RSS

Tag Archives: ბურღი

რამდენიმე წუთი სტომატოლოგის კაბინეტში

დღეს, როგორც იქნა გავრისკე და სოფლის ხათრით მაინც ( შარშანწინდელივით ორ დღეში არ გავხდე გამოსაბრუნებელი მეთქი) დანტისტთან მივედი. ხუთზე ვყავდი დაბარებული, თუმცა, რენტგენზე ბოდიალის გამო, სხვა პაციენტმა დამასწრო და ლოდინმა მომიწია.

ექიმმა – დამელოდეო მითხრა, იქვე დავაპირე დაჯდომა, მაგრამ გვერდით ოთახისკენ მიმითითა. როგორია სტომატოლოგის კაბინეტში შენს მოსალოდნელ წამება-უბედურებაზე ფიქრი, ამიტომაც ვეცადე ”შავი აზრები” გულიდან გადამეყარა და + რეპორტაჟის წერა გამეხსენებინა : )

ოთახი, სადაც ჩემმა მომავალმა, ყოფილმა და ძირითადმა დანტისტმა გამომიშვა, ასევე სტომატოლოგიური კაბინეტია, ოღონდ ამ ოთახში კბილს მხოლოდ იღებენ და სვამენ. საიდანაც გამოვედი იქ კი – პლომბავენ. ორივე კაბინეტი მოსკოვის პროექტის ოროთახიანი ბინის შემადგენელი ნაწილია. ახლა სადაც ვარ, მას ჩვეულებრივ, სასტუმრო ოთახის დანიშნულება აქვს ხოლმე.

ოთახი 18 კვ.მეტრია (სტანდარტია ამ ბინების). კედელთან სამი სკამი დგას, ოთახის ბოლოში კი ტახტი, რომელზეც ახალგაზრდა ქალი ზის და ”მალბოროს” კოლოფს ხელში ათამაშებს. მან ქერად შეღებილი თმა გვერდზე გადაიწია და ექიმს გასძახა – არტიომ, მალე მორჩები?

სტომატოლოგი არტიომა სავარძელში მჯდომ პაციენტთან დგას. ჩემ გვერდით სკამზე მჯდომი ჭაღარა , შავოსანი ქალის მზერით, რომელიც აშკარა დაუფარავ შიშს გამოხატავს და მას არც ”ვაიმე, მეც ეგრე უნდა მიქნას” – კომენტარით მალავს, თავიდან მგონია რომ კბილს უღებს, თუმცა ორიოდ წუთში მიხვდი, რომ კი არ უღებს – უსვამს. პაციენტი სამოც წლამდე ქალია, რომელიც შიგადაშიგ წითელ მარაოს აფრიალებს და ამ უკანასკნელს არც თუ იშვიათად ექიმსაც ურტყამს ცხვირთან ახლოს.

– არტიომ, მალე მორჩები? იმეორებს ტახტზე მჯდომი ახალგაზრდა ქერათმიანი ქალი, რომელიც ახლა უკვე სიგარეტის ღერს აწვალებს თითებით.

– არ ვიცი რა, ესა და კიდე ერთი. – თავაუწევლად პასუხობს ექიმი და წვრილი ბურღით თუ ქლიბით აგრძელებს ქალის პირის ღრუში მუშაობას. შემდეგ ჩერდება და გვერდით ოთახში გადის. სავარძელში მჯდომი უკან ტრიალდება , ცისფერ თვალებს მაპყრობს და ჩლიფინით მეუბნება – ნუ გეშინია, კარგი ექიმია, ტკბილი ხელი აქვს. მერე კი სომხურად აგრძელებს რაღაცას ხმამაღლა ( არტიომამაც რომ გაიგონოს). მე მხოლოდ რამდენიმე სიტყვას – ”ცავატანემ”, ”ჰა”, ”ელი”, ”ცაუმა”, ახჩიკა” – ვარჩევ.

ექიმი ოთახში ბრუნდება, ხელში ვარდისფერი ქვედა ყბა უჭირავს, პროტეზი – ცხადია. პაციენტს წინ უდგება , პირს აღებინებს და აზომებს , შემდეგ ხელში იღებს და ქლიბვას უწყებს, ამ დროს ჭაღარა, მაღალი კაცი შემოდის, ცისფერ პერანგზე გამჭვირვალე ბადის პარკში გახვეული ორი პური და არაყი აუხუტებია და ექიმს მიმართავს: არტიომ, ის ნახე? დღეს იყო მოსული.

– ვინ, ლენაჩკა?
– ხო ეგა.
– კი, ინსტრუქცია ვაჩვენე, ამბობს სემიჩკას ვერ ვჭამო, 20 ცალის შეჭმას ვუნდები მთელი დღეო. – არტიომა რაღაც ხსნარს ასხამს ქალს პირში, ”ნერწყვი არ გადაყლაპო და გადააფურთხე ” – აფრთხილებს პაციენტს. თავად კი სათვალეს იხსნის, სალფეთქს იღებს და წმენდას უწყებს.

ტახტზე მჯდომი ქერათმიანი ქალი ფეხზე დგება და მაგიდასთან მიდის, რომლის ზედაპირი მთლიანად დაფარულია ”საგუშაგო კოშკის” სხვადასხვა ნომრით და იეღოველთა რამდემიმე წიგნით.

მე კი ჩემი ექიმი მიხმობს. პაციენტი არ გაუშვია, თუმცა, ამჯერად თავის კაბინეტში მთხოვს დაჯდომას.

ექიმი ახალგაზრდა, შავგვრემანი, მაღალი და სრული, რომ იტყვიან ახოვანიო, ისეთი სომეხია. სახელად – ლოვა. დავჯექი თუ არა, პირბადე აიფარა, ცალ ხელზე ხელთათმანი წამოიცვა და სავარძელზე გადაწოლილ პირდაღებულ მამაკაცს მიუბრუნდა.

ჩემსა და ექიმს შორის გორგოლაჭებიანი, ორსართულიანი პატარა მაგიდა დგას, რომელზეც ბურღები, ნემსები, პინცეტები, მაკრატლები და სხვადასხვა ზომის თუ სახის რკინის ჩხირები აწყვია. ასევე – დოლბანდი, ბამბა, 95%-იანი ეთილის სპირტი, ბანკით რაღაც ქაფიანი წყალი, წვრილი შპრიცი და სხვადასხვაწარწერიანი შუშები.

ჩემ გვერდით კი, მინის კარადა დგას, რომელშიც ზუსტად ანალოგიური საგნები ალაგია, ლოვამ სკამიდან წამოიწია, ხელთათმანი მოიხსნა და პაციენტის მარცხნივ და მისი თავის გასწვრივ მდებარე სპეციალურად მოწყობილ სანერწყვე ურნაში ჩააგდო, შემდეგ სქელ მინაზე ორი შუშიდან გადმოყრილი ფხვნილი დაყარა, სქელი სითხე შეურია და რკინის პიპეტით დაუწყო არევა. მიღებულ მასაში ასევე რკინის ვიწროაწეულპირიანი რკინის ”ჩხირი” ჩაყო და პაციენტის კბილისკენ წაიღო. რამდენიმე წამში ჩხირი მიაბჯინა და ჯაჯგური დაუწყო კბილს, ცაუმა? ბალიტ? – ეკითხება პაციენტს. შემდეგ წამოდგა, რაღაც მითხრა ორჯერ რუსულ-სომხურად, ვერ გავიგე, გაეცინა და გავიდა.

სავარძელში მწოლი კაცი წამოიწია, ირგვლივ მიმოიხედა, ჟღალი ულვაშები მაჯით მოიწმინდა და მის გვერდით მდებარე სარკეს დასწვდა. კბილს უწყებს თვალიერებას, თუმცა, ოთახის განათებამ არ დააკმაყოფილა და სავარძლის თავზე დაკიდებული აპარატი ჩართო. ჯერ საკუთარ თავს გაუცინა სარკეში, მერე მე შემომხედა და : კარგი ვინმეა არა? – გაიღიმა.

ამ დროს, ლოვას ტელეფონი აწკრიალდა, ემინემი უყენია ზარად, ექიმი შემორბის, პურის ლუკმას პირში იტენის და ჩქარ-ჩქარა ყლაპავს. საუბრის დამთავრების მერე კი, კვლავ პაციენტს უჯდება. ოღონდ ძალიან ცოტა ხნით – კიდევ ერთხელ ჩახედა პირში, გაუცინა და სავარძელი დაბლა დასწია. ჟღალულვაშიანი, მწვანეთვალება და ლოყაზეხალიანი 35-40 წლის კაცი ფეხზე დგება, საფულიდან ასლარიანს იღებს და ლოვას უწვდის. ხურდის მიღების შემდეგ, ექიმის ნომერს იწერს და გვემშვიდობება.

ორიოდ წუთში კი, იმ სავარძელში, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ, ორი მეტრის მანძილიდან ვუყურებდი, უკვე მე ვზივარ.

 

ტეგები: , , ,