ეს რეპორტაჟი დაიბეჭდა გაზეთ “24 საათში” აქ ვდებ იმავე სახით + ანუკი ჯაფარიძის (“24 საათის” ფოტოგრაფი) გადაღებული ფოტოები
ტელეკომპანია “იმედის” მიმართ პროტესტის გამოსაცხადებლად გუშინ “ვარდების მოედანზე”, დაახლოებით, სამასი ადამიანი შეიკრიბა.
აქცია 16:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მონაწილეებმა სასტუმრო “რედისონთან” შეგროვება ნახევარი საათით ადრე დაიწყეს.
ქოლგიანი ქალები, ჭაღარა მოხუცები, კოსტიუმებში გამოწყობილი მამაკაცები, ბავშვიანი რამდენიმე წყვილი, ახალგაზრდები – პატარ-პატარა ჯგუფებად დაყოფილი აქციის მონაწილეები “ქრონიკის” 13 მარტის იმიტირებულ გამოშვებაზე თავიანთ შთაბეჭდილებებს ჰყვებოდნენ და დრო ამით გაჰყავდათ.
“ტყვიების წუილი რომ გაისმა, მაგ დროს ჩავრთე ტელევიზორი და დედაჩემმაც სწორედ მაშინ დამირეკა ქუთაისიდან. გადარეული იყო,” – ეუბნება 25 წლამდე გოგო წინ მდგომ ბიჭს, მცირე ზომის პლაკატს, რომელზეც გადახაზული “იმედის” ლოგოა გამოსახული, ჩანთაში დებს, სიგარეტს უკიდებს და აბოლებს.
“რა გაგვიკეთეს! რა მნიშვნელობა აქვს, რუსები მოგვკლავდნენ თუ ნერვიულობით დავიხოცებოდით. “იმედი” იმას მოესწრო, რომ ხალხი მის დასაცავად კი არ გამოდის, მის დახურვას ითხოვს,” – ხელჯოხიანი და თეთრთავსაფრიანი ქალი თავის გულისტკივილს გვერდით მდგომებს უზიარებს.
მსგავსი ისტორია ყველას აქვს მოსაყოლი, განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ თითოეულს საკუთარი ამბავი აქვს.
თუმცა, მიუხედავად ერთი მიზნისა, აქციის მონაწილეები მაინც ორ მხარედ გაიყვნენ. ზოგს არ სჯერა, რომ იმედმა” სიუჟეტი მთავრობასთან შეუთანხმებლად გაუშვა.
“იმედმა” აჩვენა ის, რასაც სააკაშვილი ნამდვილად აპირებს – არჩევნების გაყალბებას და მოქალაქეების შეშინებას. ტელევიზია ამას სააკაშვილთან შეუთანხმებლად არ გააკეთებდა. ჩვენ ორი დიდი მტერი გვყავს – რუსეთი და სააკაშვილის ელიტა,” – უთხრა “24 საათს” გიგა ბოლოთაძემ.
თუმცა, მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ ტელეკომპანიას და მის ჟურნალისტებს ეკისრებათ.
“გიორგი არველაძემ და “სპეციალური რეპორტაჟის” გუნდმა, წამყვანის თამადობით, ყველანაირ ეთიკის კოდექსს გადაუარეს, მოსახლეობაში პანიკა დათესეს, ქართველი ჯარი მოღალატედ გამოიყვანეს, პრეზიდენტიც კი მოკლეს. ეს ყველანაირ საზღვრებს სცდება. “იმედი” უნდა დაიხუროს ” – ამბობს მერი ლადარია.
აქცია დაჩი ცაგურიამ გახსნა. მისი თქმით, ეს “იმედთან” 13 მარტს დაწყებული პროტესტის გაგრძელებაა.
“გუშინდელი აქცია სპონტანური იყო, უცაბედი. მალევე დავასრულეთ და დღეისთვის დავგეგმეთ შეკრება, ეს არის მოქალაქეების მიერ მოწყობილი აქცია ყოველგვარი პარტიული რესურსების გარეშე. დიდი ხანია, ხელისუფლება ცდილობს ჩვენი ტვინების გამორეცხვას, გუშინდელი სიუჟეტი კი მოსახლეობის სრული ტერორი იყო,” – განაცხადა ცაგურიამ.
იმის გამო, რომ აქციის ორგანიზატორებს ტრიბუნა არ ჰქონდათ და მონაწილეებს მხოლოდ ორი მეგაფონით აწვდიდნენ ხმას, არცთუ იშვიათად უხდებოდათ ერთი და იმავეს რამდენჯერმე გამეორება. აქციაზე მისულ ადამიანებს ხელი არც ამინდმა შეუწყო. წვიმამ და სიცივემ მონაწილეების უკმაყოფილება გამოიწვია. “ამინდიც დაუკვეთა იმ გარეწარმა სააკაშვილმა”, “ბუნებასაც აკონტროლებენ” – მსგავსი შეძახილები არაერთხელ გაისმა რესპუბლიკის მოედანზე.
აქციაზე სიტყვით გამოვიდა “ქალთა პარტიის” ლიდერი გუგული მაღრაძეც. მან “იმედის” გადაცემა გენოციდად შეაფასა.
“ეს იყო მთელი ქართული საზოგადოების ფსიქოლოგიური და მორალური გენოციდი. მათ ქართველ ხალხს ომი კიდევ ერთხელ დაანახეს. ეს სიტუაცია მანამდე არ დამთავრდება, სანამ საზოგადოებისგან არ შეიქმნება კრიტიკული მასა. ჩვენ ყოველგვარი რუსული ჯარების გარეშე შევძლებთ ამ ხელისუფლების გაშვებას. ამიტომ, არც ერთი ხმა არც ერთ არჩევნებში ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს,” – მიმართა ხალხს მაღრაძემ.
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მერაბ პატარაიამ კი ჟურნალისტებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სთხოვა.
“გამოაცხადეთ ჟურნალისტებმა საგანგებო მდგომარეობა, თქვენ გამოაცხადეთ. ხომ ხართ ღირსეული ჟურნალისტები, ცოტანი მაინც ხომ ხართ, ამ ბევრ უღირს ადამიანს შეეწინააღმდეგეთ,” – მოუწოდა პატარაიამ აქციის მონაწილეებს და იკითხა, თუ იყო მისული ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტი აქციის გასაშუქებლად. რასაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პასუხად შეაგება – “სამართლიანად ისვენებენ, კვირა დღეაო”.
აქციაზე ტელეკომპანია “კავკასიის” დამფუძნებელი დავით აქუბარდია და არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძეც იმყოფებოდნენ.
როგორც კაკაბაძემ განაცხადა, “იმედის” სიუჟეტის გამო სასამართლოში სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელს აუცილებლად შეიტანენ.
გუშინდელი აქცია ერთ საათში დასრულდა. ორგანიზატორები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენ. ცაგურიას განცხადებით, ისინი “მოდელირებული ქრონიკის” გამო დიპლომატიური კორპუსისადმი და ქართული ჯარისადმი სპეციალურ მიმართვას შეიმუშავებენ. მომიტინგეთა შეფასებით, ხელისუფლებამ ეს ორი ინსტიტუტი “იმედის” სიუჟეტით უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.
დღის 17:00 საათზე ვარდების მოედანზე მომიტინგეთა მცირე ჯგუფი დარჩა. ისინი ხალხის სიმცირის გამო აღშფოთებას გამოხატავდნენ.
“ხალხი არ არის, არ მოვიდა, მეტის ღირსები ვართ, მართლა უნდა ჩამოეგდოთ ბომბი და მერე ნახავდნენ, – გაალმასებული ეუბნება 40-მდე წლის ქალი გვერდით მდგომს, შემდეგ სათვალეს იხსნის, მინას წმენდს და ხმადაბლა ამბობს, – ისე, სააკაშვილის სიკვდილი რომ გამოაცხადეს, საშინლად იმოქმედა. რაღაც ადამიანური გამოიწვია “.
დაჩი ცაგურიამ აქციაზე აღნიშნა, რომ გაუგებრობის გამო ხალხის გარკვეული ნაწილი “იმედის” შენობასთან მივიდა, თუმცა გუშინ საღამოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტელეკომპანიასთან აქცია არ გამართულა.