RSS

Tag Archives: პატრიარქი

შენ ფიქრობ, რომ მე ვარ ურჯულო!!!

შთაგონების წყარო: მანქი, მერე დრიმარი , მერე საბუნია, მერე გეი ბიჭი – მეტი მე არავინ მინახავს :დ
გამარჯობა, შენ ჩემ გვერდით ზიხარ, ავტობუსში.  მე სამსახურში მივდივარ, წიგნს ვკითხულობ ან შერლოკ ჰოლმსს ვუსმენ ინგლისურად, თუმცა, ათიდან ცხრა სიტყვას ვერ ვიგებ. შენ საათს მეკითხები, მე  მობილურიდან „ფეისბუქს“ ვთიშავ, რომ საათის რეჟიმზე გადავიყვანო,  თუმცა, არ გესმის, რადგან ეკლესიასთან ვართ, ვაჟაზე და პირჯვარს იწერ.  გიკვირს,  მე რომ არა და საათს ხელახლა მეკითხები.  შენ ფიქრობ, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ ტაქსის მძღოლი ხარ. შენს მანქანას ნაკურთხი(ალბათ) ჯვარი აკრია, სალონში კი,  ხატები გიკიდია. მე გეუბნები, რომ ჯობს, უსაფრთხოების ქამარი შეიკრა და რომ,  მხოლოდ ეს ჯვარი ვერ გადაგარჩენს. შენ სარკეში იყურები და ფიქრობ, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ ჩემი და ხარ. ახლა მარხვაზე ხარ და აღასარების ჩასაბარებლად ემზადები. მე მეცინება სამარხვო კატლეტზე, შოკოლადსა და ხინკალზე, გეუბნები, რომ პატრიარქი არ უნდა წყვეტდეს, შენი შეყვარებული ჯარს სად მოიხდის. შენ მიყვირი, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ ჩემი ბიძაშვილის ძმაკაცი ხარ. მასთან ერთად ამოხვედი ჩემთან. შეესწარი ჩემსა და ჩემი დის კამათს.  ვუთხარი, რომ საერო და საეკლესიო ხელისუფლება სხვადასხვაა და არ უნდა ერეოდნენ.  შენ არაფერი გითქვამს, თუმცა, გაიფიქრე, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ მღვდელი ხარ. მე თსუ-ს სტუდენტი, რადიოსამონტაჟოს ოთახებში ვზივარ და დავალებას ვაკეთებ.  შენ ლოცვანებს და დისკებს არიგებ აუდიტორიებში, ამჯერად, სამონტაჟოშიც ამოხვედი. თან, ნაკურთხ წყალს აპკურებ კომპიუტერებს, ორჯერ მომხვდა წყალი – ღიმილით გითხარი, რომ ვმუშაობ. შენ ფიქრობ, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ სანთლების გამყიდველი ქალი ხარ. კომპიუტერების ოთახში შემოდიხარ, მეორე სართულზე. არავინ არ ყიდულობს, თუმცა, მაინც ჯიუტად იმეორებ, რომ უნდა ვიყიდოთ. მეთვალყურე გთხოვს, გახვიდე. შენ ამბობ, რომ ყველას ღმერთი დაგვსჯის. შენ ფიქრობ, რომ ჩვენ ვართ ურჯულოები.

გამარჯობა, შენ ვარკეთილის მეტროსთან საღამოობით მოწყალებას ითხოვ. ყოველ საღამოს გხვდები მიწისქვეშა გადასასვლელში. „დამეხმარე, ღმერთი არა გწამს? – მეუბნები და ჯოხს მიქნევ. შენ არ ფიქრობ იმას, რომ შეიძლება მე მეტად მიჭირდეს, უბრალოდ, შენ ფიქრობ, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ ქაშუეთთან ტკბილეულს და სიგარეტებს ყიდი. მე პარლამენტიდან ჩამოვდივარ, მოულოდნელი ინტერვიუ მქონდა, სახლში ჭამა ვერ მოვასწარი და ძალიან მშია. სნიკერსს ვაფასებ: დიდი სამი ლარი, პატარა – ორი – მეუბნები შენ. მსწრაფლ გაქციე ზურგი. “ეკლესიასთან ფასზე როგორ ფიქრობ?” – მადევნებ შენ. ცხადია, ფიქრობ, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ დედაჩემი ხარ. გიხარია, ჩემი და რომ ეკლესიაში დადის. ნეტა შენც დაჯდებოდე  მარხვაზე – მეუბნები მე. ჩემს სიტყვებს –  არ მინდა მარხვა მარხვისთვის და რომ მე მეტი მწამს, ვიდრე ეკლესიაა –  შენ ეთანხმები. თუმცა, როცა ნაკურთხ წყალს ასხამ ოთახში და მეც მწუწავ, ვბრაზობ – შენ  ფიქრობ, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ ჩემი ოცი წლით უფროსი დეიდაშვილი ხარ. ჩემი დის დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, ისტორიაზე ვბჭობთ, ამჯერად, უახლესზე. შემდეგ, მე გითხარი, რომ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა საპატრიარქოს და ხელისუფლებას კითხვები გაუგზავნა და რომ, მეც ერთერთი ხელმომწერი ვარ. შენ დედაჩემს ეუბნები – გაათხოვე, თორემ დაიღუპება. შენ ფიქრობ, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ ჩემი თანამშრომელი კაცი ხარ. ამასწინ გაიგე, რომ თეოლოგი ლექტორი მყავს, შენთვისაც ნაცნობი. შენ ამბობ,  რომ ის ათეისტია და  იმიტომ სწავლობს თეოლოგიას, რომ უკეთ ებრძოლოს ქრისტიანობას. მე არ გეთანხმები, შენ  ფიქრობ, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ ჩემი ყოფილი ლექტორის სტუდენტი ხარ. ის არ მოგწონს და მეკითხები – მე რა „ვიპოვნე მასში“. მხრებს ვიჩეჩავ და მთავარ  მიზეზებს გეუბნები. მაგრამ შენ ამას არ უსმენ, შენ მაინც ფიქრობ, რომ ის არის ათეისტი და მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ ერთერთი სააგენტოს ჟურნალისტი ხარ. მე მესამე კურსის სტუდენტი. მე პირველი არხის შენობის წინ ვდგვარ ‘ტრანსპარანტით’ – “დავიცვათ სარედაქციო დამოუკიდებლობა”, შენ კითხულობ, რას ვაპროტესტებ. მე გეუბნები, რომ “დიდი ათეული” არ უნდა დაიხუროს. – საპატრიარქოს მოთხოვნის მიუხედავად?” – კითხულობ შენ. – რა თქმა უნდა. – გპასუხობ მე. შენ სახეზე გაწერია, რასაც ფიქრობ. შენ გგონია, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ ჩემი ფეისბუქელი ფრენდი ხარ. შენ დალაიქებული გაქვს გვერდი – „მე მიყვარს ჩემი პატრიარქი“. მე – არა. შენ უკანასკნელი  სიტყვებით იგინები „მე არ მიყვარს ჩემი პატრიარქის“ გვერდზე, მე არაფერს არ ვაკეთებ. შენ ხედავ, რომ მე „ათეისტზე უარესების“  პოსტებს ვალაიქებ და შენ ფიქრობ, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენც ჩემი ფეისბუქელი ფრენდი ხარ. არასოდეს გვიკონტაქტია. არც ერთმანეთის სტატუსი დაგვილაიქებია ოდესმე, კომენტარზე არაფერს ვამბობ. ფრენდობის მერამდენიღაცა თვეზე, ჩატი ამოხტა, შენ ლოცვას მიგზავნი და მეუბნები, რომ ეს 15 ცალად უნდა გავავრცელო, თორემ უბედურება შემემთხვევა. მე გეუბნები, რომ ფეისბუქი ამისთვის არ მაქვს. შენ ფიქრობ, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ ეს პოსტი წაიკითხე, და ფიქრობ, რომ მე ვარ ურჯულო???

 

ტეგები: , , , , , , , ,