RSS

პირველი “ნაბიჯები”

16 აპრილი

გუშინ კომპიუტერს ვალაგებდი. ძალიან ცუდად მუშაობს ამ ბოლო დღეებში და გადავწყვიტე ზედმეტი და საეჭვო ფაილ – პროგრამებისგან გამეთავისუფლებინა. გადავაწყდი უუუძველეს ( ჩემი ანტიკური ხანა კომპიუტერის მხრივ ორწელიწადნახევრის წინ არის – მაშინ დავიწყე ბეჭდვის სწავლა) – დავალებებს. მათ შორის ჩემს პირველ ( თითქმის პირველს – სუ-სუ პირველი სააშინელება იყო და იმ პირველის სანაცვლოდ დავწერე ეს) რეპორტაჟს – „ახალი ამბების ჟურნალისტიკის“ კურსიდან. ახლა იმიტომ ვტვირთავ, რომ ეს ნაწერი 17 აპრილით არის დათარიღებული და დღეს სწორედაც რომ ეს თვე-რიცხვია 😉 ამის წაკითხვისას ძაან ბევრი ვიცინე და რაზეც ვიცინე და მაშინ შენიშვნაც მივიღე ლექტორისგან – გავაბოლდებ;) ( რეპორტაჟი არ არის რამე თემასთან დაკავშირებით. ესაა უბრალოდ გზის აღწერა).

გასეირნება ძველ უბანში

ხუთშაბათი, 17აპრილი, ვარკეთილიდან ნახალოვკის მიმართულებით მიმავალი სამარშუტო ტაქსი N150.. დილის 10 საათია. ჩემ წინ ორი ქალი ზის, დაახლოებით 45-50 წლისანი. ერთ-ერთი, ჩალისფერი თმებით და სახეზე მრავალი ხორცმეტით თუ ხალით, დღევანდელ თაობაზე ლაპარაკობს.

”ახლანდელ გოგოებს რომ ვუყურებ, რა უზრდელი და უნამუსოები არიან, ეს უზნეოები მიწის ზემოთ უნდა დადიოდნენ და ჩემი ანგელოზივით შვილები მიწაში იწვნენ?” – გამომხედა და თვალი ამარიდა. შავთმიანი, შავგვრემანი, მწვანე ფანქრით თვალებჩახატული და წითელი პომადით ტუჩებგაკრასკული ქალი თავს უკანტურებს და “ღმერთსაც კარგები უნდაო” – ამბობს.

ჩემ გვერდით ახალგაზრდა, წვერგაუპარსავი და გრძელთმიანი მამაკაცი ზის, რომელსაც პირში წვრილი რკინის ღერი გაურჭია და გაფაციცებით კითხულობს საფეხბურთო სტატისტიკას.

ისნის მეტროსთან ახალგაზრდა წყვილი ამოვიდა, ქერათმიან, ცისფერთვალა გოგონას ცისფერი კაბა აცვია და მიხაკები უჭირავს. მთელი გზის განმავლობაში ერთმანეთისთვის ხმა არ გაუციათ. ვორონცოვზე გავლისას ქალმა ვაჟს მობილურის ეკრანზე მიუთითა და რაღაც, მგონი მოკლე ტექსტური შეტყობინება წააკითხა. შემდეგ მძღოლს სამარშუტო ტაქსი გააჩერებინა და სწრაფი მოძრაობით დაუყარა ყვავილები თანმხლებ შავგვრემან, ლოყაზე ნაიარევიან ბიჭს,რომელსაც მარჯვენა ხელზე 2თითი აკლდა და არათითს საქორწინო ბეჭედი უმშვენებდა გოგონასგან განსხვავებით. ”ეს თეონას მიუტანე, მას უფრო გაუხარდება” – მიაძახა და სწრაფად ჩავიდა, ვაჟიც უკან დაედევნა.

მათი ჩასვლის შემდეგ მსუქანი, უცნაურად შემოსილი ქალი ამოვიდა. შემოტკეცილ ჯინსზე მოკლე კაბა ეცვა. თმა ლურჯად ჰქონდა შეღებილი და წითელკოპლებიანი მწვანე ნაჭრის “აბადოკით” გადაწეული. იკითხა -ნახალოვკაში თუ გაივლითო და მძღოლს განუცხადა : ჩემი ბიჭი, მე ამ მარშუტის ნახევარს გავდივარ და ამიტომ ფულსაც ნახევარს გადავიხდიო და გვერდით მიუჯდა. მძღოლს გაეღიმა და თავი გადააქნია.

ახალგაზრდა ბიჭი ყურსასმენებით უსმენს მუსიკას, თუმცა ბოლო ხმაზე აწეული “მიშა მაგარია” თითქმის მთელ მგზავრებს ესმით. გვერდით მჯდომმა მოხუცმა კაცმა რამდენჯერმე გადახედა და ბოლოს დასავლეთური კილოთი უთხრა : არსად დაგეკარგოს ბიძია მაგი მიშა, კარგად შეინახე.

ნაძალადევის მეტროსთან ჩამოვედი და ფეხით გავიარე. მეტროდან გზა გადავკვეთე და სააკაძის ქუჩაზე აღმოვჩნდი, რომელიც რამდენიმე შესახვევად იყოფა და თუ ერთში ახალი ასფალტი აგია, მეორეზე რიყის გზაა გაყვანილი, ხოლო მესამე საერთოდ ტალახით და მიწითაა დაფარული. ძალზე ჭარბობს ერთ, ორ და სამსართულიანი სახლები, უმეტესად წითელი აგურით ნაგები. წუხანდელ ნაწვიმარს გუბეები დაუყენებია.

სააკაძის 39. საჯარო სკოლა N9. დიდი შენობაა, ორნაწილიანი. ცენტრალურ მხარეს ახალგარემონტებული, ყვითელი შენობაა, თუმცა კედლები უკვე წარწერებითაა სავსე .”გიო + თიკო =LOVE” , ”მარი ყველაზე მაგარი გოგოა”, ” ჩორნა, პაუკა, დიდცხვირა, ენჯი = უბნის ყოჩები” სკოლის ეზოში ავტობუსი დგას და 20 მდე ბავშვი ირევა, რამდენიმე უფროსიც არის. როგორც ჩანს, ექსკურსიაზე მიდიან. ტყუპი ძმები, რომლებიც ერთმანეთს ძალიან გვანან, საიდუმლოდ მიმხელენ რომ კლასის დამრიგებელს გამოფენაზე მიჰყავს. ”მერე სადმე ჩავსხდებით”-გახარებულები მეუბნებიან ბიჭები, რომლებსაც ზუსტად ერთნაირი ლურჯი თვალები, ხვეული ქერა თმები და ლოყაზე ხალი აქვთ. ზუსტად ერთნაირი ლურჯი, სამზოლიანი სპორტული აცვიათ. მხოლოდ იმით ვარჩევ, რომ ჯონი ოდნავ ენას უკიდებს.

მეორე ნაწილი ძველი, გაურემონტებელი, წითელი შენობაა, რომელსაც შიდა ეზო აქვს, ეზოც ძველი, უასფალტო და ნანგრევებით სავსეა. ძველი სარდაფიდან ჭაღარა კაცი გამოძვრა შარვლის სწორებით…

სკოლის ჭიშკართან ოთხი ბიჭი დგას და უხამსი სიტყვებით ამკობენ საკუთარ და ერთმანეთის დედებს.. ჩაჩაჩულჯინსებიანი და შავმაისურიანი ბიჭი გვერდით მდგომ , ნაზი აღნაგობის და მიხვრა-მოხვრების პატრონ ვაჟს, რომელსაც არამარტო თმა, წარბები და წამწამებიც კი თეთრი აქვს (როგორც ჩანს ალბინოსია) დედის კურთხების თანმხლები სიტყვებით ურჩევს საქმეს. ”შენნაირების ადგილი ჩვენს უბანში არაა ბრატ, გირჩევნოდეს საკუთარი ნებით დაახვიო აქედან, თორემ მე უკვე კუკიის სასაფლაოზე გაგისტუმრებ. უბნის სახელს ნუ გვირცხვენ, შენ იცი რომ სისხლიან ჩორნას მეძახიან?” (სახელოებს იკაპიწებს და მარჯვენა მკლავზე ამოსვირინგებული გველი გამოუჩნდა) -კი მაგრამ, ეს უბანი ხომ შენი საკუთრება არ არის, სახლში რომელშიც მე ვცხოვრობ, ჩემი მშობლების ფულია გადახდილი” (წვრილი, განაზებული ხმით ეუბნება თეთრთმიანი) – აზრზე ხარ ეე, რიჟა რეებს ბაზრობს? (მიმართავს სვირინგიანი ჭიშკარზე მიყუდებულ 2 ბიჭს, რომლებიც ზანტად მოიზლაზნებიან ამათკენ) .თეთრთმიანი ბიჭი უკან იხევს და ჩქარი ნაბიჯებით მიდის ნაძალადევის მეტროს მიმართულებით.

ლეჩხუმის ქუჩაზე მაღალსართულიანი კორპუსებიც ჩნდება, თუმცა საერთო ხედი მაინც კერძო სახლებით შემოისაზღვრება. ნიკო მარის ქუჩაზე სახაჭაპურე დგას, სადაც ყვითელთმიანი, ზორზოხი ქალი ხაჭაპურის გამყიდველს ეჩხუბება.: ”ეს სოდიანი პური შენს შვილებს აჭამე შე უბნის…”. ძირს ფენოვნებიანი პარკი გდია.

ნიკო მარის 79-ში ორსართულიან სახლთან ტელეკომპანია “მზის” ჯიპი დგას “MZE-555”,გადასაღები მოწყობილობებით. მანქანში არავინ ზის, ეზოც ცარიელია. არც სახლიდან არ ისმის არანაირი ხმა.. ავი ძაღლი ყოლიათ, კაი ხანი მარბენინა..

ოქტომბრის ქუჩაზე, ”თელასის აბონენტთა მომსახურების ცენტრი” შემხვდა, სადაც საკმაოდ დიდი რიგი დგას. ”ურიგოდ არ გაუშვათ” – ყვირის შავებში გამოწყობილი, ყავარჯნიანი ქალი, რომელსაც ხელში 5ქვითარი უჭირავს. ”მეზობლებისასაც მე ვიხდი და ფულს მაძლევენ ხოლმე, არ შეიძლება ამ ოხრებმა მეორე სალაროც ამუშავონ? დილიდან რიგში ვდგავარ” – შესჩივის გვერდით მდგომ შავსათვალიან ქალს, რომელიც ძალიან მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე დგას.

ცენტრალურ ქუჩაზე გამოვედი. დადიანზე კიდევ ერთი, N10საჯარო სკოლაა, რომლის პირდაპირ, გზის მეორე მხარეს, ავარიული და ძველი შენობა ჩანს. ახლოს მისვლისას უკეთ გამოჩნდა მისი შესახედაობა. სამსართულიანი შენობა დაბზარული კედლებით, ბოლო  ორი სართული სულ უფანჯრებოა, საიდანაც ჩანს ერთმანეთზე დახორხლილი ძველი მერხები. ალბათ ყოფილი სკოლაა. პირველ სართულზე ფანჯრები ადგილ-ადგილ არის, თუმცა ნაწილ-ნაწილ მუყაოებია დამაგრებული. უფარდებო ფანჯრიდან კარგად ჩანს ოთახის შიდა მოწყობილობა : რკინის საწოლი, მის თავზე ჩამოკიდებული სურათი თუ ხატი, ოთახში თოკია გაბმული, რომელზეც მაისურები და სხვა სამოსელია დაკიდული. ფანჯრის რაფებზე ყვვავილის ქოთნები აწყვია. ალბათ დევნილები ცხოვრობენ.

გზის პირას პარკია. ”ვეტერანთა კულტურის და დასვენების პარკი” – აწერია დიდი ასოებით. პარკში ნაძვები და წითელი მიწაა. სკამები დგას, რომელთა უმეტესობა თავისუფალია. თუმცა გაუქმებულ საქანელაზე ახალგაზრდა ბიჭი ზის, რომელსაც კალთაში გოგო უზის და ერთმანეთს გამალებით ეალერსებიან. გოგონა სიცილით ეჩხუბება, რომ წვერი ჩხვლეტს. ორივე იცინის. (მე კი ჯაშუშივით ვუყურებ და ვუსმენ?)

თავისუფალ სკამზე დავჯექი. ჩემ პირდაპირ, სპორტულად ჩაცმული ქალი წევს სკამზე და მუცლის პრესებს იკეთებს. დაამთავრა, ზურგჩანთიდან ლახტი ამოიღო და ახლა იმით დაიწყო ვარჯიში. ბოლოს დაღლილი სახით დაჯდა სკამზე, ისევ გახსნა ჩანთა, ჰამბურგერი თუ ჰოთ-დოგი ამოიღო და ჭამას შეუდგა.

მიწაზე ბევრი ცარიელი ბოთლი ყრია, რომლებსაც ჭაღარა, ლოყაზე ტყირპიანი, ძველ ტანსაცმელსა და კალოშებში გამოწყობილი კაცი აგროვებს.

ისევ წვიმა დაიწყო.. კოკისპირულად დასცხო. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მზე ჭიატობდა, მაინც აპრილია.. თეთრებში გამოწყობილი, გრძელთმიანი, საშუალო ასაკის კაცი სულ გალუმპულა. შავი სათვალე მოიხსნა და ინგლისურ-იტალიური ნარევით პიცერიის მისწავლება მთხოვა. რაღაც სხვა ეროვნების უნდა იყოს, უფრო აზიურ ენაზე მეტყველებს, ინგლისური და იტალიურიც ცუდად იცის. ”I hangry” – თან პირს ფართოდ აღებს და ხელები მიაქვს. აქ მეც პირველად ვარ, თან კერძო სახლების და პატარა ეკლესიის გარდა არც არაფერი ჩანს, პიცერია სად უნდა ვანახო. მეტროსკენ მივუთითე, სადმე სახაჭაპურე მაინც იქნება. ნეტა აქ საიდან მოხვდა? ძალიან შავი თმა და ღია ცისფერი თვალები აქვს.

მიწისქვეშა გადასავლელით გადავდივარ მოპირდაპირე მხარეს. კიბეზე დამტვრეული ლუდის ბოთლები ყრია, საშინელი სუნი და სიბნელეა. ამოსასვლელთან მთლიანად თავგადაპარსული გოგონა დგას, თავზე “liberty”აქვს ამოსვირინგებული, განგებდახეული ჯინსი აცვია, რომელზეც შავი ნაჭრები აქვს მიკერებული სხვადასხვა წარწერებით, მათგან ყველაზე დიდი “ანარქია” წითელი ასოებით ამოუქარგავს. ხელში გიტარა უჭირავს და როკს მღერის.

წვიმამ მოძრაობა შეაფერხა, გზაზე დაგროვილი წყალი არტეზიულ ჭებში ვერ ჩადის და გუბეებად გროვდება.. “მერსედესი – ქეთევან, სოსო, ქეთევან 923, გააჩერე მანქანა” – გაისმა პატრულის რუპორის ხმა. დიდი სისწრაფით მიმავალი ვერცხლისფერი მერსედესი გაჩერდა, საჭესთან მჯდომმა ქერათმიანმა ქალმა ხელები თავზე შემოიწყო და თავი საჭეზე ჩამოდო. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ავტომობილთან მივიდა, რის შემდეგაც ქალი მანქანიდან გადმოვიდა. რაღაცას თხოვდა და უხსნიდა პატრულს, მაგრამ ჯარიმის გარეშე ვერ გადარჩა.

150 ნომერი სამარშუტო ტაქსი გამოჩნდა, ამჯერად ვარკეთილის მიმართულებით მიმავალი.. მაგრამ ახლა სხვა ტრანსპორტი მჭირდება, რამე, რითაც რუსთაველის მეტროსთან მოვხვდები.


Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: