RSS

ინტერნატში სწავლობდა – იცი, მანდ რეები ხდება?

08 დეკ

მთელი დღეა, ”ნოსტალგიურ” ტალღაზე ვარ. ისეთი არაფერი, უბრალოდ, 1999-2000 წლების პერიოდი გამახსენდა. პერიოდიც არა,  სკოლა, სადაც ერთი წელი გავატარე. ამ ტალღაზე სულ ”უბრალო რაღაცამ” დამაყენა, გაჩერებაზე მესმოდა გვერდით მდგომი ორი გოგო როგორ ელაპარაკებოდა ერთმანეთს:

– გაიგე? გოცირიძეს ადრე ინტერნატში უსწავლია.

– ვიცი, მაგრამ არ იყო ის ინტერნატი.

– რა მნიშვნელობა აქვს, ღამე იქ რჩებოდა. შენ იცი, მანდ რეები ხდება?

და გადავწყვიტე დამეწერა :

მაშინ, როგორც თითქმის ყველას, ჩვენც ძალიან გვიჭირდა. მამაჩემისგან ოთხი წელი არაფერი გვსმენოდა,  დედაჩემი ძალიან გვიან ღამემდე მუშაობდა. 10 წლის ”მე”  და 5 წლის ჩემი  და მთელ დღეს მარტოები, ნუ, ჩვენი მუხუცი მეზობლის ანაბარა ვიყავით. ჩვენი სხვა მეზობლის,  მარინას რჩევით , რომელიც წითელი ჯვრის რომელიღაც ორგანიზაციაში მუშაობდა, დედაჩემმა  ”რევაზ ბოჭორიშვილის სახელობის ცხრაწლედში”  შეგვიყვანა. სკოლაში ”ჩვულებრივი” ბავშვებიც დადიოდნენ, რომლებიც გაკვეთილების შემდეგ შინ ბრუნდებოდნენ, მაგრამ ძირითადად,  ”პანსიონ-ინტერნატის” ფუნქციას ასრულებდა.  ანუ იქ ვრჩებოდით სამუშაო დღეები და პარასკევ საღამოს ვბრუნდებოდით სახლში.

სიმართლე რომ ვთქვა კარგად, არა, ძალიან კარგად მახსენდება იქაურობა, იქაური მასწავლებლები, კლასელები.  მართალია, პირველ კვირაში  ”თავის დამკვირდებისთვის ბრძოლაშიც ჩავერთე”  და კარგად მიმასისხლიანეს, მაგრამ მაინც. მიმასისხლიანეს რა, ბავშვები თამაშობდნენ , მე ორი დღის მისული ვიყავი და  ”შევეტენე”  მეც მინდა თამაში მეთქი. –  არ გათამაშებთო ერთმა გოგომ. გავჯიქდი – მაინც ვითამაშებ მეთქი.  გამოიწია, მეც გავიწიე , (მაშინ მაჩხუბარა ბავშვი ვიყავი), მაგრამ ეს გოგო კარატისტი აღმოჩნდა და წიხლის რამდენიმე მოძრაობით ლამის ძვლები დამილეწა :D)

იმ კვირაში, სამ დღეში ( ოთხშაბათს სწავლა დავიწყეთ და პარასკევამდე) ვშფოთავდი, ვღშფოთავდი, მე აქ არ გავჩერდები მეთქი – დედაჩემს განვუცხადე. იმანაც, ეს ერთი კვირაც ნახე და წამოგიყვანო ( რომ მიმტყიპეს, არ მითქვამს, ცხადია 😀

ვითარება იმდენად მალე შეიცვალა, რომ არც ველოდი.  მანამდე მსმენოდა, რომ ”ხუთოსან”  ბავშვებს კლასელები  უარყოფითად ეკიდებიან, მაგრამ ეს მითი მაშინ დაიმსხვრა ჩემთვის. ყველა მასწავლებელს ”შევუყვარდი”, მაგალითად მოვყავდი, ამან კი ბავშვებზეც იმოქმედა. ყველა ბავშვს ჩემთან მეგობრობა უნდოდა :D) ”კუტოკები” იყვნენ და ყველა თავისთან მეპატიჟებოდა. მე ცალკე ”გრუფი” შევქმენი, მაგრამ სხვებთანაც კარგად ვიყავი.  არ მახსოვს მაშინ რა მერქვა :დ ანუ მარიკას მეძახდნენ, მარინას თუ კიდევ სხვა რამეს. ეჭვი მაქვს, რომ მარის  – არა. ”მარი”  ცოტა გვიან გავხდი.

საკონტროლოებსა და გამოცდების წინ, მასწავლებლები ბავშვებს ”მამაგრებდნენ”, ინგლისურში, ქართულში, მათემატიკასა და ისტორიაში ვამეცადინებდი. ამ დროს, ბავშვებიც  ძალიან ინდომებდნენ  ხოლმე, მეც მასწავლებლის როლი მიყვარდა და ყველაფერი კარგად მთავრდებოდა. რამდენიმე წლის წინ, დედაჩემს ჩემი დამრიგებელი მერი მულაძე შეხვდა, თავად იცნო. ძალიან თბილად გავუხსენებივარ – კლასში კონკურენცია შემოიტანა და ყველა ცდილობდა ესწავლა, რაც შეეძლოთო.

ხო, მართლა ძალიან კარგი მასწავლებლები და  აღმზრდელები მყავდა. მკაცრები, სამართლიანები, გულისხმიერები..  ნელი სამხარაძე და მისი შვილი, ნინო კაპანაძე. კლასის დამრიგებელი მერი მულაძე, ინგლისურის მასწავლებელი ნანა კიკოზაშვილი, ისტორიის – ნანა ტაბლიაშვილი, მათემატიკის – ნათელა ვარშალომიძე..  ( ჰმ, არადა, ზოგი ლექტორის სახელ-გვარი თუ მახსოვდეეეს..). იმ წელს დავიწყეთ ინგლისური და მახსოვს, როგორი შემართებით , წრეზეც დავდიოდი და მაშინ რაც ვისწავლე ახლაც მახსოვს –  დიალოგები და რაღაცები. რომ წამოვედი სკოლიდან, ”ნანა თიჩამ”  იტირა – ასეთი კარგი მოსწავლე ჯერ არ მყოლიაო. იცოდეს ახლა ჩემი და ინგლისურის დამოკიდებულება –  გული გაუსკდებოდა.

იქ პირველად და ( შემდეგ წლებში მივხვდი,  რომ  უკანასკნელად)  ჩამიტარდა ნამდვილი ფიზკულტურის გაკვეთილი. მასწავლებელი ვალიკო, ულვაშიანი ზორბა კაცი გვაცოცებდა ბაგირებზე, ”ვხტუნაობდით”  ათასნაირ ბალიშებზე, ვძვრებოდით რაღაც რკინის სავარჯიშოებზე ( სახელები აღარ მახსოვს), ვთამაშობდით ფრენბურთს, კალათბურთს, ფეხბურთს. კალათბურთი მიყვარდა ძალიან. ჩემი გუნდი სულ იგებდა ხოლმე :D)

ცოოოტა ცუდად რუსულის მასწავლებელი მახსენდება, ალბათ, ამიტომ აღარ მახსოვს მისი სახელი და გვარი. ნუ, სახელად მგონი, ნატა ერქვა. მე და რუსულს ყოველთვის ცუდი, არა, საშინელი დამოკიდებულება გვქონდა. ვიჯექი ხოლმე,ქართული ასოებით ვწერდი რუსულს და ვიზუთხავდი და ვიზუთხავდი, ხშირად ამაოდ. მომავალ კლასებში კი, საშვილიშვილო შეცდომა ჩავიდინე და ინგლისურის ”სწავლაც” მასე დავიწყე.

ასევე ცოტა ცუდად, ღამის აღმზრდელები მახსენდებოდა, გოგოების სართულზე ორნი იყვნენ – ქეთინო ძიძა და ცისანა ძიძა. ქეთო უფრო მაგრად ყვიროდა, ცისანა უფრო მწარედ ირტყმეინებოდა. ჩუმად უნდა ყოფილიყავი, თორემ მოვიდა ჯოხი… ერთს სქელი და მაგარი ჯოხი ჰქონდა, მეორეს წვრილი და მწარე. ორივე მომხვედრია , ერთხელ ვლაპარაკობდი და ამის გამო, მეორედ სხვა ლაპარაკობდა და მე მომხვდა, აუ, ის მეორე უფრო მწარე იყო, ალბათ, იმიტომ, რომ დაუმსახურებელი იყო.

მე-8 და მე-9კლასელი გოგოები ძიძებისგან პრივილეგიებით სარგებლობდნენ, მათ გვიანობამდე შეეძლოთ ელაპარაკათ და სხვ. ვოცნებობდი – მალე გადავსულიყავი მეცხრე კლასში.

დილით 7-ზე გაჰყვიროდნენ ძიძები – ავდექით, ჩქარა, ჩქარაო. რვა რომ ხდებოდა, ჩვენი აღმზრდელი მოდიოდა და დაბლა ჩავყავდით.  ნახევარს საათს ვვარჯიშობდით, დავრბოდით. ცხრის ნახევარზე კი, სასადილოში შევდიოდით, ფაფა, ჩაი და კარაქიანი პური ( ორშაბათობით, მოხარშული კვერცხი) გვხვდებოდა.  ზოგჯერ, ბავშვები ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვინ უფრო მეტს შეჭამდა, მოვიტანდით ხუთ-ექვს თეფშ ”მანის ქაშას”  და მიდიი.

ათის წუთებზე უკვე კლასში ვიყავით, ათის ნახევრამდე ის დრო იყო,  როდესაც უნდა გაკვეთილისთვის უნდა მოვმზადებულიყავით, გაგვემეორებინა დავალებები და ასე შემდეგ. 10-ის ნახევარზე უკვე გაკვეთილი გვეწყებოდა. მესამე  გაკვეთილის შემდეგ, ”ლანჩის” დრო იყო, დიდი შესვენება გვქონდა, ბულკები, პეჩენია და კაკაო.

გაკვეთილების დასრულების შემდეგ, ისევ ნელი ან ნინო აღმზრდელები მოდიოდნენ, ვთამაშობდით ბურთს, კლასობანას და სხვას. ნაძვებიანი დიიდი ეზო ჰქონდა შემოსასვლელში , სადაც სულ გამხმარი წიწვები ეყარა, იმ წიწვებით სახლს ვაგებდით და დედა-შვილობანას ვთამაშობდით.

სამ საათზე სადილი იწყებოდა, ყველაზე მეტად ხუთშაბათი დღე მიყვარდა, რადგან ძალიან გემრიელი თევზის კონსერვი მოჰყვებოდა პირველს და მეორეს ( საჭმელზე მაქვს ლაპარაკი) . რაღაც ძალიან გვეგემრიელებოდა.  თევზი იყო, ოღონდ გატარებული, დაშლილი, უფხო, პურზე გადავისვამდით ხოლმე. მისი გემო წლების მანძილზე გამომყვა და ვერც ერთ მაღაზიაში ვერ ვიპოვნე. ამასწინ  გავიგე, რომ ჰუმანიტარული დახმარების პროდუქტი ყოფილა.

ხუთშბათობითვე, სადილზე ორ ცალ კოწახურის კანფეტს გვაძლევდნენ.

სადილის შემდეგ ცოტას კიდევ ვთამაშობდით, ხუთ საათზე კი კლასში ავდიოდით.  ხუთიდან შვიდამდე მეცადინეობის საათები გვქოდნა. მეორე დღისთვის უნდა მოვემზადებინა გაკვეთილები. თუ დრო გვრჩებოდა, ნელი (ზედსართავი სახელი არ არის) აღმზრდელი სახალისო ამოცანებს გვეკითხებოდა და ”ვსაუბრობდით” J)

7-ზე დაბლა ჩავდიოდით, თუ სასადილოს მორიგეები ვიყავით, აღდგომა მქონდა, რატომღაც მიყვარდა იმხელა სასადილოს ჩვენ რომ ვაწყობდით.

ვახშმის შემდეგ , ”კლუბში” მივდიოდით და ”გვადალუპეს” ვუყურებდით, მართალია ფეხზე მდგომები ( აბა, იმდენ ბავშვს რა დაიტევდა), მაგრამ მაინც.

9 საათზე კი ნანა-ნანა.

იმ კორპუსში, სადაც გვეძინა,  ერთი ნაწილი დევნილთა დასახლება იყო, მეორე კი,  საავადმყოფო. საშინლად, საშინლად მინდოდა ერთხელ მაინც მოვხვედრილიყავი იქ, (საავადმყოფოში.). სულ მშურდა ხოლმე ჩემი კლასელების – ერთს ბატონები ჰყავდა, მეორეს ყური სტიკოდა და იქ იყვნენ. აღარ ვიცოდი, რა მექნა. ერთხელ გამოვუცხადე ძიძას,  მუცელი მტკივა და გული მერევა მეთქი, იმდენად მინდოდა, რომ თავიც კი დავირწმუნე ამაში. ჩამიყვანე ექიმთან, ეხ, მე იმ ღამეს სოდიანი წყალი მაყლაპეეეეს, მის შემდეგ ასეთი ტყულის თქმა აღარ მომდომებია.

იმ სკოლა-ინტერნატში მხოლოდ ერთი წელი გავატარე, მაგრამ ხშირად ვფიქრობდი, რომ  ჩემს 11წლიან ”სკოლა-მოღვაწეობაში” ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული წელი იყო. მასწავლებლებს დავყავდი სხვადასხვა კონკურსზე, ძალიან ხშირად ვაწყობდით ლიტერატურულ ღონისძიებებს, დადგმებს.  ალბათ, კიდევ რამდენიმე წელი სიამოვნებით დავრჩებოდი  ( ცხრაწლედი იყო), მაგრამ ჩემი და გახდა ავად. იმ ერთი ზამთრის მანძილზე სამჯერ მოიხადა ფილტვების ანთება, ხოდა, დედაჩემმა გამოგვიყვანა. მასწავლებლები  ეხვეწებოდნენ – ეს მაინც დაგვიტოვეო, მაგრამ ვინ დამტოვებდა :D)

მას შემდეგ 11 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ჩემს ბავშვობაში ერთერთ ნათელ წლად მიმაჩნია იქ გატარებული დრო. მათ სანახავად მხოლოდ ერთხელ ვიყავი, სულ, სულ მინდოდა მისვლა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ მოვახერხე. ახლა რომ მივიდე, არ ვარ დარწმუნებული, რომ ისევ ფუნქციონირებს. იქაური მეგობრებიც დავკარგე, ხშირად ვეძებ ხოლმე სოციალურ ქსელებში, მაგრამ ვერ ვნახე ვერავინ. რამდენჯერმე დამირეკეს, მაგრამ მაშინ არათუ მობილური, სახლის ტელეფონიც შორეულ ოცნებად მიმაჩნდა,  მეზობელთან მეხმიანებოდნენ. მერე აღარც..

 

ხო, ბავშვობაში ცოტა მიტყდებოდა მეთქვა, რომ ”მე ინტერნატშიც მისწავლია”, მაგრამ ახლა აღარ. სიმართლე რომ ვთქვა, პირიქითაც , მეამაყება 😀

 

Advertisements
 

ტეგები: , ,

4 responses to “ინტერნატში სწავლობდა – იცი, მანდ რეები ხდება?

  1. ანელი

    დეკემბერი 20, 2010 at 8:32 AM

    მარი, რა მაგარი პოსტი იყო. ახლა წავიკითხე და ისევ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ამას გვიმალავდი? ❤

     
  2. Gvantsa Koberidze

    დეკემბერი 21, 2010 at 11:30 AM

    მარი, ეს შენი დაწერილია? 11 წლის წინ მეცხრე კლასში როორ იყავი?

     
    • მარი ახსიაშვილი

      დეკემბერი 23, 2010 at 8:07 PM

      მეცხრეში არა, მეხუთეში ვიყავი 🙂 მეცხრეკლასელები პრივილეგიით სარგებლობდნენ და მე მინდოდა, მალე გადავსულიყავი მეცხრე კლასში :)))

       

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: