RSS

Monthly Archives: ივლისი 2010

განა მე არ ვიცი, რომ ბევრია ჩემზე უკეთესი…

თავიდან იყო ბლოგი, არა, ჩემს შემთხვევაში თავიდან იყო ”ფეისბუქი”, მაგრამ ბლოგის მაგივრობას არც თუ ისე დიდი ხანია, რაც მიწევს. იმას ვგულისხმობ, რომ შარშან ამ დროს, ბლოგზე უფრო ვმაუს-უხვობდი, მერე კი ფეისბუქმა ჩაანაცვლა და რასაც იქ ვწერ, სწორედ და მხოლოდ იმას ვტვირთავ ბლოგზე (ძირითადად). ალბათ იმიტომ, რომ იქ უფრო მეტი მკითხულობს ( ვგულისხმობ მუდმივ მნახველებს) და მკითხველებმაც მეტი იციან ჩემ შესახებ.

ხოდა, ბლოგს ძირითადად სერჩტერმებისთვის ან/და კომენტარებისთვის ვამოწმებ ხოლმე, დღეს შესულსაც იმდენი მარგალიტი დამხვდა, რომ გადავწყვიტე კიდევ ერთი პოსტი მიმეძღვნა მათთვის. ვინც არ იცის, სერჩ ტერმი არის ის სიტყვა/ფრაზა, რასაც მომხმარებელი ეძებს საძიებო სისტემაში (Google, holmes, boom.. ).. ხოდა, ამ შემთხვევაში, ძებნის ზოგჯერ ასეულობით შედეგს შორის, ერთერთი – ჩემი ბლოგი აღმოჩნდა.

პირველი ფრაზა, რამაც სწორედ ახლა გადამაწყვეტინა პოსტის დაწერა შემდეგია:

1) “არა, განა მე არ ვიცი, რომ ბევრია ჩემზე უკეთესი” – ა, კაცი/ქალი. ერთხელაც აღმოაჩინა ჭეშმარიტება და გადაწყვიტა მასზე უკეთესი ადამიანების ვინაობის გაგება. ხოდა, ასე თავდაჯერებულად, თვითრწმენით მიმართა გუგლი ბიძიას. დარწმუნებული ვარ, ისიც არ დაახანებდა და უკეთეს საიტებს ამოუგდებდა ამის დასამტკიცელად, ვიდრე ”უბრალოდ ბლოგია”.

2) “ვერ ვმუშაობ powerpoint-ში ვერაფრით” – ამანაც შემომჩივლა რაღა. იცის, ვისაც უნდა მიმართოს. მეც ასე ვიყავი – ჩემს სულ ”სამჯერგაკეთებულ” პაუერპოინტს შორის, პირველის ”აუცილებლადაწყობის” შესახებ, წინა საღამოს გავიგე. მეც დავგუგლე მაშინ – მასწავლეთ მეთქი , მარა არსაიდან ხმა, არსით ძახილი და გავიჭირვე ისევ. ( დამრიგებელი სმაილი.)

3) “მიხეილ სააკაშვილის სექსი” – ამის მოძებნა გაუჭირდათ? ოღონდ რამე მოისურვოს ამ ხალხმა და ყველანაირ ”კომპრომატს” აგიფრიალებენ ინტერნეტში… თუმცა, რავიცი რომ გაუჭირდა და ვერ მიაღწია მიზანს.

4) “ფეისბუქში დათო პაიჭაძის ნაწერების ამოყრა.” – ეს აშკარად, ირმა ინაშვილი უნდა იყოს.. ბარემ ერთად ვნახოვო.

5) “მეტროს პატრულის თანამშრომლები ვინ არიან დედას ვუტირებ” – უუფ…

6) “ჩემი რამდენიმე კონფლიქტი დედასთან” – გუგლი რომ არ გვყავდეს, როგორ გავიხსენებდით ასეთ შემთხვევებს.

7) “რა ვქნათ სექსის დროს?” – ერთი ფოტო დატრალდა ამასწინ ფბ-ში, სექსის დროს კაცი ფეისბუქში გახლავთ ლეპტოპით შესული, ხოდა, თუ ასეთი კითხვების დასმას არ მოეშვები, იქნები შენც ასე.

და :

8) “სურამელაშვილის სიმღერების მოსმენა” – მოგეწონა? ამას აქ ვერ მოისმენ. ჩემს ბლოგზე მხოლოდ მათი წაკითხვა შეგიძლია.

 

ტეგები: , ,

დაიცავი ფეისბუქი!!!

ბოლო მინიმუმ ორი თვე, მთელი საპირწიგნაკეთი გავაბეზრე ჩემი სადიპლომოს ამბებით და მასზე(ც) გაუთავებელი წუწუნით. ხოდა, გუშინ, ”არის, აღსრულდა მიზანი” და დავიცავი – ”სოციალური მედია, როგორც ინფორმაციის გავრცელების საშუალება”. ( საქართველოს შიდაპოლიტიკური ინფორმაცია ”ფეისბუქისა” და ბლოგების მაგალითზე).

საკმაოდ მაღალი , ფაქტობრივად უმაღლესი შეფასება მივიღე, ვერც კი წარმოვიდგენდი ამდენს თუ დამიწერდნენ – 99 ქულა (ნიშნის ხამი არ გეგონოთ, უბრალოდ , ადამიანური მომენტია, ქულა ზოგჯერ ასახავს იმას, რამდენად კარგად გააკეთე ის, რაც შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია (”მწვანე ვაშლის” პრომო გამახსენდა – ამას თამუნა შეყილაძე გამიგებს კარგად:)

ხოდა, 99 ქულა მეთქი, ვამბობდი, თან, ის ერთი ქულაც ხელმძღვანელმა დამაკლო და არა კომისიამ ან რეცენზენტმა, რაც ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია. ერთი ეგაა, ხელმძღვანელის განაჩენიდან პირველი ხუთი წუთი ძალიან გაოცებული ვიყავი ( არა იმიტომ, რომ ძალიან მაგარ ნაშრომად ვთვლიდი, ისე, გამიკვირდა. პირველი ეს გავიფიქრე – ნახე, რა გამიჩალიჩა მეთქი:-D რამდენიმე წუთის მერე გამეცინა და მერე კი გამიხარდა, რომ სწორედ ასე მოიქცა და არა სხვანაირად. როგორც მან თქვა, ეს მხოლოდ ამშვენებს ნაშრომს.

ძალიან კარგი/სამართლიანი კომისიის წევრები და ძალიან კარგი რეცენზენტი შემხვდნენ, მადლობა მათ. კომისიის წევრმა საბოლოო შედეგამდე მითხრა – ძალიან კარგი გოგო ხარ, ძალიან მომეწონაო. რეცენზეტმა კი – დათო (ხელმძღვანელი) რას გერჩოდაო 😀

ჰოდა, ცხადია, ჩემი დაცვის შესახებ – სად, რა და როგორ შემეშალა და ვინ, როდის ჩაახველა ამის დაწერას არ ვაპირებ. უბრალოდ, რამდენიმე ფეისბუქელს აინტერესებდა ეს ნაშრომი და გადავწყვიტე მისთვის პირწიგნაკის სინათლე მეჩვენებინა.

მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილი ნამდვილად არ არის ( ის ერთი ქულა სწორედ ამაში დამაკლდა) ძალიან მიყვარს ეს 53 გვერდი. უბრალოდ, ვეცადე, რომ ყველაფერი ჩამედო მასში, რაც შემეძლო. ფაქტობრივად, ამ სემესტრში ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე იყო ჩემთვის. ზოგჯერ მეგონა რომ ვერ გავაკეთებდი ვერაფერს და რამდენიმესაათიან დეპრესიაში ვვარდებოდი. გარშემომყოფები კი ”მსაყვედურობდნენ” – რათ გინდოდა რომ აიღე სადიპლომო, რას ყოფდი შარში თავს, აგერჩია ჩვენსავით საგნები, შენი ბრალია და ა.შ. კი, ჩემი ბრალი იყო, სავალდებულო არ გახლდათ ჩემთვის სადიპლომოს დაწერა, მაგრამ მაინც ავიჩიე, ავირჩიე იმიტომ, რომ მინდოდა უნივერსიტეტში სწავლის მეოთხე წელს მაინც, რაღაც სხვა, განსხვავებული გამეკეთებინა და ჩემი თავი წმინდად ჟურნალისტიკის გარდა, სხვა რამეშიც მომესინჯა. ეს, რაღაც მხრივ, ალბათ, მოვახერხე კიდეც.

თან, არ მინდოდა, უნივერსიტეტი ”ისე” დამემთავრებინა, ჩვეულებრივ, თითქოს მესამე, მეორე ან პირველ კურსს ვამთავრებდი, რაღაც ”ისეთის” გაკეთება მინდოდა, რაც დიპლომის აღებასთან უფრო ახლოს იყო და სადიპლომოს გარდა, განა რა შეიძლება ყოფილიყო 😀

გარდა ამისა, თემა იყო ძალზე საინტერესო. სოციალურ მედიაზე კვლევები თითქმის არ არის, ესეც არ არის განსაკუთრებით ბევრის მომცველი – პრინციპში, ვერც იქნებოდა, მაგრამ რაღაც მცირე სიახლე ალბათ, მაინც დევს ამ 53 გვერდში – სულ მცირე, “ფეისბუქის” შესახებ.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო დათო პაიჭაძეს, თემის ხელმძღვანელს. ყველაზე ”ისეთ” დროსაც კი, როდესაც ვფიქრობდი, რომ აღარაფერი გამოვიდოდა , მასალას ვერ მოვერეოდი ( არადა, ჩემი აჩემებული თემა იყო და ვერც ვერაფერს ვიტყოდი 😀 ) , მეგონა, რომ “ვერგაგებას” ვერაფერი ეშველებოდა და მაინც მივწერდი კითხვას. ვიღებდი თუნდაც სულ რამდენიმესიტყვიან ისეთ პასუხს, რომ თავში მაშინვე ყველაფერი ლაგდებოდა და ვხვდებოდი – თურმე როგორი მარტივი ყოფილა და თურმე როგორ ვართულებდი ყველაფერს. ( ის კიდევ იტყვის, მარადონა ”თლა” მართალიაო?!:-D

ღაღადს მოვრჩი, ნაშრომი კი, ამ ლინკზეა, მსურველებს – შეგიძლიათ  გაეცნოთ 🙂 (საავტორო უფლებები დაცულია 😀

 

ტეგები: , , , , , ,

როგორ გავიაროთ ადაპტაცია სოფლელებმა ქალაქში ანუ ინციდენტი ვაკის პარკში

მთელი დღე ვგეგმავდი –  სახლში როგორც კი მივალ,  ეგრევე ”წითელ წიგნს” ჩავუჯდები და თუკიდიდე-ჰეროდოტე-პინდაროს-პლავტუს-ტაციტუსს მივახრჩობ მეთქი, მაგრამ სანამ გადაუვლია სიბრაზეს – მანამდე დავწერ 😀

დღეს საღამოს, ჩვეულებისამებრ, რედაქციიდან ილიაუნიში გავუარე დეიდაშვილს. ვაკის პარკში დამხვდნენ ის და მისი სამი ჯგუფელი – თათია, ხატია და ნინო. ( შემდეგში სახელებს ვახსენებ და ამიტომ,  აქვე ჩამოვთვლი ). სურათებს იღებდნენ. მერე ატრაქციონებიც მოისურვილეს, რაკი ადრენალინის მატების სურვილი არ მქონდა, ოდენ ფოტოგრაფობას დავჯერდი და ჯერ კარუსელის, მერე კი – ”გონკების” შესასვლელში დავდექი თათიას ფოტოაპარატით ხელში.

სიმართლე რომ ვთქვა, ყურადღებას არ ვაქცევდი, ვინ რას ამბობდა – სკაიპში ვიყავი შესული, (ლალის ვეძებდი – მაგრამ სადაა. ), მხოლოდ ხატიას და ნინოს თითოოროლა ფრაზა მესმოდა – “მარტო სამი ცალი რატომ მუშაობს, ბილეთებს რომ ვყიდულობთ, არ უნდა გვითხრანო?”.

რამდენიმე წამში მესმის ქალის ხმა – შენ გოგო, დაუფიქრდი რეებს ამბობ, შენ იცი მე ვინ ვარ? – ნუ, თუ სიტყვასიტყვით არა – მსგავსი შინაარსის მაინც.

გავიხედე, ვერ მივხვდი, რა ხდებოდა და მხოლოდ ყურებას დავჯერდი. ხატიას მიმართავდა ვიღაც ქერათმიანი, 40-50-ს გადატანებული , “ადიდასისსპორტულშარვლიანი” ქალი – შენ როგორ მითხარი, შე თავხედო, იცი, ვის ელაპარაკები – და მასეთები. ხატიას არაფერი უთქვამს, წინ გადაიწია – ”გონკების კაცისკენ” და გადააწოდა ბილეთები.

თუუურმე რა ყოფილა საქმე. ამ ქალს ხელში სჭერებია ბილეთები და ხატიას უკითხავს: თქვენ იღებთ ბილეთებსო? სწორედ ამაზე ამტყდარა ერთი ამბავი – ეს როგორ მკადრეო.

ნუ, ბავშვები ხმას არ იღებენ, მეც ჩუმად ვარ. ეს მაინც აგრძელებს:
– ეს სოფლელები, რეებს ბედავენ, შეენ გოგო, აქ რომ ჩამოდიხარ, აქაურ წესებს უნდა მოერგო, გაიგე?

ნინო მიმართავს : ქალბატონო, დიდი ბოდიში თუ შეურაცხყოფა მოგაყენეთ, მაგრამ ბილეთები გეჭირათ და იმიტომ გკითხეთ, რა დაინახეთ ამაში შეურაცხყოფის მსგავსი, არ მესმის.

– შენ სადაური ხარ გოგო?
– აქაური ვარ.
– აქაური? არ გეტყობა აქაურობა, წესებს მოერგე გოგო, ეს თბილისია, ის კი ნუ გგონია..  – გიორგი, წავედით , გიორგი, წამოდი – უყვირის მანქანაში მჯდომ – 7-8 წლის ბიჭს.

ნუ, არ ჩერდება ეს ქალი რა, იქ თათია ცდილობს აუხსნას – რა და როგორ. ისმის: ”შეურაცხყოფას ნუ გვაყენებთ” და მსგავსი კომენტარები.

ეს ქალი კი, ჩადის ”საგონკაო მინდორზე”, მანქანასთან მდგომ ხატიას მიენთო ყვირილით – შეენ გოგო, აქ რომ ჩამოდიხარ, ადაპტაცია უნდა გაიარო, გაიგე? პირდაპირ აქ კი არ უნდა მოხვიდე, წესებია აქ, წესები – და ზურგით მდგარი შემოატრიალა.

აი აქ ამომასხა. სამწუხაროდ ( ყველაფერს პირდაპირ რომ ვამბობ, ნერვებს ვიშლი, დიპლომატიის სრულ დეფიციტს განვიცდი… არც ღირს ასეთებს თავი გაუყადრო…) თუ საბედნიეროდ ( აღარ ვიბოღმები საკუთარ თავზე – ეს როგორ შევარჩინე მეთქი ) ასეთ დროს და ასეთებთან კამათს არ ვერიდები და პირდაპირ ვეუბნები, რასაც ვფიქრობ, თუნდაც, ცუდად შემომიბრუნდეს. ხოდა, გავეჯგიმე წინ და ვეუბნები:

– რა გაჩხუბებთ?
– იცოდე, როგორ უნდა მომართო შე სოფლელო.
– და თავად, ვაკელი?
– აბა რა ვარ. ( სახეზე აწერია – ვაი, შე უბედუროვო);
– და რაკი ვაკელი ხარ, ანუ ძალიან მაგარი  ხომ?
– გეტყობა, რომ ”გამოთლილი სოფლელი” ხარ, ვერ ხვდები, რომ ქალაქელობას სხვა რამე ჭირდება, რასაც ვერასოდეს შეიძენ – აქ უნდა იყო დაბადებული და გაზრდილი.
– ოოო, მე რომ ვარკეთილელები მირჩევნია შენნაირებს?
– ხოდა, სოფლელი ხარ, შე უბედურო.
– რაო, სად იყო თბილისში პირველი სოფელიო, სადაო?
– ვინ მოგატყუა შე უბედურო, წიგნი წაიკითხე მეტი, შე ჩამოსხმულო სოფლელო. რა უნდა გელაპარაკო შენ.

აი, აქ ამასხა 😀 როგორც ჩემი მეგობარი პასუხისმგებელი მდივანი, პატიკა იტყოდა – იმით ”მომაქს თავი”, რომ ბავშვობიდან ძალიან ბევრ წიგნს ვკითხულობდი ( ამაში სწრაფი კითხვის ჩვევაც მიწყობდა ხელს). ბოლოსდაბოლოს, მეხუთე კლასის არდადეგებზე 147 წიგნი წავიკითხე ( დავალებად გქვონდა – უნდა ჩამოგვეწერა რა წიგნებს წავიკითხავდით ზაფხულში), უბნის ბიბლიოთეკაში ჩემზე “ლეგენდები” დადიოდა და ჩემს დას , ჩემი ხათრით ”აქტიური მკითხველის წოდება აქვს” ( არადა, წელიწადში ერთი წიგნი გამოაქვს და იმასაც მე ვკითხულობ), ხოდა, ეს ვიღაც სნობი მეუბნება – მეტი წიგნი წაიკითხეო. ნუ, არც ვაციე, არც ვაცხელე და ნეტა, ჩემი წაკითხული წიგნების მეასედი დაგსიზმრებოდეს მეთქი ( მეც ვითავმდაბლე რაღა). წამოვიდა პასუხად: შეე უზზზზრდელო, შეე თააავხედო, შეე სოოფლელო, რა უნდა გელაპარაკო. ( ”მიხედე შენს შნურუკებს”-ღა აკლდა, მაგრამ ეს ხომ ქალაქელია 😀

– ვარკეთილელი ხარ არა? რომელ მიკრორაიონში ცხოვრობ? ( თან ძალიან ახლოს დგას, ხელებს აქნევს –  აი, ისე დაახლოებით – ეეე, ჩვენი ძმა ( ეფიცხები იამაიკის მზეს? – არა), ქურდი ხარ ძმაკუუუშ, ბიჭებს ამოვიყვან და შევხვდეთ.. ) . ერთი გაფიქრება კი გავიფიქრე – ახლა თუ დამარტყა, მზად ვიყო მეთქი.
– რა მიკრორაიონში , დამპალოს სასაფლაოს ბოლოს ვცხოვრობ, ვარკეთილის მეურნეობის უკიდურესში მეთქი ( მოვატყუე ოღონდ, მეტროსთან ვარ ახლოს 😛

– გეტყობა, მეტი სად იცხოვრებ, სოფლელო შენ – იმეორებს მაინც თუ როგორი გოიმები ვართ, ქალაქი რომ ვნახეთ, მადლობას უნდა ვიხდიდეთ , მაგრამ მკვიდრ ქალაქელებს კი არ უნდა ვაწუხებდეთ. ჩვენი ადგილი უნდა ვიცოდეთ…

ბოლოს, თქვენ რა უნდა გელაპარაკოთო და წავიდა, თუმცა, მოგვაყოლა: თქვენი ნაბიჭვარი დედებიო :)) მერე უკვე გვეცინებოდა ( ნინომ მიაძახა – ნაბიჭვრები სახლში მოიკითხეო – მობრუნებას აპირებდა) და რომ მობრუნებულიყო, ალბათ, გვნახავდნენ პატრულში თქვა:)))

ხოდა ახლა ვფიქრობ.. მაინც ვერ მოვიფიქრე რა სამაგისტრო პროგრამას მივანიჭო უპირატესობა და ის ქალი უნდა მოვძებნო – ეგებ მოკლე კურსი მაინც გამატაროს, როგორ გავიარო მე, ვარკეთილში დაბადებულმა?! ( ამდენი არ ვიცი, მგონი, თემქაზე დავიბადე, ერთი ვკითხო დედაჩემს), მოსკოვის პროსპექტსა და ვარკეთილში გაზრდილმა თავხედმა და რავიცი კიდევ როგორმა – ადამიანმა ვაკეში ადაპტაცია, რომ მერგოს პატივი – ვაკის პარკში გავლისა!!! ( დანარჩენებიც შემომიერთდებიან :-D)

 
6 Comments

Posted by on ივლისი 2, 2010 დუიმი მე:-)

 

ტეგები: , , , ,