RSS

რეპორტაჟი ახალი სოფლიდან

11 ივნ

 

6 ივნისი, დღის 11 საათი, თბილისის გზატკეცილიდან თსუ-ს ოთხი სტუდენტი ოპერატორთან ერთად ხურვალეთისკენ მივემართებით – ახალი სოფლისკენ, სადაც აგვისტოს ომის შედეგად დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს.

DSC01025

თეთრად შეღებილი და თეთრსახურავიანი სახლები შვიდ რიგად არის ჩამწკრივებული. თითო გაყოლებაზე ოცი კოტეჯი დგას, მთლიანად დასახლება 140 სახლით შემოიფარგლება. როგორც ხურვალეთელები ამბობენ, მცხოვრებთა 80% სოფელ ქსუისიდან არის იძულებით წამოსული.
პირველ სახლში არავინ არ არის, მის გვერდით მდებარე ნაკვეთიც დაუმუშავებელია.  ფანჯრიდან  ორი საწოლი, ტელევიზორი, ორი სკამი და მაგიდა  მოჩანს.
გვერდით კოტეჯთან დაახლოებით 50 წლის შავკაბიანი, ტანსრული ქალი დგას. მივესალმეთ – ჯავახიშვილების ოჯახიაო – გვითხრა და შინ შეგვიპატიჟა. საწოლზე მოხუცი ქალბატონი ზის, იქვე ორი წყვილი ჩუსტი აწყვია. ოჯახის დანარჩენი წევრები სახლს გვათვალიერებინებენ.
– ეს უთხარით, წყალი რომ შემოდის. (წამოიძახა საწოლზე მჯდომმა ქალბატონმა).
 – ბებო, ესენი იქიდან არ არიან –პასუხობს თმაგადაწეული საშუალო სიმაღლის გოგო – მაკა.
– მერე რა. თუ მოდიან, ყველაფერი უნდა გაიგონ და ამბავი წაიღონ.
მოხუც ქალს გვერდით მივუჯექი. მითხრა, რომ წვიმის და ქარის დროს წყალი ასხამს და მთელს ოთახს ასველებს. მისი თქმით, ეს სახლის ცუდი მდებარეობის გამო ხდება _ კარი მდინარის მხარეს არის და მტკვრიდან და  ლიახვიდან მონაბერი წყალი სახლებში შემოდის..
ჭერი ნესტიანია და არ არის გამომშრალი, ხის სველ იატაკზე კედლებიდან ჩამოფშვნილი ქვიშა ყრია. ოთახში დგას ოთხი სკამი, რომლებიც გატეხილი და შემდეგ შეკეთებულია. ნანა ჯავახიშვილი ამბობს, რომ პირველ  დღესვე გატყდა.
 – ამას ჩემი მეზობელი აკეთებს – ჩაერთო საუბარში ოპერატორი.
– გადაეცი, ყოჩაღ, კარგი გაკეთებულია-თქო.
ნანა ოჯახის დიასახლისია, ის სოფელ ქსუისში მასწავლებელი იყო და ახლაც ერიცხება მასწავლებლის ხელფასი 200 ლარის ოდენობით.
“ეს მე მაძლევენ, რაკი ყოფილი მასწავლებელი ვარ და ეს 200 ლარი მაინც გვეხმარება, მაგრამ სხვები? უიმედოდ რომ არიან დარჩენილები?” – ყვირილით ამბობს ქალი.
მისი თქმით, ყოველთვიურად სულზე 200 გრამი შაქარი, 300 გრამი ზეთი, 8კგ ფქვილი, კილო-ნახევარი თეთრი ლობიო, ხუთი შეკვრა მაკარონი და, რა თქმა უნდა, სამი კოვზი მარილი მოაქვთ.
“მაკარონი, რაც ბევრია და რაც ყრია, არ გვაკლია. თან ისეთია, რომ არ იჭმევა, გული გვერევა”.
სამზარეულოს მაგიდაზე ციტრამონი და ვალერიანი აწყვია. ნანა და მაკა ჯავახიშვილები ხურვალეთურ ცხოვრებაზე ჰყვებიან .
“დღე არ არის, რომ სასწრაფო არ მოვიდეს, სულ ვიღაც არის ცუდად. იავადმყოფებენ, აბა რა იქნება, სინესტე აღარ ჰქვია ამას, ეს უკვე სველია და დამპალი” – ამბობს ქალბატონი ნანა და ხელს კედლებისკენ იშვერს.
ჯავახიშვილების ოჯახი ნახევარ საათში დავტოვეთ , თუმცა მისი ერთი წევრი,  22 წლის მაკა “გიდად” გამოგვყვა.

DSC00973
“ამ მორებს ნაკვეთის შემოსაღობად და გასათბობად იყენებენ.. ასევე, ყველა სახლის წინ ალაგია უფრო მცირე ზომის მორები, რომლებიც სკამების მაგივრობას წევს”

 

მცირე ხნით სოფელში გავისეირნე, აქ ყველა სახლი ერთი ზომის და ფერისაა, ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი ნომრებია, რომლებიც ყოველი კოტეჯის წინა კედელს აწერია.. სახლების გვერდით პატარა გალია – საქათმეები დგას, რომელშიც წიწილები, ქათმები, ზოგში  კი ინდაურებიც არიან.
ყოველ სახლთან პატარა შემოღობილი მიწის ნაკვეთია, სადაც ბოსტნეულს თესავენ.

DSC00976

“რადგან სარწყავი არ არის,  ნათესს წყალს ვედროთი უსხამენ”

 

ვუახლოვდები 70-მდე წლის ლურჯთავსაფრიან ქალბატონს, რომელიც პომიდვრის ჩითილებს მიწას უთოხნის.

“ჩვენ ვთესავთ და ვუვლით, მაგრამ ძალიან პატარა მიწაა, რაში უნდა გვეყოს. თუმცა რომც გვეყოს, ვერ ვრწყავთ, სარწყავი არ არის და “ჩაშკებით” ვასხამთ ხოლმე შვილო” – ამბობს ქალბატონი ზაირა.
რამდენიმე კითხვა დავუსვი ცხოვრების პირობებზე. თქვა, რომ ადრე კვირაში ორჯერ მოჰქონდათ საკვები, ახლა კი _ თვეში ერთხელ.
“მაგრამ რა არის შვილო, სულ ერთი და იგივე – ლობიო, მაკარონი, ლობიო, მაკარონი, ზეთი. თან ეს სიმინდის ზეთი რომ არის, ძალიან ცუდი და მწარე გემო აქვს , უჭირს მისი დახარჯვა სოფელს.”
ქალბატონი ზაირა საკანალიზაციო პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას. საქმე ისაა, რომ ხის საპირფარეშოები ყოველი სახლის უკან დგას საცხოვრებელი ადგილიდან ექვსიოდე მეტრში.
“ჯერ ერთი ტუალეტი რა არის შვილო და ახლა ოთხი ერთად. უნდა ნახო სიცხეში როგორი სუნია. ჯერ არ გავსებულა და ასეთ დღეშია და ზაფხულში ნახე როგორ ვიქნებით. ეჰ, რას ვიზამთ შვილო, როგორც გიჭირდეთ, ისე გილხინდეთო. გაგვიჭირდა და მაინც მადლობელი ვართ ამ მთავრობის, რომ დაგვასახლა და ადგილი მოგვცა”.
ბაღჩაში მომუშავე ქალბატონს ვემშვიდობები და გზას ვაგრძელებ.

DSC00997

“ჩეჩმები სახლიდან რამდენიმე მეტრშია განლაგებული და მაცხოვრებლებს სუნი აწუხებთ”

 
სასმელი წყლის ონკანი ყოველი ხუთი სახლის შემდეგ დგას, ანუ ერთი ონკანით  ხუთი ოჯახი სარგებლობს… კოტეჯების უკანა მხარეს თონეები დგას – ყოველ ორ სახლს შორის _ თითო. როგორც მაკა ჯავახიშვილმა მითხრა, ეს თონეები სოფლის მცხოვრებლებმა საკუთარი სურვილითა და ხარჯებით გააკეთეს.

DSC00985

ყველა სახლის ეზოში სარეცხის თოკებია გაჭიმული”

 

 

უკვე # 20 კოტეჯთან ვართ. კართან 9 თვის ორსული აზა დგას. მას შავკოპლებიანი თეთრი სარაფანი აცვია, თმა შეკრული აქვს და ღიმილით გვეპატიჟება შინ.
მოპირდაპირე კოტეჯთან  მორებზე მოხუცი ქალი და კაცი დავინახე.
– შენც ჟურნალისტი ხარ, შვილო? ვაიმე დედა, ტელევიზორში არ გამომაჭენო, იცოდე.
– არა, არა, აი კამერით არ ვარ, დიქტოფონია მხოლოდ.
– თბილისში ბევრი სანათესაო მყავს და არ მინდა, რომ მნახონ, დაღრეჯილი გამოვალ.. აი, მე და ჩემი ქმარი ვცხოვრობთ, ცუდად არის ისიც და მეც. ამ ნერვიულობაზე ინფარქტმა დამარტყა. ბოსტანში ლობიო და პამიდორი დავთესე, მაგრამ ვერ ვუვლი, ადგომის თავიც აღარ მაქვს და ღმერთის იმედიღა მაქვს, იქნებ, წვიმა მოვიდეს-მეთქი. შვილიშვილი თბილისში მუშაობს, ერთი ის მყავდეს სახლში და სხვა არაფერი მინდა, მაგრამ ხომ უნდა იმუშაოს?!”
ქალის ლაპარაკზე მის გვერდით მჯდომი კაცი წამოდგა, “ჩვენთვის ვინ არის და ვინ იქნებაო” – და სახლში შევიდა.
– აბა, ხილი მაინც მქონდეს, შვილო, რამით გაგიმასპინძლდებოდით.
– არა, ბებო, რას ამბობ(თ).
– ეჰ, რა სახლი დავკარგე, რა ხილი არ მქონდა ბაღში, ახლა კი, ვაშლი რა არის, მისი გემოც კი არ მახსოვს, თუ დამიჯერებ.”

მოხუც ქალს ვემშვიდობები და მისი კოტეჯის  გვერდით მდებარე ოქროპირიძეების სახლში შევდივარ. ოჯახში ახალდაქორწინებულ წყვილ – გიორგისთან და თამუნასათან ერთად გიორგი ოქროპირიძის და,  იზაც  ცხოვრობს.
“უნდა გამოეყოთ ოჯახზე თითო კოტეჯი. ჩემთვის და ჩემი მშობლებისთვის ერთი, ერთი ძმის ოჯახისთვის მეორე და მეორე ძმის და მისი ოჯახისთვისაც ერთი, თუმცა მხოლოდ ორი სახლი მოგვცეს” –ამბობს იზა.
მისი თქმით, ადგილის სიმცირის გამო, მისი მშობლები ერთ ძმასთან ცხოვრობენ, თავად კი აქ უწევს ცხოვრება. 
გიორგი და თამუნა ომის შემდეგ დაქორწინდნენ, ისინი საკუთარ გაცნობაზე ჰყვებიან.
“ზარი იყო შემოსული, ორი კვირის მერე  შევხვდი, სამჯერ ვნახე . მერე ომი დაიწყო და რომ ჩამოვიდა, კიდევ ერთხელ შევხვდით და მეორე შეხვედრაზე გავიპარეთ” – ამბობს თამუნა.
– რა მექნა, დამთავრდა ომი. ჩამოვედი აქა, ვნახე სველი იყო კედლები, ვიფიქრე მარტო შემცივდება მეთქი , მოვკიდე ხელი და მოვიყვანე,  – ერთვება გიორგი.
წყვილმა ხელი შვიდი თვის წინ მოაწერა და ჯვრის დაწერას ივლისში აპირებენ. 28 წლის გიორგი ოქროპირიძე თბილისის ხორცკომბინატში მუშაობს,
– “კარგი ქორწილი და თეთრი კაბა ყველას ოცნებაა, მაგრამ როცა არ გაქვს შესაძლებლობა, უარს ამბობ და ნაკლებით კმაყოფილდები. Dდახმარებას ჩვენ არავინ არაფერს გვაძლევს, ჩვენით მივყვებით ცხოვრების დინებას” – ამბობს გიორგი.
მისი და, იზა ბაღის მასწავლებელია. საბავშვო გასართობი ცენტრი ექვსთვიანი პროგრამით გაერომ გახსნა 20 მაისს.
“იუნისეფმა გაგვიხსნა საბავშვო ბაღი. გასართობი ცენტრია. 2საათამდე ვმუშაობთ. ვასწავლით ლექსებს, სიმღერებს, ვათამაშებთ, როგორც ხდება ხოლმე საბავშვო ბაღში. ჭამის და დაძინების მეტი ყველაფერი გვევალება. ბავშვებს მოსწონთ, თუმცა სათამაშოები არ გვაქვს საკმარისი, ძველები უკვე აითვალწუნეს , ამიტომ ჩვენ თავად გვიწევს რაღაცების მოფიქრება და გაკეთება” – ამბობს იზა.
რაც შეეხება სკოლის ასაკის ბავშვებს, ისინი სკოლაში ოთხი კილომეტრის მოშორებით, სოფელ ხურვალეთის სკოლაში დადიან. მათ მთავრობის დაქირავებული სამარშუტო ტაქსი ემსახურებათ.
ოქროპირიძეების სახლიც სხვა სახლების მაგვარია, ისეთივე ფარდები, კედლები, მაგიდა, საწოლები, სკამები, digital control– ის ფირმის ტელევიზორი და მისი მაგიდა. ჰო, აქ საწოლის თავზე სერიალ “ველური კატის” ნახატიანი კალენდარიც გაუკრავთ. პოსტერი ნესტს დაუსველებია და როსაურას სახე დაჭმუჭვნილი და გაყვითლებულია.

DSC00992

“აქ სარეცხი სახლშიც არის გაფენილი”

 

სოფელში არ არის რამე გასართობი ადგილი ან თუნდაც მცირე ბიბლიოთეკა, იზა ოქროპირიძე განსაკუთებით წიგნების არქონას განიცდის.
“ვერაფერს ვაკეთებთ, გასართობად ერთმანეთთანღა გადავდივართ საღამოობით, რომ ცოტა გული გადავაყოლოთ. დისევში ჩემი ბიბლიოთეკა მქონდა, ის წიგნები რომ მახსენდება, მეტირება ხოლმე. ჟურნალებსღა ვყიდულობ ხანდახან, რომ კითხვა მაინც არ დამავიწყდეს” – დანანებით ამბობს ის.
“კარგი იქნება პატარა ეკლესიას მაინც თუ აგვიშენებენ, რომ ცოტა მაინც დავისვენოთ სულიერად და ვიცხოვროთ ეკლესიურად, ძნელია გორში წასვლა სალოცავად, არც მღვდელი მოსულა და არც სახლები გვაქვს ნაკურთხი”. – ჩაერთო მაკა ჯავახიშვილი.
თამუნას თქმით, 50-იანელები იყვნენ მოსულები, ჰუმანიტარული დახმარება მოუტანეს დევნილებს და ქართული ეკლესიის წარმომადგენელი არავინ მისულა მათ დასახლებაში.
ოქროპირიძეებიდან გამოსულმა ცოტა გავიარე. იღრუბლება , გარეთ სატვირთო მანქანა მიდის ხის ხმელი ტოტებით დატვირთული. სახლებთან გაჭიმულ თოკებზე ფერად – ფერადი მაისურები და შარვლებია გაფენილი.

 

DSC00988    

“ადგილი საწყობის ფუნქციას ითავსებს..
ეს ფიცრები და ყუთები კი ღუმელისთვის არის გამზადებული”

 

56-ე კოტეჯის კართან ხუთიოდე წლის ბიჭი კალათბურთის ნარინჯისფერი ბურთით თამაშობს.
– რა გქვია პატარავ?
გიორგი ჭოველიძე.
– დადიხარ ბაღში?
– კი.
– მოგწონს? რას აკეთებ ხოლმე?
– კუბიკებს, თოჯინებს და მანქანებს ვთამაშობთ ხოლმე, კუბიკები მიყვარს , კოშკს ვაშენებ ხოლმე. მაგრამ ორ საათზე მთავრდება და მერე კოშკს ვანგრევ”.
ამ დროს ჩემმა თანმხლებმა ჟურნალისტმა ბავშვს ომის დღეებზე დაუწყო გამოკითხვა. სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას, და სხვა კოტეჯში, თუმცა ისევ ოქროპირიძეების ოჯახში შევედით.
სახლში 20წლის მარი და მისი ერთი წლის შვილი, ნანიკო დაგვხვდნენ.. პატარამ ახლახან გაიღვიძა და უნდა აჭამონ. ახალგაზრდა დედას რძე ომის დღეებში გაუშრა და ბავშვი ხელოვნურ კვებაზე ჰყავთ. მარის ომის დროს ქმარი დაკარგული ჰყავდა და მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ გაიგო მისი ადგილსამყოფელი – მაშინ, როცა სოსო ოქროპირიძე თავად დაუკავშირდა ოჯახს. მარის რძის გაშრობის მიზეზი სწორედ  იმ პერიოდში გადატანილი ნერვიულობა გახდა. ის ექიმის და ფსიქოლოგის ნაკლებობას განიცდის.
“კარგი იქნება, რომ იყოს რამე ამბულატორია, პედიატრი და ფსიქოლოგი გვჭირდება, რომ ბავშვი მივიყვანოთ ხოლმე. ფსიქოლოგი ყველასაც გვინდა, რომ გამოვიდეთ იმ სტრესიდან, რაც გადავიტანეთ. აქ კი აფთიაქიც არ არის.”.
მარის თქმით, ყოველთვიურად მოაქვთ განსაზღვრული რაოდენობის სტანდარტული საკვები – კილო – ნახევარი თეთრი ლობიო, ხუთი შეკვრა მაკარონი, 300 გრამი ზეთი, 200 გრამი შაქარი  და,  რა თქმა უნდა, სამი კოვზი მარილი.
“ხომ შეიძლება, რომ ცოტა შეგვიცვალონ საკვები, ბოსტნეულით მაინც, პატარა ბავშვები გვყავს, მაკარონს და ლობიოს ვერ ვაჭმევთ სულ, სუფი ხომ  მაინც უნდა გავუკეთოთ. მაკარონის ნაცვლად ბრინჯი ან გრეჩიხა მაინც მოგვიტანონ.” – ამბობს ის.
პატარა ნანიკო წითელმანიკურიან თითებს შლის  და რეზინის ფისოს პირში იდებს.

DSC00982

“თქვეს, რომ სველი იატაკიდან ცუდი სუნი ამოდის. ამასთან, ხვლიკები, ჭიები და სხვა მწერები თუ ქვეწარმავლები მოძვრებიან ხოლმე”

 

მარის ეზოდან საწოლის გადასაფარებელი შემოაქვს , რომელსაც გვერდები აქვს შემოხეული – “ეს გუშინ მოგვიტანეს , წამლის სუნი ჰქონდა და გავიტანეთ გასანიავებლად, ისეთი ქარია, ყველაფერს ხევს. გარეცხილი თეთრეულიც სულ დახეული შემოგვაქვს.”.

 

DSC00983

“დახეული გადასაფარებელი”

 

 ამ სახლსაც ვტოვებთ და გარეთ გავდივართ.
სოფელში ორი პატარა ჯიხური აქვთ გახსნილი თავად ხურვალეთის მცხოვრებთ. იქ ყავა, სიგარეტი, ლუდი, წვენები და სხვა ამგვარი რაღაცები იყიდება.
“ფასების განსხვავება 10 – 20 თეთრშია, გააჩნია რას ყიდულობ. მაგალითად, ბალი ბარათი ერთგან სამი ლარი ღირდა, მეორეგან 3.50” – განმარტავს ჩვენი “გიდი”.

 

 

DSC01002

სოფლის ცხოვრება” ქათმები, ძაღლი.. პატარა ძაღლი კია, მაგრამ როგორც ახლა განმიმარტეს, მგონი, მწევარია”

 

ეს კი კოტეჯი # 57 – ია – ჩვენი ბოლო გაჩერება . ოჯახის უფროსი, ჭაბუკა ტოლიკაშვილი სახლს მათვალიერებინებს და სამზარეულოს მაჩვენებს, სადაც კედლები ჩამომტვრეულია და ნანგრევები ჩანს.
“აი ნახე, ეს მეორე ზაფხულში აღარ იქნება. დაიფშვნა სულ. ცემენტით არ არის ნაშენები, ქვიშაა მარტო, ქვიშა” –  ამის დასამტკიცებლად მუჭი მოუჭირა კედელს და ქვიშით სავსე პეშვი მაჩვენა. ოთახში ნიორის სუნიც ტრიალებს სამზარეულოს მაგიდაზე გაურეცხავი თეფშები აწყვია და ძვლები ყრია, (როგორც ოჯახის წევრებმა თავად თქვეს – ხაშის),
ჭაბუკას ცოლიც ორსულად არის და დღე დღეზე ბავშვს ელოდება. ოთხი წლის გოგონა უკვე ჰყავთ. “დიდი გაწევ-გამოწევის” მიუხედავად, მასპინძლები სუფრას შლიან. ახალი კარტოფილი, ყველი, პური, ხაჭაპური, სალათა, ნამცხვარი, ღვინო, კონიაკი, წვენი, ლუდი – უცებ სუფრაც გაიშალა. გვერდითა სახლიდანაც ამოვიდა ვიქტორ ჯავახიშვილი. ჭაბუკას დვდ შემოაქვს და დისკს რთავს.  – “უკვე სხვა გზა შენ არ გაქვს, კოკოითი ფანდარასტ” – ამღერდა ლექს სენი პირველივე სიმღერით. ამას “ფსოუს წყალი” და “გამარჯობა აფხაზეთო შენი” მოჰყვა. სუფრაზე “მშვიდობის” და საქართველოს სადღეგრძელოს ამბობენ. 31 წლის ვიქტორი ფოტო – ვიდეოგადაღებაზე უარს ამბობს.
“მე რომ სამსახურიდან დამითხოვონ, შენ მოგკლავ….” – ეუბნება ოპერატორს.
ამ დროს ოთხი წლის მარი გამოდის ოთახიდან. კაბაზე დიდი წითელი მაისური გადაუცვამს. გოგონა მამასთან მივიდა და ხელზე დაებღაუჭა.
ჭაბუკა ტოლიკაშვილმა ბავშვს ოსურად რაღაც უღრიალა, როგორც შემდეგ განმარტეს – დედა შეაგინა.
“დედას შეაგინებს, აბა მეზობელს ხომ არა” – იცინის ვიქტორი.

DSC00994

“ეს პატარა მარია. (უფრო ზუსტად, მისი ხელი.) – მთხოვს, მკლავზე “დახატულ” საქართველოს დროშას გადავუღო სურათი”

 
ცოტა ხანში გარეთ გავდივარ და უბანს ვათვალიერებ, ყველა სახლთან სარეცხი ფენია, ყველა კოტეჯთან წიწილები და ქათმები არიან, ძაღლების ყეფა ისმის, კანტი – კუნტად მანქანებიც დადიან. ხურვალეთის მკვიდრნი ბოსტნებში ფუსფუსებენ, ბავშვები ბურთს თამაშობენ, ხეებზე დაძვრებიან, ქალები თონეში პურს აცხობენ – ახალი სოფელი თითქოსდა სოფლის ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს.

DSC00999

“მანქანები”

DSC00987

55 – ე კოტეჯთან ელექტროენერგიის ბოძზე განცხადებაა გაკრული, რომელშიც დევნილებს პროფესიულ განათლებას სთავაზობენ. სახლიდან კვლავ მაკა გამოდის.
– მაკა, ამ განცხადებით არავინ დაინტერესებულა?
– რომელი აბა?
როგორც აღმოჩნდა ეს პროგრამა არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ამერიკელი მეგობრების”  ინიციატივით დაწყებულა.
“დურგლობას ასწავლიან, მეფილე – მომპირკეთებელის, სანტექნიკოსის და ელექტრიკოსის სპეციალობებიც არის.  დადიან აქედან, არის დაინტერესება. ივნისის ბოლოს იწყება კომპიუტერული პროგრამების და ინგლისურის შესწავლა”..

DSC00989

“განცხადება.. (ეს ისე)”
 დღის ხუთის ნახევარია, თბილისელი სტუმრები ხურვალეთელებს ვემშვიდობებით. უკვე სოფლის გასასვლელთან ვდგავართ. ბოსტნებში მომუშავე ადამიანები ნაკვეთებს ტოვებენ,  ჩვენს შორიახლოს მორებზე სხდებიან  და აგვისტოშიც გვეპატიჟებიან – მწყერზე. 31 წლის ვიქტორს სახლიდან რევოლვერი და ავტომატი გამოაქვს. ჯარისკაცის ფარაჯასაც აყოლებს. ჩემთან ერთად მყოფი სამი ჟურნალისტი და ერთი ოპერატორი მორიგეობით იცვამენ ჯარისკაცის სამოსს , ბალახებში მეომრებივით იმალებიან და იარაღით ხელში სურათებს  იღებენ  – “თითქოსდა ომის სიმულირებას სწევენ”.

DSC01014

დასასრული:-)

Advertisements
 
17 Comments

Posted by on ივნისი 11, 2009 in რეპორტაჟები

 

17 responses to “რეპორტაჟი ახალი სოფლიდან

  1. polkovniki

    ივნისი 11, 2009 at 10:19 AM

    რა საინტერესო რეპორტაჟი იყო. ყოჩაღ, კარგად წერ. იმედია მომავალშიც იქნება მსგავსი პოსტები

     
    • mariakhsiashvili

      ივნისი 11, 2009 at 11:07 AM

      გმადლობ:-)))
      ვცდილობ, საინტერესო ამბები არ გამოვტოვო, ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ არა:-)))

       
  2. zina

    ივნისი 11, 2009 at 6:19 PM

    “ცოტა ხანში გარეთ გავდივარ და უბანს ვათვალიერებ, ყველა სახლთან სარეცხი ფენია, ყველა კოტეჯთან წიწილები და ქათმები არიან, ძაღლების ყეფა ისმის, კანტი – კუნტად მანქანებიც დადიან. ხურვალეთის მკვიდრნი ბოსტნებში ფუსფუსებენ, ბავშვები ბურთს თამაშობენ, ხეებზე დაძვრებიან, ქალები თონეში პურს აცხობენ – ახალი სოფელი თითქოსდა სოფლის ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს” – აი,ამ ”თითქოსდამ” მომიკლა გული! 😦

     
    • mariakhsiashvili

      ივნისი 12, 2009 at 7:34 AM

      სამწუხაროდ ასე იყო:–((( რა თქმა უნდა, მაინც იმ სოფლებს მისტირიან, აბა რა იქნება.. თან ისეთი სტრესი გადაიტანეს, ორჯერ დევნილი ხალხია:–(((

       
  3. თამუნა

    ივნისი 11, 2009 at 7:07 PM

    ხურვალეთის ხეობაში დაახლოებით 5 თვის წინ ვიყავი. მაშინ იქ არც საბავშვო ბაღი იყო და არც მაღაზიის მსგავსი რამ. არც ნაკვეთები ჰქონდათ, არც წიწილები. გამაოცა მათმა სტუმართმოყვარეობამ,(მათი პირობების გამო) სადაც კი შევდიოდათ, ყველგან ყავაზე გვეპატიჟებოდნენ, ერთმა ქალბატონმა ვაშლები და კანფეტები ძალით გამოგვატანა. უარის თქმაც კი მერიდებოდა.
    მარი, ძალიან საინტერესო რეპორტაჟია. ყოჩაღ. აუდიოვერსიაც ძალიან კარგი გამოგივიდა 🙂

     
    • mariakhsiashvili

      ივნისი 12, 2009 at 7:38 AM

      სტუმართმოყვარეობას ნუ იტყვი, ერთგან ლამის ხაში გვაჭამეს:–))))
      ყავას არ ვსვამ კაი ხანია, გული მაწუხებს, მაგრამ ისე მეხვეწნენ, რომ უარი ვეღარ ვუთხარი. მიატნის საწუწნი კანფეტები ყველაზე კარგ შოკოლადზე გემრიელი მომეჩვენა..
      ბოლო ოჯახში მაინც გაგვიშალეს სუფრა.. კიინაღამ დაგვათვრეს:–))))
      ღვინო და ლუდი არ მიყვარს და ალბათ იმიტო არ დავლიე (თან , ხო იცი, ” იმ” ნივთთან ერთად დალევა არ შეიძლებოდა :–))))

       
      • თამუნა

        ივნისი 12, 2009 at 1:01 PM

        ხოოო, 🙂 რას ამბობ, ,,იმ” ნივთთან ერთად რა დალევა….;) 😉

         
  4. Bas

    ივნისი 11, 2009 at 8:18 PM

    ძალიან კარგი რეპორტაჟი იყო 🙂

    დიდი მადლობა!

     
    • mariakhsiashvili

      ივნისი 12, 2009 at 7:39 AM

      მადლობა თქვენ:–))))

       
  5. ანელი

    ივნისი 12, 2009 at 1:11 PM

    “- შენც ჟურნალისტი ხარ, შვილო? ვაიმე დედა, ტელევიზორში არ გამომაჭენო, იცოდე.
    – არა, არა, აი კამერით არ ვარ, დიქტოფონია მხოლოდ.” – თან რა დიქტოფონი, არაა? მარი, ისე, ხურვალეთში ყოფნისას აჩრდილი ხომ არ დაგყვებოდა? :–) :–) :–)

     
    • mariakhsiashvili

      ივნისი 16, 2009 at 9:52 AM

      ანელიიიიიი:–))))
      აჩრდილი არ მიგრძვნია ნამდვილად, დიქტოფონი კი კაარგი იყო:–))) ცოტა უმიკროფონობამ გატეხა, ბევრ სინქრონში ხმა არ შედის.. თორე მაგას ერთი კარგი მიკროფონი და პორტატული სტუდიაა რა:–)))

       
  6. ანელი

    ივნისი 12, 2009 at 1:15 PM

    მარიი, გიორგის და თამუნას დაქორწინების და სიყვარულის ამბავს უფრო დაწვრიბით მომიყევი რაააა :–)

     
    • mariakhsiashvili

      ივნისი 16, 2009 at 9:57 AM

      რა იყო, მეტი არაფერი გაინტერესებს?:–))) ისე, შენ როდის აქეთ გახდი ასეთი ჭორიკანა, გადმოგდეს ხომ იცი შენ ეს მავნე თუ კარგი ჩვევა:–))
      ამბავი ასე იყო – ზარი იყო თამუნას ტელეფონში შესული, ამ უკანასკნელმა დაუმესიჯა ( როგორც ხდება ხოლმე), დაილაპარაკეს, (ორი კვირა არ ვხვდებოდიო:–))), მერე შეხვდნენ ახალბაღთან, გიორგი მანქანით მივიდა, დაიგვიანა, წვიმა იყო და “დამხვდა გალორთხილიო”.. თამუნამ “მიტყდებოდა მანქანით რომ მოვიდაო”.. გაიცნეს ერთმანეთი, კიდე ორჯერ შეხვდნენ, ერთხელ მანქანით, მეორედ მის გარეშე. მერე ომი დაიწყო, ამის დამთავრების შემდეგ კიდევ ერთხელ შეხვდნენ და მეორედ ქეც გაიპარნენ.,. ასე იყო ეს ამბავი..

       
  7. ანელი

    ივნისი 12, 2009 at 1:16 PM

    მარი, ხო მართლა, დამავიწყდა, მეთქვა. გრამატიკული შეცდომები რატომ არ გამასწორებინე? 🙂

     
    • mariakhsiashvili

      ივნისი 16, 2009 at 9:50 AM

      ხო გამისწორე ნახევარი:–))))

       
  8. უსახელო

    ივნისი 18, 2009 at 1:28 PM

    დეტალების დანახვის კარგი ალღო გაქვს რაც ძალიან მომწონს.

     
    • mariakhsiashvili

      ივნისი 18, 2009 at 1:52 PM

      კიდევ დიდი მადლობა:–)))
      “თავმდაბლობას” გამოვიჩენ და ვიტყვი, რომ შარშან ჩემთვის ე.წ “ავტორიტეტულმა” ლექტორმა მითხრა – ქამელეონის თვალი გაქვსო და ძალიან გამიხარდა:–)))

       

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: