RSS

Tag Archives: ეს თბილისია

როგორ გავიაროთ ადაპტაცია სოფლელებმა ქალაქში ანუ ინციდენტი ვაკის პარკში

მთელი დღე ვგეგმავდი –  სახლში როგორც კი მივალ,  ეგრევე ”წითელ წიგნს” ჩავუჯდები და თუკიდიდე-ჰეროდოტე-პინდაროს-პლავტუს-ტაციტუსს მივახრჩობ მეთქი, მაგრამ სანამ გადაუვლია სიბრაზეს – მანამდე დავწერ 😀

დღეს საღამოს, ჩვეულებისამებრ, რედაქციიდან ილიაუნიში გავუარე დეიდაშვილს. ვაკის პარკში დამხვდნენ ის და მისი სამი ჯგუფელი – თათია, ხატია და ნინო. ( შემდეგში სახელებს ვახსენებ და ამიტომ,  აქვე ჩამოვთვლი ). სურათებს იღებდნენ. მერე ატრაქციონებიც მოისურვილეს, რაკი ადრენალინის მატების სურვილი არ მქონდა, ოდენ ფოტოგრაფობას დავჯერდი და ჯერ კარუსელის, მერე კი – ”გონკების” შესასვლელში დავდექი თათიას ფოტოაპარატით ხელში.

სიმართლე რომ ვთქვა, ყურადღებას არ ვაქცევდი, ვინ რას ამბობდა – სკაიპში ვიყავი შესული, (ლალის ვეძებდი – მაგრამ სადაა. ), მხოლოდ ხატიას და ნინოს თითოოროლა ფრაზა მესმოდა – “მარტო სამი ცალი რატომ მუშაობს, ბილეთებს რომ ვყიდულობთ, არ უნდა გვითხრანო?”.

რამდენიმე წამში მესმის ქალის ხმა – შენ გოგო, დაუფიქრდი რეებს ამბობ, შენ იცი მე ვინ ვარ? – ნუ, თუ სიტყვასიტყვით არა – მსგავსი შინაარსის მაინც.

გავიხედე, ვერ მივხვდი, რა ხდებოდა და მხოლოდ ყურებას დავჯერდი. ხატიას მიმართავდა ვიღაც ქერათმიანი, 40-50-ს გადატანებული , “ადიდასისსპორტულშარვლიანი” ქალი – შენ როგორ მითხარი, შე თავხედო, იცი, ვის ელაპარაკები – და მასეთები. ხატიას არაფერი უთქვამს, წინ გადაიწია – ”გონკების კაცისკენ” და გადააწოდა ბილეთები.

თუუურმე რა ყოფილა საქმე. ამ ქალს ხელში სჭერებია ბილეთები და ხატიას უკითხავს: თქვენ იღებთ ბილეთებსო? სწორედ ამაზე ამტყდარა ერთი ამბავი – ეს როგორ მკადრეო.

ნუ, ბავშვები ხმას არ იღებენ, მეც ჩუმად ვარ. ეს მაინც აგრძელებს:
– ეს სოფლელები, რეებს ბედავენ, შეენ გოგო, აქ რომ ჩამოდიხარ, აქაურ წესებს უნდა მოერგო, გაიგე?

ნინო მიმართავს : ქალბატონო, დიდი ბოდიში თუ შეურაცხყოფა მოგაყენეთ, მაგრამ ბილეთები გეჭირათ და იმიტომ გკითხეთ, რა დაინახეთ ამაში შეურაცხყოფის მსგავსი, არ მესმის.

– შენ სადაური ხარ გოგო?
– აქაური ვარ.
– აქაური? არ გეტყობა აქაურობა, წესებს მოერგე გოგო, ეს თბილისია, ის კი ნუ გგონია..  – გიორგი, წავედით , გიორგი, წამოდი – უყვირის მანქანაში მჯდომ – 7-8 წლის ბიჭს.

ნუ, არ ჩერდება ეს ქალი რა, იქ თათია ცდილობს აუხსნას – რა და როგორ. ისმის: ”შეურაცხყოფას ნუ გვაყენებთ” და მსგავსი კომენტარები.

ეს ქალი კი, ჩადის ”საგონკაო მინდორზე”, მანქანასთან მდგომ ხატიას მიენთო ყვირილით – შეენ გოგო, აქ რომ ჩამოდიხარ, ადაპტაცია უნდა გაიარო, გაიგე? პირდაპირ აქ კი არ უნდა მოხვიდე, წესებია აქ, წესები – და ზურგით მდგარი შემოატრიალა.

აი აქ ამომასხა. სამწუხაროდ ( ყველაფერს პირდაპირ რომ ვამბობ, ნერვებს ვიშლი, დიპლომატიის სრულ დეფიციტს განვიცდი… არც ღირს ასეთებს თავი გაუყადრო…) თუ საბედნიეროდ ( აღარ ვიბოღმები საკუთარ თავზე – ეს როგორ შევარჩინე მეთქი ) ასეთ დროს და ასეთებთან კამათს არ ვერიდები და პირდაპირ ვეუბნები, რასაც ვფიქრობ, თუნდაც, ცუდად შემომიბრუნდეს. ხოდა, გავეჯგიმე წინ და ვეუბნები:

– რა გაჩხუბებთ?
– იცოდე, როგორ უნდა მომართო შე სოფლელო.
– და თავად, ვაკელი?
– აბა რა ვარ. ( სახეზე აწერია – ვაი, შე უბედუროვო);
– და რაკი ვაკელი ხარ, ანუ ძალიან მაგარი  ხომ?
– გეტყობა, რომ ”გამოთლილი სოფლელი” ხარ, ვერ ხვდები, რომ ქალაქელობას სხვა რამე ჭირდება, რასაც ვერასოდეს შეიძენ – აქ უნდა იყო დაბადებული და გაზრდილი.
– ოოო, მე რომ ვარკეთილელები მირჩევნია შენნაირებს?
– ხოდა, სოფლელი ხარ, შე უბედურო.
– რაო, სად იყო თბილისში პირველი სოფელიო, სადაო?
– ვინ მოგატყუა შე უბედურო, წიგნი წაიკითხე მეტი, შე ჩამოსხმულო სოფლელო. რა უნდა გელაპარაკო შენ.

აი, აქ ამასხა 😀 როგორც ჩემი მეგობარი პასუხისმგებელი მდივანი, პატიკა იტყოდა – იმით ”მომაქს თავი”, რომ ბავშვობიდან ძალიან ბევრ წიგნს ვკითხულობდი ( ამაში სწრაფი კითხვის ჩვევაც მიწყობდა ხელს). ბოლოსდაბოლოს, მეხუთე კლასის არდადეგებზე 147 წიგნი წავიკითხე ( დავალებად გქვონდა – უნდა ჩამოგვეწერა რა წიგნებს წავიკითხავდით ზაფხულში), უბნის ბიბლიოთეკაში ჩემზე “ლეგენდები” დადიოდა და ჩემს დას , ჩემი ხათრით ”აქტიური მკითხველის წოდება აქვს” ( არადა, წელიწადში ერთი წიგნი გამოაქვს და იმასაც მე ვკითხულობ), ხოდა, ეს ვიღაც სნობი მეუბნება – მეტი წიგნი წაიკითხეო. ნუ, არც ვაციე, არც ვაცხელე და ნეტა, ჩემი წაკითხული წიგნების მეასედი დაგსიზმრებოდეს მეთქი ( მეც ვითავმდაბლე რაღა). წამოვიდა პასუხად: შეე უზზზზრდელო, შეე თააავხედო, შეე სოოფლელო, რა უნდა გელაპარაკო. ( ”მიხედე შენს შნურუკებს”-ღა აკლდა, მაგრამ ეს ხომ ქალაქელია 😀

– ვარკეთილელი ხარ არა? რომელ მიკრორაიონში ცხოვრობ? ( თან ძალიან ახლოს დგას, ხელებს აქნევს –  აი, ისე დაახლოებით – ეეე, ჩვენი ძმა ( ეფიცხები იამაიკის მზეს? – არა), ქურდი ხარ ძმაკუუუშ, ბიჭებს ამოვიყვან და შევხვდეთ.. ) . ერთი გაფიქრება კი გავიფიქრე – ახლა თუ დამარტყა, მზად ვიყო მეთქი.
– რა მიკრორაიონში , დამპალოს სასაფლაოს ბოლოს ვცხოვრობ, ვარკეთილის მეურნეობის უკიდურესში მეთქი ( მოვატყუე ოღონდ, მეტროსთან ვარ ახლოს 😛

– გეტყობა, მეტი სად იცხოვრებ, სოფლელო შენ – იმეორებს მაინც თუ როგორი გოიმები ვართ, ქალაქი რომ ვნახეთ, მადლობას უნდა ვიხდიდეთ , მაგრამ მკვიდრ ქალაქელებს კი არ უნდა ვაწუხებდეთ. ჩვენი ადგილი უნდა ვიცოდეთ…

ბოლოს, თქვენ რა უნდა გელაპარაკოთო და წავიდა, თუმცა, მოგვაყოლა: თქვენი ნაბიჭვარი დედებიო :)) მერე უკვე გვეცინებოდა ( ნინომ მიაძახა – ნაბიჭვრები სახლში მოიკითხეო – მობრუნებას აპირებდა) და რომ მობრუნებულიყო, ალბათ, გვნახავდნენ პატრულში თქვა:)))

ხოდა ახლა ვფიქრობ.. მაინც ვერ მოვიფიქრე რა სამაგისტრო პროგრამას მივანიჭო უპირატესობა და ის ქალი უნდა მოვძებნო – ეგებ მოკლე კურსი მაინც გამატაროს, როგორ გავიარო მე, ვარკეთილში დაბადებულმა?! ( ამდენი არ ვიცი, მგონი, თემქაზე დავიბადე, ერთი ვკითხო დედაჩემს), მოსკოვის პროსპექტსა და ვარკეთილში გაზრდილმა თავხედმა და რავიცი კიდევ როგორმა – ადამიანმა ვაკეში ადაპტაცია, რომ მერგოს პატივი – ვაკის პარკში გავლისა!!! ( დანარჩენებიც შემომიერთდებიან :-D)

 
6 Comments

Posted by on ივლისი 2, 2010 დუიმი მე:-)

 

ტეგები: , , , ,