RSS

Category Archives: უბრალოდ ამბები

შენიშვნა

მივხვდი – არაფერს თუ არ დავწერდი, მოვკვდებოდი. არც ის მინდოდა, კიდევ მეტად მომეხვია სხვებისთვის ჩემი ტრაგედია, ამიტომ ნოუთის სეთინგებში ჯერ „ONLY ME“-მოვნიშნე, თუმცა, შემდეგ გადავწყვიტე დამეპაბლიშებინა, მაგრამ ნათესავების გარდა, არავინ დამეთაგა სათაურიც ისეთი შევურჩიე, რომ ყველა მიხვდებოდა, რას ეხებოდა და ვისაც არ უნდოდა წაკითხვა – მარტივადაც ჩაუვლიდა.

მეგონა, რომ ყველაზე მძიმე პერიოდი ჩემს ცხოვრებაში 2005 წლის 14-21 ივნისი იყო – ჩემი დეიდაშვილის, თემურ მოდებაძის დაკრძალვა-პანაშვიდები. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ამ ტკივილს მისი ძმის სიკვდილი გააასმაგებდა. 7 წელი გავიდა და თემურის დაღუპვა კიდევ არ მქონდა ბოლომდე გააზრებული, მისი სიმაღლის ბიჭს ან ვინმეს მასავით ხუმარას ვნახავდი, ის მახსენდებოდა და ყელში ბურთი მებჯინებოდა.. ახლა კი.. ახლა ორი ძმა უნდა მოვიგონოთ ხოლმე, თემური და მიშიკო.. მიშიკო და თემური..

ოთხი დეიდა და ერთი ბიძა მყავს. პატარა რომ ვიყავი, მეგონა, რომ ძალიან ბევრი დეიდაშვილი მყავდა, ორ ხელზე ვითვლიდი და ვამბობდი – ბევრნი ვართ. მერე, თემო რომ აღარ გვყავდა, აღმოვაჩინე, რომ სულ ათნი ვყოფილვართ და ცხრანი დავრჩით. პლუს, სამი ბიძაშვილი.

მიშიკო და თემური ბავშვობაში განსაკუთრებით მიყვარდნენ. იმიტომ, რომ პატარაობაში ხშირად ვიყავი მათთან სოფელში, ჭიათურაში, კაცხში. მახსოვს, როგორ დამაქროლებდნენ სოფლის ორღობეებში „ტაჩკით“ მორიგეობით. თან, ორივეს სურდა, რომ სწორედ მას ვეკატავებინე. მეც მეტი რა მინდოდა.

მახსოვს, ღუმელთან ვსადილობდით. მე 3 წლის ვიყავი, ისინი 8-ის და 10-ის.

–         მარიკა, მე უფრო გიყვარვარ თუ მიშიკო? – შემეკითხა თემური.

–         მიშიკო – ნაგლად ვუპასუხე მე.

–         დამაცადე, ლობიოს აღარ გაჭმევ. (კეთილი ჯიჯღინა იყო).

–         არა, შენ უფრო-უფრო მიყვარხარ. (ლობიომ თავისი ქნა..)

–         მაცადე, ტაროს აღარ მოგიტეხავ.. – არ ჩამორჩა მიშიკო.

ჰო, ტარო, სხვადასხვა მცენარის ყლორტი, ყვავილი, შურდული, სალამური – ჩემი იყო.. კისერზე შემოსმულს დამატარებდნენ ჩემი „აჩუები“, მეც გახარებული დავყვიროდი – უფრო ჩქარა მეთქი. ხან რომელ მწყემსთან მიმიყვანდნენ, ხან რომელ მეწისქვილესთან. დეიდაჩემი ბოსტანში იყო ხოლმე, მარტო ვერ დამტოვებდნენ – აკრძალული ჰქონდათ. ამიტომ, ძმაკაცებთან თუ საბანაოდ წასულებს, ატატებული დავყავდი ხან ერთს, ხან მეორეს. შესაბამისად, ერთად ვიკარგებოდით ხოლმე შუაღამემდე, მეც ბედნიერი ვიყავი, რომ „დიდ ბიჭებთან“ ერთად, ხან კოცონთან ვიჯექი და კარტოფილს თუ ტაროს ველოდი ნაკვერჩხლიდან, ხანაც მათი გაკეთებული „ტივით“ მივყვებოდი მდინარე კაცხურას. ღამის „ბირჟებსაც“ ცხადია, ვერ გამომატოვებინებდნენ, შეიძლება ითქვას. მისჯილი ვყავდი ორივეს  მთელი ზაფხული. დილაუთენია წამოვფრინდებოდი და შევუგორდებოდი მიშიკოს ლოგინში. აჯიჯღინდებოდა და გაბრაზებული თემურის ვსტუმრობდი. ისიც არ იზარებდა ჩემს გაწვალებას და ფეხებით დაკიდებას.

მერე წამოვიზარდეთ და ცოტა დავშორდით ერთმანეთს. ვერ ვახერხებდით ხშირ კონტაქტს. თუმცა, ზოგჯერ რამდენიმე დღით ვრჩებოდი მათთან სახლში და ხან მტკვარზე წამოყვანდნენ ხოლმე სათევზაოდ და თემური დიიდი „პაკრიშკის“  კამერით მაცურავებდ-მაყვინთავებდა, ხანაც ავჭიჭყინდებოდი – თუთა მინდა მეთქი, მიშიკო ჭიქით ხელში იპარებოდა მეზობლის ავტოფარეხზე და მასზე გადმოსულ თუთას მიკრეფდა.

ინტერნატში როცა ვსწავლობდი, რაღაც ღონისძიება გვქონდა და ფეხსაცმელი არ მქონდა. მახსოვს, გაკვეთილზე როგორ შემოაღო მიშიკომ კარი და გარეთ გამიხმო, ვარდისფერი „წკაპუნები“ ჰქონდა გახვეული. მე ამაყი ვიყავი, რომ „ჩემმა დიდმა დეიდაშვილმა მომაკითხა“. იმ წელს კაცხში ვიყავით კიდევ მე და ჩემი და. სოფელში ბიჭებმა გამაბრაზეს, ბურთი წამართვეს და მაპამპულავეს, თმის სამაგრები ჩამიყარეს წყალში.. საღამოს, დავინახე, მიშიკო როგორ გამოვიდა სახლიდან, ის ბიჭი გაიხმო და ძალიან ცივილიზებულად და სერიოზულად უთხრა – ჩემი დეიდაშვილია და პატივი ეციო. ბოდიში მომიხადეს იმ ბავშვებმა და წლების მანძილზე იხსნებებდნენ, როგორ შეგვარცხვინაო.

მერე კიდევ უფრო გავიზარდეთ და კიდევ უფრო დავშორდით ერთმანეთს. „ათასში ერთხელ ვხვდებოდით“, თემომ ცოლი მოიყვანა.. უფრო მამის სანათესაოსკენ, კაცხისკენ ილტვოდნენ, პრინციპში, იქ იყვნენ გაზრდილები. ჩვენც ვერ ვიჩენდით ინიციატივას, უამრავი პრობლემა იყო გარშემო და თან ბავშვები ვიყავით..

2005 წელს მიშიკო უცხოეთში წავიდა და დაიკარგა.. თემური ძალიან ნერვიულობდა ძმაზე. დედაჩემის დაბადების დღეზე დარეკა მიშიკომ, თემო მთვრალი იყო და ვერ დაელაპარაკა, გაწყდა კონტაქტი, მხოლოდ ცრემლები სდიოდა – ჩემი ძმა ცოცხალიაო და ღვინო ექცეოდა.

იმ დღეს და მეორე დილით ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რომ ხშირად უნდა ვნახოთ ერთმანეთი, რომ უკვე თითქმის ტოლები ვართ, რომ მე დიდი გოგო ვარ.. მთხოვა, გამოდი ჩემთან და ვილაპარაკოთ, თან, კარგადაც ვიქეიფოთო.

ამ ლაპარაკის მერე სკოლაში წავედი.. მას შემდეგ თემური აღარ მინახავს, სამ კვირაში მოკლეს და მოკლეს იმის გამო, რომ იქვე, სახლთან ახლოს, მდინარე გლდანულაზე აგროვებდა ჯართს. იმავე უბნელმა კაცმა – ეს ჩემი ტერიტორიააო. შვილებმა დააკავეს, მამამ მუცელში დანა ჩაარტყა. მამამ აიღო თავზე, იმათმა არაფერი იციანო.. რვა წელი მისცეს და გაცილებით ადრე გამოუშვეს, ახლა თავისუფალია.

მიშიკო წლების მანძილზე ავსტრიაში იყო, იქ დაოჯახდა, იქაური ქალი მოიყვანა ცოლად. უფროსი გოგო 5 წლის ჰყავს, უმცროსი – თვენახევრის. დიდი ხნის მანძილზე მხოლოდ ტელეფონით ვკონტაქტობდით. პირველ კურსზე ვიყავი, რომ ჩამოვიდა -ცოტა ხნით და უკან გაბრუნდა – აქ ვერ იცხოვრებს ადამიანიო.

წლების მერე სკაიპი გაჩნდა ჩვენს ცხოვრებაში. ზოგჯერ ნერვებს მიშლიდა, ზოგჯერ ნერვებს ვუშლიდი. მაგალითად, მოძღვარი რატომ არ გყავსო – ერთ ღამეს ამიშარდა. დავოფლაინდი ცოტა ხანში, მეორე დღეს მომიბოდიშა – ნასვამი ვიყავი და ავურიეო, თან, დამცინოდა – როგორ „დატყდი“ სკაიპიდანო. როცა ვლაპარაკობდით, ცოლს და გერს ეძახდა და მაჩვენებდა – ნახე, რამხელა გოგო გავზარდეო.

სულ გვირჩევდა – ბევრი ისწავლეთ, ხედავთ, მე რამდენი დავკარგე, რომ არ ვსწავლობდი. ახლა ისე ვნანობ, ვერ წარმოიდგენთ. ვერაფერს მიაღწევთ.. არ გათხოვდეთ, რათ გინდათ ჯერ, რა გეჩქარებათ, რაც შეიძლება ბევრი ისწავლეთ და წამოდით ევროპაშიო.

დეკემბერში თბილისში ჩამოვიდა. ჩვენთან მოვიდა დილის 5-ის ნახევარზე.. მეძინა, მესმოდა, ჩემი და როგორ ალაგებდა რაღაცებს და ვიღაც კაცი როგორ წუწუნებდა – არ მინდა, ნუ მიშლი, მხოლოდ დამაძინეო..

დილით გავიღვიძე და სასტუმრო ოთახში, დივანზე კაცი დავინახე.. მაშინღა მივხვდი, რომ 4 წლის უნახავი მიშიკო იყო. სამსახურში უნდა წავსულიყავი, საღამოს ისევ სახლში დამხვდა, დეიდაშვილთან ყოფილან.. ნასვამი იყო და ისევ დავტოვეთ ჩვენთან. ციოდა და წუწუნებდა – ეს გამათბობელი მე დამიდგით ოთახში და ჩართული დამიტოვეთო. დედაჩემს და დედამისს რომ ველაპარაკებოდით იტალიაში სკაიპით, რა უნდათ ამათო, გაოცებით იყურებოდა ნასვამი. დასაძინებლად ვუშვებდი ოთახში და – რა გინდა, რატომ მაგდებ, მინდა თქვენთან ყოფნა ცოტა ხანსო.

7 დეკემბერს მიფრინავდა ავსტრიაში. 6-ში ჩემი დის დაბადების დღე იყო. გავათენეთ თითქმის, (მე ცოტა ადრე დავიძინე). მთელი ღამე გვკოცნიდა – „თქვენ შემოგევლეთ, უფრო უნდა დავახლოვდეთ, ხშირად უნდა ვიყოთ ერთად. ერთმანეთის მეტი ვინ დაგვრჩენია“. მთელი ღამე ვეხუტებოდით და ფოტოებს ვიღებდით, თან, „ვბლატაობდით“, რამდენი ვართ თქო.  ვიდექით ექვსნი ჩახვეულები, ხელებჩაჭიდებულები, თავები ერთმანეთისთვის მიგვედო და ვყვიროდით – ვარლამიჩებს (ვარლამი ბაბუას ერქვა) გაუმარჯოს თქო. ჩემი დეიდაშვილი ზურა ამბობდა – მოდი, ჩავუთქვათ და როცა ყველა ასე შევიკრიბებით, სულ ასე ვიყვიროთ ხოლმეო. ძმაკაცი ახლდა და ყოველ წუთას  ეუბნებოდა ნასვამი – ეს ჟურნალისტია…

დილით ლექციაზე გავრბოდი, სასწრაფოდ ჩავრთე ფენი და თმას ვიყენებდი. იმ საღამოს გაფრინდა მიშიკო, რომ ჩავიდა, სკაიპში მომწერა – არასოდეს გაპატიებ, ბურანში მყოფს თავი თვითმფრინავის ტრაპზე რომ მაგრძნობინე იმ ფენის ხმითო…

მას შემდეგ აღარ მინახავს… ახლა რომ ჩამოდიოდა,  ჩემს დას წერდა –  რომ ჩამოვალთ, მაგრად დავლიოთ, იმდეღევანდელი გავიმეოროთო. წინა თვეში ჩამოდიოდა, უკან გააბრუნეს თურქებმა, მანქანის ნომრები არ მოეწონათ. ახლა ჩამოვიდა და თბილისიდან ისევ თურქეთში დაბრუნდა გაფუჭებული მანქანის გასაკეთებლად და წამოსაყვანად, იქვე დარჩა…  ცხრადღიანი კომის შემდეგ, გული გაჩერდა.

თემური რომ დაიღუპა, მამამისმა სმა დაიწყო,  მიდიოდა იქ, სადაც თემო მოკლეს და ტიროდა.. მიშიკომ გამოიყვანა მდგომარეობიდან ორივე.. დედა წაიყვანა საქართველოდან. მამას დაემუქრა – თუ სმას არ დაანებებ თავს, არასოდეს დაგირეკავო. ახლა მასაც საბუთებს უკეთებდნენ, ისიც უნდა წაეყვანათ. რამდენიმე თვეა, რაც ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა ბიძაჩემი.

ახლა ვგრძნობ, რომ მიშიკოსთან ერთად, მის მშობლებსაც ‘დავასაფლავებთ’. იმის წარმოდგენაც მიჭირს, რომ კაცხში, იმ სახლში, სადაც მე, მიშიკო და თემური დაჭერობანას ვთამაშობდით და თხილს ვარჩევდით, კიდევ უნდა დავჯდე ჭირისუფლად, იმის წარმოდგენაც მზარავს, როგორ უნდა შევხედო დეიდაჩემს და ბიძაჩემს, ადამიანებს, რომლებმაც მართლა სიმწრით გაზარდეს ორივე შვილი – რა ავადმყოფობა, რა გაჭირვება არ გადალახეს და ახლა, გაზრდილი შვილები დაკარგეს, ერთი 24-ის, მეორე 28-ის..

იმის წარმოდგენაც სისხლს მიყინავს, რომ თემურის ფოტოს გვერდით, მიშიკოს ფოტოც უნდა მიემატოს.. იმის გააზრებაც ცუდად მხდის, რომ თემურის ორმეტრიან  საფლავის ქვას და მის მომღიმარე-გაბრაზებულ გამომეტყველებას, მიშიკოსიც გვერდით უნდა ამოუდგეს.

ცხოვრება ერთი დიდი ტრაგედიაა მგონი..

13.03.2012

მიშიკო და თემური…

 

ტეგები: , , , ,

10 მიზეზი ჰოსტელის სასარგებლოდ

Boombully Beach Hostel-სა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს „გაუჩნდათ კითხვა“ : რატომ სჯობს ჰოსტელში დასვენება დასვენების სხვა ალტერნატივებს ბათუმში. და  გადავწყვიტე, მეც შემეტანა წვლილი ბლოგერების ერთობლივ შრომაში – ამ ამოცანის ამოსახსნელად.

#1. ვართ  ინტერნეტზე მიჯაჭვული თაობა? ვართ.  გვჭირდება მასთან მუდმივი კონტაქტი? გვჭირდება.  ჰოსტელში არასოდეს ამოვა  ნომერში სასტუმროს თანამშრომელი და საკუთარი  ხელით არ შეგიყვანს ვაირლესის პაროლს  ლეპტოპში  –  შენ რომ არ დაინახო. ჰოსტელში უფასო wi-fi-ა.

#2. ჰოსტელში არ იქნები იძულებული,  ხუთ წუთში ერთხელ გამოიძახო ადმინისტრატორი მიზეზებით – შხაპი გაიჭედა,  შუქი აღარ არის.. არ გაიყინები ტელეფონის ყურმილით ხელში ცივი შხაპის ქვეშ და აძაგძაგებული არ შეეხვეწები ადმინისტრატორს, ცხელი წყლის გამოშვებას.

#3.   Hostel -ში არასოდეს ჩაგეკეტება ტუალეტის კარი და ამოსულ კარისკაცს საპირფარეშოში არ დახვდები მომლოდინე. და მაინც, თუ ჩაგეკეტა, ოთახში იმდენნი იქნებით, რომ არავის გამოძახებაც არ დაგჭირდებათ ❤

#4. ბათუმში ხშირად წვიმს 😦  ნომერში კი, როგორი მოსაწყენია ყოფნა 😦  მაგრამ ჰოსტელში მაინც ძალიან მაგრად გაერთობი. ხალმხრავალ კამპანიაში წვიმაც კი, როგორი სასიამოვნოა… წარმოგიდგენია, რამდენ რამეს მოიფიქრებთ და ითამაშებთ?

#5 . რამდენ უცხოელთან ერთად იცხოვრებ, გაიცნობ მათ, კონტაქტებს დაამყარებ..  სასტუმროში კი, მაქსიმუმ , ლიფტში ნახო… თან, ჩემი ინგლისურისთვის  რა კარგი პრაქტიკა იქნება…

# 6. ბარბიქიუს სპორტით  სასტუმროში არ დავინტერესდებოდი, არც ნაქირავებში გამახსენდებოდა..  და საერთოდაც, მხოლოდ ახლა გავიგე, რომ არსებობს „რაღაც“ ბარბიქიუს სპორტი და ის Hostel-შია. მმ, სიამოვნებით  დავკავდებოდი…

#7. Hostel-იში შეგიძლია ბოლომდე დაისვენო, იგიჟო, დაიხარჯო – იცეკვო და სვა გათენებამდე, უყურო, გაეცნო და შეუერთდე სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლების მრავალფეროვან გართობას.

# 8. იძენ ახალ და უცხოელ მეგობრებს – ყველაზე ფასეულ რამეს. იქნებ, ამ ათ დღეში მათ ქართულით შეძლონ გაქცეულის მობრუნება, შენ კი, ფრანგულით, გერმანულით თუ ესპანურით..

# 9.  Hostel-ი ბათუმში კარგად დასვენების ყველაზე იაფი საშუალებაა. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა სიკეთე ღამეში, მაქსიმუმ 35 ლარი დაგიჯდება.

#10.  როგორც ჩვენი პრეზიდენტი ამბობს – ბათუმია ჩვენი რეალური გამარჯვება, ის ასევე ამბობს, რომ ევროპაა ჩვენი რეალური გამარჯვება, ევროპული დასვენება ჰოსტელში კი, მართლაც ჩვენი, (ყოველ შემთხვევაში ჩემი), რეალური გამარჯვება იქნება..

 

ტრაგედია “სტატისტიკიადა”

მოქმედნი პირნი –

მარი.

მაგდა.

მარიტა.

მაცნე (ნიკოლოზი)

ქორო.

 

პროლოგოსი:

ვარკეთილი, მარი კომპიუტერთან ზის,  გახსნილი აქვს სტატისტიკის დავალებები და გმინავს.

 

მარი

ჰოი ნიკოლოზ, ნუ გვიმუხთლებ და ნუ გაგვწირავ,

ჩვენ ბევრს არ ვითხოვთ, მხოლოდ ახსენ თუ თქმა გსურს რამის,

პროცენტილებმა წარიღო ძილი დილის თუ ღამის,

და დისპერსიას ჩვენი ნერვების მაქსიმუმს ვწირავთ.

 

ქორო

სტროფი I

ვაი, ვუი, ვაი, ვუი, ვუიმე და ვაიმე,

გულმა როგორ გაუძლოს თქვენს სტატუსებს დარდიანს,

მარი, მაგდა, მარიტა – ვეღარ გხედავთ მადიანს.

 

ანტისტროფი II

 

იქნებ რამე გეშველოთ და ჰისტოგრამა გაიგოთ,

მერე ეგებ გაგეხსნათ ოგივასთვის გონება,

რვა კვირაც გაუძელით, თქვენი ჭირი წაიღოს,

და იქნას სტატისტიკის ტკბილ-მწარე მოგონება.

 

ეპიზოდი I

მაგდა, მარი და მარიტა ც კორპუსიდან გამოდიან. საღამოს 9 საათია.

 

მაგდა

ახლა მეც დავიღალე, გამიცრუე იმედი,

კითხვა არ დამისვაო – შენს პირს როგორ წამოცდა,

ღმერთო ჩემო, ოჰ რა ვქნა, ეს სადამდე მივედი,

ნუთუ ჩამივარდება სტატისტიკის გამოცდა.

 

ქოროს გამძღოლი ქალი

 

ვაი, ვუი, ვაიმე, ვუიმე და ვაიმე

რა დღეში ხართ ბავშვებო, დავიხოკე ღაწვები,

რამდენ მაგისტრს მოვსწრებივარ, ოხ, გასულა რა წლები.

 

 

ქორო

სტროფი I

არ არსებობს სხვა გზა და ხსნა, არ არსებობს საშველი?

სულ არ გიხსნით, სულ ვერ იგებთ? იქნებ სცადოთ ძალიან

ათარგმნინოთ მასალები, დაიხმაროთ მაშველი,

იქნებ მაინც ყველაფერი სტუდენტების ბრალია?

 

ანტისტროფი II

 

ჩამოჯექით ერთი ღამე, დაახალეთ თავები,

შეისწავლეთ ცვლადები და ცხრილი განაწილების,

სამმა უნდა გაიყოთ სათარგმნელი თავები,

და ერთმანეთს აუხსენით ნასწავლი ნაწილები.

 

 

ეპიზოდი II, მარიტა და მარი დგანან გაჩერებაზე და გოდებენ.

მარიტა

რატომ უნდა მოვითმინოთ, სად არის სამართალი

პროგრამაში არ ეწერა ენა წინაპირობად,

დავალებას ვერ ვიგებთ, განგვიმარტოს პირობა,

მოვითხოვოთ,  აგვიხსნას ტყუილი და მართალი.

 

მარი ჩანთიდან იღებს ჰისტოგრამის ფორმის რკინის იარაღს

მარი

მე მეტს ვეღარ გავუძლებ. დავიღალე ძალიან,

დამიკარგეს ყოველი ნდომა-მოტივაცია,

აღარ მინდა ჰისტოგრამ-გადახრ-ოგივაცია.

 

ეპილოგოსი

სცენაზე შემოდის მაცნე ნიკოლოზი

 

მაცნე

ეს რა შავ დღეს მოვესწარ, მეც ხომ დამნაშავე ვარ,

ჩემ გამო მოისწრაფა, ახალგაზრდამ სიცოცხლე,

გავასწორებ შეცდომებს, სხვაგვარად ვერ ვიცოცხლებ.

 

ჰისტოგრამა ჩაიცა გულში, წვერწამახული,

ტრაგედია ასეთი, ჯერ არა მაქვს ნახული,

ისტორიას ექნება, მუდამ გადანახული.

 

ქორო მღერის. ფარდა იხურება.

 

 

ტეგები: , , , , ,

შენ ფიქრობ, რომ მე ვარ ურჯულო!!!

შთაგონების წყარო: მანქი, მერე დრიმარი , მერე საბუნია, მერე გეი ბიჭი – მეტი მე არავინ მინახავს :დ
გამარჯობა, შენ ჩემ გვერდით ზიხარ, ავტობუსში.  მე სამსახურში მივდივარ, წიგნს ვკითხულობ ან შერლოკ ჰოლმსს ვუსმენ ინგლისურად, თუმცა, ათიდან ცხრა სიტყვას ვერ ვიგებ. შენ საათს მეკითხები, მე  მობილურიდან „ფეისბუქს“ ვთიშავ, რომ საათის რეჟიმზე გადავიყვანო,  თუმცა, არ გესმის, რადგან ეკლესიასთან ვართ, ვაჟაზე და პირჯვარს იწერ.  გიკვირს,  მე რომ არა და საათს ხელახლა მეკითხები.  შენ ფიქრობ, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ ტაქსის მძღოლი ხარ. შენს მანქანას ნაკურთხი(ალბათ) ჯვარი აკრია, სალონში კი,  ხატები გიკიდია. მე გეუბნები, რომ ჯობს, უსაფრთხოების ქამარი შეიკრა და რომ,  მხოლოდ ეს ჯვარი ვერ გადაგარჩენს. შენ სარკეში იყურები და ფიქრობ, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ ჩემი და ხარ. ახლა მარხვაზე ხარ და აღასარების ჩასაბარებლად ემზადები. მე მეცინება სამარხვო კატლეტზე, შოკოლადსა და ხინკალზე, გეუბნები, რომ პატრიარქი არ უნდა წყვეტდეს, შენი შეყვარებული ჯარს სად მოიხდის. შენ მიყვირი, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ ჩემი ბიძაშვილის ძმაკაცი ხარ. მასთან ერთად ამოხვედი ჩემთან. შეესწარი ჩემსა და ჩემი დის კამათს.  ვუთხარი, რომ საერო და საეკლესიო ხელისუფლება სხვადასხვაა და არ უნდა ერეოდნენ.  შენ არაფერი გითქვამს, თუმცა, გაიფიქრე, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ მღვდელი ხარ. მე თსუ-ს სტუდენტი, რადიოსამონტაჟოს ოთახებში ვზივარ და დავალებას ვაკეთებ.  შენ ლოცვანებს და დისკებს არიგებ აუდიტორიებში, ამჯერად, სამონტაჟოშიც ამოხვედი. თან, ნაკურთხ წყალს აპკურებ კომპიუტერებს, ორჯერ მომხვდა წყალი – ღიმილით გითხარი, რომ ვმუშაობ. შენ ფიქრობ, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ სანთლების გამყიდველი ქალი ხარ. კომპიუტერების ოთახში შემოდიხარ, მეორე სართულზე. არავინ არ ყიდულობს, თუმცა, მაინც ჯიუტად იმეორებ, რომ უნდა ვიყიდოთ. მეთვალყურე გთხოვს, გახვიდე. შენ ამბობ, რომ ყველას ღმერთი დაგვსჯის. შენ ფიქრობ, რომ ჩვენ ვართ ურჯულოები.

გამარჯობა, შენ ვარკეთილის მეტროსთან საღამოობით მოწყალებას ითხოვ. ყოველ საღამოს გხვდები მიწისქვეშა გადასასვლელში. „დამეხმარე, ღმერთი არა გწამს? – მეუბნები და ჯოხს მიქნევ. შენ არ ფიქრობ იმას, რომ შეიძლება მე მეტად მიჭირდეს, უბრალოდ, შენ ფიქრობ, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ ქაშუეთთან ტკბილეულს და სიგარეტებს ყიდი. მე პარლამენტიდან ჩამოვდივარ, მოულოდნელი ინტერვიუ მქონდა, სახლში ჭამა ვერ მოვასწარი და ძალიან მშია. სნიკერსს ვაფასებ: დიდი სამი ლარი, პატარა – ორი – მეუბნები შენ. მსწრაფლ გაქციე ზურგი. “ეკლესიასთან ფასზე როგორ ფიქრობ?” – მადევნებ შენ. ცხადია, ფიქრობ, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ დედაჩემი ხარ. გიხარია, ჩემი და რომ ეკლესიაში დადის. ნეტა შენც დაჯდებოდე  მარხვაზე – მეუბნები მე. ჩემს სიტყვებს –  არ მინდა მარხვა მარხვისთვის და რომ მე მეტი მწამს, ვიდრე ეკლესიაა –  შენ ეთანხმები. თუმცა, როცა ნაკურთხ წყალს ასხამ ოთახში და მეც მწუწავ, ვბრაზობ – შენ  ფიქრობ, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ ჩემი ოცი წლით უფროსი დეიდაშვილი ხარ. ჩემი დის დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, ისტორიაზე ვბჭობთ, ამჯერად, უახლესზე. შემდეგ, მე გითხარი, რომ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა საპატრიარქოს და ხელისუფლებას კითხვები გაუგზავნა და რომ, მეც ერთერთი ხელმომწერი ვარ. შენ დედაჩემს ეუბნები – გაათხოვე, თორემ დაიღუპება. შენ ფიქრობ, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ ჩემი თანამშრომელი კაცი ხარ. ამასწინ გაიგე, რომ თეოლოგი ლექტორი მყავს, შენთვისაც ნაცნობი. შენ ამბობ,  რომ ის ათეისტია და  იმიტომ სწავლობს თეოლოგიას, რომ უკეთ ებრძოლოს ქრისტიანობას. მე არ გეთანხმები, შენ  ფიქრობ, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ ჩემი ყოფილი ლექტორის სტუდენტი ხარ. ის არ მოგწონს და მეკითხები – მე რა „ვიპოვნე მასში“. მხრებს ვიჩეჩავ და მთავარ  მიზეზებს გეუბნები. მაგრამ შენ ამას არ უსმენ, შენ მაინც ფიქრობ, რომ ის არის ათეისტი და მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ ერთერთი სააგენტოს ჟურნალისტი ხარ. მე მესამე კურსის სტუდენტი. მე პირველი არხის შენობის წინ ვდგვარ ‘ტრანსპარანტით’ – “დავიცვათ სარედაქციო დამოუკიდებლობა”, შენ კითხულობ, რას ვაპროტესტებ. მე გეუბნები, რომ “დიდი ათეული” არ უნდა დაიხუროს. – საპატრიარქოს მოთხოვნის მიუხედავად?” – კითხულობ შენ. – რა თქმა უნდა. – გპასუხობ მე. შენ სახეზე გაწერია, რასაც ფიქრობ. შენ გგონია, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ ჩემი ფეისბუქელი ფრენდი ხარ. შენ დალაიქებული გაქვს გვერდი – „მე მიყვარს ჩემი პატრიარქი“. მე – არა. შენ უკანასკნელი  სიტყვებით იგინები „მე არ მიყვარს ჩემი პატრიარქის“ გვერდზე, მე არაფერს არ ვაკეთებ. შენ ხედავ, რომ მე „ათეისტზე უარესების“  პოსტებს ვალაიქებ და შენ ფიქრობ, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენც ჩემი ფეისბუქელი ფრენდი ხარ. არასოდეს გვიკონტაქტია. არც ერთმანეთის სტატუსი დაგვილაიქებია ოდესმე, კომენტარზე არაფერს ვამბობ. ფრენდობის მერამდენიღაცა თვეზე, ჩატი ამოხტა, შენ ლოცვას მიგზავნი და მეუბნები, რომ ეს 15 ცალად უნდა გავავრცელო, თორემ უბედურება შემემთხვევა. მე გეუბნები, რომ ფეისბუქი ამისთვის არ მაქვს. შენ ფიქრობ, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ ეს პოსტი წაიკითხე, და ფიქრობ, რომ მე ვარ ურჯულო???

 

ტეგები: , , , , , , , ,

ილიაუნის პირველი კვირა

ჩემი ილიაუნელობის პირველი კვირა დასრულდა. საბოლოო ჯამში, შეიძლება თამამად ვთქვა, რომ კმაყოფილი ვარ.  ( იმედია, თვალი არ მეცემა :დ)

ჯერჯერობით, ოთხი საგანი ჩამიტარდა, უქმე დღის გამო, ყველაზე შიშისზარისმცემი სტატისტიკა გამიცდა. მგონი, ერთი ამას შეუძლია ჩემთვის ხასიათის წახდენა.

მომწონს – პირველ რიგში ლექტორები, კურსები და მათი შინაარსი. ასევე,  ძალიან პატარა ჯგუფები – სპეციალობის  საგნებზე  4-6 კაცი ვართ, რაც ძალიან მოსახერხებელია – ხარ თითქმის სულ ჩართული  და ლექტორსაც აქვს მეტი დრო, უპასუხოს შენს  კითხვებს.

პლუსია – ლექციები – პრეზენტაციების, დიალოგის და კითხვა-პასუხის რეჟიმში.

მომწონს ბიბლიოთეკა. ძალიან მოსახერხებელია  უკაბელო ინტერნეტი დერეფნებშიც კი – სწორედ ამან გადამაწყვეტინა, რომ ვიყიდო ლეპტოპი. ფანი ვარ ილიაუნის მეილის, რომელშიც მთელი უნივერსიტეტის მისამართთა ბაზაა მოთავსებული. არგუსი – რომლითაც კონტაქტობ  ლექტორებთან და იღებ სასწავლო მასალას მისი მეშვეობით, იქვე გაქვს ლექციების ცხრილი.

რაც შეეხება საგნებს და ლექტორებს, გასაკუთრებით, ნოდარ ლადარიას „ქრისტიანული ეკლესია და ევროპის დაბადება“  მომწონს.  ჯგუფში ხუთნი ვართ  – მათგან მხოლოდ მე და მარიტა ვართ ჟურნალისტები, სხვებს ფილოსოფია-თეოლოგია აქვთ დამთავრებული და ცოდნის ბაზისი ცხადია,  აქვთ. ჰოდა, ყველაზე ნაკლები ამ საგანში, ვიცით მე და მარიტამ. თავიდან დავიგრუზე, მერე სხვანაირად დავფიქრდი და ახლა, მე და მარიტა ასე ვხალისობთ კიდეც – ეს ლექცია ყველაზე მეტად გვეკუთვნის ჩვენ, უნდა დავსვათ რაც შეიძლება მეტი კითხვა, არ მოგვერიდოს აზრის გამოთქმა, დასაწყისში თუნდაც  სისულელის – მეორედ ხო აღარ ვიტყვით :დ

ლადარია რომ ძალიან მცოდნე და ღრმაა, ამაზე, ორი აზრი არ მგონია არსებობდეს. ჰოდა, კურსს ხომ სწორედ იმიტომ უძღვება, რომ ჩვენც გვასწავლოს რაღაცები. ჩვენც  ხომ სწორედ ამიტომ ავირჩიეთ, რომ ვიცოდეთ უფრო მეტი, ვიდრე ვიცით ახლა. ის კი, პირდაპირ არაფერს გეუბნება და მინიშნებებით მიდიხარ  სწორ პასუხამდე. სწორედ ეს არის მისი კიდევ ერთი ხიბლი. თან, პირველ ლექციაზევე აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი რამ არ ვიცი, პრინციპში, ჩემი ბაკალავრის სპეციალობიდან გამომდინარე, არც მქონია შანსი, რომ მცოდნოდა.  ხოდა, არ შეიძლება ერთი წუთის დაკარგვაც :დ

ჰო, გული მწყდება, რომ  ვერ ვატარებ იმდენ დროს უნივერსიტეტში, რამდენიც მინდა. ფაქტობრივად, დღეში ორი საათი ვარ მხოლოდ, რადგან სამსახურიც ხო გინდა ადამიანს :დ  აღმოვაჩინე, რომ ეს კვირა ერთგვარ ექსტრიმში მიწევდა ცხოვრება – რედაქცია-უნივერსიტეტი-რედაქცია.. და რაღაცნაირად დაძაბული ვარ სულ. იმედი მაქვს,  მალე შევეჩვევი.

და მინდა, მომავალი კვირები კიდევ უფრო უკეთესი იყოს ❤

 

ტეგები: , ,

“ჩემი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში”

ხვალ მაგისტრატურაზე სწავლა მეწყება და პირველკლასელივით ვარ. 1 სექტემბერი მგონია. ის მახსენდება, სკოლაში რომ უნდა წავსულიყავი და გახსნაზე მოსაყოლ ლექსს რომ ვიმეორებდი,  მასწავლებლისთვის მისატან ყვავილებს და „ბანბანერკას“ ( ოღჩ – რა მარაზმი იყო) მაგიდაზე რომ დავაწყობდი, სკამზე „ზიზიებს“ ( რომელსაც მაქსიმუმ,  ერთი კვირისთვის ვყიდულობდით )  და  ჩანთას რომ მოვათავსებდი და ძილშიც ნერვიულობას რომ განვაგრძობდი.

ნუ, ნერვიულობა რა, უბრალოდ, აგერ უკვე ერთი სემესტრი გავიდა , არაფერი მისწავლია. გადავეჩვიე ლექციის ფორმატში ცხოვრებას, ის კი არა, უნივერსიტეტშიც, ბოლო წელი ძალიან მიჭირდა აუდიტორიაში გაჩერება. ( ნუ, მაშინ  მიზეზები მქონდა.). ახლა  ვნერვიულობ იმაზეც, რომ სრულიად ახალი პროფესიის შესწავლას ვიწყებ ახალ უნივერსიტეტში ( ორი წელი ვოცნებობდი  ილიაუნის სტუდენტობაზე :D)

„პოლიტიკის ანთროპოლოგია“ – ყოველი ხუთიდან, ვისაც კი ეს სახელწოდება ესმის, ოთხი მისი შინაარსის ახსნას მთხოვს. მეც ვიწყებ, რომ აქ შევისწავლი  პოლიტიკის აგებულებას, ძალაუფლების ფორმირების პროცესებს, ძალაუფლებისა და კულტურის, ძალაუფლებისა და რელიგიის ურთიერთმიმართებას  და ატც.

– ააა, მერე სად უნდა იმუშაო? რა უნდა გამოხვიდე?

ნუ, არ ვიცი. ჯერჯერობით, ჟურნალისტიკის მიტოვებას არ ვაპირებ. ისე კი, ამ პროფესიით მაქვს შანსი  ( იდეაში) დავსაქმდე „საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სამთავრობო სტრუქტურებში, პოლიტიკურ ორგანიზაციებში, სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში“.

პრინციპში, ეს სამაგისტრო პროგრამა უმეტესად ზოგადი/დამატებითი განათლებისთვის+კარგი ლექტორები – ავირჩიე და არა პროფესიის შესაცვლელად. თუმცა, გამორიცხული ცხოვრებაში ხომ არაფერია. (იქნება, ორი დიპლომით მეც დავიწყო ტაქსაობა).

ამ სემესტრში სიამოვნებით ვიწავლი „ქართულ მითოლოგიურ გადმოცემებს“, „ქრისტიანულ ეკლესიას და ევროპის დაბადებას“, „ანტიკურ თეტრსა და მის რეცეფციას“, „სოციოლოგიური კვლევის მეთოდებს“  და…  დამტანჯავს სტატისტიკა. [ბაკალავრიატის გამოცდილება].

განსაკუთრებით კი, კარგი ლექტორები მიხარია. ახლა ნოდარ ლადარია, ზურაბ კიკნაძე და ქეთი გურჩიანი მეყოლება. ამბობენ, რომ თამარ ბრეგვაძე და ნიკა მაღლაფერიძეც კარგები არიან. შევხედოთ, ამას რა სჯობს :დ

ჰო, სხვა რამეზეც  ვნერვიულობ. სამსახური – უნივერსიტეტის შეწყობა-ვერშეწყობისდა გამო. პრინციპში, მე ხომ ყველაფერზე ვნერვიულობ. ოდნავი საბაბი და უკვე პანიკას ვტეხ. ცოტათი,  ჩემი თანამშრომელი და ყოფილი კურსელი, მაგდა მამშვიდებს ხოლმე – მასაც ხვალ ეწყება სწავლა და მასაც მაგისტრატურაზე – მოვასწრებთ  „ხსუნაო“, ( :D) ამბობს ხოლმე და გულს ეფონება :D.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ხვალიდან „ჩემი საინტერესო ცხოვრება იწყება იქ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

ტეგები: , , , , , ,

„საბჭოთა ბავშვი“

ქვემოთმდებარე ნოუთის წერა რამდენიმე თვის წინ დავიწყე, მაშინ, როცა აკაკი ბაქრაძის „მწერლების მოთვინიერებას“ ვკითხულობდი. მაგრამ ძალიან გამეწელა, მრავალფეროვანი  ინფო-დოკუმენტაციის ჩადება მინდოდა წიგნებიდანაც, საქმე კი, ბევრი მქონდა, მოკლედ, ვერ დავასრულე. დღეს, საბჭოთა ოკუპაციის 90 წლისთავზე, ფეისბუქზე რამდენიმე ფრენდმა „დააშეარა“ კოლაუ ნადირაძის „25 თებერვალი“:

“თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით,
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!“

და ისევ გამახსენდა აკაკი ბაქრაძე, მისი მოთვინიერებული და პირიქით, მოუთვინიერებელი მწერლებიც და მასთან ერთად, ეს არქივში „დადრაფტული“ , დაუსრულებელი ჩანაწერიც. სამსახურიდან  შინ რომ დავბრუნდი, მოვძებნე, თუმცა, არ დავასრულე,  მინიმუმამდე შევამცირე და მხოლოდ ძირითადი წუხილი დავტოვე.

„რამდენიმე დღის წინ ვკითხულობდი აკაკი ბაქრაძის მწერლობის მოთვინიერებას და გულზე ვსკდებოდი. რა მხეთქავდა გულზე, ალბათ, ადვილი მისახვედრია. მაგრამ ყველაზე მეტად იმაზე ფიქრი მაცოფებდა – ეს მოთვინიერებული მწერლები თავიანთი იდეოლოგიური ნაღვაწით რამხელა გავლენას ახდენდნენ ადამიანებზე. (ნუ, „უმწიფარებზე“ და მოზარდებზე მაინც.) სიმართლე რომ ვთქვა, არავის განსჯას არ ვაპირებ. ალბათ, საბჭოთა კავშირის  ტერორს ვერ გაუძლეს, მაგრამ მე უბრალოდ,  ბავშვობა გამახსენდა და ის, თუ რამხელა გავლენას ახდენდა ჩემს ცნობიერებაზე „მოთვინიერებული ლიტერატურის“ კითხვა.

კითხვა ძალიან ადრე დავიწყე. სკოლაში შესვლამდე უკვე „წასერიოზულო“ წიგნებს ვკითხულობდი – დეტექტივებს, ისტორიულს თუ სათავგადასავლოს, პრინციპში,  არც ვარჩევდი. რაც მხვდებოდა, ეგრევე ვშთანთქავდი. ედმუნდო დე ამიჩისის „გულში“ ერთი ბიჭია, რომელიც ძირს ნაპოვნ გაზეთის ფურცელსაც არ ტოვებს წაუკითხავს – ხარისხიანს და უხარისხოს არ უყურებს –  მეც დაახლოებით ასე ვიყავი.  მაგრამ „ჰოი, საშინელებავ“, მხოლოდ ‘გაცნობიერებულმოზრდილობაში’ აღმოვაჩინე, რომ ჩემი წაკითხული წიგნების ( განსაკუთრებით, „შინმდებარე“) უდიდესი ნაწილი, სწორედ მოთვინიერებული მწერლების და მათი მსგავსების შემოქმედება იყო. ორი წიგნი ვერ წავიკითხე ბავშვობაში და ცუდად დამრჩა მეხსიერებაში. ალექსი მირცხულავას „პარტიული მშენებლობა საქართველოში 1921-1928 წლები“ და ამავე სახელწოდების ”დამხმარე სახელმძღვანელო”, ასევე, „ახალგაზრდობის შრომის პრობლემები საქართველოში , რომელსაც ლენინის ორდენოსან ახალგაზრდებს უძღვნიდნენ.  ახლა მიდევს გვერდით და ვათვალიერებ, ვფიქრობ, დავუთმო თუ არა, ჩემი ცხოვრების რამდენიმე საათი.

ამის წერა რატომ დავიწყე, იმიტომ, რომ აღმოვაჩინე – მე საბჭოთა მენტალიტეტით გაჯერებული ბავშვი ვყოფილვარ. როცა ვკითხულობდი ოსტროვსკის ”როგორ იწრობოდა ფოლადი” – ვფიქრიბდი, რა მაგარი იყო პავკა კორჩაგინი. როცა ვკითხულობდი  ვალენტინა ოსეევას ”დინკას”, მახსოვს, როგორ ვგულშემატკივრობდი რევოლუციონერ ნიკოლოზს და თავად დინკას მამას. რამდენი ქართველი მწერლისა თუ პოეტის  სულისკვეთებით ანთებულს მეგონა, რომ წითლები ”ჩვენები” იყვნენ. ბოლშევიკები –  მაგრები ”ვიყავით”, მენშევიკები „ის ცუდები, ბოროტები“.  პატარა ვიყავი, რომ მასწავლეს იოსებ ნონეშვილის – ”შენ სამშობლოს შუქმა გზარდა” –  ზოაია კოსმონდემიასკაიასადმი მიძღვნილი ლექსი და სკამზე შემართებით ვჭექდი – „მე ვარ თვითონ ატამანი, იყო შენი პასუხი“ და სხვები.

მოზრდილ კლასებამდე,  „ძია სტალინი“ საუკეთესო ადამიანი მეგონა. პრინციპში, ბევრი გარეშემომყოფიც აღვივებდა ამ აზრს. ”როგორი კარგი ცხოვრება იყო მაშინ, ყველა მუშაობდა, ყველას ბინებს აძლევდნენ, პური ხუთი კაპიკი ღირდა, სტალინს და ლენინს ვუყვარდით…  და ა.შ. მწარედ მახსოვს, მეორე კლასის ბოლოს ექსკურსიაზე ვიყავით – წიწამურსა და საგურამოში. ილიას სახლ-მუზეუმი ვნახეთ. ჰოდა, ჩემი დამრიგებელი ნინო მამუჩიშვილი ილიას ღვაწლზე გვიყვებოდა. მე მივედი მასწავლებელთან და  ჩუმად ვუთხარი – ილია ხომ ცუდი კაცი იყო, ის ხომ ღარიბებს მტრობდა მეთქი. ( არ მახსოვს, სად წავიკითხე ეგეთი წერილი თუ მოთხრობა.). მხოლოდ მასწავლებლის გაოგნებული სახე მახსოვს.

ნუ, მადლობა ღმერთს, წამოვიზარდე. ბიბლიოთეკიდან არასაბჭოური წიგნების გამოტანაც დავიწყე, სათავგადასავლოზე მეტად „ჩავიციკლე“ და საყვარელ ძია სტალინზე ფიქრსაც შევეშვი,  მაგრამ  ზოგჯერ მაინც მიტივტივდება ხოლმე ის განცდა, როგორი გაბიაბრუებული ვიყავი ზოგიერთი მოთვინიერებული მწერლის მეშვეობით.

 

ტეგები: , , , ,