RSS

Tag Archives: ევოლუციონიზმი

“ანთროპოლოგიასთან მეგობრობის დასაწყისი”

გუშინ, მეორე სემესტრის პირველი ლექცია მქონდა – კულტურულ ანთროპოლოგიაში. როგორც მოველოდი, ძალიან საინტერესო კურსია – ლექციებით, ვიდეოლექციებით, თეორიის და კვლევის კომპონენტებით.

ქეთიმ (ლექტორმა) გვითხრა, რომ ეს ერთადერთი კურსი იქნება, რასაც ანთროპოლოგიაში ვისწავლით და მოგვიწევს კვლევის ჩატარებაც. ამან ცოტა დამაფრთხო, მერე დამაინტერესა და მერე მომინდა კიდეც. აი, რის კვლევას გადავწყვეტ, ამაზე კი, კარგი ფიქრი მომიწევს – უნდა შევარჩიოთ რამე კულტურა ან სუბკულტურა.. ბევრი საინტერესო რამის მოფიქრება შეიძლება, თუმცა, გამოხატულად და მკვეთრად არაფერი მახსენდება.
(ახლა ჩემს თანამშრომელს ვეუბნებოდი, ფეისბუქში საკუთარ პოსტებს თავადვე რომ ალაიქებთ, რა არის, ცალკე სუბკულტურა ხართ მეთქი? საკვლევია ესეც, აბა, რა არის 🙂

ანთროპოლოგთა საკვლევი თემები ვნახეთ მაგალითებად, ძალიან მაგარია, ვთქვათ, ”შეხუმრებული დამოკიდებულებები ბიძა-დისშვილებს შორის” და მსგავსი.

ჰო, ვისწავლით სხვადასხვა თეორიას, მერე შევარჩევთ ერთს და მის ჭრილში განვიხილავთ საკუთარ კვლევას. პირველი ლექცია ევოლუციონიზმის თეორიაზე იყო – გადმონაშთების იდეა, ჯეიმს ფრეზერი, ედუარდ ბერნეტ ტაილორი, დარვინის თეორიები, სწორხაზოვანი ევოლუცია, კაცობრიობის სულიერი ერთიანობა, პრიმიტიული სექსუალური თავისუფლება, განვითარების საფეხურები. კულტურების დეგენერაცია, პროგრესივიზმი და სხვ. მოკლედ, ”ჩვენში დარჩეს” და მეინტერესება.

ქეთი თავის მაგალითს გვიყვებოდა სხვადასხვა კულტურაში ”გამჯდარ” წესჩვეულებებსა და ”სადაც მიხვალ, იმ ქვეყნის ქუდი უნდა დაიფაროს” ’ინსტიტუტზე’. მაგალითად, გერმანიაში მისალმებასა და სტუმრის არგაცილებაზე. ლექცია რომ დაგვიმთავრდა, მე და ჩემი ჯგუფელი ანა გამოვდიოდით, დერეფანში, გასასვლელთან, უცხოელი სტუდენტი ბიჭი შეგვხვდა, კარი გამოაღო, გაგვატარა და შემდეგ შევიდა თავად.
”ამან ქართული კულტურა შეითვისა და აქაური ქუდი დაიფარა, თორემ ალბათ, თავის ქვეყანაში ასე არ უთმობს გზას ქალებს” – თქვა ანამ. მართალია :დ

ჰო, კვლევის გარდა, მნიშვნელოვანი კომპონენტია პორტფოლიოს წარმოებაც – რას ვისწავლით, რა პროგრესი გვექნება, ეს ყველაფერი უნდა ’აღვნუსხოთ’. პორტფოლიოც არ გამიკეთებია არასდროს და ბარემ, ბლოგზეც ხომ არ ’ვღნუსხო’ მეთქი, ვფიქრობ.

ხვალ მორიგი ლექცია მაქვს, უკვე ანალიზურ ჟურნალისტიკაში. აი, ხუთშაბათ-პარასკევს კი, უმძიმესცხრილიანი დღეები მელის.

 
8 Comments

Posted by on ოქტომბერი 4, 2011 in ილიაუნი

 

ტეგები: , ,