RSS

ჩემი ბავშვობის ახალი წლები ანუ „კიდევ ერთ წელს უნდა ველოდო“?

31 დეკ

დღეს, რომ გავიღვიძე, ჩემს დას უკვე მოვლილი ჰქონდა „ბაზარი“  და სამზარეულოშიც „ფუსფუსებდა“. მე  თხილის დამტვრევა დამავალა. ვტეხდი და თან ვუსმენდი – რა და როგორ იყიდა და გააკეთა. მერე რაღაცები გავახსენე სიცილით –  ბუშტებს რომ ვყიდულობდით და ვკიდებდით მეთქი. – მე ახლაც ვაპირებდი, რა იყოვო. გამეცინა და  მომახალა – რა უხალისო ადამიანი გახდი, მაშინ იყავი კარგი და სიცოცხლით სავსე, ამეებს რომ აკეთებდიო.  ხოდა, ხმა ვერ ამოვიღე :)))  გამახსენდა, როგორ მიყვარდა ხოლმე ახალი წელი.

  • იმდენად მიყვარდა, რომ სექტემბრიდან  კალენდარს ვაკეთებდი   რვეულში  და ყოველდღე თითო უჯრას ვხაზავდი ახალ წლამდე.
  • ჩემს დასთან და მეზობლის ბავშვებთან ერთად, დავაარსე „კლუბი დელფინი“ ( არ მახსოვს, სახელის წარმოშობა. უფროსი კი, მე ვიყავი :)), ხოდა, ორი რვეული მქონდა სავსე. სადაც კი რამე საახალწლო ლექსი და დადგმა არსებობდა – ყველაფერი მეწერა როლების და დროის განაწილებით. დიალოგიან ლექსებს და მოთხრობებს „პიესებად“ ვაკეთებდით.  ჩვენც ვიგონებდით.   რეპეტიციებს ორი თვით ადრე ვიწყებდით  და 31 დეკემბრის საღამოს, საზეიმოდ მორთულ-მოკაზმულები დედაჩემს და მეზობლის უფროსებს წარვუდგენდით ხოლმე ჩვენს მომზადებულ პროგრამას. გვქონდა „ლუარსაბი და დარეჯანი“, „წითელქუდა“,  „ფიფქია“, „ახალი წელი პრაღაში“ ( იოსებ ნონეშვილის გავლენა ეტყობოდა ყოველთვის ჩემს ბავშვობას ::)) და სხვა მრავალი.
  • მე და ჩემი და ორი თვით ადრე ვიწყებდით ფულის შეგროვებას  ნახევარლიტრიან მოხუფულ ქილაში.  დედაჩემი რომ პურის ფულს გვიტოვებდა, 10-20 თეთრი რჩებოდა ხოლმე ხურდა. ლიმონათის ფულს თუ მოგვცემდა ხანდახან, არ ვყიდულობდით. პლუს მეზობლის მოხუცები  გვგზავნიდნენ ხოლმე მაღაზიაში და ჩვენი დამიჭი-გამიშვის მიუხედავად, „მზესუმზირის ფულს“  მაინც  გვაძლევდნენ ხოლმე J)) ხოდა, ამეებს ვაგროვებდით და ვაგროვებდით. სადღაც 20 დეკემბრისკენ გავხსნიდით ამ ყულაბას და ამოვყრიდით ჩვენი მოგროვილი თეთრებიდან გადაქცეულ ლარებს.  ვყიდულობდით 20-30 ცალ ფერად-ფერად ბუშტს ( ხუთი თეთრი ღირდა ცალი), ასაფეთქებლებს ( და ახლა როგორ  ვერ ვიტან, მაგრამ მხოლოდ 31-ში ვაფეთქებდით ხოლმე :))) ჩვენ გვერდით მაღაზიაში იყიდებოდა  ყვითელ და ლურჯქაღალდიანი „პავიდლოიანი“ კანფეტები ცალობით ( ორი ცალი – ხუთი თეთრი ღირდა და კგ – 2.25. ). ცოტა მოგვიანებით, „ოლივიეს“ მასალის ნაწილზეც გვყოფნიდა ფული და 30-ში გამოვუჩენდით ხოლმე დედაჩემს :)))
  • ხო, ერთი თვით ადრე ვწერდით სიას – რა უნდა გვქონოდა ახალ წელს, ნუ მართალია, ეს სია 10-20ჯერ იკვეცებოდა, მაგრამ ხო გვიხაროდა :))
  • მთელ სახლს ვრთავდით ბუშტებით, ფერადი ქაღალდებისგან გამოჭრილ-დაწებებული ჯაჭვებით, საახალწლო წვიმებით და შრომის გაკვეთილზე ნასწავლ-შინგაკეთებული „ფიფქებით“.
  • რადგან დედაჩემი 25 დეკემბრამდე ნაძვის ხეს არ გვადგმევინებდა და ჩვენ კი მოუთმენლობა გვჭირდა, 15 დეკემბრიდან მოყოლებული ყოველდღე, ე.წ სხვენიდან ( თუ განჯინიდან) ჩამოვიღებდით ნაძვის ხეს თავისი ატრიბუტიკით, ავაწყობდით, მოვრთავდით, ჩავიცვამდით ჩვენც ფორმებს ( თოვლის ბაბუას ფორმისთვის, რაღაც წითელი კაბა მივჭერ-მოვჭერ-დავკერე :)) და  ცხოვრება გვიხაროდა.  საღამოს, დედაჩემის დაბრუნების ჟამი რომ დგებოდა, დავშლიდით ამ ძლივსაწყობილ ნაძვის ხეს და ავაფართხუნებდით ისევ ზემოთ.
  • ახალ წელს კიდევ ის ჰქონდა დადებითი, რომ 31-1-2  სულ იყო შუქი.  მიყვარდა ის, რომ საახალწლოდ, ჩვენს „რეკორდის“ თუ „ვესნას“ ტელევიზორს ვაკეთებინებდით ხელოსანს ( გამოგვართმევდა 15-20 ლარს, გვეტყოდა, იმუშავებს კაცოვო და ერთ კვირაში ფუჭდებოდა ისევ 😦 , მიყვარდა საახალწლო რეკლამები, გადაცემები. ცალი ფეხი გაზქურასთან გვქონდა და ცალი –  სასტუმრო ოთახში. ( აბა, გვინდოდა ყურება და:)
  • ყველაზე მეტად 31 დეკემბერი მიყვარდა, პროცესი მიყვარდა, თხილის თუ კაკლის ტეხვის, მაღაზიაში სირბილის.  ისიც მიყვარდა, გოზინაყის გაკეთებას რომ ვცდილობდი თამარ ლომიძის წიგნიდან – „კულინარიის ხელოვნება და ქართული კერძების სამზარეულო“, მაგრამ თაფლი ყოველთვის  იწვებოდასავით, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ხის დაფას შენივთულ გოზინაყს, ვერაკაიდედმამიშვილი ვერ ააგლეჯდა. ხოდა,  ვედექით „ნაჯახით“ და ეგ იყო.
  • ისეთი 31 დეკემბრებიც მიყვარდა – მხოლოდ მოხარშული კვერცხი, რამდენიმე მანდარინი და კანფეტი რომ გვქონდა და მე „პლიტასთან“  მჯდომი ხმამაღლა ვკითხულობდი არსენა ოძელაშვილს ( მაშინ მე-2 კლასში ვიყავი).  ისე, 31-ში საახალწლო მოთხრობების კითხვა მიყვარდა ძალიან, ეკატერინე გაბაშვილს ჰქონდა მასეთები „ბლომად“.
  • 31-ში,  ღამე ბედნიერი ვიძინებდი, მაგრამ ეს ბედნიერება  1-ში დილით სრულდებოდა.  ვიღვიძებდი შემდეგი ფიქრით – ახლა კიდევ ერთ წელს უნდა ველოდო???

გილოცავთ დამდეგს. ჯანმრთელობა, სიხარული, სიყვარული, ახლობელი ადამიანების კარგად ყოფნა, სიმხნევე, ფული და სასურველი  სიამენი არ მოგაკლდეთ.

 

Advertisements
 
დატოვე კომენტარი

Posted by on დეკემბერი 31, 2010 in თსუ

 

ტეგები: , , ,

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: