დღეს მწვანე ტალღიდან გამაგზავნეს – კონსტიტუციის დაცვის ეროვნული ლიგა საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ პრესკონფერენციას თუ რაღაც მაგვარს მართავდა. მისამართი – ჭავჭავაძის 17ა. მესამე სართული.
ცოტა ადრე წავედი. ეს “ა” – ები ცუდად ვიცი ძალიან და..
15წუთში ჭავჭავაძეზე ვიყავი. ვნახე 17ნომერი,. მაგრამ ეს 17ა არსად ჩანდა. შევედი რაღაც ჩიხში, დანგრეული სახლებით იყო უპირატესად იქაურობა სავსე. დავინახე – 17ა – სამსართულიანი, ჩამონგრევის პირას მყოფი შენობა. ავედი, შარდის და შმორის საშინელი სუნით იყო იქაურობა გაჟღენთილი.
დაბზარული კედლები.. ჩამონგრეული ჭერი.. ყოველ სართულზე ძველი, ჟანგიანი რადიატორები და დამტვრეული აგურები ეყარა.
გამიკვირდა – ასეთ ადგილას განათლების ეროვნულ კავშირსაც კი არ გაუმართავს რამე მეთქი (მათ სადღაც პუშკინზე ჰქონდათ რამდენიმეჯერ, ძლივს ავედი, ისე ყანყალებდა იატაკი).
მესამე სართულზე რომ ავედი და ისევ ისეთი სიტუაცია იყო,ჩამი-ჩუმიც კი არ ისმოდა, შემეშინდა – აქ სად მოვხვდი მეთქი. ამ დროს 40-იოდე წლის ქალი დავინახე, ტილოს ფენდა ჟანგიან რკინაზე. ვკითხე – აქ იმართება პრესკონფერენცია მეთქი? მიკროფონი რომ დამინახა – ჟურნალისტი ხარო? დასტური მივეცი.
წამობრძანდითო და გრძელ, ასევე დანგრეულ დერეფანში შემიძღვა, მერე კი ოთახში შემიყვანა.
გავოცდი, ადგილი, სადაც მოვხვდი, არანაირად არ ჰგავდა ადგილს, სადაც საკონსტიტუციო სარჩელი პოლიტიკური პარტიებისთვის, არასამთავრობო სექტორისთვის და მასმედიისთვის უნდა წარედგინათ.
დაახლოებით 40კვადრატული მეტრი ოთახი, ასევე დაბზარული კედლები, ჩამტვრეული მინის ალაგას ფანერები და “ცელოფნებია” გაკრული. ოთახში ხუთი რკინის საწოლი დგას. ინტერიერს – ერთი პატარა, საკმაოდ შელახული კომოდი, ფერადი ტელევიზორი – სამსუნგი, პატარა მაგიდა – სხვადასხვა წამლებით სავსე, რკინის ჩაიდანი და “პლიტა” ემატება. ჰო, ერთი ცისფერი პლასტმასის ჭიქაც წამლების გვერდით.
ერთ ლოგინში მოხუცი ქალი წევს – საშინლად ახველებს და ნახველს საწოლის ქვეშ მდგარ ღამის ქოთანში აფურთხებს.
ნანა – ქალი, რომელმაც ოთახში შემიყვანა, სკამს მიწვდის და თავად იმ ლოგინზე ჯდება, სადაც 8- 9 წლის ბიჭიც ზის.
როგორც მითხესა – სოფელ ახალგორის რაიონის სოფელ წირქვალიდან არიან დევნილები.
“არანაირი დახმარება არ გვაქვს, ეს (ხელს მწოლარე მოხუცისკენ იშვერს) საავადმყოფოში იწვა და არანაირი შემწეობა რომ არ გვაქვს , გამოვიყვანეთ და ახლა აქ გვყავს სიკვდილის პირას”.
მოკლედ, ამ ქალს ეგონა, რომ კონსტიტუციის დაცვის ეროვნული ლიგა იმიტომ იკრიბებოდა, რომ ესენი ოთახიდან გამოესახლებინათ.
“ჩვენ არ დაგვირღვიეს კონსტიტუცია? ჩვენ გამოგვყარეს ჩვენი სახლებიდან, ჩვენი სოფელი იქ არის, სადაც დღეს ყველაზე ცხელი წერტილია. ჟურნალისტები რატომ იმით არ ინტერესდებით, რა ხდება ახლგორში? დამაბრუნონ ჩემს სოფელში და არ მინდა ეს საღორე, ეს სახლები გვეკუთვნოდა ჩვენ? ამასაც რომ მართმევენ”?
მე ვუხსნი, რომ ის შეკრება სადაც მე მივდივარ, არ არის მათ საწინააღმდეგოდ მიმართული .
აბა, რომელი პარტია მართავს? – მეკითხება პატარა ბიჭი.
ნანა ისევ ამბობს, რომ თავად ონკოლოგიური ავადმყოფია, ოცი წელი მასწავლებლად მუშაობდა და ახლა მოხუცის პენსიით ცოცხლობენ, რადგან მათთვის საერთოდ არაფერი მიუციათ.
“ყველაფერი, აქ რაც კია, ყველაფერი ისევ ჩვენი წვალებით გავაკეთეთ” – მეუბნება ქალი.
კიდევ ამბობს, რომ ამ შენობის დირექტორი მათ გასახლებით ემუქრება – “გვაბრალებენ, დევნილები არ ხართო”…
შენობიდან გამოვდივარ, თავადაც მომყვება, პირველს ხუთი წუთი უკლია, კიდევ ვკითხულობ – სადმე თუა ჭავჭავაძის 17ა.
“ჭავჭავაძის 17ა არ ვცით, ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი კი იქ არის” – მეუბნება შუახნის მამაკაცი და ახალი, მაღალი შენობისკენ მითითებს. იქით წავედი და აღმოჩნდა, რომ დანიშნულების ადგილას მივედი.
არ შემიძლია, დასასრულს ის არ ვთქვა, რომ მათმა (დევნილების) ნათქვამმა – “გვაბრალებენ, დევნილები არ ხართო” – ეჭვი ჩამისახა (სამწუხაროდ, ძალლლლიან ეჭვიანი ვარ) , ეჭვი უფრო იმიტომ გამიჩნდა, რომ სოფელი წირქვალი ჭიათურაშია. იმედს ვიტოვებ, რომ არსებობს კიდევ მეორე წირქვალი, რომელიც ახალგორშია.
Sophie Golden
აგვისტო 25, 2009 at 8:08 AM
მაგ 17 ა-შია მგონი გაუ – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, მანდ გავდიოდი პიარკურსებს და თავიდან მეც ძნელად მივაგენი =))
საწყალი ხალხი, მეტი რა ვთქვა, არც ვიცი.
mariakhsiashvili
აგვისტო 25, 2009 at 11:48 AM
ხო, მანდ არის:-) იმ შენობაში იმართებოდა ის პრესკონფერენცია თუ რაღაცაც.. მარა ამასაც 17ა ეწერა და..
ხო, მაგრა შემეცოდნენ.. მართალია, ცოტა ეჭვი მეპარება, რომ შეიძლება დევნილები არც არიან, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, გაჭირვებული გაჭირვებულია.