ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რატომ ათმა ფბ-ელმა ფრენდმა მაინც არ მკითხა ინბოქსში, ჩატსა თუ სტატუსზე მსგავსი :
– წიგნებს რომ კითხულობ, მაგით რა? გგონია, უკეთესი გამოჩნდები?
– რას პოზიორობ მაგ წიგნების კითხვით? ( ამაში ჩემი სტატუსები იგულისხმება)
– რა ხდება, თავის გამოსაჩენად კითხულობ?
წიგნებთან ჩემს ურთიერთობაზე, პატარა პოსტის გამოცხობას ადრევე ვაპირებდი, მაგრამ ვერ მოვახერხე, ხოდა, რაკი Ira facit poetam (რისხვა ქმნის პოეტს), ახლა დავწერ.
კითხვა როდის დავიწყე, არ მახსოვს. ვიცი, რომ ძალიან ადრე იყო, რადგან ბებიაჩემი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და „რწყილსა და ჭიანჭველას“ ვუკითხავდი ( ბებია იმ წელს გარდაიცვალა, 1991-ის ბოლოს. მე 1988-იანი ვარ, გამოდის, სადღაც სამი წლისამ კითხვა ვიცოდი.).
პატარა რომ ვიყავი, დედაჩემი ბევრ წიგნს ყიდულობდა ჩემთვის. სამწუხაროდ, ძალიან ველური ბავშვი ვიყავი და ვანდალურად ვექცეოდი ყველაფერს. დამტვრეულ სათამაშოებსა და „ზელიონკით“ დასვრილ-თვალებდაჩიჩქნილ ჩემს ფოტოებთან ერთად, დახეულ-დაფურცლული საბავშვო წიგნებიც შემომრჩა. დუმბაძის ლექსების დიდი, ფერადსურათებიანი წიგნი, ორი დავხიე, ასევე პატარ-პატარა ზღაპრები. ცოტა რომ მოვიზარდე, კი შევწუხდი და დაწებებულ-დაკერებული შემოვინახე, რაც ჩემს მსახვრალ ხელს გადაურჩა.
ცოტა რომ მოვიზარდე, ასე ხუთი წლიდან, წიგნი მართლა ჩემი მეგობარი შეიქმნა. თან, მაშინ ჩემი და დაიბადა და დედაჩემს ჩემთვის „აღარ ეცალა“ . ცოტა ხანში, ბინაც შევიცვალეთ, ამიტომ ბიჭებთან სათამაშოდაც ვეღარ დავრბოდი ისე ხშირად. პირველ კლასში ვიყავი, დაწყებითი კლასების ბავშვთა კონკურსში რომ გავიმარჯვე და წიგნი მაჩუქეს, „კითხვის ტექნიკის შეჯიბრებაში გამარჯვებისთვის, გისურვებ წარმატებებს პატარა ანგელოზო“ – წამიწერა ალვინა მასწავლებელმა, რომელიც კარგა ხანია, ცოცხალი აღარ არის. მახსოვს, წიგნი გახარებულმა მივიტანე სახლში, დედაჩემიც ბედნიერი იყო, მამაჩემმა კი, დახედა და გაიცინა – მერე რა, თავიდან ყველას მოსწონს წიგნი და კითხვა, მერე კი მიავიწყდებათ. ისინიც ( შვილები პირველი ცოლისგან) მაგრები იყვნენ, მაგრამ ხომ ხედავ, ცხრა კლასიც არ დაუმთავრებიათო. მეწყინა და გავიძურწე. იმ წელს მამაჩემი სულ წავიდა სახლიდან ( და ხელიდან :დ), ჩემი და ბაგაში შეიყვანეს, დედაჩემმაც იქ დაიწყო ძიძად მუშაობა. დავრჩით მე და წიგნები.
მასთან ურთიერთობა მართლაც დაუვიწყარი იყო. განცდას, როცა მასთან ერთად ხვდები გათენებას, არც ერთ სხვა გრძნობას არ შევადრიდი. ძალიან ხშირად, დასრულებული წიგნი დამიდევს მაგიდაზე, ჩამიცვამს და პირდაპირ სკოლაში წავსულვარ. თან, ჩანთაში სხვა წიგნიც ჩამიდევს და შესვენებებზე მიკითხია.
ღამე წიგნთან ერთად, სხვადასხვაგვარი იყო. თუ ბოლომდე მყოფნიდა სანთლები, ხომ კარგი. თუ ვერა, რამდენჯერმე გადაზელილ-გადამდნარი და „დაწნულძაფჩადგმული“ სანთელი მიწევდა დახმარებას. ხშირად, ნავთგამოცლილ ლამფას მხოლოდ ფითილზე ვწვავდი იმისთვის, რომ „ეს გვერდიც წაიკითხო“, მერე ისიც, ისიც და ასე ბოლომდე…
მერე დედაჩემი მეჩხუბებოდა, ერთი – სად არის ამდენი ნავთიო, მეორე – გაგიჟდები ამდენი კითხვით და თვალებს დაიავადებო. გაამოსავალი მაინც მოვძებნე, დასატენი დიდი წითელი ფარანი გვქონდა. საღამოს რვაზე შუქი რომ მოდიოდა, ვტენიდი, რომ ქვრებოდა და ვწვებოდი, საბანს მოხერხებულად გადავიფარებდი, წიგნს მის ქვეშ ვდებდი და ზედ ფარანს ვანთებდი, სანამ მყოფნიდა, მყოფნიდა..
სამწუხაროდ, შინ დიდი ბიბლიოთეკა არასოდეს მქონია, ორას-სამას წიგნამდე მექნება თავისი პარტ.ისტორიით და „ახალგაზრდობის შრომის პრობლემებით“. მალე ვშანთქე ჩემი წიგნები და საახლობლოს მივადექი. სტუმრობის ობიექტს იმ პრინციპით ვირჩევდი, ვის მეტი წიგნი ჰქონდა სახლში. ყოფილ მეზობელთან, დალი ბებოსთან წასვლაც ამ მიზნით უფრო მიმიხაროდა. უფროსები ლაპარაკობდნენ, მე კი, ჩარლზ დიკენსს ან მარკ ტვენს ვკითხულობდი. დედაჩემის ყოფილი თანამშრომელი ძალიან მკაცრი ქალი იყო, „ზედმეტ ხმას“ ვერ ამოიღებდი მასთან და გვეშინოდა კიდეც, მაგრამ პირველი მე მივიჩქაროდი, რადგან მის სახლში ჩემთვის უცხო წიგნები მოიპოვებოდა და თუ კარგად მოვიქცეოდი, მთხოვნიდა კიდეც. ანჟელიკას და ჟოფრეს ამბები სწორედ მის წიგნებში წავიკითხე. ასევე, ლევან გოთუას „გმირთა ვარამის“ მესამე-მეოთხე ტომი. (პირველი ორი – მეზობელმა მაჩუქა. ძირითად, რუსი და სომეხი ეროვნების მეზობლები მყავდა. მათაც სმენოდათ – წიგნებზე შეყვარებული „დარეჯანის გოგოს“ ამბავი და ქართული წიგნები თუ ჰქონდათ საიდანღაც, ჩემთან მოარბენინებდნენ ხოლმე – უნდა გადაგვეყარა და გქონდესო, ასე გაჩნდა ჩემთან – მიხეილ კეკელიძის „ბრწყინვალე ვარსკვლავის მაძიებელნი“, მარკო მარჩევსკის „კუნძული ტამბუქტუ“, შერლოკ ჰოლმსის“ პირველი ტომი, „იანოშ რაინდი“, „ფრეგატების მატარებელი“, „მარგალიტი“ და სხვ.
ჩემი ნათესავების წიგნებიც შესუნთქული მქონდა. უკვირდათ დ ზოგჯერ მიბრაზდებონენ ხოლმე – არც თამაშობს და არც სუფრასთან მოდის, მხოლოდ წიგნის თაროებს უტრიალებსო. შევარჩევდი წიგნებს, მერე დედაჩემს მივაგზავნიდი დეიდასა თუ ბიძასთან ( მე მააინც ხათრიანი ვიყავი) და ვეთხოვებოდი წიგნებს , შინ დატვირთული მივდიოდი და იწყებოდა ჩემი ზეობა.
წიგნს დედაჩემის თანამშრომლებიც მიგზავნიდნენ, ედმუნდო დე ამიჩისის „გული“ მზარეულმა ომარ ფოცხვერაშვილმა მაჩუქა. იმის მიუხედავად, რომ მინიმუმ ერთი ათეული წელია, აღარ მინახავს ის კაცი, წიგნის წყალობით, ყოველთვის თბილად მახსენდება. წიგნიც ხომ ძალიან თბილი იყო, ყველაზე მეტად, იმ ბიჭის მშურდა, საკუთარი ბიბლიოთეკა რომ ჰქონდა, მამამ წიგნები სხვადასხვა ფერის ყდაში რომ ჩაუსვა და თავად, ყოველდღე ფრთხილად წმენდდა წიგნებს დაა თაროს მტვერს ნამდვილი ბიბლიოთეკარივით.
წიგნი გაცილებით ბევრს ნიშნავდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ. იმ წლებში, როდესაც ხშირად საჭმლის ფულიც არ იყო და სკოლაში ვიღაცის გამონაცვალი და დახეული ფეხსაცმლით დავდიოდი, როგორღაც ვახერხებდი და მეორად წიგნებს მაინც ვყიდულობდი. ყველამ იცოდა, რომ დაბადების დღეზე თუ ჩემი გახარება უნდოდათ, წიგნი ეჩუქებინათ. ისინიც ასე იქცეოდნენ, წიგნს მჩუქნიდნენ ან ფულს მის საყიდლად. მეც მეორე დღესვე გარბოდი მათ შესაძენად. ასე გაჩნდა ჩემთან ტომ სოიერი, ჰეკ ფინი და პატარა უფლისწული, რობინზონ კრუზო, „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“ და „სადუმლო კუნძული“. ეს უკანასკნელი თავისუფლების მოედანზე ვიყიდე. „ისე“ ვიყავით მე და დედაჩემი წასულები, მგონი ქაშუეთში. მეტროსთან ბუკინისტების მაგიდებს გულგრილად ვერ ჩავუარე, დავდექი და თვალიერება დავიწყე. ჟიულ ვერნის „საიდუმლო კუნძული“ ვიკითხე, ისე, უიმედოდ, რადგან წინა დღეს ყველა მაღაზია მოვიარე, ვერ ვიშოვნე და რობინზონ კრუზო ვიყიდე 6.90-ად. „კი, მაქვს და სამი ლარი ღირსო“ – მიპასუხა გამყიდველმა. კინაღამ ცუდად გავხდი, ორი ლარი მქონდა მორჩენილი მხოლოდ. დედაჩემმა ჩემი შოკირებული სახე რომ დაინახა, რაღას იზამდა, ამოიღო ბოლო ლარიანი და მომცა. საკუთარი ბუკინისტიც მყავდა, ვარკეთილის მეტროსთან. იაფი წიგნები ჰქონდა – ლარად, 50 თეთრად, ორ ლარად. 10 წლის გავხდი, ჩემი 4 წლის და რომ წავიყვანე, „საჩუქარი უნდა ეყიდა“ ჩემთვის ლარად. ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობები ვიყიდე. ბუკინისტმა რომ გაიგო, დაბადების დღე მქონდა, „შენ ჩვენი კლიენტი ხარ და აიღე ერთი წიგნი, ჩემგან გქონდესო.“ ჟოლის კუნძული ავიღე ( ბიბლიოეკაში მქონდა წაკითხული და მინდოდა, მქონოდა :დჟანრი – ყველანაირი მიყვარდა, დაწყებით კლასებში მსოფლიოს ხალხთა თითქმის ყველა ზღაპარი მქონდა წაკითხული. ერთი პერიოდი სამოგზაურო წიგნებმა გამიტაცა, ჟიულ ვერნი ჩემს სამაგიდო წიგნად იქცა, ჯეიმს კუკის, კაპიტან ლაპერუზის, მაგელანის და სხვათა მოგზაურობა ჩემი ცხოვრების თანამგზავრი ხდებოდა. მეზღვაურობა მინდოდა და ჟოლი კოვაჩთან ერთად ვოცნებობდი საკუთარ კუნძულზე.
ასტრიდ ლინდგრენი ცოტა გვიან, მეოთხე კლასში გავიცანი, ტკბილეულის მოყვარულ კარლსონისა და პეპის დღესასწაულებტან ერთად, ვილი ვონკას შოკოლადის ქარხანაზეც ვფიქრობდი ხოლმე. ჩარლის ვადარებდი თავს, რომელსაც წელიწადში ერთხელ ჩუქნიდნენ შოკოლადის ფილას და თავს ვიმშვიდებდი, რომ მე სამჯერ და ოთხჯერაც ვჭამდი.
მეოთხე კლასში ვიყავი, სკოლასთან მდებარე ბიბლიოთეკაში რომ ჩავეწერე და მალე მეტისმეტად „პოპულარული“ გავხდი. ბიბლიოთეკის გამგემდე „გავარდა“ ჩემი სახელი და რაკი, ჩვეულებრივი სამკითხველო ოთახის წიგნები უკვე წაკითხული მქონდა, სპეციალურ წიგნთსაცავში შევყავდი და „დიდურ წიგნებს“ მაძლევნენ. თავიდან არ ეჯერათ, რომ ასე სწრაფი მკითხველი ვიყავი, დღეში რამდენიმე თხელტანიან ან ორ სქელტანიან წიგნს ვკითხულობდი ( ახლა გავფუჭდი :D) მერე გამოცდებიც მომიწყვეს, რაღაც ჟურნალში გამოჭენება მომინდომეს და ბიბლიოთეკის „საპატიო მკითხველის“ ტიტულს დამპირდნენ. (ახლა ჩემს დას ჰპირდებიან ჩემი ხათრით და საუკეთესო მკითხველი ხარო – ეუბნებიან( წელიწადში ორი წიგნი გამოაქვს და იმასაც, მე ვკითხულობ:D). ორ წელიწადში წამოვედი იქიდან.
ბევრი მეუბნება, რომ ფილმის ყურება სჯობს წიგნის წაკითხვას, რასაც ვერაფრით ვერ ვეთანხმები. ჯერ ერთი, მე-9 კლასამდე ტელევიზორი არ მქონია სახლში და ფილმებს ნამდვილად ვერ ვუყურებდი ( მას შემდეგ კი, ვერ დავუდე გული და თითო-ოოლა კომედია თუ მაქვს ნაყურები, რითაც არ ვამაყობ, ცხადია) და მეორეც, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ეკრანიზაცია ჯობდეს წიგნს. მეუბნებოდნენ, რომ „იქ ხედავ ყველაფერს“, მაგრამ რა, წიგნში ვერ ვხედავ? პირიქით, ყველაფერს ხედავ. ზუსტად ვიცოდი, როგორი უნდა ყოფილიყო კაპიტანი ნემო თუ ინჟინერი სმიტი, ჯონ ჰატერასი თუ გრაფი მონტეკრისტო, დ არტანიანი თუ გიორგი სააკაძე, მამლუქის ბიჭები თუ ილიას გაბრიელი და ოთარაანთ ქვრივი. ვხედავდი ლუარსაბსაც და მის მოჯამაგირე დათასაც, აკაკის ჰაჯი-უსუბსაც და ფრანსუა რაბლეს გარგანტუას და პანტაგრუელსაც.. მათ მეტი ეკრანიზაცია არ სჭირდებოდათ ჩემს თვალში.
კიდევ ბევრი რამის დაწერას ვგეგმავდი, მაგრამ იმდენად გამიგრძელდა, რომ იმაზეც დავფიქრდი – ღირს კი ატვირთვა მეთქი. წიგნების ასეთი გიჟი მკითხველი 14 წლამდე ვიყავი, მერე გარდატეხის ასაკმა თავისი ქნა და რამდენიმე წელს მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურასღა ვკითხულობდი. ბოლო ორი თუ სამი წელია, ისევ დაავუბრუნდი ჩემი ბავშვობის სიყვარულს, ამ დროს მოდის ვიღაცა და მეუბნება, რომ ვპოზირებ და თავი ვინმეზე უკეთესი მგონია.
ისე ვერ წავიკითხავ წიგნს საპოზიოროდ, როგორც ვერ შევჭამ მაწვნის სუპს ვერასოდეს, იმის მიუხედავად, რომ ყველა გიჟდება, როგორც ვერ შევჭამ აჯიკას სხვის დასანახად. როგორც არ შემიძლია, რომ არაჟანი ვჭამო უშაქროდ ან ბორშში. როგორც მაიონეზს ვერ მოვასხამ ყველაფერს – იმიტომ, რომ ასეა „მიღებული“, ისე არ შემიძლია წიგნის წაკითხვა იმიტომ, რომ „ნაკითხი გამოვჩნდე“.