RSS

რეპორტაჟი დინამოს სტადიონიდან

28 მაისი

26მაისი, დამოუკიდებლობის დღე, 11საათი და 30წუთი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის შესასვლელთან ჩვეულებრივზე მეტი ხალხი ირევა. შეკრების მიზეზი – თბილისის ეროვნულ სტადიონზე ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია..
სტადიონის შესასვლელ ჭიშკართან, ორი ქალი და ერთი მამაკაცი დგას და დღევანდელ აქციაზე ბჭობენ.. ეტყობათ, რომ ერთმანეთი ახლახან გაიცნეს..
“თქვენი სახელი, ჩემო დაიკო? თუმცა სახელს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია გული იყოს, გული, მთავარია საქართველო და ქართველები გვიყვარდეს.” – ამბობს 50 – იოდე წლის ბაკენბარდებიანი მამაკაცი.
“ჩემო კეთილო, მთავარი სწორედ ეგ არის, მაგრამ სად არის სიყვარული და პატივისცემა, მე შევიდოდი დღეს აქციაზე, შევიდოდი, აი, მოვედი და ვუყურებ.. მაგრამ თბილისელები არ გამოდიან, აქ არ მოდიხარ და ეძახი საწყალ კაცს რეგიონებიდან. ეს არის საქმე? არ ვიცი, თბილისელებს რა მოუვიდათ, სულ გადავგვარდით ეს ხალხი” – დამწუხრებული სახით პასუხობს შავებში მოსილი პუტკუნა ქალბატონი..
“მაკარონის და ზეთის დაკარგვა არ უნდათ, თორემ” – ერთვება საუბარში დაბალი, ჯინსებში გამოწყობილი, 65-იოდე წლის ქალბატონი.
სამეულმა ხუთიოდე წუთს იმასლაათეს პოლიტიკაზე, აქციაზე მიმსვლელთა რაოდენობაზე.. შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით, (არა მოედნის) გაემართნენ..
სტადიონის შენობიდან საქართველოს ჰიმნი ისმის.. ეზოში ქალი შემოდის, ეტყობა ნასვამია, გაჩეჩილი, მწვანედ შეღებილი თმა აქვს და ხელში ფორთოხალი უჭირავს.. თავი მაღლა აქვს აწეული, ხელი გულზე დადებული და სიმღერას ხმას აყოლებს.
სტადიონის ერთ-ერთ შესასვლელთან ორი ჩინელი ქალი დგას და ერთმანეთში დამტვრეული ქართულით ლაპარაკობენ.. ჩემს კითხვაზე, რატომ მოვიდნენ დღევანდელ აქციაზე, კლარა მპასუხობს, რომ – “მიშა არ არის კარგი, მან ქართველი ხალხი დაგუპა, მეც დამგუპა, მენძიც დაგუპა.(და თანმხლებზე იშვერს ხელს) არ გვინდა მიშა. წავიდეს მიშა.”.

ხალხი ჯგუფებად მოძრაობს და იარუსებს და სექტორებს ირჩევს.. თუ გამომსვლელებიც არიან, წინა რიგებში მყოფნი აღარ მიიწევენ და უკან ბრუნდებიან ფრაზით – იქ ბევრი ხალხი იქნება..
– კარგი რა, თამაშზე ხომ არ მიდიხართ, რა მნიშვნელობა აქვს სად იჯდებით – ყვირის დაცვის სამსახური..
ადგილები კი ჯერჯერობით ბევრია, მოქალაქეები იმ ადგილებისკენ ილტვიან, სადაც სკამებზე თეთრი ნაჭრებია გადაფარებული და დაჯდომის შემთხვევაში დასვრას გადარჩები. უმეტეს სკამებზე კი ნაწვიმარისგან ან წყლის პატარა გუბეებია დარჩენილი, ან კიდევ წყალი დამშრალია, თუმცა ტალახი მაინც დარჩენილი.. ‘თეთრნაჭრიანი” იარუსები ძირითადად ტრიბუნის საწინააღმდეგო მხარესაა განფენილი, ალბათ მიზანი ისაა, რომ ხალხი ტრიბუნის მხარეს არ მიაწყდეს და შედარებით ერთგვაროვნად გადანაწილდნენ..
ხალხი კი ემატება რიგებს, ჩემს გვერდით სტადიონის ორი დაცვა ერთმანეთს ეუბნება, – ბიჭო, თამაშზე რომ იყოს ამდენი ხალხი, რა მაგარი იქნებოდა…
სტადიონის დაცვის სამსახურის გარდა სარბენი ბილიკებისკენ გადამსვლელ ხალხს ნარინჯისფერ ფორმაში გამოწყობილი მოძრაობა “მშვიდობით” – ის აქტივისტები აკონტროლებენ.. მოედანზე, იქ სადაც აქციის ორგანიზატორები ირევიან და ტრიბუნა დგას, მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს უშვებენ.. მათთან არ ჭრის უნივერსიტეტის რადიო, უნივერსიტეტის გაზეთი.. ამიტომაც ერთი ან ორი გზაა დარჩენილი. უსაშვო რეპორტიორები ან ჩუმად უნდა შეიპარონ ან ვინმემ უნდა შეაპაროს..
ერთ-ერთი ამ ხერხის გამოყენების შემდეგ მოედანზე აღმოვჩნდი..
რამდენიმე ხმის გამაძლიერებელით ისმის საქართველოს ჰიმნი და სხვა სიმღერები საქართველოზე + უცნობის შემოქმედება.. მუსიკის ფონზე , დიდ ეკრანებზე პარალელურად გადის აქციებზე ოპოზიციის სხვადასხვა ლიდერის გამოსვლა და მათი ხალხთან ურთიერთობის უხმო კადრები..
უკვე დღის პირველი საათია, ხალხის რაოდენობა იზრდება.. სპეციალურად გამართულ ტრიბუნასთან დათო მაღრაძე და კოკა გუნცაძე ცვლიან ერთმანეთს მიმართვით – ხალხო, გადაიწიეთ, კიბეებზე და სარბენ ბილიკებზე ვინც ხართ, აბრძანდით და დაბრძანდით. ადგილები უნდა შეივსოს , არ უნდა დარჩეს არც ერთი ცარიელი ადგილი.
(თუმცა ცარიელი ადგილები საბოლოო შევსების და უცნობისგან ხალხი მოყვანის შემდეგაც დარჩა, 80 იარუსიდან თითოეულში 20-დან 50ადგილამდე თავისუფალია და ყვითელი, ლურჯი, წითელი სკამები მოჩანს)..
ყოველი ახალი ოპოზიციური ლიდერის გამოჩენისას მოძრაობა “მშვიდობით” – ის აქტივისტები სირბილით მიდიან , მოედანს წრეს არტყამენ, რკალად ერტყმებიან შემოსულს და შემოჰყავთ.. მათ ჟურნალისტები ედევნებიან ჟივილ-ხივილით.. მთავარი ამოცანა – როგორმე მიკროფონი ყველაზე ახლოს მოხვდეს. დიდ ეკრანზე ბურჯანაძე გამოჩნდა. ხალხი ტაშით ეგებება. ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ ჯერ უცხოურ მედიას მისცა კომენტარი, მერე რუსულს, საბოლოოდ ქართულს.. რა თქმა უნდა, სამივე ერთი შინაარსის – “დიალოგი გაიმართება მხოლოდ სააკაშვილის გადადგომაზე”.
ბურჯანაძის შემდეგ შალვა ნათელაშვილი შეუერთდა მიმდინარე აქციას სიტყვებით – დღეს არის ისტორიული დღე, დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს არა მთავრობა, არამედ ხალხი.. დღეს ხალხის დღეა მხოლოდ ხალხმა უნდა იზეიმოს ეს დღესასწაული, თავიანთი დღესასწაული”.
“ორატორები კიდევ ერთხელ, უკვე მეხუთედ გვახსენებენ, რომ უცნობი დიღმის მასივიდან შემოდის ხალხთან ერთად 10 – 15 წუთში… 10-15წუთმა რამდენჯერმე გადაივადა.. პოლიტიკოსებიც დაიღალნენ და დასასვენებლად ტრიბუნების პირევლ – მეორე რიგში დასხდნენ. თინა ხიდაშელი, დათო უსუფაშვილი.. მათ უკან ნინო ბურჯანაძე, სალომე ზურაბიშვილი და ეკა ბესელია სხედან და საღამოს ფინალზე საუბრობენ.. “უცნობი რომ მოვა, ის გააკეთებს სიტყვას და მას შემდეგ მხოლოდ” – ეუბნება ზურაბიშვილი ბესელიას..
“სააგენტოების საყურადღებოდ, გადაეცით ეს ინფორმაცია – დღეს რომ ოპერაში აპირებენ რაღაცას, ჩვენ მივალთ იქ , სირცხვილის დერეფანს მოვაწყობთ და ყველაფერს ჩავუშლით.” – ეუბნება ჟურნალისტებს პირველ რიგში მჯდომი, 20-22 წლის ბიჭი. კახა კუკავა არ ჩანს დაღლილი, სარბენ ბილიკებზე დადის და გაღიმებული იღებს სურათებს.
სარბენ ბილიკებზე მყოფი ხალხი შესასვლელთან მოგროვდა, რამდენიმე წუთში “უცნობი” – გია გაჩეჩილაძე მოდის რეგიონებიდან ჩამოყვანილ ხალხთან ერთად.
რუსთავი 2 – ის ჟურნალისტი ოპერატორს ურეკავს – “უცნობი შემოვა 10-15 წუთში და ზემოდან გადაიღე, ყველაფერი, ხმები, ტაშები.. არაფერი არ გამოტოვო”..
ისმის ყვირილი, ჟივილ-ხივილი და უცნობი ხალხთან ერთად შემოდის მოედანზე.. “ხალხია აქ ლიდერი და არა ჩვენ, ეს უიშვიათესი დღეა, ყველაზე მაგარი” – ყვირის ის.

უცნობთან ერთად მისი მოყვანილი ხალხიც შემოვიდა და სირბილით სტადიონს ჯერ წრე დაარტყეს, შემდეგ კი სათამაშო მოედანზე გადავიდნენ ყვირილით და სიმღერით..
18 – 20წლის სამი ბიჭი ეხუტება ერთმანეთს – “ნახე, რამდენი ხალხია ძმაო, გადავრჩით ძმაო, ნახე ძმაო, უყურე, უყურე” – ემოციებს ვერ მალავს ჩოფურა, ხუჭუჭთმიანი ბიჭი.
“ხო, ძმაო, კაია რო დავინახეთ , ვინ ვინ არის და რა რა არის”.. – იცინის ძალიან გამხდარი, ქერა ბიჭი და ტელეფონით სურათებს უღებს მოედანს..
დღის ორი საათია, ოპოზიციის ლიდერები ტრიბუნასთან შეიკრიბნენ და აქცია დაიწყეს.. პირველი სიტყვით უცნობი გამოდის , რომელიც ამბობს, რომ თავად გააკეთებს მომავალი გეგმების შესახებ დასკვნით სიტყვას.
“ჩვენს მარადიულობას გილოცავთ ხალხო, მოდით ახლა და დაგვთვალეთ. “ –ყვირის დათო მაღრაძე. მომღერალი ნატო მეტონიძე კი საქართველოს ჰიმნს მღერის ხალხთან ერთად. აყოლებენ ხმას, სიგარეტით, რვეულებით, დროშებით ხელში..
სიტყვით დათო ზურაბიშვილი გამოდის – “მერაბიშვილის საქართველოში ჩვენ არ ვიცხოვრებთ” – ამ სიტყვებზე სამხედრო ექსპერტი კობა ლიკლიკაძე თავს იქნევს და გვერდით მდგომ კაცს ეუბნება – “მაგრად ლაპარაკობს, მაგარი ორატორია”.
ეკა ბესელია, ნინო ბურჯანაძე, დავით გამყრელიძე, სალომე ზურაბიშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე – ულოცავენ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და ხელისუფლებას კანონგარეშეს უწოდებენ, წინა აქციების მსგავსად ითხოვენ პრეზიდენტის და მთავრობის გადადგომას და ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს .
“მოდი, ყველამ დავდოთ პირობა, რომ სანამ არ გავიმარჯვებთ, სანამ მიზანს არ მივაღწევთ , არ გავჩერდებით’ – ამბობს გამყრელიძე..
ხალხის განსაკუთრებული ოვაცია ლევან გაჩეჩილაძის გამოსვლამ , უფრო ზუსტად კი მისმა დაჩოქებამ გამოიწვია.
ახლა გუბაზ სანიკიძე გამოდის სიტყვით – აფხაზებს და ოსებს ფეხზე წამოვუდგეთ და ვუთხრათ, რომ კეთილი იყოს მათი მობრძანება საქართველოში. აფხაზებს გაუმარჯოს.. ოსებს გაუმარჯოს..”.
ერთ პოლიტიკურ ლიდერს მეორე ცვლის, ბევრს არ მოუწია სიტყვით გამოსვლა, რაზეც ორატორებმა მოუბოდიშეს – დროის სიმცირის გამო. დასასრულს, უცნობი დასკვნითი სიტყვით გამოდის..
დღის ოთხი საათია. სტადიონზე შეკრებილი ხალხი აღმაშენებლის გამზირის მიმართულებით სამების საკათედრო ტაძრისკენ მიემართება. მიზეზი –  “უცნობის” ნათქვამი სიტყვებია – “მივიდეთ და მანამ არ წამოვიდეთ, სანამ პატრიარქი არ დაგველაპარაკება და არ დაგვლოცავს, მან უნდა გვითხრას, როგორ მივიდეთ სიყვარულის საქართველომდე”.

Advertisements
 
6 Comments

Posted by on მაისი 28, 2009 in რეპორტაჟები

 

6 responses to “რეპორტაჟი დინამოს სტადიონიდან

  1. polkovniki

    მაისი 28, 2009 at 11:37 AM

    კარგი რეპორტაჟია მომეწონა. თუმცა ობიექტურობისათვის აჯობებდა დაგემატებინა, რომ მართალია ზედა რამდენიმე ადგილი ცარიელი იყო, მაგრამ გასასვლელები სავსე იყო ხალხით და რამდენიმე სექტორში აღაც უშვებდნენ

     
  2. polkovniki

    მაისი 28, 2009 at 11:37 AM

    კარგი რეპორტაჟია მომეწონა. თუმცა ობიექტურობისათვის აჯობებდა დაგემატებინა, რომ მართალია ზედა რამდენიმე ადგილი ცარიელი იყო, მაგრამ გასასვლელები სავსე იყო ხალხით და რამდენიმე სექტორში აღარც უშვებდნენ

     
    • mariakhsiashvili

      მაისი 28, 2009 at 12:20 PM

      მე რომ შევდიოდი, უშვებდნენ კი არა, ეხვეწებოდნენ.. თან მერე “უცნობმა” ხალხი რომ მოიყვანა, არა მგონია შესვლის მსურველი გარეთ დაეტოვებინათ.. რავიცი, მე თავს არ ვდებ, რაც ვნახე, ის დავწერე..

       
  3. gvanci

    მაისი 29, 2009 at 11:06 AM

    ise saqarTvelos himni saqarTveloze simgera ar aris….

     
  4. თამუნა

    მაისი 29, 2009 at 4:12 PM

    ,,ეზოში ქალი შემოდის, ეტყობა ნასვამია, გაჩეჩილი, მწვანედ შეღებილი თმა აქვს და ხელში ფორთოხალი უჭირავს.. თავი მაღლა აქვს აწეული, ხელი გულზე დადებული და სიმღერას ხმას აყოლებს.”

    ეგ მაგარი სანახავი იქნებოდა;):);)

     
    • mariakhsiashvili

      ივნისი 1, 2009 at 6:32 AM

      aba?:-) au, convert.ge rato Wedavs..

       

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: