მოკლედ, დილით ადრე ამაყენა დედაჩემმა – საზამთროდ კიტრის მწნილის ჩადება მინდაო და გამიყოლა (რატომღაც). არადა, ყველაზე ნაკლებად რაც მეხერხება – რაღაცების ყიდვაა. ნუ, მაინც გავყევი.. ნავთლუღის ბაზარში რომ შევედი სასტიკად “მომესიკვდილა” იქ ბოდიალი, თან დედაჩემის ამბავი რომ ვიცი, სანამ ის აარჩევს თავისთვის მოსაწონს და თან კიტრი სახელად თქვა და მიაყოლებს იმას რასაც თავალს დაადგამს:-D ხოდა, გადავწყვიტე, საკუთარი თავი თავადვე გამეხალისებინა და ბაზრიდან რეპორტაჟი გამეკეთებინა. მაშ ასე:
წითელ – მწვანე – ცისფერი ბრეზენტით გადახურული დახლები, ძირს დაწყობილი ყუთები, დამპალი კარტოფილით, კიტრით, ერბო “ტექსუნის” ქილებით მოფენილი აყრილი ასვალტი – ეს ნავთლუღის ბაზრობა “კედარია”. ..
ნავთლუღის ბაზარი “კედარი”
ბაზრის შესასვლელში ჯიხური დგას, სადაც მუსიკალურ კასეტებს და დისკებს ყიდიან.
“ჩემი გულის დედოფალო, რატომ მტანჯავ რა გინდაა” – ჟღერს (ახლა უნდა მეთქვა – ღია რადიოში მეთქი, ფუჰ:-D)
ნუ, “ნაცნობი” სიმღერაა..
პირველივე დახლთან ხალხია შეკრებილი.
“აბა, საუკეთესო პამიდორი იაფად” – ყვირის ზორბა, წითურულვაშიანი მამაკაცი, რომელსაც ცისფერზოლიანი თეთრი პერენგის ღილები თითქმის ჭიპამდე აქვს ჩახსნილი.
ჩანს – იაფ – “ლაროციან” პამოდორს მნახველი უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე მყიდველი.
– გაიწიე, გაიწიე,მაინც არ ყიდულობ და ჩვენ მაინც გაგვიშვი – ყვირის ხნიერი, ყვითელსარაფნიანი ქალი, რომელსაც ორივე ხელში დაკეცილი თეთრი ნაჭრის პარკი უჭირავს. ის მუჯლუგუნებით არღვევს რიგს .
– ამ ხნის ქალი ხარ და როგორ იქცევი, ნადირო, ტყეში გაზრდილო – ისმის ყიდვის თუ დათვალიერების მოსურნეთაგან. ქალი ყურადღებას არავის აქცევს და პამიდორს მუშტრის თვალით ათვალიერებს, ხელს უჭერს, სიმაგრეს უსინჯავს, ფრჩხილიც გაჰკრა რატომღაც , ერთი-ორჯერ.
– ლარად მომე და ათი კილო მიმაქვს – მიმართა გამყიდველს.
– შენ გიჟი ხომ არ გაქვს ნაჭამი. ლარი და ათი მიცემული .მაქვს და ლარად მოგცე?
– ჰაა, მომე, მომე, კაი კლიენტი ვარ, ათი კილო მიმაქვს – არ ეშვება ყვითელსარაფნიანი ქალი.
– სადაც მოგცენ, იქ იყიდე , აბა საუკეთესო პამიდორი იაფად – აგრძელებს ყვირილს ზორბა, წითურულვაშიანი მამაკაცი, რომელსაც ცისფერზოლიანი თეთრი პერანგის ღილები თითქმის ჭიპამდე აქვს ჩახსნილი.
“იაფი პამიდვრიდან” სამიოდ მეტრში ორი ვედრო დგას – სამურაბე კაკლით. გვერდით ახალგაზრდა წყვილი მიდის.
– აუ, თედო, კაკლის მურაბა ვიყიდოთ რა – სთხოვს თანმხლებ მამაკაცს ქერათმიანი, მკვეთრმაკიაჟიანი, ცისფერკაბიანი და ძალიან მაღალ, წვრილ (შპილკა) ქუსლებზე შემდგარი ქალი.
– კაი რა ლიკა, რათ გვინდა კაკალი. თან მაგას კირი და ათასი უბედურება უნდა – პასუხობს 25 – იოდე წლის ბიჭი, რომელსაც ნაცრისფერი ჩაჩები და ლურჯი რეზინის “შლოპანცები” აცვია.
– აუ, არა რა, თედო, ვიკითხოთ..
– კარგი, ეს კაკალი ვისია? – კითხულობს თედო.
– ვინც იყიდის მისია შვილო – პასუხობს გვერდით მჯდარი ბადრიჯნის გამყიდველი და თან კაკლის პატრონს ეძახის, რომელიც მალევე მოდის და წყვილს მურაბის მომზადების რეცეპტს უხსნის.
ნატურით ვაჭრობა – პამიდორს და ბავშვის ტანსაცმელს ცვლიან
ამასობაში დედაჩემი დავკარგე და ძლივს მივაგენი, ჰოდა მასა და “ბაჯიას” შორის ასეთი დიალოგის მომსწრე გავხდი.
– კიტრი რა ღირს?”
– აი, პამიდორი ლარი, კაპუსტა შიძისიატ, მარკოვკა ლარ პიძისიატ.
– კიტრი? კიტრი?
– აა, კიტრი ვოსემძისიატ, აი, პამიდორი ლარი, კაპუსტა ვოსიმძისიატ..
– კიტრი მინდა..
– ხო, კიტრი, აი, კიტრი, აი პამიდორი – ლარი. კაპუსტა შიძისიატ, მარკოვკა ლარ პიძისიატ, ციცაკა ლარ დვაციტ..
– კიტრი ამიწონე ათი კილო..
– კიტრი? პამიდორი არ გინდა? ლარი.. კაპუსტა შიძისიატ, მარკ..
აქ წამოვედით და “ოვკა ლარ პიძისიატ და ციცაკა ლარ დვაციტ” – უკან მოგვაყოლა.)
უცებ, ჰოი საოცრებავ, ბიტლზების “get beck” მოესმა ჩემს ყურებს, მუსიკალური კასეტა-დისკების გამავრცელებელი ჯიხურიდან გამოდიოდა ხმა. მოწმენდილზე მეხი არ გამიკვირდებოდა (თუმც მოღრუბლული იყო) , როგორც ეს . როგორ, ნავთლუღის ბაზარში, იქ სადაც ოდენ უცნობი, უძეგლო (ან ნაცნობი და დონე 90-იანი წლების სექსსიმბოლო – ასე მოიხსენიებდნენ გია სურამელაშვილს ერთ-ერთ სტატიაში:-D) მომღერლები მღერიან , ბითლზები? უცებ გამორთეს და ჯენის ჯოპლინის “try” დაიწყო (აქ ანელი მეტყოდა – რა დრო დაგიდგა მარი, ჯოპლინს ცნობო:-D
მაგრამ ეს ეტყობა უეცარი “გაფართხალება” იყო, რადგან ოციოდე წამიც არ აკივლეს, რომ “საამო” – მთრთოლვარე
ჰანგები მოესმა ჩემს ყურთასმენას – მიყვარხარ მეთქი, გითხარი და და შენც დაიტანჯებიი” – ვაა მეთქი, როგორ ვერ ვცნობ😀
მაგრამ ჩემი უმეცრება ამ მხრივ სულ რამდენიმე წამში გაქრა, როდესაც შემდეგი სიტყვები გაისმა – “დედიკოს გაფიცებ, არ გადამეჩვიო, არ გადამეჩვიო, არა”:-D
“სანტავიკი” ყველგან საჭიროა
დედაჩემი ისევ კიტრს არჩევს. მე გვერდით გავდივარ. ახალგაზრდა ბიჭი თხილს ყიდის. მასთან 50-წლამდე წითლადთმაშეღებილი ქალი მიდის,
– ამ თხილს გული აქვს?
– გულიც აქვს და ფილტვიც – სიცილით პასუხობს გამყიდველი იმერული კილოთი.
ქალი თხილს იღებს , ფცქვნის, ტეხავს და ჭამს.
– რა ღირს?
– ორი ლარი.
– მომე ლარნახევრად და ორ კილოს წავიღებ.
– ოოოჰ, კაი ერთი – იცინის ბიჭი, “სპრაიტის” ბოთლიდან წყლით ასველებს ლურჯ-შავ უჯრულა ცხვირსახოცს და კისერზე იხვევს.
– მომეცი , მომეცი, არ ვარგა შენი თხილი, არ უვარგა გული..
– რავა არ უვარგა? – ბიჭი თავად იღებს თხილს და ტეხავს.
– ეს ამ ერთ ცალში იყო..
ბიჭი კიდევ ორ ცალს ტეხავს..
– იცოდე, რამდენიც ჭიანი და უგულო შემხვდება , იმდენს გაგინებ – ეუბნება ქალი.
– როგორ მაგინებ? – იცინის ბიჭი..
– შე კარგმო….ლო არ იცი – როგორ უნდა გინება?
ბიჭი ისევ იცინის და მაისურს იფერთხავს ..
საბოლოო შეთანხმება – ორი კილო – სამლარნახევარი;
ბაზრის გასასვლელში ქალი ბოსტნეულს ყიდის და თან ტელეფონზე ლაპარაკობს
“როგორ ვერ გაიგე, სამი ნოვოკაინი აიღოს, გახსნას პენიცილინში ხუთგრამიან შპრიცში და გაუკეთოს ყურისძირში” – იმედია, ადამიანზე არ ლაპარაკობს.
ყველის და ნაგვის “იდილია”
დედაჩემმა იყიდა, რაც უნდოდა და ჩვენც ვტოვებთ წითელ – მწვანე – ცისფერი ბრეზენტით გადახურული დახლების, ძირს დაწყობილი ყუთების, დამპალი კარტოფილის, კიტრის, ერბო “ტექსუნის” ქილებით მოფენილ აყრილასვალტიან “პატარა სამყაროს”, – ეს ნავთლუღის ბაზრობა კედარია.