RSS

Daily Archives: ივნისი 30, 2009

რეპორტაჟუნა წამების დღიდან

პარასკევს წამების საერთაშორისო დღე რომ იყო, ნამდვილად არ ვიცოდი, ისე მივდიოდით მე და ჩემი ჯგუფელი ანელი ჩვენს ჩვეულ გზაზე, შინისკენ. . ოპერასთან დავინახეთ უამრავი ხალხი.. რაღაც სამგლოვიარო პროცესიასავით იყო ეს მოძრაობა.. შორიდან კიდევ ბევრი ხალხი ჩანდა.. დაგვაინტერესა და გავყევით ნაკადს (როგორც ანელიმ თქვა – თეორიულად ხომ მაინც ვართ ჟურნალისტები.).. ცოტა ხანს ვსდიეთ, ცოტა დაგვაბიჯეს, ცოტა დავაბიჯეთ, მაგრამ მაინც ვერაფერი გავიგეთ..

 კითხვას – რა ხდება? (კოკა გამახსენდა, ყანდიაშვილი), ჩვენი მოქალაქეები ძალიან მტკივნეულად აღიქვამდნენ. .

 – “უსამართლობას ვაპროტესტებთ” – ქალი არ ჩერდება და უკანმოუხედავად მიდის..

– ბატონო?

– რა ვერ გაიგეთ, უსამართლობას ვაპროტესტებთ მეთქი..

– ვერ ვხვდებით რა სახით, მართლა გვაინტერესებს..

– გითხარით, უსამართლობას ვაპროტესტებთ მეთქი, სააკაშვილის მოგაზავნილები რომ ხართ..( ქალი აშკარად აგრესიული გახდა)..

– ვაიმე..

– რა ვაიმე ერთი..

 ჩვენი გაოცებული სახე მსვლელობის სხვა მონაწილეებმაც ცუდად გაიგეს.

– “ხო, ხო, ვერ გაიგეთ? თორემ არ ხართ, რას ამბობთ” – და შემოგვიბღვირეს..

სასწრაფოდ გავეცალეთ და წინ წავედით.. როგორც გავიგეთ, ამ პროცესიას გეზი უზენაესი სასამართლოსკენ ჰქონდა აღებული.. ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვთქვა, რომ არც ვიცოდი სად იყო – ვიცოდი მხოლოდ თეორიულად –  არის ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე , ეს ქუჩაც ვიცოდი ასევე თეორიულად – სადღაც რუსთაველის გამზირიდან უნდა აუხვიო.. ახლა კიდე, ასეთი “შანსი ჩამივარდა”..

DSC01131 (1)

მივყევით ბოლომდე.. სასამართლოს შენობის მოპირდაპირე მხარეს, “მეოხის” რედაქცია თუ რა შენობა არ ვიცი, საცხოვრებელი სახლიც იყო ამავდროულად, იქ დაიდეს ბუდე.. თავიდან დავინახეთ წითლად აფორაჯებული ხაინდრავა .. მერე შემოემატნენ ლევან გაჩეჩილაძე და სხვები..

DSC01138

ხალხი მოდიოდა და მოდიოდა.. ოღონდ ეს ხალხი აღარ ჰგავდა ძველ “აქციონერებს” და “პროტესტანტებს”.. ახლა რაღაც ყველაფერზე წამსვლელი ადამიანების ჯგუფი იყო.. მე და ანელიმ მივიღეთ გადაწყვეტილება – არ გაგვემჟღავნებინა ჩვენი პოლიტიკური ორიენტაცია (არც ის, რომ ჟურნალისტური ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ვიყავით აქ,, ერთადერთი მობილური ტელეფონი თუ გაგვყიდდა, რომლითაც სურათებს ვიღებდით..).. ვიდექით ჩვენთვის ჩუმად..

DSC01203

ხალხის ჩოჩქოლი და ტაშის კვრა არ წყდებოდა.. ხმას ამოიღებდა გრეჩიხა და ერთი ხალხის დაჩოქებაღა აკლდა , თორემ თავი ძველი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში მეგონა… ლევანი არმაზის კერპი იყო და ეგაა…

 – ხალხო, გადაიწიეთ, მთელ ტერიტორიაზე განვლაგდეთ, ბევრი ხალხი მოდის ძალიან,, თქვენ იქით გადაიწიეთ.. (რას გადავიწეოდი, ძლივს ოცნება ამისრულდა და მეფე (თან ამდენი) ახლოდან დავინახე)..

აივნებიდან ხალხი სურათებს იღებს, რაც ხალხის აღშფოთებას იწვევს..

– “ეს ამხელა კაცი რამ გადარია, რამ, რატომ გვიღებს რა უხარია ერთი” – ყვირის 40იოდე წლის ქალი, და ღია მწვანე ყვავილიან რეზინის ქოშებს ერთმანეთს უსვამს..

– აბა ეს გააკეთოს თუ მაგარია, (რაღაც ფიცარს აწოდებენ აივანზე). თოკი უნდა, თოკი.. თავიდან ვერ მივხვდი, როგორც აღმოჩნდა, ეკრანია და პროექტორის მეშვეობით რაღაც ფილმების ჩვენებას აპირებენ..

“ჩვენ ველოდებით დაბნელებას, რომ მოვახერხოთ ფილმის ჩვენება, მანამდე კი გვეყოლება რამდენიმე პოლიტ.გამომსვლელი – აცხადებს ბესელია..

უცებ ხალხმა ყიჟინა დასცა და ყველა სასამართლოს სახურავზე იშვერს ხელს. სახურავზე შავნიღბიანი ახალგაზრდა კაცი დგას, (სავარაუდოდ ახალგაზრდა ) და ფოტოებს იღებს.. რატომღაც ჩემი ნაყურები მწირი ფილმები გამახსენდა და აქედან “ლეონი” , კინაღამ გამიელვა – ვაითუ, სნაიპერი ან ქილერია მეთქი.,. რავი, რას არ იფიქრებს ადამიანი..

ხალხი ხელს უქნევს და ყვირის.. “გვიყურე რამდენი ვართ და გასკდი გულზე, მიწა დაგაყარე შენ” – ყვირის 70მდე წლის ჭრელხალათიანი, ხელებზე მრავალბეჭედასხმული ქალი, რომელსაც თმა ყვითელი აბადოკით გადაუწევია.

“გადაგვიღე, გადაგვიღე, გაუხეთქე გული ჩვენს მტერს – გვიყურე”, – 40იოდე წლის შავებში მოსილი ქალი ჰაერში ხტება და ხელს ისე უქნევს, თითქოს მისწვდებაო, თან მუყაოსგან გამოჭრილი ლუდ “ქარვის” მარაოთი ინიავებს ყელს..

ქოქოლამიყრილი ფოტოქილერი ფოტოაპარატს იშორებს და შუათითს აჩვენებს “დუშმანთ”..

– ეგ შენ და შენს ოჯახს შე სამიწე”..

მოკლედ, ეს ფოტოქილერი საღამოს მთავარი თემა გახდა – გაჩეჩილაძე გამოდის – არ არსებობს, რომ ამ ადამიანის ან ნათესავი არ იყოს უსამართლოდ დაჭერილი ან მეზობელი, ან მამა, ან..

– ან უბნელი – აშველებს რამდენიმე ხმა ერთად.

–  ხო ან მეზობელი, ან მამა, ან ბიძა, ან მეგობარი, ან, ან..

–  ან უბნელი – კვლავ ისმის ხმები..

–  ხო, ან უბნელი.. მოეშვა გულზე გრეჩიხას..

“ჩვენ შენთვის ვცდილობთ, რომ შენ თავისუფალი საქართველო დაგახვედროთ.. ხალხო, ამას კი არ უნდა უყვიროთ , კი არ უნდა აგინოთ, უნდა ჩამოიყვანოთ, მოეფეროთ, დაუყვავოთ და ფეხი დავბანოთ, რადგან ძმაა ესეც თქვენი” – მქუხარე ტაში..

 – ხო, გენაცვალე, აბა რა, უნდა ჩამოვიყვანოთ და თოკი უნდა თოკი ამას, კვლავ ყვირის ის 70მდე წლის ჭრელხალათიანი, ხელებზე მრავალბეჭედასხმული ქალი, რომელსაც თმა ყვითელი აბადოკით გადაუწევია.

ძალიან ცხელა, არამარტო აქციის მონაწილე “ჩვეულებრივ ადამიანებს”, არამედ ლიდერებსაც კი დასცხათ.. გრეჩიხამ ოფლი მოიწმინდა სახიდან და ყელიდან და ხელები ცისფერ პერანგზე გაისვა,, ხო, ასეთი მიმართვაც გაუგზავნა “ფოტოსნაიპერს” – ეგ ფოტოები აიღე, დაახვიე, ვაზელინი წაუსვი და მერე ხომ იცი, რაც უნდა ქნა”..

გამოვიდნენ ბესელია, ბურჯანაძე, ზურაბიშვილი – ყველამ შეიცოდა ის უბედური ფოტოსნაიპერი , ხო, მათ ამოსვლას ხალხის “შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე” არ მოკლებია.. ამასობაში ჩვენს ტელეფონებს რაღაც დაემართათ და სურათებს აღარ იღებდნენ.. ხოდა, აღარ დაველოდეთ შემდგომ “წამებას” და წამოვედით…

მაპატიეთ, სურათების  მცირე რაოდენობის გამო.. იმდენად აღარაფრის თავი არ მაქვს, რომ უნი – ს მაღალსიჩქარიანი კომპების მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით სურათების ატვირთვა ნამდვილი ტანჯვა იქნებოდა ჩემთვის.. მხოლოდ ერთს წარმოგიდგენთ:

26062009030

დიდებულის ფეხები..

 
9 Comments

Posted by on ივნისი 30, 2009 დუიმი რეპორტაჟები