიდებელი ხარ?
- აბა ვინ ვარ – (შეურაცხყოფილი პატრულის სახე).
- მერე, მოდი რა მოგვეხმარე, სულ ეს ფორმა ხომ არ გექნება.
- ნუ გეშინია, ყველაფერი მესმის…

4) ილიას უნივერსიტეტის ”პროტესტანტი” სტუდენტი დეისაძის წიგნის შინაარსზე :
რეები დაწერა, ამის დედა მოვ… ან, როგორ შეიძლებოდა, დედაზე ეს როგორ დაწერა, მე მხოლოდ ამონარიდები მაქვს წაკითხული, მაგრამ ეს როგორ დაწერა, მრცხვენია ამის გამეორება ჩემი დედას შე . . ცი. ( თუ ვინმე განიმარტავს განსხვავებას ნაგულისხმევ ამონარიდებსა და ამ ფრაზას შორის, დავუმადლი).

5) მმკ და ”მასონები” ერთმანეთს ურტყამენ. გოგო ( ბლოკნოტი უჭირავს და რაღაცას იწერს) და ბიჭი ( სამოყვარულო კამერით იღებს აქცოას) ბორდიულისკენ მიდიან. რა ვქნათ? ( გოგო), ”წამოდი რა, არ გკიდია?” – ( ბიჭი).

6) პროტესტის პროტესტის ერთერთი გამპროტესტებელი რეკავს ტელეფონზე – ჰომოსექსუალისტების აქციაა, მოდით ბიჭო, დედა უნდა მოვ—ათ, სხვა რა შეგვიძლია. ტელეფონს თიშავს და გვერდით მდგომს ეუბნება – აუ, თუთბერიძე რატომ არ არის? სიამოვნებით დავლევდი მის სისხლს. მოვკლავ, მოვკლავ..

7) ერთი ბლოკნოტიან-კალმიანი გოგოს და ერთი ბლოკნოტიან-კალმიანი ბიჭის საუბარი:
გოგო – რაღაცების გარკვევა მინდა.
ბიჭი – მაინც რეების?
გოგო – იმის, რომ რამდენსაც არ ვკითხე არ არიან ილიას სტუდეენტები.
ბიჭი – როგორ არ არიან, მე ვცნობ.
გოგო – მე აქ ვსწავლობ რააა და სახეზე მაინც ვცნობ ხალხს. არ არიან ესენი ჭავჭავაძის სტუდენტები და რატომ მართავენ ჩემს უნივერსიტეტთან აქციას, არ მესმის.
ბიჭი – რომელ კურსზე ხარ?
გოგო – მეოთხეზე.
ბიჭი – გეტყობა, იშვიათად დადიხარ და ვერ ცნობ ხალხს.
გოგო – ბოდიში მოიხადე, სტიპენდია მაქვს, ისე კარგად ვსწავლობ.

როგორც მარიკა იტყოდა – გავზქურეთ რა…

 

Tags: , , , , ,

“ვირტუალური ომის” მეორე დღე ანუ აქცია ვარდების მოედანზე

ეს რეპორტაჟი დაიბეჭდა გაზეთ  “24 საათში” აქ ვდებ იმავე სახით + ანუკი ჯაფარიძის (“24 საათის” ფოტოგრაფი) გადაღებული ფოტოები

ტელეკომპანია “იმედის” მიმართ პროტესტის გამოსაცხადებლად გუშინ  “ვარდების მოედანზე”, დაახლოებით, სამასი ადამიანი შეიკრიბა.

აქცია 16:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მონაწილეებმა სასტუმრო “რედისონთან” შეგროვება ნახევარი საათით ადრე დაიწყეს.

ქოლგიანი ქალები, ჭაღარა მოხუცები, კოსტიუმებში გამოწყობილი მამაკაცები, ბავშვიანი რამდენიმე წყვილი, ახალგაზრდები – პატარ-პატარა ჯგუფებად დაყოფილი აქციის მონაწილეები “ქრონიკის” 13 მარტის იმიტირებულ გამოშვებაზე თავიანთ შთაბეჭდილებებს ჰყვებოდნენ და დრო ამით გაჰყავდათ.

“ტყვიების წუილი რომ გაისმა, მაგ დროს ჩავრთე ტელევიზორი და დედაჩემმაც სწორედ მაშინ დამირეკა ქუთაისიდან. გადარეული იყო,” – ეუბნება 25 წლამდე გოგო წინ მდგომ ბიჭს, მცირე ზომის პლაკატს, რომელზეც გადახაზული “იმედის” ლოგოა გამოსახული, ჩანთაში დებს, სიგარეტს უკიდებს და აბოლებს.

“რა გაგვიკეთეს! რა მნიშვნელობა აქვს, რუსები მოგვკლავდნენ თუ ნერვიულობით დავიხოცებოდით. “იმედი” იმას მოესწრო, რომ ხალხი მის დასაცავად კი არ გამოდის, მის დახურვას ითხოვს,” – ხელჯოხიანი და თეთრთავსაფრიანი ქალი თავის გულისტკივილს გვერდით მდგომებს უზიარებს.

მსგავსი ისტორია ყველას აქვს მოსაყოლი, განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ თითოეულს საკუთარი ამბავი აქვს.

თუმცა, მიუხედავად ერთი მიზნისა, აქციის მონაწილეები მაინც ორ მხარედ გაიყვნენ. ზოგს არ სჯერა, რომ იმედმა” სიუჟეტი მთავრობასთან შეუთანხმებლად გაუშვა.

“იმედმა” აჩვენა ის, რასაც სააკაშვილი ნამდვილად აპირებს – არჩევნების გაყალბებას და მოქალაქეების შეშინებას. ტელევიზია ამას სააკაშვილთან შეუთანხმებლად არ გააკეთებდა. ჩვენ ორი დიდი მტერი გვყავს – რუსეთი და სააკაშვილის ელიტა,” – უთხრა “24 საათს” გიგა ბოლოთაძემ.

თუმცა, მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ ტელეკომპანიას და მის ჟურნალისტებს ეკისრებათ.

“გიორგი არველაძემ და “სპეციალური რეპორტაჟის” გუნდმა, წამყვანის თამადობით, ყველანაირ ეთიკის კოდექსს გადაუარეს, მოსახლეობაში პანიკა დათესეს, ქართველი ჯარი მოღალატედ გამოიყვანეს, პრეზიდენტიც კი მოკლეს. ეს ყველანაირ საზღვრებს სცდება. “იმედი” უნდა დაიხუროს ” – ამბობს მერი ლადარია.

აქცია დაჩი ცაგურიამ გახსნა. მისი თქმით, ეს “იმედთან” 13 მარტს დაწყებული პროტესტის გაგრძელებაა.

“გუშინდელი აქცია სპონტანური იყო, უცაბედი. მალევე დავასრულეთ და დღეისთვის დავგეგმეთ შეკრება, ეს არის მოქალაქეების მიერ მოწყობილი აქცია ყოველგვარი პარტიული რესურსების გარეშე. დიდი ხანია, ხელისუფლება ცდილობს ჩვენი ტვინების გამორეცხვას, გუშინდელი სიუჟეტი კი მოსახლეობის სრული ტერორი იყო,” – განაცხადა ცაგურიამ.

იმის გამო, რომ აქციის ორგანიზატორებს ტრიბუნა არ ჰქონდათ და მონაწილეებს მხოლოდ ორი მეგაფონით აწვდიდნენ ხმას, არცთუ იშვიათად უხდებოდათ ერთი და იმავეს რამდენჯერმე გამეორება. აქციაზე მისულ ადამიანებს ხელი არც ამინდმა შეუწყო. წვიმამ და სიცივემ მონაწილეების უკმაყოფილება გამოიწვია. “ამინდიც დაუკვეთა იმ გარეწარმა სააკაშვილმა”, “ბუნებასაც აკონტროლებენ” – მსგავსი შეძახილები არაერთხელ გაისმა რესპუბლიკის მოედანზე.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა “ქალთა პარტიის” ლიდერი გუგული მაღრაძეც. მან “იმედის” გადაცემა გენოციდად შეაფასა.

“ეს იყო მთელი ქართული საზოგადოების ფსიქოლოგიური და მორალური გენოციდი. მათ ქართველ ხალხს ომი კიდევ ერთხელ დაანახეს. ეს სიტუაცია მანამდე არ დამთავრდება, სანამ საზოგადოებისგან არ შეიქმნება კრიტიკული მასა. ჩვენ ყოველგვარი რუსული ჯარების გარეშე შევძლებთ ამ ხელისუფლების გაშვებას. ამიტომ, არც ერთი ხმა არც ერთ არჩევნებში ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს,” – მიმართა ხალხს მაღრაძემ.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მერაბ პატარაიამ კი ჟურნალისტებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სთხოვა.

“გამოაცხადეთ ჟურნალისტებმა საგანგებო მდგომარეობა, თქვენ გამოაცხადეთ. ხომ ხართ ღირსეული ჟურნალისტები, ცოტანი მაინც ხომ ხართ, ამ ბევრ უღირს ადამიანს შეეწინააღმდეგეთ,” – მოუწოდა პატარაიამ აქციის მონაწილეებს და იკითხა, თუ იყო მისული ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტი აქციის გასაშუქებლად. რასაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პასუხად შეაგება – “სამართლიანად ისვენებენ, კვირა დღეაო”.

აქციაზე ტელეკომპანია “კავკასიის” დამფუძნებელი დავით აქუბარდია და არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძეც იმყოფებოდნენ.

როგორც კაკაბაძემ განაცხადა, “იმედის” სიუჟეტის გამო სასამართლოში სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელს აუცილებლად შეიტანენ.

გუშინდელი აქცია ერთ საათში დასრულდა. ორგანიზატორები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენ. ცაგურიას განცხადებით, ისინი “მოდელირებული ქრონიკის” გამო დიპლომატიური კორპუსისადმი და ქართული ჯარისადმი სპეციალურ მიმართვას შეიმუშავებენ. მომიტინგეთა შეფასებით, ხელისუფლებამ ეს ორი ინსტიტუტი “იმედის” სიუჟეტით უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.

დღის 17:00 საათზე ვარდების მოედანზე მომიტინგეთა მცირე ჯგუფი დარჩა. ისინი ხალხის სიმცირის გამო აღშფოთებას გამოხატავდნენ.

“ხალხი არ არის, არ მოვიდა, მეტის ღირსები ვართ, მართლა უნდა ჩამოეგდოთ ბომბი და მერე ნახავდნენ, – გაალმასებული ეუბნება 40-მდე წლის ქალი გვერდით მდგომს, შემდეგ სათვალეს იხსნის, მინას წმენდს და ხმადაბლა ამბობს, – ისე, სააკაშვილის სიკვდილი რომ გამოაცხადეს, საშინლად იმოქმედა. რაღაც ადამიანური გამოიწვია “.

დაჩი ცაგურიამ აქციაზე აღნიშნა, რომ გაუგებრობის გამო ხალხის გარკვეული ნაწილი “იმედის” შენობასთან მივიდა, თუმცა გუშინ საღამოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტელეკომპანიასთან აქცია არ გამართულა.

 

რა იმედი – რა რეალ ტვ..

ბოლო პერიოდი პირწიგნაკში ძალიან გულმოდგინე კრიტიკა მიდიოდა ტელეკომპანია რეალ ტვ – ს მიმართ. ზოოპარკზე, კომახიძეზე, რაღაც ნათელმხილველებზე და ა.შ გაკეთებული სიუჟეტების გამო. ლაპარაკი არ არის, რომ ეს ტელევიზია ანტიჟურნალისტიკის მამაა, მაგრამ მე დღეს გავაცნობიერე, რომ ანტიჟურნალისტიკის დედა – იმედი ყოფილა… ( ვეთანხმები ბევრის პოზიციას, რომ ვიღაც-ვიღაცებს ე.წ გალაწუნება სჭირდებოდათ, მაგრამ…)

რამდენიმე შეკითხვა მაქვს, როგორც ჟურნალისტს, როგორც ადამიანს, როგორც იმ ადამიანების მეზობელს, რომლებსაც ამ სიუჟეტის გამო ჯერ კიდევ ასულიერებენ, როგორც მოქალაქეს, როგორც არ ვიცი, რას აღარ…

1) ძალიან ძნელი იქნებოდა, რომ მიეთითებინათ ერთი უბრალო სუბტიტრით – რომ ეს არის „ხუმრობა“??
2) არ იფიქრეს – რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ასეთ ხუმრობას?

მარტო ჩემს სანაცნობოში – ინფარქტმიღებული მეზობლები, გულწასული ადამიანები.. + 033 – ზე გადატვირთული ხაზები.. წუთებში დახურული მაღაზიები.. პაანიკა გორში.. ჩამოთვლასაც კი აღარ აქვს აზრი. ტელეკომპანია ”იმედის” “მოდელირებულმა ქრონიკამ” უამრავ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა შეუქმნა.
“ინტერპრესნიუსი” თბილისის სასწრაფო დახმარების სადგურზე (033) დაყრდნობით იტყობინება, რომ სასწრაფო დახმარების სადგური თითქმის საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რადგან რეკორდულად იმატა გამოძახებების რიცხვმა. იმატა გამოძახებებმა, რადგან ბავშვებს დაემართათ კრუნჩხვა, არის ინფარქტებისა და გონების დაკარგვის მრავალი შემთხვევა“.

ნუთუ იმედის არც ერთ ჟურნალისტს არ გაუჩნდა პროტესტის გრძნობა? ( ეკა წამალაშვილისგან და ნათია კობერიძისგან განსაკუთრებით მეწყინა). ნუთუ არ უფიქრიათ რას იგრძნობდნენ ის ადამიანები, ვისაც ჯარში ჰყავს ახლობლები?
პრინციპში, მთავარია დაპირება – მეტს არ გავიმეორებთო:-))

კიდევ ერთი, აქ რამდენიმე პირწიგნაკელმა – ხო თქვეს, რომ დადგმული იყოვო – ნუთუ აქსიომა ჰგონია ვინმეს, რომ “სპეციალურ რეპორტაჟს” მთელი საქართველო, მთელი თბილისი ან თუნდაც რომელიმე უბანი უყურებს??

p.s მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, მუხლი 13, პუნქტი 5:

“აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში დადგმებისა და ინსცენირების გამოყენებისგან, ან ნათლად უნდა განმარტოს, რომ ეს არის დადგმა ან ინსცენირება. დოკუმენტური ან რეალური ფაქტები.

 

Facebook – club შენ გელოდება!!!

ორი კვირის წინ ჩემი ფეისბუქის ანგარიში ერთი წლის გახდა. ნუ, გახდა, გახდა, ახლა რატომ ვწერ. იმიტომ, რომ არის რეალური შანსი – გაკეთდეს facebook Club. იმასაც ვიტყვი, რომ  ეს იდეა ეკუთვნის  პირწიგნაკელ გურამ შამანიდს (როგორც დღეს გავიგე – მანამდე თეა მიქაიას).

როცა გურამ შამანიდს ტელეფონზე ველაპარაკე, მითხრა, რომ მისმა მეგობარმა ბიზნესმენმა სრულიად უფასოდ, უსასყიდლოდ დაუთმო თავისი რესტორნის მეორე სართული ამ საქმის ანუ ფეისბუქ კლუბის გასაკეთებლად.

ფართი არის. მაგიდა – სკამები არის. ინერნეტი არის.. ახლა დარჩა  იდეები – რას და როგორ გავაკეთებთ,  როგორ ჩამოვაყალიბებთ ამ კლუბს.

ეს კლუბი იქნება ფეიბსუქელების შეხვედრების, დისკუსიების მოწყობის ადგილი. როგორც ბატონმა გურამმა თქვა – მიდი და თუ გინდა წიგნი წაიკითხე. სრული თავისუფლება გაქვს.  წიგნის წასაკითხად იქ მისვლის რა ვთქვა (თუმცა, რატომაც არა), მაგრამ პირწიგნაკელთა გაცნობის იდეა კი ძალიან მომწონს. გასული ერთი წლის მანძილზე ფაცებოოკ – მა ბევრ ადამიანთან დამამეგობრა ვირტუალურად, ბევრ ისეთთანაც, რომელსაც რეალში ვიცნობდი, მაგრამ თურმე არ ვიცნობდი:))

facebook -ის წყალობით  ბევრ ადამიანთან ურთიერთობის სიხარული ვიგემე. ჩემზე შეიძლება ითქვას, რომ მართლაც აქტიური ფეისბუქელი ვარ. დღე-ღამეში 16 საათს მაინც ქსელში ვატარებ. ცხადია, ამდენ ხანს კომპთან ვერ ვხვდები, მაგრამ ტელეფონით მაინც სულ ფეისბუქში ვარ.

facebook – მა გამიჩინა ძალიან ბევრი კონტაქტი როგორც ჟურნალისტს, მაგრამ უფრო მეტი მეგობარი:-)

მე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება ნანა ზარდიაშვილის წამობრივად განახლებადი, დოდკას, თაზოს , გიო ფუტკარაძის  ლაივ -  სტატუსების,  ნინო ჯორბენაძის “გულიანი”, გურამ შამანიდის “თავისებური”,  კობა უსტ  - ის “თბილი”,  ნოდარ ლადარიას “ღიმილიანი” , სოფო მაისურაძის “ტელ. ნომრის მაძიებელი” კომენტარების,  თათა ხვედელიძის და დალი კუპრავას ლინკების, ჯიმშერ რეხვიაშვილის ნოუტების, ილიაუნის და ვასილ კობახიძის წერილების და საერთოდაც ჩემი 1094 friend –  გარეშე:-)

უკვე იმასაც მივეჩვიე, დღის მანძილზე მინიმუმ 30 – მა იუზერმა რომ უნდა მთხოვოს ჩატში – ნაჯახი, აგური, ფიცარი თუ ზოდი.

ერთი დიდი, უზარმაზარი ოჯახი მგონია, თავისი პრობლემებით და სიხარულებით.  მე მიყვარს პირწიგნაკელები:-)

ჰო, ნანა ზარდიაშვილმა და გურამ შამანიდმა შექმნეს ფეისბუქზე გვერდი - და ხუთშაბათს იგეგმება შეხვედრა “საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად”.

“მისამართი, გოთუას, 3, (”ბაქტერიოფაგის” ოდნავ ქვემოთ), რესტორან ”ქიმერიონის” მეორე სართული).

11 მარტის 16 საათზე მივბრძანდებით   იდეებით დატვირთულნი ზემოთაღნიშნულ მისამართზე იმისთვის, რომ გადავწყვიტოთ, რას და როგორ ვაპირებთ ” – დანარჩენი გვერდზე ნახეთ:-)

 

“რას გვიშვება ეს სააკაშვილი, ამისთვის ვიდექით იქ???

ორი დღის წინ რაღაც გაფუჭდა და რედაქციაშიც წავიდა შუქი. ქსელში მასალის ჩაგდება ვერ მოვასწარით და მე და ლალისაც მოგვიწია დენის ლოდინმა. იმ ღამეს მივხვდი უფრო აშკარად – რა კარგია შუქი, რა კარგია “ცივილიზაცია”.  გამახსენდა “ის წლები” – შუქი მთელი დღე-ღამე მხოლოდ ახალი წლის ღამეს რომ იყო ხოლმე.

რა უნდა გვექნა. 9 – ის ნახევრიდან ღამის 1 საათამდე ერთმანეთს ვუყურებდით. ცისა და მიწისაც რომ მოვყევით, სტუდენტ- ლექტორებიც რო “გავჭორეთ”, ცხელი თონის პურიც რომ მივირთვით და ნავახშმევს ძილიც რო მოგვინდა, პოეზიის საღამო მოვაწყვეთ.

” აღარ გათენდები, ღამევ საზიზღარო, ღამევ მუქო,

როგორ გელოდები, მოდი, მოდი, მოდი შუქო”.

( თან ასე ზეპირად მე ვერ ვიგონებდი, ტელეფონში ვიწერდი და ისე ვცოდვილობდი:)

“მოვა შუქი? ერთმანეთს ვეკითხებით უღონოდ,

მოვა შუქი? მდუმარებს რედაქციის კედლები,

მე და ლალი შევყურებთ ბნელ ოთახში ერთმანეთს,

ენერგეტიკის მინისტრს უხმოდღა ვევედრებით.”. ( რა უნდოდა გილაურს პრემიერ მინისტრად, სანამ ენერგეტიკაში იყო, ხო გვქონდა შუქი თქო:-)

“შუაღამე გადავიდა, კვლავ არ არის სინათლე,

რას გვიშვება ეს მთავრობა, ქე ყოფილა სიმართლე”.

(იმედია, პირდაპირი მნიშვნელობით არავინ გაიგებს. ეს იმ მხრივ – “აბანოში წყალი რომ არ არის და ესეც სააკაშვილის ბრალიაო”).

“სამზარეულო ბნელი და ცივია, ოთახში შემოდის მალიმალ ქირია.

როგორ ხართ ბაჭიებო – ღიმილი თბილია. ისევ ის გვიშველის, ის გმირთაგმირია”. (“ქირია” ჩვენი “კომპიუტერშჩიკია”.  ძალიან კარგი და გადასარევი კაცი:)

24 საათში ვპოვე მე სააკუთარი ნიშა,

გვერდით ოთახში ბუხუნებს აბაიშვილი მიშა”. –  სპორტული ჟურნალისტი. ძალიან ზრდილობიანი დაა საყვარელი ტიპი:) ხანდახან შემოგვივლიდა ხოლმე ნიუსრუმში. “თოთაძე არ მოსულაო” – და გავიდოდა:)

“სულ გევედრებოდი, მოდი, სანამ გელი, ახლა კი სინათლე გამიხდა სანატრელი”.

“მალე გათენდება და ზეცა ინათებს, აინთე, აინთე, აინთე სინათლევ”. (რა თქმა უნდა, გათენებამდე არ ვყოფილვართ – უბრალოდ “რითმა”:)).

მერე მიგვეძინასავით და უცებ მესმის ლალის ხმა : “მძინარეს ჩამომვარდა უღონოდ მკლავი, მოხერხებულია ნოდარის სკამი?”ნოდარის სკამზე მე ვიჯექი:)))

“გვიმუხთლა ბედმა თუ განგებამ ვერაგმა, წავიდა სინათლე – ნუთუ არ კმარა, მთელი საღამოს ოცნებად ერთი გვაქვს, ელექტროენერგია ჩაგვირთეთ ჩქარა“.

და ბოლოს ლალის დედამ ნერვიულობით ტელეფონი რომ “აუფეთქა” - “მშია, მცივა, მეძინება – უკვე აღარ მეცინებაო”.

ისე, კარგი იყო მაინც:-) სულ მაინტერესებდა, ამ დრომდე როგორ ჩერდებიან ჟურნალისტები გაზეთში მეთქი. ჩვენ 8-9 საათზე ვამთავრებთ და იქ მერე იწყება “სიცოცხლე”.

 

გენდერი და მედია

მოკლედ, დღეს ტრენინგზე ვიყავი (ჩემი პირველი ტრენინგია – მომილოცეთ:))) – ”გაეროს მოსახლეობის ფონდი” აწყობს ორდღიან ტრენინგს ”პროფესიონალი ჟურნალისტებისთვის” სასტუმრო  ”რედისონში”:)) ნუ, ახლა ჩემი პროფესიონალიზმი რა ხარისხისაა, არ ვიცი, მაგრამ ”თხა თხაზე ნაკლებიო” თუ რაღაც:)) თამუნა ნასყიდაშვილმა (”24საათის”  სარეკლამო სამსახურში, მარკეტინგში თუ რაღაც მაგდაგვარშია, საიტზეც ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირია) დამირეკა ამასწინ და როგორც ”სოციალურ თემებზე მომუშავე” – მინდა, რომ შენც ”დატრენინგდეო”:)

ხოდა, მივედი დღეს. მოკლედ,  ძალიან მომეწონა;)) ბევრი რამ გავიგე გენდერის შესახებ, თან ძალიან სახალისო მაგალითები და დავალებები გვქონდა. ე.წ ”ბრეისტორმინგს” რომ ეძახიან (თუ არასწორად გამოვთქვი, სორრი, უცხო ტერმინებზე რატომრაც აცრილი ვარ:)  მასეთებს ვაკეთებდით ჯგუფებში, ბევრი ვიკამათეთ, რაღაცებზე ვჯერდებოდით, რაღაცებზე ვერა:) რაღაც ტექსტებიც დავწერეთ. ნუ, რვა საათი ძალიან მალე და სახალისოდ გავიდა. ერთ-ერთი ბოლო დავალება იყო ძალიან საინტერესო. მოცემული იყო პირობა და ჩვენ უნდა დაგვეწერა იმ ლიდის მიხედვით რაღაც ამბავი, ოღონდ ჩვენს ჯგუფს ეს ძალიან სექსისტურად უნდა დაგვეწერა, სხვას პირიქით. კარგი რამ გამოვიდა – ”ოჯახის ქალი ქუჩაში”;)  ნუ, პირობაც მაგარი იყო: ”20ქალმა მიტინგი გამართა მოთხოვნით – დიასახლისობაში ხელფასი გადაგვიხადეთ” და ამაზე სექსისტური ნიუსი როგორი გამოვიდოდა, კაი წარმოსადგენია:))  ყველანაირი სტერეოტიპი გავიხსენეთ და ა.შ:))

მოკლედ, გენდერულ საკითხებთან არასდროს არ მქონია შეხება და დღეს ბევრი რამ გავიგე. ბევრი მაგალითი ჩამოვყარეთ. ერთი მომეწონა:  სადღაც ისეთი კანონი ყოფილა, გაუპატიურებაზე სარჩელი რომ შეგაქვს, თუ ექვსი მოწმე არ მიიყვანე, არ გცნობენ დაზარალებულად, ასე რომ თუ მაინცდამაინც მიტინგზე არ გაგაუპატიურეს, მოძალადეებს უგულავიათ რაა..

სტერეოტიპებზე ვიმსჯელეთ, რაც გენდერულ უთანასწორობას და ძალადობასაც (თუნდაც ფსიქოლოგიურს ) წარმოშობს. ოჯახური ძალადობა განვიხილეთ.

ორდღიანი ტრენინგია და ხვალაც იქნება, ხოდა მოუთმენლად ველი გათენებას:) თან ხვალ უფრო საინტერესო დავალებებია, უფრო ჟურნალისტური – ქუჩის გამოკითხვები უნდა ჩავატაროთ და რაღაცებიც დავწეროთ. 6-ის ნახევარზე კი რაღაც ოფიციალური მიღებაა ჟურნალისტებისთვის.  (16დღიანი კამპანია იწყება ამ  გენდერული ძალადობის წინააღმდეგ და..)..

ასე, რომ ხვალინდელი რვა საათიც ძალიან საინტერესოდ მესახება:)

 

Tags: , , , , ,

დილა მშვიდობისა, ირანო!!!

დღეს დილით (უფრო ზუსტად შუადღეს) გავიღვიძე და კომპს მივუჯექი თუ არა, რამდენიმე ფეისბუქელის დადებული ლინკი ვნახე შსს-ს და იუსტიციის სამინისტროს საიტისა.

შინაგან საქმეთა სამინისტოს განცხადება 01 ნოემბერი

”2009უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის შეურაცხმყოფელი და უხამსი ვიდეორგოლების დამზადებისა და ინტერნეტით გავრცელების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასწარი გამოძიება დაიწყო.გამოძიებამ დაადგინა, ორი პირი, რომლებმაც ვიდეორგოლების დამზადებასა და განთავსებაში მიიღეს მონაწილეობა. გამოძიება არ ასახელებს ამ პირების ვინაობას. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ერთი მათგანი თბილისის საშუალო სკოლის მოსწავლეა, მეორე კი სტუდენტი. ამოღებულია ფაქტობრივი მტკიცებულებები-ვიდეოფაილები და კომპიუტერები. ამ საქმესთან დაკავშირებით დამატებითი გარემოებების დასადგენად დაიკითხა თეა თუთბერიძეც. ამ ეტაპზე გამოძიება სხვა დეტალებს არ ახმაურებს”.

რაც თუთბერიძემ ის ვიდეოები გაავრცელა ფეისბუქით, სულ მინდოდა პოსტის დაწერა და სულ ვიკავებდი თავს რაღაც მიზეზებით, ფბ-ზე კი ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა ”ჯახი” – სულ ამბობდნენ, რომ – ”სხვისი გამოხატვის თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც ჩემი უფლება ირღვევა”..

მე კი სულ არ მესმოდა, რას უწოდებდნენ ეს ადამიანები საკუთარი უფლების დარღვევას. უმეტესობა, ვისაც ვეკამათებოდი, არიან ჟურნალისტები, რომელთაც უნდა ესწავლათ ”გამოხატვის თავისუფლება”, ნუთუ არ გაუგიათ, რომ:

“გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ არსებით საფუძველს, მისი პროგრესისა და თითოეული ადამიანის განვითარების ერთ-ერთ ძირითად პირობას. იგი მოიცავს არა მარტო იმ “ინფორმაციასა” და “მოსაზრებებს”, რომლებსაც ბევრი იზიარებს, ან გულგრილად ეკიდება, არამედ იმათაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, თავზარდამცემი ან შემაშფოთებელია სახელმწიფოს ან მოსახლეობის ნაწილისათვის. ამგვარია მოთხოვნები პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და ფართო თვალთახედვისა, რომელთა გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა”.

და ამის მერე რა ხდება, შსს აპირებს (დაიწყო) ამ საქმის გამოძიებას, ”შეურაცხმყოფელი” ვიდეოების გამავრცელებლების დასჯას (ნეტა კოცონზე დაწვავენ , ჯვარზე გააკრავენ, ჩაქოლავენ თუ რას მოიფიქრებენ?), პოლიციის ძალით პატრიარქის და ”მთელი ქართველი ერის” ღირსების აღდგენას.

ხალხო, ქართველებო!!! აღარ დაამზადოთ საკუთარი შეხედულებისამებვრ არანაირი კლიპი, არაფერი ატვირთოთ იუტუბზე (ან საერთოდაც, ეგებ გათიშონ საერთოდ ეს საიტი – უცხოურია მაინც), ვიდრე რამეს იტყვით, დაფიქრდით, იქნებ ეს ”მთელ ქართველ ერს” შეურაცხყოფთ – აქ ხომ ყველა ყველას ნათესავია და შეურაცხყოფაში ითვლება არანათესაური კავშირის მქონე ადამიანზე (აქ მიპასუხებენ – გააჩნია ადამიანსო ) კლიპების გავრცელება. (თორემ მეც დამიჭერენ, თქვენც დაგიჭერენ და ტრიფონსაც დაიჭერენ. მაგრამ მარტო ეს არაა – ჯოჯოხეთის წილხვედრები გავხდებით.).

არადა, გამიგია სიტყვის თავისუფლება ხელშეუხებელია და გადახვევა მარტო საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს შეიძლებაო. (ეს ”ვითარებები” როგორც ვიცი ჯერ არავის გამოუცხადებია ჯერ…

ხო, აი , თეა თუთბერიძის გავრცელებული ინფოც  ფბ-ზე:

“მამა ბუასილი” დაკითხეს!!! სულ გაგიჟდნენ?! ?! ?!Today at 3:30am

გაწვდით ჯერ-ჯერობით დაუზუსტებელ ინფორმაციას. როგორც ჩემთვის ხდება ცნობილი, მგონი პოლიციამ დაკითხვაზე წაიყვანა ორი ახალგაზრდა, რომლებიც ასევე მამა ბუასილის სახელით არიან სადღაც დარეგისტრირებულები. ირკვევა, რომ მათ ჩამოართვეს კომპიუტერი და ციფრული აპარატი, ესაუბრნენ უხეშად, დააშინეს და უთხრეს, რომ მათ ემუქრებათ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, რაც სასაცილოა და აბსურდია. აბსოლუტურად გაუგებარი და გამაოგნებელია პოლიციის ეს ნაბიჯი. გაუგებარია ასევე, თუ რატომ მოძებნეს ეს ადამიანები ან რაში სჭირდებოდათ მათი დაკითხვა, როცა, პირველი, არც ერთი მათგანი არ არის რეალურად ე.წ. მამა ბუასილი და მეორე, რა შუაშია ე.წ. მამა ბუასილის დაკითხვა იმ მუქარის წერილებთან, რომლებიც facebook-ის ჩემს Inbox-ში იგზავნება.

 

მართლაც და, თეა თუთბერიძისადმი მიძღვნილ შეურაცხყოფას არ უნდა გამოძიება? თუ მას ”თავისი მიეზღო”?

დღეს დოდი კარგად მოგვესალმა ფბ-ზე:

დილა მშვიდობისა, ირანო!!!

 

 

Tags: , , , , , ,

ფიქრი ფიქრზე ანუ რა იქნება გაისად

ახლა მარის ბლოგზე წავიკითხე მისი მაგისტრატურის ამბები და ისევ შემომაწვა ის ფიქრები, რაც მაქვს ხოლმე:) კერძოდ, რა უნდა ვქნა გაისად:) დავფიქრდი და თითქოს ბევრი რამ მაინტერესებს, მაგრამ მაინცდამაინც არც არაფერი. ერთ პროგრამაზე, სადაც ჟურნალისტიკის გარდა შევიტან , ”განათლების ადმინისტრირებაა”, მაგრამ ამისიც სახელი მომწონს და უბრალოდ, განათლების სფერო ასე თუ ისე, მაინტერესებს. მაგრამ არ ვიცი,  იქ რა უნდა გავაკეთო. რომ დავამთავრებ, მერე რა უნდა ვქნა.  საერთოდ ვინ გამოვალ, რა პერსპექტივა მაქვს, ალბათ  ის, რომ რაღაცას ვისწავლი ადმინისტრირებაზე . ამასწინ სიკო ჯანაშიას ველაპარაკე და მან თქვა – რატომ არ მოდიან განათლების მეცნიერებებზე, იმიტომ რომ ხელფასი არის 200ლარიო. თან პედაგოგის და მასეთის ”ნიჭიც” არ გამაჩნია, რომელი განათლების დამგეგმარებელი კიდევ მე გამოვალ. თელავში სემინარზე ერთმა ჟურნალისტმა მკითხა – რა, დირექტორობა გინდაო?  ჩემი აზრით, განათლების ადმინისტრირება  მაინცდამაინც დირექტორობას არ გულისხმობს და სკოლაში ყოფნაზე კიდე არასოდეს მიფიქრია..

მე მინდა მხოლოდ ჟურნალისტიკა , არაფერი სხვა. ვერ წარმომოდგენია, რომ შეიძლება სადმე სხვაგან ვიმუშაო, სადმე სხვაგან ვიყო.. ვერ წარმომიოგდენია და რა ვქნა, არადა ბაზარი არის დიდი, ადგილები ცოტა.. მაგრამ სხვაგან ყრია? თან  ისიც ხომ არ არის. ”ლიჟბი” ვიმუშაო და სადაც გინდა, ის იყოს..

მოკლედ, არ ვიცი რა ვქნა.. მაგისტრატურის დიპლომი მაინც მინდა.. საერთო სამაგისტრო გამოცდებზე უნდა გავიდე. ასე თუ ისე, იმედი მაქვს , რომ დაფინანსებას მივიღებ. მაგრამ მერე რა ვქნა… ისევ ჟურნალისტიკა? შეიძლება დიდი ვეღარაფერი ვისწავლო, მაგრამ ვისწავლო ის, რაც აქამდე არ მისწავლია – ანალიზური ჟურნალისტიკა, ტელევიზიაზე ამბობენ, რომ ჭავჭავაძეს აქვს კარგი  ბაზა .  კიდევ? ამ ორი საგნისთვის? ალბათ სამაგისტრო კვლევისთვისაც.. და საბოლოო ჯამში – მაგისტრის ხარისხი.. მოკლედ,   არეული ვარ ძალიან;) ამბობენ, რომ გაისად მეორე მაგისტრატურასაც აკეთებს პაიჭაძე – უფრო კვლევებზე ორიენტირებულსო და თუ გაკეთდა, ალბათ უფრო იქ ვცდი.. იმედია, გაისად არ მომიწევს ნატვრა ანელისავით : ღმერთო, ნეტა ფასიანზე მოვხვდე, რომ არ გავაგრძელო მეთქი:) (არა, ანელი მაინც ძააან მაგარია რა;).. ერთი ვიცი, რომ თსუ-ს ჟურნალისტიკაზე ფეხს არ შევდგამ, ისიც მყოფნის, რასაც ახლა ვწვალობ:)

ხვალ თამუნას აქვს გასაუბრება ილიაუნის ჟურნალისტიკაზე – ძალიან გვაინტერესებს, რა სახით გაესაუბრებიან უკვე ჟურნალისტებს. შეიძლება მე და ანეც გავყვეთ – რამე რომ დაჭირდეს, ხომ უნდა ვუკარნახოთ გარედან..

მე კი მომიწევს კიდევ კაი ფიქრი;-)

 

მედიის კვლევა და მაგისტრატურა

დღეს  თსუ-ში 4საათისკენ მივედი, შოთა ვნახე, ჩემი ყოფილი ჯგუფელი – შენ კარგი ფელეტონისტი იქნებოდიო – კარგად მაცინა:)

მერე კახა ვნახე. გადამკოცნა – ღია რადიოს სასტავი როგორ არისო:)) არა, ეგ კაცი გამოცვალეს მაართლა. საერთოდ აღარ ჯიჯღინებს, სულ გაღიმებულია, აღარ წუწუნებს.. აქამდე დაენიშნათ ლექტორად:)))

მერე “მედიის კვლევის მეთოდების” ლექციას დავესწარი. ბოლო პერიოდში ძალიან მინდოდა რამე გამომეკვლია.. ხოდა   გული ძალიან დამწყდა, საბაკალავროს გაუქმების ამბავი რომ გავიგე .  ნუ, საღერღელი “ჩემების”  რადიობაზრის კვლევამ ამიშალა   და ეს საგანიც ჩემს მშველელად გამოჩნდა.

ხოდა, ჯერჯერობით მხოლოდ ამ საგნით ვარ აღფრთოვანებული.. ინტერესის სფეროები ჩამოვყარეთ – რისი კლევა გვინდა.. ორი თემა მაქვს -

1) განათლების საკითხები მედიაში ანუ ერთი მხრივ, მედიის კვლევა – როგორ აშუქებს მედია განათლების საკითხებს (აქ მეტად უნდა დავკონკრეტდე) და მეორეს მხრივ, აუდიტორიის კვლევა – რა დოზით და რა სახის ინფორმაცია სურთ განათლებაზე (ესეც “დასავარცხნია”)..

2) და  ბლოგები. ბლოგოსფეროს კვლევა – თემატური ბლოგები, მათ რეიტინგს რა განაპირობებს.  აქ ვიზუალური კვლევაც შეიძლება (ანუ ბლოგის ვიზუალური მხარე რამდენად ახდენს გავლენას მკითხველის მოზიდვაზე),  ჟურნალისტი და ბლოგერი;  ქართული და უცხოური ბლოგოსფეროს შედარება. (მოკლედ, ფოკუსი აქაც მჭირდება)..

მაგრამ ახლა აღარ ვიცი, რომელს მივაწყდე:(

ორივე მაინტერესებს..  ბლოგებზე უფრო  სახალისო გასაკეთებელი იქნება.. მაგრამ განათლებაც მაინტერესებს. თან ეს იმ მხრივაც მინდა, რომ მაგისტრატურაში  “განათლების ადმინისტრირება” – ზე ვაპირებ ჩაბარებას და ეს კვლევა რაღაც გეზს მომცემდა. ( ესე მექნება მოსამზადებელი, გასაუბრებით კი არ არის ბიძია:))

მარა გასაუბრება ეძახე შენ და მგონი, ეგ უფრო ჩამჭრელია:)) ამ  “განათლების ადმინისტრირებასთან”  ერთად, ვაპირებ ილიაუნის ჟურნალისტიკაზეც. (აბა, ესეში რო ჩავიჭრა?:)) მარა, ახლა ვფიქრობ, იქ უფრო არ ჩავიჭრა :)

აბა, “რომელი ჟურნალისტი და რატომ მოგწონს” –  ალბათ, ვერ ვუპასუხებ:)) ან ვუპასუხებ – არც ერთი მეთქი:))

ხოდა, მე “განათლების ადმინისტრირებაზე”  ვლაპარაკობდი.  ამიტომ მინდა უფრო ამ განათლების მხრივ კვლევა, რომ რაღაცაში  წამადგება.

ისე, ნინო ჟიჟილაშვილს უნდა ვკითხო – არ შეიძლება ორივე რომ გავაკეთო?:))

ნუ, შეფასებით ერთი შემიფასოს და მეორეს ჩემთვის გავაკეთებ, ოღონდ გეზი მომცეს:))

ალბათ, არც ისე ადვილი იქნება ორი კვლევის ჩატარება, მითუმეტეს, ჩემი დღის განრიგის გადამკიდე – კვირის შვიდივე დღე ისე მაქვს გამოტენილი, ნემსი არ ვარდება:)) შაბათსაც კი ვსწავლობ და კვირასაც კი ვმუშაობ”:))

მაგრამ მაინტერესებს:)

ლექციის მერე რამდენიმე წუთს დარბაზში დავსხედით მეი, ინგა და თამუნა. კახამ რო გამოიარა, თავში შემოირტყა ხელები (სიცილით:)) – თქვენ 80 წლისები რომ იქნებით, მაინც აქ მოხვალთ და ილაპარაკებთ. მაგრები ხართ “ღია რადიოვო”:))

ხოდა ასე.. ის მედიის კვლევა კი ძილშიც ჩამყვება ახლა:))

ხვალ დილით დევნილთა სამ დასახლებაში – კოდა, ხურვალეთი და წეროვანი – მივდივარ. “24საათისთვის” სტატია უნდა დავწერო დევნილთა ყოფაზე.  ძალიან მიმიხარია. ასეთი ჟურნალისტიკა უფრო მიყვარს..საბლოგე  რეპორტაჟსაც  და საგაზეთო სტატიასაც დავდებ ბლოგზე, რა თქმა უნდა:))

 

Tags: , , , , , , ,

“ექსმეექვსელი”

დღეს 24საათში ერთი ქალი გავიცანით.. ნუ, მაგას ადრეც ვიცნობდი სახელ-გვარით, მაგრამ სახეზე არ მახსოვდა.. ხოდა დღეს გამახსენდა, რომ თქვა ვინც იყო.. გუშინაც იყო შემოსული, ნოდარი იკითხა.. წყალი დალია ერთი-ორჯერ. გამძლეობას გისურვებთო და გავიდა..

დღესაც, როგორ ხართო.. ვუთხარით – კარგად თქო.. ეჰ, იმედია არ დაკარგავთ ენთუზიაზმსო და გავიდა. მერე ლეღვი მოგვიტანა. ფბ-ში გამარკვიეთო.. რაღაცები წაიჭორავა და ბოლოს ფუნდამენტკურთხეული მეექვსე კორპუსი გაიხსენა..

- რა ხდება იქო?

მაგდამ – რაც თქვენს დროს ხდებოდაო.

- მაშინ კარგი სიტუაცია ყოფილა, ჩემს დროს ძალიან მაგარი პონტები იყო. თქვენ ტელერადიო ხართ?

- არა, ჩვენ ყველაფერი ვართ მეთქი:-)

- ვაიმე, რა ცუდია, არ ჯობდა, ტელერადიო ყოფილიყავით?

- რატომ ჯობდა, ახლა ყველაფერი ვიცით, ვსწავლობთ  რადიოს კეთებასაც, ტელეს კეთებასაც , ჟურნალის და გაზეთის წარმოებასაც, ვისწავლეთ ინტერნეტისთვის წერაც..

- არა, ტელერადიო მაინც სულ სხვაა.. ჩვენ იმხელა კვალიფიკაცია მივიღეეთ..

მეც ახლა რას გავუშვებდი მომენტს, ჩვენი გაკეთებული ოთხი რადიოგადაცემა და ერთი თექვსმეტსაათიანი რომ არ შემეკვეტებინა სადმე:-)

“რას ლაპარაკობთ, რაც ჩვენ რადიოში ვისწავლეთ, რომელ ნამდვილ რადიოში ვისწავლიდით, გვაჯობოს ნებისმიერმა პირმა რადიოში, თუნდაც პროდიუსინგის, მენეჯმენტის, კორესპონდენტის თუ ოპერატორის მხრივ მეთქი…

- მერე სად არის დასაქმებაო. აი ტელევიზია..

- გაზეთებიც გამოვუშვით, ტელესიუჟეტები კეთდება, ჟურნალს აკეთებდნენ.

- არა, არა, გაზეთი და ჟურნალი რაა, ტელერადიოა კარგი, პრესა საზიზღრობაა..

- რომ არ არის მაგდენი ტელევიზია?

მერე გაიხსენა თავისი ლექტორები – იბერი, ტაბიძე.. შემოქმედებითი ტურები არ გაქვთ გამოცდაზეო?

- რა, თამარ მეფესთან ინტერვიუ მეთქი?

დანანებით გაიხსენა, ტაბიძე როგორ გამოცდებს აწყობდა – იქ მხოლოდ ღირსეული, მოწოდებით ჟურნალისტები სწავლობდნენო:-) აბა, ეს უნარები თუ რაღაც რომ მოიგონეს, აბა ეს არის, ვინები შედიან უნივერსიტეტშიო..

მერე, დედა რას ქვია ტელეწამყვანის ოსტატობა გააუქმეს, აბა რა უნდა ასწავლონ სხვაო:-)

ჩართოლანმა ტელევიზიის რა იცის, ქორიძე ბეჭდურს რატომ უნდა ასწავლიდეს, მთელი ცხოვრება ტელევიზიაში გაატარაო..

დაასკვნა – ტაბიძის წასვლით დაღუპულა ქართული ჟურნალისტიკაო:-)

ჰოოო…

 

პირველი დღე

ნუ, წინა პოსტში მომავალ გეგმებზე მეწერა, ანუ ორშაბათს უნდა დაგვეწყო, მაგრამ “საორგანიზაციო საკითხების გამო” (ეს ფრაზა ძალიან უყვართ “24საათში“:-) მხოლოდ დღეს მოვახერხეთ “ჩვენს ოთახში” შესვლა:-)
აგვიწყვეს ორი კომპი, დაგვპირდნენ მესამეც იქნებაო. გაგვაფრთხილეს – ნოდარის მაგიდას არ მიეკაროთო:-)
ნოდარი – ეს ყოფილა ყველაფრის მნახველი ახალგაზრდა, უცოლო კაცი:-) ნიუ იორკ ტაიმსის რედაქტორი.. ხოდა, ამ ოთახში “ცხოვრობს”.. ახლა შევუსახლდით ჩვენც.. თავად არ მოსულა დღეს, მაგრამ მოვაო:-)
მაგიდაზე ისეთი კარგი “საფერავი” ედო, ღვინო რომ არ გიყვარდეს (საკუთარ მაგალითზე ვამბობ) მაინც მოგანდომებდა:-)
გარდა ამისა, მაგიდაზე ედო სიგარეტის ნამწვავებით სავსე საფერფლე. ბავშვებმა გამოთქვეს პროტესტი – დედა, აქ რო სიგარეტი მოწიონო:-) (ამათ არ უნახავთ, ადრე რა ხდებოდა, ოთახში მცხოვრებნი კი არა, ყველას ვისაც მოწევა უნდებოდა, იქ შემოდიოდნენ – ეს ჩვენი სამზარეულო იყოვო:-)
და მშვენიერი განცხადებაც გაიკრა კარზე:

DSC01516

მე და მაგდამ მოვიკალათეთ კომპებთან და “შევუდექით საქმეს”, მაინცდამაინც ვერც მივხვდით, რა უნდა გაგვეკეთებინა. მივადექით საგენტოებს და კარგად “გავაშალაშინეთ” მათი ნიუსები:-) პარალელურად თაზოს პოსტს ვკითხულობდ-განვიხილავდით:-)

DSC01503

ამასობაში, ნინომ – მე აქ გავჩერდებიო? უნდა დავალაგოვო, რას ქვიაო და 15წუთში იქოურობას სულ ზიპინი გაადენინა:-) დაწმინდა კარადები, მაგიდები, კლავიატურები, რაფები, ერთი კედლები არ დაუხეხავს , თორე:-) მერე გავიდა გარეთ და ცოცხი მინდაო – მოითხოვა:-) მაგრამ ჩაუვარდა კოვზი ნაცარში – დამლაგებელს ჰქონდა წაღებული:-) ვეუბნეოდით – თუ ხელფასი არ მოგვცეს, შენ მაინც უნდა გადაგიხადონ დალაგების ფული თქო:-)))

nino

ხელებიდან ცეცხლი გასდის:-)))

DSC01509

ნინოს დარეცხილი ჭურჭელი:)))

გამოხდა ხანი და ლალიმ და ნინომაც განიცადეს კომპთან ჯდომის სიხარული:-)

n da l

მაგრამ “იმ საქმის” (რომელი ხვალ სხვანაირად უნდა გავაკეთოთ) გაკეთების და შინ წამოსვლის შემდეგაც ისეთივე გაურკვევლები ვართ – რა ხდება ჩვენს თავს, როგორც ერთი კვირის წინ:-)

მე საერთოდ გაურკვევლად ვარ, რადგან რაღაც სოციალურ რედაქციაშიც ვარ და მით უფრო სწავლის დაწყების მერე ვერ შევაTავსებ ამდენს ერთმანეთთან, არადა პაატა ვეშაპიძე ამბობს – ერთი მეორეს ხელს არ უშლისო.. თუმცა, დღეს სოფო თოდუამ მითხრა კიდეც – ამდენ რამეს როგორ აპირებ ერთიო..

არ ვიცი, რა ვიცი…

 

Tags: , , , , , , , ,

რა ხდება ახალ სეზონში

მოვიდა სექტემბერიც.. ეს უკვე ოთხი დღეა , მაგრამ ახალი სეზონიც რომ მოვიდა, ამაზე არ მიფიქრია:-)
დადგა ახალი სეზონი და რა ხდება ჩემს ცხოვრებაში..

პირველი ის, რომ გუშინ რადიო “მწვანე ტალღა” დავტოვე.. დავტოვე რა, სამი კვირა ვიყავი იქ.. ცოტა გული დამწყდა. საერთოდ შეჩვევა ვიცი ხოლმე ძალიან. თან მაინც რადიო იყო, სტუდია და “აუდიშენი” კი ჩემი სუსტი წერტილია:-) (მართალია, გუშინ ჩემს ჯგუფელს პროგრამა გამოვაგზავნინე და მეღირსება ალბათ სახლში audition, მაგრამ მაინც:-)
თან კარგი ხალხიც იყო , განსაკუთრებით მედეა იმერლიშვილი , რომელმაც მიმიწვია რადიოში (ჩემი რადიოს ნოსტალგიით გაჟღენთილი ნაწერები წაუკითხავს და:-) ძალიან საყვარელი ადამიანია:-)
ჰო, იქიდან წამოსულს ერთი რამ მაქვს “შესასრულებელი” – მეტყველება უნდა გამოვასწორო და “ლ” აღარ დავარბილო.. ამის ვარჯიშს კი ნამდვილად არ შევწყვეტ:-)
რადიო რთული შესათავსებელი იქნებოდა სწავლასთან..
თან, “24საათის” შეწყვეტილი პროექტი აღდგა, დაფინანსება მიიღო და საინფორმაციო სააგენტო ჩამოყალიბდება..
ორშაბათს იწყება “წინასააგენტო” სამუშაოები ანუ თავდაპირველად ნიუსები უნდა გავარედაქტიროთ, შევკრათ, უფრო სრული სახე უნდა მივცეთ, ვიდრე არის. უფრო გადამოწმებული სახით უნდა ავტვირთოთ საიტზე.. მერე ამას თარგმნიან. მსოფლიოს 80ქვეყნის სერიოზული გამოცემების გვერდებზე დაიდება ამ საიტის ლინკი და დაეყრდნობიან “24საათის” ინფორმაციას. აიტვირთება ვიდეოებო, ფოტოები, ინტეგრირებული იქნება ბლოგებთან და მთელი “ინტერნეტობანაა” რა:-) ინტერნეტი კი ამ ბოლო პერიოდში ძალიან შემიყვარდა:-) 4-6 კაცი ვიქნებით, სტუდენტები ვართ ყველა.

ასევე გუშინ პაატა ვეშაპიძემ მითხრა – მინირედაქციის ჩამოყალიბება გვინდა საგამოძიებო ჟურნალისტიკის მხრივ.. საგამოძიებოც არ იქნება, უფრო საქმის ბოლომდე გაგება, მაგალითად , გარემონტდა მეტროს ვაგონები, მაგრამ, ბოლომდე არ გარემონტდა, ამას რომ მივყვეთ ბოლომდეო.
მამუკა ფაჩუაშვილმა – პარალელურად ამაზეც რომ იმუშაოვო..
ამაზე, ალბათ, მომიწევს უარის თქმა, რადგან სწავლასთან ორი საქმის ერთდროულად შეთავსება გამიჭირდება. თან, თსუ-ს წყალობით ისეთი საყვარელი ცხრილი მაქვს.. არც კი ვიცი, რა უნდა ავირჩიო , უფრო ზუსტად, კი მაქვს არჩეული, მაგრამ შესაძლოა გადარჩევამ მომიწიოს.
მოკლედ:
სამაუწყებლო მედია (ტელე) – გოგა ჩართოლანი.
საპრეზენტაციო უნარები და კომპიუტერული პროგრამები -ხიზანიშვილი..
ანალიზი და თვალსაზრისი – ია ანთაძე.
მედიის კვლევის მეთოდები – ნინო ჟიჟილაშვილი.
სამოქალაქო საზოგადოება, შედარებითი ანალიზი
- მ.მუსხელიშვილი (რომელსაც გადავირჩევ ალბათ და ავირჩევ ბელქანიას ან ვინმეს:)
და იაპონური ენა, რომლის არც დრო ვიცი , არც ლექტორი,. არც ის, კვირაში რამდენი საათი მოდის დატვირთვა.. თუ ბევრი იყო, ცხადია ვერ მოვახერხებ და რამე სხვა უნდა ავირჩიო. არადა, იქნებ იაპონური მაინც მესწავლა ცოტა. წერა-კითხვა მაინც:-)
ამ საგნებიდან, საპრეზენტაციო უნარებსა და კომპიუტერული პროგრამებზე,
ანალიზსა და თვალსაზრისზე და
მედიის კვლევის მეთოდებზე მეუბნებიან – მეოთხეკურსელების არ არის და თათიამ თქვა – ამოვუშლიო. უაზროდ შედგენილი პროგრამის გამო (პროგრამა არის დათო პაიჭაძის პროგრამის სრული “ანტიპოდი” (ანუ ყველაფერი არის პირიქით) და მასთან ჯიბრის გამო, ახლა ჩვენ ვზარალდებით) მეოთხეკურსელების ცხრილის საგნები ყველა მეოთხეკურსელს გავლილი აქვს. რაც არ გვაქვს და რაღაც უაზრო წინააპირობებით არის “აღსავსე”.

ხოდა ასე.. არ ვიცი რა და როგორ იქნება ან თსუ-ში და ან “იქ”. ის საგამოძიებოს მხრივ საინტერესო კი ჩანს, მაგრამ ალბათ დრო არ მეყოფა..
აუ, ბლოგის დიზაინის შეცვლა მინდა და ვერ ვბედავ:-)
წუხელ დამესიზმრა – შევცვალე, ისეთი კარგი დიზაინი იყო:-) მაგრამ აქ ვერ ვპოულობ:-)

 

Tags: , , , , , , , ,

განათლება გზად და ხიდად;-)

ისევ და ისევ განათლება:-)
გუშინ, პირველი სექტემბრის მეორე დღეს ანუ ორ სექტემბერს ჩემი “ჟურნალისტობა” ლეიბორისტებით დავიწყე..
ბრიფინგი პარტიის ოფისში არ გამართეს, თორე ერთ პეპსის ხო “მივცემდი”:) (მერე კი ვიყიდე, მაგრამ ლეიბორისტული სუულ სხვაა:-) (მართალია, პრესკონფერენციებზე გაცნობილი ჟურნალისტებისგან მსმენია, რომ მათი ახალი ამბების ლექტორს, მარინა ვაშაყმაძეს უთქვას – ჟურნალისტებმა საერთოდ არაფერს არ უნდა დააკარონ პირიო (არ მგონია, მოწამვლის შიში ჰქონოდა – ეს ქრთამის ნაირსახეობააო და კიდე ჟურნალისტიკის ეთიკის დარღვევააო).. ეჰ, სხვა ხომ ყველაფერს ვასრულებთ და ესღა დაგვრჩა:)
მოკლედ, მე ვსარგებლობ იმით, რომ მარინა ვაშაყმაძეს ჩემთვის არ უსწავლებია და სხვა ლექტორებს ამის შესახებ მამა/დედაშვილური რჩევა არ მოუციათ და ამიტომაც, პეპსიკოლაზე უარს არასოდეს ვამბობ:)
ხოდა, პაატა ჯიბლაძემ მაღაზია სამშობლოსთან გამართა ბრიფინგი. პრიკოლი ის იყო, რომ ტრიბუნის მოტანა დაავიწყდა და ერთი პატარა ტაბლა ჰქონდათ, (რომელზეც მერვე კლასის წიგნები დააწყვეს), ჯიბლაძემ რო გაიგო ხმები არ შევა მიკროფონშიო, შევარდა მაღაზიაში და რაღაც მაღალი, მრავალგზის შეფიცრული “სკამეიკა” მოიტანა – ამას დავდგამ მაგიდაზე და ამაზე დავაწყოთ მიკროფონებიო:))
უარი უთხრეს:-)

მოკლედ, მოინდომეს – ყველა ბავშვს სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი + ჩანთა, რვეულები, კალმები, ფანქრები, ფარგლები(რამდენჯერმე ახსენა) უფასოდ გადასცეს პრეზიდენტმაო:)
მერე კულტურის სამინისტროში ვიყავი, ფილმის “გორის გავლით” რეჟისორი, პროდიუსერი და მსახიობები ყავდათ. ძირითადად, 6-7წლის ბავშვები იყვნენ ეს მსახიობები. რურუამ საჩუქრები გადასცა და მერე ტელევიზიებს რომ უნდა ჩაეწერათ ეს ბავშვები, ყველა დედა თავის შვილს “ატენიდა” კამერას. თუ უკვე ლაპარაკობდა სხვა ბავშვი, თავისას ამოუყენებდა.
ბავშვებს არ უნდოდათ და გვერდზე გადიოდნენ, მაგრამ ესენი მაინც.. “ტელევიზორში გამოჩნდები დედა, ტელევიზორში” -მარაზმი იყო რა.

და ბოლოს, იმავე კულტურის სამინისტროში მუზეუმის მენეჯერებისთვის ტრენინგი ტარდებოდა. პირველი დღე იყო, ბარი გოლდი ატარებდა , იმდენი ილაპარაკა ინგლისურად.. ვერაფერი ვერ გავიგე:) ნუ, ტარჯიმანი კი ყავდა, მაგრამ;-)
თუმცა, ჩეხეთის ფინანსთა მინისტრმა ინგლისურიც არ იცოდა და თარჯიმანი უთარგმნიდა;-)
ხოდა ასე რა.. ძალიან “განათლებული დღეებია”, ხომ იცით:-)

 

Tags: , , , , , , ,

“წარმატებულ კარიერას სჭირდება ახალი და თანამედროვე ცოდნა” – 1 სექტემბრის განათლების სამი ეპიზოდი..

1სექტემბერს სწავლის დაწყების თუ არა, სწავლის გემოს მაინც ვგრძნობ ხოლმე და ახლაც კი იმ თორმეტფურცლიანი, ცუდი მწვანე (ანუ მწვანე არ იყო კარგი მწვანე) რვეულები მახსენდება ხოლმე..

ხოდა, ხოდა რა…
დღეს 11სააათზე თბილისი მარიოტში ილიაუნის სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია რომ უნდა გამართულიყო, ილიაუნიმაც გამომიგზავნა ფეიქბუქზე.. ჩემი დეიდაშვილი აბარებს ჭავჭავაძეში და მთელი მაგათი საიტი ზეპირად ვიცი, მაინც მინდოდა მისვლა და რაოდენ გამიხარდა, როდესაც მწვანე ტალღღიდან მე გამიშვეს..
გიგი ატარებდა , თევზაძე .. რამდენიმე პროფესორთან ერთად.. კარგი ბროშურაც იყო – პროგრამების აღწერილობით..
მოკლედ, მაგისტრატურაში სწავლა მომინდა სასწაულად:)) რაღაც კვლევების გაკეთებაც კი:))
მაგრამ ვერ მოვიფიქრე რაზე .. გია ნოდიას კავკასიოლოგია მომინდა (მაგრამ უცხო ენაზეა და გამომერიცხა), ძალაუფლება და კულტურაც მინდა, რეგიონული კვლევებიც, ქრისტიანული თეოლოგიაც, ის კი არადა, ეკოლოგია და კონსერვაციული ბილოოგიაც კი:)
ამავდროულად “ნდომაში” დამრჩა აქამდე ნაფიქრი – განათლების ადმინისტრირება, იმედია, წინასწარ მომზადებულ ესეს მოვაბავ თავს..
და გულის ერთი ნაწილი ისევ ჟურნალისტიკისკენაც მეწევა..
ვაიმე, გაისად რა მელის? არჩევანის გაკეთებას ვგულისხმობ..
მალე დამთავრდა, პრესსამსახური ამბობდა – რა ცუდია, რომ ჟურნალისტებს შეკითხვები არ უჩნდებათო. რა გაგიჩნდებოდა, გიგიმ ყველაფერი თვითონ თქვა:)
თან ბროშურაშიც ყველაფერი დაწვრილებით ეწერა.. თან მაგის საიტი ზეპირად ვიცოდი ისედაც:))
ისეთ სულელურ შეკითხვებს კიდევ ვერ ვიტან (იმის გამო რომ სვამენ, რომ შეკითხვაში ჩაეთვალოთ), მაგალითად, რა ღირს პროგრამები – ხელში რომ გიჭირავს ის “წიგნაკი” – ჩახედე რა:) და სხვა და სხვა..
დათო პაიჭაძესთან ვილაპარაკე ცოტა რადიოზე და წამოვედი.

იმ პრეზენტაციის მერე პირველ საათზე ლეიბორისტმა ძაგანიამ “განათლებაზე” გამართა პრესეკონფერენცია. ზუსტად 42წამში ხელისუფლება ეთნოსაგანმანათლებლო გენოციდში დაადანაშაულა – ოკუპირებულ ტერიტორიებს დაფინანსება შეუწყვიტაო, მასწავლებლები უხელაფსოდ დატოვაო, სკოლები დაიხურაო და ასეე..
“ჩემი საგამანათლებლო დღე” ნიკა გვარამიას ბრიფინგით დასრულდა. მასწავლებლებისთვის ხელფასი მოუმატებიათ 35ლარით (დამრიგებლებისთვის 70ლარით) და გვამცნო… საბუნებისმეტყველო საგნების საათები გაიზარდაო და შესაბამისად გაიზარდა ხელფასებიცო..
ეს ვერ გავიგე ცოტა, ანუ ხელფასის ამბავი კი გავიგე, მაგრამ ტრიმესტრულად სწავლება ხომ გაუქმდა და ანუ ამის მიუხედავად მაინც უფრო ინტენსიური იქნება ამ მიმართულების სწავლება?

არა, ძალიან მინდა მაგისტრატურა…

 

Tags: , , , , , ,

ჩაწერა ქართულად

ეჰ, ეს გუშინ დავწერე , მაგრამ მერე სისულელედ მომეჩვენა, აღარ მომეწონა და აღარ ავტვირთე, ახლა მაინც ვდებ (თუმცა, ისევ არ მომწონს).

დღეს ფინანსთა სამინისტროში ვიყავი.. მწვანე ტალღაში მითხრეს, პოლიტიკაზე იაქტიურეო და მეც..
პოლიტიკისგან ვცდილობდი ცოოოტა შორს ვყოფილიყავი, გააჩნია პოლიტიკასაც, საკნების თვლა და აქციებზე სიარული როგორც ჟურნალისტს, ძალიანაც მომწონს, მაგრამ უფრო იმიტომ, რომ იქ “ჩვეულებრივ” ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა… კი, უპოლიტიკოდ ცხოვრება და მით უფრო , ჟურნალისტიკა არ არსებობს:)) მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს.. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ პოლიტიკური სიუჟეტი არ გამიკეთებია, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ გაკეთება არ ვიცი:)
mikro

ფინანსთა სამინისტროში პირველად ვიყავი , ასეთ “უწყებებში” მხოლოდ განათლების სამინისტროში ვარ ნამყოფი. ხო, კანცელარიაში გამიშვეს კიდევ “24საათიდან” იაკობაშვილის და პიერ მორელის შეხვედრაზე..

ჯერ ძლივს მივაგენი:) ორთაჭალა ძალიან ცუდად ვიცი:)ვისთან ერთადაც ვიყავი, დააგვიანდა ცოტა და ძლივს შევაშვებინე დაცვას თავი:)

ჩეხეთის დელეგაცია იყო ჩამოსული , იანოტამ და ბაინდურაშვილმა ინვესტიციების ურთიერთდაცვის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი..
მოკლედ, იმ ხელშეკრულების შინაარსზე არაფრის დაწერას არ ვაპირებს, ისედაც კარგად გეცოდინებათ ყველას:)
ჟურნალისტებზე მინდა ცოტა დავწერო, როგორ მუშაობენ ( როგორ ვმუშაობთ ქართველი ჟურნალისტები)..

tv
ნუ, ტელევიზიებისთვის დაგვიანება რომ ჩვეულებრივი ამბავია, ეს ყველამ იცის ალბათ , მერე პრესსამსახურთან ზარები, რომ აი – რუსთავს დაელოდე, იმედს დაელოდე, კავკასიას და ა.შ.
მერე იწყება რადიოების სიფხიზლის ერა.. არ უნდა გამოეპაროთ არც ერთი გადაღება, არც ერთი კომენტარი, ოღონდ არა იმის გასაგებად, რა თქვა, (ის პრესრელიზშიც ეწერება) ძირითადად იმისთვის, რომ მიკროფონები გამოჩნდეს.. თუ მოჭრილებს იღებენ. მაშინ ეჰჰ..

radio

რამდენიმე სააგენტო სხვადასახვა მედიასაშუალეაბასთან კითხვა-კითხვით უცებ წერს ნიუსს და ტელეფონით აწვდის პროდიუსერს.

saagento

მოკლედ, შეხვედრა კაბინეტში მომდინარეობდა და დასრულების შემდეგ უნდა შესულიყვნენ კადრების ასაღებად და ჩასაწერად..
diiiqto
პრესსამსახური რომ გამოვიდა და თქვა – დადგებიან და ჩაწერთო, რუსთავი 2 -ის კორესპონდენტმა (მგონი, ნათია ბანძელაძე იყო, ნუ , ბანძელაძე ნამდვილად იყი და ნათია იყო თუ არა, არ ვიცი) ასეთი რამ ჰკითხა პრესსამსახურს – ჩაწერა ქართულად?
-კახა ქართულად და ის ალბათ ინგლისურად..,
- ეგ კი არა, როგორც ვიცით მივარდნით და პირში მიკროფონის თხრით, ანუ ქართულად?
ეგ არის რა…
ვისი კამერა უკეთ დგას, ვისი მიკროფონი უკეთ ჩანს, ვისი უფრო ახლოს არის პირთან, ვინ უკეთ ჩასცხებს თავში…

გუშინვე ფინანსთა სამინისტროდან ეკონომიკისაში გადავედით (ავტობუსით “გადავირბინეთ”:)) ეკონომიკის მინისტრსაც ხვდებოდა ეს იანოტა, ხოდა იქაც ვიყავით.. წინასწარ ჩასაწერად გამოიყვანეს ეს ახალი მინისტრი (ბევრი “ლ” ურევია და არ ვიტყვი გვარს:) პოლოლიკაშვილი:) ჯერ რუსთავთან გააკეთა კომენტარი (ისეთი გაოცებული ჩანდა – ხან უკან რომ დასწევდნენ და ხან წინ:) მისმა პრესსამსახურმაც ისე საყვარლად გაიხედა კამერაში – აბა, ხო კარგად ჩანსო:)
მერე პირველ არხს და თუ არ ვცდები, აჭარას უნდა გადაეღოთ.. ოპერატორები ვერ შეთანხნდნენ, პირველი არხი გაიბუტა და განზე გადგა, უცებ ეს ფილარმონია მინისიტრი არ გაიქცა და გაუჩინარდა?
მისმა პრესსამსახურმა-მონისტრი კაცია სამი დღეა, დიპლომატი იყო, არ არის დაჩვეული ასეთებს, რო დაიწყეთ პატარა ბავშვებივით ჩხუბიო.. მიეჩვევა კაცოვო – დაამშვიდეს..
გაბუტული აღარ გამოვიდა, შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტ-ოპერატორები ჯერ შეშფოთდნენ, მერე აღშფოთდნენ და ბოლოს დაგმეს მისი საქციელი – მერე ერთს კალამი უნდოდა და მოლაპარაკების მაგიდაზე დელეგაციისთვის განკუთვნილ ფანქარს წამოავლო ხელი, მეორემ დავუწეროთ -გაქცევა ვაჟკაცობა არ არის ბიჭო, მხოლოდ კურდღლები გარბიან და ა.შ…
ჩართვაც გააკეთეს – დასრულდა უკვე შეხვედრაო, არადა, ჯერ დაწყებულიც არ იყო:)) რა უნდოდათ, სინქრონი ხომ ჰქონდათ:))
მერე აღარაფერი:) უბრალოდ, ნათია ბანძელაძის სიტყვები სულ მემახსოვრება – ჩაწერა ქართულად:) – ისე, სხვაგანაც ასე მიცვენით არ იციან ხოლმე?

 

Tags: , , , , , ,

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.