RSS

Category Archives: რეპორტაჟები

ქართველური ადამიანობა

ტერმინთა განმარტება:

კონტროლიორი – თბილისის მერიის მიერ დაქირავებული პირი, რომელსაც ევალება ბილეთის შემოწმება, მისი არქონის შემთხვევაში კი – მგზავრის დაჯარიმება. კონტროლიორს აცვია ყვითელი პერანგი, გულზე ”ჰკიდია” ვინაობის დამადასტურებელი ლამინირებული საბუთი, ხელში უჭირავს  ოქმის ფურცლებით სავსე შავყდიანი დავთარი  და დგას ავტობუსის გაჩერებაზე. ამბობენ, რომ აქვს საკმაოდ მაღალი ხელფასი ( ჩემთან შედარებით მაინც 😀 ) და ამ ხელფასს იღებს ზემოთ, პირველ   წინადადებაში თქმულ საქმიანობაში.

ყვითელი ავტობუსი – სამგზავრო საშუალება, სადაც ბოლო წელიწადნახევრია, დამონტაჟებულია ბილეთის ასაღები აპარატები. მასში ადიან მგზავრები და კონტროლიორები, მართავს მძღოლი, რომელსაც დე კატეგორიის მართვის მოწმობა აქვს.

ავტობუსის მგზავრი – ადამიანი, რომელიც იყენებს მგზავრობის ამ საშუალებას და იღებს ბილეთს. მისი ტიპებია – მოსწავლე – უფასობილეთიანი მგზავრი; სოციალურად დაუცველი – მგზავრი, რომელიც 10თეთრიან ბილეთს იღებს. პენსიონერი, მასწავლებელი და სტუდენტი – მგზავრები, რომლებიც 20თეთრიან ბილეთს იძენენ,  ”ჩვეულებრივი” მოქალაქე, რომელიც იყენებს ”მეტრომანს” და სხვანი…

………..

ზუსტად ნახევარი საათის წინ, დელისიდან ნუცუბიძეზე ამოსასვლელად შევახტი ავტობუს ნომერ 99-ს. მეტროდან ჩემს სამსახურამდე სულ სამი გაჩერებაა –  ხშირად ფეხითაც დავდივართ ხოლმე, მაგრამ დილაობით ყოველთვის მაგვიანდება და ამიტომაც ავტობუსს მივმართავ.

ზუსტად ერთ გაჩერებაში, გზაჯვარედინზე, სადაც კანდელაკის ქუჩიდან, დელისიდან და ნუცუბიძიდან მომავალი ავტობუსები ერთმანეთს ხვდებიან (თუ პირდაპირ არა, ირიბად მაინც),  ყოველთვის დგას ერთი-ორი კონტროლიორი.  მართლა ძალიან კარგად მოიფიქრეს მე და ჩემმა ღმერთმა,  რადგან ერთგვარი საკვანძო ადგილია ასე ვთქვათ და  ”ვინუჟდენი” ხარ, რომ ბილეთი აიღო. თუმცა, როგორც წესი, ”დელისთან” ამოსულ მგზავრთა  უმეტესობა  პირველივე გაჩერებაზე არ იღებს ბილეთს და როდესაც კონტროლიორს დალანდავს, მხოლოდ შემდეგ  იწყებს ფაცი-ფუცს.

დღეს დილითაც ასე მოხდა.  მძღოლის გვერდითა სკამის უკან მჯდომი ქალბატონი ( დაახლოებით 50-55წლის) მას შემდეგ რაც ორი ახალგაზრდა კონტროლიორი დაინახა ფანჯრიდან –  დაფაცურდა. ამოიღო საფულე, რომელშიც ჩემი ღრმა რწმენით ”მეტრომანი”  იდო და დასცხო აპარატს –  არ  ჩამოვიდა ბილეთი, მეორედ დასცხო, შემდეგ გახსნა საფულე და ამოიღო ბარათი –  დაარტყა. ისეთ ხმას გამოსცემდა, რომ ვუთხარი, ალბათ, ანგარიში არ გაქვთ მეთქი. ამასობაში, ორი კონტრლიორიც ამოვიდა – ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ ( ჰო, ვიცი, რომ ბიჭი თავისთავში გულისხმობს ახალგაზრდას:-D ) – ბილეთები წარმოადგინეთო. წარმოვადგინეთ.  ამ ქალმა – აი, ვერ ვიღებო. კონტროლიორმა ბარათი გამოართვა და თავად დაადო აპარატს – 10 თეთრი გაქვთ მხოლოდო – უთხრა და დაუბრუნა პატრონს.

– აბა რა ვქნა,?

– ხურდით გადაიხადეთ ქალბატონო.

– არც ხურდა არ მაქვს.

– მაშინ ჩამობრძანდით.

– არა, სად უნდა ჩამოვიდე, არა მაქვს მეთქი, თორემ ხომ გადავიხდიდი, თქვენთან სალაპარაკო რა მჭირს ( ადამიანი გულღრძოა და მე გამახსენდა, ეს ქალი დელისამდე რომ იყო ავტობუსში ამოსული და ბილეთის ასაღებად კონტროლიორების დანახვის შემდეგ გაიწია, ისიც გამახსენდა, რომ განცხადებაა გაკრული – ამოსვლისთანავე უნდა აიღოთ ბილეთიო).

–   ქალბატონო ჩამობრძანდით ( არ დაგავიწყდეთ, რომ ავტობუსი გაჩერებულია მთელი ეს დრო, ხალხს ( ყოველ შემთხვევაში მე) კი გვეჩქარება.

– არსადაც არ ჩამოვალ, რატომ უნდა ჩამოვიდე, არ ჩამოვალ მეთქი.

–  ქალბატონო,  ჩამობრძანდით ახლა, სადამდე ვალოდინოთ ეს ავტობუსი ( ჩაერთო მეორე კონტროლიორი).

–  არსად არ ჩამოვალ მეთქი, თქვენ ადამიანები არ ხართ, ჰიტლერები ხართ ყველა. მაინც არაფერს არ ჩაგაწერინებთ, აი, არ ჩამოვალ – ქალმა ზურგი შეაქცია კონტროლიორებს და ფანჯრისკენ მიბრუნდა.

–   ქალბატონო, მეც კონტროლზე ვარ, თქვენ რა გგონიათ – ხმას აუწია პირველმა კონტროლიორმა.

–   არ მაინტერესებს თქვენი კონტროლი. არ ჩამოვალ და ვსიო, არა მაქვს და ვერ ავიღე. – კივის ქალი.

ამ დროს ავტობუსის უკანა ნაწილიდან მამაკაცი მოიწევს, ალაგმელოტ-ალაგშეჭაღარავებული თმა აქვს და გრძელი, ლურჯი ლაბადა აცვია.  – რამდენია გადასახდელი, მე ავიღებ მის ბილეთს.- ამბობს ის და ხურდებს აჩხრიალებს.

 

– გეუბნებით, არაადამიანები ხართ თქვენ, მაინც არ ჩამოვალ, არა. – არ ჩუმდება უბილეთო ქალი.

– ქალბატონო, ბილეთი არ გაქვთ, ჩვენ რა ვქნათ? – კონტროლიორი.

– ბატონებო, არ გვინდა,  შევწყვიტოთ, მე გადავიხდი  ამ ქალბატონისას –  მიმართავს მშვიდი ხმით ალაგმელოტ-ალაგშეჭაღარავებულთმიანი და გრძელლურჯლაბადიანი მამაკაცი – ყვითლებს, ორ ოცთეთრიანს იღებს, ერთს აპარატში აგდებს, მეორე ძირს უვარდება, იხრება, იღებს და კვლავ აგდებს აპარატში, შემდეგ ბილეთს ხევს და ქალბატონს უწვდის.

–  კი ბატონო, ჩუმად ჩაილაპარაკა პირველმა კონტროლიორმა და ჩავიდა. ავტობუსი დაიძრა, ქალმა მადლობა გადაუხადა ”მხსნელს” და გააგრძელა – ესენი არ დაესწრონ ახალ წელს, ამათმა არ გაიხარონ ცოლ-შვილში, ეს უოჯახო და უგულო ხალხი.

–   ქალბატონო, ამათ რა ქნან, სამუშაოს ასრულებენ – ამოვიკნავლე მე.

ეტყობა ჩემი კნავილი  მოწმენდილზე მეხის გავარდნასავით გაისმა, რადგან თუ აქამდე ეს ქალი ლაპარაკობდა მხოლოდ, ახლა მთელი ავტობუსი აყვა.

”ესენი ადამიანები არ არიან, ფაშისტებზე უარესები, ადამიანის გამწარებაზე არიან გამეცადინებულები, ურჯულოები, არაფერი ადამიანური მათ არ ესმით” – მომდევნო ორი გაჩერება ”დედის ნანასავით”  ჩამესმოდა ეს და ბევრი ამგვარი ფრაზა..

ხოდა, მე მაქვს კითხვა: კონტროლიორი ვალდებულია იყოს ”ადამიანი” ( ადამიანის ქართველური მნიშვნელობით)  ყოველ ჯერზე? მჯერა, ”მას” ასეთი ხვდება დღის მანძილზე ათობით და ასობით და ყველას პრობლემა უნდა გაითვალისწინოს? ეს ხომ იგივეა, პოლიციელს რომ ვუთხრა – კი კაცო, მართალი ხარ, ბინა ( სახელმწიფო) გავქურდე , მაგრამ ადამიანობა გამოიჩინე და მაპატიე რააააა…

 

 

ტეგები: , , , ,

ჩემი ომი ანუ 2008 წლის 8 აგვისტოს მცირე რეპორტაჟი

ამ წერილის დაწერა , უფრო ზუსტად ატვირთვა 8 აგვისტოს მინდოდა, მაგრამ დღეს ლაშა ბერულავას და სხვების ჩანაწერები წავიკითხე და გული დამიმძიმდა. ამიტომ, არ მოვითმენ კიდევ სამ დღეს და ჩემი თვალით დანახულ 2008 წლის 8 აგვისტოს ახლავე გაგიზიარებთ.

2008 წლის 8 აგვისტოს სოფელში მივდიოდი. წელსაც ძალიან მინდოდა, დამემთხვია და ორი წლის შემდეგ ( ომის მერე იქ აღარ ვყოფილვარ), ისევ 8 აგვისტოს წავსულიყავი, მაგრამ მარი ბჭობდა და ლოვა (სტომატოლოგი) იცინოდაო, “რომ იტყვიან ხოლმე” და გადამედო სამი დღით წასვლა.

შარშან, ბლოგზე ერთი პოსტი დავწერე, სადაც იმ დღის შესახებ მქონდა მოთხრობილი. ვიცი, რომ არც ისე ორიგინალურია, ომზე ბევრმა დაწერა, ბევრი დაწერს და პრინციპში, მე ომი არც კი მინახავს, მაგრამ საჩხერეში, (სადაც რუსული თვითმფრინავები არც თუ ისე იშვიათი იყო) , სრულ იზოლაციაში, ინფორმაციულ ვაკუუმში გატარებული 21 დღე, (სადაც მე და ჩემი დეიდაშვილი ვიყავით ყველაზე უფროსები – სოფო 21-ის, მე 19-ის) – ჩემი ცხოვრების კოშმარულ დღეებად ნამდვილად დარჩება.

ქვემოთმოყვანილი პოსტი შარშან ავტვირთე ბლოგზე, მგონი, არ დაძველებულა და ყველა 8 აგვისტოსაც გამოდგება.

”დღეს ვფიქრობდი , რომ ომის წლისთავია, რომ ერთი წელი გავიდა “აგვისტოს მოვლენებისა” და “რუსული აგრესიის” შემდეგ და გამახსენდა შარშანდელი რვა აგვისტო..
სოფელში მივდიოდი, სოფელი მაქვს საჩხერეში, ზუსტად ჯავის საზღვართან, როგორც ამბობენ ერთი ქედი , ტყე თუ გორა გვყოფს.
ჩემი და, ბიძაშვილი და დეიდაშვილი (14, 17 და 21წლის გოგოები) იყვნენ უკვე იქ.
მეც რამდენიმე დღის ჩამოსული ვიყავი თბილისში. კბილზე შემექმნა პრობლემები და გული ისევ იქით მიმიწევდა:-D

7აგვისტოს ტელევიზორისთვის საერთოდ არ მიყურებია (მეც ჟურნალისტი ვარ რაღა), რაღაც კი თქვეს, მაგრამ ვერ წარმომედგინა , რომ ამდენად სერიოზული საფრთხე იყო, ვერ წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა ომი დაწყებულიყო.

ხოდა, 8 აგვისტოს სამგორის სადგურში ვიყავი ”ბარგაკიდებული” და ჩემი სოფლის მარშუტკას ველოდი. (ეს არის ცამეტადგილიანი , ყვითელი ფერის, მგზავრობისთვის ყოვლად შეუფერებელი ტრანსპორტი, რომელიც ლიჩი-თბილისის რეისით კვირაში მხოლოდ სამჯერ დადის და რომელზე ადგილის დაკავებაც წინა დღეებში იწყება).

ხალხი ბლომად იყო შეკრებილი და მეც გასული წლების მსგავი შიში , ნაცნობი გრძნობა – “ვაი, ადგილები რო არ იყოს და დარჩენამ მომიწიოს”? – დამეუფლა.

ამ დროს ერთი მგზავრი (ჩემს უბანში უნდა ჩამოსულიყო), მორბის ყვირილით – ვაიმე, გორი დაბომბეს, ვერავის ვუკავშირდებით, მობილური ქსელებიც გათიშულიაო. დავიწყე წვალება, იმ დროს, უფრო აქტიურად ლაი-ლაის ნომერს ვხმარობდი, რომლითაც ვერაფრით ვერ დავრეკე. ჩავდე ბალის კარტა და როგორც იქნა მოვახერხე სოფელში ” გასვლა” – ცოტა დავაშინე “ბიძაშვილ-დეიდაშვილ-და” – შეიძლება ვერ ჩამოვიდე მეთქი..

ამასობაში მოვიდა როგორც იქნა ჩვენი მარშრუტკა, მძღოლს შემოვეხვიეთ – აბა რა ხდება თქო.
მისი პასუხი: – არაფერი კაცო, უბრალოდ რომ მოვდიოდი, იგოეთთან ჭურვი ჩამოაგდეს და მანქანის უკან აფეთქდა.

ხალხი დაფეთდა..

დედაჩემი და დეიდაჩემი ცდილობენ გადამარწმუნონ წასვლაზე – ამას ჯობს, ჩვენ წავიდეთ და ისინიც წამოვიყვანოთო.

მე ცივი უარით ვიკავებ ადგილს და “ფეხებს ვაფიჩინებ” – უნდა წავიდე მეთქი. (ნუ, ერთი მხრივ , კარგად მოვიქეცი, რადგან ისინი რომ წასულიყვნენ, ჩარჩებოდნენ მთელ თვეს და იქით თავად მოკვდებოდნენ შიმშილით, აქეთ მე:)დედაჩემი მაინც არ წყვეტს ხვეწნას, მე “ვამშვიდებ” – ხო იცი, იმათ საჭმელი უთავდებათ და მე რომ არ ჩავიდე, შეიძლება ისე დარჩნენ.
ცოტა გაჭრა..

მგზავრობის მოსურნეთა რიცხვმა შესამჩნევად იკლო, ადამიანებიდან, რომლებისგანაც სამი მარშუტკა გაივსებოდა, რვა კაცი ვრჩებით.

მძღოლი გვამშვიდებს – თუ გადაკეტილი იყო გორთან, უკან მოვბრუნდებით, რა პრობლემაა.
როგორც იქნა, გავედით.

ფანჯარასთან მჯდომს უფრო მიტანს შიში, გზაზე დაუსრულებელი კოლონებია – რეზერვისტების, “ორხიდიანების – სავსე ჯარისკაცებით”, სხვადასხვა ტექნიკის.

“ღმერთო, შენ დააბრუნე ყველა მშვიდობით” – პირჯვარს იწერს მარშუტკაში მყოფი ერთადერთი ქალი. ნუ, ჩემს გარდა). ის ჩემს სოფლამდე ცხოვრობს და თბილისში მოტეხილი ფეხის სამკურნალოდ იყო ჩამოსული.

მანქანაში მყოფი შვიდ ი მგზავრი+მძღოლი მოსალოდნელ საფრთხეებზე იწყებს მსჯელობას, მე რადიოს ვრთავ და ვცდილობ ახალი ამბები გავიგო.

“რუსების ერთი თვითმფრინავი ჩამოაგდეს”, უკვე ორი, უკვე სამი . . – ვამშვიდებ გზადაგზა ჩემს “თანამოინახეებს”, ისინი თავიანთ ოჯახზე და ახლობლებზე იწყებენ ლაპარაკს , პრეზიდენტმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა – “რა გვეშველება” – როდის მორჩება ყველაფერი” – ატირებული კითხულობს მარშუტკაში მყოფი ერთადერთი ქალი. ნუ, ჩემს გარდა). ის ჩემს სოფლამდე ცხოვრობს და თბილისში მოტეხილი ფეხის სამკურნალოდ იყო ჩამოსული.

“ხვალვე წავალ ომში და რუსებს დედას ვუტირებ”: – აღგზნებული სახით ყვირის ვასიკო – მარშრუტკის პატრონი და მძღოლი (ის აფხაზეთის ომშია ნამყოფი და ყოველ წელს, ყოველ მგზავრობისას აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნებას განიხილავს.

“მიშამ თქვა – დავიბრუნებთო და დავიბრუნებთ. ძალით, ნებით, მაგრამ შევალთ, ჩვენს ადგილს მაინც დავიბრუნებთ” – ეს მისი საფირმო ფრაზაა. (კიდევ ერთი, ამბობენ, რომ აფხაზეთის ომის დროს ვასიკოს ძმა დაეღუპა და მისი ცხედარი ერთ კვირას ზურგით ატარა, სანამ სოფელში ჩაიყვანდა და მიწას მიაბარებდნენ.)

გორის გზა გახსნილი დაგვხვდა, თუმცა მოძრაობა ძალიან გაძნელებულია. . ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით მოძრავ რეზერვისტებით სავსე ათეულობით ავტობუსს და მსუბუქ მანქანას რამდენიმე საცობი აქვთ შექმნილი . ყველგან პატრული დგას, გორის ცენტრში დაბომბილი ადგილი ჩანს, ქალაქის გარეთაც მოჩანს მინდვრებზე დამწვარი ადგილები.
რატომღაც, პირველად “ვასოს მარშუტკით მგზავრობის” ისტორიაში, მანქანა არ გაფუჭებულა და სამი საათი შესაკეთებლად არ “წაგვიყვანია””, ერთი ეგ იყო, ერთერთი მგზავრის წამოღებულ ბალონს გაზი გაუვიდა და გაგუდვა-აფეთქებას ბეწვზე გადავრჩით.

მობილურ ოპერატორებს უფრო და უფრო უჭირთ მუშაობა. მხოლოდ გამოტოვებული ზარებიღა მომდის,. ძლივს მოვახერხე მესიჯის გაგზავნა.

ჭერათხევიდან აღარც რადიო იჭერს. სწორედ აქ იწყება ჩემი ინფორმაციული ვაკუუმი, რომელიც ზუსტად 21დღეს გაგრძელდა. ამ პერიოდის მანძილზე ტელევიზორის (კურიერის) ყურება მოვახერხე სამჯერ. მიზეზი – ჩემი სოფელი არის (მაშინ იყო) ნამდვილი სოფელი, ანუ ჯუნგლები, სადაც ცივილიზაციას თითქმის არ შეუღწევია. ტელევიზორი იჭერს იმ ოჯახებში, სადაც “ანტენა-თეფშები” აქვთ.

წკოტთან თვითმფრინავები შევნიშნეთ ცაზე. მგზავრები ლოცვას იწყებენ, აფეთქების ხმა ისმის და ფანჯრიდან ცეცხლმოკიდებული ადგილი ჩანს მინდორზე. ჭურვი ჩამოაგდეს.

მძღოლი (ისედაც ძალიან სწრაფად დაჰყავს მანქანა) უფრო უმატებს სიჩქარეს, უსწრებს წინ მიმავალ “ოპელს” და ლამის ეჯახება ცისფერ “ვოლვოს”, რომელიც “ოპელის” წინ მიდიოდა.
ვასიკო მარჯვნივ ატრიალებს მანქანას და მკვეთრად ამუხრუჭებს, მარშუტკა ტროტუარიდან გადადის და მარჯვენა ნახევრით გადაღმა თხრილში დგება, მარცხენა კი თითქმის ჰაერში აქვს. მძღოლი სასწრფოდ ასწორებს და აჩერებს მანქანას.

“შე სამიწე, ბომბს გადავრჩით და შენ უნდა მოგვკლა? სახლში მაინც ჩაგვიყვანე ცოცხლები ” – ყვირის მარშუტკაში მყოფი ერთადერთი ქალი. ნუ, ჩემს გარდა). ის ჩემს სოფლამდე ცხოვრობს და თბილისში მოტეხილი ფეხის სამკურნალოდ იყო ჩამოსული.

ბოლოსდაბოლოს ჩავდივართ ლიჩში. სოფელში დამხვედრები მძღოლს შემდეგ რეისზე ეკითხებიან – “არ ვიცი, ხვალ ომში მივდივარ, დავხოცავ რუსებს და ჩამოვალ” – იცინის ვასიკო.

მერე კი.. 21დღე სრულ იზოლაციაში, შიშში , ღამე გათიშული სინათლე – დაბომბვისას რომ არ დაგვინახონ.

მეზობელ სოფელში (6კმ-ში) გადასვლა – პურის თუ ერთი კგ შაქრის საყიდლად. ყოველ ახალ ჭორზე – ”საფიხვნოზე” შეკრებილი სოფლის მკვიდრნი და მათი ბჭობა – აგერ მოსულა ჯარი, დაბლა ნახეს სამხედროები, ტყეში გავიქცეთ, გავიხიზნოთ.

თბილისიდან ზარები – ვაიმე, მაქეთ მოდის ჯარი, ვაიმე, თბილისში შემოდიან რუსები.

ჩემი ბიძაშვილის მუდმივი წუწუნი და ზარები დედამისთან – როგორც გინდა წამიყვანე, მე აქ მოვკვდები. ჩვენი ჩხუბი მასთან – არა პანიკას.. ტყიდან შეშის მოტანა, ნაჯახით ატკიებული მკლავები, საჭმლის დამთავრებისას ბალახეულზე (დანდურზე) გადასვლა. თბილისიდან მოსული ახალი ინფოს მერე სოფელში “თეფშიანი” ტელევიზორის ძიება, ზოგჯერ უიმედობა – ვაი, თუ, არ გავიდნენ, ვაი თუ, სულ აქ ჩავრჩეთ.. რუსებისთვის კაი გინება.. და მაინც იმედი – რომ მალე დამთავრდება ის საშინელება , რასაც ომი ჰქვია.

ახლა მესმის, იმ ტრადიციულ ქართულ სუფრებზეც კი (რომლებიც ასე არ მეხატება გულზე), რატომ ამბობენ პირველს – მშვიდობის სადღეგრძელოს.

 

ტეგები: , , , , ,

რამდენიმე წუთი სტომატოლოგის კაბინეტში

დღეს, როგორც იქნა გავრისკე და სოფლის ხათრით მაინც ( შარშანწინდელივით ორ დღეში არ გავხდე გამოსაბრუნებელი მეთქი) დანტისტთან მივედი. ხუთზე ვყავდი დაბარებული, თუმცა, რენტგენზე ბოდიალის გამო, სხვა პაციენტმა დამასწრო და ლოდინმა მომიწია.

ექიმმა – დამელოდეო მითხრა, იქვე დავაპირე დაჯდომა, მაგრამ გვერდით ოთახისკენ მიმითითა. როგორია სტომატოლოგის კაბინეტში შენს მოსალოდნელ წამება-უბედურებაზე ფიქრი, ამიტომაც ვეცადე ”შავი აზრები” გულიდან გადამეყარა და + რეპორტაჟის წერა გამეხსენებინა : )

ოთახი, სადაც ჩემმა მომავალმა, ყოფილმა და ძირითადმა დანტისტმა გამომიშვა, ასევე სტომატოლოგიური კაბინეტია, ოღონდ ამ ოთახში კბილს მხოლოდ იღებენ და სვამენ. საიდანაც გამოვედი იქ კი – პლომბავენ. ორივე კაბინეტი მოსკოვის პროექტის ოროთახიანი ბინის შემადგენელი ნაწილია. ახლა სადაც ვარ, მას ჩვეულებრივ, სასტუმრო ოთახის დანიშნულება აქვს ხოლმე.

ოთახი 18 კვ.მეტრია (სტანდარტია ამ ბინების). კედელთან სამი სკამი დგას, ოთახის ბოლოში კი ტახტი, რომელზეც ახალგაზრდა ქალი ზის და ”მალბოროს” კოლოფს ხელში ათამაშებს. მან ქერად შეღებილი თმა გვერდზე გადაიწია და ექიმს გასძახა – არტიომ, მალე მორჩები?

სტომატოლოგი არტიომა სავარძელში მჯდომ პაციენტთან დგას. ჩემ გვერდით სკამზე მჯდომი ჭაღარა , შავოსანი ქალის მზერით, რომელიც აშკარა დაუფარავ შიშს გამოხატავს და მას არც ”ვაიმე, მეც ეგრე უნდა მიქნას” – კომენტარით მალავს, თავიდან მგონია რომ კბილს უღებს, თუმცა ორიოდ წუთში მიხვდი, რომ კი არ უღებს – უსვამს. პაციენტი სამოც წლამდე ქალია, რომელიც შიგადაშიგ წითელ მარაოს აფრიალებს და ამ უკანასკნელს არც თუ იშვიათად ექიმსაც ურტყამს ცხვირთან ახლოს.

– არტიომ, მალე მორჩები? იმეორებს ტახტზე მჯდომი ახალგაზრდა ქერათმიანი ქალი, რომელიც ახლა უკვე სიგარეტის ღერს აწვალებს თითებით.

– არ ვიცი რა, ესა და კიდე ერთი. – თავაუწევლად პასუხობს ექიმი და წვრილი ბურღით თუ ქლიბით აგრძელებს ქალის პირის ღრუში მუშაობას. შემდეგ ჩერდება და გვერდით ოთახში გადის. სავარძელში მჯდომი უკან ტრიალდება , ცისფერ თვალებს მაპყრობს და ჩლიფინით მეუბნება – ნუ გეშინია, კარგი ექიმია, ტკბილი ხელი აქვს. მერე კი სომხურად აგრძელებს რაღაცას ხმამაღლა ( არტიომამაც რომ გაიგონოს). მე მხოლოდ რამდენიმე სიტყვას – ”ცავატანემ”, ”ჰა”, ”ელი”, ”ცაუმა”, ახჩიკა” – ვარჩევ.

ექიმი ოთახში ბრუნდება, ხელში ვარდისფერი ქვედა ყბა უჭირავს, პროტეზი – ცხადია. პაციენტს წინ უდგება , პირს აღებინებს და აზომებს , შემდეგ ხელში იღებს და ქლიბვას უწყებს, ამ დროს ჭაღარა, მაღალი კაცი შემოდის, ცისფერ პერანგზე გამჭვირვალე ბადის პარკში გახვეული ორი პური და არაყი აუხუტებია და ექიმს მიმართავს: არტიომ, ის ნახე? დღეს იყო მოსული.

– ვინ, ლენაჩკა?
– ხო ეგა.
– კი, ინსტრუქცია ვაჩვენე, ამბობს სემიჩკას ვერ ვჭამო, 20 ცალის შეჭმას ვუნდები მთელი დღეო. – არტიომა რაღაც ხსნარს ასხამს ქალს პირში, ”ნერწყვი არ გადაყლაპო და გადააფურთხე ” – აფრთხილებს პაციენტს. თავად კი სათვალეს იხსნის, სალფეთქს იღებს და წმენდას უწყებს.

ტახტზე მჯდომი ქერათმიანი ქალი ფეხზე დგება და მაგიდასთან მიდის, რომლის ზედაპირი მთლიანად დაფარულია ”საგუშაგო კოშკის” სხვადასხვა ნომრით და იეღოველთა რამდემიმე წიგნით.

მე კი ჩემი ექიმი მიხმობს. პაციენტი არ გაუშვია, თუმცა, ამჯერად თავის კაბინეტში მთხოვს დაჯდომას.

ექიმი ახალგაზრდა, შავგვრემანი, მაღალი და სრული, რომ იტყვიან ახოვანიო, ისეთი სომეხია. სახელად – ლოვა. დავჯექი თუ არა, პირბადე აიფარა, ცალ ხელზე ხელთათმანი წამოიცვა და სავარძელზე გადაწოლილ პირდაღებულ მამაკაცს მიუბრუნდა.

ჩემსა და ექიმს შორის გორგოლაჭებიანი, ორსართულიანი პატარა მაგიდა დგას, რომელზეც ბურღები, ნემსები, პინცეტები, მაკრატლები და სხვადასხვა ზომის თუ სახის რკინის ჩხირები აწყვია. ასევე – დოლბანდი, ბამბა, 95%-იანი ეთილის სპირტი, ბანკით რაღაც ქაფიანი წყალი, წვრილი შპრიცი და სხვადასხვაწარწერიანი შუშები.

ჩემ გვერდით კი, მინის კარადა დგას, რომელშიც ზუსტად ანალოგიური საგნები ალაგია, ლოვამ სკამიდან წამოიწია, ხელთათმანი მოიხსნა და პაციენტის მარცხნივ და მისი თავის გასწვრივ მდებარე სპეციალურად მოწყობილ სანერწყვე ურნაში ჩააგდო, შემდეგ სქელ მინაზე ორი შუშიდან გადმოყრილი ფხვნილი დაყარა, სქელი სითხე შეურია და რკინის პიპეტით დაუწყო არევა. მიღებულ მასაში ასევე რკინის ვიწროაწეულპირიანი რკინის ”ჩხირი” ჩაყო და პაციენტის კბილისკენ წაიღო. რამდენიმე წამში ჩხირი მიაბჯინა და ჯაჯგური დაუწყო კბილს, ცაუმა? ბალიტ? – ეკითხება პაციენტს. შემდეგ წამოდგა, რაღაც მითხრა ორჯერ რუსულ-სომხურად, ვერ გავიგე, გაეცინა და გავიდა.

სავარძელში მწოლი კაცი წამოიწია, ირგვლივ მიმოიხედა, ჟღალი ულვაშები მაჯით მოიწმინდა და მის გვერდით მდებარე სარკეს დასწვდა. კბილს უწყებს თვალიერებას, თუმცა, ოთახის განათებამ არ დააკმაყოფილა და სავარძლის თავზე დაკიდებული აპარატი ჩართო. ჯერ საკუთარ თავს გაუცინა სარკეში, მერე მე შემომხედა და : კარგი ვინმეა არა? – გაიღიმა.

ამ დროს, ლოვას ტელეფონი აწკრიალდა, ემინემი უყენია ზარად, ექიმი შემორბის, პურის ლუკმას პირში იტენის და ჩქარ-ჩქარა ყლაპავს. საუბრის დამთავრების მერე კი, კვლავ პაციენტს უჯდება. ოღონდ ძალიან ცოტა ხნით – კიდევ ერთხელ ჩახედა პირში, გაუცინა და სავარძელი დაბლა დასწია. ჟღალულვაშიანი, მწვანეთვალება და ლოყაზეხალიანი 35-40 წლის კაცი ფეხზე დგება, საფულიდან ასლარიანს იღებს და ლოვას უწვდის. ხურდის მიღების შემდეგ, ექიმის ნომერს იწერს და გვემშვიდობება.

ორიოდ წუთში კი, იმ სავარძელში, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ, ორი მეტრის მანძილიდან ვუყურებდი, უკვე მე ვზივარ.

 

ტეგები: , , ,

ვაკის პარკიდან ”დელისამდე” ანუ ახალი გზის ნახვის სურვილით გავლილი მარშრუტი

დღეს, ილიაუნიში ვიყავი მასალაზე წასული. შვეიცარიელი პროფესორები იყვნენ ჩამოსულები სამეცნიერო კვლევების ამბებზე. ჩემს საქმეს, ერთ საათში მოვრჩი და სამსახურში წასვლა გადავწყვიტე.

ვაკის პარკის მოპირდაპირე მხარეს, 67 ნომერი ავტობუსის ოცწუთიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ, გამახსენდა, რომ ახალი გზა ნანახი არ მქონდა და გადავწყვიტე ფეხით წავჩანჩალებულიყავი. ძალიან ცხელოდა, ყურსასმენები მე არ მქონდა და შესაბამისად, თავსაც ვერაფრით ვერ გავირთობდი. ამიტომ, ერთადერთ “გზად” ხალხის და გარემოს დათვალიერება დამრჩა. გამახსენდა ჩემი პირველი ნაბიჯები რეპორტინგში ”გზათააღმწერლის” რანგში, ხოდა გადავწყვიტე პაწა გამეხსენებინა და საკუთარი თავიც გამეხალისებინა.

სიარული, როგორც ზემოთ აღნიშნე, ვაკის პარკის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ავტობუსის გაჩერებიდან დავიწყე. რამდენიმე მაღაზიის გავლის შემდეგ, უკვე ჩემთვის უცნობ, მხოლოდ ავტობუსის ფანჯრიდან თვალმოკრულ გზას დავადექი. ქუჩის მეორე მხრიდან, შავით მოსილი ქალი მოდის, ძალიან ცხელა, თუმცა, მას მაინც შალის სქელი ჟაკეტი და გრძელი კაბა აცვია. ორივე ხელში დიდი, გამჭირვალე პარკები უჭირავს, საიდანაც ”ბუბლიკები” და ”კექსისმაგვარი” ნამცხვარი ჩანს.

 ჩემ წინ, მწვანე-ყვითელ-გრძელ-გაშლილკაბიანი ქალი მიდის, ადრე, ამას ”იზაბელას” კაბებს ეძახდნენ, ერთი სერიალის მთავარი გმირის საპატივსაცემოდ. ქალი ”კალიასკას” მიაგორებს. მგონია, რომ ბავშვი უზის და გადავუსწარი, თუმცა, მალე აღმოვაჩინე, რომ შევცდი. ”კალიასკიდან” მწვანეთვალება, დიდი თოჯინა იმზირება, რომელსაც ზედ მწვანილის პარკი ადევს.

უკვე, თამარაშვილის 1-სა თუ 11 ნომერში ვარ, კარგად არ ჩანს. აი, იმ შენობასთან, კორნელი დანელია და გივი ჩივაძე რომ ცხოვრობდნენ. ძველი, დიდი, საბჭოთა ნაგებობაა. მისი ერთი ნაწილი თითქოს შეკეთებულია და ჭუჭყიანმწვანედ არის შეღებილი, თუმცა, სიძველის განცდას, მაინც ძალიან ტოვებს. მტვრიანია შემოგარენი, ირგვლივ, დახეული საარჩევნო პლაკატები ყრია, კიბეზე ქალი ზის, მზესუმზირას ყიდის, იქვე, მზისგულზე ქუჩის ორი ძაღლია გაწოლილი, მის გვერდით, ნაგვის გროვასთან კი ქალი ზის ხის ყუთზე. წინ კი სულგუნის თავები უდევს გასაყიდად. ყველს პარკი გადახდილი აქვს და მისი მოჭრილი ნაწილი მზისგან და მტვერისგან გადაზელილია.

აქვე კახა კუკავას საარჩევნო პლაკატია გაკრული, საიდანაც, მხოლოდ მისი თვალები მოჩანს. სახის ზემოთა ნაწილი მოხეულია, ხოლო ქვემოთ განცხადება – ”ვაყენებთ ვინდოუსს პროფესიონალურად” – არის გადაკრული. პლაკატთან გოგო დგას, ხელში ”ჯოკერის” ნაყინი უჭირავს, კუკავას თვალებს თუ ”ვინდოუსის გადამყენებლის” ნომრებს აკვირდება, ამ დროს ნაყინის ზემოთა ნაწილი გადატყდა და ვარდისფერ მაისურზე დაეცა. შემდეგ კი, რძე-შოკოლადის უკვე სქელ, ბლანტ სითხედ ქცეულმა მასამ ”ელასტიკის” შორტი ჩაიარა და ფეხის ზურგზე დავარდა…

ათვლის წერტილიდან, ავტობუსის შემდეგ გაჩერებასთან ვარ. მოსაცდელის მინები სანახევროდ ჩალეწილია, შერჩენილი ნახევარი კი მტვერში ალესილი სისველით არის გადაგლესილი. გაჩერებაზე მხოლოდ ერთი ქალი და ერთიც კონტროლიორი დგას. ამ უკანასკნელს, საჯარიმო დავთარი თუ ოქმთა დღიური გულზე აქვს ახუტებული. 88 ნომერი გაჩერდა. გოგო ჩამოდის, ელასტიკები, მოკლე ლურჯი კაბა და ლურჯივე ღილებიანი, თხელი მოსაცმელი მოსავს.

– ბილეთი მოქალაქევ – ჩამოიღო ”გულზედაკრეფილი დავთარი” კონტროლიორმა. გოგო დიბნა და მის საწინააღმდეგო მიმართულებით დააპირა გასვლა, თუმცა უშედეგოდ.

– არ მაქვს ბილეთი, ახლავე ავიღებ, – გოგო საფულეს ხსნის, ხურდა ფულს იღებს და კაცს უწვდის.

– მე რას მაძლევ, რომელი აპარატი მნახე?

 – იქ ვერ ავიღე, არ ვიცი.

– პირადობა წარმოადგინეთ…

 გზას ვაგრძელებ. უკვე, თამარაშვილის 13ა-სთან ვარ. ”თქვენ ამ სახლზე ოცნებობდით”-აწერია შენობას. დაუმთავრებელი მაღალსართულიანი ნაგებობაა. მის შემდეგ გზის გავლა უკვე ჭირს, მანქანების სავალ გზაზე დავდივარ, სიგნალებზეღა ვუბრუნდები ტროტუარს, სადაც ასვალტი აყრილია და ბღუჯა ბალახია ამოსული. გზის გაყოლებაზე, ქვის კედელზე მხოლოდ კუკავას და ძიძიგურის საარჩევნო პლაკატები ცვლის ერთამნეთს. და აჰა, ახალი გზაც გამოჩნდა, ხიდივით გადასხედიდან ვიყურები, მანქანები ასე თუ ისე, იშვიათად მოძრაობენ. მის თავზე კლდეა აშვერილი, ძალიან უცხოდ მეჩვენება, ”ქალაქაგარეთს” მაგონებს.

წინ მივდივარ, ”დელისამდე” არც თუ ისე ბევრი დარჩა. გზაზე დაყრილი ქვები თხელძირიან ფეხსაცმელში მერჭობა. მალე, ტყე, როგორ დავარქვა, მაგრამ ხეებით დაბურული ადგილი იწყება, დასაწყისში, შემოუღობავია, შემდეგ კი, რკინის გალავნით შერაგვული. ერთერთ ხესთან კაცი დგას, ქამარს ისწორებს. ორი ხის იქით კი მოხუცი, თეთრთმიანი, თეთრებში გამოწყობილი და თეთრჩანთიანი ქალი სცემს ბოლთას, ჯერ, ერთ ხეს დაარტყამს წრეს, შემდეგ სხვა ხესთან მიდის.

ბენზინგასამართი სადგური ”ვისოლიც” გვაიარე. მისგან რამდენიმე მეტრში ცემენტის და სხვა საშენი მასალის აუტანელი სუნი დგას. გზის ორივე მხარეს რაღაცას თხრიან , წელსზემოთ შიშველი კაცი თავდაყირაა ორმოში ჩამხობილი და გამალებით მუშაობს რკინის იარაღებით. ლურჯი, ორზოლიანი სპორტული ჩასწევია და წელს ქვემოთ ღარი უჩანს. ამ დროს, დარტყმის ძლიერი ხმა ისმის და ქვის გოროხიც ამოვარდა ზევით, ფეხი ახლაც მტკივა.

რესტორანს მივადექი – ”მეგრელები – მანონი”. ეზო ცარიელია, მხოლოდ, რესტორნის ერთი თანამშრომელი დგას ჭიშკრის შიგნით. გარეთ კი, ”მერსედესის” ფირმის ორი ჯიპი დგას. ერთი ცარიელია, მეორესთან კი, სამი კაცი იმაზე ბჭობს, ღირს თუ არა ”მეგრელებში” შესვლა.

– ხაჭაპური კარგი აქვთ – ამბობს, მელოტი, ჯარისკაცის ფორმიანი, 40-იოდე წლის მამაკაცი, რომელსაც წარბზე დიდი ხალი აქვს, თან, ჯიბიდან საფულეს იღებს და ფულს ითვლის.

– ხაჭაპურზე ხომ არ გადავალთ, ამხელა ხალხი, ხინკალი ამათ არ უვარგათ და მწვადი. – პასუხობს გამხდარი, დაბალი, ულვაშა კაცი და გვერდით მდგომ ქერა -ცისფერთვალება და წითელ შორტებში გამოწყობილ ვაჟს უყურებს, რომელიც ასანთის ღერით კბილებს იჩიჩქნის.

– თქვენ როგორც გინდათ, ისე ვქნათ, – წამიერად იღებს პირიდან ასანთს ბიჭი და ისევ უკან იბრუნებს. სამეული მანქანაში სხდება.

სუპერმარკეტ ”სამოსთან” ვარ, ”ფანტის” ან სხვა რამე გამაგრილებლის ყიდვა მინდა, თუმცა, ვხედავ , რომ ”ჟალუზებს” უშვებენ, ალბათ, უკვე კეტავენ. გზა გავაგრძელე, თუმცა, უკან რომ მოვიხედე , მიხვდი, რომ უბრალოდ, სიცხეს ემალებიან და ”ჯალუზიც” მხოლოდ სამი მეოთხედით აქვთ ჩამოშვებული.

ყაზბეგის და თამარაშვილის გადაკვეთაზეც მალე მივედი, კუთხეში მდგარ ”პოპულში” მაინც შევედი ”ფანტისთვის”. მოლარესთან რიგი დგას, შევარჩიე ჩემთვის სასურველი ზომის, სასურველი სასმელი და რიგს შევუერთდი. ჩემ წინ, სამი ადამიანი დგას, ორი კი უკან. თუმცა, უკან დგომი კაცი, რომელსაც ლუდი უჭირავს,- ”შენს ”ფანტას” ჩემი ლუდი ჯობს პრინციპით”, გამყიდველს უყვირის: აუ, ეს მაქვს მარტო, აქედან ვარ (სასმელების ”კარადისკენ” უთითებს) და გამომართვი რა ფული. გამყიდველიც უჯერებს. გვერდიდან კი პუტკუნა, 20 წლამდე ცისფერთვალება ბიჭის შეძახილი მესმის:

ჯოხიანი კანფეტი არ გაქვთ?

 – როგორი ჯოხიანი?

– რავი, ლიჟბი ჯოხიანი იყოს.

 – ჩუპა-ჩუპსები გვაქვს.

 – იყოს, ოღონდ დიდი მინდა.

ჩემ წინ მდგომი ქალი კი, ერთჯერად ყავას ეძებს.

”რაღაცებიანი არ მინდა, რძე და შოკოლადები არ ქონდეს, მარტო ყავა მინდა და კარგი. ასეთი ნებავს, შვილიშვილი ჩამომივიდა ჯარიდან, იცი, რა კარგი ბიჭია? რამდენი წლის ხარ შენ დედა?” – მიმართავს ”პოპულის” ქერათმიან, თაფლისფერთვალება ოპერატორს, რომელსაც ეღიმება და ქვითარს უხმოდ უბეჭდავს.

”დელისამდე”, გზას კი სულ სირბილით გავდივარ, ავტობუსის გაჩერებასთან ვდგები და ”არჩევნებზე მიდიხარ?”, ”გუშინდელი კონცერტი მომეწონა”, ”ხვალ გიგას ბანკეტია”, ”პლატოზე ადის”?, მეორე მიკროში”? – ამ და ”სხვაფიქრებიან” ხალხთან ერთად, მოთმინებით ვიწყებ ხუთი ”საჩემო” ავტობუსიდან ერთერთის ლოდინს.

 

ტეგები: , , ,

ყველაზე არაპოლიტიკური პოლიტიკური არჩევნები

გუშინ ვიყავი თბილისი მარიოტში რომ დაჯილდოე.. არა, სლოგანების არჩევნებ.. არა, აი, ის, ყველაზე არაპოლიტიკური პოლიტიკური კონკურსი რომ იყო.. მოკლედ, საარჩევნო სლოგანებისთვის უნდა მიენიჭებინათ სხვადასხვა ნომინაცია და რაღაცები უნდა გაეთამაშებინათ.

მერობის კანდიდატებს თავიანთი ფორმალურ-არაფორმალური ფოტოებით სტენდები ჰქონდათ გაკეთებული და ყველაზე მეტად ვინც მოაწონებდა თავს დარბაზში შეკრებილ პატივცემულ საზოგადოებას – აბა, სტენდზე დამინახე ვინაა ვაარ, აბა მარიოტში მნახე ვინა ვაარ – პრინციპით, დარბაზის არჩევნებში გამარჯვებულიც ის იქნებოდა.

ბევრი ვათვალიერე თუ ცოტა მერობისთვის მრბოლელთა ფოტო-სლოგან-პლაკატები, ”მოწყენა ვიგრძენი”. როდის დაიწყება და მერე დამთავრდება მეთქი, ვფიქრობდი, თან საათზე ვიყურებოდი მალიმალ და ვცდილობდი გამომეთვალა, რამდენ ხანში დამთავრდებოდა, მერე რამდენ ხანში მივიდოდი სახლში, დავწერდი , მოვასწრებდი თუ არა სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაციაზე მისვლას და ასე შემდეგ. ამ დროს მოვიდა ზვიად ძიძიგური, ვინ მიმიშვა მასთან და მის სიახლოვეს, როოომ დაეხვივნენ მასთან ერთად მოსული ”უცნობი”, მაკა ასათიანი და კიდე ვიღაცები, მკლავის სიახლოვეზეც კი ვერ მივედი. ერთი ისღა მოვახერხე, რომ ყური შევყავი ჩემ წინ აყუდებულ ორ ოპერატორს შორის და გულ-სულგანაბულმა ვცადე მოსმენა. საკუთარ ხელნაკეთობებზე ლაპარაკობდა, კაიკაცობასა და ადამიანობაზე, უცებ ვიგრძენი, რომ დეჟავიუ მქონდა და ეს სიტყვები რამდენჯერმე მქონდა მოსმენილი სხვადასხვა აქციაზე და წავიჩოჩე წინ, წამყვანისკენ, რომელიც ”კაკრაზ”, იმ დროს გამოვიდა სცენაზე ყველაზე არაპოლიტიკური პოლიტიკური არჩევნების ჩასატარებლად.

ყველა მრბოლელის წარმომადგენელი გამოვიდა სიტყვით, ”ასეთები ვართ, ისეთები ვართ”, ”ჩვენ ვართ, რაც ვართ” , ”მოგვეცით და მოგეცემათ” და მასეთები.. მერე ჟიურიც შეუდგა საკუთარ საქმეს და სახეთეთრადშეღებილი და თეთრხელთათმანიანი მსახიობ-მოცეკვავეებიც (რაღაც სახელს ეძახდნენ, მე არ ვიცი:-/ დარაზმეს დარბაზის ”გამოსაკითხად”. ჩემ მხარეს – (ძიძიგურის მოპირდაპირე, დარბაზის მარცხენა-შუა ნაწილში) არავინ არ მოსულა ფურცლის მოსაცემად , სამაგიეროდ, მარჯვენა განაპირას იყოჩაღეს და ძიძიგურიც მოგვევლინა დარბაზის სიმპათიად.

რაც შეეხება ჟიურის :
ყველაზე დამაჯერებელი – ”ნაციონალური მოძრაობა”. მიზეზი? – გასაკეთებელი მართლაც ბევრია.
ყველაზე საქმიანი – გოგი თოფაძე. ( ვაშაძეს რას ერჩოდნენ-საქმემან შენმან წარმოგაჩინოს -ნაკლებად საქმიანია? მაგრამ ის საქმით მოდის უკვე და ამან ჯერ უნდა გააკეთოს და მერე წარმოაჩინოს).

ყველაზე ემოციურები – ნიკა ივანიშვილი და ზვიად ძიძიგური:-/

ყველაზე ლაკონიური – ირაკლი ალასანიას – ”ჩვენ შევცვლით. გამიჩნდა კითხვა: და რატომ ძიძიგურისი – არა?. მაგრამ მერე მივხვდი – ალბათ, ბრძოლა დღეეეეეეეეეეეეეეეეეეეესვე” გრძელია.

ყველაზე კრეატიული – ქრისტიან-დემოკრატები. აი, ამაზე გავკვირდი კაი ხანს, ”დასაქმება და დაბალი ტარიფებში” რა კრეატივი და რა შემოქმედება დაინახეს მეთქი. ვიიფიქრე, ვიიფიქრე და მერეღა გამახსენდა, რომ ორგანიზატორებს ”ნაციონალ-დემოკრატების” (დღევანდელი საოცარი წამოცდენა) სლოგანი – გაზი 10 თეთრი, შუქი 5 თეთრი, წყალი უფასო ეგონათ ( მართალია, ვეფხვაძემ განუმარტათ-ეს ქვესლოგანიაო, მარა მაინც), ხოდა, აბა არ არის ეს კრეატიული? თუ ეგ არ არის, რამდენ კრეატიულს დაუდო საფუძველი?
ლუდი-10თეთრი, რაღაცა (არ მახსოვს რა) -5 თეთრი, ქალები უფასო. ან ერთი ძროხა-10 farmville coins , ერთი ქათამი-5 farmville coins, აგური უფასო! ასე რომ, არის, აბა როგორ.
საჩუქრები გასცეს ღვინო-კალამ-წიგნები და ერთმა, ”პიარ ჯგუფელმა” საკუთარი ხელით დამზადებული ”საროჭკის სამაგრები” მიართვა თოფაძეს 🙂

ძიძიგურმა გაცვლა აწარმოა-თავად ქინძმარაულის ”მარანი” მიიღო და ”კონსერვატორების” ერთი ბოთლი ( ესღა დამრჩაო) უძღვნა ორგანიზატორ-წამყვანს;)

ხო, ერთი რამ იყო- საინტერესო. ბოლოს, მოროშიკინამ საკუთარი წიგნები ამ სიტყვებით გასცა: დიდი სიამოვნებით გადავცემ “ალიანსს”, რადგან სწორედ მათ აქვთ დასახვეწი პიარ ტექნოლოგია და ჩემი წიგნი დაეხმარებათო:)

 

ტეგები: , , , , ,

გვეშველება რამე კი არადა , ვაიუშველებელი ილიაუნისთან

“ლიგამუსთან” აქცია რომ უნდა ყოფილიყო, ფეისბუქზე გავიგე. თუმცა, ”მაგნიტური დღე” მქონდა და ესეც, ისევე როგორც ბევრი რამ, რაღაცნაირად ამომვარდა მეხსიერებიდან. მხოლოდ ”განათლების ადმინისტრირების” პრეზენტაციიდან გამოსულმა დავამარცხე ”ამნეზია” და თვალი შევავლე ფეისბუქელებს..

რადგან ერთი საათი დრო მქონდა ლექციამდე და სამსახურში მისვლასაც აზრი აღარ ჰქონდა, გადავწყვიტე დავრჩენილიყავი. თავიდან ჩვეულებრივ, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე – ჩანდა რამდენიმე ბანერი – ”არა ფაშიზმს” და ”ჩვენ ვიცავთ გამოხატვის თავისუფლებას” – შინაარსით. ისმოდა ფრაზები, რომ ”ვისაც რის პრეზენტაციასაც უნდა იმას გამართავს”, და ასე შემდეგ. აი, მალე კი…

ჯერ მოვიდა რამდენიმე ტიპი, რომლებიც ილიაუნის სტუდენტებს უწოდებდნენ თავს და გააპროტესტეს ის, რომ მათ გააპროტესტეს მათი პროტესტი… მმკ – მაც სუნზე მოაგნო და ეს სამგზის პროტესტი ძალიან უხეშ ფორმებში გადაიზარდა. რამდენიმე ადამიანზე ხელითაც გაიწიეს, მაგალითად, ბექა მინდიაშვილი, ვასო გაბუნია. კიდევ ერთი ბიჭს, რომლის სახელ-გვარი არ ვიცი, მაგრამ თუთბერიძის პრესკონფერენციაზე მინახავს – გზაზე გაეკიდა ქერაწვერიან-გაყინულცისფერთვალება მმკ-ელი, რომელიც ასევე თუთბერიძის პრესკონფერენციაზე მინახავს..

სიტყვიერი შეურაცხყოფა ( მერე სადღაც წავიკითხე, რომ ფიზიკურიც და ეს, არ ვიცი) მიაყენეს სიკო ჯანაშიას. ორი მართლმადი – დებლი დასდევდა – წადი ამ ქვეყნიდან, შვილებს გამირყვნიო. ესეთი ხარ, ისეთი ხარო.
ნუ რადგან, უკვე ყველგან ყველაფერი დაიწერა. მე მხოლოდ ჩემთვის დასამახსოვრებელ რამდენიმე დეტალს დავამატებ:

1) შავგვრემანი, ხშირგადაბმულწარბებიანი ბიჭი გვერდით მდგომს ყვირილით უხსნის: აი, ისინი არიან, თუბერიძე და პატრიარქი, ვიდეო, მამაბუასილი..
– ესენი არიააან? ვაააჰ, ჩემიიიი.. წააამო, ბიჯოუ, წამოოო… ( მირბიან აქციის შუაგულისკენ..) – მოვკლავ ამათ. ამათ დედას მოვ… ავ ჩემიიიი…

2) მმკ ”მასონებს” დაერია. გზაზე დარბიან, მოვკლავ დედას, მოვკლავ მამას, თუ ”იეღოვა” მიბრძანებს ამას” პრინციპით, ”შეამჩნია რა” , რომ ”მდგომარეობა სტაბილიზაციას არ ექვემდებარებოდა”, პატრული ბიძიამ , ( რომელიც აქამდე ძალიან მიყვარდა) დაიწყო ვითომდა გაშველება. დავთვალე ექვსი შემთხვევა, როდესაც იმ შემთხვევაში თუ ”მასონს” ცემდნენ – არავითარი რეაგირება, თუ ”მასონი” ცემდა – სასწრაფოდ გაშველება.

3) იგივენი – პატრული ბიძიას ყელზე კაი მოზრდილი ნაფხაჭნი აქვს , მმკ-ელი ( ოხ, იმის სახელი არ უნდა ვიცოდე?:-/ ხელს უქნევს ყბაში , ამხანაგი პატრული ალერსიანად უღიმის და მხარზე ხელს უთათუნებს. მმკ-ელი შეჰვედრის : შენც ხო მართლმადიდებელი ხარ?
– აბა ვინ ვარ – (შეურაცხყოფილი პატრულის სახე).
– მერე, მოდი რა მოგვეხმარე, სულ ეს ფორმა ხომ არ გექნება.
– ნუ გეშინია, ყველაფერი მესმის…

4) ილიას უნივერსიტეტის ”პროტესტანტი” სტუდენტი დეისაძის წიგნის შინაარსზე :
რეები დაწერა, ამის დედა მოვ… ან, როგორ შეიძლებოდა, დედაზე ეს როგორ დაწერა, მე მხოლოდ ამონარიდები მაქვს წაკითხული, მაგრამ ეს როგორ დაწერა, მრცხვენია ამის გამეორება ჩემი დედას შე . . ცი. ( თუ ვინმე განიმარტავს განსხვავებას ნაგულისხმევ ამონარიდებსა და ამ ფრაზას შორის, დავუმადლი).

5) მმკ და ”მასონები” ერთმანეთს ურტყამენ. გოგო ( ბლოკნოტი უჭირავს და რაღაცას იწერს) და ბიჭი ( სამოყვარულო კამერით იღებს აქცოას) ბორდიულისკენ მიდიან. რა ვქნათ? ( გოგო), ”წამოდი რა, არ გკიდია?” – ( ბიჭი).

6) პროტესტის პროტესტის ერთერთი გამპროტესტებელი რეკავს ტელეფონზე – ჰომოსექსუალისტების აქციაა, მოდით ბიჭო, დედა უნდა მოვ—ათ, სხვა რა შეგვიძლია. ტელეფონს თიშავს და გვერდით მდგომს ეუბნება – აუ, თუთბერიძე რატომ არ არის? სიამოვნებით დავლევდი მის სისხლს. მოვკლავ, მოვკლავ..

7) ერთი ბლოკნოტიან-კალმიანი გოგოს და ერთი ბლოკნოტიან-კალმიანი ბიჭის საუბარი:
გოგო – რაღაცების გარკვევა მინდა.
ბიჭი – მაინც რეების?
გოგო – იმის, რომ რამდენსაც არ ვკითხე არ არიან ილიას სტუდეენტები.
ბიჭი – როგორ არ არიან, მე ვცნობ.
გოგო – მე აქ ვსწავლობ რააა და სახეზე მაინც ვცნობ ხალხს. არ არიან ესენი ჭავჭავაძის სტუდენტები და რატომ მართავენ ჩემს უნივერსიტეტთან აქციას, არ მესმის.
ბიჭი – რომელ კურსზე ხარ?
გოგო – მეოთხეზე.
ბიჭი – გეტყობა, იშვიათად დადიხარ და ვერ ცნობ ხალხს.
გოგო – ბოდიში მოიხადე, სტიპენდია მაქვს, ისე კარგად ვსწავლობ.

როგორც მარიკა იტყოდა – გავზქურეთ რა…

 

ტეგები: , , , , ,

პირველი “ნაბიჯები”

გუშინ კომპიუტერს ვალაგებდი. ძალიან ცუდად მუშაობს ამ ბოლო დღეებში და გადავწყვიტე ზედმეტი და საეჭვო ფაილ – პროგრამებისგან გამეთავისუფლებინა. გადავაწყდი უუუძველეს ( ჩემი ანტიკური ხანა კომპიუტერის მხრივ ორწელიწადნახევრის წინ არის – მაშინ დავიწყე ბეჭდვის სწავლა) – დავალებებს. მათ შორის ჩემს პირველ ( თითქმის პირველს – სუ-სუ პირველი სააშინელება იყო და იმ პირველის სანაცვლოდ დავწერე ეს) რეპორტაჟს – „ახალი ამბების ჟურნალისტიკის“ კურსიდან. ახლა იმიტომ ვტვირთავ, რომ ეს ნაწერი 17 აპრილით არის დათარიღებული და დღეს სწორედაც რომ ეს თვე-რიცხვია 😉 ამის წაკითხვისას ძაან ბევრი ვიცინე და რაზეც ვიცინე და მაშინ შენიშვნაც მივიღე ლექტორისგან – გავაბოლდებ;) ( რეპორტაჟი არ არის რამე თემასთან დაკავშირებით. ესაა უბრალოდ გზის აღწერა).

გასეირნება ძველ უბანში

ხუთშაბათი, 17აპრილი, ვარკეთილიდან ნახალოვკის მიმართულებით მიმავალი სამარშუტო ტაქსი N150.. დილის 10 საათია. ჩემ წინ ორი ქალი ზის, დაახლოებით 45-50 წლისანი. ერთ-ერთი, ჩალისფერი თმებით და სახეზე მრავალი ხორცმეტით თუ ხალით, დღევანდელ თაობაზე ლაპარაკობს.

”ახლანდელ გოგოებს რომ ვუყურებ, რა უზრდელი და უნამუსოები არიან, ეს უზნეოები მიწის ზემოთ უნდა დადიოდნენ და ჩემი ანგელოზივით შვილები მიწაში იწვნენ?” – გამომხედა და თვალი ამარიდა. შავთმიანი, შავგვრემანი, მწვანე ფანქრით თვალებჩახატული და წითელი პომადით ტუჩებგაკრასკული ქალი თავს უკანტურებს და “ღმერთსაც კარგები უნდაო” – ამბობს.

ჩემ გვერდით ახალგაზრდა, წვერგაუპარსავი და გრძელთმიანი მამაკაცი ზის, რომელსაც პირში წვრილი რკინის ღერი გაურჭია და გაფაციცებით კითხულობს საფეხბურთო სტატისტიკას.

ისნის მეტროსთან ახალგაზრდა წყვილი ამოვიდა, ქერათმიან, ცისფერთვალა გოგონას ცისფერი კაბა აცვია და მიხაკები უჭირავს. მთელი გზის განმავლობაში ერთმანეთისთვის ხმა არ გაუციათ. ვორონცოვზე გავლისას ქალმა ვაჟს მობილურის ეკრანზე მიუთითა და რაღაც, მგონი მოკლე ტექსტური შეტყობინება წააკითხა. შემდეგ მძღოლს სამარშუტო ტაქსი გააჩერებინა და სწრაფი მოძრაობით დაუყარა ყვავილები თანმხლებ შავგვრემან, ლოყაზე ნაიარევიან ბიჭს,რომელსაც მარჯვენა ხელზე 2თითი აკლდა და არათითს საქორწინო ბეჭედი უმშვენებდა გოგონასგან განსხვავებით. ”ეს თეონას მიუტანე, მას უფრო გაუხარდება” – მიაძახა და სწრაფად ჩავიდა, ვაჟიც უკან დაედევნა.

მათი ჩასვლის შემდეგ მსუქანი, უცნაურად შემოსილი ქალი ამოვიდა. შემოტკეცილ ჯინსზე მოკლე კაბა ეცვა. თმა ლურჯად ჰქონდა შეღებილი და წითელკოპლებიანი მწვანე ნაჭრის “აბადოკით” გადაწეული. იკითხა -ნახალოვკაში თუ გაივლითო და მძღოლს განუცხადა : ჩემი ბიჭი, მე ამ მარშუტის ნახევარს გავდივარ და ამიტომ ფულსაც ნახევარს გადავიხდიო და გვერდით მიუჯდა. მძღოლს გაეღიმა და თავი გადააქნია.

ახალგაზრდა ბიჭი ყურსასმენებით უსმენს მუსიკას, თუმცა ბოლო ხმაზე აწეული “მიშა მაგარია” თითქმის მთელ მგზავრებს ესმით. გვერდით მჯდომმა მოხუცმა კაცმა რამდენჯერმე გადახედა და ბოლოს დასავლეთური კილოთი უთხრა : არსად დაგეკარგოს ბიძია მაგი მიშა, კარგად შეინახე.

ნაძალადევის მეტროსთან ჩამოვედი და ფეხით გავიარე. მეტროდან გზა გადავკვეთე და სააკაძის ქუჩაზე აღმოვჩნდი, რომელიც რამდენიმე შესახვევად იყოფა და თუ ერთში ახალი ასფალტი აგია, მეორეზე რიყის გზაა გაყვანილი, ხოლო მესამე საერთოდ ტალახით და მიწითაა დაფარული. ძალზე ჭარბობს ერთ, ორ და სამსართულიანი სახლები, უმეტესად წითელი აგურით ნაგები. წუხანდელ ნაწვიმარს გუბეები დაუყენებია.

სააკაძის 39. საჯარო სკოლა N9. დიდი შენობაა, ორნაწილიანი. ცენტრალურ მხარეს ახალგარემონტებული, ყვითელი შენობაა, თუმცა კედლები უკვე წარწერებითაა სავსე .”გიო + თიკო =LOVE” , ”მარი ყველაზე მაგარი გოგოა”, ” ჩორნა, პაუკა, დიდცხვირა, ენჯი = უბნის ყოჩები” სკოლის ეზოში ავტობუსი დგას და 20 მდე ბავშვი ირევა, რამდენიმე უფროსიც არის. როგორც ჩანს, ექსკურსიაზე მიდიან. ტყუპი ძმები, რომლებიც ერთმანეთს ძალიან გვანან, საიდუმლოდ მიმხელენ რომ კლასის დამრიგებელს გამოფენაზე მიჰყავს. ”მერე სადმე ჩავსხდებით”-გახარებულები მეუბნებიან ბიჭები, რომლებსაც ზუსტად ერთნაირი ლურჯი თვალები, ხვეული ქერა თმები და ლოყაზე ხალი აქვთ. ზუსტად ერთნაირი ლურჯი, სამზოლიანი სპორტული აცვიათ. მხოლოდ იმით ვარჩევ, რომ ჯონი ოდნავ ენას უკიდებს.

მეორე ნაწილი ძველი, გაურემონტებელი, წითელი შენობაა, რომელსაც შიდა ეზო აქვს, ეზოც ძველი, უასფალტო და ნანგრევებით სავსეა. ძველი სარდაფიდან ჭაღარა კაცი გამოძვრა შარვლის სწორებით…

სკოლის ჭიშკართან ოთხი ბიჭი დგას და უხამსი სიტყვებით ამკობენ საკუთარ და ერთმანეთის დედებს.. ჩაჩაჩულჯინსებიანი და შავმაისურიანი ბიჭი გვერდით მდგომ , ნაზი აღნაგობის და მიხვრა-მოხვრების პატრონ ვაჟს, რომელსაც არამარტო თმა, წარბები და წამწამებიც კი თეთრი აქვს (როგორც ჩანს ალბინოსია) დედის კურთხების თანმხლები სიტყვებით ურჩევს საქმეს. ”შენნაირების ადგილი ჩვენს უბანში არაა ბრატ, გირჩევნოდეს საკუთარი ნებით დაახვიო აქედან, თორემ მე უკვე კუკიის სასაფლაოზე გაგისტუმრებ. უბნის სახელს ნუ გვირცხვენ, შენ იცი რომ სისხლიან ჩორნას მეძახიან?” (სახელოებს იკაპიწებს და მარჯვენა მკლავზე ამოსვირინგებული გველი გამოუჩნდა) -კი მაგრამ, ეს უბანი ხომ შენი საკუთრება არ არის, სახლში რომელშიც მე ვცხოვრობ, ჩემი მშობლების ფულია გადახდილი” (წვრილი, განაზებული ხმით ეუბნება თეთრთმიანი) – აზრზე ხარ ეე, რიჟა რეებს ბაზრობს? (მიმართავს სვირინგიანი ჭიშკარზე მიყუდებულ 2 ბიჭს, რომლებიც ზანტად მოიზლაზნებიან ამათკენ) .თეთრთმიანი ბიჭი უკან იხევს და ჩქარი ნაბიჯებით მიდის ნაძალადევის მეტროს მიმართულებით.

ლეჩხუმის ქუჩაზე მაღალსართულიანი კორპუსებიც ჩნდება, თუმცა საერთო ხედი მაინც კერძო სახლებით შემოისაზღვრება. ნიკო მარის ქუჩაზე სახაჭაპურე დგას, სადაც ყვითელთმიანი, ზორზოხი ქალი ხაჭაპურის გამყიდველს ეჩხუბება.: ”ეს სოდიანი პური შენს შვილებს აჭამე შე უბნის…”. ძირს ფენოვნებიანი პარკი გდია.

ნიკო მარის 79-ში ორსართულიან სახლთან ტელეკომპანია “მზის” ჯიპი დგას “MZE-555”,გადასაღები მოწყობილობებით. მანქანში არავინ ზის, ეზოც ცარიელია. არც სახლიდან არ ისმის არანაირი ხმა.. ავი ძაღლი ყოლიათ, კაი ხანი მარბენინა..

ოქტომბრის ქუჩაზე, ”თელასის აბონენტთა მომსახურების ცენტრი” შემხვდა, სადაც საკმაოდ დიდი რიგი დგას. ”ურიგოდ არ გაუშვათ” – ყვირის შავებში გამოწყობილი, ყავარჯნიანი ქალი, რომელსაც ხელში 5ქვითარი უჭირავს. ”მეზობლებისასაც მე ვიხდი და ფულს მაძლევენ ხოლმე, არ შეიძლება ამ ოხრებმა მეორე სალაროც ამუშავონ? დილიდან რიგში ვდგავარ” – შესჩივის გვერდით მდგომ შავსათვალიან ქალს, რომელიც ძალიან მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე დგას.

ცენტრალურ ქუჩაზე გამოვედი. დადიანზე კიდევ ერთი, N10საჯარო სკოლაა, რომლის პირდაპირ, გზის მეორე მხარეს, ავარიული და ძველი შენობა ჩანს. ახლოს მისვლისას უკეთ გამოჩნდა მისი შესახედაობა. სამსართულიანი შენობა დაბზარული კედლებით, ბოლო  ორი სართული სულ უფანჯრებოა, საიდანაც ჩანს ერთმანეთზე დახორხლილი ძველი მერხები. ალბათ ყოფილი სკოლაა. პირველ სართულზე ფანჯრები ადგილ-ადგილ არის, თუმცა ნაწილ-ნაწილ მუყაოებია დამაგრებული. უფარდებო ფანჯრიდან კარგად ჩანს ოთახის შიდა მოწყობილობა : რკინის საწოლი, მის თავზე ჩამოკიდებული სურათი თუ ხატი, ოთახში თოკია გაბმული, რომელზეც მაისურები და სხვა სამოსელია დაკიდული. ფანჯრის რაფებზე ყვვავილის ქოთნები აწყვია. ალბათ დევნილები ცხოვრობენ.

გზის პირას პარკია. ”ვეტერანთა კულტურის და დასვენების პარკი” – აწერია დიდი ასოებით. პარკში ნაძვები და წითელი მიწაა. სკამები დგას, რომელთა უმეტესობა თავისუფალია. თუმცა გაუქმებულ საქანელაზე ახალგაზრდა ბიჭი ზის, რომელსაც კალთაში გოგო უზის და ერთმანეთს გამალებით ეალერსებიან. გოგონა სიცილით ეჩხუბება, რომ წვერი ჩხვლეტს. ორივე იცინის. (მე კი ჯაშუშივით ვუყურებ და ვუსმენ?)

თავისუფალ სკამზე დავჯექი. ჩემ პირდაპირ, სპორტულად ჩაცმული ქალი წევს სკამზე და მუცლის პრესებს იკეთებს. დაამთავრა, ზურგჩანთიდან ლახტი ამოიღო და ახლა იმით დაიწყო ვარჯიში. ბოლოს დაღლილი სახით დაჯდა სკამზე, ისევ გახსნა ჩანთა, ჰამბურგერი თუ ჰოთ-დოგი ამოიღო და ჭამას შეუდგა.

მიწაზე ბევრი ცარიელი ბოთლი ყრია, რომლებსაც ჭაღარა, ლოყაზე ტყირპიანი, ძველ ტანსაცმელსა და კალოშებში გამოწყობილი კაცი აგროვებს.

ისევ წვიმა დაიწყო.. კოკისპირულად დასცხო. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მზე ჭიატობდა, მაინც აპრილია.. თეთრებში გამოწყობილი, გრძელთმიანი, საშუალო ასაკის კაცი სულ გალუმპულა. შავი სათვალე მოიხსნა და ინგლისურ-იტალიური ნარევით პიცერიის მისწავლება მთხოვა. რაღაც სხვა ეროვნების უნდა იყოს, უფრო აზიურ ენაზე მეტყველებს, ინგლისური და იტალიურიც ცუდად იცის. ”I hangry” – თან პირს ფართოდ აღებს და ხელები მიაქვს. აქ მეც პირველად ვარ, თან კერძო სახლების და პატარა ეკლესიის გარდა არც არაფერი ჩანს, პიცერია სად უნდა ვანახო. მეტროსკენ მივუთითე, სადმე სახაჭაპურე მაინც იქნება. ნეტა აქ საიდან მოხვდა? ძალიან შავი თმა და ღია ცისფერი თვალები აქვს.

მიწისქვეშა გადასავლელით გადავდივარ მოპირდაპირე მხარეს. კიბეზე დამტვრეული ლუდის ბოთლები ყრია, საშინელი სუნი და სიბნელეა. ამოსასვლელთან მთლიანად თავგადაპარსული გოგონა დგას, თავზე “liberty”აქვს ამოსვირინგებული, განგებდახეული ჯინსი აცვია, რომელზეც შავი ნაჭრები აქვს მიკერებული სხვადასხვა წარწერებით, მათგან ყველაზე დიდი “ანარქია” წითელი ასოებით ამოუქარგავს. ხელში გიტარა უჭირავს და როკს მღერის.

წვიმამ მოძრაობა შეაფერხა, გზაზე დაგროვილი წყალი არტეზიულ ჭებში ვერ ჩადის და გუბეებად გროვდება.. “მერსედესი – ქეთევან, სოსო, ქეთევან 923, გააჩერე მანქანა” – გაისმა პატრულის რუპორის ხმა. დიდი სისწრაფით მიმავალი ვერცხლისფერი მერსედესი გაჩერდა, საჭესთან მჯდომმა ქერათმიანმა ქალმა ხელები თავზე შემოიწყო და თავი საჭეზე ჩამოდო. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ავტომობილთან მივიდა, რის შემდეგაც ქალი მანქანიდან გადმოვიდა. რაღაცას თხოვდა და უხსნიდა პატრულს, მაგრამ ჯარიმის გარეშე ვერ გადარჩა.

150 ნომერი სამარშუტო ტაქსი გამოჩნდა, ამჯერად ვარკეთილის მიმართულებით მიმავალი.. მაგრამ ახლა სხვა ტრანსპორტი მჭირდება, რამე, რითაც რუსთაველის მეტროსთან მოვხვდები.


 
 

“ვირტუალური ომის” მეორე დღე ანუ აქცია ვარდების მოედანზე

ეს რეპორტაჟი დაიბეჭდა გაზეთ  “24 საათში” აქ ვდებ იმავე სახით + ანუკი ჯაფარიძის (“24 საათის” ფოტოგრაფი) გადაღებული ფოტოები

ტელეკომპანია “იმედის” მიმართ პროტესტის გამოსაცხადებლად გუშინ  “ვარდების მოედანზე”, დაახლოებით, სამასი ადამიანი შეიკრიბა.

აქცია 16:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მონაწილეებმა სასტუმრო “რედისონთან” შეგროვება ნახევარი საათით ადრე დაიწყეს.

ქოლგიანი ქალები, ჭაღარა მოხუცები, კოსტიუმებში გამოწყობილი მამაკაცები, ბავშვიანი რამდენიმე წყვილი, ახალგაზრდები – პატარ-პატარა ჯგუფებად დაყოფილი აქციის მონაწილეები “ქრონიკის” 13 მარტის იმიტირებულ გამოშვებაზე თავიანთ შთაბეჭდილებებს ჰყვებოდნენ და დრო ამით გაჰყავდათ.

“ტყვიების წუილი რომ გაისმა, მაგ დროს ჩავრთე ტელევიზორი და დედაჩემმაც სწორედ მაშინ დამირეკა ქუთაისიდან. გადარეული იყო,” – ეუბნება 25 წლამდე გოგო წინ მდგომ ბიჭს, მცირე ზომის პლაკატს, რომელზეც გადახაზული “იმედის” ლოგოა გამოსახული, ჩანთაში დებს, სიგარეტს უკიდებს და აბოლებს.

“რა გაგვიკეთეს! რა მნიშვნელობა აქვს, რუსები მოგვკლავდნენ თუ ნერვიულობით დავიხოცებოდით. “იმედი” იმას მოესწრო, რომ ხალხი მის დასაცავად კი არ გამოდის, მის დახურვას ითხოვს,” – ხელჯოხიანი და თეთრთავსაფრიანი ქალი თავის გულისტკივილს გვერდით მდგომებს უზიარებს.

მსგავსი ისტორია ყველას აქვს მოსაყოლი, განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ თითოეულს საკუთარი ამბავი აქვს.

თუმცა, მიუხედავად ერთი მიზნისა, აქციის მონაწილეები მაინც ორ მხარედ გაიყვნენ. ზოგს არ სჯერა, რომ იმედმა” სიუჟეტი მთავრობასთან შეუთანხმებლად გაუშვა.

“იმედმა” აჩვენა ის, რასაც სააკაშვილი ნამდვილად აპირებს – არჩევნების გაყალბებას და მოქალაქეების შეშინებას. ტელევიზია ამას სააკაშვილთან შეუთანხმებლად არ გააკეთებდა. ჩვენ ორი დიდი მტერი გვყავს – რუსეთი და სააკაშვილის ელიტა,” – უთხრა “24 საათს” გიგა ბოლოთაძემ.

თუმცა, მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ ტელეკომპანიას და მის ჟურნალისტებს ეკისრებათ.

“გიორგი არველაძემ და “სპეციალური რეპორტაჟის” გუნდმა, წამყვანის თამადობით, ყველანაირ ეთიკის კოდექსს გადაუარეს, მოსახლეობაში პანიკა დათესეს, ქართველი ჯარი მოღალატედ გამოიყვანეს, პრეზიდენტიც კი მოკლეს. ეს ყველანაირ საზღვრებს სცდება. “იმედი” უნდა დაიხუროს ” – ამბობს მერი ლადარია.

აქცია დაჩი ცაგურიამ გახსნა. მისი თქმით, ეს “იმედთან” 13 მარტს დაწყებული პროტესტის გაგრძელებაა.

“გუშინდელი აქცია სპონტანური იყო, უცაბედი. მალევე დავასრულეთ და დღეისთვის დავგეგმეთ შეკრება, ეს არის მოქალაქეების მიერ მოწყობილი აქცია ყოველგვარი პარტიული რესურსების გარეშე. დიდი ხანია, ხელისუფლება ცდილობს ჩვენი ტვინების გამორეცხვას, გუშინდელი სიუჟეტი კი მოსახლეობის სრული ტერორი იყო,” – განაცხადა ცაგურიამ.

იმის გამო, რომ აქციის ორგანიზატორებს ტრიბუნა არ ჰქონდათ და მონაწილეებს მხოლოდ ორი მეგაფონით აწვდიდნენ ხმას, არცთუ იშვიათად უხდებოდათ ერთი და იმავეს რამდენჯერმე გამეორება. აქციაზე მისულ ადამიანებს ხელი არც ამინდმა შეუწყო. წვიმამ და სიცივემ მონაწილეების უკმაყოფილება გამოიწვია. “ამინდიც დაუკვეთა იმ გარეწარმა სააკაშვილმა”, “ბუნებასაც აკონტროლებენ” – მსგავსი შეძახილები არაერთხელ გაისმა რესპუბლიკის მოედანზე.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა “ქალთა პარტიის” ლიდერი გუგული მაღრაძეც. მან “იმედის” გადაცემა გენოციდად შეაფასა.

“ეს იყო მთელი ქართული საზოგადოების ფსიქოლოგიური და მორალური გენოციდი. მათ ქართველ ხალხს ომი კიდევ ერთხელ დაანახეს. ეს სიტუაცია მანამდე არ დამთავრდება, სანამ საზოგადოებისგან არ შეიქმნება კრიტიკული მასა. ჩვენ ყოველგვარი რუსული ჯარების გარეშე შევძლებთ ამ ხელისუფლების გაშვებას. ამიტომ, არც ერთი ხმა არც ერთ არჩევნებში ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს,” – მიმართა ხალხს მაღრაძემ.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მერაბ პატარაიამ კი ჟურნალისტებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სთხოვა.

“გამოაცხადეთ ჟურნალისტებმა საგანგებო მდგომარეობა, თქვენ გამოაცხადეთ. ხომ ხართ ღირსეული ჟურნალისტები, ცოტანი მაინც ხომ ხართ, ამ ბევრ უღირს ადამიანს შეეწინააღმდეგეთ,” – მოუწოდა პატარაიამ აქციის მონაწილეებს და იკითხა, თუ იყო მისული ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტი აქციის გასაშუქებლად. რასაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პასუხად შეაგება – “სამართლიანად ისვენებენ, კვირა დღეაო”.

აქციაზე ტელეკომპანია “კავკასიის” დამფუძნებელი დავით აქუბარდია და არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძეც იმყოფებოდნენ.

როგორც კაკაბაძემ განაცხადა, “იმედის” სიუჟეტის გამო სასამართლოში სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელს აუცილებლად შეიტანენ.

გუშინდელი აქცია ერთ საათში დასრულდა. ორგანიზატორები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენ. ცაგურიას განცხადებით, ისინი “მოდელირებული ქრონიკის” გამო დიპლომატიური კორპუსისადმი და ქართული ჯარისადმი სპეციალურ მიმართვას შეიმუშავებენ. მომიტინგეთა შეფასებით, ხელისუფლებამ ეს ორი ინსტიტუტი “იმედის” სიუჟეტით უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.

დღის 17:00 საათზე ვარდების მოედანზე მომიტინგეთა მცირე ჯგუფი დარჩა. ისინი ხალხის სიმცირის გამო აღშფოთებას გამოხატავდნენ.

“ხალხი არ არის, არ მოვიდა, მეტის ღირსები ვართ, მართლა უნდა ჩამოეგდოთ ბომბი და მერე ნახავდნენ, – გაალმასებული ეუბნება 40-მდე წლის ქალი გვერდით მდგომს, შემდეგ სათვალეს იხსნის, მინას წმენდს და ხმადაბლა ამბობს, – ისე, სააკაშვილის სიკვდილი რომ გამოაცხადეს, საშინლად იმოქმედა. რაღაც ადამიანური გამოიწვია “.

დაჩი ცაგურიამ აქციაზე აღნიშნა, რომ გაუგებრობის გამო ხალხის გარკვეული ნაწილი “იმედის” შენობასთან მივიდა, თუმცა გუშინ საღამოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტელეკომპანიასთან აქცია არ გამართულა.

 

გზა რომელიც არც თუ ისე შორია…

ეს სტატია დღევანდელ “24საათში” დაიბეჭდა. თითქმის იგივე ვარიანტია, უბრალოდ , იქ სტილისტური შეცდომებია შესწორებული და დასასრული ცოტა გავრცობილი. მე პირველ, ანუ შეუსწორებელ ვარიანტს ვდებ. იყოს მაინც ბლოგზეც:)) თან მეტ ფოტოებსაც დავურთავ:))

2008 წლის ნოემბერ-დეკემბერში სახელმწიფომ აგვისტოს ომის დროს დაზარალებული მოსახლეობა საქართველოს სხვადასხვა რეგონში ჩაასახლა. მას შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა. როგორ ცხოვრობენ დევნილები ახალ ადგილებში, ამის სანახავად “24საათი” შიდა და ქვემო ქართლის და მცხეთა – მთიანეთის განსახლების ადგილებს ეწვია.

პირველი დასახლება – კოდა – თეთრიწყაროს რაიონის სოფელია. ოფიციალური მონაცემებით ამ დასახლებაში 447 ოჯახი, სულ 1351 ადამიანი ჩაასახლეს. დევნილთა დასახლებაში სულ თერთმეტი კორპუსი დგას. როგორც სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, ნაწილი ყოფილი ყაზარმაა, ზოგი კი ყოფილი სასტუმრო. ჩვენ სწორედ ამ უკანასკნელს, მე-9 კორპუსს ვსტუმრობთ.

ეზოს შემოგარენში ხილ-ბოსტნეულის სავაჭრო რამდენიმე ჯიხური დგას. მამაკაცებს ხის ძირთან ე.წ ბირჟა გაუმართავთ. ქალები სკამებზე სხედან, ნაწილი ჟურნალს ათვალიერებს, ზოგს ცარიელი ბიდონები უჭირავთ ხელში – სოფლის წყაროზე აპირებენ წასვლას. მოხუცებს კი ერთმანეთში ლაპარაკით გაჰყავთ დრო.

კოდაში ელექტრონერგია და ბუნებრივი აირი უწყვეტად აქვთ. ბინაში შესულებს წყლის გამაცხელებლებიც დაახვედრეს. თუმცა, როგორც დევნილები აცხადებენ, დასახლებისთვის ყველაზე დიდ პრობლემას სწორედ წყალი წარმოადგენს.
“დილით და საღამოს მოდის მაქსიმუმ 40წუთით. ისიც არ ვარგა, სასმელი წყლისთვის წყაროზე დავდივართ, ელემენტარული სისუფთავის პრობლემა გვაქვს. წყლის გამაცხელებელი კი მოგვცეს, მაგრამ რათ გვინდა თუ ვერაფერსაც ვერ გავაცხელებთ” – განაცხადა ეთერ ღამბაშიძემ.
DSC02319კოდაში ჩასახლებული დევნილების ყოველთვიური დახმარების პაკეტი ასე გამოიყურება – თითოეულ იძულებით გადასახლებულ პირზე თვეში ცხრა კილოგრამი ფქვილი, ერთი ბოთლი ზეთი, ექვსასი გრამი შაქარი, ოთხკილონახევარი მაკარონი, კილონახევარი ლობიო და 50გრამი მარილია განსაზღვრული.
დევნილებს ფულადი დახმარება ორჯერ გადასცეს – 200 და 125ლარის ოდენობით. თუმცა, როგორც თავად აცხადებენ, ბევრ მათგანს ბოლო 125 ლარი არც მიუღიათ.
“რამდენიმე დღის წინ შაშკინი და ჩვენი მხარის გამგებელი იყვნენ ჩამოსულები, რომ ვკითხეთ , ყველას რატომ არ მოგვცეს ფული, გვითხრეს, ჩვენ გორს გადავურიცხეთ და არ ვიცით, სად წავიდაო” – ამბობს ქალბატონი ეთერი.
2009წლის იანვრიდან დევნილები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართეს – ოჯახის უფროსზე 30ლარი და ყოველ მომდევნო წევრზე + 24ლარი. თუმცა, ერედვიდან დევნილი დარეჯან არბოლაშვილის განცხადებით, აღნიშნული ფულადი დახმარება ცხრა თვის მანძილზე მხოლოდ ორჯერ მიიღეს.
ერედვიდან დევნილი სონია ბებო “24საათს” შინ ეპატიჟება.

მე-9 კორპუსის #2 სადარბაზოსთან ქალი მატყლს პენტავს, მის გვერდით კი მოხუცი კაცი , რომელსაც მხოლოდ ერთი ფეხი აქვს, ხის მასალას სავარძლიდან ამუშავებს. კორპუსში შესასვლელი კიბის საფეხურები დამტვრეულია, . იატაკზე კედლებიდან ჩამოფშვნილი ქვიშა და გაჯი ყრია. კორიდორებში სუსტი შუქი ანათებს, თითოეულ სახლის კარს მობინადრის გვარი და ბინის ნომერი თეთრი საღებავით აწერია.

DSC02316

მეორე სართულზე ავდივართ, კიბეებზე ჩანთიანი ბავშვი ჩამორბის. სკოლაში უნდა გაიქცეს. ნახევარი საათი აქვს ფეხით სასიარულო. დასახლებაში სკოლა და საბავშვო ბაღი არ არის, რის გამოც დევნილი ბავშვები განათლების მისაღებად მუხათსა და კოდას შორის მდებარე სკოლაში დადიან.
16წლის ირმა ქრისტესაშვილი მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. მას და მის თანატოლებს, ისევე როგორც სხვა კოდელ დევნილ ბავშვებს , სასწავლო წიგნები არ აქვთ. მისი თქმით, სწავლის დაწყებამდე დაპირდნენ, რომ დევნილებს წიგნებს უფასოდ დაურიგებდნენ, მაგრამ ჯერ არაფერი მიუტანიათ.

მე-9 კორპუსი. მეორე სადარბაზო

DSC02318 სონია ბებო რამდენჯერმე შეფიცრულ, მაგრამ მაინც ღრიჭოებით სავსე კარს აღებს და სახლში შევდივართ.
მისაღები ოთახი, პატარა სამზარეულო და ორი ასევე ძალიან პატარა ოთახი – როგორც გადავზომე, ოთხი ნაბიჯი სიგანეში და ოთხი სიგრძეში. ამ სახლში, რომელიც ოროთახიანად არის შეფასებული, სონა ბებო, მისი შვილი, რძალი და სამი შვილიშვილი ცხოვრობს. ერთ საძინებელში ოთხ ადამიანს სძინავს.

DSC02320

ერთ ოთახში ოთხ ადამიანს სძინავს..

ყველა ოჯახს საპირფარეშო ინდივიდუალურად აქვს, მაგრამ იმდენად ვიწრო ფართის , რომ როგორც თავად ამბობენ, ხელ – პირის დაბანისას კარს აღებენ, რადგან პირსაბანი ნიჟარისკენ გადახრილი ადამიანი დახურულ სივრცეში ვერ ეტევა.

DSC02337

DSC02336

წყლის გამაცხელებელი და საპირფარეშო..

სამზარეულოში შესულს პირველი, რაც თვალში მომხვდა ორქურიანი პატარა გაზია, რომელსაც ემალი მთლიანად ამძვრალი აქვს დამწვრობისგან და სულ გაშავებულია. დევნილების ერთ-ერთი სათხოვარი, სწორედ გაზქურაა. მათი თქმით, ყველა ოჯახში მოტანიდან რამდენიმე დღეში დაიწვა. ამასთან, იმდენად პატარებია, რომ ვერაფრის გაკეთებას ვერ ახერხებენ.

მეორე სართულზევე , კორიდორის ბოლოს ცოტნიაშვილების ოჯახში შევდივართ. შესასვლელში, ფანჯარასთან ახლოს, ხის საწოლზე 55-60წლის დიაბეტით დაავადებული კაცი წევს. მას კვირაში ორჯერ სჭირდება შაქრის საზომი აპარატი, ასევე უნდა იმკურნალოს 12 სხვადასხვა დასახელების წამლით, თუმცა დევნილების განცხადებით, კოდის ახალგახსნილ ამბულატორიაში “ვალერიანიც” კი არ აქვთ.
“გუშინაც ვიყავით ექიმთან, ჩვენებური ქალი მუშაობს. არ მოუტანიათ არც ინვენტარი და არც წამლები, რითი უნდა ვიმკურნალოთ, არ ვიცით” – ამბობს ლამარა მინდიაშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ სახლის სახურავი არც თუ დიდი ხნის გადახურულია, საცხოვრებელ ბინებში წყალი მაინც ჩამოდის. ჭერი სველია არა მარტო მესამე, არამედ მეორე სრთულებზეც. ღამბაშიძეების ოჯახში წვიმის წყალმა ტუალეტის კედელი იმდენად დააზიანა, რომ სამშენებლო მასალა გამუდმებით იატაკზე იყრება.

დასახლებაში არასამთავრობო ორგანიზაცია “დევნილთა გადაუდებელი დახმარების ცენტრი – აფხაზეთი” – ს პროგრამის ფარგლებში, ყოველ პარასკევს ე.წ მიბილური ბიბლიოთეკა დადის. ავტობუსით წიგნები და ჟურნალები ჩამოაქვთ, მსურველთ შეუძლიათ გათბობით უზრუნველყოფილ ავტობუსში იკითხონ. ასევე გამოიწერონ შინ წასაღებად, ხოლო მომდევნო პარასკევს კვლავ დააბრუნონ.

DSC02321

“მზითევი”

კოდაში ჩასახლებულ დევნილებს სახნავ-სათესი მიწები საცხოვრებელი ადგილიდან ექვსი კილომეტრის დაშორებით მისცეს. სიშორის გამო, კოდის მაცხოვრებლები მიწის დამუშავებას ვერ ახერხებენ.
“არც კი ვიცი, სად არის ის ნაკვეთი. იმ სიშორეზე რას ვივლით, თან თუ არ მივხედეთ, საქონელი შეჭამს და რაში გვიღირს. ამას გვერჩივნა, პატარა მიწა მოეცათ აქვე, ქინძს და კამას მაინც დავთესავდით და ის მაინც არ გვექნებოდა საყიდი” – დანანებით ამბობს ზოია ღამბაშიძე.
კოდაში ჩასახლებული დევნილებს პრეზიდენტის პირადად ნახვა უნდათ. მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილი თუ მათ სანახავად ჩავა, მისთვისაც მოულოდნელი იქნება იმის ნახვ თუ რა პირობებში უწევთ დევნილებს ცხოვრება.
კოდის დასახლების დატოვების შემდეგ შემდეგ, “24საათი” წეროვანისკენ გაემართა. ეს არის მწვანე წითელსახურავიანი, თეთრი მწვანესახურავიანი, ნაცრისფერი თეთრსახურავიანი, თეთრი წითელსახურავიანი 2002 კოტეჯის სოფელი.

DSC02422

ერთნაირი 2002 სახლი…

სოფლის შესასვლელში , პირველი რაც თვალში მოგხვდებათ, პოლიციის შენობა, ახალი სკოლა, საავადმყოფო და დიდი სუპერმარკეტია. მაღაზია რამდენიმე სექციად არის დაყოფილი, ერთ-ერთი ინტერნეტ კაფეა.
ყველა შესახვევში თბილისი – წეროვანის სამარშუტო ტაქსები მოჩანს.
სათბურების დაბლა (სადაც წეროვნელების განცხადებით, არასამთავრობოებს კიტრი მოჰყავთ), ასფალტიანი გზა წყდება. მას ქვა-ღორღით და თხრილებით გაჯერებული შესახვევები ცვლის.
წეროვანში მცხოვრები დევნილები ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სწორედ გზას ასახელებენ.
“სოფლის შემოსასვლელში დააგეს ასფალტი, თუმცა აქამდე აღარ ჩამოვიდნენ. ისეთი ცუდი გზაა, რომ მანქანა ძლივს შემოდის. თან თხრილებში წყალი დაგუბდა და თვეობით ასეა. პატარა ბავშვები გვყავს და ამ არხებში ცვივდებიან” – აცხადებს ლეილა ტასრაძე.

DSC02397

გზისპირებზე წყალი გუბდება და ბავშვებისთვის სახიფათო ხდება…

წეროვანში ჩასახლებულ დევნილებს, კოდისგან  მცირედ განსხვავებულ დახმარებას აძლევენ. აქ თითოეულ დევნილს კილონახევარის ნაცვლად, ოთხკილონახევარ ლობიოს ურიგებენ. მცირე განსხვავებაა შაქრის რაოდენობაშიც, წეროვანში ჩასახლებულ დევნილებს 900გრამს შაქარს ურიგებენ ყოველთვიურად. რაც შეეხება ფქვილის, მაკარონის და მარილის ოდენობას, ეს ორივე დასახლებაში იდენტურია.

DSC02383

მიღებული დახმარება

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სახელმწიფო პროგრამაში კოდელების მსგავსად, იანვარში წეროვნელებიც ჩართეს. თუმცა, კოდელებისგან განსხვავებით წეროვანში ჩასახლებულმა დევნილებმა ყველა თვის სოც. დახმარება მიიღეს.
ისევე, როგორც კოდაში, ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 და 125 ლარის ოდენობით , წეროვანში ჩასახლებულ დევნილებსაც დაურიგეს. ამას გარდა, მათ სამი თვის განმავლობაში 25-25 ლარიც მიიღეს.

DSC02382

ზამთრის სარჩო..

წეროვანში მცხოვრები ნესტან ბერუაშვილის ოჯახში შევდივართ. სახლის კარი, როგორც ჩანს გამძლე მასალით არის ნაგები. იატაკზე პარკეტი აგია. კოტეჯი მისაღებით , ორი საძინებლით, პატარა სამზარეულოთი და საპირფარეშოთი შემოიფარგლება.

DSC02378

ბერუაშვილებმა ეს სავარძლები თავად შეიძინეს…

დასახლებაში აქვთ ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და წყალი . ნესტან ბერუაშვილის თქმით, დევნილებს დაპირდნენ, რომ კოდის მსგავსად წყლის გამაცხელებლებს წეროვანშიც ჩამოიტანდნენ, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა.
სახლიდან გამოვედი და უბანს ვათვალიერებ.DSC02418

ამ ქუჩაზე მხოლოდ ერედველები ცხოვრობენ. სოფლელებიც “ერედველების უბანს” უწოდებენ. განმასხვავებელი ნიშანიც აქვს – ეს ხუთი მწკრივი მხოლოდ ნაცრისფრად შეფერილი კოტეჯებით შემოიფარგლება..
სარეცხი თოკები ეზოში გაუჭიმავთ. 40-45 წლის ქალი მაისურებს ფენს. ორივე ხელი დაკავებული აქვს და სარეცხ სარჭს პირში იდებს.

დევნილებს კოტეჯების ირგვლივ დაახლოებით 50კვ.მეტრის ნაკვეთი აქვთ, სადაც სიმინდს, ხახვს, პომიდორს და მწვანილეულს თესავენ.

DSC02405

წეროვნელების ბაღჩის პომიდორი..DSC02392

სახლთანვე საქათმეები დგას.  DSC02407უბანში ბავშვები მშვილდ-ისრებით და ხის თოფებით დარბიან, ომობანას

თამაშობენ. 4წლის პაატას ყველაზე მეტად იარაღი უყვარს:
“ბაღში ვთამაშობ ხოლმე, სამხედრო თვითმფრინავიც მყავს და ტანკიც. დიდი რომ გავიზრდები, ნამდვილი თოფი უნდა ვიყიდო” – ამბობს ბავშვი.

DSC02411

ბავშვების მშვილდ-ისარი

კიდევ ერთი პრობლემა, რის წინაც წეროვანის დევნილები დგანან, სისუფთავეა.. მათი თქმით, თვე ისე გადის, რომ სათბურებს დაბლა უბნებში დადგმული ბუნკერებიდან ნაგავი არ გააქვთ.

DSC02416

“ერედველების უბანს” დღის ხუთის ნახევრისთვის ვტოვებთ. ამჯერად, ქვა -ღორღით და თხრილებით გაჯერებული შესახვევებით მივემართებით, ხოლო სათბურებს მაღლა , საავადმყოფოსთან ახლოს კვლავ ასფალტიანი გზა იწყება.
მესამე დასახლება, რომელსაც ჩვენ ვეწვიეთ –ხურვალეთი, – წეროვანიდან 24კილომეტრში, შიდა ქართლის რეგიონში მდებარეობს. დასახლებაში 140კოტეჯი დგას. ოფიციალური მონაცემებით, სოფელში სულ 460 ადამიანი ცხოვრობს.
აქ ას ორმოცივე კოტეჯი ერთი ფერის არის – თეთრად შეღებილი და თეთრი სახურავით. სახლების ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი ნომრებია, რომელიც ყველა კოტეჯს აწერია.
აქაც, ისევე , როგორც წეროვანში, ყოველი სახლის ეზოშია პატარა დამუშავებული ბოსტანი.. ხურვალეთელებს სწორედ მოსავლის დაბინავების დროს მივუსწარით. მაკა და მისი მამა ხახვს პარკებში ყრიდნენ და რაკი სათავსო არ აქვთ, სახლში – სამზარეულოსა და საძინებელში ინახავდნენ.

DSC02423

კოტეჯების უკანა მხარეს თონეები დგას – ყოველ ორ სახლს შორის _ თითო. როგორც მაკა ჯავახიშვილმა მითხრა, ეს თონეები სოფლის მცხოვრებლებმა საკუთარი სურვილითა და ხარჯებით გააკეთეს. აღსანიშნავია, რომ ხურვალეთში, წინა დასახლებებისგან განსხვავებით, ბუნებრივი აირი არ შეუყვანიათ.
“რომ ამბობს სააკაშვილი, “გაზი ყველა სოფელსო”, ჩვენ არავის გავხსენებივართ. უკვე აცივდა, შეშაც რომ არ მოგვიტანონ, ზამთარში ყინვისგან დავიხოცებით” – აცხადებს ნომერ მეორე კოტეჯის მცხოვრები, ნაირა ჯავახიშვილი.

ხურვალეთში ასევე განსხვავებული პირობებია იმ მხრივ, რომ ამ დასახლებაში საპირფარეშო და წყლის ონკანი ეზოში აქვთ. ამასთან, წყლის ონკანი ინდივიდუალური არ არის. ერთ ქუჩაზე (20კოტეჯი) ოთხი ონკანი დგას ანუ ერთით – ხუთი ოჯახი სარგებლობს.
“არც მოდის წყალი, დღე – ღამეში ერთი-ორი საათით თუა კარგად, თან სიცივეში იყინება ხოლმე და სულ ისე ვართ დარჩენილები” – ამბობს ქალბატონი ნაირა.

DSC02453

წყლის ონკანი ხურვალეთში

DSC02475

წყლის ონკანისგან განსხვავებით , საპირფარეშოები თითოეულ ოჯახს ინდივიდუალური აქვს. თუმცა ხის ფიცრული ტუალეტები საცხოვრებელი სახლიდან ექვსიოდე მეტრშია აშენებული და მოსახლეობას საკანალიზაციო პრობლემა აწუხებს.
“ჯერ ერთი ტუალეტი რა არის და ახლა ოთხი ერთად რომ დგას, ზაფხულში ისეთი სუნია, ახლოს ვერ გაივლი, აი, ნარგიზას ტუალეტი ქარმა წააქცია კიდეც.” – გვითხრა ლამარა ჯავახიშვილმა.DSC02425
“ნარგიზას ტუალეტის” სანახავად კოტეჯებს უკან მოვუარე, მიუხედავად იმისა, რომ სიცხე არ არის, ოთხი ჩეჩმის “გავლენით” სუნი მაინც მძაფრად იგრძნობა, ხის ერთი საპირფარეშო მართლაც აყირავებულია და ნახევარი მხარე ჰაერში აქვს.

რაც შეეხება საკვებს, კოდასა და წეროვანთან შედარებით ყველაზე ნაკლებ დახმარებას ხურვალეთის დასახლებაში იღებენ – ყოველთვიურად სულზე 200 გრამი შაქარი, 300 გრამი ზეთი, 8 კილოგრამი ფქვილი, კილო-ნახევარი თეთრი ლობიო, ხუთი შეკვრა მაკარონი და, რა თქმა უნდა, სამი კოვზი მარილი მოაქვთ.

DSC02457

ხურვალეთური სადილი

ხურვალეთში ერთჯერადი დახმარებები 200 და 125 ლარის ოდენობით აიღეს. ასევე, აქვთ სოციალურად დაუცველის ყოველთვიური ფულადი დახმარება 24ლარის ოდენობით. თუმცა ქსუისიდან დევნილი ლამარა ჯავახიშვილი ამბობს, რომ მას უსამართლოდ არ აძლევენ უმწეოს დახმარებას.
“შვილიშვილთან ერთად ვცხოვრობ, ის პირველი ომის დევნილია და დევნილის ფულს იღებს , მე კი სოციალურ დახმარებას აღარ მაძლევენ. ცალი მკერდი მოჭრილი მაქვს და წესით ჯანმრთელობის დახმარებასაც უნდა მაძლევდნენ, მაგრამ ჩემთვის არაფერი არ არის” – აცხადებს ქალბატონი ლამარა.

DSC02461 ხურვალეთის კოტეჯებში წეროვანისგან განსხვავებით, ხის იატაკია, რომლის ღრიჭოებიდანაც ჭიები ძვრებიან და დაცოცავენ.
კედლები სველი და გამოუმშრალია.. როგორც ლამარა ჯავახიშვილი ამბობს, სახლებში სინესტე ჩასახლების დროიდან არის.DSC02464

“რომ მოგვიყვანეს, არ იყო კედლები და ჭერი გამშრალი და იმის შემდეგ ასეა. წვიმის დროს წყალი ასხამს ფანჯრებში და ნახევარ სახლს ასველებს. ქარის დროსაც მდინარიდან მონაბერი წყალი სულ კოტეჯებში შემოდის” – გვეუბნება ლამარა ჯავახიშვილი.

ხურვალეთშიც, კოდის მსგავსად არ არის სკოლა. ბავშვები დასახლებიდან ოთხი კილომეტრიც მოშორებით, სოფელ ხურვალეთის სკოლაში დადიან. მათ მთავრობის დაქირავებული სამარშუტო ტაქსი ემსახურებათ.

DSC02482სოფელში არ არის საავადმყოფო, თუმცა კვირაში ერთხელ შავშვების დევნილთა დასახლებიდან ექიმი ჩადის და მსურველთ სამედიცინო კონსულტაციას უტარებს.

DSC02430

ხურვალეთიდან წამოსულს თვალწინ მთელი დღის ნანახი მიტრიალებდა.

რეპორტაჟი სამი სოფლიდან არ იძლევა სრულ სურათს მათი ყოფის შესახებ. თუმცა, მაინც გამოჩნდა ვისთვის მცირე, ვისთვის კი დიდი განსხვავებები.
ერთი საერთო, რაც ამ სამ დასახლებაში მატერიალური კუთხით დავინახე, ის იყო, რომ მათთვის ორი თვის მანძილზე არ მიუტანიათ ის დახმარება, რასაც 50გრამი მარილი ჰქვია.

DSC02477

ხურვალეთში ღამდება…

თუმცა, ამ სოფლების მცხოვრებთ ერთი დიდი საერთო მახასიათებელი აქვთ – ისინი დევნილები არიან.

 
2 Comments

Posted by on ოქტომბერი 6, 2009 დუიმი რეპორტაჟები

 

ტეგები: , , , , , , , , , , ,

ჭავჭავაძის გამზირი 17ა – ანუ 20წუთი დევნილებთან

დღეს მწვანე ტალღიდან გამაგზავნეს – კონსტიტუციის დაცვის ეროვნული ლიგა საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ პრესკონფერენციას თუ რაღაც მაგვარს მართავდა. მისამართი – ჭავჭავაძის 17ა. მესამე სართული.

ცოტა ადრე წავედი. ეს “ა” – ები ცუდად ვიცი ძალიან და..
15წუთში ჭავჭავაძეზე ვიყავი. ვნახე 17ნომერი,. მაგრამ ეს 17ა არსად ჩანდა. შევედი რაღაც ჩიხში, დანგრეული სახლებით იყო უპირატესად იქაურობა სავსე. დავინახე – 17ა – სამსართულიანი, ჩამონგრევის პირას მყოფი შენობა. ავედი, შარდის და შმორის საშინელი სუნით იყო იქაურობა გაჟღენთილი.
დაბზარული კედლები.. ჩამონგრეული ჭერი.. ყოველ სართულზე ძველი, ჟანგიანი რადიატორები და დამტვრეული აგურები ეყარა.
გამიკვირდა – ასეთ ადგილას განათლების ეროვნულ კავშირსაც კი არ გაუმართავს რამე მეთქი (მათ სადღაც პუშკინზე ჰქონდათ რამდენიმეჯერ, ძლივს ავედი, ისე ყანყალებდა იატაკი).

მესამე სართულზე რომ ავედი და ისევ ისეთი სიტუაცია იყო,ჩამი-ჩუმიც კი არ ისმოდა, შემეშინდა – აქ სად მოვხვდი მეთქი. ამ დროს 40-იოდე წლის ქალი დავინახე, ტილოს ფენდა ჟანგიან რკინაზე. ვკითხე – აქ იმართება პრესკონფერენცია მეთქი? მიკროფონი რომ დამინახა – ჟურნალისტი ხარო? დასტური მივეცი.
წამობრძანდითო და გრძელ, ასევე დანგრეულ დერეფანში შემიძღვა, მერე კი ოთახში შემიყვანა.
გავოცდი, ადგილი, სადაც მოვხვდი, არანაირად არ ჰგავდა ადგილს, სადაც საკონსტიტუციო სარჩელი პოლიტიკური პარტიებისთვის, არასამთავრობო სექტორისთვის და მასმედიისთვის უნდა წარედგინათ.
დაახლოებით 40კვადრატული მეტრი ოთახი, ასევე დაბზარული კედლები, ჩამტვრეული მინის ალაგას ფანერები და “ცელოფნებია” გაკრული. ოთახში ხუთი რკინის საწოლი დგას. ინტერიერს – ერთი პატარა, საკმაოდ შელახული კომოდი, ფერადი ტელევიზორი – სამსუნგი, პატარა მაგიდა – სხვადასხვა წამლებით სავსე, რკინის ჩაიდანი და “პლიტა” ემატება. ჰო, ერთი ცისფერი პლასტმასის ჭიქაც წამლების გვერდით.
ერთ ლოგინში მოხუცი ქალი წევს – საშინლად ახველებს და ნახველს საწოლის ქვეშ მდგარ ღამის ქოთანში აფურთხებს.

ნანა – ქალი, რომელმაც ოთახში შემიყვანა, სკამს მიწვდის და თავად იმ ლოგინზე ჯდება, სადაც 8- 9 წლის ბიჭიც ზის.

როგორც მითხესა – სოფელ ახალგორის რაიონის სოფელ წირქვალიდან არიან დევნილები.
“არანაირი დახმარება არ გვაქვს, ეს (ხელს მწოლარე მოხუცისკენ იშვერს) საავადმყოფოში იწვა და არანაირი შემწეობა რომ არ გვაქვს , გამოვიყვანეთ და ახლა აქ გვყავს სიკვდილის პირას”.
მოკლედ, ამ ქალს ეგონა, რომ კონსტიტუციის დაცვის ეროვნული ლიგა იმიტომ იკრიბებოდა, რომ ესენი ოთახიდან გამოესახლებინათ.
“ჩვენ არ დაგვირღვიეს კონსტიტუცია? ჩვენ გამოგვყარეს ჩვენი სახლებიდან, ჩვენი სოფელი იქ არის, სადაც დღეს ყველაზე ცხელი წერტილია. ჟურნალისტები რატომ იმით არ ინტერესდებით, რა ხდება ახლგორში? დამაბრუნონ ჩემს სოფელში და არ მინდა ეს საღორე, ეს სახლები გვეკუთვნოდა ჩვენ? ამასაც რომ მართმევენ”?
მე ვუხსნი, რომ ის შეკრება სადაც მე მივდივარ, არ არის მათ საწინააღმდეგოდ მიმართული .
აბა, რომელი პარტია მართავს? – მეკითხება პატარა ბიჭი.
ნანა ისევ ამბობს, რომ თავად ონკოლოგიური ავადმყოფია, ოცი წელი მასწავლებლად მუშაობდა და ახლა მოხუცის პენსიით ცოცხლობენ, რადგან მათთვის საერთოდ არაფერი მიუციათ.
“ყველაფერი, აქ რაც კია, ყველაფერი ისევ ჩვენი წვალებით გავაკეთეთ” – მეუბნება ქალი.

კიდევ ამბობს, რომ ამ შენობის დირექტორი მათ გასახლებით ემუქრება – “გვაბრალებენ, დევნილები არ ხართო”…

შენობიდან გამოვდივარ, თავადაც მომყვება, პირველს ხუთი წუთი უკლია, კიდევ ვკითხულობ – სადმე თუა ჭავჭავაძის 17ა.
“ჭავჭავაძის 17ა არ ვცით, ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი კი იქ არის” – მეუბნება შუახნის მამაკაცი და ახალი, მაღალი შენობისკენ მითითებს. იქით წავედი და აღმოჩნდა, რომ დანიშნულების ადგილას მივედი.

არ შემიძლია, დასასრულს ის არ ვთქვა, რომ მათმა (დევნილების) ნათქვამმა – “გვაბრალებენ, დევნილები არ ხართო” – ეჭვი ჩამისახა (სამწუხაროდ, ძალლლლიან ეჭვიანი ვარ) , ეჭვი უფრო იმიტომ გამიჩნდა, რომ სოფელი წირქვალი ჭიათურაშია. იმედს ვიტოვებ, რომ არსებობს კიდევ მეორე წირქვალი, რომელიც ახალგორშია.

 
2 Comments

Posted by on აგვისტო 24, 2009 დუიმი რეპორტაჟები

 

რეპორტაჟი ბაზრიდან:-D

მოკლედ,  დილით ადრე ამაყენა დედაჩემმა – საზამთროდ კიტრის მწნილის ჩადება მინდაო და გამიყოლა (რატომღაც). არადა, ყველაზე ნაკლებად რაც მეხერხება – რაღაცების ყიდვაა. ნუ, მაინც გავყევი.. ნავთლუღის ბაზარში რომ შევედი სასტიკად “მომესიკვდილა” იქ ბოდიალი, თან დედაჩემის ამბავი რომ ვიცი, სანამ ის აარჩევს თავისთვის მოსაწონს და თან კიტრი სახელად თქვა და მიაყოლებს იმას რასაც თავალს დაადგამს:-D ხოდა, გადავწყვიტე, საკუთარი თავი თავადვე გამეხალისებინა და ბაზრიდან რეპორტაჟი გამეკეთებინა. მაშ ასე:

 წითელ – მწვანე – ცისფერი ბრეზენტით გადახურული დახლები, ძირს დაწყობილი ყუთები,  დამპალი კარტოფილით, კიტრით, ერბო “ტექსუნის” ქილებით  მოფენილი აყრილი ასვალტი – ეს ნავთლუღის ბაზრობა “კედარია”. ..

DSC01258

ნავთლუღის ბაზარი “კედარი”

 

ბაზრის შესასვლელში  ჯიხური დგას, სადაც მუსიკალურ კასეტებს და დისკებს ყიდიან.
“ჩემი გულის დედოფალო, რატომ მტანჯავ რა გინდაა” –  ჟღერს (ახლა უნდა მეთქვა – ღია რადიოში მეთქი, ფუჰ:-D)
ნუ, “ნაცნობი” სიმღერაა..
პირველივე დახლთან ხალხია შეკრებილი.

 “აბა, საუკეთესო პამიდორი იაფად” – ყვირის ზორბა, წითურულვაშიანი მამაკაცი, რომელსაც ცისფერზოლიანი თეთრი პერენგის ღილები თითქმის ჭიპამდე აქვს ჩახსნილი.
ჩანს – იაფ – “ლაროციან” პამოდორს მნახველი უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე მყიდველი.
გაიწიე, გაიწიე,მაინც არ ყიდულობ და ჩვენ მაინც გაგვიშვი  – ყვირის ხნიერი, ყვითელსარაფნიანი ქალი, რომელსაც ორივე ხელში დაკეცილი თეთრი ნაჭრის პარკი უჭირავს. ის მუჯლუგუნებით არღვევს რიგს .

ამ ხნის ქალი ხარ და როგორ იქცევი, ნადირო, ტყეში გაზრდილო – ისმის ყიდვის თუ დათვალიერების მოსურნეთაგან. ქალი ყურადღებას არავის აქცევს და  პამიდორს მუშტრის თვალით ათვალიერებს, ხელს უჭერს, სიმაგრეს უსინჯავს, ფრჩხილიც გაჰკრა რატომღაც , ერთი-ორჯერ.

ლარად მომე და ათი კილო მიმაქვს – მიმართა გამყიდველს.
 – შენ გიჟი ხომ არ გაქვს ნაჭამი. ლარი  და ათი მიცემული .მაქვს  და ლარად მოგცე?
ჰაა, მომე, მომე, კაი კლიენტი ვარ, ათი კილო მიმაქვს – არ ეშვება  ყვითელსარაფნიანი ქალი.
სადაც მოგცენ, იქ იყიდე , აბა საუკეთესო პამიდორი იაფად – აგრძელებს ყვირილს ზორბა, წითურულვაშიანი მამაკაცი, რომელსაც ცისფერზოლიანი თეთრი პერანგის ღილები თითქმის ჭიპამდე აქვს ჩახსნილი.

“იაფი პამიდვრიდან” სამიოდ მეტრში ორი ვედრო დგას – სამურაბე კაკლით. გვერდით ახალგაზრდა წყვილი მიდის.
 – აუ, თედო, კაკლის მურაბა ვიყიდოთ რა – სთხოვს  თანმხლებ მამაკაცს ქერათმიანი, მკვეთრმაკიაჟიანი, ცისფერკაბიანი და ძალიან მაღალ, წვრილ (შპილკა) ქუსლებზე შემდგარი ქალი.
კაი რა ლიკა, რათ გვინდა კაკალი. თან მაგას კირი და ათასი უბედურება უნდა – პასუხობს 25 – იოდე წლის  ბიჭი, რომელსაც ნაცრისფერი ჩაჩები და ლურჯი რეზინის “შლოპანცები” აცვია.

აუ, არა რა, თედო, ვიკითხოთ..
კარგი, ეს კაკალი ვისია? – კითხულობს თედო.
ვინც იყიდის მისია შვილო – პასუხობს გვერდით მჯდარი ბადრიჯნის გამყიდველი და თან კაკლის პატრონს ეძახის, რომელიც მალევე მოდის და წყვილს მურაბის მომზადების რეცეპტს უხსნის.

DSC01263

ნატურით ვაჭრობა – პამიდორს და ბავშვის ტანსაცმელს ცვლიან

 

ამასობაში დედაჩემი დავკარგე და ძლივს მივაგენი, ჰოდა  მასა და “ბაჯიას” შორის ასეთი დიალოგის მომსწრე გავხდი.
კიტრი რა ღირს?”
აი, პამიდორი ლარი, კაპუსტა შიძისიატ, მარკოვკა ლარ პიძისიატ.
კიტრი? კიტრი?
აა, კიტრი ვოსემძისიატ, აი, პამიდორი ლარი, კაპუსტა ვოსიმძისიატ..

კიტრი მინდა..
ხო, კიტრი, აი, კიტრი, აი პამიდორი – ლარი. კაპუსტა შიძისიატ, მარკოვკა ლარ პიძისიატ, ციცაკა ლარ დვაციტ..
კიტრი ამიწონე ათი კილო..
კიტრი? პამიდორი არ გინდა? ლარი.. კაპუსტა შიძისიატ, მარკ..
აქ წამოვედით და  “ოვკა ლარ პიძისიატ და ციცაკა ლარ დვაციტ” – უკან მოგვაყოლა.)

 

DSC01265

 

უცებ, ჰოი საოცრებავ, ბიტლზების “get beck” მოესმა ჩემს ყურებს, მუსიკალური კასეტა-დისკების გამავრცელებელი ჯიხურიდან გამოდიოდა ხმა. მოწმენდილზე მეხი არ გამიკვირდებოდა (თუმც მოღრუბლული იყო) , როგორც ეს . როგორ, ნავთლუღის ბაზარში, იქ სადაც ოდენ უცნობი, უძეგლო (ან ნაცნობი და დონე 90-იანი წლების სექსსიმბოლო – ასე მოიხსენიებდნენ გია სურამელაშვილს ერთ-ერთ სტატიაში:-D) მომღერლები მღერიან , ბითლზები? უცებ გამორთეს და ჯენის ჯოპლინის “try” დაიწყო (აქ ანელი მეტყოდა – რა დრო დაგიდგა მარი, ჯოპლინს ცნობო:-D
მაგრამ ეს ეტყობა უეცარი “გაფართხალება” იყო, რადგან ოციოდე  წამიც არ აკივლეს, რომ “საამო” –  მთრთოლვარე
ჰანგები მოესმა ჩემს ყურთასმენას – მიყვარხარ მეთქი, გითხარი და და შენც დაიტანჯებიი”ვაა მეთქი, როგორ ვერ ვცნობ😀
მაგრამ ჩემი უმეცრება ამ მხრივ სულ რამდენიმე წამში გაქრა, როდესაც შემდეგი სიტყვები გაისმა – “დედიკოს გაფიცებ, არ გადამეჩვიო, არ გადამეჩვიო, არა”:-D

DSC01266

“სანტავიკი” ყველგან საჭიროა

 

დედაჩემი ისევ კიტრს არჩევს. მე გვერდით გავდივარ. ახალგაზრდა ბიჭი  თხილს ყიდის. მასთან 50-წლამდე წითლადთმაშეღებილი  ქალი მიდის,
ამ თხილს გული აქვს?
გულიც აქვს და ფილტვიც – სიცილით პასუხობს გამყიდველი იმერული კილოთი.
ქალი თხილს იღებს , ფცქვნის, ტეხავს და ჭამს.
რა ღირს?
ორი ლარი.
მომე ლარნახევრად და ორ კილოს წავიღებ.
 – ოოოჰ, კაი ერთი – იცინის ბიჭი, “სპრაიტის” ბოთლიდან წყლით ასველებს ლურჯ-შავ უჯრულა ცხვირსახოცს და კისერზე იხვევს.
მომეცი , მომეცი, არ ვარგა შენი თხილი, არ უვარგა გული..
რავა არ უვარგა? – ბიჭი თავად იღებს თხილს და ტეხავს.
ეს ამ ერთ ცალში იყო..
ბიჭი კიდევ ორ ცალს ტეხავს..
იცოდე, რამდენიც ჭიანი და უგულო შემხვდება , იმდენს გაგინებ – ეუბნება ქალი.
როგორ მაგინებ? – იცინის ბიჭი..
შე კარგმო….ლო არ იცი – როგორ უნდა გინება?
ბიჭი ისევ იცინის და მაისურს იფერთხავს ..
საბოლოო შეთანხმება – ორი კილო – სამლარნახევარი;

ბაზრის გასასვლელში ქალი ბოსტნეულს ყიდის და თან ტელეფონზე ლაპარაკობს

როგორ ვერ გაიგე, სამი ნოვოკაინი აიღოს, გახსნას პენიცილინში ხუთგრამიან შპრიცში და გაუკეთოს ყურისძირში” – იმედია, ადამიანზე არ ლაპარაკობს.

DSC01270

ყველის და ნაგვის “იდილია”
დედაჩემმა იყიდა, რაც უნდოდა და ჩვენც ვტოვებთ წითელ – მწვანე – ცისფერი ბრეზენტით გადახურული დახლების, ძირს დაწყობილი ყუთების, დამპალი კარტოფილის, კიტრის, ერბო “ტექსუნის” ქილებით  მოფენილ აყრილასვალტიან “პატარა სამყაროს”, – ეს ნავთლუღის ბაზრობა კედარია.

 
7 Comments

Posted by on აგვისტო 9, 2009 დუიმი რეპორტაჟები

 

ერთი წლის წინ ანუ 8.08.2008

 

 დღეს ვფიქრობდი რომ ომის წლისთავია, რომ ერთი წელი გავიდა “აგვისტოს მოვლენებისა” და “რუსული აგრესიის”  შემდეგ და გამახსენდა შარშანდელი რვა აგვისტო..
სოფელში მივდიოდი, სოფელი მაქვს საჩხერეში, ზუსტად ჯავის საზღვართან, როგორც ამობებენ ერთი ქედი , ტყე თუ გორა გვყოფს.
ჩემი და, ბიძაშვილი და დეიდაშვილი (14, 17 და 21წლის გოგოები) იყვნენ უკვე იქ
მეც რამდენიმე დღის ჩამოსული ვიყავი კბილზე შემექმნა პრობლემები და გული ისევ იქით მიმიწევდა:-D
7აგვისტოს ტელევიზორისთვის საერთოდ არ მუყურებია (მეც ჟურნალისტი ვარ რაღა), რაღაც კი თქვეს, მაგრამ ვერ წარმომედგინა , რომ ამდენად სერიოზული საფრთხე იყო, ვერ წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა ომი დაწყებულიყო.

ხოდა, 8 აგვისტოს სამგორის სადგურში ვიყავი ბარგაკიდებული და ჩემი სოფლის მარშუტკას ველოდი. (ეს არის ცამეტადგილიანი , ყვითელი ფერის, მგზავრობისთვის ყოვლად შეუფერებელი ტრანსპორტი,  რომელიც ლიჩი-თბილისის რეისით  კვირაში მხოლოდ სამჯერ დადის და რომელზე ადგილის დაკავებაც წინა დღეებში იწყება).

ხალხი ბლომად იყო შეკრებილი,    და მეც გასული წლების მსგავი  შიში , ნაცნობი გრძნობა – “ვაი, ადგილები რო არ იყოს და დარჩენამ მომიწიოს”? – დამეუფლა.
ამ დროს ერთი მგზავრი (ჩემს უბანში უნდა ჩამოსულიყო), მორბის ყვირილით – ვაიმე, გორი დაბომბეს, ვერავის ვუკავშირდებით, მობილური ქსელებიც გათიშულიაო. დავიწყე წვალება, იმ დროს უფრო აქტიურად ლაი-ლაის ნომერს ვხმარობდი, რომლითაც ვერაფრით ვერ დავრეკე. ჩავდე ბალის კარტა და როგორც იქნა მოვახერხე სოფელში  ” გასვლა” – ცოტა დავაშინე “ბიძაშვილ-დეიდაშვილ-და” – შეიძლება ვერ ჩამოვიდე მეთქი..

ამასობაში მოვიდა როგორც იქნა ჩვენი მარშრუტკა, მძღოლს შემოვეხვიეთ – აბა რა ხდება თქო.
 – არაფერი კაცო, უბრალოდ რომ მოვდიოდი, იგოეთთან ჭურვი ჩამოაგდეს და მანქანის უკან აფეთქდაო.
ხალხი დაფეთდაა..
დედაჩემი და დეიდაჩემი ცდილობენ გადამარწმუნონ წასვლაზე – ამას ჯობს, ჩვენ წავიდეთ და ისინიც წამოვიყვანოთო.
მე ცივი უარით ვიკავებ ადგილს და “ფეხებს ვაფიჩინებ” – უნდა წავიდე მეთქი. (ნუ, ერთი მხრივ , კარგად მოვიქეცი, რადგან ისინი რომ წასულიყვნენ, ჩარჩებოდნენ მთელ თვეს და იქით თავად მოკვდებოდნენ შიმშილით, აქეთ მე:)დედაჩემი მაინც არ წყვეტს ხვეწნას, მე “ვამშვიდებ” – ხო იცი, იმათ საჭმელი უთავდებათ და მე რომ არ ჩავიდე, შეიძლება ისე დარჩნენ.
ცოტა გაჭრა..
მგზავრობის მოსურნეთა რიცხვმა შესამჩნევად იკლო, ადამიანებიდან, რომლებისგანაც სამი მარშუტკა გაივსებოდა,  რვა კაცი ვრჩებით.
მძღოლი გვამშვიდებს – თუ გადაკეტილი იყო გორთან, უკან მოვბრუნდებით, რა პრობლემაა.
როგორც იქნა, გავედით.

ფანჯარასთან მჯდომს უფრო მიტანს შიში, გზაზე დაუსრულებელი კოლონებია – რეზერვისტების, “ორხიდიანების – სავსე ჯარისკაცებით”, სხვადასხვა ტექნიკის.
“ღმერთო,. შენ დააბრუნე ყველა მშვიდობით” – პირჯვარს იწერს მარშუტკაში მყოფი ერთადერთი ქალი. ნუ, ჩემს გარდა). ის ჩემს სოფლამდე ცხოვრობს და თბილისში მოტეხილი ფეხის სამკურნალოდ იყო ჩამოსული.
მანქანაში მყოფი შვიდ  მგზავრს+მძღოლი მოსალოდნელ საფრთხეებზე იწყებს მსჯელობას, მე რადიოს ვრთავ და ვცდილობ ახალი ამბები გავიგო.
რუსების ერთი თვითმფრინავი ჩამოაგდეს”, უკვე ორი, უკვე სამი . . – ვამშვიდებ გზადაგზა ჩემს “თანამოინახეებს”, ისინი თავიანთ ოჯახზე და ახლობლებზე იწყებენ ლაპარაკს , პრეზიდენტმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა – “რა გვეშველება” – როდის მორჩება ყველაფერი” – ატირებული კითხულობს მარშუტკაში მყოფი ერთადერთი ქალი. ნუ, ჩემს გარდა). ის ჩემს სოფლამდე ცხოვრობს და თბილისში მოტეხილი ფეხის სამკურნალოდ იყო ჩამოსული.

ხვალვე წავალ ომში და რუსებს დედას ვუტირებ”: – აღგზნებული სახით ყვირის ვასიკო – მარშრუტკის პატრონი და მძღოლი (ის აფხაზეთის ომშია ნამყოფი და ყოველ წელს, ყოველ მგზავრობისას აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნებას განიხილავს.
“მიშამ თქვა – დავიბრუნებთო და დავიბრუნებთ. ძალით, ნებით, მაგრამ შევალთ, ჩვენს ადგილს მაინც დავიბრუნებთ” – ეს მისი საფირმო ფრაზაა. (კიდევ ერთი, აფხაზეთის ომის დროს ვასიკოს ძმა დაეღუპა და მისი ცხედარი ერთ კვირას ზურგით ატარა, სანამ სოფელში ჩაიყვანდა და მიწას მიაბარებდნენ.)

გორის გზა გახსნილი დაგვხვდა, თუმცა მოძრაობა ძალიან გაძნელებულია. . ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით მოძრავ რეზერვისტებით სავსე ათეულობით ავტობუსს და მსუბუქ მანქანას .რამდენიმე საცობი აქვთ შექმნილი .  ყველგან პატრული დგას, გორის ცენტრში დაბომბილი ადგილი ჩანს, ქალაქის გარეთაც მოჩანს მინდვრებზე დამწვარი ადგილები.

რატომღაც, პირველად “ვასოს მარშუტკით მგზავრობის” ისტორიაში მანქანა არ გაფუჭებულა და სამი საათი შესაკეთებლად არ “წაგვიყვანია””, ერთი ეგ იყო, ერთ-ერთი მგზავრის წამოღებულ  ბალონს გაზი გაუვიდა და გაგუდვა-აფეთქებას ბეწვზე გადავრჩით.
მობილურ ოპერატორებს უფრო და უფრო უჭირთ მუშაობა. მხოლოდ გამოტოვებული ზარებიღა მომდის,. ძლივს მოვახერხე მესიჯის გაგზავნა.
ჭერათხევიდან აღარც რადიო იჭერს. სწორედ აქ იწყება ჩემი ინფორმაციული ვაკუუმი, რომელიც ზუსტად 21დღეს გაგრძელდა. ამ პერიოდის მანძილზე ტელევიზორის (კურიერის) ყურება მოვახერხე სამჯერ. მიზეზი – ჩემი სოფელი  არის ნამდვილი სოფელი, ანუ ჯუნგლები, სადაც ცივლიზაციას თითქმის არ შეუღწევია. ტელევიზორი იჭერს იმ ოჯახებში, სადაც “ანტენა-თეფშები” აქვთ.
წკოტთან თვითმფრინავები შევნიშნეთ ცაზე. მგზავრები ლოცვას იწყებენ, აფეთქების ხმა ისმის და ფანჯრიდან ცეცხლმოკიდებული ადგილი ჩანს მინდორზე. ჭურვი ჩამოაგდეს.
მძღოლი (ისედაც ძალიან სწრაფად დაჰყავს მანქანა) უფრო უმატებს სიჩქარეს, უსწრებს წინ მიმავალ “ოპელს” და ლამის ეჯახება ცისფერ “ვოლვოს”, რომელიც “ოპელის” წინ მიდიოდა.
ვასიკო მარჯვნივ ატრიალებს მანქანას და მკვეთრად ამუხრუჭებს, მარშუტკა ტროტუარიდან გადადის და მარჯვენა ნახევრით გადაღმა თხრილში დგება, მარცხენა კი თითქმის ჰაერში აქვს. მძღოლი სასწრფოდ ასწორებს და აჩერებს მანქანას.
შე სამიწე, ბომბს გადავრჩით და შენ უნდა მოგვკლა? სახლში მაინც ჩაგვიყვანე ცოცხლები ” – ყვირის მარშუტკაში მყოფი ერთადერთი ქალი. ნუ, ჩემს გარდა). ის ჩემს სოფლამდე ცხოვრობს და თბილისში მოტეხილი ფეხის სამკურნალოდ იყო ჩამოსული

ბოლოსდაბოლოს ჩავდივართ ლიჩში. სოფელში დამხვედრები მძღოლს შემდეგ რეისზე ეკითხებიან – “არ ვიცი, ხვალ ომში მივდივარ, დავხოცავ რუსებს და ჩამოვალ” – იცინის ვასიკო.
მერე კი.. 21დღე სრულ  იზოლაციაში, შიშში , ღამე გათიშული სინათლე – დაბომბვისას რომ არ დაგვინახონ.
მეზობელ სოფელში (6კმ-ში) გადასვლა – პურის თუ ერთი კგ შაქრის საყიდლად. სოფლის ჭორები – აგერ მოსულა ჯარი, ტყეში გავიქცეთ.. თბილისიდან ზარები – ვაიმე, მაქეთ მოდის ჯარი, ვაიმე, თბილისში შემოდიან რუსები.
ჩემი ბიძაშვილის მუდმივი წუწუნი და ზარები დედამისთან – როგორც გინდა წამიყვანე, მე აქ მოვკვდები. ჩვენი ჩხუბი მასთან – არა პანიკას.. ტყიდან შეშის მოტანა, საჭმლის დამთავრებისას ბალახეულზე (დანდურზე) გადასვლა. თბილისიდან მოსული ახალი ინფოს მერე სოფელში “თეფშიანი” ტელევიზორის ძიება, ზოგჯერ უიმედობა – ვაი, თუ, სულ აქ ჩავრჩეთ.. რუსებისთვის კაი გინება.. და მაინც იმედი – რომ მალე დამთავრდება ის საშინელება , რასაც ომი ჰქვია.
ახლა მესმის, იმ ტრადიციულ ქართულ სუფრებზეც კი (რომლებიც ასე არ მეხატება გულზე), რატომ ამბობენ პირველს – მშვიდობის სადღეგრძელოს.

 
6 Comments

Posted by on აგვისტო 8, 2009 დუიმი რეპორტაჟები

 

რეპორტაჟუნა წამების დღიდან

პარასკევს წამების საერთაშორისო დღე რომ იყო, ნამდვილად არ ვიცოდი, ისე მივდიოდით მე და ჩემი ჯგუფელი ანელი ჩვენს ჩვეულ გზაზე, შინისკენ. . ოპერასთან დავინახეთ უამრავი ხალხი.. რაღაც სამგლოვიარო პროცესიასავით იყო ეს მოძრაობა.. შორიდან კიდევ ბევრი ხალხი ჩანდა.. დაგვაინტერესა და გავყევით ნაკადს (როგორც ანელიმ თქვა – თეორიულად ხომ მაინც ვართ ჟურნალისტები.).. ცოტა ხანს ვსდიეთ, ცოტა დაგვაბიჯეს, ცოტა დავაბიჯეთ, მაგრამ მაინც ვერაფერი გავიგეთ..

 კითხვას – რა ხდება? (კოკა გამახსენდა, ყანდიაშვილი), ჩვენი მოქალაქეები ძალიან მტკივნეულად აღიქვამდნენ. .

 – “უსამართლობას ვაპროტესტებთ” – ქალი არ ჩერდება და უკანმოუხედავად მიდის..

– ბატონო?

– რა ვერ გაიგეთ, უსამართლობას ვაპროტესტებთ მეთქი..

– ვერ ვხვდებით რა სახით, მართლა გვაინტერესებს..

– გითხარით, უსამართლობას ვაპროტესტებთ მეთქი, სააკაშვილის მოგაზავნილები რომ ხართ..( ქალი აშკარად აგრესიული გახდა)..

– ვაიმე..

– რა ვაიმე ერთი..

 ჩვენი გაოცებული სახე მსვლელობის სხვა მონაწილეებმაც ცუდად გაიგეს.

– “ხო, ხო, ვერ გაიგეთ? თორემ არ ხართ, რას ამბობთ” – და შემოგვიბღვირეს..

სასწრაფოდ გავეცალეთ და წინ წავედით.. როგორც გავიგეთ, ამ პროცესიას გეზი უზენაესი სასამართლოსკენ ჰქონდა აღებული.. ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვთქვა, რომ არც ვიცოდი სად იყო – ვიცოდი მხოლოდ თეორიულად –  არის ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე , ეს ქუჩაც ვიცოდი ასევე თეორიულად – სადღაც რუსთაველის გამზირიდან უნდა აუხვიო.. ახლა კიდე, ასეთი “შანსი ჩამივარდა”..

DSC01131 (1)

მივყევით ბოლომდე.. სასამართლოს შენობის მოპირდაპირე მხარეს, “მეოხის” რედაქცია თუ რა შენობა არ ვიცი, საცხოვრებელი სახლიც იყო ამავდროულად, იქ დაიდეს ბუდე.. თავიდან დავინახეთ წითლად აფორაჯებული ხაინდრავა .. მერე შემოემატნენ ლევან გაჩეჩილაძე და სხვები..

DSC01138

ხალხი მოდიოდა და მოდიოდა.. ოღონდ ეს ხალხი აღარ ჰგავდა ძველ “აქციონერებს” და “პროტესტანტებს”.. ახლა რაღაც ყველაფერზე წამსვლელი ადამიანების ჯგუფი იყო.. მე და ანელიმ მივიღეთ გადაწყვეტილება – არ გაგვემჟღავნებინა ჩვენი პოლიტიკური ორიენტაცია (არც ის, რომ ჟურნალისტური ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ვიყავით აქ,, ერთადერთი მობილური ტელეფონი თუ გაგვყიდდა, რომლითაც სურათებს ვიღებდით..).. ვიდექით ჩვენთვის ჩუმად..

DSC01203

ხალხის ჩოჩქოლი და ტაშის კვრა არ წყდებოდა.. ხმას ამოიღებდა გრეჩიხა და ერთი ხალხის დაჩოქებაღა აკლდა , თორემ თავი ძველი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში მეგონა… ლევანი არმაზის კერპი იყო და ეგაა…

 – ხალხო, გადაიწიეთ, მთელ ტერიტორიაზე განვლაგდეთ, ბევრი ხალხი მოდის ძალიან,, თქვენ იქით გადაიწიეთ.. (რას გადავიწეოდი, ძლივს ოცნება ამისრულდა და მეფე (თან ამდენი) ახლოდან დავინახე)..

აივნებიდან ხალხი სურათებს იღებს, რაც ხალხის აღშფოთებას იწვევს..

– “ეს ამხელა კაცი რამ გადარია, რამ, რატომ გვიღებს რა უხარია ერთი” – ყვირის 40იოდე წლის ქალი, და ღია მწვანე ყვავილიან რეზინის ქოშებს ერთმანეთს უსვამს..

– აბა ეს გააკეთოს თუ მაგარია, (რაღაც ფიცარს აწოდებენ აივანზე). თოკი უნდა, თოკი.. თავიდან ვერ მივხვდი, როგორც აღმოჩნდა, ეკრანია და პროექტორის მეშვეობით რაღაც ფილმების ჩვენებას აპირებენ..

“ჩვენ ველოდებით დაბნელებას, რომ მოვახერხოთ ფილმის ჩვენება, მანამდე კი გვეყოლება რამდენიმე პოლიტ.გამომსვლელი – აცხადებს ბესელია..

უცებ ხალხმა ყიჟინა დასცა და ყველა სასამართლოს სახურავზე იშვერს ხელს. სახურავზე შავნიღბიანი ახალგაზრდა კაცი დგას, (სავარაუდოდ ახალგაზრდა ) და ფოტოებს იღებს.. რატომღაც ჩემი ნაყურები მწირი ფილმები გამახსენდა და აქედან “ლეონი” , კინაღამ გამიელვა – ვაითუ, სნაიპერი ან ქილერია მეთქი.,. რავი, რას არ იფიქრებს ადამიანი..

ხალხი ხელს უქნევს და ყვირის.. “გვიყურე რამდენი ვართ და გასკდი გულზე, მიწა დაგაყარე შენ” – ყვირის 70მდე წლის ჭრელხალათიანი, ხელებზე მრავალბეჭედასხმული ქალი, რომელსაც თმა ყვითელი აბადოკით გადაუწევია.

“გადაგვიღე, გადაგვიღე, გაუხეთქე გული ჩვენს მტერს – გვიყურე”, – 40იოდე წლის შავებში მოსილი ქალი ჰაერში ხტება და ხელს ისე უქნევს, თითქოს მისწვდებაო, თან მუყაოსგან გამოჭრილი ლუდ “ქარვის” მარაოთი ინიავებს ყელს..

ქოქოლამიყრილი ფოტოქილერი ფოტოაპარატს იშორებს და შუათითს აჩვენებს “დუშმანთ”..

– ეგ შენ და შენს ოჯახს შე სამიწე”..

მოკლედ, ეს ფოტოქილერი საღამოს მთავარი თემა გახდა – გაჩეჩილაძე გამოდის – არ არსებობს, რომ ამ ადამიანის ან ნათესავი არ იყოს უსამართლოდ დაჭერილი ან მეზობელი, ან მამა, ან..

– ან უბნელი – აშველებს რამდენიმე ხმა ერთად.

–  ხო ან მეზობელი, ან მამა, ან ბიძა, ან მეგობარი, ან, ან..

–  ან უბნელი – კვლავ ისმის ხმები..

–  ხო, ან უბნელი.. მოეშვა გულზე გრეჩიხას..

“ჩვენ შენთვის ვცდილობთ, რომ შენ თავისუფალი საქართველო დაგახვედროთ.. ხალხო, ამას კი არ უნდა უყვიროთ , კი არ უნდა აგინოთ, უნდა ჩამოიყვანოთ, მოეფეროთ, დაუყვავოთ და ფეხი დავბანოთ, რადგან ძმაა ესეც თქვენი” – მქუხარე ტაში..

 – ხო, გენაცვალე, აბა რა, უნდა ჩამოვიყვანოთ და თოკი უნდა თოკი ამას, კვლავ ყვირის ის 70მდე წლის ჭრელხალათიანი, ხელებზე მრავალბეჭედასხმული ქალი, რომელსაც თმა ყვითელი აბადოკით გადაუწევია.

ძალიან ცხელა, არამარტო აქციის მონაწილე “ჩვეულებრივ ადამიანებს”, არამედ ლიდერებსაც კი დასცხათ.. გრეჩიხამ ოფლი მოიწმინდა სახიდან და ყელიდან და ხელები ცისფერ პერანგზე გაისვა,, ხო, ასეთი მიმართვაც გაუგზავნა “ფოტოსნაიპერს” – ეგ ფოტოები აიღე, დაახვიე, ვაზელინი წაუსვი და მერე ხომ იცი, რაც უნდა ქნა”..

გამოვიდნენ ბესელია, ბურჯანაძე, ზურაბიშვილი – ყველამ შეიცოდა ის უბედური ფოტოსნაიპერი , ხო, მათ ამოსვლას ხალხის “შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე” არ მოკლებია.. ამასობაში ჩვენს ტელეფონებს რაღაც დაემართათ და სურათებს აღარ იღებდნენ.. ხოდა, აღარ დაველოდეთ შემდგომ “წამებას” და წამოვედით…

მაპატიეთ, სურათების  მცირე რაოდენობის გამო.. იმდენად აღარაფრის თავი არ მაქვს, რომ უნი – ს მაღალსიჩქარიანი კომპების მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით სურათების ატვირთვა ნამდვილი ტანჯვა იქნებოდა ჩემთვის.. მხოლოდ ერთს წარმოგიდგენთ:

26062009030

დიდებულის ფეხები..

 
9 Comments

Posted by on ივნისი 30, 2009 დუიმი რეპორტაჟები

 

რეპორტაჟი ახალი სოფლიდან

 

6 ივნისი, დღის 11 საათი, თბილისის გზატკეცილიდან თსუ-ს ოთხი სტუდენტი ოპერატორთან ერთად ხურვალეთისკენ მივემართებით – ახალი სოფლისკენ, სადაც აგვისტოს ომის შედეგად დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს.

DSC01025

თეთრად შეღებილი და თეთრსახურავიანი სახლები შვიდ რიგად არის ჩამწკრივებული. თითო გაყოლებაზე ოცი კოტეჯი დგას, მთლიანად დასახლება 140 სახლით შემოიფარგლება. როგორც ხურვალეთელები ამბობენ, მცხოვრებთა 80% სოფელ ქსუისიდან არის იძულებით წამოსული.
პირველ სახლში არავინ არ არის, მის გვერდით მდებარე ნაკვეთიც დაუმუშავებელია.  ფანჯრიდან  ორი საწოლი, ტელევიზორი, ორი სკამი და მაგიდა  მოჩანს.
გვერდით კოტეჯთან დაახლოებით 50 წლის შავკაბიანი, ტანსრული ქალი დგას. მივესალმეთ – ჯავახიშვილების ოჯახიაო – გვითხრა და შინ შეგვიპატიჟა. საწოლზე მოხუცი ქალბატონი ზის, იქვე ორი წყვილი ჩუსტი აწყვია. ოჯახის დანარჩენი წევრები სახლს გვათვალიერებინებენ.
– ეს უთხარით, წყალი რომ შემოდის. (წამოიძახა საწოლზე მჯდომმა ქალბატონმა).
 – ბებო, ესენი იქიდან არ არიან –პასუხობს თმაგადაწეული საშუალო სიმაღლის გოგო – მაკა.
– მერე რა. თუ მოდიან, ყველაფერი უნდა გაიგონ და ამბავი წაიღონ.
მოხუც ქალს გვერდით მივუჯექი. მითხრა, რომ წვიმის და ქარის დროს წყალი ასხამს და მთელს ოთახს ასველებს. მისი თქმით, ეს სახლის ცუდი მდებარეობის გამო ხდება _ კარი მდინარის მხარეს არის და მტკვრიდან და  ლიახვიდან მონაბერი წყალი სახლებში შემოდის..
ჭერი ნესტიანია და არ არის გამომშრალი, ხის სველ იატაკზე კედლებიდან ჩამოფშვნილი ქვიშა ყრია. ოთახში დგას ოთხი სკამი, რომლებიც გატეხილი და შემდეგ შეკეთებულია. ნანა ჯავახიშვილი ამბობს, რომ პირველ  დღესვე გატყდა.
 – ამას ჩემი მეზობელი აკეთებს – ჩაერთო საუბარში ოპერატორი.
– გადაეცი, ყოჩაღ, კარგი გაკეთებულია-თქო.
ნანა ოჯახის დიასახლისია, ის სოფელ ქსუისში მასწავლებელი იყო და ახლაც ერიცხება მასწავლებლის ხელფასი 200 ლარის ოდენობით.
“ეს მე მაძლევენ, რაკი ყოფილი მასწავლებელი ვარ და ეს 200 ლარი მაინც გვეხმარება, მაგრამ სხვები? უიმედოდ რომ არიან დარჩენილები?” – ყვირილით ამბობს ქალი.
მისი თქმით, ყოველთვიურად სულზე 200 გრამი შაქარი, 300 გრამი ზეთი, 8კგ ფქვილი, კილო-ნახევარი თეთრი ლობიო, ხუთი შეკვრა მაკარონი და, რა თქმა უნდა, სამი კოვზი მარილი მოაქვთ.
“მაკარონი, რაც ბევრია და რაც ყრია, არ გვაკლია. თან ისეთია, რომ არ იჭმევა, გული გვერევა”.
სამზარეულოს მაგიდაზე ციტრამონი და ვალერიანი აწყვია. ნანა და მაკა ჯავახიშვილები ხურვალეთურ ცხოვრებაზე ჰყვებიან .
“დღე არ არის, რომ სასწრაფო არ მოვიდეს, სულ ვიღაც არის ცუდად. იავადმყოფებენ, აბა რა იქნება, სინესტე აღარ ჰქვია ამას, ეს უკვე სველია და დამპალი” – ამბობს ქალბატონი ნანა და ხელს კედლებისკენ იშვერს.
ჯავახიშვილების ოჯახი ნახევარ საათში დავტოვეთ , თუმცა მისი ერთი წევრი,  22 წლის მაკა “გიდად” გამოგვყვა.

DSC00973
“ამ მორებს ნაკვეთის შემოსაღობად და გასათბობად იყენებენ.. ასევე, ყველა სახლის წინ ალაგია უფრო მცირე ზომის მორები, რომლებიც სკამების მაგივრობას წევს”

 

მცირე ხნით სოფელში გავისეირნე, აქ ყველა სახლი ერთი ზომის და ფერისაა, ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი ნომრებია, რომლებიც ყოველი კოტეჯის წინა კედელს აწერია.. სახლების გვერდით პატარა გალია – საქათმეები დგას, რომელშიც წიწილები, ქათმები, ზოგში  კი ინდაურებიც არიან.
ყოველ სახლთან პატარა შემოღობილი მიწის ნაკვეთია, სადაც ბოსტნეულს თესავენ.

DSC00976

“რადგან სარწყავი არ არის,  ნათესს წყალს ვედროთი უსხამენ”

 

ვუახლოვდები 70-მდე წლის ლურჯთავსაფრიან ქალბატონს, რომელიც პომიდვრის ჩითილებს მიწას უთოხნის.

“ჩვენ ვთესავთ და ვუვლით, მაგრამ ძალიან პატარა მიწაა, რაში უნდა გვეყოს. თუმცა რომც გვეყოს, ვერ ვრწყავთ, სარწყავი არ არის და “ჩაშკებით” ვასხამთ ხოლმე შვილო” – ამბობს ქალბატონი ზაირა.
რამდენიმე კითხვა დავუსვი ცხოვრების პირობებზე. თქვა, რომ ადრე კვირაში ორჯერ მოჰქონდათ საკვები, ახლა კი _ თვეში ერთხელ.
“მაგრამ რა არის შვილო, სულ ერთი და იგივე – ლობიო, მაკარონი, ლობიო, მაკარონი, ზეთი. თან ეს სიმინდის ზეთი რომ არის, ძალიან ცუდი და მწარე გემო აქვს , უჭირს მისი დახარჯვა სოფელს.”
ქალბატონი ზაირა საკანალიზაციო პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას. საქმე ისაა, რომ ხის საპირფარეშოები ყოველი სახლის უკან დგას საცხოვრებელი ადგილიდან ექვსიოდე მეტრში.
“ჯერ ერთი ტუალეტი რა არის შვილო და ახლა ოთხი ერთად. უნდა ნახო სიცხეში როგორი სუნია. ჯერ არ გავსებულა და ასეთ დღეშია და ზაფხულში ნახე როგორ ვიქნებით. ეჰ, რას ვიზამთ შვილო, როგორც გიჭირდეთ, ისე გილხინდეთო. გაგვიჭირდა და მაინც მადლობელი ვართ ამ მთავრობის, რომ დაგვასახლა და ადგილი მოგვცა”.
ბაღჩაში მომუშავე ქალბატონს ვემშვიდობები და გზას ვაგრძელებ.

DSC00997

“ჩეჩმები სახლიდან რამდენიმე მეტრშია განლაგებული და მაცხოვრებლებს სუნი აწუხებთ”

 
სასმელი წყლის ონკანი ყოველი ხუთი სახლის შემდეგ დგას, ანუ ერთი ონკანით  ხუთი ოჯახი სარგებლობს… კოტეჯების უკანა მხარეს თონეები დგას – ყოველ ორ სახლს შორის _ თითო. როგორც მაკა ჯავახიშვილმა მითხრა, ეს თონეები სოფლის მცხოვრებლებმა საკუთარი სურვილითა და ხარჯებით გააკეთეს.

DSC00985

ყველა სახლის ეზოში სარეცხის თოკებია გაჭიმული”

 

 

უკვე # 20 კოტეჯთან ვართ. კართან 9 თვის ორსული აზა დგას. მას შავკოპლებიანი თეთრი სარაფანი აცვია, თმა შეკრული აქვს და ღიმილით გვეპატიჟება შინ.
მოპირდაპირე კოტეჯთან  მორებზე მოხუცი ქალი და კაცი დავინახე.
– შენც ჟურნალისტი ხარ, შვილო? ვაიმე დედა, ტელევიზორში არ გამომაჭენო, იცოდე.
– არა, არა, აი კამერით არ ვარ, დიქტოფონია მხოლოდ.
– თბილისში ბევრი სანათესაო მყავს და არ მინდა, რომ მნახონ, დაღრეჯილი გამოვალ.. აი, მე და ჩემი ქმარი ვცხოვრობთ, ცუდად არის ისიც და მეც. ამ ნერვიულობაზე ინფარქტმა დამარტყა. ბოსტანში ლობიო და პამიდორი დავთესე, მაგრამ ვერ ვუვლი, ადგომის თავიც აღარ მაქვს და ღმერთის იმედიღა მაქვს, იქნებ, წვიმა მოვიდეს-მეთქი. შვილიშვილი თბილისში მუშაობს, ერთი ის მყავდეს სახლში და სხვა არაფერი მინდა, მაგრამ ხომ უნდა იმუშაოს?!”
ქალის ლაპარაკზე მის გვერდით მჯდომი კაცი წამოდგა, “ჩვენთვის ვინ არის და ვინ იქნებაო” – და სახლში შევიდა.
– აბა, ხილი მაინც მქონდეს, შვილო, რამით გაგიმასპინძლდებოდით.
– არა, ბებო, რას ამბობ(თ).
– ეჰ, რა სახლი დავკარგე, რა ხილი არ მქონდა ბაღში, ახლა კი, ვაშლი რა არის, მისი გემოც კი არ მახსოვს, თუ დამიჯერებ.”

მოხუც ქალს ვემშვიდობები და მისი კოტეჯის  გვერდით მდებარე ოქროპირიძეების სახლში შევდივარ. ოჯახში ახალდაქორწინებულ წყვილ – გიორგისთან და თამუნასათან ერთად გიორგი ოქროპირიძის და,  იზაც  ცხოვრობს.
“უნდა გამოეყოთ ოჯახზე თითო კოტეჯი. ჩემთვის და ჩემი მშობლებისთვის ერთი, ერთი ძმის ოჯახისთვის მეორე და მეორე ძმის და მისი ოჯახისთვისაც ერთი, თუმცა მხოლოდ ორი სახლი მოგვცეს” –ამბობს იზა.
მისი თქმით, ადგილის სიმცირის გამო, მისი მშობლები ერთ ძმასთან ცხოვრობენ, თავად კი აქ უწევს ცხოვრება. 
გიორგი და თამუნა ომის შემდეგ დაქორწინდნენ, ისინი საკუთარ გაცნობაზე ჰყვებიან.
“ზარი იყო შემოსული, ორი კვირის მერე  შევხვდი, სამჯერ ვნახე . მერე ომი დაიწყო და რომ ჩამოვიდა, კიდევ ერთხელ შევხვდით და მეორე შეხვედრაზე გავიპარეთ” – ამბობს თამუნა.
– რა მექნა, დამთავრდა ომი. ჩამოვედი აქა, ვნახე სველი იყო კედლები, ვიფიქრე მარტო შემცივდება მეთქი , მოვკიდე ხელი და მოვიყვანე,  – ერთვება გიორგი.
წყვილმა ხელი შვიდი თვის წინ მოაწერა და ჯვრის დაწერას ივლისში აპირებენ. 28 წლის გიორგი ოქროპირიძე თბილისის ხორცკომბინატში მუშაობს,
– “კარგი ქორწილი და თეთრი კაბა ყველას ოცნებაა, მაგრამ როცა არ გაქვს შესაძლებლობა, უარს ამბობ და ნაკლებით კმაყოფილდები. Dდახმარებას ჩვენ არავინ არაფერს გვაძლევს, ჩვენით მივყვებით ცხოვრების დინებას” – ამბობს გიორგი.
მისი და, იზა ბაღის მასწავლებელია. საბავშვო გასართობი ცენტრი ექვსთვიანი პროგრამით გაერომ გახსნა 20 მაისს.
“იუნისეფმა გაგვიხსნა საბავშვო ბაღი. გასართობი ცენტრია. 2საათამდე ვმუშაობთ. ვასწავლით ლექსებს, სიმღერებს, ვათამაშებთ, როგორც ხდება ხოლმე საბავშვო ბაღში. ჭამის და დაძინების მეტი ყველაფერი გვევალება. ბავშვებს მოსწონთ, თუმცა სათამაშოები არ გვაქვს საკმარისი, ძველები უკვე აითვალწუნეს , ამიტომ ჩვენ თავად გვიწევს რაღაცების მოფიქრება და გაკეთება” – ამბობს იზა.
რაც შეეხება სკოლის ასაკის ბავშვებს, ისინი სკოლაში ოთხი კილომეტრის მოშორებით, სოფელ ხურვალეთის სკოლაში დადიან. მათ მთავრობის დაქირავებული სამარშუტო ტაქსი ემსახურებათ.
ოქროპირიძეების სახლიც სხვა სახლების მაგვარია, ისეთივე ფარდები, კედლები, მაგიდა, საწოლები, სკამები, digital control– ის ფირმის ტელევიზორი და მისი მაგიდა. ჰო, აქ საწოლის თავზე სერიალ “ველური კატის” ნახატიანი კალენდარიც გაუკრავთ. პოსტერი ნესტს დაუსველებია და როსაურას სახე დაჭმუჭვნილი და გაყვითლებულია.

DSC00992

“აქ სარეცხი სახლშიც არის გაფენილი”

 

სოფელში არ არის რამე გასართობი ადგილი ან თუნდაც მცირე ბიბლიოთეკა, იზა ოქროპირიძე განსაკუთებით წიგნების არქონას განიცდის.
“ვერაფერს ვაკეთებთ, გასართობად ერთმანეთთანღა გადავდივართ საღამოობით, რომ ცოტა გული გადავაყოლოთ. დისევში ჩემი ბიბლიოთეკა მქონდა, ის წიგნები რომ მახსენდება, მეტირება ხოლმე. ჟურნალებსღა ვყიდულობ ხანდახან, რომ კითხვა მაინც არ დამავიწყდეს” – დანანებით ამბობს ის.
“კარგი იქნება პატარა ეკლესიას მაინც თუ აგვიშენებენ, რომ ცოტა მაინც დავისვენოთ სულიერად და ვიცხოვროთ ეკლესიურად, ძნელია გორში წასვლა სალოცავად, არც მღვდელი მოსულა და არც სახლები გვაქვს ნაკურთხი”. – ჩაერთო მაკა ჯავახიშვილი.
თამუნას თქმით, 50-იანელები იყვნენ მოსულები, ჰუმანიტარული დახმარება მოუტანეს დევნილებს და ქართული ეკლესიის წარმომადგენელი არავინ მისულა მათ დასახლებაში.
ოქროპირიძეებიდან გამოსულმა ცოტა გავიარე. იღრუბლება , გარეთ სატვირთო მანქანა მიდის ხის ხმელი ტოტებით დატვირთული. სახლებთან გაჭიმულ თოკებზე ფერად – ფერადი მაისურები და შარვლებია გაფენილი.

 

DSC00988    

“ადგილი საწყობის ფუნქციას ითავსებს..
ეს ფიცრები და ყუთები კი ღუმელისთვის არის გამზადებული”

 

56-ე კოტეჯის კართან ხუთიოდე წლის ბიჭი კალათბურთის ნარინჯისფერი ბურთით თამაშობს.
– რა გქვია პატარავ?
გიორგი ჭოველიძე.
– დადიხარ ბაღში?
– კი.
– მოგწონს? რას აკეთებ ხოლმე?
– კუბიკებს, თოჯინებს და მანქანებს ვთამაშობთ ხოლმე, კუბიკები მიყვარს , კოშკს ვაშენებ ხოლმე. მაგრამ ორ საათზე მთავრდება და მერე კოშკს ვანგრევ”.
ამ დროს ჩემმა თანმხლებმა ჟურნალისტმა ბავშვს ომის დღეებზე დაუწყო გამოკითხვა. სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას, და სხვა კოტეჯში, თუმცა ისევ ოქროპირიძეების ოჯახში შევედით.
სახლში 20წლის მარი და მისი ერთი წლის შვილი, ნანიკო დაგვხვდნენ.. პატარამ ახლახან გაიღვიძა და უნდა აჭამონ. ახალგაზრდა დედას რძე ომის დღეებში გაუშრა და ბავშვი ხელოვნურ კვებაზე ჰყავთ. მარის ომის დროს ქმარი დაკარგული ჰყავდა და მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ გაიგო მისი ადგილსამყოფელი – მაშინ, როცა სოსო ოქროპირიძე თავად დაუკავშირდა ოჯახს. მარის რძის გაშრობის მიზეზი სწორედ  იმ პერიოდში გადატანილი ნერვიულობა გახდა. ის ექიმის და ფსიქოლოგის ნაკლებობას განიცდის.
“კარგი იქნება, რომ იყოს რამე ამბულატორია, პედიატრი და ფსიქოლოგი გვჭირდება, რომ ბავშვი მივიყვანოთ ხოლმე. ფსიქოლოგი ყველასაც გვინდა, რომ გამოვიდეთ იმ სტრესიდან, რაც გადავიტანეთ. აქ კი აფთიაქიც არ არის.”.
მარის თქმით, ყოველთვიურად მოაქვთ განსაზღვრული რაოდენობის სტანდარტული საკვები – კილო – ნახევარი თეთრი ლობიო, ხუთი შეკვრა მაკარონი, 300 გრამი ზეთი, 200 გრამი შაქარი  და,  რა თქმა უნდა, სამი კოვზი მარილი.
“ხომ შეიძლება, რომ ცოტა შეგვიცვალონ საკვები, ბოსტნეულით მაინც, პატარა ბავშვები გვყავს, მაკარონს და ლობიოს ვერ ვაჭმევთ სულ, სუფი ხომ  მაინც უნდა გავუკეთოთ. მაკარონის ნაცვლად ბრინჯი ან გრეჩიხა მაინც მოგვიტანონ.” – ამბობს ის.
პატარა ნანიკო წითელმანიკურიან თითებს შლის  და რეზინის ფისოს პირში იდებს.

DSC00982

“თქვეს, რომ სველი იატაკიდან ცუდი სუნი ამოდის. ამასთან, ხვლიკები, ჭიები და სხვა მწერები თუ ქვეწარმავლები მოძვრებიან ხოლმე”

 

მარის ეზოდან საწოლის გადასაფარებელი შემოაქვს , რომელსაც გვერდები აქვს შემოხეული – “ეს გუშინ მოგვიტანეს , წამლის სუნი ჰქონდა და გავიტანეთ გასანიავებლად, ისეთი ქარია, ყველაფერს ხევს. გარეცხილი თეთრეულიც სულ დახეული შემოგვაქვს.”.

 

DSC00983

“დახეული გადასაფარებელი”

 

 ამ სახლსაც ვტოვებთ და გარეთ გავდივართ.
სოფელში ორი პატარა ჯიხური აქვთ გახსნილი თავად ხურვალეთის მცხოვრებთ. იქ ყავა, სიგარეტი, ლუდი, წვენები და სხვა ამგვარი რაღაცები იყიდება.
“ფასების განსხვავება 10 – 20 თეთრშია, გააჩნია რას ყიდულობ. მაგალითად, ბალი ბარათი ერთგან სამი ლარი ღირდა, მეორეგან 3.50” – განმარტავს ჩვენი “გიდი”.

 

 

DSC01002

სოფლის ცხოვრება” ქათმები, ძაღლი.. პატარა ძაღლი კია, მაგრამ როგორც ახლა განმიმარტეს, მგონი, მწევარია”

 

ეს კი კოტეჯი # 57 – ია – ჩვენი ბოლო გაჩერება . ოჯახის უფროსი, ჭაბუკა ტოლიკაშვილი სახლს მათვალიერებინებს და სამზარეულოს მაჩვენებს, სადაც კედლები ჩამომტვრეულია და ნანგრევები ჩანს.
“აი ნახე, ეს მეორე ზაფხულში აღარ იქნება. დაიფშვნა სულ. ცემენტით არ არის ნაშენები, ქვიშაა მარტო, ქვიშა” –  ამის დასამტკიცებლად მუჭი მოუჭირა კედელს და ქვიშით სავსე პეშვი მაჩვენა. ოთახში ნიორის სუნიც ტრიალებს სამზარეულოს მაგიდაზე გაურეცხავი თეფშები აწყვია და ძვლები ყრია, (როგორც ოჯახის წევრებმა თავად თქვეს – ხაშის),
ჭაბუკას ცოლიც ორსულად არის და დღე დღეზე ბავშვს ელოდება. ოთხი წლის გოგონა უკვე ჰყავთ. “დიდი გაწევ-გამოწევის” მიუხედავად, მასპინძლები სუფრას შლიან. ახალი კარტოფილი, ყველი, პური, ხაჭაპური, სალათა, ნამცხვარი, ღვინო, კონიაკი, წვენი, ლუდი – უცებ სუფრაც გაიშალა. გვერდითა სახლიდანაც ამოვიდა ვიქტორ ჯავახიშვილი. ჭაბუკას დვდ შემოაქვს და დისკს რთავს.  – “უკვე სხვა გზა შენ არ გაქვს, კოკოითი ფანდარასტ” – ამღერდა ლექს სენი პირველივე სიმღერით. ამას “ფსოუს წყალი” და “გამარჯობა აფხაზეთო შენი” მოჰყვა. სუფრაზე “მშვიდობის” და საქართველოს სადღეგრძელოს ამბობენ. 31 წლის ვიქტორი ფოტო – ვიდეოგადაღებაზე უარს ამბობს.
“მე რომ სამსახურიდან დამითხოვონ, შენ მოგკლავ….” – ეუბნება ოპერატორს.
ამ დროს ოთხი წლის მარი გამოდის ოთახიდან. კაბაზე დიდი წითელი მაისური გადაუცვამს. გოგონა მამასთან მივიდა და ხელზე დაებღაუჭა.
ჭაბუკა ტოლიკაშვილმა ბავშვს ოსურად რაღაც უღრიალა, როგორც შემდეგ განმარტეს – დედა შეაგინა.
“დედას შეაგინებს, აბა მეზობელს ხომ არა” – იცინის ვიქტორი.

DSC00994

“ეს პატარა მარია. (უფრო ზუსტად, მისი ხელი.) – მთხოვს, მკლავზე “დახატულ” საქართველოს დროშას გადავუღო სურათი”

 
ცოტა ხანში გარეთ გავდივარ და უბანს ვათვალიერებ, ყველა სახლთან სარეცხი ფენია, ყველა კოტეჯთან წიწილები და ქათმები არიან, ძაღლების ყეფა ისმის, კანტი – კუნტად მანქანებიც დადიან. ხურვალეთის მკვიდრნი ბოსტნებში ფუსფუსებენ, ბავშვები ბურთს თამაშობენ, ხეებზე დაძვრებიან, ქალები თონეში პურს აცხობენ – ახალი სოფელი თითქოსდა სოფლის ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს.

DSC00999

“მანქანები”

DSC00987

55 – ე კოტეჯთან ელექტროენერგიის ბოძზე განცხადებაა გაკრული, რომელშიც დევნილებს პროფესიულ განათლებას სთავაზობენ. სახლიდან კვლავ მაკა გამოდის.
– მაკა, ამ განცხადებით არავინ დაინტერესებულა?
– რომელი აბა?
როგორც აღმოჩნდა ეს პროგრამა არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ამერიკელი მეგობრების”  ინიციატივით დაწყებულა.
“დურგლობას ასწავლიან, მეფილე – მომპირკეთებელის, სანტექნიკოსის და ელექტრიკოსის სპეციალობებიც არის.  დადიან აქედან, არის დაინტერესება. ივნისის ბოლოს იწყება კომპიუტერული პროგრამების და ინგლისურის შესწავლა”..

DSC00989

“განცხადება.. (ეს ისე)”
 დღის ხუთის ნახევარია, თბილისელი სტუმრები ხურვალეთელებს ვემშვიდობებით. უკვე სოფლის გასასვლელთან ვდგავართ. ბოსტნებში მომუშავე ადამიანები ნაკვეთებს ტოვებენ,  ჩვენს შორიახლოს მორებზე სხდებიან  და აგვისტოშიც გვეპატიჟებიან – მწყერზე. 31 წლის ვიქტორს სახლიდან რევოლვერი და ავტომატი გამოაქვს. ჯარისკაცის ფარაჯასაც აყოლებს. ჩემთან ერთად მყოფი სამი ჟურნალისტი და ერთი ოპერატორი მორიგეობით იცვამენ ჯარისკაცის სამოსს , ბალახებში მეომრებივით იმალებიან და იარაღით ხელში სურათებს  იღებენ  – “თითქოსდა ომის სიმულირებას სწევენ”.

DSC01014

დასასრული:-)

 
17 Comments

Posted by on ივნისი 11, 2009 დუიმი რეპორტაჟები

 

რეპორტაჟი დინამოს სტადიონიდან

26მაისი, დამოუკიდებლობის დღე, 11საათი და 30წუთი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის შესასვლელთან ჩვეულებრივზე მეტი ხალხი ირევა. შეკრების მიზეზი – თბილისის ეროვნულ სტადიონზე ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია..
სტადიონის შესასვლელ ჭიშკართან, ორი ქალი და ერთი მამაკაცი დგას და დღევანდელ აქციაზე ბჭობენ.. ეტყობათ, რომ ერთმანეთი ახლახან გაიცნეს..
“თქვენი სახელი, ჩემო დაიკო? თუმცა სახელს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია გული იყოს, გული, მთავარია საქართველო და ქართველები გვიყვარდეს.” – ამბობს 50 – იოდე წლის ბაკენბარდებიანი მამაკაცი.
“ჩემო კეთილო, მთავარი სწორედ ეგ არის, მაგრამ სად არის სიყვარული და პატივისცემა, მე შევიდოდი დღეს აქციაზე, შევიდოდი, აი, მოვედი და ვუყურებ.. მაგრამ თბილისელები არ გამოდიან, აქ არ მოდიხარ და ეძახი საწყალ კაცს რეგიონებიდან. ეს არის საქმე? არ ვიცი, თბილისელებს რა მოუვიდათ, სულ გადავგვარდით ეს ხალხი” – დამწუხრებული სახით პასუხობს შავებში მოსილი პუტკუნა ქალბატონი..
“მაკარონის და ზეთის დაკარგვა არ უნდათ, თორემ” – ერთვება საუბარში დაბალი, ჯინსებში გამოწყობილი, 65-იოდე წლის ქალბატონი.
სამეულმა ხუთიოდე წუთს იმასლაათეს პოლიტიკაზე, აქციაზე მიმსვლელთა რაოდენობაზე.. შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით, (არა მოედნის) გაემართნენ..
სტადიონის შენობიდან საქართველოს ჰიმნი ისმის.. ეზოში ქალი შემოდის, ეტყობა ნასვამია, გაჩეჩილი, მწვანედ შეღებილი თმა აქვს და ხელში ფორთოხალი უჭირავს.. თავი მაღლა აქვს აწეული, ხელი გულზე დადებული და სიმღერას ხმას აყოლებს.
სტადიონის ერთ-ერთ შესასვლელთან ორი ჩინელი ქალი დგას და ერთმანეთში დამტვრეული ქართულით ლაპარაკობენ.. ჩემს კითხვაზე, რატომ მოვიდნენ დღევანდელ აქციაზე, კლარა მპასუხობს, რომ – “მიშა არ არის კარგი, მან ქართველი ხალხი დაგუპა, მეც დამგუპა, მენძიც დაგუპა.(და თანმხლებზე იშვერს ხელს) არ გვინდა მიშა. წავიდეს მიშა.”.

ხალხი ჯგუფებად მოძრაობს და იარუსებს და სექტორებს ირჩევს.. თუ გამომსვლელებიც არიან, წინა რიგებში მყოფნი აღარ მიიწევენ და უკან ბრუნდებიან ფრაზით – იქ ბევრი ხალხი იქნება..
– კარგი რა, თამაშზე ხომ არ მიდიხართ, რა მნიშვნელობა აქვს სად იჯდებით – ყვირის დაცვის სამსახური..
ადგილები კი ჯერჯერობით ბევრია, მოქალაქეები იმ ადგილებისკენ ილტვიან, სადაც სკამებზე თეთრი ნაჭრებია გადაფარებული და დაჯდომის შემთხვევაში დასვრას გადარჩები. უმეტეს სკამებზე კი ნაწვიმარისგან ან წყლის პატარა გუბეებია დარჩენილი, ან კიდევ წყალი დამშრალია, თუმცა ტალახი მაინც დარჩენილი.. ‘თეთრნაჭრიანი” იარუსები ძირითადად ტრიბუნის საწინააღმდეგო მხარესაა განფენილი, ალბათ მიზანი ისაა, რომ ხალხი ტრიბუნის მხარეს არ მიაწყდეს და შედარებით ერთგვაროვნად გადანაწილდნენ..
ხალხი კი ემატება რიგებს, ჩემს გვერდით სტადიონის ორი დაცვა ერთმანეთს ეუბნება, – ბიჭო, თამაშზე რომ იყოს ამდენი ხალხი, რა მაგარი იქნებოდა…
სტადიონის დაცვის სამსახურის გარდა სარბენი ბილიკებისკენ გადამსვლელ ხალხს ნარინჯისფერ ფორმაში გამოწყობილი მოძრაობა “მშვიდობით” – ის აქტივისტები აკონტროლებენ.. მოედანზე, იქ სადაც აქციის ორგანიზატორები ირევიან და ტრიბუნა დგას, მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს უშვებენ.. მათთან არ ჭრის უნივერსიტეტის რადიო, უნივერსიტეტის გაზეთი.. ამიტომაც ერთი ან ორი გზაა დარჩენილი. უსაშვო რეპორტიორები ან ჩუმად უნდა შეიპარონ ან ვინმემ უნდა შეაპაროს..
ერთ-ერთი ამ ხერხის გამოყენების შემდეგ მოედანზე აღმოვჩნდი..
რამდენიმე ხმის გამაძლიერებელით ისმის საქართველოს ჰიმნი და სხვა სიმღერები საქართველოზე + უცნობის შემოქმედება.. მუსიკის ფონზე , დიდ ეკრანებზე პარალელურად გადის აქციებზე ოპოზიციის სხვადასხვა ლიდერის გამოსვლა და მათი ხალხთან ურთიერთობის უხმო კადრები..
უკვე დღის პირველი საათია, ხალხის რაოდენობა იზრდება.. სპეციალურად გამართულ ტრიბუნასთან დათო მაღრაძე და კოკა გუნცაძე ცვლიან ერთმანეთს მიმართვით – ხალხო, გადაიწიეთ, კიბეებზე და სარბენ ბილიკებზე ვინც ხართ, აბრძანდით და დაბრძანდით. ადგილები უნდა შეივსოს , არ უნდა დარჩეს არც ერთი ცარიელი ადგილი.
(თუმცა ცარიელი ადგილები საბოლოო შევსების და უცნობისგან ხალხი მოყვანის შემდეგაც დარჩა, 80 იარუსიდან თითოეულში 20-დან 50ადგილამდე თავისუფალია და ყვითელი, ლურჯი, წითელი სკამები მოჩანს)..
ყოველი ახალი ოპოზიციური ლიდერის გამოჩენისას მოძრაობა “მშვიდობით” – ის აქტივისტები სირბილით მიდიან , მოედანს წრეს არტყამენ, რკალად ერტყმებიან შემოსულს და შემოჰყავთ.. მათ ჟურნალისტები ედევნებიან ჟივილ-ხივილით.. მთავარი ამოცანა – როგორმე მიკროფონი ყველაზე ახლოს მოხვდეს. დიდ ეკრანზე ბურჯანაძე გამოჩნდა. ხალხი ტაშით ეგებება. ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ ჯერ უცხოურ მედიას მისცა კომენტარი, მერე რუსულს, საბოლოოდ ქართულს.. რა თქმა უნდა, სამივე ერთი შინაარსის – “დიალოგი გაიმართება მხოლოდ სააკაშვილის გადადგომაზე”.
ბურჯანაძის შემდეგ შალვა ნათელაშვილი შეუერთდა მიმდინარე აქციას სიტყვებით – დღეს არის ისტორიული დღე, დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს არა მთავრობა, არამედ ხალხი.. დღეს ხალხის დღეა მხოლოდ ხალხმა უნდა იზეიმოს ეს დღესასწაული, თავიანთი დღესასწაული”.
“ორატორები კიდევ ერთხელ, უკვე მეხუთედ გვახსენებენ, რომ უცნობი დიღმის მასივიდან შემოდის ხალხთან ერთად 10 – 15 წუთში… 10-15წუთმა რამდენჯერმე გადაივადა.. პოლიტიკოსებიც დაიღალნენ და დასასვენებლად ტრიბუნების პირევლ – მეორე რიგში დასხდნენ. თინა ხიდაშელი, დათო უსუფაშვილი.. მათ უკან ნინო ბურჯანაძე, სალომე ზურაბიშვილი და ეკა ბესელია სხედან და საღამოს ფინალზე საუბრობენ.. “უცნობი რომ მოვა, ის გააკეთებს სიტყვას და მას შემდეგ მხოლოდ” – ეუბნება ზურაბიშვილი ბესელიას..
“სააგენტოების საყურადღებოდ, გადაეცით ეს ინფორმაცია – დღეს რომ ოპერაში აპირებენ რაღაცას, ჩვენ მივალთ იქ , სირცხვილის დერეფანს მოვაწყობთ და ყველაფერს ჩავუშლით.” – ეუბნება ჟურნალისტებს პირველ რიგში მჯდომი, 20-22 წლის ბიჭი. კახა კუკავა არ ჩანს დაღლილი, სარბენ ბილიკებზე დადის და გაღიმებული იღებს სურათებს.
სარბენ ბილიკებზე მყოფი ხალხი შესასვლელთან მოგროვდა, რამდენიმე წუთში “უცნობი” – გია გაჩეჩილაძე მოდის რეგიონებიდან ჩამოყვანილ ხალხთან ერთად.
რუსთავი 2 – ის ჟურნალისტი ოპერატორს ურეკავს – “უცნობი შემოვა 10-15 წუთში და ზემოდან გადაიღე, ყველაფერი, ხმები, ტაშები.. არაფერი არ გამოტოვო”..
ისმის ყვირილი, ჟივილ-ხივილი და უცნობი ხალხთან ერთად შემოდის მოედანზე.. “ხალხია აქ ლიდერი და არა ჩვენ, ეს უიშვიათესი დღეა, ყველაზე მაგარი” – ყვირის ის.

უცნობთან ერთად მისი მოყვანილი ხალხიც შემოვიდა და სირბილით სტადიონს ჯერ წრე დაარტყეს, შემდეგ კი სათამაშო მოედანზე გადავიდნენ ყვირილით და სიმღერით..
18 – 20წლის სამი ბიჭი ეხუტება ერთმანეთს – “ნახე, რამდენი ხალხია ძმაო, გადავრჩით ძმაო, ნახე ძმაო, უყურე, უყურე” – ემოციებს ვერ მალავს ჩოფურა, ხუჭუჭთმიანი ბიჭი.
“ხო, ძმაო, კაია რო დავინახეთ , ვინ ვინ არის და რა რა არის”.. – იცინის ძალიან გამხდარი, ქერა ბიჭი და ტელეფონით სურათებს უღებს მოედანს..
დღის ორი საათია, ოპოზიციის ლიდერები ტრიბუნასთან შეიკრიბნენ და აქცია დაიწყეს.. პირველი სიტყვით უცნობი გამოდის , რომელიც ამბობს, რომ თავად გააკეთებს მომავალი გეგმების შესახებ დასკვნით სიტყვას.
“ჩვენს მარადიულობას გილოცავთ ხალხო, მოდით ახლა და დაგვთვალეთ. “ –ყვირის დათო მაღრაძე. მომღერალი ნატო მეტონიძე კი საქართველოს ჰიმნს მღერის ხალხთან ერთად. აყოლებენ ხმას, სიგარეტით, რვეულებით, დროშებით ხელში..
სიტყვით დათო ზურაბიშვილი გამოდის – “მერაბიშვილის საქართველოში ჩვენ არ ვიცხოვრებთ” – ამ სიტყვებზე სამხედრო ექსპერტი კობა ლიკლიკაძე თავს იქნევს და გვერდით მდგომ კაცს ეუბნება – “მაგრად ლაპარაკობს, მაგარი ორატორია”.
ეკა ბესელია, ნინო ბურჯანაძე, დავით გამყრელიძე, სალომე ზურაბიშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე – ულოცავენ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და ხელისუფლებას კანონგარეშეს უწოდებენ, წინა აქციების მსგავსად ითხოვენ პრეზიდენტის და მთავრობის გადადგომას და ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს .
“მოდი, ყველამ დავდოთ პირობა, რომ სანამ არ გავიმარჯვებთ, სანამ მიზანს არ მივაღწევთ , არ გავჩერდებით’ – ამბობს გამყრელიძე..
ხალხის განსაკუთრებული ოვაცია ლევან გაჩეჩილაძის გამოსვლამ , უფრო ზუსტად კი მისმა დაჩოქებამ გამოიწვია.
ახლა გუბაზ სანიკიძე გამოდის სიტყვით – აფხაზებს და ოსებს ფეხზე წამოვუდგეთ და ვუთხრათ, რომ კეთილი იყოს მათი მობრძანება საქართველოში. აფხაზებს გაუმარჯოს.. ოსებს გაუმარჯოს..”.
ერთ პოლიტიკურ ლიდერს მეორე ცვლის, ბევრს არ მოუწია სიტყვით გამოსვლა, რაზეც ორატორებმა მოუბოდიშეს – დროის სიმცირის გამო. დასასრულს, უცნობი დასკვნითი სიტყვით გამოდის..
დღის ოთხი საათია. სტადიონზე შეკრებილი ხალხი აღმაშენებლის გამზირის მიმართულებით სამების საკათედრო ტაძრისკენ მიემართება. მიზეზი –  “უცნობის” ნათქვამი სიტყვებია – “მივიდეთ და მანამ არ წამოვიდეთ, სანამ პატრიარქი არ დაგველაპარაკება და არ დაგვლოცავს, მან უნდა გვითხრას, როგორ მივიდეთ სიყვარულის საქართველომდე”.

 
6 Comments

Posted by on მაისი 28, 2009 დუიმი რეპორტაჟები

 

ერთს რომ ერთი მივუმატოთ, რამდენია ბაჭია?

რამდენიმე დღის წინ ერთ – ერთი საინფორმაციო სააგენტოს საიტზე წავიკითხე და ერთ – ერთი ტელევიზიის ჟურნალისტისგან გავიგონე – თბილისში სამი ათასი საკანი დგასო..
გადავწყვიტე მენახა..

dsc00749

საკნების ქალაქი

პირველად რომ დავთვალე , დადგმის პროცესი არ იყო ჯერ დამთავრებული და თან მარტო რუსთაველის გამზირზე განლაგებული გალიები დავთვალე – ას ორმოცდათექვსმეტი გამოვიდა (იმ რკინების ჩათვლით, რომლებსაც ჯერ საკნებს ვერ უწოდებდი). მაშინ არც სამი ათას საკანზე არსებობდა ჭორები. იისე დავთვალეთ..

dsc00671

საკანთუბანის პირველი დღეები

ხოდა, ახლა მთელი თბილისის მასშტაბით, ანუ რუსთაველის გამზირზე,კანცელარიასთან, პრეზიდენტის რეზიდენციასთან და ტელევიზიასთან განლაგებული საკნების რაოდენობას წარმოგიდგენთ..
ამას ორი საღამო და ერთი შუადღე დასჭირდა, მაგრამ ეს არაფერი:-)
დავიწყოთ ყველაზე ხალხმრავალი და ყველაზე საკანმრავალი ადგილიდან, აქციების ეპიცენტრით, რუსთაველის გამზირით – ოპერიდან (ანუ, საიდანაც იწყება საკნების ქალაქი, სოფელი თუ უბანი) თავისუფლების მოედნის და გარშემო ჩაკეტილი ქუჩების ჩათვლით, იყო 205 საკანი (ცდომილება არაუმეტეს ერთისა, ისიც მეტობით)..

dsc007471

სიცარიელე გულს უხარია

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტელევიზიას და მის შემოგარენს – 29 საკანს + პრესსამსახური და სამდივნო.. (ცარიელი რა თქმა უნდა)..

dsc00757

მგონი, პრესსამსახური ერთად იწერება (დანარჩენი ყველაფერი რიგზეა):-)

dsc00758

“რატომღაც” მდივანი ვერ ვნახე

dsc00765

კანცელარიასთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთელი ინგოროყვას ჩათვლით, პარალამენტის ჩასახვევამდე (ანუ რუსთაველის გამზირს მიუთვლელი საკნებით) 47საკანია ჩადგმული (სამს ვაჩუქებ).. უი, მართლა, ერთი “ტრაილერი” თუ რაღაც მასეთი მანქანაც იდგა “კანცელარიის თავზე” და “საკანი ნომერი 1001” ეწერა, სურათის გადაღების უფლება არ მომცეს..

dsc00773

ისე სურათის გადაღებაზე ძალიან დიდ აგრესიას გამოხატავდნენ, როგორც იქ მყოფი ადამიანები, ისე კანცელარიის თუ რეზიდენციის დაცვაც.. “შენობას ნუ უღებო”.. იქ მყოფებმა საქმეც გამირჩიეს .. “ე, გოგო, რატომ იღებ?” “ჟურნალისტი ვარ და მჭირდება”, “არ მინდა რომ გადაიღო”.. მერე მე ვუხსნიდი, რომ ეს არის საჯარო ადგილი და ყველას აქვს უფლება და სხვა, მაგრამ ამაოდ.. ბოლოს ხელი ჩავიქნიე, თან სურათები უკვე მქონდა..

dsc00777

უკომენტაროდ

dsc00778

გიგის სიტყვები გაუთვალისწინებიათ და თავად ასუფთავებენ

dsc00768

“კარტი” ყველგან “გამოსავალია”

dsc00769

შუადღის დასვენება სულ სხვაა

dsc00762

ბირჟა ყველგან და ყოველთვის

კანცელარიიდან “გადავირბინე” რეზიდენციასთან.

dsc00785

მის გარშემო, ანუ რეზიდენციის ორივე მხარეს იყო რვა საკანი + ოცდათორმეტი კარავი (რომელთა 50% მაინც ერთადგილიანი საძილე ტომარა შეადგენს)..

dsc00779
ნუ, შევაჯამოთ რა გამოვიდა..

205 საკანი (რუსთავლზე),
+
47 საკანი (კანცელარიასთან)
+
29 საკანი (ტელევიზიასთან)
+
8 საკანი (ავლაბრის რეზიდენციასთან)

= 289 საკანი (სამდივნო, პრესსამსახური და “ნაჩუქარი დამრგვალება” რატომ დამავიწყდა?)
კარგი, 2მაისის მონაცემებით 300 საკანი და 32 კარავი ოპოზიციის განკარგულებაშია.
სამწუხაროდ ის აღარ დამითვლია ცარიელი საკანი რამდენი იყო:-) (რომ იცოდეთ, არც ისე ცოტა:-)

dsc00766

არა რა, ვინ გაგახარებს.. შრომას წყალში მიყრიან, კიდე ახალი საკნების დადგმას აპირებენო:-)

dsc00767

მდაააა!!!

 

“საკნების რევოლუცია”

ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ითქვას, რომ 10აპრილის შემდეგ აქციაზე აღარ ვყოფილვარ. როგორც დედაჩემი, ჩემი მრავალრიცხოვანი ნათესავები და ჯგუფელები მეუბნებიან – გადამიყოლებს რადიო:-) აქციაზე გასვლაში ვგულისხმობ დღის ორი თუ სამი საათიდან იქ რომ არ ვარ ხოლმე, თორემ ყოველ საღამოს უნივერსიტეტიდან თავისუფლების მოედნამდე მე და ჩემი ჯგუფელი ანელი ყოველდღე ჩავდივართ და ვტკბებით ხოლმე ქართული კულტურის გამოვლინებით, რომელიც რატომღაც ნაგვის სიმრავლეში გამოიხატება.. ხანდახან გავჩერდებით ხოლმე.. ეგებ გაგვიმართლოს და სალომემ ისევ გამართოს რამე კონცერტი თქო, მაგრამ ამის ბედი ვინ მოგვცა:-) გუშინაც ჩვეულებრივ “ჩავისეირნეთ” იქამდე, სადაც ჩვენი “საზოგადოება ფეთქავს”, ცოტა არ იყოს და მომრავლებული საკნები რომ დავინახეთ, მიწისმზომელებად თუ არა საკნისმთვლელებად მაინც ვცადეთ ბედი.

 

dsc00651

 პარლამენტიდან კოლმეურნეობის მოედნამდე, რაც კი ჩვენს თვალსაწიერში გამოჩნდა, ყველაფერი დავთვალეთ..

dsc00645

საკანში ბედნიერი ღიმილით..

სიმართლე რომ ვთქვა, გაგვიჭირდა, იმდენად დამაბნეველად იყო განლაგებული, ისიც ვერ გავიგე 215 – ე და 33 – ე საკნები რატომ უნდა მდგარიყო ერთმანეთის გვერდით..
415-ე საკანს შეხედავ და იფიქრებ, “მინიმუმ 415 საკანი ხომ არის უკვე”..  არადა, არ არის:-)
სულ იყო 152საკანი, ესეც მეტობით, გაუშვი იყოს 160, (მაინც გულუხვი ხალხი ვართ ეს ქართველები). ოღონდ ეს რაოდენობა იყო იმ კარკასების ჩათვლით, რომლებიც მხოლოდ იდეის და ოთხი რკინის დონეზეა საკანი და რომლებიც დანომრილი არ არის.
პრინციპი დაახლოებით ისეთია, უნივერსიტეტში აუდიტორიები ასეულობით რომ იზომება. ანუ, პირველ სართულზე 101, 102, 103 და ა.შ, მეორე სართულზე 208, 209 და ა.შ.. (არადა, სულ თექვსმეტი აუდიტორიაა):-):-)

dsc00654

მსურველთ დასვენებაც შეუძლიათ

 

dsc00653

მუშაობის პროცესი


მაგრამ თუნდაც 500იყოს, სათქმელი ის არის, რამდენი გაივსება.. ერთი ათეული საკანი თუ იყო, საცა ერთი, ორი, სამი, ოთხი, ჰაჰა –  ხუთი ადამიანი რომ იყო..

dsc00652

საკანი პატრონს ელოდება

 

 

dsc00648

ეს  ადამიანი ფოტოს გადაღებისას ძალიან აგრესიულად იქცეოდა, მოდი, ახლოდან გადამიღეო – ყვიროდა

ამ ადამიანს (და არა მხოლოდ მას) მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საღამოს 8საათი იყო, საკმაოდ ტკბილად ეძინა. როგორც ჩანს, იმდენი ხნის უძინარი იყო, საკნები მისწრება აღმოჩნდა

dsc00658

dsc00655

როგორც ჩანს, თითო საკანი ორ ადამიანზე გათვლილი, რადგან ორი “დასაძინებელი ადგილია”

დავასრულებ ამ სურათით, საკანი ნომერი ხუთი და ორმოცდათხუთმეტი. ერთი ხუთიანი კაია, მაგრამ ორჯერ ხუთი ხომ ორჯერ უკეთესია:-)

dsc00662