RSS

ვაკის პარკიდან ”დელისამდე” ანუ ახალი გზის ნახვის სურვილით გავლილი მარშრუტი

28 მაისი

დღეს, ილიაუნიში ვიყავი მასალაზე წასული. შვეიცარიელი პროფესორები იყვნენ ჩამოსულები სამეცნიერო კვლევების ამბებზე. ჩემს საქმეს, ერთ საათში მოვრჩი და სამსახურში წასვლა გადავწყვიტე.

ვაკის პარკის მოპირდაპირე მხარეს, 67 ნომერი ავტობუსის ოცწუთიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ, გამახსენდა, რომ ახალი გზა ნანახი არ მქონდა და გადავწყვიტე ფეხით წავჩანჩალებულიყავი. ძალიან ცხელოდა, ყურსასმენები მე არ მქონდა და შესაბამისად, თავსაც ვერაფრით ვერ გავირთობდი. ამიტომ, ერთადერთ “გზად” ხალხის და გარემოს დათვალიერება დამრჩა. გამახსენდა ჩემი პირველი ნაბიჯები რეპორტინგში ”გზათააღმწერლის” რანგში, ხოდა გადავწყვიტე პაწა გამეხსენებინა და საკუთარი თავიც გამეხალისებინა.

სიარული, როგორც ზემოთ აღნიშნე, ვაკის პარკის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ავტობუსის გაჩერებიდან დავიწყე. რამდენიმე მაღაზიის გავლის შემდეგ, უკვე ჩემთვის უცნობ, მხოლოდ ავტობუსის ფანჯრიდან თვალმოკრულ გზას დავადექი. ქუჩის მეორე მხრიდან, შავით მოსილი ქალი მოდის, ძალიან ცხელა, თუმცა, მას მაინც შალის სქელი ჟაკეტი და გრძელი კაბა აცვია. ორივე ხელში დიდი, გამჭირვალე პარკები უჭირავს, საიდანაც ”ბუბლიკები” და ”კექსისმაგვარი” ნამცხვარი ჩანს.

 ჩემ წინ, მწვანე-ყვითელ-გრძელ-გაშლილკაბიანი ქალი მიდის, ადრე, ამას ”იზაბელას” კაბებს ეძახდნენ, ერთი სერიალის მთავარი გმირის საპატივსაცემოდ. ქალი ”კალიასკას” მიაგორებს. მგონია, რომ ბავშვი უზის და გადავუსწარი, თუმცა, მალე აღმოვაჩინე, რომ შევცდი. ”კალიასკიდან” მწვანეთვალება, დიდი თოჯინა იმზირება, რომელსაც ზედ მწვანილის პარკი ადევს.

უკვე, თამარაშვილის 1-სა თუ 11 ნომერში ვარ, კარგად არ ჩანს. აი, იმ შენობასთან, კორნელი დანელია და გივი ჩივაძე რომ ცხოვრობდნენ. ძველი, დიდი, საბჭოთა ნაგებობაა. მისი ერთი ნაწილი თითქოს შეკეთებულია და ჭუჭყიანმწვანედ არის შეღებილი, თუმცა, სიძველის განცდას, მაინც ძალიან ტოვებს. მტვრიანია შემოგარენი, ირგვლივ, დახეული საარჩევნო პლაკატები ყრია, კიბეზე ქალი ზის, მზესუმზირას ყიდის, იქვე, მზისგულზე ქუჩის ორი ძაღლია გაწოლილი, მის გვერდით, ნაგვის გროვასთან კი ქალი ზის ხის ყუთზე. წინ კი სულგუნის თავები უდევს გასაყიდად. ყველს პარკი გადახდილი აქვს და მისი მოჭრილი ნაწილი მზისგან და მტვერისგან გადაზელილია.

აქვე კახა კუკავას საარჩევნო პლაკატია გაკრული, საიდანაც, მხოლოდ მისი თვალები მოჩანს. სახის ზემოთა ნაწილი მოხეულია, ხოლო ქვემოთ განცხადება – ”ვაყენებთ ვინდოუსს პროფესიონალურად” – არის გადაკრული. პლაკატთან გოგო დგას, ხელში ”ჯოკერის” ნაყინი უჭირავს, კუკავას თვალებს თუ ”ვინდოუსის გადამყენებლის” ნომრებს აკვირდება, ამ დროს ნაყინის ზემოთა ნაწილი გადატყდა და ვარდისფერ მაისურზე დაეცა. შემდეგ კი, რძე-შოკოლადის უკვე სქელ, ბლანტ სითხედ ქცეულმა მასამ ”ელასტიკის” შორტი ჩაიარა და ფეხის ზურგზე დავარდა…

ათვლის წერტილიდან, ავტობუსის შემდეგ გაჩერებასთან ვარ. მოსაცდელის მინები სანახევროდ ჩალეწილია, შერჩენილი ნახევარი კი მტვერში ალესილი სისველით არის გადაგლესილი. გაჩერებაზე მხოლოდ ერთი ქალი და ერთიც კონტროლიორი დგას. ამ უკანასკნელს, საჯარიმო დავთარი თუ ოქმთა დღიური გულზე აქვს ახუტებული. 88 ნომერი გაჩერდა. გოგო ჩამოდის, ელასტიკები, მოკლე ლურჯი კაბა და ლურჯივე ღილებიანი, თხელი მოსაცმელი მოსავს.

– ბილეთი მოქალაქევ – ჩამოიღო ”გულზედაკრეფილი დავთარი” კონტროლიორმა. გოგო დიბნა და მის საწინააღმდეგო მიმართულებით დააპირა გასვლა, თუმცა უშედეგოდ.

– არ მაქვს ბილეთი, ახლავე ავიღებ, – გოგო საფულეს ხსნის, ხურდა ფულს იღებს და კაცს უწვდის.

– მე რას მაძლევ, რომელი აპარატი მნახე?

 – იქ ვერ ავიღე, არ ვიცი.

– პირადობა წარმოადგინეთ…

 გზას ვაგრძელებ. უკვე, თამარაშვილის 13ა-სთან ვარ. ”თქვენ ამ სახლზე ოცნებობდით”-აწერია შენობას. დაუმთავრებელი მაღალსართულიანი ნაგებობაა. მის შემდეგ გზის გავლა უკვე ჭირს, მანქანების სავალ გზაზე დავდივარ, სიგნალებზეღა ვუბრუნდები ტროტუარს, სადაც ასვალტი აყრილია და ბღუჯა ბალახია ამოსული. გზის გაყოლებაზე, ქვის კედელზე მხოლოდ კუკავას და ძიძიგურის საარჩევნო პლაკატები ცვლის ერთამნეთს. და აჰა, ახალი გზაც გამოჩნდა, ხიდივით გადასხედიდან ვიყურები, მანქანები ასე თუ ისე, იშვიათად მოძრაობენ. მის თავზე კლდეა აშვერილი, ძალიან უცხოდ მეჩვენება, ”ქალაქაგარეთს” მაგონებს.

წინ მივდივარ, ”დელისამდე” არც თუ ისე ბევრი დარჩა. გზაზე დაყრილი ქვები თხელძირიან ფეხსაცმელში მერჭობა. მალე, ტყე, როგორ დავარქვა, მაგრამ ხეებით დაბურული ადგილი იწყება, დასაწყისში, შემოუღობავია, შემდეგ კი, რკინის გალავნით შერაგვული. ერთერთ ხესთან კაცი დგას, ქამარს ისწორებს. ორი ხის იქით კი მოხუცი, თეთრთმიანი, თეთრებში გამოწყობილი და თეთრჩანთიანი ქალი სცემს ბოლთას, ჯერ, ერთ ხეს დაარტყამს წრეს, შემდეგ სხვა ხესთან მიდის.

ბენზინგასამართი სადგური ”ვისოლიც” გვაიარე. მისგან რამდენიმე მეტრში ცემენტის და სხვა საშენი მასალის აუტანელი სუნი დგას. გზის ორივე მხარეს რაღაცას თხრიან , წელსზემოთ შიშველი კაცი თავდაყირაა ორმოში ჩამხობილი და გამალებით მუშაობს რკინის იარაღებით. ლურჯი, ორზოლიანი სპორტული ჩასწევია და წელს ქვემოთ ღარი უჩანს. ამ დროს, დარტყმის ძლიერი ხმა ისმის და ქვის გოროხიც ამოვარდა ზევით, ფეხი ახლაც მტკივა.

რესტორანს მივადექი – ”მეგრელები – მანონი”. ეზო ცარიელია, მხოლოდ, რესტორნის ერთი თანამშრომელი დგას ჭიშკრის შიგნით. გარეთ კი, ”მერსედესის” ფირმის ორი ჯიპი დგას. ერთი ცარიელია, მეორესთან კი, სამი კაცი იმაზე ბჭობს, ღირს თუ არა ”მეგრელებში” შესვლა.

– ხაჭაპური კარგი აქვთ – ამბობს, მელოტი, ჯარისკაცის ფორმიანი, 40-იოდე წლის მამაკაცი, რომელსაც წარბზე დიდი ხალი აქვს, თან, ჯიბიდან საფულეს იღებს და ფულს ითვლის.

– ხაჭაპურზე ხომ არ გადავალთ, ამხელა ხალხი, ხინკალი ამათ არ უვარგათ და მწვადი. – პასუხობს გამხდარი, დაბალი, ულვაშა კაცი და გვერდით მდგომ ქერა -ცისფერთვალება და წითელ შორტებში გამოწყობილ ვაჟს უყურებს, რომელიც ასანთის ღერით კბილებს იჩიჩქნის.

– თქვენ როგორც გინდათ, ისე ვქნათ, – წამიერად იღებს პირიდან ასანთს ბიჭი და ისევ უკან იბრუნებს. სამეული მანქანაში სხდება.

სუპერმარკეტ ”სამოსთან” ვარ, ”ფანტის” ან სხვა რამე გამაგრილებლის ყიდვა მინდა, თუმცა, ვხედავ , რომ ”ჟალუზებს” უშვებენ, ალბათ, უკვე კეტავენ. გზა გავაგრძელე, თუმცა, უკან რომ მოვიხედე , მიხვდი, რომ უბრალოდ, სიცხეს ემალებიან და ”ჯალუზიც” მხოლოდ სამი მეოთხედით აქვთ ჩამოშვებული.

ყაზბეგის და თამარაშვილის გადაკვეთაზეც მალე მივედი, კუთხეში მდგარ ”პოპულში” მაინც შევედი ”ფანტისთვის”. მოლარესთან რიგი დგას, შევარჩიე ჩემთვის სასურველი ზომის, სასურველი სასმელი და რიგს შევუერთდი. ჩემ წინ, სამი ადამიანი დგას, ორი კი უკან. თუმცა, უკან დგომი კაცი, რომელსაც ლუდი უჭირავს,- ”შენს ”ფანტას” ჩემი ლუდი ჯობს პრინციპით”, გამყიდველს უყვირის: აუ, ეს მაქვს მარტო, აქედან ვარ (სასმელების ”კარადისკენ” უთითებს) და გამომართვი რა ფული. გამყიდველიც უჯერებს. გვერდიდან კი პუტკუნა, 20 წლამდე ცისფერთვალება ბიჭის შეძახილი მესმის:

ჯოხიანი კანფეტი არ გაქვთ?

 – როგორი ჯოხიანი?

– რავი, ლიჟბი ჯოხიანი იყოს.

 – ჩუპა-ჩუპსები გვაქვს.

 – იყოს, ოღონდ დიდი მინდა.

ჩემ წინ მდგომი ქალი კი, ერთჯერად ყავას ეძებს.

”რაღაცებიანი არ მინდა, რძე და შოკოლადები არ ქონდეს, მარტო ყავა მინდა და კარგი. ასეთი ნებავს, შვილიშვილი ჩამომივიდა ჯარიდან, იცი, რა კარგი ბიჭია? რამდენი წლის ხარ შენ დედა?” – მიმართავს ”პოპულის” ქერათმიან, თაფლისფერთვალება ოპერატორს, რომელსაც ეღიმება და ქვითარს უხმოდ უბეჭდავს.

”დელისამდე”, გზას კი სულ სირბილით გავდივარ, ავტობუსის გაჩერებასთან ვდგები და ”არჩევნებზე მიდიხარ?”, ”გუშინდელი კონცერტი მომეწონა”, ”ხვალ გიგას ბანკეტია”, ”პლატოზე ადის”?, მეორე მიკროში”? – ამ და ”სხვაფიქრებიან” ხალხთან ერთად, მოთმინებით ვიწყებ ხუთი ”საჩემო” ავტობუსიდან ერთერთის ლოდინს.

Advertisements
 

ტეგები: , , ,

2 responses to “ვაკის პარკიდან ”დელისამდე” ანუ ახალი გზის ნახვის სურვილით გავლილი მარშრუტი

  1. Katieé.Ge

    მაისი 28, 2010 at 9:35 AM

    ვაიიი
    დავიღალე 😀
    რამდენი გივლია, ან ეს დეტალები სულ როგორ დაიმახსოვრე 😀

     
    • mariakhsiashvili

      მაისი 28, 2010 at 2:10 PM

      რაკი “რეპორტაჟი” გადავწყვიტე, ბლოკნოტიც დავაძრე :D:D კიდე იმდენი იყო, მარა მეტისმეტად დიდი გამოდიოდა:-/

       

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: