RSS

Tag Archives: მარიტა

ტრაგედია “სტატისტიკიადა”

მოქმედნი პირნი –

მარი.

მაგდა.

მარიტა.

მაცნე (ნიკოლოზი)

ქორო.

 

პროლოგოსი:

ვარკეთილი, მარი კომპიუტერთან ზის,  გახსნილი აქვს სტატისტიკის დავალებები და გმინავს.

 

მარი

ჰოი ნიკოლოზ, ნუ გვიმუხთლებ და ნუ გაგვწირავ,

ჩვენ ბევრს არ ვითხოვთ, მხოლოდ ახსენ თუ თქმა გსურს რამის,

პროცენტილებმა წარიღო ძილი დილის თუ ღამის,

და დისპერსიას ჩვენი ნერვების მაქსიმუმს ვწირავთ.

 

ქორო

სტროფი I

ვაი, ვუი, ვაი, ვუი, ვუიმე და ვაიმე,

გულმა როგორ გაუძლოს თქვენს სტატუსებს დარდიანს,

მარი, მაგდა, მარიტა – ვეღარ გხედავთ მადიანს.

 

ანტისტროფი II

 

იქნებ რამე გეშველოთ და ჰისტოგრამა გაიგოთ,

მერე ეგებ გაგეხსნათ ოგივასთვის გონება,

რვა კვირაც გაუძელით, თქვენი ჭირი წაიღოს,

და იქნას სტატისტიკის ტკბილ-მწარე მოგონება.

 

ეპიზოდი I

მაგდა, მარი და მარიტა ც კორპუსიდან გამოდიან. საღამოს 9 საათია.

 

მაგდა

ახლა მეც დავიღალე, გამიცრუე იმედი,

კითხვა არ დამისვაო – შენს პირს როგორ წამოცდა,

ღმერთო ჩემო, ოჰ რა ვქნა, ეს სადამდე მივედი,

ნუთუ ჩამივარდება სტატისტიკის გამოცდა.

 

ქოროს გამძღოლი ქალი

 

ვაი, ვუი, ვაიმე, ვუიმე და ვაიმე

რა დღეში ხართ ბავშვებო, დავიხოკე ღაწვები,

რამდენ მაგისტრს მოვსწრებივარ, ოხ, გასულა რა წლები.

 

 

ქორო

სტროფი I

არ არსებობს სხვა გზა და ხსნა, არ არსებობს საშველი?

სულ არ გიხსნით, სულ ვერ იგებთ? იქნებ სცადოთ ძალიან

ათარგმნინოთ მასალები, დაიხმაროთ მაშველი,

იქნებ მაინც ყველაფერი სტუდენტების ბრალია?

 

ანტისტროფი II

 

ჩამოჯექით ერთი ღამე, დაახალეთ თავები,

შეისწავლეთ ცვლადები და ცხრილი განაწილების,

სამმა უნდა გაიყოთ სათარგმნელი თავები,

და ერთმანეთს აუხსენით ნასწავლი ნაწილები.

 

 

ეპიზოდი II, მარიტა და მარი დგანან გაჩერებაზე და გოდებენ.

მარიტა

რატომ უნდა მოვითმინოთ, სად არის სამართალი

პროგრამაში არ ეწერა ენა წინაპირობად,

დავალებას ვერ ვიგებთ, განგვიმარტოს პირობა,

მოვითხოვოთ,  აგვიხსნას ტყუილი და მართალი.

 

მარი ჩანთიდან იღებს ჰისტოგრამის ფორმის რკინის იარაღს

მარი

მე მეტს ვეღარ გავუძლებ. დავიღალე ძალიან,

დამიკარგეს ყოველი ნდომა-მოტივაცია,

აღარ მინდა ჰისტოგრამ-გადახრ-ოგივაცია.

 

ეპილოგოსი

სცენაზე შემოდის მაცნე ნიკოლოზი

 

მაცნე

ეს რა შავ დღეს მოვესწარ, მეც ხომ დამნაშავე ვარ,

ჩემ გამო მოისწრაფა, ახალგაზრდამ სიცოცხლე,

გავასწორებ შეცდომებს, სხვაგვარად ვერ ვიცოცხლებ.

 

ჰისტოგრამა ჩაიცა გულში, წვერწამახული,

ტრაგედია ასეთი, ჯერ არა მაქვს ნახული,

ისტორიას ექნება, მუდამ გადანახული.

 

ქორო მღერის. ფარდა იხურება.

 

 

ტეგები: , , , , ,

ილიაუნის პირველი კვირა

ჩემი ილიაუნელობის პირველი კვირა დასრულდა. საბოლოო ჯამში, შეიძლება თამამად ვთქვა, რომ კმაყოფილი ვარ.  ( იმედია, თვალი არ მეცემა :დ)

ჯერჯერობით, ოთხი საგანი ჩამიტარდა, უქმე დღის გამო, ყველაზე შიშისზარისმცემი სტატისტიკა გამიცდა. მგონი, ერთი ამას შეუძლია ჩემთვის ხასიათის წახდენა.

მომწონს – პირველ რიგში ლექტორები, კურსები და მათი შინაარსი. ასევე,  ძალიან პატარა ჯგუფები – სპეციალობის  საგნებზე  4-6 კაცი ვართ, რაც ძალიან მოსახერხებელია – ხარ თითქმის სულ ჩართული  და ლექტორსაც აქვს მეტი დრო, უპასუხოს შენს  კითხვებს.

პლუსია – ლექციები – პრეზენტაციების, დიალოგის და კითხვა-პასუხის რეჟიმში.

მომწონს ბიბლიოთეკა. ძალიან მოსახერხებელია  უკაბელო ინტერნეტი დერეფნებშიც კი – სწორედ ამან გადამაწყვეტინა, რომ ვიყიდო ლეპტოპი. ფანი ვარ ილიაუნის მეილის, რომელშიც მთელი უნივერსიტეტის მისამართთა ბაზაა მოთავსებული. არგუსი – რომლითაც კონტაქტობ  ლექტორებთან და იღებ სასწავლო მასალას მისი მეშვეობით, იქვე გაქვს ლექციების ცხრილი.

რაც შეეხება საგნებს და ლექტორებს, გასაკუთრებით, ნოდარ ლადარიას „ქრისტიანული ეკლესია და ევროპის დაბადება“  მომწონს.  ჯგუფში ხუთნი ვართ  – მათგან მხოლოდ მე და მარიტა ვართ ჟურნალისტები, სხვებს ფილოსოფია-თეოლოგია აქვთ დამთავრებული და ცოდნის ბაზისი ცხადია,  აქვთ. ჰოდა, ყველაზე ნაკლები ამ საგანში, ვიცით მე და მარიტამ. თავიდან დავიგრუზე, მერე სხვანაირად დავფიქრდი და ახლა, მე და მარიტა ასე ვხალისობთ კიდეც – ეს ლექცია ყველაზე მეტად გვეკუთვნის ჩვენ, უნდა დავსვათ რაც შეიძლება მეტი კითხვა, არ მოგვერიდოს აზრის გამოთქმა, დასაწყისში თუნდაც  სისულელის – მეორედ ხო აღარ ვიტყვით :დ

ლადარია რომ ძალიან მცოდნე და ღრმაა, ამაზე, ორი აზრი არ მგონია არსებობდეს. ჰოდა, კურსს ხომ სწორედ იმიტომ უძღვება, რომ ჩვენც გვასწავლოს რაღაცები. ჩვენც  ხომ სწორედ ამიტომ ავირჩიეთ, რომ ვიცოდეთ უფრო მეტი, ვიდრე ვიცით ახლა. ის კი, პირდაპირ არაფერს გეუბნება და მინიშნებებით მიდიხარ  სწორ პასუხამდე. სწორედ ეს არის მისი კიდევ ერთი ხიბლი. თან, პირველ ლექციაზევე აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი რამ არ ვიცი, პრინციპში, ჩემი ბაკალავრის სპეციალობიდან გამომდინარე, არც მქონია შანსი, რომ მცოდნოდა.  ხოდა, არ შეიძლება ერთი წუთის დაკარგვაც :დ

ჰო, გული მწყდება, რომ  ვერ ვატარებ იმდენ დროს უნივერსიტეტში, რამდენიც მინდა. ფაქტობრივად, დღეში ორი საათი ვარ მხოლოდ, რადგან სამსახურიც ხო გინდა ადამიანს :დ  აღმოვაჩინე, რომ ეს კვირა ერთგვარ ექსტრიმში მიწევდა ცხოვრება – რედაქცია-უნივერსიტეტი-რედაქცია.. და რაღაცნაირად დაძაბული ვარ სულ. იმედი მაქვს,  მალე შევეჩვევი.

და მინდა, მომავალი კვირები კიდევ უფრო უკეთესი იყოს ❤

 

ტეგები: , ,