RSS

Tag Archives: ბიოლოგი

ლევან ბუთხუზი – “აფრიკის შვილობილი”

ველური ბუნების მოყვარული, დახვეწილი იუმორის პატრონი, ენერგიული და  კონტაქტური… თითქმის ყველა თემაზე  შეუძლია ლაპარაკი. შეუძლია და უყვარს კიდეც. ამიტომ ხუმრობით  მეგობრები „ლოგონევროზიანსაც“ ეძახიან. ამბობენ, რომ ზოგჯერ მისი გაჩერებაც კი ჭირს. თუმცა, თხრობის დიდებული მანერისა და მრავალფეროვანი ისტორიების გამო, გაჩერების სურვილი არც უჩნდებათ.

ლაპარაკი ბავშვობაშიც უყვარდა. ადრეც დაიწყო. როგორც დედა ამბობს, უპრობლემო ბავშვი იყო და ეს დიდობამდე გამოჰყვა. ეგ არის, სკოლაში ცელქობდა. დამრიგებელი ჯავრდებოდა, მიცვალებულს რომ დაუსვა, აალაპარაკებსო.

მგელთან ერთად - ფეისბუქის პროფაილის ფოტო.

მგელთან ერთად. ფეისბუქ პროფაილის ფოტო.

ჩემი პორტრეტის გმირი ლევან ბუთხუზია, პროფესიით ბიოლოგი. სახასიათო იმიჯი აქვს: ბლანჟე და გადაპარსული თავი, წლებია, მისი განუყოფელი ნაწილია. 41 წლის გახლავთ. ძაღლთან – ბელონასთან – ერთად ცხოვრობს, დროდადრო დედას სტუმრობს  ვერაზე და დღეებს მასთან ატარებს. მუშაობს სახეობათა კონსერვაციის ცენტრ ”ნაკრესში“, რომლის ერთ-ერთი დამაფუძნებელიც თავად არის. ბედნიერია იმ გუნდით, ვისთანაც მუშაობს.  კარგი ატმოსფეროს შექმნა უყვარს და ადამიანებთან ურთიერთობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

„ნაკრესი“, პროექტები, დონორების მოზიდვა, ”ფეისბუქი”,  კვირაში ერთხელ სატელევიზიო გადაცემა, საღამოს მეგობრებთან ერთად რომელიმე ბარი ან რესტორანი – ეს მისი ყოველდღიურობაა.

ლევანს დედა ნაკლად უთვლის იმას, რომ დაოჯახების სურვილი არ აქვს. თუმცა, ამას მისი  თავისუფლების სიყვარულით ხსნის.

„არ უყვარს ჩარჩოებში ყოფნა. თავისუფლებაზე გიჟდება. როცა უნდა მიდის-მოდის, მეუღლე რომ ჰყავდეს, დილის 4-5 საათზე მომსვლელი ქმარი არავის უყვარს. დადის და დროს ატარებს,“ – ამბობს ქალბატონი გიული.

არატიპურ ქართველ კაცად ახასიათებენ და ამბობენ, რომ მისი აზროვნება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებში ჯდება. მეგობრების თქმით, ლევანს მიაჩნია, რომ ყველას თავისი წარსული აქვს. შესაბამისად, ქალსაც უნდა ჰქონდეს წარსული და გამოცდილება. თუმცა, ამას ისე არ ამბობს, რომ ვინმემ თავი შეურაცხყოფილად იგრძნოს.

შრომისმოყვარეობას უქებენ. პასუხისმგებლობასაც. იმასაც, რომ დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს. რაც მთავარია, ერთი საქმის გასაკეთებლად, არასოდეს აფუჭებს მეორეს.

„ვთქვათ, გაკვეთილები არ ჰქონდა ნასწავლი და  უნდა წასულიყო დაბადების დღეზე. აუცილებლად წავიდოდა, მაგრამ შინ დაბრუნებული  თავის საქმეს გააკეთებდა, სულ რომ დილამდე მჯდარიყო,“ – ამბობს დედამისი.

ნაცნობებს არ ახსოვთ, რომ ლევანს დანაპირები არ შეესრულებინოს, თუმცა, საქმის ბოლო წუთისთვის მოტოვებაც არ ყოფილა მისთვის უცხო.

საკურსოს აგვიანებდა და სულ ვეკითხებოდი – როდის გააკეთებ-მეთქი.  პასუხი იყო – დღეს-ხვალ. ბოლოს გავბრაზდი და გადავწყვიტე, საერთოდ აღარ მეკითხა.  საბოლოო ჯამში, გააკეთა ძალიან ნორმალური, ოღონდ, ბოლო წუთებში, – ეს ლევანის ყოფილი ლექტორის, ნათია კოპალიანის სიტყვებია.

კაცთმოყვარეობას,  სიკეთესა და ხელგაშლილობას უწონებენ. ამას  მრავალი მაგალითითაც  ამყარებენ. თავად არ უყვარს საკუთარ სიკეთეებზე ლაპარაკი და არც ლაპარაკობს. სხვისგან თუ გაიგებ შემთხვევით.

„ზოგი ხომ დაიწუწუნებს, იმან  ეს მთხოვა, ის მთხოვაო… ლევანისგან მასეთს ვერ მოისმენ. გეგონება, კაციშვილი არაფერს სთხოვს ან არავის ეხმარება.  მერე სხვისგან ვიგებთ – ლევანმა ეს გამიკეთა, ლევანმა  ის გააკეთა…“ – ამბობს მისი მეგობარი ნინო ქურიძე.

ჯაბა გერსამიამ ლევანთან ერთად სამი დღე გაატარა – როცა იგი ლექციას კითხულობდა ზუგდიდში.  სწორედ იქ ნახეს ჯაბას ნაცნობი, რომელსაც  მძიმე დაავადება – თავის სიმსივნე აქვს. სოციალურად დაუცველისთვის დაზღვევა  შეუჩერებიათ.  ლევანმა ჯაბას უთხრა, რომ   ფინანსურად დახმარება შეეძლო,  თუმცა, კატეგორიულად მოითხოვა, რომ  მისი სახელი არ გამოჩენილიყო.

„ფულს დაგიტოვებ და თბილისში რომ წავალ, მაშინ გადაეციო. ვერ დავითანხმე, რომ ერთად მივსულიყავით. ჩემი მიღწევა ის იყო, რომ თავად დაიმალა და მე მივუტანე იმ კაცს ფული.  არასოდეს დამავიწყდება, ბანკნოტსა და ჩემს თითებს ერთად როგორ მოუჭირა ხელი… ორი თუ სამი თვის წინ დამირეკა იმ ბიჭმა და მეგრულად მკითხა, ის ღვთიური კაცი როგორ არისო?“ – ყვება ჯაბა.

მას ახასიათებენ, როგორც ემოციურ, თუმცა, არაკონფლიქტურ ადამიანს. დიპლომატობას უქებენ. ამბობენ, რომ თავშეკავებულია და მისი გაბრაზება ადვილი არ არის. როგორც კარგ მენეჯერს, შეუძლია მარტივად დაალაგოს არეული სიტუაცია. გაგა გობრონიძე, მისი მამიდაშვილი, ამბობს, რომ ლევანის გაბრაზება საზარელი საყურებელია, თავად, ამის მნახველი, შეშინებულა კიდეც.

სხვა  სულ  რომ ღრიალებს, შეჩვეული ხარ. მშვიდი ლევანისგან კი  მოულოდნელია.  კორექტულად ლაპარაკობს, მაგრამ მკაცრი ტონი. პასუხისმგებლიანი და შრომისმოყვარე  – სხვებისგან საწინააღმდეგო ქცევებს ვერ იტანს,“ – შენიშნავს გაგა.

დედას სულ ორჯერ ახსოვს ძალიან გაბრაზებული ლევანი და ამბობს, რომ ასეთ დროს ერიდება კიდეც მას. ქალბატონი გიული იხსენებს, თავიანთ ახლობელთან როგორ მოიხსენია მცირედ ხელაკვრით  ამავე ახლობლის ძმა. თან, ამ ქალბატონს სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა და ტრავმაგადატანილი იყო.

„იქ არაფერი მითხრა, შინ კი, კატეგორიულად და ხმამაღლა გამომიცხადა – ძალიან გთხოვ, ამ გაუბედურებულ ქალთან მის ძმაზე აუგს ნუღარ იტყვი, უყვარს  ის  და თუ არ შემოგეპასუხა, არ ნიშნავს, რომ  გულში ხინჯად არ დარჩაო. მე მივხვდი, რომ ლევანი მართალი იყო და მოვიბოდიშე,“ – დასძენს  დედა.

განიცდის მისდამი უსამართლო დამოკიდებულებას და მოტყუებას.  მაგრამ  როგორც გარშემომყოფები ამბობენ, გულში არ იხვევს,  ამაზე ლაპარაკი უნდა, თუ არ თანხმდები,  წერილს მოგწერს და  ბოლომდე გაარჩევს საკითხს. პრობლემას არ ტოვებს. უკირკიტებს, რომ  როგორმე გადაწყდეს და პოულობს კიდეც გამოსავალს. მიიჩნევს, რომ ქრონიკული პრობლემა მდორედ მიდის, ამიტომ, მედიცინასა და ბიოლოგიაში გავრცელებული მეთოდის მსგავსად, მწვავე მოქმედებაში გადაჰყავს,  რომ მკურნალობას დაუქვემდებაროს.

”ბავშვობიდან ნიჭიერი” – ასე ახასიათებენ ნაცნობები. ლევანის ბავშვობის ახლობელი, ნენე კვინიკაძე ჰყვება ამბებს, რომლებიც, თავისივე შეფასებით, მითებს ჰგავს.

„ხუმრობასავით დადიოდა, რომ  წლინახევრის ლევანი „მერანს“ თავიდან ბოლომდე გამოთქმით, ძალიან სერიოზულად  ამბობდა. მამიდაჩემი იხსენებდა, პეტერბურგში,   ერმიტაჟში რომ შევიდნენ,  3 წლის ლევანმა კატალოგებიდან თეორიულად იცოდა, რომელ ოთახში რა იყო და ეს ბავშვი მიუძღვოდა ამხელა ქალებს გიდივით. თავად ძალიან არ უყვარს, ასეთ რაღაცებს რომ ვიხსენებთ ხოლმე, მაგრამ  ეს  დადასტურებული ფაქტი იყო,“ – ამბობს ნენე.

„ბუასი“ და „გუდიანი კაცის“, სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, არ ეშინოდა. აი, მამამისის დახატული მიკი-მაუსისა – კი. მამის შექმნილ პასტერნაკის პორტრეტისაც. სწორედ მათი მუქარით აჭმევდნენ საჭმელს.

ბავშვობიდან ზოოლოგობას აპირებდა,  მე-9 კლასში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლა გადაწყვიტა. ვერ ჩააბარა, ოცნების პროფესიას დაუბრუნდა და დაეუფლა კიდეც. მის მამიდაშვილს  კი ეგონა, რომ თეატრალურში ჩააბარებდა, რადგან  მიბაძვის ნიჭი ჰქონდა, ყველაფერს აჯავრებდა, ხმასა და მიმიკებს იცვლიდა. ეს უკანასკნელი ახლაც გამოჰყვა.

რასაც იტყვის, აუცილებლად ასრულებს. მაგალითად, კენიაში არ შეუშვეს –  საქართველო არასტაბილურ ქვეყანათა სიაში გვყავსო. სხვა გზებით, სხვა ქვეყნებით შეეცადა, ბრიტანეთის საელჩო დაიხმარა ვიზების აღებაში და მაინც წავიდა. ფიქრობს, რომ ყველაფერი ადამიანის ხელშია და მიუღწეველი არაფერია.

კოორდინაცია შენს ხელთაა, გააჩნია, რა გინდა. თუ 60 მილიონი ადამიანის ამოწყვეტა გსურს, მიაღწევ. ვიღაც ამერიკელს კოსმოსში გაფრენა უნდოდა.  არ ყოფილა კოსმონავტი. გადაიხადა 20 მილიონი და გაფრინდა. რეალურად შესაძლებელი ყოფილა. ის მილიონერი იმიტომ გახდა, რომ გაფრენილიყო. ბლოკს აქვს ფრაზა – “თუ რაღაც გინდა, აუცილებლად ახდება”.  თუ არ ასრულდა, დიდი სურვილი არ გქონია, თუ სხვა რამ აგისრულდა, იმედგაცრუება მხოლოდ მოჩვენებითია, რადგან ასრულდა სწორედ ის, რაც გინდოდა“, – ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში.

ლევანის ოპტიმიზმზე ოჯახის წევრებიც საუბრობენ.  უფასებენ, რომ არასოდეს ეშინია და  სულ წინ იყურება.

გვქონია მატერიალური სიდუხჭირეც, თუმცა სულ მეუბნებოდა,  ნუ გეშინია, მე დამატებით ვიმუშავებ, თარგმანებს შევასრულებ და არ გაგვიჭირდებაო. მართლა ასე იყო, ათენებდა ღამეს და რაღაცებს აკეთებდა. შრომის უნარი აქვს ძალიან დიდი, ზარმაცი არ არის,“ – ესეც დედამისის სიტყვებია. თან წუხს, რომ ქება გამოსდის; ლევანი შავ დღეს დამაყრისო, ხუმრობს და შვილის უარყოფით თვისებებსაც ეძებს. პოულობს კიდეც: სიჯიუტე. მაგალითად, რომ სთხოვო, ტელეფონი  აქეთ გადამიდგიო, თუ არ სურს ამის გაკეთება, დაგისაბუთებს კიდეც, რატომ არ სურს და არაფრით არ გააკეთებს. დედა ამას  მთიულის ხასიათსაც აბრალებს.  უწესრიგობასაც უწუნებს –  სადაც დებს, ყველაფერს იქვე ტოვებსო. ამას ლევანიც აღიარებს და, ამ მხრივ, თავს მოუწესრიგებელ კაცად მიიჩნევს. ნივთებთან  ისედაც საკრალური ურთიერთობა აქვს. ბავშვობაში სჯეროდა, რომ ისინიც სულიერები იყვნენ და უჭირდა მათი  გადაყრა.

სათამაშოებიდან დაწყებული, დაძონძილი  მაისურით დამთავრებული, მიჭირდა შელევა და მუდამ ჩხუბი მქონდა სახლში. ეს ჩვევა შემრჩა და ახლაც, ამ ოთახშიც იმდენ უაზრო ნივთს იპოვი, რომელსაც არც ესთეტური დატვირთვა არ აქვს და არც შინაარსობრივი,”  – იცინის და მაგიდას ათვალიერებს, ქაღალდების შეკვრას იღებს და ხსნის.

–         აი, ამერიკიდან ჩამოვედი ცოტა ხნის წინ და ეს არის  ჩემი საჭმლის ჩეკები, რომელიც არაფერში არ მჭირდება.  უამრავი სავიზიტო ბარათი ისეთი ადამიანებისა, რომლებიც არც ვიცი, ვინ არიან. აი, ბილეთები, რა ქვეყნისაა, არ ვიცი და როდინდელია, არ ვიცი. ყველაფერი ქაოტურად ყრია.

ლევანი კონვერტს ხსნის და იქვე „იგებს“, რომ 2009 წელს 15-დან 29 სექტემბრამდე  სტრასბურგში ყოფილა. ტუმბოდან ”ნაკრესის” ლოგოიან მაისურს იღებს და იზომავს.

–         ათი წლის წინანდელი მაიკაა,  ფაქტობრივად, ძონძია, ყველა მეუბნება რომ გადააგდეო, მაგრამ იყოს რა.

არ უყვარს ფულის ხარჯვა ტანსაცმელში. „შოპინგს“ ვერ იტანს. ამბობს, რომ მეგობრები სულ ეჩხუბებიან – გარდერობი გამოცვალეო. თუ მათთან ერთად მიდის უცხოეთში, სწორედ ისინი ურჩევენ და აცმევენ, ისიც, დიდი ომის შემდეგ. სამაგიეროდ, სიამოვნებით ხარჯავს ქეიფებში, ოღონდ არა  ქართული გაგებით – რომ ოცი კაცი დაპატიჟოს. ძალიან უყვარს საზღვარგარეთ  სიარული და  ყოველთვის აგროვებს ფულს, რომ წელიწადში ერთხელ მაინც, რომელიმე  ქვეყანაში წავიდეს დასასვენებლად. სუვენირების ყიდვაც უყვარს და მას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ცდილობს,  ყველას რაღაც ჩამოუტანოს, რაც საბოლოო ჯამში, დიდ თანხას შეადგენს.

„ერთდოლარიანი ნივთიც რომ იყოს, ანიშნებს იმას, რომ 1000 კმ-ის იქით მე შენზე ვფიქრობდი. ერთია, როცა მეგობარს ეუბნები – გამახსენდი სადღაც, მაგრამ ეს ყალბი შეიძლება გახდეს თუ ამ გახსენებას რაღაც მატერიალური არ ახლავს,“ – მეუბნება ლევანი და თავის მაგიდაზე მიმოფანტულ ნივთებს მათვალიერებინებს.

ღორი, მისი საყვარელი ცხოველი; აუტიზმით დაავადებული ბავშვების მიძღვნილი სპილო; ხოჭოები პატარა ყუთში, რომელიც კობა კოსტავამ სახეობის გასარკვევად მიუტანა, მან კი სუვენირად დაიტოვა; ეგვიპტური მზის სიმბოლო და ეგვიპტურივე პერგამენტი; კალამი, რომლითაც მხოლოდ ხელს აწერს. კალამს გიშერი აქვს თავზე და მეგობარმა, რომელმაც აჩუქა,  უთხრა, რომ ეს ფინანსურ დოკუმენტებზე ხელის მოწერისას მნიშვნელოვანია.  ამბობს, რომ ეს არ აინტერესებს, მაგრამ მაინც „დარიგებისამებრ“ მოქმედებს; ჩინური ბურთებიც უწყვია, რომლებიც ისე უნდა ატრიალო ხელში, რომ ზარის ხმა არ ისმოდეს. როგორც ამბობს, კონცენტრაციას უწყობს ხელს, მაგრამ ნერვები არასდროს ჰყოფნის ამისთვის. ოთახში მაგიდის გარშემოც და შემოსასვლელის კედელზეც თაბახის ფურცლები აქვს გაკრული – ფრანგული ზმნები უწერია. ამბობს, რომ მე-3 ჯგუფის ზმნა  წესის მიხედვით არ იუღლება და სულ იზეპირებს.

მაგიდაზე 9×13-ზე დაბეჭდილი ძველი ფოტოებიც უდევს. 15-20 წლის წინანდელებიც და შედარებით ახლებიც – მეგობრებთან: გიგი თევზაძესთან, ირაკლი მაჭარაშვილთან, ბეჟან ლორთქიფანიძესთან, ლაშა ბაბუაძესთან ერთად გადაღებული.

– ეშ ნიკოლოჟია, ჩემი ნათლული, შაყვარელი – იჩლიქავს ენას და ღიმილით დაჰყურებს ბავშვის ფოტოს.

კარადის თავზე პლუშის ლეოპარდი აქვს შემოდებული. კოლექცია ჰქონდა, თუმცა, ერთი სათამაშოღა შემორჩა. ბავშვები რომ შედიოდნენ, მოსწონდათ და უარს ვერ ეუბნებოდა.

ბავშვს ვერ ეტყვი, რომ იცი რა, 40 წლის კაცის კოლექციაა და ხელი გაუშვიო, ამიტომ ვჩუქნიდი,“ – ასე ხსნის თავის საქციელს.

ლეოპარდი მისი ტოტემია. დარწმუნებულია, რომ ან წინა ცხოვრებაში იყო ლეოპარდი, ან შემდეგში იქნება, რადგან შინაგანად ეს ცხოველია. სიცოცხლის მოტრფიალე – თავის აფრიკულ ჩანაწერებში, რომელიც მეგობრებისთვის მიძღვნილი წერილის სახით დაიბეჭდა – წერს, რომ თუ ოდესმე მაინც მოუნდება სიკვდილი, ისურვებდა, რომ ის სწორედ ლეოპარდის სახით მივიდეს მასთან.

„ სხვანაირი სიკვდილი არ მინდა. როცა დავბერდები და ფეხზე ძლივს ვიდგები, მოვკიდებ ხელს ჩემს ჯოხს, ვიყიდი ბილეთს, შვილებს დავუწერ მოკლე წერილს, არ მეძებოთ, სახლში წავედი-მეთქი და აქ ჩამოვალ. დავიქირავებ ერთ დანჯღრეულ მანქანას, ძლივს გავატარებ სადმე სავანაში, ვიპოვი აკაციის ტოტზე გაწოლილ ლეოპარდს, ნელა გავაჩერებ მანქანას და გადმოვალ. ახლოს რომ მივალ, ცოტას წავიბანალურებ, რომ ეფექტურად წავიდე და ცოტა თავიც შემეცოდოს; მზის სათვალეს მოვიხსნი და, ჯოხთან ერთად, გვერდზე მივაგდებ. ხელებს გავშლი, ძია რადიარდის სიტყვებს მოვიშველიებ და ზემოდან თვალებში მაყურებელს ვეტყვი: “ლეო, შენთან დასარჩენად მოვედი, we be of one blood! Thou and I – ჩვენ ერთი სისხლისანი ვართ! მე და შენ!“.

ბევრს მოგზაურობს – ცხოველებზე დაკვირვება მისი სტიქიაა. დიდი ხანია, ჩაალაგა ჩემოდანი და წავიდა.  თავგადასავლებიც მისი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.  ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს ველურ ბუნებას უკავშირებს. აფრიკაში პირველი ჩასვლა და ზოოპარკში, იასონ ბადრიძის მგლებთან პირველი ურთიერთობა – ორივე ახდენილი ოცნება იყო. ”ნაკრესის” ჩამოყალიბების შემდეგ,  პროექტი დაუფინანსეს და აფრიკაში წავიდა საკვლევად. ამ საოცნებო ჰარმონიულ მიწაზე  ჩასვლა მიზნად ჰქონდა დასახული და აიხდინა კიდეც, თუმცა თავიდან უტოპიაც ეგონა. ფიქრობს, რომ ეს გარდატეხა იყო – ცხოვრების ერთი  ეტაპი  დაასრულა და სხვა განზომილებაში გადავიდა. ადამიანის წარმოშობის ადგილს თავის ბიოლოგიურ სამშობლოს უწოდებს. პერიოდულად აქვს  ნოსტალგიური შემოტევები იმ სავანასი, რომელიც სულ იხმობს.

სავანის ეს ძახილი  აუტანელი რომ ხდება, ვტოვებ ყველაფერს და იქ მივდივარ. რომ ჩავდივართ, მეგობრები დამცინიან ახლა დაწვება.  მართლაც, პირველი გასვლისას გადმოვდივარ მანქანიდან და ვწვები მიწაზე. მთელი ზურგით ვეხები და ძალიან სასიამოვნო გრძნობა მეუფლება. მაშინ ვგრძნობ – I’ve come home at last!. იქ რომ ვწვები, რაღაც მაგიური მოდის სამშობლოსგან. საქართველო სოციალური სამშობლო.  აქ რომ ჩამოვდივარ, სხვა განცდა მაქვს. აქ მყოფი ადამიანები რომ იგრძნო, ეხუტები და კოცნი. შეხება მნიშვნელოვანი, გრძნობ, რომ სამშობლოში ხარ. იქაური სოციუმი და საზოგადოება ჩემთვის არაფერია, სამაგიეროდ,  ის ადგილები ადამიანის სამშობლო და როგორ უნდა შეიგრძნო, თუ არ გაწექი მიწაზე და შეეხე. რასაც დაქალებთან და ძმაკაცებთან გამოხატავ ჩახუტებით, იქ – იმ მიწასთან გადახვევით. როგორც შენი ძმაკაცისგან, დაქალისგან თუ დედისგან გადაკოცნის დროს სითბოსა და მაგიურ ძალას გრძნობ, ისე, იქ რომ დაწვები, გრძნობ სითბოსა და მაგიურ ძალას” – ამბობს ლევანი. ექსპედიციის გუნდის შეკრებას კი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ისეთ ადამიანებთან ერთად დადის, ვინც, მაგალითად, ნასესხებ ფულს არ დაუბრუნებს და ამის გამო მასთან  ურთიერთობისა არ მოერიდება,  ახლობლური ლექსიკონით გააგრძელებს ურთიერთობას. თავად რომ არ შეეცვლება მის მიმართ დამოკიდებულება, დარწმუნებულია. ამბობს, რომ ასეთი ურთიერთობის მქონე ადამიანთან  ერთად ჯუნლებში წასვლაც შეიძლება.

თხრობის უნარს უქებენ. ამბობენ, რომ შესაძლოა, ისე არც იყოს ამბავი, როგორც ჰყვება, თუმცა, გარწმუნებს. ყოფილი „ნაკრესელი“ ნათია კოპალიანი ტანზანიაში ვიზიტს იხსენებს, სადაც თავად, თავისი ქმარი, ირაკლი შავგულიძე და ლევანი იყვნენ. ტერიტორია,  სადაც კარავი დასცეს, დიდი პარკივითაა, საერთო დგუშებით და სხვადასხვა ეროვნების ადამიანებით. მათ  კარავთან  მამა-შვილს დაებანაკებინა, ორივე დაღვრემილი ჩანდა.

„ჩვენ ბედნიერები ვიყავით ტანზანიაში ყოფნით და ესენი – მოწყენილები. ლევანი მოვიდა და მაგათი ამბავი არ იციო? მოყვა, რომ შვილს მამასთან ჰქონია კონფლიქტი, სამი წელია, წასულია სახლიდან, მამამ არ იცოდა შვილის შესახებ არაფერი, არ ეგონა ცოცხალი და ბოლოს შვილმა  გადაწყვიტა რომ დაბრუნებულიყო.  მამამ კი, დიდი შერიგების ნიშნად, მოაწყო ეს ტური აფრიკაში. პატარა ნოველა დაწერა ერთ წუთში, თან თავად ხატოვნად ჰყვებოდა. იმდენად კომუნიკაბელურია, რომ ჩასვლისთანავე  ყველას  მეგობარი ხდებოდა, იცოდა დეტალური ამბები მათზე, მერე გვიყვებოდა ეს იქ მუშაობს, ეს იმისი შეყვარებულია, ყველაფერი 5 წუთში. ამიტომ არ გაგვკვირვებია. ორი დღე გვეგონა, რომ ყველაფერი ასე იყო. ჩავუვლი ამ ტიპებს, საინტერესოები გახდნენ ჩემთვის და ორი დღის შემდეგ თქვა ლევანმა – მოვიგონე ყველაფერი, საერთოდ არ ვიცნობ ამათო. სამ კაცს ეჭვი  არ შეგვპარვია, რომ შეიძლებოდა ტყუილი ყოფილიყო“.

ბევრ განსხვავებულ სოციალურ წრეს ერგება, შეუძლია თან საოცრად მეცნიერული იყოს, თან „ფეისბუქში“ სრულიად გასაგებად ილაღოს. საკუთარ მრავალმხრივ განათლებას კი ყველგან იშველიებს. მოგზაურობა, ლიტერატურა, ბიოლოგია, მუსიკა, პოლიტიკა, ფოტოგრაფია – ყველაფერზე შეუძლია საუბარი ფეხბურთის გარდა, რაც მის „რუსთავი 2-ელ“ თანამშრომელს, დიმა ობოლაძეს მოსწონს კიდეც, რადგან მშვიდად საუბარს ახერხებენ. მისი ფოტოები ცალკე თემაა: ჩახუტებული მგელთან, აფთართან, ლომთან.. „We love each other deeply“ – ამ წანამძღვარს უკეთებს ცხოველებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. საკუთარ ალბომებს კი, სადაც მხოლოდ ველური არსებები ჰყავს გადაღებული – My Life – My Animals“- უწოდებს.

–         ძაღლს ჩავკეტავ, თორემ ცუდი ამბავი დატრიალდება – მეუბნება და რამდენიმე წუთში სახლში მეპატიჟება.

ძაღლთან მისი ურთიერთობა ყველასთვის ცნობილია. „მას რომ ენა ჰქონდეს, ყველაზე მეტს მოგიყვებოდა ლევანზეო,“ – მეუბნებიან. დიდი და სხვებისთვის მონსტრი ბელონა – ლევანის ჩემოდანს რომ ხედავს,  მიდის და თავისთვის წვება.  არც ემშვიდობება, რომ ეძახის.  ჩამოსვლის დღეს კი ხალისიანია.

„ბელონა ახალგაზრდა როცა იყო, შემოსულ ლევანს ახტებოდა და ლოკავდა, გული  ისეთ დღეში ჰქონდა, მეშინოდა,  ინფარქტი არ დამართნოდა. ახლა  ვეღარ ახტება, იწყებს კანკალს და ლევანი ეხუტება – აქ ვარ ბელონა, ნუ კანკალებ, ნუ კანკალებ..  მას კი გული უცემს.. „ – ამბობს ლევანის დედა.

როგორც ამბობენ, მისთვის ცხოველი მთელი ცხოვრებაა – გიჟდება გორილებზე და მათ არაფრით არ განასხვავებს ბავშვებისგან. ახალდაბადებულ ბევრ ბავშვს რომ ნახავ და აღფრთოვანებული მოყვები მათ საყვარლობაზე, აურასა და სუნზე,  დაახლოებით, ასე ჰყვება გორილებზე.

პოლიტიკური თანამდებობის დაკავების ინტერესი არასოდეს ჰქონია და, როგორც ამბობს, არასოდეს ექნება. კმაყოფილია საკუთარი საქმით და ცდილობს დატკბეს. ყველაფერში ერთვება, მაგალითად, ვიკიპედიაში „უგვანი“ სტატიის განხილვაც არ ეზარება და ფაქტობრივ უზუსტობებსა და არააკადემიურ ქართულს უსწორებს ავტორს.

ბავშვებთანაც პოულობს საერთო ენას, მათი ტოლი ხდება. ამას ერთი ზუგდიდური ეპიზოდიც მოწმობს.

„ორ დღეს კითხულობდა ლექციებს. ცაიშში ზრდასრული ადამიანები უსმენდნენ. ზოოლოგიური ტერმინებით ისაუბრა. მეორე დღეს, ჯვარში უნდა წაეკითხა იგივე ლექცია. ისე მოხდა, რომ სკოლის ბავშვებიც შემოიყვანეს, მათთან კი, მეცნიერულად ვერ ისაუბრებდი. ამხელა კაცი გახდა ბავშვი და ისე ჩანდა, რომ ბავშვი უკითხავდა ბავშვებს ლექციას. დიალოგში შემოიყვანა, ელაპარაკებოდა დათვებზე, მგლებზე.  ვუყურებდი და მეცინებოდა, რადგან იმავე ლექციას ვუსმინე წინა დღეს, იყო სულ სხვანაირი და ახლა ჰყვებოდა ბავშვების დონეზე.  მულტფილმებზე ლაპარაკობდნენ. როლში შევიდა, უხსნიდა ძალიან გასაგები, მარტივი მაგალითებით. ვთქვათ, „ახლა გორილა და ჯაბა რომ იყვნენ“  და სხვა…“ – ამბობს ჯაბა გერსამია.

ლევანი „რუსთავი 2-შიც“ მუშაობს. გადაცემა „შუადღეს“ ერთერთი თანაწამყვანია. სკანდალური თემებითაც გამოირჩევა. ორგაზმსა თუ – სექსზე ორსულობის პერიოდში – ხშირად არ ლაპარაკობენ, მითუმეტეს, დღის საათებში. მისი პროდიუსერი ნენე კვინიკაძე ფიქრობს, რომ რითიც შეიძლება გადაცემამ იამაყოს, ლევან ბუთხუზია.

„მას შეუძლია ის, რასაც ტელესივრცეში ძალიან  ბევრი გამოცდილი ვერ  შეძლებს. ლევანს არ ზღუდავს და არ უშლის ხელს ის, რომ პროფესიით ბიოლოგი, პირიქით, ყველაზე მეტი რესურსი აღმოაჩნდა, რომ  ყველაზე სპეციფიკური თემებიც კი, გასაგები და საინტერესო გახადოს რიგითი მაყურებლისთვის,“ – ამბობს ის.

„შუადღეს“ წამყვანი, დიმა ობოლაძე ლევანს არაორდინალურ გიჟს უწოდებს და იქვე შენიშნავს, რომ ხუთშაბათი (ლევანის გადაცემის დღე) ყველაზე საინტერესოა – თოფებიც მიუტანია, ეთერშიც უსროლიათ,  მონადირეები და ძაღლებიც მიუყვანია, თუმც, პრობლემა არასოდეს შექმნიათ.

„კვერცხუჯრედები გააკეთა პლასტელინით და მოიტანა – უნდა ავუხსნა ხალხს ადვილად – ეს რა არის, როგორ ნაყოფიერდებაო. რაღაცები  შეუშვა – სპერმატოზოიდებიაო, მერე მოკუჭა.. ეთერიდან გამომდინარე რაღაცებისგან თავს იკავებს ხოლმე მაინც, მაგრამ მთლიანობაში თავის სათქმელს  ამბობს.  გადაცემის მზადების პროცესში კი პედანტია. უნდა, რომ მთელი გადაცემა ბოლომდე გავიაროთ და თავის მონოლოგებს რეპეტიციაზე ბოლომდე კითხულობს,“ – ყვება დიმა ობოლაძე.

ადაპტური და შემგუებელია, თუმცა, ცდილობს, სიტუაცია მოირგოს და არა – მიერგოს.

„გოსტიბეში გვქონდა ბანაკი. დამავიწყდა საძილე ტომრის ქვეშ დასაგები თხელი ნოხი, რეზინის მასალაა. მის გარეშე, იატაკზე უნდა დადო საძილე ტომარა, რაც მოუხერხებელია წესიერი ძილისთვის. გია თოდუას ჩაეძინა, მე ვფოჩიხობ, ერთ ამბავში ვარ.  ავიღე ტანსაცმელი, დავაგე, ერთი საათი მივუძღვენი ამას და გია მეუბნება – გარემოს სიტუაციას ისე ირგებ, როგორც შენ გინდაო. ეგრეა ანუ სიტუაციას ვერგები, მაგრამ ჩემი კომფორტით. მაგალითად, თქეშში ხელებს კი არ ჩამოვყრი და გავაგრძელებ გზას, იმ წუთას დავიწყებ ქოხის აშენებას, რომ შევეგუო, მაგრამ კორექტივები შევიტანო. მოულოდნელი ცვლილებები ძალიან მიყვარს და თუ საკითხი ვინმეს ჯანმრთელობას არ ეხება, პრობლემებიც მიყვარს. მათი გადაჭრა ჩემი სტიქიაა. სპორტული ინტერესი მიჩნდება ამ სიტუაციის ბოლომდე დაძლევის,“ – ამბობს ლევანი.

ღმერთის არ სწამს, ბიბლიას კი კარგად იცნობს. ამბობს, რომ ათეისტობა არასოდეს დაუმალავს და ფარისევლობა იქნებოდა ეთქვა, რომ სწამს.

„ყველაფრის მოთმენა შემიძლია, მაგრამ ფარისევლობას ვერ ვეგუები. როდესაც ჩემი ზოგიერთი მორწმუნე მეგობარი მეუბნება, რელიგიას დასცინიო, მე ვპასუხობ – რელიგიას არა, შენ დაგცინი, როცასამარხვო ხაჭაპურს ჭამ მეთქი. თუ მას მართლა სწამს და მისდევს რელიგიურ ცხოვრებას, მაშინ კარგად უნდა იცოდეს, რომ მარხვა ჭმუნვაა და ამ დროს მარტო ხორცეულზე კი არ უნდა თქვას უარი, არამედ ზოგადად სიამოვნებაზე. უნდა ილოცოს, იაროს ეკლესიაში, მოიშოროს ფუფუნების ატრიბუტები, მოინანიოს, ღვთის ჭვრეტით იყოს დაკავებული…“

ნებისმიერი საყვარელი საქმის კეთებას ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიასთან აიგივებს. იხსენებს რადიოდანიშვნის მეთოდს, რომლის დროსაც, მის ქცევაზე დასაკვირვებლად, ცხოველს აძინებენ და სპეციალურ აპარატს ყელზე აცვამენ:

„შენ გაქვს მიმღები, ის იჭერს ყელზე მიბმული აპარატის ტალღებს, განსაზღვრავს, სად არის იმ კონკრეტულ დროს დათვი და სვამს რუკაზე წერტილს. თავიდან  არის აბრაკადაბრა, რაღაც ხაზები, წერტილები.. მაგრამ ნელ-ნელა ამ ქაოსიდან ხვდები, რას აკეთებს ცხოველი. აქ რომ გაჩერდა 20 წუთით –  ჭამდა, 5 წუთი რომ გაჩერდა და  გაიქცა, ფერმაა და ალბათ, ძაღლებმა დაუყეფეს.. აქ რომ გაჩერდა, მეორე დათვი იყო. ამეებს რომ ალაგებ, დათვის ერთი დღეა ანუ ქაოსიდან მოწესრიგებული ამბავი დგება. პირველად რომ აღმოვაჩინე, ჰგავდა ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიას, სადაც რამდენიმე წამს არის სრული კაკაფონია და მერე ჰარმონია იწყება.  გენიალური მიგნებაა. როცა კაიფობ საქმეზე, სხვა ვარიანტი არ არსებობს. ჯერ ქაოსია და მერე შენ ძერწავ და ქმნი რაღაცას, ხედავ პროდუქტს. ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია –  დასაწყისი ქაოსიდან და შემდეგ უკვე აპოთეოზი – უჰარმონიულესი რამ“.

ვერ იტანს სხვის წუწუნსა და ტრაგიკულობის განცდას. არც თავად უყვარს დარდის გამოხატვა. როგორც ახლობლები ამბობენ, თავისთვის იკეტება, არ იმჩნევს წუხილს, იმიზეზებს, დაღლილი ვარო. ალბათ, ამ დროს, ისევ იმაზე ფიქრობს, რომ „კოორდინაცია თავის ხელთაა“ და პრობლემიდან გამოსავალს ეძებს.

 

ტეგები: , , , , ,