RSS

გზა რომელიც არც თუ ისე შორია…

06 ოქტ

ეს სტატია დღევანდელ “24საათში” დაიბეჭდა. თითქმის იგივე ვარიანტია, უბრალოდ , იქ სტილისტური შეცდომებია შესწორებული და დასასრული ცოტა გავრცობილი. მე პირველ, ანუ შეუსწორებელ ვარიანტს ვდებ. იყოს მაინც ბლოგზეც:)) თან მეტ ფოტოებსაც დავურთავ:))

2008 წლის ნოემბერ-დეკემბერში სახელმწიფომ აგვისტოს ომის დროს დაზარალებული მოსახლეობა საქართველოს სხვადასხვა რეგონში ჩაასახლა. მას შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა. როგორ ცხოვრობენ დევნილები ახალ ადგილებში, ამის სანახავად “24საათი” შიდა და ქვემო ქართლის და მცხეთა – მთიანეთის განსახლების ადგილებს ეწვია.

პირველი დასახლება – კოდა – თეთრიწყაროს რაიონის სოფელია. ოფიციალური მონაცემებით ამ დასახლებაში 447 ოჯახი, სულ 1351 ადამიანი ჩაასახლეს. დევნილთა დასახლებაში სულ თერთმეტი კორპუსი დგას. როგორც სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, ნაწილი ყოფილი ყაზარმაა, ზოგი კი ყოფილი სასტუმრო. ჩვენ სწორედ ამ უკანასკნელს, მე-9 კორპუსს ვსტუმრობთ.

ეზოს შემოგარენში ხილ-ბოსტნეულის სავაჭრო რამდენიმე ჯიხური დგას. მამაკაცებს ხის ძირთან ე.წ ბირჟა გაუმართავთ. ქალები სკამებზე სხედან, ნაწილი ჟურნალს ათვალიერებს, ზოგს ცარიელი ბიდონები უჭირავთ ხელში – სოფლის წყაროზე აპირებენ წასვლას. მოხუცებს კი ერთმანეთში ლაპარაკით გაჰყავთ დრო.

კოდაში ელექტრონერგია და ბუნებრივი აირი უწყვეტად აქვთ. ბინაში შესულებს წყლის გამაცხელებლებიც დაახვედრეს. თუმცა, როგორც დევნილები აცხადებენ, დასახლებისთვის ყველაზე დიდ პრობლემას სწორედ წყალი წარმოადგენს.
“დილით და საღამოს მოდის მაქსიმუმ 40წუთით. ისიც არ ვარგა, სასმელი წყლისთვის წყაროზე დავდივართ, ელემენტარული სისუფთავის პრობლემა გვაქვს. წყლის გამაცხელებელი კი მოგვცეს, მაგრამ რათ გვინდა თუ ვერაფერსაც ვერ გავაცხელებთ” – განაცხადა ეთერ ღამბაშიძემ.
DSC02319კოდაში ჩასახლებული დევნილების ყოველთვიური დახმარების პაკეტი ასე გამოიყურება – თითოეულ იძულებით გადასახლებულ პირზე თვეში ცხრა კილოგრამი ფქვილი, ერთი ბოთლი ზეთი, ექვსასი გრამი შაქარი, ოთხკილონახევარი მაკარონი, კილონახევარი ლობიო და 50გრამი მარილია განსაზღვრული.
დევნილებს ფულადი დახმარება ორჯერ გადასცეს – 200 და 125ლარის ოდენობით. თუმცა, როგორც თავად აცხადებენ, ბევრ მათგანს ბოლო 125 ლარი არც მიუღიათ.
“რამდენიმე დღის წინ შაშკინი და ჩვენი მხარის გამგებელი იყვნენ ჩამოსულები, რომ ვკითხეთ , ყველას რატომ არ მოგვცეს ფული, გვითხრეს, ჩვენ გორს გადავურიცხეთ და არ ვიცით, სად წავიდაო” – ამბობს ქალბატონი ეთერი.
2009წლის იანვრიდან დევნილები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართეს – ოჯახის უფროსზე 30ლარი და ყოველ მომდევნო წევრზე + 24ლარი. თუმცა, ერედვიდან დევნილი დარეჯან არბოლაშვილის განცხადებით, აღნიშნული ფულადი დახმარება ცხრა თვის მანძილზე მხოლოდ ორჯერ მიიღეს.
ერედვიდან დევნილი სონია ბებო “24საათს” შინ ეპატიჟება.

მე-9 კორპუსის #2 სადარბაზოსთან ქალი მატყლს პენტავს, მის გვერდით კი მოხუცი კაცი , რომელსაც მხოლოდ ერთი ფეხი აქვს, ხის მასალას სავარძლიდან ამუშავებს. კორპუსში შესასვლელი კიბის საფეხურები დამტვრეულია, . იატაკზე კედლებიდან ჩამოფშვნილი ქვიშა და გაჯი ყრია. კორიდორებში სუსტი შუქი ანათებს, თითოეულ სახლის კარს მობინადრის გვარი და ბინის ნომერი თეთრი საღებავით აწერია.

DSC02316

მეორე სართულზე ავდივართ, კიბეებზე ჩანთიანი ბავშვი ჩამორბის. სკოლაში უნდა გაიქცეს. ნახევარი საათი აქვს ფეხით სასიარულო. დასახლებაში სკოლა და საბავშვო ბაღი არ არის, რის გამოც დევნილი ბავშვები განათლების მისაღებად მუხათსა და კოდას შორის მდებარე სკოლაში დადიან.
16წლის ირმა ქრისტესაშვილი მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. მას და მის თანატოლებს, ისევე როგორც სხვა კოდელ დევნილ ბავშვებს , სასწავლო წიგნები არ აქვთ. მისი თქმით, სწავლის დაწყებამდე დაპირდნენ, რომ დევნილებს წიგნებს უფასოდ დაურიგებდნენ, მაგრამ ჯერ არაფერი მიუტანიათ.

მე-9 კორპუსი. მეორე სადარბაზო

DSC02318 სონია ბებო რამდენჯერმე შეფიცრულ, მაგრამ მაინც ღრიჭოებით სავსე კარს აღებს და სახლში შევდივართ.
მისაღები ოთახი, პატარა სამზარეულო და ორი ასევე ძალიან პატარა ოთახი – როგორც გადავზომე, ოთხი ნაბიჯი სიგანეში და ოთხი სიგრძეში. ამ სახლში, რომელიც ოროთახიანად არის შეფასებული, სონა ბებო, მისი შვილი, რძალი და სამი შვილიშვილი ცხოვრობს. ერთ საძინებელში ოთხ ადამიანს სძინავს.

DSC02320

ერთ ოთახში ოთხ ადამიანს სძინავს..

ყველა ოჯახს საპირფარეშო ინდივიდუალურად აქვს, მაგრამ იმდენად ვიწრო ფართის , რომ როგორც თავად ამბობენ, ხელ – პირის დაბანისას კარს აღებენ, რადგან პირსაბანი ნიჟარისკენ გადახრილი ადამიანი დახურულ სივრცეში ვერ ეტევა.

DSC02337

DSC02336

წყლის გამაცხელებელი და საპირფარეშო..

სამზარეულოში შესულს პირველი, რაც თვალში მომხვდა ორქურიანი პატარა გაზია, რომელსაც ემალი მთლიანად ამძვრალი აქვს დამწვრობისგან და სულ გაშავებულია. დევნილების ერთ-ერთი სათხოვარი, სწორედ გაზქურაა. მათი თქმით, ყველა ოჯახში მოტანიდან რამდენიმე დღეში დაიწვა. ამასთან, იმდენად პატარებია, რომ ვერაფრის გაკეთებას ვერ ახერხებენ.

მეორე სართულზევე , კორიდორის ბოლოს ცოტნიაშვილების ოჯახში შევდივართ. შესასვლელში, ფანჯარასთან ახლოს, ხის საწოლზე 55-60წლის დიაბეტით დაავადებული კაცი წევს. მას კვირაში ორჯერ სჭირდება შაქრის საზომი აპარატი, ასევე უნდა იმკურნალოს 12 სხვადასხვა დასახელების წამლით, თუმცა დევნილების განცხადებით, კოდის ახალგახსნილ ამბულატორიაში “ვალერიანიც” კი არ აქვთ.
“გუშინაც ვიყავით ექიმთან, ჩვენებური ქალი მუშაობს. არ მოუტანიათ არც ინვენტარი და არც წამლები, რითი უნდა ვიმკურნალოთ, არ ვიცით” – ამბობს ლამარა მინდიაშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ სახლის სახურავი არც თუ დიდი ხნის გადახურულია, საცხოვრებელ ბინებში წყალი მაინც ჩამოდის. ჭერი სველია არა მარტო მესამე, არამედ მეორე სრთულებზეც. ღამბაშიძეების ოჯახში წვიმის წყალმა ტუალეტის კედელი იმდენად დააზიანა, რომ სამშენებლო მასალა გამუდმებით იატაკზე იყრება.

დასახლებაში არასამთავრობო ორგანიზაცია “დევნილთა გადაუდებელი დახმარების ცენტრი – აფხაზეთი” – ს პროგრამის ფარგლებში, ყოველ პარასკევს ე.წ მიბილური ბიბლიოთეკა დადის. ავტობუსით წიგნები და ჟურნალები ჩამოაქვთ, მსურველთ შეუძლიათ გათბობით უზრუნველყოფილ ავტობუსში იკითხონ. ასევე გამოიწერონ შინ წასაღებად, ხოლო მომდევნო პარასკევს კვლავ დააბრუნონ.

DSC02321

“მზითევი”

კოდაში ჩასახლებულ დევნილებს სახნავ-სათესი მიწები საცხოვრებელი ადგილიდან ექვსი კილომეტრის დაშორებით მისცეს. სიშორის გამო, კოდის მაცხოვრებლები მიწის დამუშავებას ვერ ახერხებენ.
“არც კი ვიცი, სად არის ის ნაკვეთი. იმ სიშორეზე რას ვივლით, თან თუ არ მივხედეთ, საქონელი შეჭამს და რაში გვიღირს. ამას გვერჩივნა, პატარა მიწა მოეცათ აქვე, ქინძს და კამას მაინც დავთესავდით და ის მაინც არ გვექნებოდა საყიდი” – დანანებით ამბობს ზოია ღამბაშიძე.
კოდაში ჩასახლებული დევნილებს პრეზიდენტის პირადად ნახვა უნდათ. მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილი თუ მათ სანახავად ჩავა, მისთვისაც მოულოდნელი იქნება იმის ნახვ თუ რა პირობებში უწევთ დევნილებს ცხოვრება.
კოდის დასახლების დატოვების შემდეგ შემდეგ, “24საათი” წეროვანისკენ გაემართა. ეს არის მწვანე წითელსახურავიანი, თეთრი მწვანესახურავიანი, ნაცრისფერი თეთრსახურავიანი, თეთრი წითელსახურავიანი 2002 კოტეჯის სოფელი.

DSC02422

ერთნაირი 2002 სახლი…

სოფლის შესასვლელში , პირველი რაც თვალში მოგხვდებათ, პოლიციის შენობა, ახალი სკოლა, საავადმყოფო და დიდი სუპერმარკეტია. მაღაზია რამდენიმე სექციად არის დაყოფილი, ერთ-ერთი ინტერნეტ კაფეა.
ყველა შესახვევში თბილისი – წეროვანის სამარშუტო ტაქსები მოჩანს.
სათბურების დაბლა (სადაც წეროვნელების განცხადებით, არასამთავრობოებს კიტრი მოჰყავთ), ასფალტიანი გზა წყდება. მას ქვა-ღორღით და თხრილებით გაჯერებული შესახვევები ცვლის.
წეროვანში მცხოვრები დევნილები ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სწორედ გზას ასახელებენ.
“სოფლის შემოსასვლელში დააგეს ასფალტი, თუმცა აქამდე აღარ ჩამოვიდნენ. ისეთი ცუდი გზაა, რომ მანქანა ძლივს შემოდის. თან თხრილებში წყალი დაგუბდა და თვეობით ასეა. პატარა ბავშვები გვყავს და ამ არხებში ცვივდებიან” – აცხადებს ლეილა ტასრაძე.

DSC02397

გზისპირებზე წყალი გუბდება და ბავშვებისთვის სახიფათო ხდება…

წეროვანში ჩასახლებულ დევნილებს, კოდისგან  მცირედ განსხვავებულ დახმარებას აძლევენ. აქ თითოეულ დევნილს კილონახევარის ნაცვლად, ოთხკილონახევარ ლობიოს ურიგებენ. მცირე განსხვავებაა შაქრის რაოდენობაშიც, წეროვანში ჩასახლებულ დევნილებს 900გრამს შაქარს ურიგებენ ყოველთვიურად. რაც შეეხება ფქვილის, მაკარონის და მარილის ოდენობას, ეს ორივე დასახლებაში იდენტურია.

DSC02383

მიღებული დახმარება

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სახელმწიფო პროგრამაში კოდელების მსგავსად, იანვარში წეროვნელებიც ჩართეს. თუმცა, კოდელებისგან განსხვავებით წეროვანში ჩასახლებულმა დევნილებმა ყველა თვის სოც. დახმარება მიიღეს.
ისევე, როგორც კოდაში, ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 და 125 ლარის ოდენობით , წეროვანში ჩასახლებულ დევნილებსაც დაურიგეს. ამას გარდა, მათ სამი თვის განმავლობაში 25-25 ლარიც მიიღეს.

DSC02382

ზამთრის სარჩო..

წეროვანში მცხოვრები ნესტან ბერუაშვილის ოჯახში შევდივართ. სახლის კარი, როგორც ჩანს გამძლე მასალით არის ნაგები. იატაკზე პარკეტი აგია. კოტეჯი მისაღებით , ორი საძინებლით, პატარა სამზარეულოთი და საპირფარეშოთი შემოიფარგლება.

DSC02378

ბერუაშვილებმა ეს სავარძლები თავად შეიძინეს…

დასახლებაში აქვთ ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და წყალი . ნესტან ბერუაშვილის თქმით, დევნილებს დაპირდნენ, რომ კოდის მსგავსად წყლის გამაცხელებლებს წეროვანშიც ჩამოიტანდნენ, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა.
სახლიდან გამოვედი და უბანს ვათვალიერებ.DSC02418

ამ ქუჩაზე მხოლოდ ერედველები ცხოვრობენ. სოფლელებიც “ერედველების უბანს” უწოდებენ. განმასხვავებელი ნიშანიც აქვს – ეს ხუთი მწკრივი მხოლოდ ნაცრისფრად შეფერილი კოტეჯებით შემოიფარგლება..
სარეცხი თოკები ეზოში გაუჭიმავთ. 40-45 წლის ქალი მაისურებს ფენს. ორივე ხელი დაკავებული აქვს და სარეცხ სარჭს პირში იდებს.

დევნილებს კოტეჯების ირგვლივ დაახლოებით 50კვ.მეტრის ნაკვეთი აქვთ, სადაც სიმინდს, ხახვს, პომიდორს და მწვანილეულს თესავენ.

DSC02405

წეროვნელების ბაღჩის პომიდორი..DSC02392

სახლთანვე საქათმეები დგას.  DSC02407უბანში ბავშვები მშვილდ-ისრებით და ხის თოფებით დარბიან, ომობანას

თამაშობენ. 4წლის პაატას ყველაზე მეტად იარაღი უყვარს:
“ბაღში ვთამაშობ ხოლმე, სამხედრო თვითმფრინავიც მყავს და ტანკიც. დიდი რომ გავიზრდები, ნამდვილი თოფი უნდა ვიყიდო” – ამბობს ბავშვი.

DSC02411

ბავშვების მშვილდ-ისარი

კიდევ ერთი პრობლემა, რის წინაც წეროვანის დევნილები დგანან, სისუფთავეა.. მათი თქმით, თვე ისე გადის, რომ სათბურებს დაბლა უბნებში დადგმული ბუნკერებიდან ნაგავი არ გააქვთ.

DSC02416

“ერედველების უბანს” დღის ხუთის ნახევრისთვის ვტოვებთ. ამჯერად, ქვა -ღორღით და თხრილებით გაჯერებული შესახვევებით მივემართებით, ხოლო სათბურებს მაღლა , საავადმყოფოსთან ახლოს კვლავ ასფალტიანი გზა იწყება.
მესამე დასახლება, რომელსაც ჩვენ ვეწვიეთ –ხურვალეთი, – წეროვანიდან 24კილომეტრში, შიდა ქართლის რეგიონში მდებარეობს. დასახლებაში 140კოტეჯი დგას. ოფიციალური მონაცემებით, სოფელში სულ 460 ადამიანი ცხოვრობს.
აქ ას ორმოცივე კოტეჯი ერთი ფერის არის – თეთრად შეღებილი და თეთრი სახურავით. სახლების ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი ნომრებია, რომელიც ყველა კოტეჯს აწერია.
აქაც, ისევე , როგორც წეროვანში, ყოველი სახლის ეზოშია პატარა დამუშავებული ბოსტანი.. ხურვალეთელებს სწორედ მოსავლის დაბინავების დროს მივუსწარით. მაკა და მისი მამა ხახვს პარკებში ყრიდნენ და რაკი სათავსო არ აქვთ, სახლში – სამზარეულოსა და საძინებელში ინახავდნენ.

DSC02423

კოტეჯების უკანა მხარეს თონეები დგას – ყოველ ორ სახლს შორის _ თითო. როგორც მაკა ჯავახიშვილმა მითხრა, ეს თონეები სოფლის მცხოვრებლებმა საკუთარი სურვილითა და ხარჯებით გააკეთეს. აღსანიშნავია, რომ ხურვალეთში, წინა დასახლებებისგან განსხვავებით, ბუნებრივი აირი არ შეუყვანიათ.
“რომ ამბობს სააკაშვილი, “გაზი ყველა სოფელსო”, ჩვენ არავის გავხსენებივართ. უკვე აცივდა, შეშაც რომ არ მოგვიტანონ, ზამთარში ყინვისგან დავიხოცებით” – აცხადებს ნომერ მეორე კოტეჯის მცხოვრები, ნაირა ჯავახიშვილი.

ხურვალეთში ასევე განსხვავებული პირობებია იმ მხრივ, რომ ამ დასახლებაში საპირფარეშო და წყლის ონკანი ეზოში აქვთ. ამასთან, წყლის ონკანი ინდივიდუალური არ არის. ერთ ქუჩაზე (20კოტეჯი) ოთხი ონკანი დგას ანუ ერთით – ხუთი ოჯახი სარგებლობს.
“არც მოდის წყალი, დღე – ღამეში ერთი-ორი საათით თუა კარგად, თან სიცივეში იყინება ხოლმე და სულ ისე ვართ დარჩენილები” – ამბობს ქალბატონი ნაირა.

DSC02453

წყლის ონკანი ხურვალეთში

DSC02475

წყლის ონკანისგან განსხვავებით , საპირფარეშოები თითოეულ ოჯახს ინდივიდუალური აქვს. თუმცა ხის ფიცრული ტუალეტები საცხოვრებელი სახლიდან ექვსიოდე მეტრშია აშენებული და მოსახლეობას საკანალიზაციო პრობლემა აწუხებს.
“ჯერ ერთი ტუალეტი რა არის და ახლა ოთხი ერთად რომ დგას, ზაფხულში ისეთი სუნია, ახლოს ვერ გაივლი, აი, ნარგიზას ტუალეტი ქარმა წააქცია კიდეც.” – გვითხრა ლამარა ჯავახიშვილმა.DSC02425
“ნარგიზას ტუალეტის” სანახავად კოტეჯებს უკან მოვუარე, მიუხედავად იმისა, რომ სიცხე არ არის, ოთხი ჩეჩმის “გავლენით” სუნი მაინც მძაფრად იგრძნობა, ხის ერთი საპირფარეშო მართლაც აყირავებულია და ნახევარი მხარე ჰაერში აქვს.

რაც შეეხება საკვებს, კოდასა და წეროვანთან შედარებით ყველაზე ნაკლებ დახმარებას ხურვალეთის დასახლებაში იღებენ – ყოველთვიურად სულზე 200 გრამი შაქარი, 300 გრამი ზეთი, 8 კილოგრამი ფქვილი, კილო-ნახევარი თეთრი ლობიო, ხუთი შეკვრა მაკარონი და, რა თქმა უნდა, სამი კოვზი მარილი მოაქვთ.

DSC02457

ხურვალეთური სადილი

ხურვალეთში ერთჯერადი დახმარებები 200 და 125 ლარის ოდენობით აიღეს. ასევე, აქვთ სოციალურად დაუცველის ყოველთვიური ფულადი დახმარება 24ლარის ოდენობით. თუმცა ქსუისიდან დევნილი ლამარა ჯავახიშვილი ამბობს, რომ მას უსამართლოდ არ აძლევენ უმწეოს დახმარებას.
“შვილიშვილთან ერთად ვცხოვრობ, ის პირველი ომის დევნილია და დევნილის ფულს იღებს , მე კი სოციალურ დახმარებას აღარ მაძლევენ. ცალი მკერდი მოჭრილი მაქვს და წესით ჯანმრთელობის დახმარებასაც უნდა მაძლევდნენ, მაგრამ ჩემთვის არაფერი არ არის” – აცხადებს ქალბატონი ლამარა.

DSC02461 ხურვალეთის კოტეჯებში წეროვანისგან განსხვავებით, ხის იატაკია, რომლის ღრიჭოებიდანაც ჭიები ძვრებიან და დაცოცავენ.
კედლები სველი და გამოუმშრალია.. როგორც ლამარა ჯავახიშვილი ამბობს, სახლებში სინესტე ჩასახლების დროიდან არის.DSC02464

“რომ მოგვიყვანეს, არ იყო კედლები და ჭერი გამშრალი და იმის შემდეგ ასეა. წვიმის დროს წყალი ასხამს ფანჯრებში და ნახევარ სახლს ასველებს. ქარის დროსაც მდინარიდან მონაბერი წყალი სულ კოტეჯებში შემოდის” – გვეუბნება ლამარა ჯავახიშვილი.

ხურვალეთშიც, კოდის მსგავსად არ არის სკოლა. ბავშვები დასახლებიდან ოთხი კილომეტრიც მოშორებით, სოფელ ხურვალეთის სკოლაში დადიან. მათ მთავრობის დაქირავებული სამარშუტო ტაქსი ემსახურებათ.

DSC02482სოფელში არ არის საავადმყოფო, თუმცა კვირაში ერთხელ შავშვების დევნილთა დასახლებიდან ექიმი ჩადის და მსურველთ სამედიცინო კონსულტაციას უტარებს.

DSC02430

ხურვალეთიდან წამოსულს თვალწინ მთელი დღის ნანახი მიტრიალებდა.

რეპორტაჟი სამი სოფლიდან არ იძლევა სრულ სურათს მათი ყოფის შესახებ. თუმცა, მაინც გამოჩნდა ვისთვის მცირე, ვისთვის კი დიდი განსხვავებები.
ერთი საერთო, რაც ამ სამ დასახლებაში მატერიალური კუთხით დავინახე, ის იყო, რომ მათთვის ორი თვის მანძილზე არ მიუტანიათ ის დახმარება, რასაც 50გრამი მარილი ჰქვია.

DSC02477

ხურვალეთში ღამდება…

თუმცა, ამ სოფლების მცხოვრებთ ერთი დიდი საერთო მახასიათებელი აქვთ – ისინი დევნილები არიან.

Advertisements
 
2 Comments

Posted by on ოქტომბერი 6, 2009 in რეპორტაჟები

 

ტეგები: , , , , , , , , , , ,

2 responses to “გზა რომელიც არც თუ ისე შორია…

  1. fsiQe

    ოქტომბერი 11, 2009 at 7:14 PM

    ბავშებიოს მშვილდ-ისართან რომ აპარატი დევს ისიც თუ დევნილებისაა მაშინ მე ვამაყობ დევნილთა განსახლების თუ რაც ქვია იმ სამინისტროთი :”>

     
    • mariakhsiashvili

      ოქტომბერი 11, 2009 at 7:38 PM

      არა, ის ჩემი ფოტოგრაფისაა:-)
      ეს ტელეფონით გადავიღე:-)

       

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: