დღეს, რომ გავიღვიძე, ჩემს დას უკვე მოვლილი ჰქონდა „ბაზარი“ და სამზარეულოშიც „ფუსფუსებდა“. მე თხილის დამტვრევა დამავალა. ვტეხდი და თან ვუსმენდი – რა და როგორ იყიდა და გააკეთა. მერე რაღაცები გავახსენე სიცილით – ბუშტებს რომ ვყიდულობდით და ვკიდებდით მეთქი. – მე ახლაც ვაპირებდი, რა იყოვო. გამეცინა და მომახალა – რა უხალისო ადამიანი გახდი, მაშინ იყავი კარგი და სიცოცხლით სავსე, ამეებს რომ აკეთებდიო. ხოდა, ხმა ვერ ამოვიღე :))) გამახსენდა, როგორ მიყვარდა ხოლმე ახალი წელი.
- იმდენად მიყვარდა, რომ სექტემბრიდან კალენდარს ვაკეთებდი რვეულში და ყოველდღე თითო უჯრას ვხაზავდი ახალ წლამდე.
- ჩემს დასთან და მეზობლის ბავშვებთან ერთად, დავაარსე „კლუბი დელფინი“ ( არ მახსოვს, სახელის წარმოშობა. უფროსი კი, მე ვიყავი :)), ხოდა, ორი რვეული მქონდა სავსე. სადაც კი რამე საახალწლო ლექსი და დადგმა არსებობდა – ყველაფერი მეწერა როლების და დროის განაწილებით. დიალოგიან ლექსებს და მოთხრობებს „პიესებად“ ვაკეთებდით. ჩვენც ვიგონებდით. რეპეტიციებს ორი თვით ადრე ვიწყებდით და 31 დეკემბრის საღამოს, საზეიმოდ მორთულ-მოკაზმულები დედაჩემს და მეზობლის უფროსებს წარვუდგენდით ხოლმე ჩვენს მომზადებულ პროგრამას. გვქონდა „ლუარსაბი და დარეჯანი“, „წითელქუდა“, „ფიფქია“, „ახალი წელი პრაღაში“ ( იოსებ ნონეშვილის გავლენა ეტყობოდა ყოველთვის ჩემს ბავშვობას ::)) და სხვა მრავალი.
- მე და ჩემი და ორი თვით ადრე ვიწყებდით ფულის შეგროვებას ნახევარლიტრიან მოხუფულ ქილაში. დედაჩემი რომ პურის ფულს გვიტოვებდა, 10-20 თეთრი რჩებოდა ხოლმე ხურდა. ლიმონათის ფულს თუ მოგვცემდა ხანდახან, არ ვყიდულობდით. პლუს მეზობლის მოხუცები გვგზავნიდნენ ხოლმე მაღაზიაში და ჩვენი დამიჭი-გამიშვის მიუხედავად, „მზესუმზირის ფულს“ მაინც გვაძლევდნენ ხოლმე J)) ხოდა, ამეებს ვაგროვებდით და ვაგროვებდით. სადღაც 20 დეკემბრისკენ გავხსნიდით ამ ყულაბას და ამოვყრიდით ჩვენი მოგროვილი თეთრებიდან გადაქცეულ ლარებს. ვყიდულობდით 20-30 ცალ ფერად-ფერად ბუშტს ( ხუთი თეთრი ღირდა ცალი), ასაფეთქებლებს ( და ახლა როგორ ვერ ვიტან, მაგრამ მხოლოდ 31-ში ვაფეთქებდით ხოლმე :))) ჩვენ გვერდით მაღაზიაში იყიდებოდა ყვითელ და ლურჯქაღალდიანი „პავიდლოიანი“ კანფეტები ცალობით ( ორი ცალი – ხუთი თეთრი ღირდა და კგ – 2.25. ). ცოტა მოგვიანებით, „ოლივიეს“ მასალის ნაწილზეც გვყოფნიდა ფული და 30-ში გამოვუჩენდით ხოლმე დედაჩემს :)))
- ხო, ერთი თვით ადრე ვწერდით სიას – რა უნდა გვქონოდა ახალ წელს, ნუ მართალია, ეს სია 10-20ჯერ იკვეცებოდა, მაგრამ ხო გვიხაროდა :))
- მთელ სახლს ვრთავდით ბუშტებით, ფერადი ქაღალდებისგან გამოჭრილ-დაწებებული ჯაჭვებით, საახალწლო წვიმებით და შრომის გაკვეთილზე ნასწავლ-შინგაკეთებული „ფიფქებით“.
- რადგან დედაჩემი 25 დეკემბრამდე ნაძვის ხეს არ გვადგმევინებდა და ჩვენ კი მოუთმენლობა გვჭირდა, 15 დეკემბრიდან მოყოლებული ყოველდღე, ე.წ სხვენიდან ( თუ განჯინიდან) ჩამოვიღებდით ნაძვის ხეს თავისი ატრიბუტიკით, ავაწყობდით, მოვრთავდით, ჩავიცვამდით ჩვენც ფორმებს ( თოვლის ბაბუას ფორმისთვის, რაღაც წითელი კაბა მივჭერ-მოვჭერ-დავკერე :)) და ცხოვრება გვიხაროდა. საღამოს, დედაჩემის დაბრუნების ჟამი რომ დგებოდა, დავშლიდით ამ ძლივსაწყობილ ნაძვის ხეს და ავაფართხუნებდით ისევ ზემოთ.
- ახალ წელს კიდევ ის ჰქონდა დადებითი, რომ 31-1-2 სულ იყო შუქი. მიყვარდა ის, რომ საახალწლოდ, ჩვენს „რეკორდის“ თუ „ვესნას“ ტელევიზორს ვაკეთებინებდით ხელოსანს ( გამოგვართმევდა 15-20 ლარს, გვეტყოდა, იმუშავებს კაცოვო და ერთ კვირაში ფუჭდებოდა ისევ 😦 , მიყვარდა საახალწლო რეკლამები, გადაცემები. ცალი ფეხი გაზქურასთან გვქონდა და ცალი – სასტუმრო ოთახში. ( აბა, გვინდოდა ყურება და:)
- ყველაზე მეტად 31 დეკემბერი მიყვარდა, პროცესი მიყვარდა, თხილის თუ კაკლის ტეხვის, მაღაზიაში სირბილის. ისიც მიყვარდა, გოზინაყის გაკეთებას რომ ვცდილობდი თამარ ლომიძის წიგნიდან – „კულინარიის ხელოვნება და ქართული კერძების სამზარეულო“, მაგრამ თაფლი ყოველთვის იწვებოდასავით, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ხის დაფას შენივთულ გოზინაყს, ვერაკაიდედმამიშვილი ვერ ააგლეჯდა. ხოდა, ვედექით „ნაჯახით“ და ეგ იყო.
- ისეთი 31 დეკემბრებიც მიყვარდა – მხოლოდ მოხარშული კვერცხი, რამდენიმე მანდარინი და კანფეტი რომ გვქონდა და მე „პლიტასთან“ მჯდომი ხმამაღლა ვკითხულობდი არსენა ოძელაშვილს ( მაშინ მე-2 კლასში ვიყავი). ისე, 31-ში საახალწლო მოთხრობების კითხვა მიყვარდა ძალიან, ეკატერინე გაბაშვილს ჰქონდა მასეთები „ბლომად“.
- 31-ში, ღამე ბედნიერი ვიძინებდი, მაგრამ ეს ბედნიერება 1-ში დილით სრულდებოდა. ვიღვიძებდი შემდეგი ფიქრით – ახლა კიდევ ერთ წელს უნდა ველოდო???
გილოცავთ დამდეგს. ჯანმრთელობა, სიხარული, სიყვარული, ახლობელი ადამიანების კარგად ყოფნა, სიმხნევე, ფული და სასურველი სიამენი არ მოგაკლდეთ.