RSS

Daily Archives: მაისი 28, 2009

რატომ?:-)

დიდი ხანია არაფერი დამიბლოგავს.. არადა, ბევრი რამე მომიგროვდა, იმ ბევრ რამეს ახლა ვერ დავწერ მაგრამ გუშინდელ ჩხუბზე უნდა დავწერო, რადგან სოფიმ “შემიკვეთა”:-)
ხშირად მიხსენებია ჩემს პოსტებში, რომ აი, დიიილით, 9სააათზე ვარ ხოლმე რადიოსამონტაჟოს კომპიუტერებში და ა.შ.
გუშინაც ასე იყო, 15წუთი ველოდე ოპერატორებს, რათა ნებართვა ამეღო ოთახების გაღების,, ვინაიდან და რადგანაც ვერსად აღმოვაჩინე, დამლაგებელს გამოვართვი გასაღები და გავაღე ერთი ოთახი..
ერთ საათში გამოჩნდა კახა – შენ გააღეო? კი მეთქი..
რატომ არ აიღე ნებართვა, არ დავინახო მეორედ ეს გააკეთოვო – დამტუქსა.
თქვენ ვერსად გნახეთ მეთქი და რეებს მეუბნები, მე 9-ის ნახევრიდან აქ ვარ.. ნუ, კარგად დამცოფა.. ხმა აღარ გავეცი, რადგან ისე მომშალა ნერვებზე ან ძალიან უნდა მეჩხუბა ან მეტირა, მე კი არც ერთი არ მინდოდა..
ზუსტად ერთი წუთით დავტოვე კომპი, რომ გვერდითა ოთახის კომპიუტერიდან “ფლეშკაზე” გადამეტანა მასალა. შემოსულს სამი გოგო დამხვდა “ჩემს ადგილას” მდგარ – მჯდარი.. ეს ჩემი ადობე აუდიტიონ ‘ჩაუხურიათ’, ჩემი გახსნილი ყველაფერი გაუთიშავთ და აჰაა…..
რამდენიმე წუთი მოთმინებით ვედექი თავზე.. ამომხედა ერთმა “ნაგლმა” და – აქ მე უნდა ვიჯდეო..
აბა რას მეუბნები, სამონტაჟო მაქვს მეთქი.
– რაში გვაინტერესებს , ამასაც სამონტაჟო აქვს – ეშველება მეორე “ნაგლი’..
– უკაცრავად, მაგრამ აქ რომ ვზივარ ვერ ხედავთ მეთქი?
– სად ზიხარ აბა? უკვე მე ვზივარ..
თან, დარწმუნებულები იმაში, რომ ეს კომპიუტერი უკვე მოიპოვეს, ანელის მიუბრუნდნენ – იქნებ ინამუსო და დაგვსვაო,
ანელიმ ჯერ გამოხედა.
– რომ თამაშობ, უნდა დამსვა გაიგე? ( ამ დროს “ჩემს ადგილას” მჯდომი “ნაგლი” წამოდგა და ანელის დაადგა თავზე, რომელსაც თავისდა საუბედუროდ სამონტაჟო პროგრამასთან ერთად ფაცებოოკ – იც ჰქონდა გახსნილი). (მე კი დავსკუპდი და “ფლეშკა” შევაერთე).
– რას ვთამაშობ, ვერ ხედავ, რომ ვმუშაობ?
– მასეთი მუშაობა ვიცი, მეც ადნაკლასნიკებში ვაგდივარ დღე და ღამე და ათასი რამე მაქვს გახსნილი, რომ სხვები დავაბოლო და შენ დამაბოლებ?
მეორე ნაგლი მე მომდგა – რამდენჯერაც შემოვედი, სულ აქ ზიხარ და არენდით გაქვს ეს კომპიუტერი აღებულიო?
გაბრაზებულმა – ხო მეთქი – ვუპასუხე.
რაოოოო, გაცოფდა ‘ანელიზე მომუშავე” “ნაგლი” , მომიტრიალდა, სწვდა ჩემს ფლეშკას და უბოდიშოდ, ყოველგვარი “კანონიკურობის” დაცვის გარეშე გამომიძრო.. (ეს მერეღა გამახსენდა და გავაანალიზე, თორემ ალბათ ან მე ვიცემებოდი ან ისინი. (ჩემი ფლეშკის უბოდიშოდ გამოძრობის უფლება მხოლოდ მე მაქვს (და კახა მიძრობს ხოლმე, როცა მთვრალია..)).
– ეს კომპიუტერები რომ ყველასია, არ იციო?
– რა, როდის მჯდარხარ და ამიყენებიხარ სულ რომ თამაშობდე მეთქი..
– აბა ეს რა არის?
– აქ მე ვზივარ
– შენ როგორ ზიხარ, როცა სამი წუთია უკვე მე ვიჯექიო..
აქ გაცოფდა ანელი ედიშერაშვილი .( ამ ფრაზაზე “გაცოფდა ვინმე”.. მახსენდება ხოლმე ერთი სქელტანიანი წიგნი – “ბრწყინვალე ვარსკვლავის მაძიებელნი’ – სადაც სულხან საბას დაბადებიდან სიკვდილამდე საქართველოა აღწერილი.. იქ არის ერთი მომენტი, როდესაც სულხანის მამას, ვახტანგ ორბელიანს, ვახტანგ მე – V შაჰ ნავაზის შვილები ( ანუ თავისი დისშვილები) გიორგი მე-XI – ე, ლევანი და არჩილი ჰყავს ტანძიაში. იქ სოფლელ ბიჭებთან “ათამაშებს” ქამრებით, სადაც ეს სოფლელი ბიჭები ბატონიშვილებს კაი მაგრად გაამათრახებენ ამ ქამრებით.. და იქ არის ასეთი ფრაზა – “გაცოფდა გიორგი ბატონიშვილი, ტკივილებს არ მოერიდა…” . 9წლის ვიყავი, ეს წიგნი რომ წავიკითხე და რატომღაც ეს ფრაზა ძალიან ჩამრჩა გონებაში და გაცოფებაზე სულ ეს მახსენდება ხოლმე..
გადავუხვიე, რადიოსამონტაჟოს ოთახებიდან ტანძიაში ამოვყავი თავი , ხელი თუ მაუსი:-)
ხოდა, გაცოფდა ანელი ედიშერაშვილი, წამოხტა ფეხზე – მერე ამბობდა – ‘მარი დამჯდარი ჩხუბობდა და მე რომ მივხვდი, დაჯდომილი ვერ ვიჩხუბებდი, იმიტომ ავდექიო”.. წამოდგა და აყვირდა. მე ჩემსას ვყვირი, ნუ, ისინი თავისას და ძალაზე არიან, რომ როგორმე აგვყარონ.. ანელი უყვირის – ახლა რომ წამოვდგე, მივბრუნდე და დამასწრო დაჯდომა, შენ ზიხარო?
– აბაო?
რაღა გინდა ელაპარაკო..
წავიდნენ საბოლოოდ, არადა, ვუთხარი, პირველი ოთახი თავისუფალია მეთქი, მაგრამ ჯინაზე ეს უნდოდათ რა.. ვერ მივართვით.. სულ ქაჯები გვეძახეს..
“მაგ კომპიუტერებს თქვენი სახელ – გვარი დააწერეთ და გვეცოდინება, რომ თქვენიაო”.
არა, მაინც რატომ ჰგონიათ, რომ ძილს იმისთვის ვიტეხთ და კახას ჯიჯღინს იმიტომ ვითმენთ, რომ მაგათ ადგილები შევუნახოთ?

 
6 Comments

Posted by on მაისი 28, 2009 დუიმი ღია რადიო

 

რეპორტაჟი დინამოს სტადიონიდან

26მაისი, დამოუკიდებლობის დღე, 11საათი და 30წუთი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის შესასვლელთან ჩვეულებრივზე მეტი ხალხი ირევა. შეკრების მიზეზი – თბილისის ეროვნულ სტადიონზე ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია..
სტადიონის შესასვლელ ჭიშკართან, ორი ქალი და ერთი მამაკაცი დგას და დღევანდელ აქციაზე ბჭობენ.. ეტყობათ, რომ ერთმანეთი ახლახან გაიცნეს..
“თქვენი სახელი, ჩემო დაიკო? თუმცა სახელს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია გული იყოს, გული, მთავარია საქართველო და ქართველები გვიყვარდეს.” – ამბობს 50 – იოდე წლის ბაკენბარდებიანი მამაკაცი.
“ჩემო კეთილო, მთავარი სწორედ ეგ არის, მაგრამ სად არის სიყვარული და პატივისცემა, მე შევიდოდი დღეს აქციაზე, შევიდოდი, აი, მოვედი და ვუყურებ.. მაგრამ თბილისელები არ გამოდიან, აქ არ მოდიხარ და ეძახი საწყალ კაცს რეგიონებიდან. ეს არის საქმე? არ ვიცი, თბილისელებს რა მოუვიდათ, სულ გადავგვარდით ეს ხალხი” – დამწუხრებული სახით პასუხობს შავებში მოსილი პუტკუნა ქალბატონი..
“მაკარონის და ზეთის დაკარგვა არ უნდათ, თორემ” – ერთვება საუბარში დაბალი, ჯინსებში გამოწყობილი, 65-იოდე წლის ქალბატონი.
სამეულმა ხუთიოდე წუთს იმასლაათეს პოლიტიკაზე, აქციაზე მიმსვლელთა რაოდენობაზე.. შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით, (არა მოედნის) გაემართნენ..
სტადიონის შენობიდან საქართველოს ჰიმნი ისმის.. ეზოში ქალი შემოდის, ეტყობა ნასვამია, გაჩეჩილი, მწვანედ შეღებილი თმა აქვს და ხელში ფორთოხალი უჭირავს.. თავი მაღლა აქვს აწეული, ხელი გულზე დადებული და სიმღერას ხმას აყოლებს.
სტადიონის ერთ-ერთ შესასვლელთან ორი ჩინელი ქალი დგას და ერთმანეთში დამტვრეული ქართულით ლაპარაკობენ.. ჩემს კითხვაზე, რატომ მოვიდნენ დღევანდელ აქციაზე, კლარა მპასუხობს, რომ – “მიშა არ არის კარგი, მან ქართველი ხალხი დაგუპა, მეც დამგუპა, მენძიც დაგუპა.(და თანმხლებზე იშვერს ხელს) არ გვინდა მიშა. წავიდეს მიშა.”.

ხალხი ჯგუფებად მოძრაობს და იარუსებს და სექტორებს ირჩევს.. თუ გამომსვლელებიც არიან, წინა რიგებში მყოფნი აღარ მიიწევენ და უკან ბრუნდებიან ფრაზით – იქ ბევრი ხალხი იქნება..
– კარგი რა, თამაშზე ხომ არ მიდიხართ, რა მნიშვნელობა აქვს სად იჯდებით – ყვირის დაცვის სამსახური..
ადგილები კი ჯერჯერობით ბევრია, მოქალაქეები იმ ადგილებისკენ ილტვიან, სადაც სკამებზე თეთრი ნაჭრებია გადაფარებული და დაჯდომის შემთხვევაში დასვრას გადარჩები. უმეტეს სკამებზე კი ნაწვიმარისგან ან წყლის პატარა გუბეებია დარჩენილი, ან კიდევ წყალი დამშრალია, თუმცა ტალახი მაინც დარჩენილი.. ‘თეთრნაჭრიანი” იარუსები ძირითადად ტრიბუნის საწინააღმდეგო მხარესაა განფენილი, ალბათ მიზანი ისაა, რომ ხალხი ტრიბუნის მხარეს არ მიაწყდეს და შედარებით ერთგვაროვნად გადანაწილდნენ..
ხალხი კი ემატება რიგებს, ჩემს გვერდით სტადიონის ორი დაცვა ერთმანეთს ეუბნება, – ბიჭო, თამაშზე რომ იყოს ამდენი ხალხი, რა მაგარი იქნებოდა…
სტადიონის დაცვის სამსახურის გარდა სარბენი ბილიკებისკენ გადამსვლელ ხალხს ნარინჯისფერ ფორმაში გამოწყობილი მოძრაობა “მშვიდობით” – ის აქტივისტები აკონტროლებენ.. მოედანზე, იქ სადაც აქციის ორგანიზატორები ირევიან და ტრიბუნა დგას, მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს უშვებენ.. მათთან არ ჭრის უნივერსიტეტის რადიო, უნივერსიტეტის გაზეთი.. ამიტომაც ერთი ან ორი გზაა დარჩენილი. უსაშვო რეპორტიორები ან ჩუმად უნდა შეიპარონ ან ვინმემ უნდა შეაპაროს..
ერთ-ერთი ამ ხერხის გამოყენების შემდეგ მოედანზე აღმოვჩნდი..
რამდენიმე ხმის გამაძლიერებელით ისმის საქართველოს ჰიმნი და სხვა სიმღერები საქართველოზე + უცნობის შემოქმედება.. მუსიკის ფონზე , დიდ ეკრანებზე პარალელურად გადის აქციებზე ოპოზიციის სხვადასხვა ლიდერის გამოსვლა და მათი ხალხთან ურთიერთობის უხმო კადრები..
უკვე დღის პირველი საათია, ხალხის რაოდენობა იზრდება.. სპეციალურად გამართულ ტრიბუნასთან დათო მაღრაძე და კოკა გუნცაძე ცვლიან ერთმანეთს მიმართვით – ხალხო, გადაიწიეთ, კიბეებზე და სარბენ ბილიკებზე ვინც ხართ, აბრძანდით და დაბრძანდით. ადგილები უნდა შეივსოს , არ უნდა დარჩეს არც ერთი ცარიელი ადგილი.
(თუმცა ცარიელი ადგილები საბოლოო შევსების და უცნობისგან ხალხი მოყვანის შემდეგაც დარჩა, 80 იარუსიდან თითოეულში 20-დან 50ადგილამდე თავისუფალია და ყვითელი, ლურჯი, წითელი სკამები მოჩანს)..
ყოველი ახალი ოპოზიციური ლიდერის გამოჩენისას მოძრაობა “მშვიდობით” – ის აქტივისტები სირბილით მიდიან , მოედანს წრეს არტყამენ, რკალად ერტყმებიან შემოსულს და შემოჰყავთ.. მათ ჟურნალისტები ედევნებიან ჟივილ-ხივილით.. მთავარი ამოცანა – როგორმე მიკროფონი ყველაზე ახლოს მოხვდეს. დიდ ეკრანზე ბურჯანაძე გამოჩნდა. ხალხი ტაშით ეგებება. ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ ჯერ უცხოურ მედიას მისცა კომენტარი, მერე რუსულს, საბოლოოდ ქართულს.. რა თქმა უნდა, სამივე ერთი შინაარსის – “დიალოგი გაიმართება მხოლოდ სააკაშვილის გადადგომაზე”.
ბურჯანაძის შემდეგ შალვა ნათელაშვილი შეუერთდა მიმდინარე აქციას სიტყვებით – დღეს არის ისტორიული დღე, დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს არა მთავრობა, არამედ ხალხი.. დღეს ხალხის დღეა მხოლოდ ხალხმა უნდა იზეიმოს ეს დღესასწაული, თავიანთი დღესასწაული”.
“ორატორები კიდევ ერთხელ, უკვე მეხუთედ გვახსენებენ, რომ უცნობი დიღმის მასივიდან შემოდის ხალხთან ერთად 10 – 15 წუთში… 10-15წუთმა რამდენჯერმე გადაივადა.. პოლიტიკოსებიც დაიღალნენ და დასასვენებლად ტრიბუნების პირევლ – მეორე რიგში დასხდნენ. თინა ხიდაშელი, დათო უსუფაშვილი.. მათ უკან ნინო ბურჯანაძე, სალომე ზურაბიშვილი და ეკა ბესელია სხედან და საღამოს ფინალზე საუბრობენ.. “უცნობი რომ მოვა, ის გააკეთებს სიტყვას და მას შემდეგ მხოლოდ” – ეუბნება ზურაბიშვილი ბესელიას..
“სააგენტოების საყურადღებოდ, გადაეცით ეს ინფორმაცია – დღეს რომ ოპერაში აპირებენ რაღაცას, ჩვენ მივალთ იქ , სირცხვილის დერეფანს მოვაწყობთ და ყველაფერს ჩავუშლით.” – ეუბნება ჟურნალისტებს პირველ რიგში მჯდომი, 20-22 წლის ბიჭი. კახა კუკავა არ ჩანს დაღლილი, სარბენ ბილიკებზე დადის და გაღიმებული იღებს სურათებს.
სარბენ ბილიკებზე მყოფი ხალხი შესასვლელთან მოგროვდა, რამდენიმე წუთში “უცნობი” – გია გაჩეჩილაძე მოდის რეგიონებიდან ჩამოყვანილ ხალხთან ერთად.
რუსთავი 2 – ის ჟურნალისტი ოპერატორს ურეკავს – “უცნობი შემოვა 10-15 წუთში და ზემოდან გადაიღე, ყველაფერი, ხმები, ტაშები.. არაფერი არ გამოტოვო”..
ისმის ყვირილი, ჟივილ-ხივილი და უცნობი ხალხთან ერთად შემოდის მოედანზე.. “ხალხია აქ ლიდერი და არა ჩვენ, ეს უიშვიათესი დღეა, ყველაზე მაგარი” – ყვირის ის.

უცნობთან ერთად მისი მოყვანილი ხალხიც შემოვიდა და სირბილით სტადიონს ჯერ წრე დაარტყეს, შემდეგ კი სათამაშო მოედანზე გადავიდნენ ყვირილით და სიმღერით..
18 – 20წლის სამი ბიჭი ეხუტება ერთმანეთს – “ნახე, რამდენი ხალხია ძმაო, გადავრჩით ძმაო, ნახე ძმაო, უყურე, უყურე” – ემოციებს ვერ მალავს ჩოფურა, ხუჭუჭთმიანი ბიჭი.
“ხო, ძმაო, კაია რო დავინახეთ , ვინ ვინ არის და რა რა არის”.. – იცინის ძალიან გამხდარი, ქერა ბიჭი და ტელეფონით სურათებს უღებს მოედანს..
დღის ორი საათია, ოპოზიციის ლიდერები ტრიბუნასთან შეიკრიბნენ და აქცია დაიწყეს.. პირველი სიტყვით უცნობი გამოდის , რომელიც ამბობს, რომ თავად გააკეთებს მომავალი გეგმების შესახებ დასკვნით სიტყვას.
“ჩვენს მარადიულობას გილოცავთ ხალხო, მოდით ახლა და დაგვთვალეთ. “ –ყვირის დათო მაღრაძე. მომღერალი ნატო მეტონიძე კი საქართველოს ჰიმნს მღერის ხალხთან ერთად. აყოლებენ ხმას, სიგარეტით, რვეულებით, დროშებით ხელში..
სიტყვით დათო ზურაბიშვილი გამოდის – “მერაბიშვილის საქართველოში ჩვენ არ ვიცხოვრებთ” – ამ სიტყვებზე სამხედრო ექსპერტი კობა ლიკლიკაძე თავს იქნევს და გვერდით მდგომ კაცს ეუბნება – “მაგრად ლაპარაკობს, მაგარი ორატორია”.
ეკა ბესელია, ნინო ბურჯანაძე, დავით გამყრელიძე, სალომე ზურაბიშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე – ულოცავენ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და ხელისუფლებას კანონგარეშეს უწოდებენ, წინა აქციების მსგავსად ითხოვენ პრეზიდენტის და მთავრობის გადადგომას და ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს .
“მოდი, ყველამ დავდოთ პირობა, რომ სანამ არ გავიმარჯვებთ, სანამ მიზანს არ მივაღწევთ , არ გავჩერდებით’ – ამბობს გამყრელიძე..
ხალხის განსაკუთრებული ოვაცია ლევან გაჩეჩილაძის გამოსვლამ , უფრო ზუსტად კი მისმა დაჩოქებამ გამოიწვია.
ახლა გუბაზ სანიკიძე გამოდის სიტყვით – აფხაზებს და ოსებს ფეხზე წამოვუდგეთ და ვუთხრათ, რომ კეთილი იყოს მათი მობრძანება საქართველოში. აფხაზებს გაუმარჯოს.. ოსებს გაუმარჯოს..”.
ერთ პოლიტიკურ ლიდერს მეორე ცვლის, ბევრს არ მოუწია სიტყვით გამოსვლა, რაზეც ორატორებმა მოუბოდიშეს – დროის სიმცირის გამო. დასასრულს, უცნობი დასკვნითი სიტყვით გამოდის..
დღის ოთხი საათია. სტადიონზე შეკრებილი ხალხი აღმაშენებლის გამზირის მიმართულებით სამების საკათედრო ტაძრისკენ მიემართება. მიზეზი –  “უცნობის” ნათქვამი სიტყვებია – “მივიდეთ და მანამ არ წამოვიდეთ, სანამ პატრიარქი არ დაგველაპარაკება და არ დაგვლოცავს, მან უნდა გვითხრას, როგორ მივიდეთ სიყვარულის საქართველომდე”.

 
6 Comments

Posted by on მაისი 28, 2009 დუიმი რეპორტაჟები

 

ქვეყანა ჩემი მგონია :-)

შუქი მაქვს, ადამიანურ ცხოვრებას ვუბრუნდები.. ეს ერთი კვირა არ ვიცი რა დღეში ვიყავი., ბავშვობის წლები მახსენდებოდა, როცა ფანჯრის მინაზე ცხვირმიბჯენილი ვიყურებოდი “უსასრულობისკენ” – კრწანისის რეზიდენციისკენ და შუქს ვნატრობდი..
ახლა კრწანისის რეზიდენციისკენ ყურება საჭირო აღარ იყო, მოპირდაპირე კორპუსიც მშვენივრად იყო გაჩახჩახებული.. რაღა მოპირდაპირე კორპუსი, ჩემს კორპუსში და ჩემი სადარბაზოს დაბლა სართულებიდანაც კი შეიძლებოდა “შუქის ნატვრა”..
მაგრამ ვაი, რომ,,
ერთი კვირის წინ ‘შემემთხვა” ეს “ტრაგედია”, როდესაც ღამე სახლში მისულს სადარბაზოში ზედა სართულების აფეთქებული “მრიცხველების კარადა” , დამწვარი “კაბელები” , ‘თელასის” თანამშრომლები, რაღაც გადამღები ჯგუფები და გამჭვარტლული კედლები დამხვდა.
განაჩენი შემდეგია – “ვიღაც მიწაშიჩასადებმა” (როგორც ჩემმა კარის მეზობელმა მოიხსენია) “ითაღლითა” და “მოკლე ჩართვა” მოხდა.. “ახლა უნდა ჩავატაროთ გამოძიება, შევამოწმოთ ლაბორატორიულად, დავადგინოთ ვინ იყო “თაღლითი” და მხოლოდ მას შემდეგ დავიწყებთ გაკეთებას. დასჭირდება 2 – დან 3 თვემდე. VI – IX სართულები ამ დროის მანძილზე იქნება ელ.ენერგიის გარეშე”.
ტაში.. ხო კარგია, სამი თვე უშუქობა? ერთი კვირა ტელევიზორისთვის არ მიყურებიუა, სახლში გვიან მისულს სანთლის შუქზე მიხდებოდა ყველაფრის კეთება, ტელეფონს ხან სად ვტენიდი, ხან სად.. “პასეანსსაც” კი ვერ ვთამაშობდი.. ფენი, უთო – ფააფუ.. თმის გასასწორებლად დეიდაშვილთან ავედი, თორემ თავის დაბანის შემდეგ მაუგლივით ვარ ხოლმე:-)
ერთი კვირის მანძილზე ‘ვაფშე’ არ მოსულან, რამდენჯერაც დავრეკეთ – მიმდინარეობს გამოძიებაო – იდუმალი ხმით გვითხრეს..
გუშინ კი, ღამე გვიან მივედი სახლში.. ეზოდან ავიხედე ზემოთ, (მე – 9 სართულზე ვცხოვრობ) ჩემი კარის მეზობლის ფანჯარა სინათლეს “ასხივებდა”. “ნეტა საიდან გადმოიყვანეს მეთქი” – გავიფიქრე. უცებ დედაჩემი წამომეწია, სამსახურიდან მოდიოდა , სოფიკომ არ დაგირეკა – შუქი მოსულაო..
ვაააააააააააააააა მეთქი.. ასე რა გამიკვირდებოდა ცხოვრებაში, არ ვიცი.. დილიდან 2 საათამდე (ჩემი დის სკოლიდან მოსვლამდე) “კაბელებიც” შეუყვანიათ და “მრიცხველების კარადაც”, ოღონდ სართული შეუცვლიათ, ადრე მეექვსეზე იდგა, ახლა მეშვიდეზეა..
მაგარია რა…
იმაზე გაბრაზებაც კი დამავიწყდა – რატომ მომატყუეს და შემაშინეს – 2 – 3 თვე არ იქნება შუქიო..

 
2 Comments

Posted by on მაისი 28, 2009 დუიმი მე:-)