RSS

Category Archives: 24 საათი

ვაკის პარკიდან ”დელისამდე” ანუ ახალი გზის ნახვის სურვილით გავლილი მარშრუტი

დღეს, ილიაუნიში ვიყავი მასალაზე წასული. შვეიცარიელი პროფესორები იყვნენ ჩამოსულები სამეცნიერო კვლევების ამბებზე. ჩემს საქმეს, ერთ საათში მოვრჩი და სამსახურში წასვლა გადავწყვიტე.

ვაკის პარკის მოპირდაპირე მხარეს, 67 ნომერი ავტობუსის ოცწუთიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ, გამახსენდა, რომ ახალი გზა ნანახი არ მქონდა და გადავწყვიტე ფეხით წავჩანჩალებულიყავი. ძალიან ცხელოდა, ყურსასმენები მე არ მქონდა და შესაბამისად, თავსაც ვერაფრით ვერ გავირთობდი. ამიტომ, ერთადერთ “გზად” ხალხის და გარემოს დათვალიერება დამრჩა. გამახსენდა ჩემი პირველი ნაბიჯები რეპორტინგში ”გზათააღმწერლის” რანგში, ხოდა გადავწყვიტე პაწა გამეხსენებინა და საკუთარი თავიც გამეხალისებინა.

სიარული, როგორც ზემოთ აღნიშნე, ვაკის პარკის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ავტობუსის გაჩერებიდან დავიწყე. რამდენიმე მაღაზიის გავლის შემდეგ, უკვე ჩემთვის უცნობ, მხოლოდ ავტობუსის ფანჯრიდან თვალმოკრულ გზას დავადექი. ქუჩის მეორე მხრიდან, შავით მოსილი ქალი მოდის, ძალიან ცხელა, თუმცა, მას მაინც შალის სქელი ჟაკეტი და გრძელი კაბა აცვია. ორივე ხელში დიდი, გამჭირვალე პარკები უჭირავს, საიდანაც ”ბუბლიკები” და ”კექსისმაგვარი” ნამცხვარი ჩანს.

 ჩემ წინ, მწვანე-ყვითელ-გრძელ-გაშლილკაბიანი ქალი მიდის, ადრე, ამას ”იზაბელას” კაბებს ეძახდნენ, ერთი სერიალის მთავარი გმირის საპატივსაცემოდ. ქალი ”კალიასკას” მიაგორებს. მგონია, რომ ბავშვი უზის და გადავუსწარი, თუმცა, მალე აღმოვაჩინე, რომ შევცდი. ”კალიასკიდან” მწვანეთვალება, დიდი თოჯინა იმზირება, რომელსაც ზედ მწვანილის პარკი ადევს.

უკვე, თამარაშვილის 1-სა თუ 11 ნომერში ვარ, კარგად არ ჩანს. აი, იმ შენობასთან, კორნელი დანელია და გივი ჩივაძე რომ ცხოვრობდნენ. ძველი, დიდი, საბჭოთა ნაგებობაა. მისი ერთი ნაწილი თითქოს შეკეთებულია და ჭუჭყიანმწვანედ არის შეღებილი, თუმცა, სიძველის განცდას, მაინც ძალიან ტოვებს. მტვრიანია შემოგარენი, ირგვლივ, დახეული საარჩევნო პლაკატები ყრია, კიბეზე ქალი ზის, მზესუმზირას ყიდის, იქვე, მზისგულზე ქუჩის ორი ძაღლია გაწოლილი, მის გვერდით, ნაგვის გროვასთან კი ქალი ზის ხის ყუთზე. წინ კი სულგუნის თავები უდევს გასაყიდად. ყველს პარკი გადახდილი აქვს და მისი მოჭრილი ნაწილი მზისგან და მტვერისგან გადაზელილია.

აქვე კახა კუკავას საარჩევნო პლაკატია გაკრული, საიდანაც, მხოლოდ მისი თვალები მოჩანს. სახის ზემოთა ნაწილი მოხეულია, ხოლო ქვემოთ განცხადება – ”ვაყენებთ ვინდოუსს პროფესიონალურად” – არის გადაკრული. პლაკატთან გოგო დგას, ხელში ”ჯოკერის” ნაყინი უჭირავს, კუკავას თვალებს თუ ”ვინდოუსის გადამყენებლის” ნომრებს აკვირდება, ამ დროს ნაყინის ზემოთა ნაწილი გადატყდა და ვარდისფერ მაისურზე დაეცა. შემდეგ კი, რძე-შოკოლადის უკვე სქელ, ბლანტ სითხედ ქცეულმა მასამ ”ელასტიკის” შორტი ჩაიარა და ფეხის ზურგზე დავარდა…

ათვლის წერტილიდან, ავტობუსის შემდეგ გაჩერებასთან ვარ. მოსაცდელის მინები სანახევროდ ჩალეწილია, შერჩენილი ნახევარი კი მტვერში ალესილი სისველით არის გადაგლესილი. გაჩერებაზე მხოლოდ ერთი ქალი და ერთიც კონტროლიორი დგას. ამ უკანასკნელს, საჯარიმო დავთარი თუ ოქმთა დღიური გულზე აქვს ახუტებული. 88 ნომერი გაჩერდა. გოგო ჩამოდის, ელასტიკები, მოკლე ლურჯი კაბა და ლურჯივე ღილებიანი, თხელი მოსაცმელი მოსავს.

– ბილეთი მოქალაქევ – ჩამოიღო ”გულზედაკრეფილი დავთარი” კონტროლიორმა. გოგო დიბნა და მის საწინააღმდეგო მიმართულებით დააპირა გასვლა, თუმცა უშედეგოდ.

– არ მაქვს ბილეთი, ახლავე ავიღებ, – გოგო საფულეს ხსნის, ხურდა ფულს იღებს და კაცს უწვდის.

– მე რას მაძლევ, რომელი აპარატი მნახე?

 – იქ ვერ ავიღე, არ ვიცი.

– პირადობა წარმოადგინეთ…

 გზას ვაგრძელებ. უკვე, თამარაშვილის 13ა-სთან ვარ. ”თქვენ ამ სახლზე ოცნებობდით”-აწერია შენობას. დაუმთავრებელი მაღალსართულიანი ნაგებობაა. მის შემდეგ გზის გავლა უკვე ჭირს, მანქანების სავალ გზაზე დავდივარ, სიგნალებზეღა ვუბრუნდები ტროტუარს, სადაც ასვალტი აყრილია და ბღუჯა ბალახია ამოსული. გზის გაყოლებაზე, ქვის კედელზე მხოლოდ კუკავას და ძიძიგურის საარჩევნო პლაკატები ცვლის ერთამნეთს. და აჰა, ახალი გზაც გამოჩნდა, ხიდივით გადასხედიდან ვიყურები, მანქანები ასე თუ ისე, იშვიათად მოძრაობენ. მის თავზე კლდეა აშვერილი, ძალიან უცხოდ მეჩვენება, ”ქალაქაგარეთს” მაგონებს.

წინ მივდივარ, ”დელისამდე” არც თუ ისე ბევრი დარჩა. გზაზე დაყრილი ქვები თხელძირიან ფეხსაცმელში მერჭობა. მალე, ტყე, როგორ დავარქვა, მაგრამ ხეებით დაბურული ადგილი იწყება, დასაწყისში, შემოუღობავია, შემდეგ კი, რკინის გალავნით შერაგვული. ერთერთ ხესთან კაცი დგას, ქამარს ისწორებს. ორი ხის იქით კი მოხუცი, თეთრთმიანი, თეთრებში გამოწყობილი და თეთრჩანთიანი ქალი სცემს ბოლთას, ჯერ, ერთ ხეს დაარტყამს წრეს, შემდეგ სხვა ხესთან მიდის.

ბენზინგასამართი სადგური ”ვისოლიც” გვაიარე. მისგან რამდენიმე მეტრში ცემენტის და სხვა საშენი მასალის აუტანელი სუნი დგას. გზის ორივე მხარეს რაღაცას თხრიან , წელსზემოთ შიშველი კაცი თავდაყირაა ორმოში ჩამხობილი და გამალებით მუშაობს რკინის იარაღებით. ლურჯი, ორზოლიანი სპორტული ჩასწევია და წელს ქვემოთ ღარი უჩანს. ამ დროს, დარტყმის ძლიერი ხმა ისმის და ქვის გოროხიც ამოვარდა ზევით, ფეხი ახლაც მტკივა.

რესტორანს მივადექი – ”მეგრელები – მანონი”. ეზო ცარიელია, მხოლოდ, რესტორნის ერთი თანამშრომელი დგას ჭიშკრის შიგნით. გარეთ კი, ”მერსედესის” ფირმის ორი ჯიპი დგას. ერთი ცარიელია, მეორესთან კი, სამი კაცი იმაზე ბჭობს, ღირს თუ არა ”მეგრელებში” შესვლა.

– ხაჭაპური კარგი აქვთ – ამბობს, მელოტი, ჯარისკაცის ფორმიანი, 40-იოდე წლის მამაკაცი, რომელსაც წარბზე დიდი ხალი აქვს, თან, ჯიბიდან საფულეს იღებს და ფულს ითვლის.

– ხაჭაპურზე ხომ არ გადავალთ, ამხელა ხალხი, ხინკალი ამათ არ უვარგათ და მწვადი. – პასუხობს გამხდარი, დაბალი, ულვაშა კაცი და გვერდით მდგომ ქერა -ცისფერთვალება და წითელ შორტებში გამოწყობილ ვაჟს უყურებს, რომელიც ასანთის ღერით კბილებს იჩიჩქნის.

– თქვენ როგორც გინდათ, ისე ვქნათ, – წამიერად იღებს პირიდან ასანთს ბიჭი და ისევ უკან იბრუნებს. სამეული მანქანაში სხდება.

სუპერმარკეტ ”სამოსთან” ვარ, ”ფანტის” ან სხვა რამე გამაგრილებლის ყიდვა მინდა, თუმცა, ვხედავ , რომ ”ჟალუზებს” უშვებენ, ალბათ, უკვე კეტავენ. გზა გავაგრძელე, თუმცა, უკან რომ მოვიხედე , მიხვდი, რომ უბრალოდ, სიცხეს ემალებიან და ”ჯალუზიც” მხოლოდ სამი მეოთხედით აქვთ ჩამოშვებული.

ყაზბეგის და თამარაშვილის გადაკვეთაზეც მალე მივედი, კუთხეში მდგარ ”პოპულში” მაინც შევედი ”ფანტისთვის”. მოლარესთან რიგი დგას, შევარჩიე ჩემთვის სასურველი ზომის, სასურველი სასმელი და რიგს შევუერთდი. ჩემ წინ, სამი ადამიანი დგას, ორი კი უკან. თუმცა, უკან დგომი კაცი, რომელსაც ლუდი უჭირავს,- ”შენს ”ფანტას” ჩემი ლუდი ჯობს პრინციპით”, გამყიდველს უყვირის: აუ, ეს მაქვს მარტო, აქედან ვარ (სასმელების ”კარადისკენ” უთითებს) და გამომართვი რა ფული. გამყიდველიც უჯერებს. გვერდიდან კი პუტკუნა, 20 წლამდე ცისფერთვალება ბიჭის შეძახილი მესმის:

ჯოხიანი კანფეტი არ გაქვთ?

 – როგორი ჯოხიანი?

– რავი, ლიჟბი ჯოხიანი იყოს.

 – ჩუპა-ჩუპსები გვაქვს.

 – იყოს, ოღონდ დიდი მინდა.

ჩემ წინ მდგომი ქალი კი, ერთჯერად ყავას ეძებს.

”რაღაცებიანი არ მინდა, რძე და შოკოლადები არ ქონდეს, მარტო ყავა მინდა და კარგი. ასეთი ნებავს, შვილიშვილი ჩამომივიდა ჯარიდან, იცი, რა კარგი ბიჭია? რამდენი წლის ხარ შენ დედა?” – მიმართავს ”პოპულის” ქერათმიან, თაფლისფერთვალება ოპერატორს, რომელსაც ეღიმება და ქვითარს უხმოდ უბეჭდავს.

”დელისამდე”, გზას კი სულ სირბილით გავდივარ, ავტობუსის გაჩერებასთან ვდგები და ”არჩევნებზე მიდიხარ?”, ”გუშინდელი კონცერტი მომეწონა”, ”ხვალ გიგას ბანკეტია”, ”პლატოზე ადის”?, მეორე მიკროში”? – ამ და ”სხვაფიქრებიან” ხალხთან ერთად, მოთმინებით ვიწყებ ხუთი ”საჩემო” ავტობუსიდან ერთერთის ლოდინს.

 

ტეგები: , , ,

ყველაზე არაპოლიტიკური პოლიტიკური არჩევნები

გუშინ ვიყავი თბილისი მარიოტში რომ დაჯილდოე.. არა, სლოგანების არჩევნებ.. არა, აი, ის, ყველაზე არაპოლიტიკური პოლიტიკური კონკურსი რომ იყო.. მოკლედ, საარჩევნო სლოგანებისთვის უნდა მიენიჭებინათ სხვადასხვა ნომინაცია და რაღაცები უნდა გაეთამაშებინათ.

მერობის კანდიდატებს თავიანთი ფორმალურ-არაფორმალური ფოტოებით სტენდები ჰქონდათ გაკეთებული და ყველაზე მეტად ვინც მოაწონებდა თავს დარბაზში შეკრებილ პატივცემულ საზოგადოებას – აბა, სტენდზე დამინახე ვინაა ვაარ, აბა მარიოტში მნახე ვინა ვაარ – პრინციპით, დარბაზის არჩევნებში გამარჯვებულიც ის იქნებოდა.

ბევრი ვათვალიერე თუ ცოტა მერობისთვის მრბოლელთა ფოტო-სლოგან-პლაკატები, ”მოწყენა ვიგრძენი”. როდის დაიწყება და მერე დამთავრდება მეთქი, ვფიქრობდი, თან საათზე ვიყურებოდი მალიმალ და ვცდილობდი გამომეთვალა, რამდენ ხანში დამთავრდებოდა, მერე რამდენ ხანში მივიდოდი სახლში, დავწერდი , მოვასწრებდი თუ არა სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაციაზე მისვლას და ასე შემდეგ. ამ დროს მოვიდა ზვიად ძიძიგური, ვინ მიმიშვა მასთან და მის სიახლოვეს, როოომ დაეხვივნენ მასთან ერთად მოსული ”უცნობი”, მაკა ასათიანი და კიდე ვიღაცები, მკლავის სიახლოვეზეც კი ვერ მივედი. ერთი ისღა მოვახერხე, რომ ყური შევყავი ჩემ წინ აყუდებულ ორ ოპერატორს შორის და გულ-სულგანაბულმა ვცადე მოსმენა. საკუთარ ხელნაკეთობებზე ლაპარაკობდა, კაიკაცობასა და ადამიანობაზე, უცებ ვიგრძენი, რომ დეჟავიუ მქონდა და ეს სიტყვები რამდენჯერმე მქონდა მოსმენილი სხვადასხვა აქციაზე და წავიჩოჩე წინ, წამყვანისკენ, რომელიც ”კაკრაზ”, იმ დროს გამოვიდა სცენაზე ყველაზე არაპოლიტიკური პოლიტიკური არჩევნების ჩასატარებლად.

ყველა მრბოლელის წარმომადგენელი გამოვიდა სიტყვით, ”ასეთები ვართ, ისეთები ვართ”, ”ჩვენ ვართ, რაც ვართ” , ”მოგვეცით და მოგეცემათ” და მასეთები.. მერე ჟიურიც შეუდგა საკუთარ საქმეს და სახეთეთრადშეღებილი და თეთრხელთათმანიანი მსახიობ-მოცეკვავეებიც (რაღაც სახელს ეძახდნენ, მე არ ვიცი:-/ დარაზმეს დარბაზის ”გამოსაკითხად”. ჩემ მხარეს – (ძიძიგურის მოპირდაპირე, დარბაზის მარცხენა-შუა ნაწილში) არავინ არ მოსულა ფურცლის მოსაცემად , სამაგიეროდ, მარჯვენა განაპირას იყოჩაღეს და ძიძიგურიც მოგვევლინა დარბაზის სიმპათიად.

რაც შეეხება ჟიურის :
ყველაზე დამაჯერებელი – ”ნაციონალური მოძრაობა”. მიზეზი? – გასაკეთებელი მართლაც ბევრია.
ყველაზე საქმიანი – გოგი თოფაძე. ( ვაშაძეს რას ერჩოდნენ-საქმემან შენმან წარმოგაჩინოს -ნაკლებად საქმიანია? მაგრამ ის საქმით მოდის უკვე და ამან ჯერ უნდა გააკეთოს და მერე წარმოაჩინოს).

ყველაზე ემოციურები – ნიკა ივანიშვილი და ზვიად ძიძიგური:-/

ყველაზე ლაკონიური – ირაკლი ალასანიას – ”ჩვენ შევცვლით. გამიჩნდა კითხვა: და რატომ ძიძიგურისი – არა?. მაგრამ მერე მივხვდი – ალბათ, ბრძოლა დღეეეეეეეეეეეეეეეეეეეესვე” გრძელია.

ყველაზე კრეატიული – ქრისტიან-დემოკრატები. აი, ამაზე გავკვირდი კაი ხანს, ”დასაქმება და დაბალი ტარიფებში” რა კრეატივი და რა შემოქმედება დაინახეს მეთქი. ვიიფიქრე, ვიიფიქრე და მერეღა გამახსენდა, რომ ორგანიზატორებს ”ნაციონალ-დემოკრატების” (დღევანდელი საოცარი წამოცდენა) სლოგანი – გაზი 10 თეთრი, შუქი 5 თეთრი, წყალი უფასო ეგონათ ( მართალია, ვეფხვაძემ განუმარტათ-ეს ქვესლოგანიაო, მარა მაინც), ხოდა, აბა არ არის ეს კრეატიული? თუ ეგ არ არის, რამდენ კრეატიულს დაუდო საფუძველი?
ლუდი-10თეთრი, რაღაცა (არ მახსოვს რა) -5 თეთრი, ქალები უფასო. ან ერთი ძროხა-10 farmville coins , ერთი ქათამი-5 farmville coins, აგური უფასო! ასე რომ, არის, აბა როგორ.
საჩუქრები გასცეს ღვინო-კალამ-წიგნები და ერთმა, ”პიარ ჯგუფელმა” საკუთარი ხელით დამზადებული ”საროჭკის სამაგრები” მიართვა თოფაძეს 🙂

ძიძიგურმა გაცვლა აწარმოა-თავად ქინძმარაულის ”მარანი” მიიღო და ”კონსერვატორების” ერთი ბოთლი ( ესღა დამრჩაო) უძღვნა ორგანიზატორ-წამყვანს;)

ხო, ერთი რამ იყო- საინტერესო. ბოლოს, მოროშიკინამ საკუთარი წიგნები ამ სიტყვებით გასცა: დიდი სიამოვნებით გადავცემ “ალიანსს”, რადგან სწორედ მათ აქვთ დასახვეწი პიარ ტექნოლოგია და ჩემი წიგნი დაეხმარებათო:)

 

ტეგები: , , , , ,

“ვირტუალური ომის” მეორე დღე ანუ აქცია ვარდების მოედანზე

ეს რეპორტაჟი დაიბეჭდა გაზეთ  “24 საათში” აქ ვდებ იმავე სახით + ანუკი ჯაფარიძის (“24 საათის” ფოტოგრაფი) გადაღებული ფოტოები

ტელეკომპანია “იმედის” მიმართ პროტესტის გამოსაცხადებლად გუშინ  “ვარდების მოედანზე”, დაახლოებით, სამასი ადამიანი შეიკრიბა.

აქცია 16:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მონაწილეებმა სასტუმრო “რედისონთან” შეგროვება ნახევარი საათით ადრე დაიწყეს.

ქოლგიანი ქალები, ჭაღარა მოხუცები, კოსტიუმებში გამოწყობილი მამაკაცები, ბავშვიანი რამდენიმე წყვილი, ახალგაზრდები – პატარ-პატარა ჯგუფებად დაყოფილი აქციის მონაწილეები “ქრონიკის” 13 მარტის იმიტირებულ გამოშვებაზე თავიანთ შთაბეჭდილებებს ჰყვებოდნენ და დრო ამით გაჰყავდათ.

“ტყვიების წუილი რომ გაისმა, მაგ დროს ჩავრთე ტელევიზორი და დედაჩემმაც სწორედ მაშინ დამირეკა ქუთაისიდან. გადარეული იყო,” – ეუბნება 25 წლამდე გოგო წინ მდგომ ბიჭს, მცირე ზომის პლაკატს, რომელზეც გადახაზული “იმედის” ლოგოა გამოსახული, ჩანთაში დებს, სიგარეტს უკიდებს და აბოლებს.

“რა გაგვიკეთეს! რა მნიშვნელობა აქვს, რუსები მოგვკლავდნენ თუ ნერვიულობით დავიხოცებოდით. “იმედი” იმას მოესწრო, რომ ხალხი მის დასაცავად კი არ გამოდის, მის დახურვას ითხოვს,” – ხელჯოხიანი და თეთრთავსაფრიანი ქალი თავის გულისტკივილს გვერდით მდგომებს უზიარებს.

მსგავსი ისტორია ყველას აქვს მოსაყოლი, განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ თითოეულს საკუთარი ამბავი აქვს.

თუმცა, მიუხედავად ერთი მიზნისა, აქციის მონაწილეები მაინც ორ მხარედ გაიყვნენ. ზოგს არ სჯერა, რომ იმედმა” სიუჟეტი მთავრობასთან შეუთანხმებლად გაუშვა.

“იმედმა” აჩვენა ის, რასაც სააკაშვილი ნამდვილად აპირებს – არჩევნების გაყალბებას და მოქალაქეების შეშინებას. ტელევიზია ამას სააკაშვილთან შეუთანხმებლად არ გააკეთებდა. ჩვენ ორი დიდი მტერი გვყავს – რუსეთი და სააკაშვილის ელიტა,” – უთხრა “24 საათს” გიგა ბოლოთაძემ.

თუმცა, მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ ტელეკომპანიას და მის ჟურნალისტებს ეკისრებათ.

“გიორგი არველაძემ და “სპეციალური რეპორტაჟის” გუნდმა, წამყვანის თამადობით, ყველანაირ ეთიკის კოდექსს გადაუარეს, მოსახლეობაში პანიკა დათესეს, ქართველი ჯარი მოღალატედ გამოიყვანეს, პრეზიდენტიც კი მოკლეს. ეს ყველანაირ საზღვრებს სცდება. “იმედი” უნდა დაიხუროს ” – ამბობს მერი ლადარია.

აქცია დაჩი ცაგურიამ გახსნა. მისი თქმით, ეს “იმედთან” 13 მარტს დაწყებული პროტესტის გაგრძელებაა.

“გუშინდელი აქცია სპონტანური იყო, უცაბედი. მალევე დავასრულეთ და დღეისთვის დავგეგმეთ შეკრება, ეს არის მოქალაქეების მიერ მოწყობილი აქცია ყოველგვარი პარტიული რესურსების გარეშე. დიდი ხანია, ხელისუფლება ცდილობს ჩვენი ტვინების გამორეცხვას, გუშინდელი სიუჟეტი კი მოსახლეობის სრული ტერორი იყო,” – განაცხადა ცაგურიამ.

იმის გამო, რომ აქციის ორგანიზატორებს ტრიბუნა არ ჰქონდათ და მონაწილეებს მხოლოდ ორი მეგაფონით აწვდიდნენ ხმას, არცთუ იშვიათად უხდებოდათ ერთი და იმავეს რამდენჯერმე გამეორება. აქციაზე მისულ ადამიანებს ხელი არც ამინდმა შეუწყო. წვიმამ და სიცივემ მონაწილეების უკმაყოფილება გამოიწვია. “ამინდიც დაუკვეთა იმ გარეწარმა სააკაშვილმა”, “ბუნებასაც აკონტროლებენ” – მსგავსი შეძახილები არაერთხელ გაისმა რესპუბლიკის მოედანზე.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა “ქალთა პარტიის” ლიდერი გუგული მაღრაძეც. მან “იმედის” გადაცემა გენოციდად შეაფასა.

“ეს იყო მთელი ქართული საზოგადოების ფსიქოლოგიური და მორალური გენოციდი. მათ ქართველ ხალხს ომი კიდევ ერთხელ დაანახეს. ეს სიტუაცია მანამდე არ დამთავრდება, სანამ საზოგადოებისგან არ შეიქმნება კრიტიკული მასა. ჩვენ ყოველგვარი რუსული ჯარების გარეშე შევძლებთ ამ ხელისუფლების გაშვებას. ამიტომ, არც ერთი ხმა არც ერთ არჩევნებში ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს,” – მიმართა ხალხს მაღრაძემ.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მერაბ პატარაიამ კი ჟურნალისტებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სთხოვა.

“გამოაცხადეთ ჟურნალისტებმა საგანგებო მდგომარეობა, თქვენ გამოაცხადეთ. ხომ ხართ ღირსეული ჟურნალისტები, ცოტანი მაინც ხომ ხართ, ამ ბევრ უღირს ადამიანს შეეწინააღმდეგეთ,” – მოუწოდა პატარაიამ აქციის მონაწილეებს და იკითხა, თუ იყო მისული ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტი აქციის გასაშუქებლად. რასაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პასუხად შეაგება – “სამართლიანად ისვენებენ, კვირა დღეაო”.

აქციაზე ტელეკომპანია “კავკასიის” დამფუძნებელი დავით აქუბარდია და არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძეც იმყოფებოდნენ.

როგორც კაკაბაძემ განაცხადა, “იმედის” სიუჟეტის გამო სასამართლოში სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელს აუცილებლად შეიტანენ.

გუშინდელი აქცია ერთ საათში დასრულდა. ორგანიზატორები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენ. ცაგურიას განცხადებით, ისინი “მოდელირებული ქრონიკის” გამო დიპლომატიური კორპუსისადმი და ქართული ჯარისადმი სპეციალურ მიმართვას შეიმუშავებენ. მომიტინგეთა შეფასებით, ხელისუფლებამ ეს ორი ინსტიტუტი “იმედის” სიუჟეტით უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.

დღის 17:00 საათზე ვარდების მოედანზე მომიტინგეთა მცირე ჯგუფი დარჩა. ისინი ხალხის სიმცირის გამო აღშფოთებას გამოხატავდნენ.

“ხალხი არ არის, არ მოვიდა, მეტის ღირსები ვართ, მართლა უნდა ჩამოეგდოთ ბომბი და მერე ნახავდნენ, – გაალმასებული ეუბნება 40-მდე წლის ქალი გვერდით მდგომს, შემდეგ სათვალეს იხსნის, მინას წმენდს და ხმადაბლა ამბობს, – ისე, სააკაშვილის სიკვდილი რომ გამოაცხადეს, საშინლად იმოქმედა. რაღაც ადამიანური გამოიწვია “.

დაჩი ცაგურიამ აქციაზე აღნიშნა, რომ გაუგებრობის გამო ხალხის გარკვეული ნაწილი “იმედის” შენობასთან მივიდა, თუმცა გუშინ საღამოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტელეკომპანიასთან აქცია არ გამართულა.

 

“რას გვიშვება ეს სააკაშვილი, ამისთვის ვიდექით იქ???

ორი დღის წინ რაღაც გაფუჭდა და რედაქციაშიც წავიდა შუქი. ქსელში მასალის ჩაგდება ვერ მოვასწარით და მე და ლალისაც მოგვიწია დენის ლოდინმა. იმ ღამეს მივხვდი უფრო აშკარად – რა კარგია შუქი, რა კარგია “ცივილიზაცია”.  გამახსენდა “ის წლები” – შუქი მთელი დღე-ღამე მხოლოდ ახალი წლის ღამეს რომ იყო ხოლმე.

რა უნდა გვექნა. 9 – ის ნახევრიდან ღამის 1 საათამდე ერთმანეთს ვუყურებდით. ცისა და მიწისაც რომ მოვყევით, სტუდენტ- ლექტორებიც რო “გავჭორეთ”, ცხელი თონის პურიც რომ მივირთვით და ნავახშმევს ძილიც რო მოგვინდა, პოეზიის საღამო მოვაწყვეთ.

” აღარ გათენდები, ღამევ საზიზღარო, ღამევ მუქო,

როგორ გელოდები, მოდი, მოდი, მოდი შუქო”.

( თან ასე ზეპირად მე ვერ ვიგონებდი, ტელეფონში ვიწერდი და ისე ვცოდვილობდი:)

“მოვა შუქი? ერთმანეთს ვეკითხებით უღონოდ,

მოვა შუქი? მდუმარებს რედაქციის კედლები,

მე და ლალი შევყურებთ ბნელ ოთახში ერთმანეთს,

ენერგეტიკის მინისტრს უხმოდღა ვევედრებით.”. ( რა უნდოდა გილაურს პრემიერ მინისტრად, სანამ ენერგეტიკაში იყო, ხო გვქონდა შუქი თქო:-)

“შუაღამე გადავიდა, კვლავ არ არის სინათლე,

რას გვიშვება ეს მთავრობა, ქე ყოფილა სიმართლე”.

(იმედია, პირდაპირი მნიშვნელობით არავინ გაიგებს. ეს იმ მხრივ – “აბანოში წყალი რომ არ არის და ესეც სააკაშვილის ბრალიაო”).

“სამზარეულო ბნელი და ცივია, ოთახში შემოდის მალიმალ ქირია.

როგორ ხართ ბაჭიებო – ღიმილი თბილია. ისევ ის გვიშველის, ის გმირთაგმირია”. (“ქირია” ჩვენი “კომპიუტერშჩიკია”.  ძალიან კარგი და გადასარევი კაცი:)

24 საათში ვპოვე მე სააკუთარი ნიშა,

გვერდით ოთახში ბუხუნებს აბაიშვილი მიშა”. –  სპორტული ჟურნალისტი. ძალიან ზრდილობიანი დაა საყვარელი ტიპი:) ხანდახან შემოგვივლიდა ხოლმე ნიუსრუმში. “თოთაძე არ მოსულაო” – და გავიდოდა:)

“სულ გევედრებოდი, მოდი, სანამ გელი, ახლა კი სინათლე გამიხდა სანატრელი”.

“მალე გათენდება და ზეცა ინათებს, აინთე, აინთე, აინთე სინათლევ”. (რა თქმა უნდა, გათენებამდე არ ვყოფილვართ – უბრალოდ “რითმა”:)).

მერე მიგვეძინასავით და უცებ მესმის ლალის ხმა : “მძინარეს ჩამომვარდა უღონოდ მკლავი, მოხერხებულია ნოდარის სკამი?”ნოდარის სკამზე მე ვიჯექი:)))

“გვიმუხთლა ბედმა თუ განგებამ ვერაგმა, წავიდა სინათლე – ნუთუ არ კმარა, მთელი საღამოს ოცნებად ერთი გვაქვს, ელექტროენერგია ჩაგვირთეთ ჩქარა“.

და ბოლოს ლალის დედამ ნერვიულობით ტელეფონი რომ “აუფეთქა” – “მშია, მცივა, მეძინება – უკვე აღარ მეცინებაო”.

ისე, კარგი იყო მაინც:-) სულ მაინტერესებდა, ამ დრომდე როგორ ჩერდებიან ჟურნალისტები გაზეთში მეთქი. ჩვენ 8-9 საათზე ვამთავრებთ და იქ მერე იწყება “სიცოცხლე”.

 

“ექსმეექვსელი”

დღეს 24საათში ერთი ქალი გავიცანით.. ნუ, მაგას ადრეც ვიცნობდი სახელ-გვარით, მაგრამ სახეზე არ მახსოვდა.. ხოდა დღეს გამახსენდა, რომ თქვა ვინც იყო.. გუშინაც იყო შემოსული, ნოდარი იკითხა.. წყალი დალია ერთი-ორჯერ. გამძლეობას გისურვებთო და გავიდა..

დღესაც, როგორ ხართო.. ვუთხარით – კარგად თქო.. ეჰ, იმედია არ დაკარგავთ ენთუზიაზმსო და გავიდა. მერე ლეღვი მოგვიტანა. ფბ-ში გამარკვიეთო.. რაღაცები წაიჭორავა და ბოლოს ფუნდამენტკურთხეული მეექვსე კორპუსი გაიხსენა..

– რა ხდება იქო?

მაგდამ – რაც თქვენს დროს ხდებოდაო.

– მაშინ კარგი სიტუაცია ყოფილა, ჩემს დროს ძალიან მაგარი პონტები იყო. თქვენ ტელერადიო ხართ?

– არა, ჩვენ ყველაფერი ვართ მეთქი:-)

– ვაიმე, რა ცუდია, არ ჯობდა, ტელერადიო ყოფილიყავით?

– რატომ ჯობდა, ახლა ყველაფერი ვიცით, ვსწავლობთ  რადიოს კეთებასაც, ტელეს კეთებასაც , ჟურნალის და გაზეთის წარმოებასაც, ვისწავლეთ ინტერნეტისთვის წერაც..

– არა, ტელერადიო მაინც სულ სხვაა.. ჩვენ იმხელა კვალიფიკაცია მივიღეეთ..

მეც ახლა რას გავუშვებდი მომენტს, ჩვენი გაკეთებული ოთხი რადიოგადაცემა და ერთი თექვსმეტსაათიანი რომ არ შემეკვეტებინა სადმე:-)

“რას ლაპარაკობთ, რაც ჩვენ რადიოში ვისწავლეთ, რომელ ნამდვილ რადიოში ვისწავლიდით, გვაჯობოს ნებისმიერმა პირმა რადიოში, თუნდაც პროდიუსინგის, მენეჯმენტის, კორესპონდენტის თუ ოპერატორის მხრივ მეთქი…

– მერე სად არის დასაქმებაო. აი ტელევიზია..

– გაზეთებიც გამოვუშვით, ტელესიუჟეტები კეთდება, ჟურნალს აკეთებდნენ.

– არა, არა, გაზეთი და ჟურნალი რაა, ტელერადიოა კარგი, პრესა საზიზღრობაა..

– რომ არ არის მაგდენი ტელევიზია?

მერე გაიხსენა თავისი ლექტორები – იბერი, ტაბიძე.. შემოქმედებითი ტურები არ გაქვთ გამოცდაზეო?

– რა, თამარ მეფესთან ინტერვიუ მეთქი?

დანანებით გაიხსენა, ტაბიძე როგორ გამოცდებს აწყობდა – იქ მხოლოდ ღირსეული, მოწოდებით ჟურნალისტები სწავლობდნენო:-) აბა, ეს უნარები თუ რაღაც რომ მოიგონეს, აბა ეს არის, ვინები შედიან უნივერსიტეტშიო..

მერე, დედა რას ქვია ტელეწამყვანის ოსტატობა გააუქმეს, აბა რა უნდა ასწავლონ სხვაო:-)

ჩართოლანმა ტელევიზიის რა იცის, ქორიძე ბეჭდურს რატომ უნდა ასწავლიდეს, მთელი ცხოვრება ტელევიზიაში გაატარაო..

დაასკვნა – ტაბიძის წასვლით დაღუპულა ქართული ჟურნალისტიკაო:-)

ჰოოო…

 
8 Comments

Posted by on სექტემბერი 10, 2009 დუიმი 24 საათი, ჟურნალისტიკა

 

პირველი დღე

ნუ, წინა პოსტში მომავალ გეგმებზე მეწერა, ანუ ორშაბათს უნდა დაგვეწყო, მაგრამ “საორგანიზაციო საკითხების გამო” (ეს ფრაზა ძალიან უყვართ “24საათში“:-) მხოლოდ დღეს მოვახერხეთ “ჩვენს ოთახში” შესვლა:-)
აგვიწყვეს ორი კომპი, დაგვპირდნენ მესამეც იქნებაო. გაგვაფრთხილეს – ნოდარის მაგიდას არ მიეკაროთო:-)
ნოდარი – ეს ყოფილა ყველაფრის მნახველი ახალგაზრდა, უცოლო კაცი:-) ნიუ იორკ ტაიმსის რედაქტორი.. ხოდა, ამ ოთახში “ცხოვრობს”.. ახლა შევუსახლდით ჩვენც.. თავად არ მოსულა დღეს, მაგრამ მოვაო:-)
მაგიდაზე ისეთი კარგი “საფერავი” ედო, ღვინო რომ არ გიყვარდეს (საკუთარ მაგალითზე ვამბობ) მაინც მოგანდომებდა:-)
გარდა ამისა, მაგიდაზე ედო სიგარეტის ნამწვავებით სავსე საფერფლე. ბავშვებმა გამოთქვეს პროტესტი – დედა, აქ რო სიგარეტი მოწიონო:-) (ამათ არ უნახავთ, ადრე რა ხდებოდა, ოთახში მცხოვრებნი კი არა, ყველას ვისაც მოწევა უნდებოდა, იქ შემოდიოდნენ – ეს ჩვენი სამზარეულო იყოვო:-)
და მშვენიერი განცხადებაც გაიკრა კარზე:

DSC01516

მე და მაგდამ მოვიკალათეთ კომპებთან და “შევუდექით საქმეს”, მაინცდამაინც ვერც მივხვდით, რა უნდა გაგვეკეთებინა. მივადექით საგენტოებს და კარგად “გავაშალაშინეთ” მათი ნიუსები:-) პარალელურად თაზოს პოსტს ვკითხულობდ-განვიხილავდით:-)

DSC01503

ამასობაში, ნინომ – მე აქ გავჩერდებიო? უნდა დავალაგოვო, რას ქვიაო და 15წუთში იქოურობას სულ ზიპინი გაადენინა:-) დაწმინდა კარადები, მაგიდები, კლავიატურები, რაფები, ერთი კედლები არ დაუხეხავს , თორე:-) მერე გავიდა გარეთ და ცოცხი მინდაო – მოითხოვა:-) მაგრამ ჩაუვარდა კოვზი ნაცარში – დამლაგებელს ჰქონდა წაღებული:-) ვეუბნეოდით – თუ ხელფასი არ მოგვცეს, შენ მაინც უნდა გადაგიხადონ დალაგების ფული თქო:-)))

nino

ხელებიდან ცეცხლი გასდის:-)))

DSC01509

ნინოს დარეცხილი ჭურჭელი:)))

გამოხდა ხანი და ლალიმ და ნინომაც განიცადეს კომპთან ჯდომის სიხარული:-)

n da l

მაგრამ “იმ საქმის” (რომელი ხვალ სხვანაირად უნდა გავაკეთოთ) გაკეთების და შინ წამოსვლის შემდეგაც ისეთივე გაურკვევლები ვართ – რა ხდება ჩვენს თავს, როგორც ერთი კვირის წინ:-)

მე საერთოდ გაურკვევლად ვარ, რადგან რაღაც სოციალურ რედაქციაშიც ვარ და მით უფრო სწავლის დაწყების მერე ვერ შევაTავსებ ამდენს ერთმანეთთან, არადა პაატა ვეშაპიძე ამბობს – ერთი მეორეს ხელს არ უშლისო.. თუმცა, დღეს სოფო თოდუამ მითხრა კიდეც – ამდენ რამეს როგორ აპირებ ერთიო..

არ ვიცი, რა ვიცი…

 
16 Comments

Posted by on სექტემბერი 9, 2009 დუიმი 24 საათი, ჟურნალისტიკა

 

ტეგები: , , , , , , , ,

რა ხდება ახალ სეზონში

მოვიდა სექტემბერიც.. ეს უკვე ოთხი დღეა , მაგრამ ახალი სეზონიც რომ მოვიდა, ამაზე არ მიფიქრია:-)
დადგა ახალი სეზონი და რა ხდება ჩემს ცხოვრებაში..

პირველი ის, რომ გუშინ რადიო “მწვანე ტალღა” დავტოვე.. დავტოვე რა, სამი კვირა ვიყავი იქ.. ცოტა გული დამწყდა. საერთოდ შეჩვევა ვიცი ხოლმე ძალიან. თან მაინც რადიო იყო, სტუდია და “აუდიშენი” კი ჩემი სუსტი წერტილია:-) (მართალია, გუშინ ჩემს ჯგუფელს პროგრამა გამოვაგზავნინე და მეღირსება ალბათ სახლში audition, მაგრამ მაინც:-)
თან კარგი ხალხიც იყო , განსაკუთრებით მედეა იმერლიშვილი , რომელმაც მიმიწვია რადიოში (ჩემი რადიოს ნოსტალგიით გაჟღენთილი ნაწერები წაუკითხავს და:-) ძალიან საყვარელი ადამიანია:-)
ჰო, იქიდან წამოსულს ერთი რამ მაქვს “შესასრულებელი” – მეტყველება უნდა გამოვასწორო და “ლ” აღარ დავარბილო.. ამის ვარჯიშს კი ნამდვილად არ შევწყვეტ:-)
რადიო რთული შესათავსებელი იქნებოდა სწავლასთან..
თან, “24საათის” შეწყვეტილი პროექტი აღდგა, დაფინანსება მიიღო და საინფორმაციო სააგენტო ჩამოყალიბდება..
ორშაბათს იწყება “წინასააგენტო” სამუშაოები ანუ თავდაპირველად ნიუსები უნდა გავარედაქტიროთ, შევკრათ, უფრო სრული სახე უნდა მივცეთ, ვიდრე არის. უფრო გადამოწმებული სახით უნდა ავტვირთოთ საიტზე.. მერე ამას თარგმნიან. მსოფლიოს 80ქვეყნის სერიოზული გამოცემების გვერდებზე დაიდება ამ საიტის ლინკი და დაეყრდნობიან “24საათის” ინფორმაციას. აიტვირთება ვიდეოებო, ფოტოები, ინტეგრირებული იქნება ბლოგებთან და მთელი “ინტერნეტობანაა” რა:-) ინტერნეტი კი ამ ბოლო პერიოდში ძალიან შემიყვარდა:-) 4-6 კაცი ვიქნებით, სტუდენტები ვართ ყველა.

ასევე გუშინ პაატა ვეშაპიძემ მითხრა – მინირედაქციის ჩამოყალიბება გვინდა საგამოძიებო ჟურნალისტიკის მხრივ.. საგამოძიებოც არ იქნება, უფრო საქმის ბოლომდე გაგება, მაგალითად , გარემონტდა მეტროს ვაგონები, მაგრამ, ბოლომდე არ გარემონტდა, ამას რომ მივყვეთ ბოლომდეო.
მამუკა ფაჩუაშვილმა – პარალელურად ამაზეც რომ იმუშაოვო..
ამაზე, ალბათ, მომიწევს უარის თქმა, რადგან სწავლასთან ორი საქმის ერთდროულად შეთავსება გამიჭირდება. თან, თსუ-ს წყალობით ისეთი საყვარელი ცხრილი მაქვს.. არც კი ვიცი, რა უნდა ავირჩიო , უფრო ზუსტად, კი მაქვს არჩეული, მაგრამ შესაძლოა გადარჩევამ მომიწიოს.
მოკლედ:
სამაუწყებლო მედია (ტელე) – გოგა ჩართოლანი.
საპრეზენტაციო უნარები და კომპიუტერული პროგრამები -ხიზანიშვილი..
ანალიზი და თვალსაზრისი – ია ანთაძე.
მედიის კვლევის მეთოდები – ნინო ჟიჟილაშვილი.
სამოქალაქო საზოგადოება, შედარებითი ანალიზი
– მ.მუსხელიშვილი (რომელსაც გადავირჩევ ალბათ და ავირჩევ ბელქანიას ან ვინმეს:)
და იაპონური ენა, რომლის არც დრო ვიცი , არც ლექტორი,. არც ის, კვირაში რამდენი საათი მოდის დატვირთვა.. თუ ბევრი იყო, ცხადია ვერ მოვახერხებ და რამე სხვა უნდა ავირჩიო. არადა, იქნებ იაპონური მაინც მესწავლა ცოტა. წერა-კითხვა მაინც:-)
ამ საგნებიდან, საპრეზენტაციო უნარებსა და კომპიუტერული პროგრამებზე,
ანალიზსა და თვალსაზრისზე და
მედიის კვლევის მეთოდებზე მეუბნებიან – მეოთხეკურსელების არ არის და თათიამ თქვა – ამოვუშლიო. უაზროდ შედგენილი პროგრამის გამო (პროგრამა არის დათო პაიჭაძის პროგრამის სრული “ანტიპოდი” (ანუ ყველაფერი არის პირიქით) და მასთან ჯიბრის გამო, ახლა ჩვენ ვზარალდებით) მეოთხეკურსელების ცხრილის საგნები ყველა მეოთხეკურსელს გავლილი აქვს. რაც არ გვაქვს და რაღაც უაზრო წინააპირობებით არის “აღსავსე”.

ხოდა ასე.. არ ვიცი რა და როგორ იქნება ან თსუ-ში და ან “იქ”. ის საგამოძიებოს მხრივ საინტერესო კი ჩანს, მაგრამ ალბათ დრო არ მეყოფა..
აუ, ბლოგის დიზაინის შეცვლა მინდა და ვერ ვბედავ:-)
წუხელ დამესიზმრა – შევცვალე, ისეთი კარგი დიზაინი იყო:-) მაგრამ აქ ვერ ვპოულობ:-)

 
6 Comments

Posted by on სექტემბერი 5, 2009 დუიმი 24 საათი, ჟურნალისტიკა

 

ტეგები: , , , , , , , ,

კიდევ ერთი

(ეჰ, ეს პოსტი კაი ხნის წინ უნდა ატვირთულიყო, მაგრამ უინტერნეტობა რას არ გიზამს).
რამდენიმე “პოსტის წინ” გაზეთ “24საათის” რედაქციაზე დავწერე, ახლაც იგივეს ვაკეთებ, ოღონდ ახლა იმ მეორე შანსზე მინდა დაპოსტვა, რაზეც იქ ვწერდი.
ოთხშაბათ საღამოს გვიანობამდე შემოვრჩით უნივერსიტეტის დარბაზში, იმდენად გვიანობამდე, რომ გასასვლელი კარი დაკეტილიც კი დაგვხვდა.. ბავშვები სადიპლომოზე ლაპარაკობდნენ, მე ერთადერთი ვიყავი, რომელსაც ჯერ ეს პრობლემა არ მაწუხებს, არადა როგორ მინდა მაწუხებდეს და ვამთავრებდე წელს..
ხოდა ტელეფონით დავძვრებოდი ინტერნეტში.. ორივე ყაჰოო შევამოწმე, ფაცებოოკ –იდან იყო რამდენიმე კომენტარი, რომელიც, რა თქმა უნდა ქართული შრიფტით იყო და ტელეფონმა ვერ წაიკითხა. ხოდა, შემთხვევით შევამოწმე გმაილ – ც. .. პაატა ვეშაპიძის მაილი დამხვდა – “ნომერი ვერ ვიპოვე შენი და მომწერე, სალაპარაკო მაქვსო”..
სიმართლეს ვიტყვი –  ძალიან გავოცდი.. სასწრაფოდ გადავამოწმე მისამართი, ვინმე ხომ არ “მეკაიფება” მეთქი, მაგრამ ნამდვილად ის მეილი იყო, რაზეც ვეკონტაქტებოდი ხოლმე..
დავრეკე მაშინვე – საქმე მაქვს და ხვალ გამოიარეო..
ხოდა გავიარე..
მითხრა – სოციალურ თემებზე გვინდა მუშაობა, მხოლოდ ერთი ჟურნალისტი გვყავს და არ გვყოფნის და მინდა რომ შენც იყო, ოღონდ ისე, რომ ხელი არ შეგეშალოს სწავლაშიო..
უნდა შევხვდე სოფო თოდუას – იმ ჟურნალისტს, რომელიც სოციალურ თემებზე მუშაობს და..
ცოოოტა რადიოს გამოცდა მაწევს გულზე ლოდად, რადგან ძალიან აქტიურ მონაწილეობას ვაპირებ და მას შემდეგ რაც გადაცემას (ისეთს, როგორიც  მინდა) მოვამზადებთ და “ჩავაბარებთ პატრონს” , მერეღა შევძლებ სრულფასოვნად, “ნერვიულობების” გარეშე მუშაობას..
გამიხარდა იმ მხრივაც, რომ ისევ ამ რადიოს გადამკიდე იმდენად მივეჩვიე აქტიურ ცხოვრებას, (ელემენტარული, შაბათ-კვირასაც კი დილის 7-ზე მეღვიძება), რაღაცის მუდმივად კეთებას, მუდმივ დაკავებულობას, რომ რადიოს დასრულების შემდეგ მართლა ძალიან გამიჭირდებოდა უსაქმურობა.. უნივერსიტეტში ვიცი, რომ ვერაფერს განსაკუთრებულს ვეღარ ვისწავლი, ერთი – ორი საინტერესო საგანის არჩევაღა შეიძლება საინტერესო ლექტორების გამო და ესაა.
ასე რომ, შეიძლება აქტიური ჩართვა სოციალურ ჟურნალისტიკაში.
კაააია რა:-)

 
2 Comments

Posted by on ივნისი 10, 2009 დუიმი 24 საათი, მე:-)

 

უცაბედი ნოსტალგია:-)

3რაღაც სტატიებს ვკითხულობდი და პაატა ვეშაპიძის სურათი გამოჩნდა ერთგან, ხოდა უცებ მივხვდი, როგორ მომენატრა ეს ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი(ერთხელ ვნახე მხოლოდ გაბრაზებული, მგონი, იმის მერე აღარც მინახავს).

მივხვდი, როგორ მომნატრებია 24საათის რედაქცია, როგორ მომნატრებია ის ოთახი, სადაც ჩვენ ვიყავით ხოლმე.. სპორტის ჟურნალისტების სამზარეულო:-) ისიც მომნატრებია, ყოველ საღამოს 67 ნომერ ავტობუსს რომ ველოდი ხოლმე.. კარგი იყო.. მაგრამ იმ პერიოდზე მეტად, როცა უკვე თანამშრომლები ვიყავით, გამოსაცდელი პერიოდი მახსენდება კარგად. უცხო გარემო, ახალი ბავშვები.. ორი ჩემი ჯგუფელი იყვნენ, ორი წელი ჯგუფელები ვიყავით, მაგრამ გამარჯობის დონეზეც არ ვიცნობდით ერთმანეთს.. 24-მა საათმა დაგვაახლოვა:-) გამოსაცდელ პერიოდში ასეთი პირობა გვქონდა, ერთი ნიუსი ანონსებიდან +საკუთარი ინფოები.. საღამოობით რომ შევხვდებოდით ერთმანეთს, პაატას და სოფოს მოსვლამდე ერთმანეთის ინფოს გამოვიკითხავდით ხოლმე, იმ დღის გაზეთს ვათვალიერებდით – “აუ, ნახე ჩემი დაიბეჭდა, ნახე, ნახე ჩემიც არის, თან თითქმის არც შეუცვლიათ. შენი დაიბეჭდა? არა, მე არც მქონდა არფერი მოტანილი და ა.შ.

24-hours-logo

რაღაც თბილად და მყუდროდ ვგრძნობდი ხოლმე თავს იმ კაბინეტში, სადაც მუდამ საშინელი სიცხე იყო (თუმცა მერე ნიუსრუმში ისე ციოდა, გვენატრებოდა ხოლმე). ბატონი პაატა თავისი განუყრელი ჩიბუხით და ქალბატონი სოფო (სულ გვეუბნებოდა – მე ქალბატონი სოფო არ ვარ, სოფო ვარო” – ამობეჭდილი ანონსებით.. ისე, პირველად რომ ვნახეთ სოფო, ცოტა შეგვეშინდა მგონი ყველას.. ‘საშიში ქალი” გვეგონა, მაგრამ ორიოდ დღეში დავრწმუნდით საკუთარ სიმცდარეში:-) მერე გავიდა ის ორი კვირა.. ექვსნი დაგვტოვეს, სამი გაუშვეს.. ოთახში შეგვიყვანეს- ეს იქნება თქვენი ნიუს რუმიო.. ამ ოთახის ყოფილი მეპატრონეები მთლად კარგად არ დაგვხვედრიან, მაგრამ მალევე ‘დავიკიდეთ”. ერთ ტიპს კარზე სულ ყური ჰქონდა რატომღაც მოდებული, რამდენჯერმე გამოვიჭირეთ და “რესკად” გავაღეთ კარი, ინერციისგან ლამის თავით ძირს წავიდა. კიდევ, გაგიგონიათ ვინმეს ზამთარში ხუთ წუთში ორჯერ წყლის დალევა? ერთი შემოდიოდა და სულ წყალს სვამდა. დალიოს რაა;-) მერე შემოვიდოდნენ და დაიწყებდნენ – აუ, ესენი სტაჟიორები არიან ხომ? – არა, სტაჟიორები არ ვართ. – რა, აბა ხელფასი უნდა მოგცენ? – რატომაც არა? რავიცი, რავიცი.. “სტუდენტი სტაჟორების ოთახი” – შეარქვეს ყოფილ და ახლანდელ სამზარეულოს.. არვიცი, კონკურენციის ეშინოდათ თუ (არადა, სულ სხვა პროექტისთვის ვიყავით იქ) რა იყო, ცდილობდნენ რომ ხელი შეეშალათ. მაგალითად, მიხვალ და კომპს მაუსი აღარ აქვს ან ყველა ქსელიდან გათიშულია, ან კაბელები ისეა ახლართული რომ იმის გახსნას და კომპის ჩართვას მთელი ფილოსოფია ჭირდება.. რავიცი, რავიცი.. პირველი და ჯერჯერობით ბოლო ხელფასი რომ ავიღე ჭკუაზე არ ვიყავი, რაღაც კარგად დაიხარჯა:-) იქ ყოფნის მანძილზე რაღაც პრობლემებიც იყო, მაგ. ჩვენს უფროსად დანიშნული გოგო შემოვიდოდა და გვეტყოდა – სოფო ძალიან უკმაყოფილოა თქვენი მუშაობით, განს.თამუნასი და შენი, მარი.. ეს რამდენჯერმე განმეორდა.. ერთი პერიოდი ვფიქრობდი – თუ არ მოვწონვარ, სანამ გავუგდივარ ვინმეს, არ ჯობს საკუთარი ფეხით წავიდე მეთქი? 🙂 მაგრამ გაგრძელება მაინტერესებდა. ძალიან დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა ბოლო შეხვედრაზე პაატა ვეშაპიძის სიტყვები , როცა მთელი ჯგუფიდან ერთ – ერთ საუკეთესოდ დამასახელა:-) და სოფოს ნათქვამიც – შენი და თაკოს უკმაყოფილო არასდროს ვყოფილვარ, თქვენთან პრეტენზია არ მქონიაო.. მაშინვე გამახსენდა სიტყვები – “სოფო ძალიან უკმაყოფილოა თქვენი მუშაობით, განსაკუთრებით თამუნასი და შენი, მარი”.. 2 აპრილს გავიგეთ, რომ პროექტი შეწყდა თუ გადაიდო.. მე და თაკოს გვითხრა სოფომ – დაწერეთ ხოლმე რაღაცები და გაზეთისთვის იმუშავეთო. ვერ გავწვდით თუ რაღაც მასეთი – რომ არ ვიცოდით, ზუსტად რა უნდა გავეკეთებინა, შევჩერდით.. თან, უნივერსიტეტმა და იქაურმა დაკავებულმა რეჟიმმა ითამაშა ძალიან დიდი როლი.. არაუშავს, იმედია შანსი კიდევ გვექნება:-) მახსოვს, გამოსაცდელად რომ აგვიყვანა, პაატამ გვითხრა – გამოსაცდელი ვადა რომც ვერ გაიაროთ, ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენ შანსი აღარ გექნებათ, არამარტო სხვაგან, არამედ ამავე გაზეთშიცო.. ჟურნალისტური ცხოვრება წინ არის:-):-)

 
დატოვე კომენტარი

Posted by on მაისი 20, 2009 დუიმი 24 საათი, მე:-)