RSS

Monthly Archives: ივნისი 2010

დეიდა ზიიიზი ყვეელას უყვაარდა….

მას, ვისთვისაც მეტრო მგზავრობის ერთერთი ძირითადი საშუალებაა, ალბათ, ერთხელ მაინც ეყოლება ნანახი პატარა, გამხდარი, ქერათმიანი ქალი. ის ვაგონში, ყოველთვის განაპირას ზის, კართან ახლოს. მუდამ დიდი ჩანთით დადის, რომელსაც დაჯდომისას ხსნის, A4 ზომის თაბახის ფურცლების დასტას და უბრალო ფანქარს იღებს, აქეთ-იქით მიმოიხედავს და მგზავრების ხატვას იწყებს. ფანქრის რამდენიმე მოსმით, ”პორტრეტი” მზად არის, შემდეგ ხელს მოუწერს ( ოდენ – ”ზიზის” ვარჩევ ხოლმე) და ადრესატს – ან სხვისი ხელით გაუგზავნის, ანდაც თავად მიართმევს. თან, ჩუმადაც წასჩურჩულებს – ხურდა ხომ არ გექნებაო…

მე ეს ”ბედნიერება” ბოლო ათი თვის მანძილზე, სამჯერ მხვდა წილად. სწორედ ამდენჯერ გავხდი მისი ”ფანქრის მსხვერპლი”. პირველი ორი ფოტო კიდევ ჰო – ჩემს თავს ვერა, მაგრამ ერთმანეთს ოდნავ მაინც მივამსგავსე. დღევანდელზე კი რა ვთქვა. აი, სამივე ფოტო 😉

2009 წლის 12 აგვისტო. ხელში ტელეფონი მიჭირავს. მესიჯობა არ დამაცადა - ჩვენი პირველი შეფეთება.

2009 წლის 12 აგვისტო. ხელში ტელეფონი მიჭირავს. მესიჯობა არ დამაცადა – ჩვენი პირველი შეფეთება.

2009 წლის 10 ნოემბერი. ”ვეფხისტყაოსანს” ვკითხულობ გამწარებული.

და დღეს – ანტიკური ლიტერატურის ისტორიის დიიიიდი, წითელი წიგნი მიპყრია ხელში და ანაკრეონს ვიმეორებ 🙂

ნუ, მე ვარ რა!!!

 

თოვლი გახეხილი თხილით

რა უნდა ქნა, როდესაც ზაფხულის სიცხე გთანგავს, და როდესაც ჟურნალისტისთვის საინტერესო არაფერი არ ხდება? ცხადია, ნაყინზე, ყინულზე, “ცივზე” უნდა იფიქრო და არა მარტო – იფიქრო, გახვიდე ნუცუბიძეზე მდებარე მაღაზიაში და შოკოლადის “ქებული” იყიდო.

ცოტა თუ შემხვედრია ადამიანი, ვისაც ეს ნუგბარი არ უყვარს, პრაქტიკულად, თითზე დასათვლელი. აქედან, ერთი – დედაჩემია.

ჰო, მას არ უყვარს მაინცდამიანც ნაყინი, თუმცა, ჩვენ გვყიდულობდა “კალორიულია და ცუდი არ არისო” ( ძალიან გამხდარი ვიყავი, ვერ წარმოგიდგენიათ ჰო? )

მაგრამ ვაი, უბედურებავ და… დღეში ერთ ცალზე მეტს არა. ეს ერთი მხრივ, სოციალური შეჭირვებით იყო გამოწვეული, ( რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი უნაყინო)) და მეორე – ჩემი და მუდამ ცუდად იყო, ქრონიკული ფილტვების ანთება ჰქონდა და დედაჩემსაც ამით შეშინებულს, ერთი რომ ჩაფუთნულები დავყავდით ( კიდევ კარგი, რომ გავიზარდე :/ და მეორეც, ცივი წყლის დალევასაც კი გვიშლიდა.

მე კი, ყველაფერი სწორედ ცივი და გაყინული მიყვარდა. ერთი, ჰაჰა ორი ნაყინი დღეში ( ესეც ზაფხულში, თორე ოდნავ აგრილების მერე, ვინ რას მაღირსებდა) არ მყოფნიდა, სულ ნაყინი, სულ ცივი მინდოდა, მეც მოვიფიქრე გამოსავალი.

თოვლი გიჭამიათ?? გეცინებათ თუ თავს შეშფოთებით იქნევთ – ეს ვერ არისო?
ისეთ ჭამას არ ვგულისხმობ, გუნდაობისას რომ ძალით გატენიან პირში.
აი ისე, როგორც ნაყინის შემცვლელი. ჰო, ახლა მეც მეცინება, მაგრამ ბავშვობაში, ნუ რა ბავშვობაში, 13-14 წლამდეც კი, თოვლის მოსვლის პირველ დღეს ( “ქორფა” და “სუფთა” რომ იყო) ნაყინის დღესასწაული მქონდა. დედაჩემი დილიდან საღამომდე მუშაობდა, ჩემს დას სკოლაში ან ეზოში გავისტუმრებდი და მე “ვბაირამობდი”.

მეცხრე სართულზე ვცხოვრობ, აივანზე ხის “კომოდივით” რაღაც მუდამ გვედგა ხოლმე, სადაც მურაბებს და კომპოტებს ინახავდა ხოლმე დედაჩემი, სწორედ მასზე დადებულ თოვლს ავაცლიდი ნახევარ ფენას, ( აქაოდა, ზემოდან სუფთაა მეთქი)) გავიტანდი ღრმა თეფშით, მანამდე მომზადებული მქონდა შაქარი, ყავა, დანაყული თხილი, მოვაფრქვევდი ამ ყველაფერს და “ვგულაობდი” რა.

მაგრამ როცა თოვლი არ იყო? მაშინაც ვპოულობდი გამოსავალს, მაცივარი.. დედაჩემი დიდის ამბით გამორთავდა ხოლმე აცივებისას მაცივარს, ცივი წყალი არ დალიონო, მე კი ჩავრთავდი რამდენიმე საათით ( ჩემნაირი შვილი რომ “შემხვდეს” 14 წლამდე, თავასაც მოვიკლავ) – საყინულეში შევდგამდი ორი ჯამს, ერთ კუბებიან ფორმას და ერთსაც, “ზაპასად” – ლიტრანახევრიან ბოთლს მივაყოლებდი.

მაგრამ ერთფეროვნება არ მიყვარდა, ერთს ლიმონათით გავავსებდი და იმას ვყინავდი, რაც მაინცდამაინც კარგი არ იყო. რადგან გაყინვისას გემოს არომატიზატორი იკუმშებოდა, მხოლოდ ერთ პატარა ადგილას იყინებოდა და დანარჩენი წყალი რჩებოდა, რაც ჩვეულებრივ წყალზე ბევრად უგემური იყო, ამიტომ ამას შევეშვი და ისევ “ყავა-შაქრის” ხსნარს ვყინავდი. ან არადა, გაყინულს კოვზით ვჩეხავდი და მერე ვაყრიდი შაქარს, ყავას, თხილს თუ რამე გასახსნელ წვენს. (უფრო ცოცხალი და ნატურალური იყო ). ბოთლის შემთხვევაში ცოტა რთულად იყო საქმე, რადგან უნდა დამეტეხა ყინული, თან მაგარი ყინული. ვჭრიდი ამ ბოთლს, ვატეხდი ნაწილება, ამ ცოდვილობისას კარზე დააკაკუნებდნენ და მეც ამ ნაწვალებს ურნაში მოვისვრიდი, ვინმეს ფაქტზე რომ არ დავეჭირე..

მერე კი, გავიზარდე და შევეშვი, როგორც ანელი იტყოდა, გახეხილთხილიანი თოვლის ჭამას, მაგრამ ნაყინის გიჟური სიყვარული ბოლომდე გამყვა. (მხოლოდ ერთი სეზონი ვერ ვიტანდი, როდესაც გლანდების ოპერაცია გავიკეთე და მაშინ მაჭმევდნენ ბევრ ნაყინს) – მეგონა, რომ გაფუჭებულ მაწონს ან ხაჭოს ვყლაპავდი:-/).

ზაფხული მოვიდა და სწორედ ნაყინსა და ყინულში მიდის ჩემი ხელფასის საგრძნობი ნაწილი. შემიძლია გაუჩერებლად მივაყოლო ერთს მეორე, მესამე, მეოთხე და ასე უსასრულოდ ). მიყვარს, როდესაც გაყინული პეპსის და ფანტის სმისას, ყინულის ნატეხებსაც ვყლაპავ. მერე რა, რომ ყელის ქრონიკული ტკივილი მაქვს..
“რომელიღაც” რეკლამა მიყვარს: დალიე ცივი…

 

ტეგები: , , ,

და დამთავრდა..

დღეს, ბოლოჯერ ვიყავი მეექვსე კორპუსში, როგორც უნივერსიტეტის სტუდენტი. დედა, გული მიფრიალებს და რა მეშველება მეთქი – არა, თუმცა, ცოტა მაინც დავნაღვლიანდი, დავნაღვლიანდი იმიტომ, რომ ოთხმა წელმა რაღაც თვალისდახამხამებაში გაიარა.
ნუ, იმის მიუხედავად, რომ უბრალო რაღაცებზე ვტირი ხოლმე, სენტიმენტები მაინც მძულს, ხოდა, ვეცდები ცრემლების ღვარღვარის გარეშე შევაჯამო უნივერსიტეტული ოთხი წელი.

”ცოდნის ტაძარში” სრულიად შემთხვევით მოვხვდი. 2006 წელს, ყველაზე ”პრესტიჟული” სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთერთ ყველაზე ”პრესტიჟულ” ფაკულტეტს, ბევრი აბიტურიენტი ეტანებოდა – ვერ ჩავაბარებ, ვერ ჩავაბარებ, ისე მაინც მეწეროს პირველიო. ასეთებს შორის, მეც ერთერთი მათგანი ვიყავი. 09-ს ოპერატორის სიტყვებმა -ჩაირიცხეთ პირველი პრიორიტეტით, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე – გამაოგნა.

სიმართლე რომ ვთქვა, თავიდან გული დამწყდა, ტურიზმი ”მინდოდასავით” და დანარჩენ ჩამონათვალთა უმრავლესობაში, სწორედ ეს სპეციალობა მქონდა მითითებული. ნუ, რაღას ვიზამდი და 2006 წლის ”1 სექტემბრის” წვიმიან დილას, ( არადა, 1 ოქტომბერი იყო) თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში ”მღელვარებით აღსავსე” და და ”გულანთებული” ვუსმენდი თსუ-ს ჰიმნს – ”დედა უნივერსიტეტს” …

განსაკუთრებულად კარგად კი, მეორე დღე მახსოვს, როდესაც ფაკულტეტის ”დეკნები” შეგვხვდნენ, მერე კი ამირან ბერძენიშვილის თუ სოსო სალუქვაძის კაბინეტთან ”ვჩოჩქოლებდით” და ”ბრძოლითა ჩვენითა ვიპოვებდით ცხრილსა ჩვენსას”. გივი, ახლა რომ მეექვსე კორპუსის აკვარიუმში იწონებს თავს, მაშინ სწორედ იქ ედო ბინა და გამოცუნცულდებოდა, შეცუნცულდებოდა – ნუ ხმაურობთო.

ახლა ცარიელია, აი, ყოველ ”1 სექტემბერს” უნდა ნახოთ, როგორ არის სტუდენტობა მიჯრილი ამ დაფებთან :))

პირველ კურსზე მეტისმეტი არეულობა იყო, დეპარტამენტიდან დეპარტამენტში სირბილი, გაურკვევლობა ცხრილებზე, ახლად დანერგილი ელექტრონული სისტემა, სპეციალობის არჩევისკენ გადაგმული პირველი ნაბიჯი და წლის ბოლოს, სამუდამოდ დატოვებული საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი და ჟურნალისტების ცისფერი და საყვარელი, ყოფილი მონკავშირის შენობის ”ბინად” არჩევა..

აქედან სულ მიყვარდა ხოლმე გადმოდგომა და შენობაში შემომსვლელთა დაზვერვა :))))

ოთხი წლის მანძილზე ბევრი საგანი ვისწავლე, დაახლოებით 40 ან ცოტა მეტი, დაახლოებით, ამდენივე ლექტორი მყავდა. არიან პროფესორები, ვინც საერთოდ აღარ მახსოვს და არის საგნები, სადაც აბსოლუტურად ტყუილად დავკარგე დრო და მე არაფერი მისწავლია, მაგალითად, აკადემიური წერა, სტატისტიკა, პოლიტიკური კულტურა, საქართველოს პოლიტიკური სისტემა… ყველას ვერ ჩამოთვლი და ცხადია, საგნის ბრალი ნამდვილად არ ყოფილა.
მაგრამ უფრო მეტი ვისწავლე. იმ საგნებს თუ ლექტორებს შორის, ვინც მართლა მომცა ცოდნა, ყველას ვერ ჩამოვთვლი, თუმცა, ყველაზე დასამახსოვრებელის და მნიშვნელოვანის გამოყოფა შეიძლება.

პირველ რიგში, დათო პაიჭაძე რომ არ ვახსენო, ჩემი ნაცნობები არაგულწრფელად ჩამთვლიან, მე კი, ასეთი არ ვარ 🙂 სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სწორედ ამ ადამიანმა შემაყვარა ჟურნალისტიკა, მის დავალებებს ყოველთვის აზარტით ვასრულებდი და დაღლა ფაქტობრივად, არ მიგრძვნია, მხოლოდ მსიამოვნებდა და ახლაც, დრო თუ გამომიჩნდა ხოლმე, ბლოგისთვის ”ვურეპოტინგებ” ხოლმე ;))

მისი რამდენიმე ფრაზა ლექციიდან კი სულ მახსოვს :

”ჟურნალისტიკა თხზვა არ არის”, ”საკმაო არ გამაგონოთ”, ”არ იფიქროთ იმაზე, თუ რას ფიქრობთ იმაზე, რასაც უყურებთ, ”,  ”ჟურნალისტიკა კონკრეტიკაა”, ”არ იგრძნოთ თავი ვალდებულად, თუ ისინი თავის საქმეში არიან სპეცები, თქვენ ჟურნალისტიკაში ხართ მხეცები” – და სხვა ;)))ვგრძნობდი რომ მას ჩვენი, სტუდენტების გაკეთებული ”საქმე ” აინტერესებდა და მიფუჩეჩება არასოდეს უცდია, სტუდენტისთვის კი, მოტივაციისთვის ბევრი არაფერია საჭირო 😉 როდესაც ვხედავ, რომ თავს დავახლი, რაღაცას დავწერ, ლექტორი კი არც კითხულობს და ისე მიწერს უმაღლეს ქულას, საერთოდ ვანებებ მისი საგნის სწავლას თავს.

აქვე მოვაყოლებ, ”ღია რადიოს”, რომელიც უკვე ”გამოტირებული” მყავს ;)) ის პერიოდი ( შარშან ამ დროს), მუდამ დარჩება ჩემი პროფესიული ცხოვრების ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად. ეს იყო, ჩვენი, სტუდენტი ჟურნალისტების პირველი მცდელობა რაღაცის შექმნისა. მაშინ ვიყავით ყველაზე დამოუკიდებლები და თავისუფლები, ვაკეთებდით იმას, რაც გვინდოდა და ამით სიამოვნებას ვიღებდით. მაშინ გამოვცადე კარგ ჯგუფთან მუშაობის ბედნიერება – თამუნა შეყილაძე, ანელი ედიშერაშვილი, ინგა ბაჯელიძე, თამუნა ლემონჯავა – ეს ოთხი ადამიანი სწორედ იქ გავიცანი და ჩემი საუკეთესო მეგობრები და კოლეგები გახდნენ. ეს იყო ერთი, ”ღია რადიოს” იდეით გაერთიანებული გუნდი, რომელიც უსიტყვოდ უგებდა ერთმანეთს მუშაობის პროცესში, ღია რადიოთი ”სუნთქავდა” და აზროვნებდა ( 😀 დედა, ეს რა პათოსი და სენტიმენტებია, ეს ერთხელ მაპატიეთ ;)). თუმცა, დამთავრდა ”ღია რადიო” და დიდი მეგობრობა კი დარჩა 🙂

მაგრამ… მთელ მეექვსეში, ყველაზე მეტად, ეს ოთახები მიყვარდა ♥

ხოდა, ღია რადიო, დღეს, სწავლის დასრულების დღეს არ დამთავრებულა, უკვე ერთი წელია, მენატრება რადიოს სამონტაჟო ოთახები და სტუდია – თავისი ოპერატორებით, კახას ჯუჯღუნი, ავთოს – ”დაამახსოვრებინეთ გოგონებო, ვიკეტებით”. სხვადასხვა სტუდენტის გაოცებული შეძახილი – თქვენ ისევ აქ ხართ? რემონტს როდის იწყებთ?

მომენატრება დარბაზი, სადაც მუდმივად სიძველის განცდა და სუნია, თითქოს რაღაც მისტიკური, საღამოს თათბირების ადგილი იყო ხოლმე ;))

ლექტორებით დავიწყე, გადავუხვიე და ამიტომ უკან დავუბრუნდები. როგორ შეიძლება, მეექვსეკორპუსელ ლექტორებში რომ არ გამოყო ირა ღვინერია, უძალიანმაგრესი იუმორის მქონე ადამიანი, რომელმაც სულ სიცილ-სიცილით დაგვიწერა დაბალი ქულები ;))) რომელთან ურთიერთობაც ერთი სიამოვნებაა, საგნის რა ვთქვა 😀

ასევე, ნინო ჭალაგანიძე, რომელსაც მეორე კურსზე რატომღაც ვერ გავუგე, მეოთხეზე კი – მის გამო ავირჩიე ” ბავშვთა საკითხები”.:-))))

უკარგესი, უადამიანესი და უჰუმანურესი გიორგი კალანდაძე, რომელიც მეოთხე კურსზე იყო ჩემი ლექტორი, ძალიან მწყდება გული, რომ მისი ლექციების ხშირად გაცდენა მიწევდა.

ნინო ჟიჟილაშვილი და მისი ორი საგანი. ”კონფლიქტების გაშუქების” გამოცდა და სტუმრობა ხურვალეთში არასოდეს დამავიწყდება.

კობა ლიკლიკაძე და მისი საველე ამბები, რა უნდა გააკეთოს/არ გააკეთოს ომის დროს ჟურნალისტმა.

ასევე, ( რაღა ასევე) თამაზ ჯოლოგუა, ადამიანი, რომლის დახვეწილი ქართულით წაიკითხული ლექციის მოსმენას არაფერი სჯობდა. ძალიან განათლებული და საყვარელი ადამიანი – მალხაზ მაცაბერიძე, რომლის ”მეგობრებო” პირველი კურსის შემდეგ, მახსოვრობაში დამრჩა. .. და ფსიქოლოგების ზურაბ მხეიძის თავისუფალი და ძალზე საინტერესო საუბარი ზოგად ფსიქოლოგიაზე.

ანტიკური ლიტერატურის სემინარის ლექტორის, თინა გიორგობიანის დღევანდელი სიტყვები – ”ჩემთვის მთავარი ის არ იყო, რომ სემინარებზე არ აქტიურობდი, შენმა კოლოკვიუმებმა და ნაწერებმა დამანახა, რომ აქ მსხდომ, 80 აქტიურ, კლასიკური მიმართულების სტუდენტზე უკეთ იცი ანტიკური ლიტერატურა და ამის მიხედვით გაფასებო” – მუდამ მემახსოვრება.

მომენატრება გაჭირვების ტალ-კვესი ნაირა მახაშვილი, ჩვენი ბიბლიოთეკარი ლია ( რომელიც აღარ არის ჩვენი ანუ მეექვსეს ”კუთვნილება”, მომენატრება კომპიუტეროლოგი ზაზა… და ალბათ, სხვებიც ;)))

მახსოვს, პირველი ორი წელი, ”მეექვსე” საშინლად მიყვარდა, სულ აქეთ ( რაღა აქეთ :/ მომიწევდა გული, სწავლის დაწყებაც სულ მიხაროდა ხოლმე, მესამე კურსზე, უნივერსიტეტის ”არაჯანსაღმა მიდგომამ” და მეექვსე კორპუსში დატრიალებულმა სკანდალებმა კი, ცოტა არ იყოს და, გული ამიცრუა, თუმცა, ღია რადიომ მაინც ”გამომიყვანა”.

მეოთხე კურსზე კი, მეექვსე კორპუსში კვირაში სულ თითზე დასათვლელ საათს ვატარებდი, სამსახურის გამო, ვერც ვახერხებდი იქ ყოფნას, ასე, რომ მე უკვე ”გამონატრებული” მყავს მეექვსე კორპუსი, მე თითქოს, შარშან დავამთავრე.

წელს, იმ რამდენიმე საათის შერბენის შემდეგ, ვხედავდი რომ სულ რაღაც იცვლებოდა, ეს ის მეექვსე აღარ იყო, მე რომ ვიცნობდი ;)))
და მაინც.. მე მიყვარს მეექვსე კორპუსი. ის პატარა, ცისფერი შენობა ჩემი ცხოვრების ერთ ტკბილ მოგონებად დარჩება. ( დავიღვარე რა :-D)

 

ტეგები: , , , , , , , ,

“რეალში ხარ ნონ ფაქტორი და არაფერი” ანუ რისთვის აქვს ფეხები ადამიანს

ამ პოსტის დაწერა დღეს დილამდე განსაზღვრული არ მქონია, დილით, სეტყვა-უბედურებამ გამაღვიძა და რომ ვეღარ დავიძინე, ტელეფონით ჯერ სკაიპში შევედი, მერე ფეისბუქში. სწორედ იქ დამხვდა ერთი “გზავნილი”, რამაც ამის დაწერა გადამაწყვეტინა.

გუშინ, ფეისბუქის სტატუსად დავიდე ერთი ამბავი: ისეთმა კურსელმა, ოთხი წლის მანძილზე ურთიერთობა რომ არ მქონია, დარწმუნებული ვარ, გულზე არ ვეხატებოდი და ერთმანეთს გამარჯობასაც კი არ ვეუბნებოდით, როგორ მთხოვა საგამოცდო საკითხები, ცხადია, გავუგზავნე, მერე პასუხებიც როგორ მთხოვა, ვეძებე, მაგრამ რადგან სამსახურში მქონდა ის დავალება დაწერილი და ფლეშკაზე შენახული, ფლეშკა კი, სწორედ იმ დღეს დავაფორმატე და დავალება ამობეჭდილი სახით ლექტორს ჩავაბარე – კომპიუტერში, ცხადია, ვერ ვნახე. ეს რომ ვუთხარი იმ კურსელს ( რომლის იდენტიფიკაცია “ფეისბუქში” არ მომიხდენია) – ძალიან ”ისეთი”  ტონით მომწერა – კარგი რა, აბა მე რა ვქნაო. რომ ვუპასუხე – რა უნდა ქნა და დაწერე მეთქი, მომთხოვა – რომ დაწერ, გამომიგზავნეო. დაწერით, სკოლაში არ ვწერდი წინასწარ და პირდაპირ საკონტროლო წერის დროს დგებოდა ჩემი თემის დებიუტი. ეს რომ ვუთხარი, გაბრაზდა და წამშალა სკაიპის კონტაქტებიდან.

ხოდა, დაახლოებით, ამ შინაარსის სტატუსი დავწერე, ჩემი აზრით, გავამახვილე იმ ფაქტზე ყურადღება, რომ ასეთი ნაგლებიც არსებობენ. რატომღაც, ჩემი რამდენიმე “ფეისბუქელი” კურსელი გააღიზიანა ამ სტატუსმა, (თუმცა, ეს მათი აზრია). დილით კი, დამხვდა Wall Post-ი ერთი აქაური “ფრენდისა”, რომელიც, ასევე ჩემი კურსელია, (თუმცა, მასთანაც არ მაქვს ურთიერთობა და მაქსიმუმ “გამარჯობა” მქონდეს ნათქვამი). ხოდა, მან მომწერა, რომ მე ვარ ნათელი მაგალითი იმისა, როგორ “ნონ ფაქტორი” და “არაფერი” ვარ რეალურ ცხოვრებაში და ვირტუალურ სამყაროში კი, რა მაგრად ვეწევი საკუთარი თავის რეალიზაციას.

რომ ვთქვა, გული გამისკდა, ისე მეწყინა – ეს როგორ დამიწერა მეთქი, არაგულწრფელი ვიქნები, რადგან როგორც ვთქვი, მასთან ურთიერთობა არ მქონია, არ ვიცნობ, არ მიცნობს და არც მისი აზრი წარმოადგენს ჩემთვის დიდად ფასეულს. ეს რომ ეთქვათ იმ ადამიანებს, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, (უნივერსიტეტელს თუ არაუნივერსიტეტელს), მაშინ, ალბათ, ძალიან მეწყინებოდა და შევეცდებოდი საკუთარი პიროვნების შეცვლას, თუ ეს შესაძლებელია.

არ უარვყოფ, რომ რთული ხასიათი მაქვს, მეგობრობა-ურთიერთობისას ადამიანებს ვარჩევ, რაღაც ღირებულებებით უნდა ვემთხვეოდეთ. არც იმას უარვყოფ, რომ წერა უკეთ გამომდის , ვიდრე ლაპარაკი, მაგრამ ესეც ინდივიდუალურ ადამიანთან ინდივიდუალურად.

ბავშვობაშიც მქონდა ორი სამყარო – სკოლაში ვიყავი ძალიან, ძალიან წყნარი, მშვიდი, ხმას არ ვიღებდი გაკვეთილზე. კლასელებს, ალბათ, მოლაპარაკე ვერც წარმოვედგინე და პირიქით, სკოლის გარეთ, ვისთანაც ძალიან გახსნილი და აქტიური ვიყავი, მათ გაჩუმებული ვერ წარმოვედგინე. უნივერსიტეტში კი, ადამიანები მართლაც რომ შევარჩიე, ვისი მეგობარი უნდა ვყოფილიყავი, ვისი ამხანაგი, ვისი კი, მხოლოდ ჯგუფელი. თან, არ ვიცი, რატომ მოხდა, მაგრამ უფროსკურსელებს უფრო გავუგე და ფაქტობრივად, მქონდა განცდა, რომ უნივერსიტეტი შარშანდელ მეოთხე კურსთან ერთად დავამთავრე. ( სხვათა შორის , რამდენიმე მეოთხეკურსელი, ახლაც რომ მხვდება, ჰქონიათ, რომ მათი კურსელი ვიყავი).

რა მინდოდა, ამით მეთქვა, სოციალურ ქსელში გაწევრიანებული ვარ ერთი წელია, ანუ მანამდე, 20 წლის მანძილზე ვცხოვრობდი ვირტუალური სამყაროს გარეშე, და არც თუ ისე ცუდად. ჩემი მეგობრები, თანამშრომლები, მათი მეგობრები, სხვა კარგი ადამიანები – არ გამიცვნია ფეისბუქიდან”, გავიცანი რეალურ ურთიერთობებში და ეჭვი მეპარება, “ცუდ ტიპად” მივაჩნდე. ასევე, “ფეისბუქიდან” რამდენიმე გავიცანი რეალურ ცხოვრებაში და არც ის მგონია, რომ ისინი მთვლიდნენ “ნონ ფაქტორად”.

რაც შეეხება თავად “ფეისბუქს”, მერე რა თუ ჰიპერაქტიური ვარ, მერე რა, რომ დღე-ღამეში არაერთხელ ვაახლებ სტატუსს, მერე რა, რომ არ შემიძლია მხოლოდ თამაშებისთვის მყავდეს “ფრენდები”, მხოლოდ მათ ფოტოებზე ვაკომენტარო – “ვაიმეეეეეე, რა ქუუუულ ფოტკააააა”, “ვაიმე, რა სიხა ხაააარ, მპუა, მპუა, მპუა”, მხოლოდ “:-D:-D:-D”-ები ვწერო. არ ვთვლი, რომ “ფეისბუქი” ვიწრო პირადი ურთიერთობებისთვის მაქვს. არაერთი კარგი ადამიანი გავიცანი, მათთან ურთიერთობა ჩემთვის სიხარულის მომგვრელია, არაერთხელ დამეხმარა პროფესიულ ცხოვრებაში და რესპონდენტებსაც არაერთხელ დავკავშირებივარ ამ ქსელით. ვინმემ პასუხი რომ მოგწეროს კიდევ, უნდა გიცნობდეს. თუ არ ვიაქტიურებდი – არც არავის “ვეცოდინებოდი”. არაერთ კითხვაზე მიმიღია პასუხი სწორედ “ფეისბუქის” მეშვეობით და საერთოდაც, ვფიქრობ, რომ ქსელს ძალიანაც კარგად ვიყენებ 🙂 ( და არამაინცდამაინც საკუთარი თავის რეალიზაციისთვის და არა იმისთვის, რომ ვითომდა საკუთარი თავის რელიზაცია რეალში ვერ მომიხერხებია). ასევე, ჩემი დიპლომის 2.4 % ანუ 10 კრედიტი, ფეისბუქის “კვოტით” მექნება. ( სადიპლომო ნაშრომს ვგულისხმობ)… და, ბევრ ადამიანს, ვისაც მეგონა, რომ მანამდე ვიცნობდი, სწორედ “ფეისბუქში” გამოუვლენია “ნამდვილი სახე”:) რაც შეეხება იმას, რომ თუ ბევრ და უცხო ადამიანებთან ურთიერთობა “არ მომწონს” რეალში და ვარჩევ “ფრენდებს”, რატომ არა – “ფეისბუქში”. ფეისბუქში ჩემი პირადი შეხედულების შემცველი ყოველი სტატუსი მიმართულია გარკვეული კგუფისთვის, ვისაც ვიცნობ, პატივს ვცემ და მათი აზრი მნიშვნელოვანია ჩემთვის, სულაც არ ვგულისხმობ, რომ ჩემი 2039-ვე “ფრენდი” წაიკითხავს. აქ ვწერ იმასაც – რაც მიხარია, იმასაც – რაც მაოცებს თუ მაბრაზებს, “ზოგადსაფეისბუქო” პრობლემებზეც და საერთოდ ყველაფერზეც.. სწორედ ასე ვხედავ და მესმის სოციალური ქსელი… ასე რომ, ჩემთვის “ნონ ფაქტორ” და “ცარიელ” ადამიენებს თუ მივაჩნივარ “ნონ ფაქტორ და ცარიელ ადამიანად”, სულ არ მაინტერესებს.

ერთხელ, ერთმა ლექტორმა თქვა ასეთი გენიალური რამ – ფეხები ორი რამისთვის აქვს ადამიანს : რომ იაროს და რომ დაიკიდოსო, ხოდა, ვმოქმედებ.

“ჩემი ოპონენტები” ალბათ, ამაზეც დაიწყებენ, თუ არ გაინტერესებს, რატომ გამოაჭენე, საერთოდაც რა საჭირო იყოვო. იმიტომ იყო საჭირო, რომ ერთი, იმ “ფრენდს” ძალიან აინტერესებდა, ჩემი 2000 “ფრენდი” რას იტყოდა მის დაპოსტილზე. მეორე – დამიწერა – ახლა გინდაც წაშალე და რაც გინდა ის უქენიო და ჰა, მის აზრს უფრო ვახმოვანებ და მეტს ვაცნობ და მესამეც, მინდა რაღაც ვასწავლო თუ არ იციან:

ცუკერბერგმა, თავის დროზე, “ფეისბუქს” შესძინა სამი არაჩვეულებრივი ფუნქცია Hide, Remove from friend, report/Block This Person – ჰოდა, ვისაც ასე გაწუხებთ ჩემი პოსტები და ნოუთები, იმოქმედეთ!!!

 
%(count)s კომენტარი

Posted by on ივნისი 11, 2010 დუიმი თსუ

 

ჩემი სიტყვა და სოფოს საქმე – საშინელი დღე

გჯერათ, მაგნიტური დღის არსებობის? აი, ყველაფერი ცუდად რომ მიდის ხოლმე. მე არ მჯერა, უფრო ზუსტად, ეს სახელწოდება არ მიყვარს. თუმცა, ყოველდღიურობაში ხშირად ვიყენებ ხოლმე. მგონი, დღევანდელი დღე სწორედ ისეთი იყო, რა განსაზღვრებასაც აძლევენ ხოლმე, პირობითად, მაგნიტური:

ჯერ იყო და, სამი დღე ”მოვიკალი” თავი, სამშაბათს საბაკალავროს დედლაინი მაქვს მეთქი. ხოდა, არაფერს არ ვაკეთებდი – გულს ვერ ვუდებ სხვა რამეს მეთქი – ვიმიზეზებდი (ამდენი სასწავლი ”ესპანეთის ისტორიაში” კი შემრჩა ხახვივით). დღეს, ამ დედლაინის ”ხათრით”, ჩქარ-ჩქარა შევასწორე კორექტურა, გვაქანდი კეკელიძეზე, ამოვბეჭდე, ხელმძღვანელს ხელი მოვაწერინე, აქაოდა, ბოლო დღეს რატომ მივიტანო მეთქი, ჩავაბარე, მივედი, სამსახურში, შევუდექი ნიუსების კეთებას და…

და რა? გავხსენი ერთი ნიუსი – 7 ივნისი, უჰ, ძველია, დავხურე.
გავხსენი მეორე – 7 ივნისი დავხურე,
მესამე – 7 ივნისი;
ვაჰ, ტელეფონი – 7 ივნისი და ვაიმე..

თავი სიზმარში მეგონა, უფრო ზუსტად, აი, ბევრი რომ გაქვს დალეული ( შარშან, 11 თებერვალს ვიყავი ასე) და რომ ვერ ფიქრობ, რაღაც რომ ტრიალებს და ”ქეც გჯერა და ქეც არ გჯერა” რომ არსებობ შენც და შენ გარშემო ყველაფერიც.. ამ მდგომარეობაში მყოფი ვაანალიზებდი, რომ დღეს ცხრა ივნისი არ ყოფილა და ხვალ დედლაინი არ მქონია, რომ ორი დღით გვიან ვცხოვრობდი ეს ბოლო კვირა. როდის და რატომ გამოვთვალე, რომ სამშაბათი ათი ივნისი იყო, არ ვიცი. ეს არაფერი, კი ვიდარდე თან იმაზე, ასე რატომ დამემართა მეთქი, თან იმაზე, რომ ერთი ზედმეტი ”ი” აღმოვაჩინე ნაშრომში ( ფეიისბუქი)და იქნებ ასე რომ არ მეჩქარა, შემემჩნია მეთქი. მარა რაც იყო, იყო.

ეს ”გადავხარშე” და ჩანთას თასმა გაუწყდა 😀 ქუჩაში დავფორთხიალობდი გადაკვანძულ-გადმოკვანძული.

საღამოს კი…
ჩვეულებისამებრ, დეიდაშვილი შემეხმიანა. სამსახურიდან უნისთან გავუარე, ვაკის პარკთან ერთმანეთს აღშფოთებას ვუზიარებდით. მე საკუთარ თავზე ვბრაზობდი – რომ ეს როგორ დამემართა, რომ ვერაფერს ვერ ვახერხებ, რომ ცუდად ვარ და ის ლექტორებზე და იმაზე, რომ ყოველი თუ არა, ყოველი მეორე ლექცია უცდება და რომ უკვე ვეღარც ბრაზობს, მეც თავს ვუკანტურებ – აბა, აბა მეთქი და ველით ავტობუსს.

საათი და 25 წუთი. იცით, მკითხველო ეს რა საათი და 25 წუთია ავტობუსის გაჩერებაზე გატარებული? ჯერ საერთოდ ლოდინი, მერე ავტობუსის ლოდინი და თან მაშინ, როცა სახლში გეჩქარება, სამეცადინო გაქვს, გშია, გცივა და შენ კი რაღაც 39 და 71 ნომერ მონსტრებს ელი..

სიბრაზისგან ლამის ვიტირე, დავიწყე იქ – ამისთვის შემოვხაზე ხუთიანი? ამისთვის მინდა თბილისის მერი და თბილისის საკრებულო? იმ რვაასი რვაასი რაღაცაზე უნდა დავრეკო და ვიკივლო , ესა, ისა, აესე, აისე… თან, დილის ცხრა საათზე პრეზენტაცია მაქვს და ტექსტი წასაკითხ-სასწავლი მქონდა. -ვაიმე, ჩემი სიტყვა მეთქი – ვჩიოდი და სოფო – ვაიმე, ჩემი საქმეო და ვიდექით ასე, გაჩერებაზე ”სიტყვით და საქმით”.

გავიდა ეს საათი და 25 წუთიც და არა თუ 39 და 71, სხვა ნომრებიც დაიკარგნენ, რომ მეტროსთან მაინც მოვხვედრილიყავით. ბოლოს გამოჩნდა რაღაც – 105 ნომერი ბოგდანი. თვალი შევკარი – სამგორი ეწერა და ავქანდით სასწრაფოდ. ავიღეთ ბილეთები ბუზღუნით, ესენი ნერვებს მიჭამენ , ჩემი ცხოვრების ორ საათს მარტო ლოდინში მაკარგვინებენ და მე ბილეთი უნდა ავიღო? ოხ, ამათი მეთქი.
მაგრამ თურმე სად ხარ? უცებ რომ ჩაუხვია ამ ავტობუსმა და წავიდა სადღაც.. თავიდან ვიმედოვნებ, ჭავჭავაძის პარალელურია და მერე გაუხვევს, ალბათ მეთქი. თან, არ დაგავიწყდეთ, რომ ღამის 11 საათს უკაკუნებს. გავიხედეთ მარჯვნივ და მაღლა, ფუნიკულიორის ძირში ვართ, მარცხნივ, დაბლა და შორს – სამება და გაანათებული ქალაქია. სადღაც, მთაში ვართ.

გადაგვიცივდა გული, ავარდა წნევა მაღლა – ვაითუ, საპირისპიროდ გამოვყევით, ვაი თუ, ბოლო გაჩერებაა, ”ვაჰ, ცხრა სათზე პრეზენტაცია მაქვს”, ”ვაიმე თეა მაქვს წასაკითხი”, ”დედა, რა გვეშველება” – მოკლედ ვგოდებთ და ვვაებთ – სად წაგვიყვანს ახლა თქო. ნუ, ერთი სიკვდილ-სიცოცხლის გათავებას რომ მოვრჩით , კი ჩაგვიყვანა სოლოლაკიდან თავისუფლებაზე. მაგრამ ცხადია, ამით არაფერი დასრულებულა..

ჩამოვედით სამგორის მეტროსთან, მივაბიჯებთ ღამის გარებაზარში, ”მარწყვი არ დაგავიწყდეთ, ორ ლარად,” – ნანასავით ჩაგვესმის ყურში. მე დღეს ვაჯამებ – აი, ესეც გამიწყდა ( ჩანთის თასმაზე ვწუწუნებ ) ჩავედით მეტროს ”პაძემკაში” და სოფო ყვება – დღეს, ლამის წავიქეცი..

მეც ხომ მატრაკვეცა ვარ და შევეჩხირე სიტყვაში – უი, დღეს მანქანიდან გადმოვდიოდი, ფეხი ამიცურდა და ლამის…

სიტყვის დასრულება არ დამცალდა, ამისხლტა ფეხი და გავადინე ზღართანი ”პაძემკაში”. მთელი ტანით დავენარცხე ძირს, მე შემრჩა აყვლეფილი იდაყვი და ნაღრძობი კოჭი – სოფოს კი ჩემი დაწოლის სიმძიმით ნატკენი მკლავი 🙂

ხოდა, მოვედი სახლში ფართხა-ფურთხით, ჰარიქა, დილის ცხრა საათზე გასაკეთებელი პრეზენტაციის სიტყვა ცამოვტვირთო მაილიდან და ვისწავლო მეთქი. ხოდა, ჩემი და მიყვირის – არ იცი, ინტერნეტი რატომ არ არის?

 

არის ასეთი სოფელი…

7 წლის წინ, 2003 წლის 4 ივნისს დაიწყო ჩემი, ჩემი დეიდაშვილის (ის მოგვიანებით ჩამოვიდა, მაგრამ მაინც 🙂 და ბიძაშვილის ”საოცარი მოგზაურობა” :)))

სოფელი ლიჩი, ბევრს არ ექნება გაგონილი, რამდენიმე თვის წინ, ფეისბუქელმა თათა ხვედელიძემ მითხრა, რომ ცოდნია ეს სოფელი ( ბავშვობაში ბანაკებში დავდიოდითო), და ძალიან გამიხარდა.

ეს არის, საჩხერის რაიონში მდებარე ერთი პატარა სოფელი, რომელზეც შეგიძლია თქვა, რომ ”კაკრაზ”, ჯუნგლებში ხარ.

ეს არის სოფელი, სადაც ტრანსპორტი თბილისიდან კვირაში მხოლოდ სამჯერ დადის. ერთ სამარშუტო ტაქსს დაჰყავს ოთხი სოფლის მაცხოვრებელ-დამსვენებლები. ”მარშუტკა” მაქსიმუმ 18 კაცს იტევს, ესეც, ოდნავ თავისუფალ ადგილას ჩადგმული ხის ”სკამეიკებით”. სწორედ ამიტომ, სოფელში წასვლის წინა ღამეს ყოველთვის ”იზმენებში” ვარ – ვაი და, ადგილის დაკავება ვერ მოვასწრო მეთქი. დილიდან ვდგავართ ”რიგში” და ”მარშუტკის” გამოჩენისთანავე ეს ოთხი სოფლის წარმომადგენლები, ”აბა ვინ მიასწრებს” პრინციპით, ვიკავებთ ადგილებს.

ეს არის სოფელი, სადაც 2008 წლამდე ტელეფონი არ იჭერდა, ბედად, სწორედ ომის წელს შეიყვანეს ”მაგთის” ბოძი და იქ ჩარჩენილი ბავშვები, თბილისთან კონტაქტს ვინარჩუნებდით. (თუმცა, კიდევ საკითხავია, უკეთესი იყო თუ არა ეს, რადგან აქეთ გვაფეთიანებდნენ. 2008-მდე კი, თბილისში დასარეკად ზემოთ, გორებზე ავდიოდით და გქვონდა ერთი ჟივილ-ხივილი – ”ეეე, ერთი ხაზი დავიჭირე, ოე, აქ ორი ხაზია”..

ეს არის ადგილი, სადაც ვიმყოფებით სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში. ტელევიზორი მხოლოდ ”თეფშიან” ხალხს აქვს. ჩვენც არასოდეს (თუ ომის რამდენიმე დღეს არ ჩავთვლით, როდესაც თბილისადან შეგვაშინეს) გაგვჩენია სურვილი, რომ ამისთვის დრო დაგვეკარგა.

ეს არის სოფელი, სადაც ჩვენს მიტოვებულ, ტყეში ჩაკარგულ, უცხოპლანეტელების მსგავს (ნათურები აქვს აქეთ-იქით და.. :)) უძველეს სახლში (მეორე სართული 1958 წელს დააშენეს, პირველმა კი – დროის ათვლა დაკარგა) – მარტო ბავშვები ვცხოვრობთ და მთელ სოფელს ვიღებთ.

ეს არის სოფელი, სადაც ყოველ საღამოს მე, ჩემი დეიდაშვილი სოფო და ბიძაშვილი თამუნა, გეზს ვიღებთ იქით, უსასრულობისკენ, (ერთერთი გაჩერება – სასაფლაოზე გვაქვს. როგორ შეიძლება , სასაფლაო გიყვარდეს, მაგრამ იქ ისეთი სიმშვიდე და სილამაზეა) და სიმღერით ვიკლებთ იქაურობას, ამ დროს ვინმე ძიაკაცი გამოვა და ვა, ვარლამის ქალებს გაუმარჯოსო – შემოგვძახებს (ბაბუაჩემი იყო ;))

ეს არის სოფელი, რომელსაც ყველაზე კარგი მდინარე აქვს :))) ეს არის სოფელი, სადაც პირველად შევჯექი ცხენზე, პირველად დავკრიფე და ვჭამე სოკო, პირველად წავედი სათევზაოდ, პირველად დავჩეხე შეშა, პირველად გამოვაცხვე პური ( ნუ, ფქვილის ერთი 50 კილოგრამიანი ”მეშოკი” მის სწავლას შევალიე, მაგრამ ახლა ვარლამიჩების დამსახურებული ხაბაზი ვარ). ეს არის სოფელი, სადაც დღე ღამეა, ღამე კი დღე. ეს არის სოფელი, სადაც შეიძლება იჯდე და იძახო – ხალხო, ყვირილი მინდაო, სადაც შეგიძლია ჯოკერი უსასრულოდ ითამაშო, სადაც ბულგარული წიწილები ამოდის ეზოში, სადაც შეიძლება მკვდარი ღამურა მოკლა და იტრაბახო, სადაც, შეიძლება წყალზე წახვიდე ჭის მოსატანად, საჭმლის მილევის ჟამს ორი დიიიდი პარკი დანდური ( ომის წელს გავიგე, რაც იყო) მოკრიფო გზის პირებზე, საათობით რეცხო, ხარშო და ერთი ტაფა გამოგივიდეს. სადაც, შეიძლება, რომ ექვსი კილომეტრი გაიარო ერთი ნაყინისთვის ან ერთი კილო შაქრისთვის. სადაც, მთვარე და ვარსკვლავები ღამღამობით მიხატულს გავს, სადაც ყველაზე მეტი ვარსკვლავი ცვივა ციდან.

ეს არის სოფელი, სადაც უუუუუუჰ.. ..

ეს არის სოფელი, სადაც ჩვენი ტოოოოლები დასთხოვდნეეეეენ :)))))

ეს არის სოფელი, საიდან წამოსვლისაც ყოველთვის დეპრესიაში ვვარდებოდი და ვტიროდი.

ეს არის ჩემი დედულეთი, ეს არის სოფელი, სადაც გატარებული დრო მუდამ დარჩება, როგორც ერთერთი საუკეთესო მოგონება.

და… ეს არის სოფელი, სადაც ორი წელია აღარ ვყოფილვარ და ძალიან მომენატრა:-(

 

ტეგები: , , , , ,