RSS

Category Archives: ილიაუნი

“ანთროპოლოგიასთან მეგობრობის დასაწყისი”

გუშინ, მეორე სემესტრის პირველი ლექცია მქონდა – კულტურულ ანთროპოლოგიაში. როგორც მოველოდი, ძალიან საინტერესო კურსია – ლექციებით, ვიდეოლექციებით, თეორიის და კვლევის კომპონენტებით.

ქეთიმ (ლექტორმა) გვითხრა, რომ ეს ერთადერთი კურსი იქნება, რასაც ანთროპოლოგიაში ვისწავლით და მოგვიწევს კვლევის ჩატარებაც. ამან ცოტა დამაფრთხო, მერე დამაინტერესა და მერე მომინდა კიდეც. აი, რის კვლევას გადავწყვეტ, ამაზე კი, კარგი ფიქრი მომიწევს – უნდა შევარჩიოთ რამე კულტურა ან სუბკულტურა.. ბევრი საინტერესო რამის მოფიქრება შეიძლება, თუმცა, გამოხატულად და მკვეთრად არაფერი მახსენდება.
(ახლა ჩემს თანამშრომელს ვეუბნებოდი, ფეისბუქში საკუთარ პოსტებს თავადვე რომ ალაიქებთ, რა არის, ცალკე სუბკულტურა ხართ მეთქი? საკვლევია ესეც, აბა, რა არის 🙂

ანთროპოლოგთა საკვლევი თემები ვნახეთ მაგალითებად, ძალიან მაგარია, ვთქვათ, ”შეხუმრებული დამოკიდებულებები ბიძა-დისშვილებს შორის” და მსგავსი.

ჰო, ვისწავლით სხვადასხვა თეორიას, მერე შევარჩევთ ერთს და მის ჭრილში განვიხილავთ საკუთარ კვლევას. პირველი ლექცია ევოლუციონიზმის თეორიაზე იყო – გადმონაშთების იდეა, ჯეიმს ფრეზერი, ედუარდ ბერნეტ ტაილორი, დარვინის თეორიები, სწორხაზოვანი ევოლუცია, კაცობრიობის სულიერი ერთიანობა, პრიმიტიული სექსუალური თავისუფლება, განვითარების საფეხურები. კულტურების დეგენერაცია, პროგრესივიზმი და სხვ. მოკლედ, ”ჩვენში დარჩეს” და მეინტერესება.

ქეთი თავის მაგალითს გვიყვებოდა სხვადასხვა კულტურაში ”გამჯდარ” წესჩვეულებებსა და ”სადაც მიხვალ, იმ ქვეყნის ქუდი უნდა დაიფაროს” ’ინსტიტუტზე’. მაგალითად, გერმანიაში მისალმებასა და სტუმრის არგაცილებაზე. ლექცია რომ დაგვიმთავრდა, მე და ჩემი ჯგუფელი ანა გამოვდიოდით, დერეფანში, გასასვლელთან, უცხოელი სტუდენტი ბიჭი შეგვხვდა, კარი გამოაღო, გაგვატარა და შემდეგ შევიდა თავად.
”ამან ქართული კულტურა შეითვისა და აქაური ქუდი დაიფარა, თორემ ალბათ, თავის ქვეყანაში ასე არ უთმობს გზას ქალებს” – თქვა ანამ. მართალია :დ

ჰო, კვლევის გარდა, მნიშვნელოვანი კომპონენტია პორტფოლიოს წარმოებაც – რას ვისწავლით, რა პროგრესი გვექნება, ეს ყველაფერი უნდა ’აღვნუსხოთ’. პორტფოლიოც არ გამიკეთებია არასდროს და ბარემ, ბლოგზეც ხომ არ ’ვღნუსხო’ მეთქი, ვფიქრობ.

ხვალ მორიგი ლექცია მაქვს, უკვე ანალიზურ ჟურნალისტიკაში. აი, ხუთშაბათ-პარასკევს კი, უმძიმესცხრილიანი დღეები მელის.

 
8 Comments

Posted by on ოქტომბერი 4, 2011 დუიმი ილიაუნი

 

ტეგები: , ,

მაგისტრატურის მეორე სემესტრი – ფიქრები და არჩევანი

ხვალ სწავლა მეწყება – მაგისტრატურის მეორე სემესტრი. ისე ვნერვიულობ, ისე ვნერვიულობ, რომ ზოგჯერ სული მეკვრის 😀

არადა, სანერვიულო რა არის – აბსოლუტურად ყველა საგანი მომწონს, ყველა ლექტორი მომწონს, უბრალოდ, რა რთულია, სამსახურის და სწავლის შეწყობა :() ცხრილი მაქვს ძალიან ცუდი – ხუთშაბათს და პარასკევს 5-დან 9-მდე ლექციები მაქვს, მე კი, 4საათი გადაბმულად უნიში არ ვყოფილვარ :|)

ვნერვიულობ და სუნთქვა მეკვრის იმის გამოც, რომ ზამთარი მოდის, მე კი, ჭირივით მეზიზღება და მძულს სიცივე, ბევრი ტანსაცმელი, ადრე დაღამება, ავტობუსის ლოდინი, გაყინული თითები და აშშ.

მესიკვდილება, რომ ლეპტოპის თრევა ისევ მომიწევს ( ცხადია, დამტენითურთ), ამას მივამატოთ ის ნივთები, რაც ყოველდღიურად დამაქვს (წიგნი, რვეული, დიქტოფონი, საბუთები და სხვ) და თავი ჯარისკაცი მგონია, რომელმაც გმირულად უნდა ათრიოს თავისი ტვირთი ჭირსა თუ უბედურებაში :(( თან, ჩემი ხერხემლის გადამკიდე 😐

ხო, უცხოენოვან სამეცნიერო ლიტერატურაზეც ვნერვიულობ ❤

სხვა მხრივ კი, სხვა მხრივ აღმაფრენით ველი, ძალიან საინტერესო საგნებია. ნუ, ცოტა კი შევაწუხე დეკანი, მაგრამ მაინც :)) და ამ სემესტრში ჩემი არჩევანი ასეთია:

1. „კულტურული ანთროპოლოგია“ – ქეთი გურჩიანი. თავდაპირველად ავირჩიე ლექტორის გამო. წინა სემესტრშიც მასწავლიდა და ვიცი, ვისთან მაქვს საქმე, ვიცი, რომ „ხალტურას“ ადგილი არ ექნება და ვიცი, რომ კურსის ბოლოს იმაზე ბევრად და ნამდვილად მეტი მეცოდინება, ვიდრე ვიცი. მერე სილაბუსსაც გავეცანი – ჩემთვის უცხო და ძალიან საინტერესო კურსი მგონია. დღეს პირველ ვიდეოლექციას მოვუსმინე – ევოლუციონიზმის თეორიებზე.. მასალა ვეძებე ინტერნეტში, რაღაცები წავიკითხე, თუმცა, თვალები მეტკინა ძალიან და ხვალისთვის გადავდე.

2. „ძალაუფლების ლეგიტიმაცია: იდეოლოგია და სიმბოლიკა“,
ზურა კიკნაძე. ზურაც ჩემი ლექტორი იყო წინა სემესტრში და იმთავითვე ვაპირებდი ამ საგნის არჩევას. ჯერ სახელწოდებაა ძალიან საინტერესო და მერე სილაბუსსაც რომ გავეცანი, კიდევ უფრო მომეწონა. მართლა საინტერესოა, გავეცნობით ძალაუფლების ლეგიტიმაციის სხვადასხვა ხერხებს ძველი წინა აზიის, ანტიკური საბერძნეთის, რომის, ბიზანტიური და დასავლური შუასაუკუნეების, მათ შორის, საქართველოს გამოცდილებაზე დაყრდნობით.

3. „ჰეგელის გონის ფენომენოლოგია“, გურამ თევზაძე. ამაზე დიდხანს ვფიქრობდი, ამერჩია თუ არა. ცხადია, არა იმიტომ, რომ მისი ცოდნა და სიძლიერე მეეჭვებოდა. პირიქით, მეშინოდა – ამ კურსის წარმატებით დაძლევას ახლა შევძლებ თუ არა მეთქი. მაგრამ გავრისკე. (გიგი თევზაძის „იდენტობის თეორია“ მინდოდა ძალიან, მაგრამ ჯერ საერთოდ ამოიღეს ეს კურსი და მერე, რომ ავჭიჭყინდით, კი დაამატეს, მაგრამ ლევან ღამბაშიძე კითხულობს. მე რო გიგი მინდოდა? :D)

4. „რელიგიის სოციოლოგია“, ემზარ ჯგერენაია. ემზარი ძალიან ჭკვიანი და განათლებული ადამიანია. მასზე მხოლოდ კარგი მსმენია. მჯერა, რომ სემესტრის ბოლოს, მისი საგნიდანაც ბევრი მეცოდინება. ხო, ჯაბას მოკითხვა უნდა გადავცე 😀

5. „ანალიზური ჟურნალისტიკა“,
დათო პაიჭაძე. ნუ, კაიხნიანი წყვეტის გამო, ცოტა ხანს კიდევ მივუბრუნდები ჟურნალისტიკის ლექციებს. რაღაც განტვირთვა და სიხალისეც იქნება ალბათ ამდენი ფილოსოფია-თეორიების შემდეგ. ისე, ცოტა მაინც მეშინია – ვაიდა, ვერ გავქაჩო მეთქი:D

ახლა ნერვიულობას უნდა შევეშვა და მხოლოდ შემართებით ^_^

 
დატოვე კომენტარი

Posted by on ოქტომბერი 2, 2011 დუიმი ილიაუნი

 

ტეგები: , , , , , , ,

ტრაგედია “სტატისტიკიადა”

მოქმედნი პირნი –

მარი.

მაგდა.

მარიტა.

მაცნე (ნიკოლოზი)

ქორო.

 

პროლოგოსი:

ვარკეთილი, მარი კომპიუტერთან ზის,  გახსნილი აქვს სტატისტიკის დავალებები და გმინავს.

 

მარი

ჰოი ნიკოლოზ, ნუ გვიმუხთლებ და ნუ გაგვწირავ,

ჩვენ ბევრს არ ვითხოვთ, მხოლოდ ახსენ თუ თქმა გსურს რამის,

პროცენტილებმა წარიღო ძილი დილის თუ ღამის,

და დისპერსიას ჩვენი ნერვების მაქსიმუმს ვწირავთ.

 

ქორო

სტროფი I

ვაი, ვუი, ვაი, ვუი, ვუიმე და ვაიმე,

გულმა როგორ გაუძლოს თქვენს სტატუსებს დარდიანს,

მარი, მაგდა, მარიტა – ვეღარ გხედავთ მადიანს.

 

ანტისტროფი II

 

იქნებ რამე გეშველოთ და ჰისტოგრამა გაიგოთ,

მერე ეგებ გაგეხსნათ ოგივასთვის გონება,

რვა კვირაც გაუძელით, თქვენი ჭირი წაიღოს,

და იქნას სტატისტიკის ტკბილ-მწარე მოგონება.

 

ეპიზოდი I

მაგდა, მარი და მარიტა ც კორპუსიდან გამოდიან. საღამოს 9 საათია.

 

მაგდა

ახლა მეც დავიღალე, გამიცრუე იმედი,

კითხვა არ დამისვაო – შენს პირს როგორ წამოცდა,

ღმერთო ჩემო, ოჰ რა ვქნა, ეს სადამდე მივედი,

ნუთუ ჩამივარდება სტატისტიკის გამოცდა.

 

ქოროს გამძღოლი ქალი

 

ვაი, ვუი, ვაიმე, ვუიმე და ვაიმე

რა დღეში ხართ ბავშვებო, დავიხოკე ღაწვები,

რამდენ მაგისტრს მოვსწრებივარ, ოხ, გასულა რა წლები.

 

 

ქორო

სტროფი I

არ არსებობს სხვა გზა და ხსნა, არ არსებობს საშველი?

სულ არ გიხსნით, სულ ვერ იგებთ? იქნებ სცადოთ ძალიან

ათარგმნინოთ მასალები, დაიხმაროთ მაშველი,

იქნებ მაინც ყველაფერი სტუდენტების ბრალია?

 

ანტისტროფი II

 

ჩამოჯექით ერთი ღამე, დაახალეთ თავები,

შეისწავლეთ ცვლადები და ცხრილი განაწილების,

სამმა უნდა გაიყოთ სათარგმნელი თავები,

და ერთმანეთს აუხსენით ნასწავლი ნაწილები.

 

 

ეპიზოდი II, მარიტა და მარი დგანან გაჩერებაზე და გოდებენ.

მარიტა

რატომ უნდა მოვითმინოთ, სად არის სამართალი

პროგრამაში არ ეწერა ენა წინაპირობად,

დავალებას ვერ ვიგებთ, განგვიმარტოს პირობა,

მოვითხოვოთ,  აგვიხსნას ტყუილი და მართალი.

 

მარი ჩანთიდან იღებს ჰისტოგრამის ფორმის რკინის იარაღს

მარი

მე მეტს ვეღარ გავუძლებ. დავიღალე ძალიან,

დამიკარგეს ყოველი ნდომა-მოტივაცია,

აღარ მინდა ჰისტოგრამ-გადახრ-ოგივაცია.

 

ეპილოგოსი

სცენაზე შემოდის მაცნე ნიკოლოზი

 

მაცნე

ეს რა შავ დღეს მოვესწარ, მეც ხომ დამნაშავე ვარ,

ჩემ გამო მოისწრაფა, ახალგაზრდამ სიცოცხლე,

გავასწორებ შეცდომებს, სხვაგვარად ვერ ვიცოცხლებ.

 

ჰისტოგრამა ჩაიცა გულში, წვერწამახული,

ტრაგედია ასეთი, ჯერ არა მაქვს ნახული,

ისტორიას ექნება, მუდამ გადანახული.

 

ქორო მღერის. ფარდა იხურება.

 

 

ტეგები: , , , , ,

ილიაუნის პირველი კვირა

ჩემი ილიაუნელობის პირველი კვირა დასრულდა. საბოლოო ჯამში, შეიძლება თამამად ვთქვა, რომ კმაყოფილი ვარ.  ( იმედია, თვალი არ მეცემა :დ)

ჯერჯერობით, ოთხი საგანი ჩამიტარდა, უქმე დღის გამო, ყველაზე შიშისზარისმცემი სტატისტიკა გამიცდა. მგონი, ერთი ამას შეუძლია ჩემთვის ხასიათის წახდენა.

მომწონს – პირველ რიგში ლექტორები, კურსები და მათი შინაარსი. ასევე,  ძალიან პატარა ჯგუფები – სპეციალობის  საგნებზე  4-6 კაცი ვართ, რაც ძალიან მოსახერხებელია – ხარ თითქმის სულ ჩართული  და ლექტორსაც აქვს მეტი დრო, უპასუხოს შენს  კითხვებს.

პლუსია – ლექციები – პრეზენტაციების, დიალოგის და კითხვა-პასუხის რეჟიმში.

მომწონს ბიბლიოთეკა. ძალიან მოსახერხებელია  უკაბელო ინტერნეტი დერეფნებშიც კი – სწორედ ამან გადამაწყვეტინა, რომ ვიყიდო ლეპტოპი. ფანი ვარ ილიაუნის მეილის, რომელშიც მთელი უნივერსიტეტის მისამართთა ბაზაა მოთავსებული. არგუსი – რომლითაც კონტაქტობ  ლექტორებთან და იღებ სასწავლო მასალას მისი მეშვეობით, იქვე გაქვს ლექციების ცხრილი.

რაც შეეხება საგნებს და ლექტორებს, გასაკუთრებით, ნოდარ ლადარიას „ქრისტიანული ეკლესია და ევროპის დაბადება“  მომწონს.  ჯგუფში ხუთნი ვართ  – მათგან მხოლოდ მე და მარიტა ვართ ჟურნალისტები, სხვებს ფილოსოფია-თეოლოგია აქვთ დამთავრებული და ცოდნის ბაზისი ცხადია,  აქვთ. ჰოდა, ყველაზე ნაკლები ამ საგანში, ვიცით მე და მარიტამ. თავიდან დავიგრუზე, მერე სხვანაირად დავფიქრდი და ახლა, მე და მარიტა ასე ვხალისობთ კიდეც – ეს ლექცია ყველაზე მეტად გვეკუთვნის ჩვენ, უნდა დავსვათ რაც შეიძლება მეტი კითხვა, არ მოგვერიდოს აზრის გამოთქმა, დასაწყისში თუნდაც  სისულელის – მეორედ ხო აღარ ვიტყვით :დ

ლადარია რომ ძალიან მცოდნე და ღრმაა, ამაზე, ორი აზრი არ მგონია არსებობდეს. ჰოდა, კურსს ხომ სწორედ იმიტომ უძღვება, რომ ჩვენც გვასწავლოს რაღაცები. ჩვენც  ხომ სწორედ ამიტომ ავირჩიეთ, რომ ვიცოდეთ უფრო მეტი, ვიდრე ვიცით ახლა. ის კი, პირდაპირ არაფერს გეუბნება და მინიშნებებით მიდიხარ  სწორ პასუხამდე. სწორედ ეს არის მისი კიდევ ერთი ხიბლი. თან, პირველ ლექციაზევე აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი რამ არ ვიცი, პრინციპში, ჩემი ბაკალავრის სპეციალობიდან გამომდინარე, არც მქონია შანსი, რომ მცოდნოდა.  ხოდა, არ შეიძლება ერთი წუთის დაკარგვაც :დ

ჰო, გული მწყდება, რომ  ვერ ვატარებ იმდენ დროს უნივერსიტეტში, რამდენიც მინდა. ფაქტობრივად, დღეში ორი საათი ვარ მხოლოდ, რადგან სამსახურიც ხო გინდა ადამიანს :დ  აღმოვაჩინე, რომ ეს კვირა ერთგვარ ექსტრიმში მიწევდა ცხოვრება – რედაქცია-უნივერსიტეტი-რედაქცია.. და რაღაცნაირად დაძაბული ვარ სულ. იმედი მაქვს,  მალე შევეჩვევი.

და მინდა, მომავალი კვირები კიდევ უფრო უკეთესი იყოს ❤

 

ტეგები: , ,