RSS

Daily Archives: ივნისი 7, 2010

ჩემი სიტყვა და სოფოს საქმე – საშინელი დღე

გჯერათ, მაგნიტური დღის არსებობის? აი, ყველაფერი ცუდად რომ მიდის ხოლმე. მე არ მჯერა, უფრო ზუსტად, ეს სახელწოდება არ მიყვარს. თუმცა, ყოველდღიურობაში ხშირად ვიყენებ ხოლმე. მგონი, დღევანდელი დღე სწორედ ისეთი იყო, რა განსაზღვრებასაც აძლევენ ხოლმე, პირობითად, მაგნიტური:

ჯერ იყო და, სამი დღე ”მოვიკალი” თავი, სამშაბათს საბაკალავროს დედლაინი მაქვს მეთქი. ხოდა, არაფერს არ ვაკეთებდი – გულს ვერ ვუდებ სხვა რამეს მეთქი – ვიმიზეზებდი (ამდენი სასწავლი ”ესპანეთის ისტორიაში” კი შემრჩა ხახვივით). დღეს, ამ დედლაინის ”ხათრით”, ჩქარ-ჩქარა შევასწორე კორექტურა, გვაქანდი კეკელიძეზე, ამოვბეჭდე, ხელმძღვანელს ხელი მოვაწერინე, აქაოდა, ბოლო დღეს რატომ მივიტანო მეთქი, ჩავაბარე, მივედი, სამსახურში, შევუდექი ნიუსების კეთებას და…

და რა? გავხსენი ერთი ნიუსი – 7 ივნისი, უჰ, ძველია, დავხურე.
გავხსენი მეორე – 7 ივნისი დავხურე,
მესამე – 7 ივნისი;
ვაჰ, ტელეფონი – 7 ივნისი და ვაიმე..

თავი სიზმარში მეგონა, უფრო ზუსტად, აი, ბევრი რომ გაქვს დალეული ( შარშან, 11 თებერვალს ვიყავი ასე) და რომ ვერ ფიქრობ, რაღაც რომ ტრიალებს და ”ქეც გჯერა და ქეც არ გჯერა” რომ არსებობ შენც და შენ გარშემო ყველაფერიც.. ამ მდგომარეობაში მყოფი ვაანალიზებდი, რომ დღეს ცხრა ივნისი არ ყოფილა და ხვალ დედლაინი არ მქონია, რომ ორი დღით გვიან ვცხოვრობდი ეს ბოლო კვირა. როდის და რატომ გამოვთვალე, რომ სამშაბათი ათი ივნისი იყო, არ ვიცი. ეს არაფერი, კი ვიდარდე თან იმაზე, ასე რატომ დამემართა მეთქი, თან იმაზე, რომ ერთი ზედმეტი ”ი” აღმოვაჩინე ნაშრომში ( ფეიისბუქი)და იქნებ ასე რომ არ მეჩქარა, შემემჩნია მეთქი. მარა რაც იყო, იყო.

ეს ”გადავხარშე” და ჩანთას თასმა გაუწყდა 😀 ქუჩაში დავფორთხიალობდი გადაკვანძულ-გადმოკვანძული.

საღამოს კი…
ჩვეულებისამებრ, დეიდაშვილი შემეხმიანა. სამსახურიდან უნისთან გავუარე, ვაკის პარკთან ერთმანეთს აღშფოთებას ვუზიარებდით. მე საკუთარ თავზე ვბრაზობდი – რომ ეს როგორ დამემართა, რომ ვერაფერს ვერ ვახერხებ, რომ ცუდად ვარ და ის ლექტორებზე და იმაზე, რომ ყოველი თუ არა, ყოველი მეორე ლექცია უცდება და რომ უკვე ვეღარც ბრაზობს, მეც თავს ვუკანტურებ – აბა, აბა მეთქი და ველით ავტობუსს.

საათი და 25 წუთი. იცით, მკითხველო ეს რა საათი და 25 წუთია ავტობუსის გაჩერებაზე გატარებული? ჯერ საერთოდ ლოდინი, მერე ავტობუსის ლოდინი და თან მაშინ, როცა სახლში გეჩქარება, სამეცადინო გაქვს, გშია, გცივა და შენ კი რაღაც 39 და 71 ნომერ მონსტრებს ელი..

სიბრაზისგან ლამის ვიტირე, დავიწყე იქ – ამისთვის შემოვხაზე ხუთიანი? ამისთვის მინდა თბილისის მერი და თბილისის საკრებულო? იმ რვაასი რვაასი რაღაცაზე უნდა დავრეკო და ვიკივლო , ესა, ისა, აესე, აისე… თან, დილის ცხრა საათზე პრეზენტაცია მაქვს და ტექსტი წასაკითხ-სასწავლი მქონდა. -ვაიმე, ჩემი სიტყვა მეთქი – ვჩიოდი და სოფო – ვაიმე, ჩემი საქმეო და ვიდექით ასე, გაჩერებაზე ”სიტყვით და საქმით”.

გავიდა ეს საათი და 25 წუთიც და არა თუ 39 და 71, სხვა ნომრებიც დაიკარგნენ, რომ მეტროსთან მაინც მოვხვედრილიყავით. ბოლოს გამოჩნდა რაღაც – 105 ნომერი ბოგდანი. თვალი შევკარი – სამგორი ეწერა და ავქანდით სასწრაფოდ. ავიღეთ ბილეთები ბუზღუნით, ესენი ნერვებს მიჭამენ , ჩემი ცხოვრების ორ საათს მარტო ლოდინში მაკარგვინებენ და მე ბილეთი უნდა ავიღო? ოხ, ამათი მეთქი.
მაგრამ თურმე სად ხარ? უცებ რომ ჩაუხვია ამ ავტობუსმა და წავიდა სადღაც.. თავიდან ვიმედოვნებ, ჭავჭავაძის პარალელურია და მერე გაუხვევს, ალბათ მეთქი. თან, არ დაგავიწყდეთ, რომ ღამის 11 საათს უკაკუნებს. გავიხედეთ მარჯვნივ და მაღლა, ფუნიკულიორის ძირში ვართ, მარცხნივ, დაბლა და შორს – სამება და გაანათებული ქალაქია. სადღაც, მთაში ვართ.

გადაგვიცივდა გული, ავარდა წნევა მაღლა – ვაითუ, საპირისპიროდ გამოვყევით, ვაი თუ, ბოლო გაჩერებაა, ”ვაჰ, ცხრა სათზე პრეზენტაცია მაქვს”, ”ვაიმე თეა მაქვს წასაკითხი”, ”დედა, რა გვეშველება” – მოკლედ ვგოდებთ და ვვაებთ – სად წაგვიყვანს ახლა თქო. ნუ, ერთი სიკვდილ-სიცოცხლის გათავებას რომ მოვრჩით , კი ჩაგვიყვანა სოლოლაკიდან თავისუფლებაზე. მაგრამ ცხადია, ამით არაფერი დასრულებულა..

ჩამოვედით სამგორის მეტროსთან, მივაბიჯებთ ღამის გარებაზარში, ”მარწყვი არ დაგავიწყდეთ, ორ ლარად,” – ნანასავით ჩაგვესმის ყურში. მე დღეს ვაჯამებ – აი, ესეც გამიწყდა ( ჩანთის თასმაზე ვწუწუნებ ) ჩავედით მეტროს ”პაძემკაში” და სოფო ყვება – დღეს, ლამის წავიქეცი..

მეც ხომ მატრაკვეცა ვარ და შევეჩხირე სიტყვაში – უი, დღეს მანქანიდან გადმოვდიოდი, ფეხი ამიცურდა და ლამის…

სიტყვის დასრულება არ დამცალდა, ამისხლტა ფეხი და გავადინე ზღართანი ”პაძემკაში”. მთელი ტანით დავენარცხე ძირს, მე შემრჩა აყვლეფილი იდაყვი და ნაღრძობი კოჭი – სოფოს კი ჩემი დაწოლის სიმძიმით ნატკენი მკლავი 🙂

ხოდა, მოვედი სახლში ფართხა-ფურთხით, ჰარიქა, დილის ცხრა საათზე გასაკეთებელი პრეზენტაციის სიტყვა ცამოვტვირთო მაილიდან და ვისწავლო მეთქი. ხოდა, ჩემი და მიყვირის – არ იცი, ინტერნეტი რატომ არ არის?