RSS

Monthly Archives: ივნისი 2009

რეპორტაჟუნა წამების დღიდან

პარასკევს წამების საერთაშორისო დღე რომ იყო, ნამდვილად არ ვიცოდი, ისე მივდიოდით მე და ჩემი ჯგუფელი ანელი ჩვენს ჩვეულ გზაზე, შინისკენ. . ოპერასთან დავინახეთ უამრავი ხალხი.. რაღაც სამგლოვიარო პროცესიასავით იყო ეს მოძრაობა.. შორიდან კიდევ ბევრი ხალხი ჩანდა.. დაგვაინტერესა და გავყევით ნაკადს (როგორც ანელიმ თქვა – თეორიულად ხომ მაინც ვართ ჟურნალისტები.).. ცოტა ხანს ვსდიეთ, ცოტა დაგვაბიჯეს, ცოტა დავაბიჯეთ, მაგრამ მაინც ვერაფერი გავიგეთ..

 კითხვას – რა ხდება? (კოკა გამახსენდა, ყანდიაშვილი), ჩვენი მოქალაქეები ძალიან მტკივნეულად აღიქვამდნენ. .

 – “უსამართლობას ვაპროტესტებთ” – ქალი არ ჩერდება და უკანმოუხედავად მიდის..

– ბატონო?

– რა ვერ გაიგეთ, უსამართლობას ვაპროტესტებთ მეთქი..

– ვერ ვხვდებით რა სახით, მართლა გვაინტერესებს..

– გითხარით, უსამართლობას ვაპროტესტებთ მეთქი, სააკაშვილის მოგაზავნილები რომ ხართ..( ქალი აშკარად აგრესიული გახდა)..

– ვაიმე..

– რა ვაიმე ერთი..

 ჩვენი გაოცებული სახე მსვლელობის სხვა მონაწილეებმაც ცუდად გაიგეს.

– “ხო, ხო, ვერ გაიგეთ? თორემ არ ხართ, რას ამბობთ” – და შემოგვიბღვირეს..

სასწრაფოდ გავეცალეთ და წინ წავედით.. როგორც გავიგეთ, ამ პროცესიას გეზი უზენაესი სასამართლოსკენ ჰქონდა აღებული.. ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვთქვა, რომ არც ვიცოდი სად იყო – ვიცოდი მხოლოდ თეორიულად –  არის ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე , ეს ქუჩაც ვიცოდი ასევე თეორიულად – სადღაც რუსთაველის გამზირიდან უნდა აუხვიო.. ახლა კიდე, ასეთი “შანსი ჩამივარდა”..

DSC01131 (1)

მივყევით ბოლომდე.. სასამართლოს შენობის მოპირდაპირე მხარეს, “მეოხის” რედაქცია თუ რა შენობა არ ვიცი, საცხოვრებელი სახლიც იყო ამავდროულად, იქ დაიდეს ბუდე.. თავიდან დავინახეთ წითლად აფორაჯებული ხაინდრავა .. მერე შემოემატნენ ლევან გაჩეჩილაძე და სხვები..

DSC01138

ხალხი მოდიოდა და მოდიოდა.. ოღონდ ეს ხალხი აღარ ჰგავდა ძველ “აქციონერებს” და “პროტესტანტებს”.. ახლა რაღაც ყველაფერზე წამსვლელი ადამიანების ჯგუფი იყო.. მე და ანელიმ მივიღეთ გადაწყვეტილება – არ გაგვემჟღავნებინა ჩვენი პოლიტიკური ორიენტაცია (არც ის, რომ ჟურნალისტური ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ვიყავით აქ,, ერთადერთი მობილური ტელეფონი თუ გაგვყიდდა, რომლითაც სურათებს ვიღებდით..).. ვიდექით ჩვენთვის ჩუმად..

DSC01203

ხალხის ჩოჩქოლი და ტაშის კვრა არ წყდებოდა.. ხმას ამოიღებდა გრეჩიხა და ერთი ხალხის დაჩოქებაღა აკლდა , თორემ თავი ძველი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში მეგონა… ლევანი არმაზის კერპი იყო და ეგაა…

 – ხალხო, გადაიწიეთ, მთელ ტერიტორიაზე განვლაგდეთ, ბევრი ხალხი მოდის ძალიან,, თქვენ იქით გადაიწიეთ.. (რას გადავიწეოდი, ძლივს ოცნება ამისრულდა და მეფე (თან ამდენი) ახლოდან დავინახე)..

აივნებიდან ხალხი სურათებს იღებს, რაც ხალხის აღშფოთებას იწვევს..

– “ეს ამხელა კაცი რამ გადარია, რამ, რატომ გვიღებს რა უხარია ერთი” – ყვირის 40იოდე წლის ქალი, და ღია მწვანე ყვავილიან რეზინის ქოშებს ერთმანეთს უსვამს..

– აბა ეს გააკეთოს თუ მაგარია, (რაღაც ფიცარს აწოდებენ აივანზე). თოკი უნდა, თოკი.. თავიდან ვერ მივხვდი, როგორც აღმოჩნდა, ეკრანია და პროექტორის მეშვეობით რაღაც ფილმების ჩვენებას აპირებენ..

“ჩვენ ველოდებით დაბნელებას, რომ მოვახერხოთ ფილმის ჩვენება, მანამდე კი გვეყოლება რამდენიმე პოლიტ.გამომსვლელი – აცხადებს ბესელია..

უცებ ხალხმა ყიჟინა დასცა და ყველა სასამართლოს სახურავზე იშვერს ხელს. სახურავზე შავნიღბიანი ახალგაზრდა კაცი დგას, (სავარაუდოდ ახალგაზრდა ) და ფოტოებს იღებს.. რატომღაც ჩემი ნაყურები მწირი ფილმები გამახსენდა და აქედან “ლეონი” , კინაღამ გამიელვა – ვაითუ, სნაიპერი ან ქილერია მეთქი.,. რავი, რას არ იფიქრებს ადამიანი..

ხალხი ხელს უქნევს და ყვირის.. “გვიყურე რამდენი ვართ და გასკდი გულზე, მიწა დაგაყარე შენ” – ყვირის 70მდე წლის ჭრელხალათიანი, ხელებზე მრავალბეჭედასხმული ქალი, რომელსაც თმა ყვითელი აბადოკით გადაუწევია.

“გადაგვიღე, გადაგვიღე, გაუხეთქე გული ჩვენს მტერს – გვიყურე”, – 40იოდე წლის შავებში მოსილი ქალი ჰაერში ხტება და ხელს ისე უქნევს, თითქოს მისწვდებაო, თან მუყაოსგან გამოჭრილი ლუდ “ქარვის” მარაოთი ინიავებს ყელს..

ქოქოლამიყრილი ფოტოქილერი ფოტოაპარატს იშორებს და შუათითს აჩვენებს “დუშმანთ”..

– ეგ შენ და შენს ოჯახს შე სამიწე”..

მოკლედ, ეს ფოტოქილერი საღამოს მთავარი თემა გახდა – გაჩეჩილაძე გამოდის – არ არსებობს, რომ ამ ადამიანის ან ნათესავი არ იყოს უსამართლოდ დაჭერილი ან მეზობელი, ან მამა, ან..

– ან უბნელი – აშველებს რამდენიმე ხმა ერთად.

–  ხო ან მეზობელი, ან მამა, ან ბიძა, ან მეგობარი, ან, ან..

–  ან უბნელი – კვლავ ისმის ხმები..

–  ხო, ან უბნელი.. მოეშვა გულზე გრეჩიხას..

“ჩვენ შენთვის ვცდილობთ, რომ შენ თავისუფალი საქართველო დაგახვედროთ.. ხალხო, ამას კი არ უნდა უყვიროთ , კი არ უნდა აგინოთ, უნდა ჩამოიყვანოთ, მოეფეროთ, დაუყვავოთ და ფეხი დავბანოთ, რადგან ძმაა ესეც თქვენი” – მქუხარე ტაში..

 – ხო, გენაცვალე, აბა რა, უნდა ჩამოვიყვანოთ და თოკი უნდა თოკი ამას, კვლავ ყვირის ის 70მდე წლის ჭრელხალათიანი, ხელებზე მრავალბეჭედასხმული ქალი, რომელსაც თმა ყვითელი აბადოკით გადაუწევია.

ძალიან ცხელა, არამარტო აქციის მონაწილე “ჩვეულებრივ ადამიანებს”, არამედ ლიდერებსაც კი დასცხათ.. გრეჩიხამ ოფლი მოიწმინდა სახიდან და ყელიდან და ხელები ცისფერ პერანგზე გაისვა,, ხო, ასეთი მიმართვაც გაუგზავნა “ფოტოსნაიპერს” – ეგ ფოტოები აიღე, დაახვიე, ვაზელინი წაუსვი და მერე ხომ იცი, რაც უნდა ქნა”..

გამოვიდნენ ბესელია, ბურჯანაძე, ზურაბიშვილი – ყველამ შეიცოდა ის უბედური ფოტოსნაიპერი , ხო, მათ ამოსვლას ხალხის “შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე” არ მოკლებია.. ამასობაში ჩვენს ტელეფონებს რაღაც დაემართათ და სურათებს აღარ იღებდნენ.. ხოდა, აღარ დაველოდეთ შემდგომ “წამებას” და წამოვედით…

მაპატიეთ, სურათების  მცირე რაოდენობის გამო.. იმდენად აღარაფრის თავი არ მაქვს, რომ უნი – ს მაღალსიჩქარიანი კომპების მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით სურათების ატვირთვა ნამდვილი ტანჯვა იქნებოდა ჩემთვის.. მხოლოდ ერთს წარმოგიდგენთ:

26062009030

დიდებულის ფეხები..

 
9 Comments

Posted by on ივნისი 30, 2009 დუიმი რეპორტაჟები

 

ვიცინოთ თუ ვიტიროთ???

 თითქმის ორი წელია ვცდილობ ვისწავლო (და მეგონა გამომივიდა) – როგორ დავიკიდო ბევრი ვინმე და რამე ფეხებზე, მაგრამ გუშინდელი “რაღაც” ვერ დავიკიდე..

ისე ვარ გაბრაზებული, არ ვიცი, საიდან დავიწყო. გუშინ, 6საათის, ანუ მას შემდეგ, რაც სამონტაჟო ოთახებიდან გამოგვყარეს, თავისუფალ და ცარიელ აუდიტორიაში დავსხედით და გამოცდისთვის გადაცემების პრომოების ტექსტებს “ვიფიქრებდით”.. ამ დროს შემოიხედა დაცვის ბიჭმა – რომლის მხოლოდ სახელი ვიცი – ლევანი , რომელზეც მაქვს ერთი აზრი, რომელიც ბოლო ორი წელია, არ შემცვლია და გუშინ კიდევ უფრო გამიმყარდა..

ჯერ კიდევ, შარშან, ლექტორმა შაბათ დღეს დაგვიბარა დამატებით ლექციაზე და ეს “წესრიგის მოდარაჯე” შენობაში არ მიშვებდა – პაიჭაძეს არ გავუფრთხილებივარ, ლექცია თუ ჰქონდაო..

წინა სემესტრში, 15წუთიან დილის პროგრამაზე მუშაობისას “ჩვენს დროს” – გაგვყარა (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) სამონტაჟო ოთახებიდან..

ერთხელ ვთხოვეთ – ერთი საათით მაინც დაგვტოვე, სამონტაჟო გვაქვს–თქო და “გასკდა გინებით”.. მოკლედ, რა უნდა გაგიკვირდეს ასეთისგან.. მაგრამ გუშინდელმა საქციელმა საბოლოოდ გაგვიწყვიტა მოთმინების ძაფი.. ვისხედით მერხებზე.. ჯერ ერთი, მერე რა, რომ მერხზე იჯდე, მეორეც დარწმუნებული იყავით, რომ იმ სკამებზე, რაც იმ აუდიტორიაშია, ადამიანი ვერ დაჯდება და, მით უმეტეს ისე, როგორც უნდა.. შემოვიდა და ანელის მიუბრუნდა

 – სკამი არ გყოფნის?

– არა, არ ვარგა სკამები.

– ცხენი გყავს სახლში? მასე ცხენებზე ზიან–ხოლმე.

– ვაი, აღარ..

მოკლედ, “გავუტარეთ” და ჩვენი საქმე გავაგრძელეთ.

– “რა არის, არ გესმის, რომ უნდა ჩამოხვიდე და ნორმალურად დაჯდე?

 – შენ რას გიშლი? და შენს კომპეტენციაში შედის ის, რომ აკონტროლო, ვინ სად ზის?

 – კი..

მოკლედ, ძალიან შევყევით, “გაგსვავთ გარეთ, ამის უფლება მაქვსო” და რავიცი, რა აღარ დაიწყო პატარა ბავშვივით. ბოლოს – სტუდბილეთი მაჩვენეო – ანელის უთხრა. გამოართვა და გულისჯიბეში ჩაიდო – დაგჭირდება და მომაკითხავო..

 უნივერსიტეტიდან გასვლის წინ შევედით დაცვის ოთახში, ამ მათხოვარს ეყო სინაგლე და – “კიდევ რა გინდა, არ დაგიბრუნებ, დაწერე საჩივარი, წადი დეკანთან, გადადი მეორე კორპუსში, მოძებნე თენგიზ წიკლაური” და მასეთები დაგვიწყო.. თან იმდენად “ხისთავიანურად” იქცეოდა – ჩემი ნებაა, მე როგორც მინდა, ისე გავაკეთებ. სანამ მე არ მომინდება , არ დაგიბრუნებ, წადი, დარეკე პატრულში, ზუსტადაც ყველაფრის უფლება მაქვს.. მართლა ამომასხა, გული ისე გამიხდა, ზოოპარკში დიდ ნავებზე რომ მომდის ხოლმე, დავუწყე ამ ნადირს : “ნუ გავიწყდება, რომ რა ფულიც შენ მიგაქვს სახლში, ჩვენი გადახდილია” – მეთქი.

ანელი მართლა ეხვეწა და ემუდარა – დამიბრუნე, ადამიანურად გთხოვ, ადამიანებთან არ ურთიერთობ? ახალგაზრდა ადამიანი ხარ, მერხზე არ დამჯდარხარო? არაო, წადით ეხლა, თავი ნუ ამატკიეთო.. რომ შეჯდა ეს საქონელი ვირზე, ვეღარ ჩამოვაგდეთ.. ჯიუტად იმეორებდა – მე ყველაფრის უფლება მაქვსო..

მერე, პატარა ბავშვებს რომ ეუბნებიან – მეორედ აღარ იზამო? ისე ჰკითხა ანელის – კიდევ ჩაიდენ ასეთ რამესო? ფიცის დადება უნდოდა.. “მე, ანელი ჯემალის ასული ედიშერაშვილი, პიონერულ სიტყვას ვიძლევი, რომ არათუ შემოვჯდები მერხზე, არამედ ახლოსაც აღარ გავეკარები მას. დედას ვფიცავარ, მამას ვფიცავარ და ყველას ვფიცავარ”.

მერე მე მომიბრუნდა და – რა გინდოდა შენ წეღან? შენ გაქვს სტუდბილეთიო? – ვაი, არა მეთქი.. – ხოდა, ვერ შემოხვალ ხვალიდან უნივერსიტეტშიო – (დამემუქრა ბიჭი) (არადა, აგერ ვარ:–))..

 ბოლოსდაბოლოს, დიდი ჩხუბის და ერთი ამბის შემდეგ, რომ დავსხედით და აღარ ავდექით, აგვიყვანა ადმინისტრატორთან, თავისნაირთან.. რომელმაც დაიწყო მორალის კითხვა, რომ “გოგო ხარ და არ არის ლამაზი, მერხზე დაჯდომა, ქართველები ვართ და რა წესდება გვინდა ამისთვის და..  უნდა ვაკონტროლოთ და…  ლევანი მარტო მერხზე ჯდომისთვის არ წაგართმევდა სტუდბილეთს და”…. როგორც სოფი გორელაშვილი იტყოდა – “არა, ორგია გვქონდა..”

 ბოლო წვეთი ის იყო – ამ დროს უნივერსიტეტში რას აკეთებთ, შინაგანაწესი არსებობს, რომ ლექციების შემდეგ არ შეიძლება აქ ყოფნაო.. დავალებაზე სახლშიც შეიძლება მუშაობაო.. რა გინდა, რომ ასეთს აუხსნა?

 საბოლოოდ (გუშინ) მაინც არ დაგვიბრუნეს ანელის სტუდბილეთი, უფროსს აქვს და ხვალ დილამდე არ იქნებაო..

ეს ამბავი დღესაც გაგრძელდა.. ჩვენი ძვირფასი უნივერსიტეტის , ზეძვირფასი მე – 6 კორპუსის, ჟურნალისტიკის მიმართულების “თლა  უ(მ)ფროსი” სპეციალისტიც დაცვასთან ერთად აფუილებდა სიგარეტს.. ანელი როგორც კი მოვიდა, შევიდა დაცვის ოთახში და მოითხოვა სტუდბილეთი.. ეს ჩვენი გუშინდელი ამბავი გაუგია დაცვის “სხვა კაცებსაც”, დამლაგებელსაც.. როდესაც ანელიმ ჰკითხა “თლა უ(მ)ფროს” სპეციალისტს – აქვს თუ არა დაცვას უფლება, წამართვას სტუდბილეთი იმის გამო, რომ ჩემი ჯდომის მანერა არ მოსწონსო.. “თლა უ(მ)ფროსმა” უპასუხა:

– არა, მაგრამ აქვს უფლება შენიშვნის მოცემის..

 – შენიშვნის მოცემის უფლება ყველას აქვს ზოგადად.. მე მაინტერესებს, აქვს თუ არა უფლება, ამისთვის წამართვას სტუდბილეთი..

შემოესივნენ მთელი “დაცვის კაცები” და დამლაგებელი – ეს ახალგაზრდობა ძველს არაფერს სცემს პატივს, წესიერად ჯდომა უნდა ისწავლონ”..

(მორალს გვიკითხავენ რა)..

 “უ(მ)ფროსი” სპეციალისტი ამბობს , არ აქვთ წართმევის უფლებაო და მეორე დაცვა ყვირის, არ დაუბრუნოო. ამაზე ანელი მიუბრუნდა ( თლა “უ(მ)ფროსს”) და – თქვენს სიტყვას ფასი არ აქვს? დამიბრუნოს სტუდბილეთი..

– აუ, დაუბრუნეთ რაააა (ხვეწნის ინტონაცია – კი დამნაშავეა, მაგრამ მიე რაა) .

საბოლოოდ დაუბრუნა  ადმინისტრატორმა (იმან, ტუალეტის გვერდით რომ აქვს რეზიდენცია)..

რა უნივერსიტეტშიც ვსწავლობთ, ისეთი დაცვის სამსახური და ისეთი ადმინისტრაცია გვყავს..

რა მიკვირს ყველაზე მეტად, სხვა ყველაფერი მოგვარებული აქვთ და ესღა დარჩა პრობლემა.. “მოწევა აკრძალულია” – ს განცხადების ქვეშ რომ ეწევიან სიგარეტს (არა მხოლოდ სტუდენტები, თავად ადმინისტრაციის “უ(მ)ფროსი ” წარმომადგენლები) ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და არასალექციო პერიოდში ცარიელ აუდიტორიაში ხუთი გოგო თუ მერხზე იჯდა, ეს კანონდარღვევაა და ამის გამო შეიძლება საბუთების ჩამორთმევა და შეურაცხყოფის მიყენება..

როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა –  “ვიტიროთ ძვირფასო მკითხველებო ამაზე , თუ ვიცინოთ”? (ანუ ამონარიდი პირველი ქართული უნივერსიტეტის ცხოვრებიდან.)

 
16 Comments

Posted by on ივნისი 24, 2009 დუიმი თსუ

 

ქართული მუსიკის პერლები

გუშინ კიდევ ერთხელ , (უკვე მართლა საბოლოოდ ) გადავხედე ანელის მოტანილ დისკს და ამოვიღე რაღაც სიმღერები, სადაც ჩემი “სმენის აზრით” კავკასიური მელოდიკა ისმის. ხოდა, სამი “კავკასიური ანტიპრომო” “მივეცი”..

ახლა მინდა წარმოგიდგინოთ – (სიტყვას ვაძლევ ბატონ ლევან გაჩეჩილაძეს (სიტყვაზე, ლევანს, არ გამიწყრეთ ლევანის ფანებო”) რამდენიმე სიმღერის (ყველა “კავკასიური არ არის ცხადია”) მოკლე შინაარსი – რას მღერიან ქართველები. (გია სურამელაშვილს, ნინო ჩხეიძეს და ასეთ დონე ხალხს არ აშევაწუხებ და საზოგადოებისთვის და “ანტიპრომომეიკერისთვისაც” უცნობი მომღერლების “დისკოგრაფიას” მოგაწვდით)..

კერძოდ, დავიწყოთ ყველაზე “კარგით”.. ახლა რა თქმა უნდა, მთლიან ტექსტით არ შეგაწყენთ თავს (ვისაც დაგაინტერესებთ, პირადად თქვენთვის “გამოვაპუბლიშებ”) , მაგრამ რამდენიმე ფრაგმენტის დაწერა შეიძლება.

ერთხელ სახლში მივდიოდი, თავს დამეცა დიდი მეხი, ჩემს საწოლში ორის ნაცვლად , დავინახე ოთხი ფეხი..”.

მე არ ვისარგებლებ ბოროტად თქვენი ცნობისმოყვარეობით და ამ სასერიალო სიუჟეტის შემდგომ განვითარებასაც მოვაყოლებ:

მივაძახე ნაძირალავ, რატომ წევხართ ორიაო, მოწიწებით მიპასუხა, შენი დირექტორიაო”..

ნუ, ამ ამბავს საკმაოდ უდარდელ ნოტზე ასრულებს, იხსენებს რომ ცოლის მოიზიარე დირექტორმა ხელფასი ათას ლარამდე გაუზარდა და გარდა ამისა, ამ დირექტორის ცოლი პაემანზე დადის თავად მასთან.

სიმღერა ნომერი ორი – ეს გუშინ აღმოვაჩინე, და დიდი იყო ჩემი გაოცება, როდესაც გაირკვა, რომ ანელისაც კი ცოდნია.. ამიტომ, შეიძლება თქვენც იცოდეთ, მაგრამ ვინც არ იცის, იმათთვის:

რა კარგია, რა ლამაზი, გაზაფხულის დილა, გახსოვს გოგოვ, გენაცვალე ერთად რომ გვეძინა”.

ეს გრძელდება რაღაც უცნაური ფრაზებით, რომელსაც ვერაფერი ვერ გავუგე და მთავრდება ასე:

 “ნეილონის პერანგის ქვეშ, ხელის ფაჩი – ფუჩი, ვაი, რა ნაზად ეხებოდა, შენს ტუჩს ჩემი ტუჩი”..

მესამე პოეტური ნაპერწკალი – (რომ იცოდეთ ამის აღმოჩენა როგორ გამიხარდა:–)))

“ღმერთმა შვილად აიყვანა ერთი ბიჭი ლამაზი”..

ამას უნდა გარძელება?:–))

 ნუ, მერე ბევრი ასეთი ლამაზ-ლამაზი სიტყვებია და ბოლოს “ჩორნიე გლაზას” მუსიკაზე მიდის –

“ბედმა სად არ წამიყვანა მაინც შენთან მომგვარა, ბედმა სადაც წამიყვანა, მაინც შენთან მომგვარა, შენ გენაცვალეეე, ამ სიყვარულს ვერ დავფარავ, შენ გენაცვალე, ეს ქვეყანა, ეს სამყარო შენ შემაყვარე” – და ამთავრებს :

“მუნჯი ვიყავ, ამამღერე, კაცად აღარ ვარგივარ” – აქ მართალია..

შემდეგი  ” კომპოზიცია” –

არ დალიოთ, არ დალიოთ, არ დალიოთ არაყი , ლიმონის და ფორთოხალის ლიმონათზე გადადით”.

და ზუსტად ამ სტროფს მოჰყვება :

“ჰაი ლოთებო, დალიეთ, თეთრი ღვინო დალიეთ, ცხოვრება სულ ქეიფში, სულ ქეიფში გალიეთ”.

შემდეგ მარგალიტში ასეთი ჰანგები ჟღერს ”

მახსოვს ტუჩების კოცნით გადაღლა, როცა გიყვარდი მქონდა ხალისი”

და

“როცა მოვკვდები, ერთი თხოვნა მაქვს, ქვაზე დახატულს ჩუმად მაკოცე”..

მოდი, ამ “ვაჟკაცურ”  სიმღერებს თქვენის ნებართვით შევწყვეტ და ახლა სუბკულტურაზე გადავალ, (ნუ, ისიც სუბკულტურა იყო ალბათ, მაგრამ),,

თქვენ იცნობთ ვაით ნეგას? ძალიან ცუდი თუ არა,, ის არის ვარკეთილელი რეპერი, რომელიც არ ვიცი სად და როგორ წერს ან იფიქრებს ამ სიმღერებს.. მე მაინც შემოგთავაზებთ ფრაგმენტს მისი შემოქმედებიდან..

“ყველაზე მაგარია დღეს ჩემი ბებო, ერთი-ერთზე ნაცემი ჰყავს რემბო, შოთა რუსთაველი დაიჭირა ფაქტზე, ვეფხვისტყაოსანი დაახია თავზე”. (ვიცი, რომ ვეფხისტყაოსანია, უბრალოდ ის ამბობს ასე)..

მის სიმღერებში არის ასეთი ფრაზებიც: “

ჩემი ფეხი შეეხება დახეულ ჯინსებს’.

ან

 

მე უკვე ჩემი თავი მძულს”

ან

 “უმამოდ დარჩა ერთი საწყალი ბავშვი”. და ა.შ.

რაკიღა ასეთი სიმღერა უამრავია და არ მიხერხდება ერთ პოსტში ჩატევა, დაგინდობთ:–)))) და აქ შევჩერდები. დავამთავრებ სიმღერით რაულიზე.

“იყო ბიჭი რაული, ნამდვილი სასწაული, ისე ძლიერ შემიყვარდა, შემიყვარდა რაული”.

მე და ჩემს ჯგუფელებს გაგვიჩნდა ჰაზრი, რომ ამ სიმღერებს adobe audition – ში , კუსტარულ პირობებში წერენ.

უძეგლო მომღერლებო, თქვენს სახელს რა გამთიშავს” – უთქვამს ერთ ქართველ პოეტს..

 
5 Comments

Posted by on ივნისი 22, 2009 დუიმი ღია რადიო

 

რას გვიშვება ეს სააკაშვილი

გუშინ, ჩვენს ჩვეულებრივ გზაზე მივდიოდით მე და ჩემი ჯგუფელი ანელი.. უნივერსიტეტიდან თავისუფლების მეტრომდე (ნუ, ანელი – კოლმეურნეობამდე და მე მეტრომდე)..

ახლა ვიღაცა მკითხავს – “შე კაი ადამიანო, მაინც მეტროთი თუ მიდიხარ, რუსთაველი უფრო ახლოს არ არისო”?  – სამაგიეროდ, ვარკეთილამდე თავისუფლებიდან უფრო ახლოს არის..

ხოდა, ხოდა, მივდიოდით და აღმოვაჩინეთ ( აღმოჩენები ცოტა ადრე დაგვეწყო, მაგრამ გუშინ პიკს მიაღწია).  რომ ამ მანქანებს თავს ძალიან გაუვიდათ და ადამიანებს აღარ გვაძლევენ ადამიანურად მოძრაობის საშუალებას. მომრავლდნენ აქა, თითქოს მათი გზა იყოს, დამდგარან და მოძრაობენ გზაზე.. არ გადაირევა კაცი?

არადა, რა კარგი იყო ხოლმე, რომ გაივლიდ – გაისეირნებდი “დაგვილ–დახვეტილ” ახალ უბანში, რამდენ რამეს გაიგებდი, კარგ რამეებს წაიკითხავდი საკნებზე და ასფალტზე.. მიმოიხედავდი, არ დაგჭირდებოდა დიდი ექსკურსიები და ცალ – ცალკე დათვალიერება საქართველოს სხვადასხვა კუთხის, ერთად იყვნენ, ჩვენთან იყვნენ..

ახლა? ახლაც კი წაიკითხავ რაღაცას, მაგრამ ძველს და ცოტას, საკნების ქალაქიდან ნაქალაქარიღაა დარჩენილი..

ჩემი და ანელის სახელით, “ვაპროტესტებ” იმას, რომ – ჩვენ, მშვიდობიან მოქალაქეებს არ გვაძლევენ საშუალებას ჩვენს გზაზე მშვიდად ვიაროთ და ეს მანქანები არ მოგვებლანდონ ფეხებში..

რას გვიშვება ეს სააკაშვილი…

 
5 Comments

Posted by on ივნისი 17, 2009 დუიმი სხვადასხვა

 

“ექსკურსია”

(ეს პოსტი თარიღდება კვირა დღით:–)))

უჰ, ისეთ დღეში ვარ, რომ მთელი დღეა ვანარცხივარ სკამზე (კომპიუტერთან) და ვერაფრით ვერ ვდგები.. ხვალ ორი გამოცდა მაქვს და “ვააფშე” არაფერი არ ვიცი. ნუ გაზეთზე სტატიები მივიტანე, გაზეთი გამოვუშვით და რაღა გამოცდა, მაგრამ ლიკლიკაძესთან ოოოო.. სილაბუსში, რომელიც პარასკევს მივიღე, იმდენი რამ წერია და მე კი ერთადერთი – კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავსუფლების შესახებ ვიცი ოდენ.. ვიცი რა, ეს დავძებნე მელაძის დროინდელ ქსეროქსებში ხოდა, ხოდა, მე სხვა რაღაცაზე ვყვებოდი, დაღლილობაზე. ეს ყველაფერი გუშინდელმა ექსკურსიამ გამოიწვია. ძლივს წავედით მთლიანი შემადგენლობით, სამნი დადიოდნენ ხოლმე ძირითადად, ერთხელ მეც ვიყავი, აი თამუნა კი არაა – ხან დაღლილი იყო, ხან ამინდი არ მოწონდა..

მოკლედ გუშინ წავედით ეთნოგრაფიული მუზეუმის დასალაშქრად.. ვაიიიი, რა მზე იყო, “თავში სიცხე ჩამივარდა”. ჯერ თამუნამ გამაოცა, ერთი წელია ( სასწავლო) ვიცნობ და სპორტულ ტანსაცმელში არ მინახავს, სულ კაბა, მაღალქუსლიანები და ახლა რომ ბრიჯებსა და ბოტასებში დავინახე, ამივიდა თვალები შუბლზე.. მაგრამ არც ამან უშველა, იმას რა, მე და იმას არ გვიშველა, ძლივს ავატანეთ ცოცხლებმა მუზეუმამდე. ანელის რომ გავემხნევებინეთ, თავადაც ნელა მიდიოდა, თამუნა წუწუნებდა – იქიდან მაინც ჩამოვიდეთ ტაქსითო, ანელიმ შეიცხადა – მერე სად ვთქვა, ექსკურსიაზე ტაქსით ვიყავი. დავიტანჯოთ, ცოტა, რა მოხდაო.. რა, ტანჯვა გაკლია მეთქი? მე მაკლიაო. აეხლა მოიცა მეთქი, დავჩიჩქნე ტელეფონში ჩემი ანტიპრომოები და “ავადა ვარ ავადა” – ს პირველ ჰანგზევე რომ “მოხია”, ძლივს დავეწიეთ.. 6-ის 20 წუთი იყო რომ ავატანეთ იქა.. ბილეთები რომ ავიღეთ, “მებილეთემ” გვითხრა – 6 –მდე ვმუშაობთო.. შემოგვეყარა გულს, აქაც 6 –მდე, წყევლაა თუ ჯადო გვაქვს რამე გაკეთებული თქო.. ანელიმ “გამოთქვა მოსაზრება” – კუს ტბამდე ავიდეთ ფეხით და იქიდან საბაგიროთი გადავიდეთო. აქ თამუნა გადაირია – იქამდე ვერ ამოვალო და საბაგიროთი მეშინია სიარულიო.

DSC06837

ინგამ მოირგო ანელის სათვალე:–)))

მეორე სახლში ვიყავით ჯერ, რომ 6 – ს 12 წუთი აკლდა და ავცვივდით მე და თამუნა – დაასეივეთ, 6 ხდება თქო.. ნუ, “მოვიარეთ საქართველო”, უპირატესად დასავლეთი. მე არ გახლდით აქ ნამყოფი, რა კარგი იყო, სამეგრელო, გურია, რაჭა, იმერეთი, კაი სუნი იყო რა, სოფლის, ბუხრის სუნი..

DSC06789

ბებია  – ბაბუა .. ეს ბაბუა ბაბუაჩემივით ბრაზიანი ჩანს, ( არ ვიცნობდი ბაბუცემს, ჩემს დაბადებამდე ათი წლით ადრე მოკვდა, მაგრამ:–)))

მერე ანელის “სახლში” დავსხედით დასანაყრებლად..

DSC06897

“ღია სერობა”

თამუნას ხვეწნა-მუდარის მიუხედავად წავედით ფეხით იქით.. მაღლისკენ ამავალი ჰაერმა იმდენად მოასულიერა, რომ “რა კარგი ფერია რა მშვენიერია” – ზე ცეკვა – ცეკვით ავიდა საბაგიროს გზაზე.

DSC06817

“დაბერდი შენ ჩემო ნიკორა”

DSC01057ჩაფიქრებული თამარ ქალი სივრცეში იყურება, იქ, სადაც “გარყვნილი ცივილიზაცია” მოჩანს:–)))

DSC01062

დიიიახ, დიიიიახ, ესეც თამუნაა:–))) დიიიახ, ღობეზე ძვრება, პატარა არ გეგონოთ , ” იმსიმაღლეა”, ყველას ასე მოგვიწია გადასვლამ

საბაგირომ იმედი გამიცრუა. შორეულ ბავშვობის წლებში ვარ ნაჯდომი, (2 – 3 წლის რო ვიყავი ) ჭიათურაში, და სულ მქონდა სურვილი. არადა, ადრენალინს გამოვყოფ ძალიან ბევრს და ეგრევე გული ცუდად მიხდება ხოლმე, რუსთავი 2 –ის შენობის ლიფტშიც კი ლამის ცუდად გავხდი, სანამ მე – 12 სართულზე ავიდოდი. მაინც მინდოდა მეცადა და აჰაა, ჯერ იყო და 12 კაცი შეგვყარეს საბაგიროში, მერე ისე მიატაატობდა , თავი 71 ნომერ ავტობუსში მეგონა. ბოლოს მაინც გადავიხედე, ახლა რომ ჩაწყდეს მეთქი, ამაზე ანელიმ ლამის გამლახა – ეს რომ მართლა ჩაწყდეს, მერე ნახავ რას გიზავო:–))) განკითხვის დღის მეშინოდეს:–))

 
12 Comments

Posted by on ივნისი 16, 2009 დუიმი ღია რადიო

 

კაცია და გუნება

მოკლედ, უცებ ავკრეფ იმ პატარა ამბავს, (ნუ ამბავიც არ ჰქვია), რაც დღეს გადამხდა..

საავადმყოფოდან მოვდიოდი “დამწუხრებული” იმით – ექიმებს რომ ვერაფერს გამოგლიჯავ პირიდან და გამგე რომ ადგილზე არასოდეს არ არის. ღრმაღელის მეტროში ძლივს მოსულ მატარებელში შესვლისას მოხუცი ქალის შეყვირება მომესმა – ჩქარაა, ჩქარააა..

ეს ფრაზა მე არ მეკუთვნოდა და ერთი ასევე მოხუცი კაცის მისამართით იყო მიმართული..

მოკლედ, შევიდა ეს ქალი, დაადგა თავზე  40–იოდე წლის ქალს – აბა, ჩქარა დამსვიო და დაჯდა.

დაჯდა, მაგრამ რა დაჯდა..

იყურებოდა ცისფერი გამგმირავი თვალეით, 70 წლის მაინც იქნებოდა.

როგორ აღვწერო ეს ქალი არ ვიცი, ვეცდები რამე მეტყველ დეტალს გამოვუხმო..

იქ, სადაც წარბები ჰქონდა ადრე, ახლა შავი ფანქარი ჰქონდა წასმული. ეცვა ძალიან სქელი ნაბადივით რაღაც (ყელიანი), ასევე სქელი შარვალი და მაღალყელიანი ჩექმა (შარვლის ტოტები ჩატანებული ჰქონდა). ყელზე მოხვეული ჰქონდა სქელი ცისფერი კაშნე. გრძელ ფრჩხილებზე ალაგ–ალაგ გაცლილი წითელი ლაქი ესვა.

რაში დამჭირდა ამ ქალის აღწერილობა, უბრალოდ ტიპის ქცევა იყო ძალიან “სხვანაირი”.. იჯდა ბოლო ადგილას, კარის მხარეს,  ამ დასაჯდომი ადგილის რკინას კი  ზურგით იყო ოციოდე წლის გოგო მიყრდნობილი , ხოდა ოდნავ შეეხო  ქალს და ამან რა უღრიალააა – აბა, გაწიე დროზე ეგ შენი ტ…ი..

(მატარებელი გაჩერდა თუ არა, ის გოგო ეგრევე ჩავიდა).

ამ დროს მის გვერდით ადგილიც გათავისუფლდა და 60–იოდე წლის კაცი მიუჯდა გვერდით. დაჯდომის მომენტში მათი ფეხები ოდნავ შეეხო ერთმანეთს და ამ ქალმა ერთი გვარიანად დასცხო – მომშორდი და მომაშორე შენი საოხრეო..

კაცი მაშინვე წამოხტა. ამ ქალის გვერდით დაჯდომა აღარავის უფიქრია..

მაგრამ დაჯდომა რათ გონდა, კართან “სკამისრკინაზემიყრდნობილი” კიდევ ორი გოგო გააქცია სიტყვებით – “ატეხილო, მომაშორე შენი გარყვნილი ტანიო”. ერთი ბიჭი კი მატარებლის რყევის დროს წაბორძიკდა და “კინაღამ მოუხვდა ხელი ამ ქალის მუხლზე – ამ უკანასკნელმა ხელი მოიქნია და ბიჭს ფეხებსშუა ამოარტყა – კიდევ დაუწყე დევნა ქალებსო..

ამასობაში “რუსთაველის” მეტროც მოახლოვდა და ჩემი ჩასვლის დრო დადგა. კინაღამ “ვცდუნდი” და  ბოლომდე გავყევი, მაგრამ როგორც ამბობენ – “დრო ფულია”.

 
9 Comments

Posted by on ივნისი 16, 2009 დუიმი უბრალოდ ამბები

 

რეპორტაჟი ახალი სოფლიდან

 

6 ივნისი, დღის 11 საათი, თბილისის გზატკეცილიდან თსუ-ს ოთხი სტუდენტი ოპერატორთან ერთად ხურვალეთისკენ მივემართებით – ახალი სოფლისკენ, სადაც აგვისტოს ომის შედეგად დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს.

DSC01025

თეთრად შეღებილი და თეთრსახურავიანი სახლები შვიდ რიგად არის ჩამწკრივებული. თითო გაყოლებაზე ოცი კოტეჯი დგას, მთლიანად დასახლება 140 სახლით შემოიფარგლება. როგორც ხურვალეთელები ამბობენ, მცხოვრებთა 80% სოფელ ქსუისიდან არის იძულებით წამოსული.
პირველ სახლში არავინ არ არის, მის გვერდით მდებარე ნაკვეთიც დაუმუშავებელია.  ფანჯრიდან  ორი საწოლი, ტელევიზორი, ორი სკამი და მაგიდა  მოჩანს.
გვერდით კოტეჯთან დაახლოებით 50 წლის შავკაბიანი, ტანსრული ქალი დგას. მივესალმეთ – ჯავახიშვილების ოჯახიაო – გვითხრა და შინ შეგვიპატიჟა. საწოლზე მოხუცი ქალბატონი ზის, იქვე ორი წყვილი ჩუსტი აწყვია. ოჯახის დანარჩენი წევრები სახლს გვათვალიერებინებენ.
– ეს უთხარით, წყალი რომ შემოდის. (წამოიძახა საწოლზე მჯდომმა ქალბატონმა).
 – ბებო, ესენი იქიდან არ არიან –პასუხობს თმაგადაწეული საშუალო სიმაღლის გოგო – მაკა.
– მერე რა. თუ მოდიან, ყველაფერი უნდა გაიგონ და ამბავი წაიღონ.
მოხუც ქალს გვერდით მივუჯექი. მითხრა, რომ წვიმის და ქარის დროს წყალი ასხამს და მთელს ოთახს ასველებს. მისი თქმით, ეს სახლის ცუდი მდებარეობის გამო ხდება _ კარი მდინარის მხარეს არის და მტკვრიდან და  ლიახვიდან მონაბერი წყალი სახლებში შემოდის..
ჭერი ნესტიანია და არ არის გამომშრალი, ხის სველ იატაკზე კედლებიდან ჩამოფშვნილი ქვიშა ყრია. ოთახში დგას ოთხი სკამი, რომლებიც გატეხილი და შემდეგ შეკეთებულია. ნანა ჯავახიშვილი ამბობს, რომ პირველ  დღესვე გატყდა.
 – ამას ჩემი მეზობელი აკეთებს – ჩაერთო საუბარში ოპერატორი.
– გადაეცი, ყოჩაღ, კარგი გაკეთებულია-თქო.
ნანა ოჯახის დიასახლისია, ის სოფელ ქსუისში მასწავლებელი იყო და ახლაც ერიცხება მასწავლებლის ხელფასი 200 ლარის ოდენობით.
“ეს მე მაძლევენ, რაკი ყოფილი მასწავლებელი ვარ და ეს 200 ლარი მაინც გვეხმარება, მაგრამ სხვები? უიმედოდ რომ არიან დარჩენილები?” – ყვირილით ამბობს ქალი.
მისი თქმით, ყოველთვიურად სულზე 200 გრამი შაქარი, 300 გრამი ზეთი, 8კგ ფქვილი, კილო-ნახევარი თეთრი ლობიო, ხუთი შეკვრა მაკარონი და, რა თქმა უნდა, სამი კოვზი მარილი მოაქვთ.
“მაკარონი, რაც ბევრია და რაც ყრია, არ გვაკლია. თან ისეთია, რომ არ იჭმევა, გული გვერევა”.
სამზარეულოს მაგიდაზე ციტრამონი და ვალერიანი აწყვია. ნანა და მაკა ჯავახიშვილები ხურვალეთურ ცხოვრებაზე ჰყვებიან .
“დღე არ არის, რომ სასწრაფო არ მოვიდეს, სულ ვიღაც არის ცუდად. იავადმყოფებენ, აბა რა იქნება, სინესტე აღარ ჰქვია ამას, ეს უკვე სველია და დამპალი” – ამბობს ქალბატონი ნანა და ხელს კედლებისკენ იშვერს.
ჯავახიშვილების ოჯახი ნახევარ საათში დავტოვეთ , თუმცა მისი ერთი წევრი,  22 წლის მაკა “გიდად” გამოგვყვა.

DSC00973
“ამ მორებს ნაკვეთის შემოსაღობად და გასათბობად იყენებენ.. ასევე, ყველა სახლის წინ ალაგია უფრო მცირე ზომის მორები, რომლებიც სკამების მაგივრობას წევს”

 

მცირე ხნით სოფელში გავისეირნე, აქ ყველა სახლი ერთი ზომის და ფერისაა, ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი ნომრებია, რომლებიც ყოველი კოტეჯის წინა კედელს აწერია.. სახლების გვერდით პატარა გალია – საქათმეები დგას, რომელშიც წიწილები, ქათმები, ზოგში  კი ინდაურებიც არიან.
ყოველ სახლთან პატარა შემოღობილი მიწის ნაკვეთია, სადაც ბოსტნეულს თესავენ.

DSC00976

“რადგან სარწყავი არ არის,  ნათესს წყალს ვედროთი უსხამენ”

 

ვუახლოვდები 70-მდე წლის ლურჯთავსაფრიან ქალბატონს, რომელიც პომიდვრის ჩითილებს მიწას უთოხნის.

“ჩვენ ვთესავთ და ვუვლით, მაგრამ ძალიან პატარა მიწაა, რაში უნდა გვეყოს. თუმცა რომც გვეყოს, ვერ ვრწყავთ, სარწყავი არ არის და “ჩაშკებით” ვასხამთ ხოლმე შვილო” – ამბობს ქალბატონი ზაირა.
რამდენიმე კითხვა დავუსვი ცხოვრების პირობებზე. თქვა, რომ ადრე კვირაში ორჯერ მოჰქონდათ საკვები, ახლა კი _ თვეში ერთხელ.
“მაგრამ რა არის შვილო, სულ ერთი და იგივე – ლობიო, მაკარონი, ლობიო, მაკარონი, ზეთი. თან ეს სიმინდის ზეთი რომ არის, ძალიან ცუდი და მწარე გემო აქვს , უჭირს მისი დახარჯვა სოფელს.”
ქალბატონი ზაირა საკანალიზაციო პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას. საქმე ისაა, რომ ხის საპირფარეშოები ყოველი სახლის უკან დგას საცხოვრებელი ადგილიდან ექვსიოდე მეტრში.
“ჯერ ერთი ტუალეტი რა არის შვილო და ახლა ოთხი ერთად. უნდა ნახო სიცხეში როგორი სუნია. ჯერ არ გავსებულა და ასეთ დღეშია და ზაფხულში ნახე როგორ ვიქნებით. ეჰ, რას ვიზამთ შვილო, როგორც გიჭირდეთ, ისე გილხინდეთო. გაგვიჭირდა და მაინც მადლობელი ვართ ამ მთავრობის, რომ დაგვასახლა და ადგილი მოგვცა”.
ბაღჩაში მომუშავე ქალბატონს ვემშვიდობები და გზას ვაგრძელებ.

DSC00997

“ჩეჩმები სახლიდან რამდენიმე მეტრშია განლაგებული და მაცხოვრებლებს სუნი აწუხებთ”

 
სასმელი წყლის ონკანი ყოველი ხუთი სახლის შემდეგ დგას, ანუ ერთი ონკანით  ხუთი ოჯახი სარგებლობს… კოტეჯების უკანა მხარეს თონეები დგას – ყოველ ორ სახლს შორის _ თითო. როგორც მაკა ჯავახიშვილმა მითხრა, ეს თონეები სოფლის მცხოვრებლებმა საკუთარი სურვილითა და ხარჯებით გააკეთეს.

DSC00985

ყველა სახლის ეზოში სარეცხის თოკებია გაჭიმული”

 

 

უკვე # 20 კოტეჯთან ვართ. კართან 9 თვის ორსული აზა დგას. მას შავკოპლებიანი თეთრი სარაფანი აცვია, თმა შეკრული აქვს და ღიმილით გვეპატიჟება შინ.
მოპირდაპირე კოტეჯთან  მორებზე მოხუცი ქალი და კაცი დავინახე.
– შენც ჟურნალისტი ხარ, შვილო? ვაიმე დედა, ტელევიზორში არ გამომაჭენო, იცოდე.
– არა, არა, აი კამერით არ ვარ, დიქტოფონია მხოლოდ.
– თბილისში ბევრი სანათესაო მყავს და არ მინდა, რომ მნახონ, დაღრეჯილი გამოვალ.. აი, მე და ჩემი ქმარი ვცხოვრობთ, ცუდად არის ისიც და მეც. ამ ნერვიულობაზე ინფარქტმა დამარტყა. ბოსტანში ლობიო და პამიდორი დავთესე, მაგრამ ვერ ვუვლი, ადგომის თავიც აღარ მაქვს და ღმერთის იმედიღა მაქვს, იქნებ, წვიმა მოვიდეს-მეთქი. შვილიშვილი თბილისში მუშაობს, ერთი ის მყავდეს სახლში და სხვა არაფერი მინდა, მაგრამ ხომ უნდა იმუშაოს?!”
ქალის ლაპარაკზე მის გვერდით მჯდომი კაცი წამოდგა, “ჩვენთვის ვინ არის და ვინ იქნებაო” – და სახლში შევიდა.
– აბა, ხილი მაინც მქონდეს, შვილო, რამით გაგიმასპინძლდებოდით.
– არა, ბებო, რას ამბობ(თ).
– ეჰ, რა სახლი დავკარგე, რა ხილი არ მქონდა ბაღში, ახლა კი, ვაშლი რა არის, მისი გემოც კი არ მახსოვს, თუ დამიჯერებ.”

მოხუც ქალს ვემშვიდობები და მისი კოტეჯის  გვერდით მდებარე ოქროპირიძეების სახლში შევდივარ. ოჯახში ახალდაქორწინებულ წყვილ – გიორგისთან და თამუნასათან ერთად გიორგი ოქროპირიძის და,  იზაც  ცხოვრობს.
“უნდა გამოეყოთ ოჯახზე თითო კოტეჯი. ჩემთვის და ჩემი მშობლებისთვის ერთი, ერთი ძმის ოჯახისთვის მეორე და მეორე ძმის და მისი ოჯახისთვისაც ერთი, თუმცა მხოლოდ ორი სახლი მოგვცეს” –ამბობს იზა.
მისი თქმით, ადგილის სიმცირის გამო, მისი მშობლები ერთ ძმასთან ცხოვრობენ, თავად კი აქ უწევს ცხოვრება. 
გიორგი და თამუნა ომის შემდეგ დაქორწინდნენ, ისინი საკუთარ გაცნობაზე ჰყვებიან.
“ზარი იყო შემოსული, ორი კვირის მერე  შევხვდი, სამჯერ ვნახე . მერე ომი დაიწყო და რომ ჩამოვიდა, კიდევ ერთხელ შევხვდით და მეორე შეხვედრაზე გავიპარეთ” – ამბობს თამუნა.
– რა მექნა, დამთავრდა ომი. ჩამოვედი აქა, ვნახე სველი იყო კედლები, ვიფიქრე მარტო შემცივდება მეთქი , მოვკიდე ხელი და მოვიყვანე,  – ერთვება გიორგი.
წყვილმა ხელი შვიდი თვის წინ მოაწერა და ჯვრის დაწერას ივლისში აპირებენ. 28 წლის გიორგი ოქროპირიძე თბილისის ხორცკომბინატში მუშაობს,
– “კარგი ქორწილი და თეთრი კაბა ყველას ოცნებაა, მაგრამ როცა არ გაქვს შესაძლებლობა, უარს ამბობ და ნაკლებით კმაყოფილდები. Dდახმარებას ჩვენ არავინ არაფერს გვაძლევს, ჩვენით მივყვებით ცხოვრების დინებას” – ამბობს გიორგი.
მისი და, იზა ბაღის მასწავლებელია. საბავშვო გასართობი ცენტრი ექვსთვიანი პროგრამით გაერომ გახსნა 20 მაისს.
“იუნისეფმა გაგვიხსნა საბავშვო ბაღი. გასართობი ცენტრია. 2საათამდე ვმუშაობთ. ვასწავლით ლექსებს, სიმღერებს, ვათამაშებთ, როგორც ხდება ხოლმე საბავშვო ბაღში. ჭამის და დაძინების მეტი ყველაფერი გვევალება. ბავშვებს მოსწონთ, თუმცა სათამაშოები არ გვაქვს საკმარისი, ძველები უკვე აითვალწუნეს , ამიტომ ჩვენ თავად გვიწევს რაღაცების მოფიქრება და გაკეთება” – ამბობს იზა.
რაც შეეხება სკოლის ასაკის ბავშვებს, ისინი სკოლაში ოთხი კილომეტრის მოშორებით, სოფელ ხურვალეთის სკოლაში დადიან. მათ მთავრობის დაქირავებული სამარშუტო ტაქსი ემსახურებათ.
ოქროპირიძეების სახლიც სხვა სახლების მაგვარია, ისეთივე ფარდები, კედლები, მაგიდა, საწოლები, სკამები, digital control– ის ფირმის ტელევიზორი და მისი მაგიდა. ჰო, აქ საწოლის თავზე სერიალ “ველური კატის” ნახატიანი კალენდარიც გაუკრავთ. პოსტერი ნესტს დაუსველებია და როსაურას სახე დაჭმუჭვნილი და გაყვითლებულია.

DSC00992

“აქ სარეცხი სახლშიც არის გაფენილი”

 

სოფელში არ არის რამე გასართობი ადგილი ან თუნდაც მცირე ბიბლიოთეკა, იზა ოქროპირიძე განსაკუთებით წიგნების არქონას განიცდის.
“ვერაფერს ვაკეთებთ, გასართობად ერთმანეთთანღა გადავდივართ საღამოობით, რომ ცოტა გული გადავაყოლოთ. დისევში ჩემი ბიბლიოთეკა მქონდა, ის წიგნები რომ მახსენდება, მეტირება ხოლმე. ჟურნალებსღა ვყიდულობ ხანდახან, რომ კითხვა მაინც არ დამავიწყდეს” – დანანებით ამბობს ის.
“კარგი იქნება პატარა ეკლესიას მაინც თუ აგვიშენებენ, რომ ცოტა მაინც დავისვენოთ სულიერად და ვიცხოვროთ ეკლესიურად, ძნელია გორში წასვლა სალოცავად, არც მღვდელი მოსულა და არც სახლები გვაქვს ნაკურთხი”. – ჩაერთო მაკა ჯავახიშვილი.
თამუნას თქმით, 50-იანელები იყვნენ მოსულები, ჰუმანიტარული დახმარება მოუტანეს დევნილებს და ქართული ეკლესიის წარმომადგენელი არავინ მისულა მათ დასახლებაში.
ოქროპირიძეებიდან გამოსულმა ცოტა გავიარე. იღრუბლება , გარეთ სატვირთო მანქანა მიდის ხის ხმელი ტოტებით დატვირთული. სახლებთან გაჭიმულ თოკებზე ფერად – ფერადი მაისურები და შარვლებია გაფენილი.

 

DSC00988    

“ადგილი საწყობის ფუნქციას ითავსებს..
ეს ფიცრები და ყუთები კი ღუმელისთვის არის გამზადებული”

 

56-ე კოტეჯის კართან ხუთიოდე წლის ბიჭი კალათბურთის ნარინჯისფერი ბურთით თამაშობს.
– რა გქვია პატარავ?
გიორგი ჭოველიძე.
– დადიხარ ბაღში?
– კი.
– მოგწონს? რას აკეთებ ხოლმე?
– კუბიკებს, თოჯინებს და მანქანებს ვთამაშობთ ხოლმე, კუბიკები მიყვარს , კოშკს ვაშენებ ხოლმე. მაგრამ ორ საათზე მთავრდება და მერე კოშკს ვანგრევ”.
ამ დროს ჩემმა თანმხლებმა ჟურნალისტმა ბავშვს ომის დღეებზე დაუწყო გამოკითხვა. სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას, და სხვა კოტეჯში, თუმცა ისევ ოქროპირიძეების ოჯახში შევედით.
სახლში 20წლის მარი და მისი ერთი წლის შვილი, ნანიკო დაგვხვდნენ.. პატარამ ახლახან გაიღვიძა და უნდა აჭამონ. ახალგაზრდა დედას რძე ომის დღეებში გაუშრა და ბავშვი ხელოვნურ კვებაზე ჰყავთ. მარის ომის დროს ქმარი დაკარგული ჰყავდა და მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ გაიგო მისი ადგილსამყოფელი – მაშინ, როცა სოსო ოქროპირიძე თავად დაუკავშირდა ოჯახს. მარის რძის გაშრობის მიზეზი სწორედ  იმ პერიოდში გადატანილი ნერვიულობა გახდა. ის ექიმის და ფსიქოლოგის ნაკლებობას განიცდის.
“კარგი იქნება, რომ იყოს რამე ამბულატორია, პედიატრი და ფსიქოლოგი გვჭირდება, რომ ბავშვი მივიყვანოთ ხოლმე. ფსიქოლოგი ყველასაც გვინდა, რომ გამოვიდეთ იმ სტრესიდან, რაც გადავიტანეთ. აქ კი აფთიაქიც არ არის.”.
მარის თქმით, ყოველთვიურად მოაქვთ განსაზღვრული რაოდენობის სტანდარტული საკვები – კილო – ნახევარი თეთრი ლობიო, ხუთი შეკვრა მაკარონი, 300 გრამი ზეთი, 200 გრამი შაქარი  და,  რა თქმა უნდა, სამი კოვზი მარილი.
“ხომ შეიძლება, რომ ცოტა შეგვიცვალონ საკვები, ბოსტნეულით მაინც, პატარა ბავშვები გვყავს, მაკარონს და ლობიოს ვერ ვაჭმევთ სულ, სუფი ხომ  მაინც უნდა გავუკეთოთ. მაკარონის ნაცვლად ბრინჯი ან გრეჩიხა მაინც მოგვიტანონ.” – ამბობს ის.
პატარა ნანიკო წითელმანიკურიან თითებს შლის  და რეზინის ფისოს პირში იდებს.

DSC00982

“თქვეს, რომ სველი იატაკიდან ცუდი სუნი ამოდის. ამასთან, ხვლიკები, ჭიები და სხვა მწერები თუ ქვეწარმავლები მოძვრებიან ხოლმე”

 

მარის ეზოდან საწოლის გადასაფარებელი შემოაქვს , რომელსაც გვერდები აქვს შემოხეული – “ეს გუშინ მოგვიტანეს , წამლის სუნი ჰქონდა და გავიტანეთ გასანიავებლად, ისეთი ქარია, ყველაფერს ხევს. გარეცხილი თეთრეულიც სულ დახეული შემოგვაქვს.”.

 

DSC00983

“დახეული გადასაფარებელი”

 

 ამ სახლსაც ვტოვებთ და გარეთ გავდივართ.
სოფელში ორი პატარა ჯიხური აქვთ გახსნილი თავად ხურვალეთის მცხოვრებთ. იქ ყავა, სიგარეტი, ლუდი, წვენები და სხვა ამგვარი რაღაცები იყიდება.
“ფასების განსხვავება 10 – 20 თეთრშია, გააჩნია რას ყიდულობ. მაგალითად, ბალი ბარათი ერთგან სამი ლარი ღირდა, მეორეგან 3.50” – განმარტავს ჩვენი “გიდი”.

 

 

DSC01002

სოფლის ცხოვრება” ქათმები, ძაღლი.. პატარა ძაღლი კია, მაგრამ როგორც ახლა განმიმარტეს, მგონი, მწევარია”

 

ეს კი კოტეჯი # 57 – ია – ჩვენი ბოლო გაჩერება . ოჯახის უფროსი, ჭაბუკა ტოლიკაშვილი სახლს მათვალიერებინებს და სამზარეულოს მაჩვენებს, სადაც კედლები ჩამომტვრეულია და ნანგრევები ჩანს.
“აი ნახე, ეს მეორე ზაფხულში აღარ იქნება. დაიფშვნა სულ. ცემენტით არ არის ნაშენები, ქვიშაა მარტო, ქვიშა” –  ამის დასამტკიცებლად მუჭი მოუჭირა კედელს და ქვიშით სავსე პეშვი მაჩვენა. ოთახში ნიორის სუნიც ტრიალებს სამზარეულოს მაგიდაზე გაურეცხავი თეფშები აწყვია და ძვლები ყრია, (როგორც ოჯახის წევრებმა თავად თქვეს – ხაშის),
ჭაბუკას ცოლიც ორსულად არის და დღე დღეზე ბავშვს ელოდება. ოთხი წლის გოგონა უკვე ჰყავთ. “დიდი გაწევ-გამოწევის” მიუხედავად, მასპინძლები სუფრას შლიან. ახალი კარტოფილი, ყველი, პური, ხაჭაპური, სალათა, ნამცხვარი, ღვინო, კონიაკი, წვენი, ლუდი – უცებ სუფრაც გაიშალა. გვერდითა სახლიდანაც ამოვიდა ვიქტორ ჯავახიშვილი. ჭაბუკას დვდ შემოაქვს და დისკს რთავს.  – “უკვე სხვა გზა შენ არ გაქვს, კოკოითი ფანდარასტ” – ამღერდა ლექს სენი პირველივე სიმღერით. ამას “ფსოუს წყალი” და “გამარჯობა აფხაზეთო შენი” მოჰყვა. სუფრაზე “მშვიდობის” და საქართველოს სადღეგრძელოს ამბობენ. 31 წლის ვიქტორი ფოტო – ვიდეოგადაღებაზე უარს ამბობს.
“მე რომ სამსახურიდან დამითხოვონ, შენ მოგკლავ….” – ეუბნება ოპერატორს.
ამ დროს ოთხი წლის მარი გამოდის ოთახიდან. კაბაზე დიდი წითელი მაისური გადაუცვამს. გოგონა მამასთან მივიდა და ხელზე დაებღაუჭა.
ჭაბუკა ტოლიკაშვილმა ბავშვს ოსურად რაღაც უღრიალა, როგორც შემდეგ განმარტეს – დედა შეაგინა.
“დედას შეაგინებს, აბა მეზობელს ხომ არა” – იცინის ვიქტორი.

DSC00994

“ეს პატარა მარია. (უფრო ზუსტად, მისი ხელი.) – მთხოვს, მკლავზე “დახატულ” საქართველოს დროშას გადავუღო სურათი”

 
ცოტა ხანში გარეთ გავდივარ და უბანს ვათვალიერებ, ყველა სახლთან სარეცხი ფენია, ყველა კოტეჯთან წიწილები და ქათმები არიან, ძაღლების ყეფა ისმის, კანტი – კუნტად მანქანებიც დადიან. ხურვალეთის მკვიდრნი ბოსტნებში ფუსფუსებენ, ბავშვები ბურთს თამაშობენ, ხეებზე დაძვრებიან, ქალები თონეში პურს აცხობენ – ახალი სოფელი თითქოსდა სოფლის ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს.

DSC00999

“მანქანები”

DSC00987

55 – ე კოტეჯთან ელექტროენერგიის ბოძზე განცხადებაა გაკრული, რომელშიც დევნილებს პროფესიულ განათლებას სთავაზობენ. სახლიდან კვლავ მაკა გამოდის.
– მაკა, ამ განცხადებით არავინ დაინტერესებულა?
– რომელი აბა?
როგორც აღმოჩნდა ეს პროგრამა არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ამერიკელი მეგობრების”  ინიციატივით დაწყებულა.
“დურგლობას ასწავლიან, მეფილე – მომპირკეთებელის, სანტექნიკოსის და ელექტრიკოსის სპეციალობებიც არის.  დადიან აქედან, არის დაინტერესება. ივნისის ბოლოს იწყება კომპიუტერული პროგრამების და ინგლისურის შესწავლა”..

DSC00989

“განცხადება.. (ეს ისე)”
 დღის ხუთის ნახევარია, თბილისელი სტუმრები ხურვალეთელებს ვემშვიდობებით. უკვე სოფლის გასასვლელთან ვდგავართ. ბოსტნებში მომუშავე ადამიანები ნაკვეთებს ტოვებენ,  ჩვენს შორიახლოს მორებზე სხდებიან  და აგვისტოშიც გვეპატიჟებიან – მწყერზე. 31 წლის ვიქტორს სახლიდან რევოლვერი და ავტომატი გამოაქვს. ჯარისკაცის ფარაჯასაც აყოლებს. ჩემთან ერთად მყოფი სამი ჟურნალისტი და ერთი ოპერატორი მორიგეობით იცვამენ ჯარისკაცის სამოსს , ბალახებში მეომრებივით იმალებიან და იარაღით ხელში სურათებს  იღებენ  – “თითქოსდა ომის სიმულირებას სწევენ”.

DSC01014

დასასრული:-)

 
17 Comments

Posted by on ივნისი 11, 2009 დუიმი რეპორტაჟები

 

პატარები და დიდები

 

რამდენი ხანია ამის დაწერა მინდა და ან სულ მავიწყდება, ან ვერ ვიცლი ან რავი..
მოკლედ სკოლები..
რადიო რომ დავიწყეთ. (საგანი – რადიოგადაცემის მომზადება)  გადაცემები მოვიფიქრეთ და მე ვთქვი, განათლებაზე “ვიმუშავებ” მეთქი.. ვიმუშავებ რა, სულ ოთხი სიუჟეტი მოვამზედე და ახლა მეხუთეზე “ვმუშაობ” საგამოცდოდ..
მაგრამ რამდენიმე საინტერესო მომენტი მაინც იყო..
კერძოდ, ერთ – ერთ ძალიან ცნობილ ვერის სკოლაში ვიყავი (მე ამას გამოვიცნობ სამი ნოტიდან).
მეთორმეტეკლასელებზე ვაკეთებდი სიუჟეტს და მასწავლებლების ჩაწერა მინდოდა. ორი სკოლის მასწავლებლების და დირექტორის კომენტარი მქონდა აღებული, მაგრამ ვიფიქრე აქაც შევირბენ მეთქი.
ნუ, ავედით სამასწავლებლოში, შევედით “თლა უფროსთან” და – რა არიიისო, არ უნდა გაგვაფრთხილოთ წინასწარო? უუუფო..
ნუ, მაინც გაგვიშვეს ქართულის მასწავლებელთან, კლარა ჯავახიშვილთან. ერთი ქალი გამოგვყვა და შევიდა – ჟურნალისტები არიანო,. გაკვეთილი მაქვსო. დაველოდეთ, რა თქმა უნდა. და ამ დროს მოვიდა “იმედი”, რასაკვირველია, მაშინ გაკვეთილის პრობლემა მოიხსნა, შევიდნენ, გაკვეთილიც გადაიღეს და ა.შ.
ხოდა, მე – 9 კლასთან ვდგავართ და მესმის წივილი, კივილი, რარაცების ბრახუნი, მერხების რახა – რუხი. ვისკუპე შეშინებულმა – რა ხდება მეთქი.
მასწავლებელი “წივა და კივა?” (როგორც ჩემს სოფელში  იტყოდნენ), ღრიალებს ბოლო ხმაზე, რაღაცებს ურტყამს და უბრახუნებს ერთმანეთს. ბავშვის “წამოყვირებაც” გაისმა და ასე..
მალევე ჩაწყნარდა “სიტუაცია”, ეს იყო რელიგიის მასწავლებელი, რომელმაც მერე იმაზე დაიწყო გაკვეთილი (კარს ვიყავი აკრული), როგორ არ უნდა დაგრთგუნოს სატანამ და ასეთები.
ეს რაზე დავწერე, უბრალოდ გამიკვირდა, რომ დღეს, ასეთ დროს, სკოლაში და თან ასეთ სკოლაში მასწავლებელი თითქმის სცემს (შეიძლება “თითქმის” არც არის საჭირო) ბავშვებს და ისინი პროტესტსაც კი არ გამოთქვამენ. ბოლოს და ბოლოს მე – 9 კლასელი ბავშვი არც ისე პატარაა.
ჩემი და გამახსენდა, რომელიც მე-10 კლასშია და რომელსაც სულ ვეჩხუბები , რომ  – “პატივი ეცი მასწავლებელსა შენსა” და რომელიც ასე მპასუხობს, რომ – მასწავლებელი პირად შეუურაცხყოფაზე გადავიდა, არ ვაპატიე და მაგრა მივაჩმორეო”.
მერე ამაზე ჩემი თავი მახსენდება ხოლმე, როცა მე “მაჩმორებდნენ” ხოლმე მასწავლებლები, არა ცემით, რა თქმა უნდა, (იმდენად ჩუმი და წყნარი ვიყავი ხელს ვინ დამაკარებდა), თუმცა, მე – 5 კლასში სხვის გამო ისეთი მხია სახეში “პედაგოგმა”, რომ თვალებიდან ნაპერწკლები დამცვივდა.
უფრო სხვა პრობლემა მქონდა, მაგალითად ის, რომ მათემატიკის მასწავლებელს ფულს უგროვებდფნენ ხოლმე და ერთხელაც არ მივიტანე და იმის მერე სამიანი არ ამაცილა. საკონტროლოებს ჩემგან იწერდნენ ხოლმე, მერე მე სამიანს მიწერდნენ და მათ ხუთებს. ასევე, ფიზიკის მასწავლებელი, არასდროს მასრულებინებდა საკონტროლოს, “შენ სამიანის მეტი არ გეკუთვნისო” და სამი საკითხის დაწერის შემდეგ რვეულს ამაცლიდა ხოლმე.
იმ ფიზიკის მასწავლებელს ჩემმა დამ “უტირა დედა”, მასაც ასე უკეთებდა და როგორც იტყვიან ხოლმე, “მოსვა”.
ასე უნდა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ არც ისე უნდა, როგორც ისინი იქცევიან.

 

კიდევ ერთი

(ეჰ, ეს პოსტი კაი ხნის წინ უნდა ატვირთულიყო, მაგრამ უინტერნეტობა რას არ გიზამს).
რამდენიმე “პოსტის წინ” გაზეთ “24საათის” რედაქციაზე დავწერე, ახლაც იგივეს ვაკეთებ, ოღონდ ახლა იმ მეორე შანსზე მინდა დაპოსტვა, რაზეც იქ ვწერდი.
ოთხშაბათ საღამოს გვიანობამდე შემოვრჩით უნივერსიტეტის დარბაზში, იმდენად გვიანობამდე, რომ გასასვლელი კარი დაკეტილიც კი დაგვხვდა.. ბავშვები სადიპლომოზე ლაპარაკობდნენ, მე ერთადერთი ვიყავი, რომელსაც ჯერ ეს პრობლემა არ მაწუხებს, არადა როგორ მინდა მაწუხებდეს და ვამთავრებდე წელს..
ხოდა ტელეფონით დავძვრებოდი ინტერნეტში.. ორივე ყაჰოო შევამოწმე, ფაცებოოკ –იდან იყო რამდენიმე კომენტარი, რომელიც, რა თქმა უნდა ქართული შრიფტით იყო და ტელეფონმა ვერ წაიკითხა. ხოდა, შემთხვევით შევამოწმე გმაილ – ც. .. პაატა ვეშაპიძის მაილი დამხვდა – “ნომერი ვერ ვიპოვე შენი და მომწერე, სალაპარაკო მაქვსო”..
სიმართლეს ვიტყვი –  ძალიან გავოცდი.. სასწრაფოდ გადავამოწმე მისამართი, ვინმე ხომ არ “მეკაიფება” მეთქი, მაგრამ ნამდვილად ის მეილი იყო, რაზეც ვეკონტაქტებოდი ხოლმე..
დავრეკე მაშინვე – საქმე მაქვს და ხვალ გამოიარეო..
ხოდა გავიარე..
მითხრა – სოციალურ თემებზე გვინდა მუშაობა, მხოლოდ ერთი ჟურნალისტი გვყავს და არ გვყოფნის და მინდა რომ შენც იყო, ოღონდ ისე, რომ ხელი არ შეგეშალოს სწავლაშიო..
უნდა შევხვდე სოფო თოდუას – იმ ჟურნალისტს, რომელიც სოციალურ თემებზე მუშაობს და..
ცოოოტა რადიოს გამოცდა მაწევს გულზე ლოდად, რადგან ძალიან აქტიურ მონაწილეობას ვაპირებ და მას შემდეგ რაც გადაცემას (ისეთს, როგორიც  მინდა) მოვამზადებთ და “ჩავაბარებთ პატრონს” , მერეღა შევძლებ სრულფასოვნად, “ნერვიულობების” გარეშე მუშაობას..
გამიხარდა იმ მხრივაც, რომ ისევ ამ რადიოს გადამკიდე იმდენად მივეჩვიე აქტიურ ცხოვრებას, (ელემენტარული, შაბათ-კვირასაც კი დილის 7-ზე მეღვიძება), რაღაცის მუდმივად კეთებას, მუდმივ დაკავებულობას, რომ რადიოს დასრულების შემდეგ მართლა ძალიან გამიჭირდებოდა უსაქმურობა.. უნივერსიტეტში ვიცი, რომ ვერაფერს განსაკუთრებულს ვეღარ ვისწავლი, ერთი – ორი საინტერესო საგანის არჩევაღა შეიძლება საინტერესო ლექტორების გამო და ესაა.
ასე რომ, შეიძლება აქტიური ჩართვა სოციალურ ჟურნალისტიკაში.
კაააია რა:-)

 
2 Comments

Posted by on ივნისი 10, 2009 დუიმი 24 საათი, მე:-)

 

მე და კომპიუტერი

მოკლედ, კომპიუტერი ვიყიდე..
რამდენ ხანს “ვყიდულობდი” და რამდენ ხანს ვერ მოვახერხე , არ დავწერ, ახლა სახლში მიდგას, (თუმცა მე მაინც უნივერსიტეტის მშობლიური კომპიუტერებიდან ვწერ):-)))
თავიდან როგორც კი მოვიტანე, ფლეშკა შევაერთე (ხსოვნა იყოს ჩემი უბედური ფლეშკის, ცოფიანი ძაღლივით მოუვიდა – კომპიუტერი დაავირუსა და მოკვდა. ნუ, არ მოკვდა, მაგრამ უგზოუკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა).
ხოდა, ფლეშკამ ისეთ დღეში ჩააგდო, აღარც კი ჩაირთო.. ჩავუტანეთ მეორე დღეს, იქ დაბოლება მომინდომეს “პატარა ბიჭებმა” და ნაკლებსიჩქარიანს მატანდნენ – ეს ჯობიაო, მაგრამ აააახლა მოიცა მეთქი და კაიო…
ნუ, მეორე დღეს მოიტანეს და მეშველა..
მაგრამ მეშველა კი?
აქამდე, დილის 7-ზე ვდგებოდი, 8-ზე გავდიოდი სახლიდან და საღამოს 10 – 11-ზე შევდიოდი შინ და მალევე ვიძინებდი.
ახლაც 7საათზე ვიღვიძებ, ახლაც 8-ზე გამოვდივარ და ახლაც 10-11ზე შევდივარ, მაგრამ ახლა უკვე ღამის სამ საათზე ვიძინებ.. ეს ჯერ ინტერნეტი არ მაქვს შეყვანილი და უბრალოდ პრომო – ანტიპრომოების აწყობის და მონტაჟის გამო და ინტერნეტს რომ შევიყვან, რა მეშველება არ ვიცი..
კიდევ, ავიღე წინა სემესტრში ინტერნეტმედიის ლექტორის გამოცდისთვის მოცემული ფოტოშოპის ქსეროქსი (რომელიც არ მისწავლია) და დავიწყე “მეცადინეობა”.. ჯერ კარგი არაფერი გამომდის, მაგრამ ვუშველი..
კიდევ, powerpoint – ის და სხვა პროგრამების კარგად სწავლა მინდა და ეს 24სააათი დღე-ღამეში მართლა რა ცოტა ყოფილა.. არც აქამდე მყოფნიდა, მაგრამ ახლა მითუმეტეს..
ერთი პლუსი კომპიუტერს – შაბათ-კვირის და დასვენების დღეების ძალიან მოძულე აღარ ვიქნები.. უქმეებს ფაქტობრივად მართლა უქმად ვკარგავდი.. თან რა უბედურებაა ამდენი დასვენება და დღესასწაული, არ ვიცი რა..
ახლა გამახსენდა, შარშან ოქტომბერში ჩემი კომპიუტერის ცოდნა sms.tsu.ge შემოიფარგლებოდა.. ახალი ამბების ჟურნალისტიკის ლექტორმა პირველ ლექციაზე გვითხრა, ხელნაწერს არ ვიღებ, ურთიერთობა გვექნება მაილითო.,
მაშინ ვიფიქრე – აჰაა, და ჩამივარდა ეს საგანი მეთქი..
აზრზე არ ვიყავი მაილი რა იყო, “კოპი – პეისტი” ჩინური მეგონა.არადა, საგნის ჩაგდება ნამდვილად არ მაწყობდა..
იმ დროს პირველ კორპუსში ახალი გახსნილი იყო კომპიუტერული რესურსცენტრი, გადავედი ლექციის დამთავრებისთანავე და მივუჯექი ჩემთვის ‘უცხო ნივთს”:-)
მაილი გავხსენი – posta.ge – ზე..
განსაკუთრებით ბევრი ვიწვალე პირველ დავალებაზე, სტატია უნდა გაგვერჩიასავით. კოპი – პეისტი არ ვიცოდი რა იყო და მთელი სტატია ასო-ასო გადავწერე, თან რა “ჩქარა” ვწერდი?
ვორდიც არ ვიცოდი რა ხილი იყო და posta.ge – ს ქართული ფონტით ვწერდი თვითონ მაილის ფანჯარაში. ლექტორი სულ მეკითხებოდა – რა შრიფტით კრეფ, ძალიან უცნაურად მომდისო.. დააბრალეს ვორდ 2007 – ს , მაგრამ ვორდში საერთოდ არ მიკრეფია და:-)
ძალიან დიდ ხანს ვბეჭდავდი ხოლმე და ხშირად გაგზავნის მომენტში გამორთულა და – “თქვენი სეანსი ამოწურულია და თავიდან შედითო”.. ხოდა, ის იმდენი ნაწვალები თავიდან უნდა ამეკრიფა.. კიდე ხშირად ორ-ორ ცალად ვაგზავნიდი – ვაი თუ, ერთი არ მივიდეს მეთქი:-)))
ეჰ:-)))
მერე კი ვისწავლე რაღაც-რაღაცები, ვორდის გემოც გავიგე და პირველად რომ აღმოვაჩინე სადღაც დეკემბერში, რომ მაილს attachment – იც ჰქონდა ისეთი ბედნიერი ვიყავიი..
თუმცა შარშან მაისამდე აზრადაც არ მომსვლია, რომ სიტყვებს შორის ადგილი უნდა გამომეტოვებინა, ნუ მე თვითონ კიდევ კაი ხანს არ მომივიდოდა ალბათ, ხოდა ლექტორმა რომ მითხრა – გადარევთ თქვენს რედაქტორებს, შეუძლებელია ამის წაკითხვაო, თავიდან ვერ მივხვდი რა უნდოდა..
მერე კი მივხვდი:-)))
კიდე, შეიძლება არც ისე კარგია, მაგრამ კალმით საერთოდ ვეღარაფერს ვერ ვწერ.. კლავიატურის გარეშე “ჩემმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა”.
მოკლედ, კარგია რა კომპუტერი:-))))

 
4 Comments

Posted by on ივნისი 4, 2009 დუიმი მე:-)