RSS

Monthly Archives: აპრილი 2011

ტრაგედია “სტატისტიკიადა”

მოქმედნი პირნი –

მარი.

მაგდა.

მარიტა.

მაცნე (ნიკოლოზი)

ქორო.

 

პროლოგოსი:

ვარკეთილი, მარი კომპიუტერთან ზის,  გახსნილი აქვს სტატისტიკის დავალებები და გმინავს.

 

მარი

ჰოი ნიკოლოზ, ნუ გვიმუხთლებ და ნუ გაგვწირავ,

ჩვენ ბევრს არ ვითხოვთ, მხოლოდ ახსენ თუ თქმა გსურს რამის,

პროცენტილებმა წარიღო ძილი დილის თუ ღამის,

და დისპერსიას ჩვენი ნერვების მაქსიმუმს ვწირავთ.

 

ქორო

სტროფი I

ვაი, ვუი, ვაი, ვუი, ვუიმე და ვაიმე,

გულმა როგორ გაუძლოს თქვენს სტატუსებს დარდიანს,

მარი, მაგდა, მარიტა – ვეღარ გხედავთ მადიანს.

 

ანტისტროფი II

 

იქნებ რამე გეშველოთ და ჰისტოგრამა გაიგოთ,

მერე ეგებ გაგეხსნათ ოგივასთვის გონება,

რვა კვირაც გაუძელით, თქვენი ჭირი წაიღოს,

და იქნას სტატისტიკის ტკბილ-მწარე მოგონება.

 

ეპიზოდი I

მაგდა, მარი და მარიტა ც კორპუსიდან გამოდიან. საღამოს 9 საათია.

 

მაგდა

ახლა მეც დავიღალე, გამიცრუე იმედი,

კითხვა არ დამისვაო – შენს პირს როგორ წამოცდა,

ღმერთო ჩემო, ოჰ რა ვქნა, ეს სადამდე მივედი,

ნუთუ ჩამივარდება სტატისტიკის გამოცდა.

 

ქოროს გამძღოლი ქალი

 

ვაი, ვუი, ვაიმე, ვუიმე და ვაიმე

რა დღეში ხართ ბავშვებო, დავიხოკე ღაწვები,

რამდენ მაგისტრს მოვსწრებივარ, ოხ, გასულა რა წლები.

 

 

ქორო

სტროფი I

არ არსებობს სხვა გზა და ხსნა, არ არსებობს საშველი?

სულ არ გიხსნით, სულ ვერ იგებთ? იქნებ სცადოთ ძალიან

ათარგმნინოთ მასალები, დაიხმაროთ მაშველი,

იქნებ მაინც ყველაფერი სტუდენტების ბრალია?

 

ანტისტროფი II

 

ჩამოჯექით ერთი ღამე, დაახალეთ თავები,

შეისწავლეთ ცვლადები და ცხრილი განაწილების,

სამმა უნდა გაიყოთ სათარგმნელი თავები,

და ერთმანეთს აუხსენით ნასწავლი ნაწილები.

 

 

ეპიზოდი II, მარიტა და მარი დგანან გაჩერებაზე და გოდებენ.

მარიტა

რატომ უნდა მოვითმინოთ, სად არის სამართალი

პროგრამაში არ ეწერა ენა წინაპირობად,

დავალებას ვერ ვიგებთ, განგვიმარტოს პირობა,

მოვითხოვოთ,  აგვიხსნას ტყუილი და მართალი.

 

მარი ჩანთიდან იღებს ჰისტოგრამის ფორმის რკინის იარაღს

მარი

მე მეტს ვეღარ გავუძლებ. დავიღალე ძალიან,

დამიკარგეს ყოველი ნდომა-მოტივაცია,

აღარ მინდა ჰისტოგრამ-გადახრ-ოგივაცია.

 

ეპილოგოსი

სცენაზე შემოდის მაცნე ნიკოლოზი

 

მაცნე

ეს რა შავ დღეს მოვესწარ, მეც ხომ დამნაშავე ვარ,

ჩემ გამო მოისწრაფა, ახალგაზრდამ სიცოცხლე,

გავასწორებ შეცდომებს, სხვაგვარად ვერ ვიცოცხლებ.

 

ჰისტოგრამა ჩაიცა გულში, წვერწამახული,

ტრაგედია ასეთი, ჯერ არა მაქვს ნახული,

ისტორიას ექნება, მუდამ გადანახული.

 

ქორო მღერის. ფარდა იხურება.

 

Advertisements
 

ტეგები: , , , , ,