RSS

Monthly Archives: ნოემბერი 2010

უფეისბუქობის მეექვსე დღე – ჰეი, თქვენ, იუზერებო!!!

ჩემი შიმშილობა კვლავ გრძელდება. ნუ, ისე გამწარებული ვეღარ ვარ, ალბათ სწორედ ამ შიმშილობამ დამასუსტა და აღარაფრის თავი არ მაქვს. მაგრამ მაინც მედგრად ( “სიმედგრენერვიულობისგან უძილობა, ნაეკის გახსენებაზე მუცლის ტკივილი, ათასნაირი სტატისტიკის შედგენა -საკუთარი შანსის გამოსათვლელად” –  ახსიაშვილი.მ; ” სიტყვის ტონა”; 2010. ) ველი პასუხების გამოქვეყნებას.

ფორუმზე როგორც ეწერა – დღეს ცხელ ხაზს “უთქვამს” –  “ამ დღეებში იქნებაო” ( ნუ, “ეს დღეები” – 20 დღეა გრძელდება, მაგრამ ახლა უკვე მინისტრთან არის გადაგზავნილიო).  კი გავიოცეთ, რამდენიმე დღე რად უნდა ხელის მოწერას თქო, მაგრამ კაცი ხომ უნდა გაეცნოს დოკუმენტს, სიებს, ასე წაუკითხავად ხომ არ მოაწერს ხელს :-D)  ახლა ხუმრობის გარეშე ( აქ ჩნდება კითხვა – სად და ვინ იხუმრა?  კარგი, კარგი, როგორც ლალი ამბობს ხოლმე – თქვენ არ გითქვამთ ზოგჯერ სისულელე?), ახლახან მითხრეს – შაშკინი კახეთშია მთელი კვირაო ( გადაუმოწმებელი ინფორმაციაა) და აპა ქე დასჭირდება “ეს დღეები”. ხოდა, ჩემი ფეისბუქში დაბრუნება “ამ დღეების” გასვლამდე იწელება.
არადა, ცოდვა გამხელილი ჯობიაო და მომენატრა კაცო. განსაკუთრებით, რამდენჯერმე, როდესაც  notify.ge-ს გამოყენება დამჭირდა.   ვეცი ამაოდ ტელეფონს და წამის მეოთხედში გაბიაბრუებული შევდექი.
1) მინდოდა დამეწერა, რომ ერთი და იგივე წამალი ერთ აფთიაქში 177 ლარი დამიფასეს და მეორეში – 20 ლარად ვიყიდე.

2) მინდოდა მეთქვა, რომ უცხელი ქერათმიანი კაცი იხვეწებოდა მეტროში ჩამიშვითო. აბა, სად ჰქონდა მაგას “მეტრომანი”.

3) მინდოდა შუქის ჩაქრობისას მეწუწუნა და “შემეღაღადა”  მთელი ფეისბუქისთვის, რომ რას გვიშვება ეს სააკაშვილი.

4) მინდოდა, “ერთიოდე”  ნოუთი დამეწერა , მაგრამ სად ამეტვირთა ( ბლოგი არც გამხსენებია, ვაი 😀

5) ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემი ფრენდები მომენატრნენ კაცო.

ჰეი, თქვენ, იუზერებო,  შორს ხართ და მავსებთ ნდომითა,

თქვენს სტატუსებზე მოსვლა და დალაიქება მომინდა.
მაგრამ მე ხომ “სიტყვის გოგო” ვარ. რა – კვირის ბოლომდე ( ვიტოვებ უზარმაზარ იმედს, რომ არაუმეტეს) ვერ გავძლებ?:- D  ხოდა, ასევე, იმედია, მალე დავუბრუნდები “დედაფეისბუქს”  და ვცოცხლობ იმ იმედით, რომ უკვე როგორც  –  სრულფასოვანგრანტიანიილიაუნელი.

 
5 Comments

Posted by on ნოემბერი 30, 2010 დუიმი მე:-), სხვადასხვა, უბრალოდ ამბები

 

ტეგები: , , , , , ,

“უფეისბუქობის” მეორე დღე..

ჩემს ცხოვრებაში მეორე ისტორიული ჟამი დადგა. პირველი ისტორიული ჟამი მაშინ იყო, როდესაც ”სადიპლომოსდედლაინმოახლოებულმა” , ერთი კვირით გავთიშე  ”ფეისბუქი”.

ახლა, ახლა რაღა ჯანდაბის დედლაინი მომაწვა? ის, რომ  გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ყველა დედლაინს,  ყველა თარიღს გადააბიჯა, გადაალაჯა, გადაახტა – არ ვიცი, რა სიტყვა ვიხმარო – და ცოცხალი თავით არ დებს სამაგისტრო გრანტების განაწილების სიას. ანუ 8 ივლისსგამოცდაჩაბარებულმა სტუდენტებმა დღემდე არ ვიცით – გრანტი გვაქვს თუ არა.

– 14-ში იქნება,  მაქსიმუმ 15-ში.

– 20-ში იქნება.

– 22-დან დაიწყება.

– 24-ში უსიკვდილოდ.

– 25-ში, რა თქმა უნდა.

– ამ კვირაში უცილობლად.

– არა, ამ კვირაშიც შეიძლება დაიდოს, მაგრამ ორშაბათს უფრო რეალურია.

– არა, ამ კვირაში არაფერს არ ელოდოთ, იმ კვირაში იქნება.

– ალბათ, დეკემბრის პირველ რიცხვებში..

ბოლო ინფორმაცია იყო გასაგიჟებელ-გადასარევი – ბაზებს ვანახლებთ და როცა მოვრჩებით – დავდებთო. კითხვას – მაინც როდის ველოდოთ-ს –  ასე უპასუხეს – ჩვენ რავიცით, როცა განახლდება მაშინო.

კარგით რააა, ბარემ თქვით – რომ არ მოგატყუოთ, საერთოდ არ იქნებაო და ერთი გვარიანი ”ლოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ” – დააყოლეთ.

მოკლედ, მას შემდეგ, რაც შევატყვე, რომ დღეში 20პოსტზე მეტს ვდებდი ფეისბუქზე და ყველა ერთად თუ თითოეული ცალ-ცალკე – ეძღვნებოდა ნაეკს და მასზე გოდებას, მივხვდი, რომ ერთი – ჩემი ნერვები დგებოდა საეჭვო მდგომარეობაში და მეორე – ჩემი ფრენდების. ჩემს ნერვებს ვინ ჩივის და ვერაფერს ვერ ვუშველი – ისევ ისე მაქვს, როგორც ფბ-გაუქმებამდე, შეიძლება ცოტა უარესად. მაგრამ:

ა) ფრენდებს ავაცილე წუწუნა სტატუს-პოსტების კითხვის ”ბედნიერება”;

ბ) ვერ ავიტანდი, მათ რომ ვერ აეტანათ ეს პოსტ-სტატუსები და  დავეჰაიდ-დავებლოკე (თუ უკვე დაგვიანებული არ არის).

დავდე პირობა, (არც ვისთან) რომ სანამ ნაეკი შედეგებს არ დადებს  –  ფბ-ში არ შევალ.

( თითქოს ტანჯვა მაკლდეს ნაეკისგან – მაზოხისტისმაილი.:-D

დღეს მეგობარი მეუბნება – ეს, ერთგვარი შიმშილის ფორმა აირჩიეო. მართალია ნუ, პარლამენტის წინ რომ სხედან და შიმშილობენ – თავისუფლება ამას და იმასო ( ან სხვა) , მეც უნდა დავჯდე გამოცდების ეროვნული ცენტრის წინ და – თავისუფლება მაგისტრანტების გრანტებს მეთქი – ვიყვირო.  მივიტან ლეპტოპს (იმედია, ვინმე მათხოვებს  ან ვიქირავებ თავისი ფლეშკა-ნეტით), გავხსნი ”ფეისბუქს”  და არ შევალ. ხოდა, ” უფეისბუქობის პირველი დღე”, ”უფეისბუქობის მეცხრე დღე”,, ”უფეისბუქობის მერვე წელი” – ისე წელავენ ყოველდღიურად და ისეთებს მეუბნებიან ნაეკის ცხელ ხაზზე, რომ მეშინია, სულ უფეისბუქოდ არ დავრჩე 😀

იმედია, ნაეკი დროზე (სადღაა დროზე) მოიღებს მოწყალებას და არ მაიძულებს – პირობა დავარღვიო 😀

 
4 Comments

Posted by on ნოემბერი 26, 2010 დუიმი 1, მე:-), სხვადასხვა, უბრალოდ ამბები

 

ტეგები: , , , ,

ქართველური ადამიანობა

ტერმინთა განმარტება:

კონტროლიორი – თბილისის მერიის მიერ დაქირავებული პირი, რომელსაც ევალება ბილეთის შემოწმება, მისი არქონის შემთხვევაში კი – მგზავრის დაჯარიმება. კონტროლიორს აცვია ყვითელი პერანგი, გულზე ”ჰკიდია” ვინაობის დამადასტურებელი ლამინირებული საბუთი, ხელში უჭირავს  ოქმის ფურცლებით სავსე შავყდიანი დავთარი  და დგას ავტობუსის გაჩერებაზე. ამბობენ, რომ აქვს საკმაოდ მაღალი ხელფასი ( ჩემთან შედარებით მაინც 😀 ) და ამ ხელფასს იღებს ზემოთ, პირველ   წინადადებაში თქმულ საქმიანობაში.

ყვითელი ავტობუსი – სამგზავრო საშუალება, სადაც ბოლო წელიწადნახევრია, დამონტაჟებულია ბილეთის ასაღები აპარატები. მასში ადიან მგზავრები და კონტროლიორები, მართავს მძღოლი, რომელსაც დე კატეგორიის მართვის მოწმობა აქვს.

ავტობუსის მგზავრი – ადამიანი, რომელიც იყენებს მგზავრობის ამ საშუალებას და იღებს ბილეთს. მისი ტიპებია – მოსწავლე – უფასობილეთიანი მგზავრი; სოციალურად დაუცველი – მგზავრი, რომელიც 10თეთრიან ბილეთს იღებს. პენსიონერი, მასწავლებელი და სტუდენტი – მგზავრები, რომლებიც 20თეთრიან ბილეთს იძენენ,  ”ჩვეულებრივი” მოქალაქე, რომელიც იყენებს ”მეტრომანს” და სხვანი…

………..

ზუსტად ნახევარი საათის წინ, დელისიდან ნუცუბიძეზე ამოსასვლელად შევახტი ავტობუს ნომერ 99-ს. მეტროდან ჩემს სამსახურამდე სულ სამი გაჩერებაა –  ხშირად ფეხითაც დავდივართ ხოლმე, მაგრამ დილაობით ყოველთვის მაგვიანდება და ამიტომაც ავტობუსს მივმართავ.

ზუსტად ერთ გაჩერებაში, გზაჯვარედინზე, სადაც კანდელაკის ქუჩიდან, დელისიდან და ნუცუბიძიდან მომავალი ავტობუსები ერთმანეთს ხვდებიან (თუ პირდაპირ არა, ირიბად მაინც),  ყოველთვის დგას ერთი-ორი კონტროლიორი.  მართლა ძალიან კარგად მოიფიქრეს მე და ჩემმა ღმერთმა,  რადგან ერთგვარი საკვანძო ადგილია ასე ვთქვათ და  ”ვინუჟდენი” ხარ, რომ ბილეთი აიღო. თუმცა, როგორც წესი, ”დელისთან” ამოსულ მგზავრთა  უმეტესობა  პირველივე გაჩერებაზე არ იღებს ბილეთს და როდესაც კონტროლიორს დალანდავს, მხოლოდ შემდეგ  იწყებს ფაცი-ფუცს.

დღეს დილითაც ასე მოხდა.  მძღოლის გვერდითა სკამის უკან მჯდომი ქალბატონი ( დაახლოებით 50-55წლის) მას შემდეგ რაც ორი ახალგაზრდა კონტროლიორი დაინახა ფანჯრიდან –  დაფაცურდა. ამოიღო საფულე, რომელშიც ჩემი ღრმა რწმენით ”მეტრომანი”  იდო და დასცხო აპარატს –  არ  ჩამოვიდა ბილეთი, მეორედ დასცხო, შემდეგ გახსნა საფულე და ამოიღო ბარათი –  დაარტყა. ისეთ ხმას გამოსცემდა, რომ ვუთხარი, ალბათ, ანგარიში არ გაქვთ მეთქი. ამასობაში, ორი კონტრლიორიც ამოვიდა – ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ ( ჰო, ვიცი, რომ ბიჭი თავისთავში გულისხმობს ახალგაზრდას:-D ) – ბილეთები წარმოადგინეთო. წარმოვადგინეთ.  ამ ქალმა – აი, ვერ ვიღებო. კონტროლიორმა ბარათი გამოართვა და თავად დაადო აპარატს – 10 თეთრი გაქვთ მხოლოდო – უთხრა და დაუბრუნა პატრონს.

– აბა რა ვქნა,?

– ხურდით გადაიხადეთ ქალბატონო.

– არც ხურდა არ მაქვს.

– მაშინ ჩამობრძანდით.

– არა, სად უნდა ჩამოვიდე, არა მაქვს მეთქი, თორემ ხომ გადავიხდიდი, თქვენთან სალაპარაკო რა მჭირს ( ადამიანი გულღრძოა და მე გამახსენდა, ეს ქალი დელისამდე რომ იყო ავტობუსში ამოსული და ბილეთის ასაღებად კონტროლიორების დანახვის შემდეგ გაიწია, ისიც გამახსენდა, რომ განცხადებაა გაკრული – ამოსვლისთანავე უნდა აიღოთ ბილეთიო).

–   ქალბატონო ჩამობრძანდით ( არ დაგავიწყდეთ, რომ ავტობუსი გაჩერებულია მთელი ეს დრო, ხალხს ( ყოველ შემთხვევაში მე) კი გვეჩქარება.

– არსადაც არ ჩამოვალ, რატომ უნდა ჩამოვიდე, არ ჩამოვალ მეთქი.

–  ქალბატონო,  ჩამობრძანდით ახლა, სადამდე ვალოდინოთ ეს ავტობუსი ( ჩაერთო მეორე კონტროლიორი).

–  არსად არ ჩამოვალ მეთქი, თქვენ ადამიანები არ ხართ, ჰიტლერები ხართ ყველა. მაინც არაფერს არ ჩაგაწერინებთ, აი, არ ჩამოვალ – ქალმა ზურგი შეაქცია კონტროლიორებს და ფანჯრისკენ მიბრუნდა.

–   ქალბატონო, მეც კონტროლზე ვარ, თქვენ რა გგონიათ – ხმას აუწია პირველმა კონტროლიორმა.

–   არ მაინტერესებს თქვენი კონტროლი. არ ჩამოვალ და ვსიო, არა მაქვს და ვერ ავიღე. – კივის ქალი.

ამ დროს ავტობუსის უკანა ნაწილიდან მამაკაცი მოიწევს, ალაგმელოტ-ალაგშეჭაღარავებული თმა აქვს და გრძელი, ლურჯი ლაბადა აცვია.  – რამდენია გადასახდელი, მე ავიღებ მის ბილეთს.- ამბობს ის და ხურდებს აჩხრიალებს.

 

– გეუბნებით, არაადამიანები ხართ თქვენ, მაინც არ ჩამოვალ, არა. – არ ჩუმდება უბილეთო ქალი.

– ქალბატონო, ბილეთი არ გაქვთ, ჩვენ რა ვქნათ? – კონტროლიორი.

– ბატონებო, არ გვინდა,  შევწყვიტოთ, მე გადავიხდი  ამ ქალბატონისას –  მიმართავს მშვიდი ხმით ალაგმელოტ-ალაგშეჭაღარავებულთმიანი და გრძელლურჯლაბადიანი მამაკაცი – ყვითლებს, ორ ოცთეთრიანს იღებს, ერთს აპარატში აგდებს, მეორე ძირს უვარდება, იხრება, იღებს და კვლავ აგდებს აპარატში, შემდეგ ბილეთს ხევს და ქალბატონს უწვდის.

–  კი ბატონო, ჩუმად ჩაილაპარაკა პირველმა კონტროლიორმა და ჩავიდა. ავტობუსი დაიძრა, ქალმა მადლობა გადაუხადა ”მხსნელს” და გააგრძელა – ესენი არ დაესწრონ ახალ წელს, ამათმა არ გაიხარონ ცოლ-შვილში, ეს უოჯახო და უგულო ხალხი.

–   ქალბატონო, ამათ რა ქნან, სამუშაოს ასრულებენ – ამოვიკნავლე მე.

ეტყობა ჩემი კნავილი  მოწმენდილზე მეხის გავარდნასავით გაისმა, რადგან თუ აქამდე ეს ქალი ლაპარაკობდა მხოლოდ, ახლა მთელი ავტობუსი აყვა.

”ესენი ადამიანები არ არიან, ფაშისტებზე უარესები, ადამიანის გამწარებაზე არიან გამეცადინებულები, ურჯულოები, არაფერი ადამიანური მათ არ ესმით” – მომდევნო ორი გაჩერება ”დედის ნანასავით”  ჩამესმოდა ეს და ბევრი ამგვარი ფრაზა..

ხოდა, მე მაქვს კითხვა: კონტროლიორი ვალდებულია იყოს ”ადამიანი” ( ადამიანის ქართველური მნიშვნელობით)  ყოველ ჯერზე? მჯერა, ”მას” ასეთი ხვდება დღის მანძილზე ათობით და ასობით და ყველას პრობლემა უნდა გაითვალისწინოს? ეს ხომ იგივეა, პოლიციელს რომ ვუთხრა – კი კაცო, მართალი ხარ, ბინა ( სახელმწიფო) გავქურდე , მაგრამ ადამიანობა გამოიჩინე და მაპატიე რააააა…

 

 

ტეგები: , , , ,