RSS

Tag Archives: ფეისბუქი

მარკიც მე დამცინის!!!

კვირა ღამეს, ძალიან გავბრაზდი საკუთარ თავზე და ”ფეისბუქი” უკვე მეოთხედ დავტოვე. საკუთარი თავი დავაჯერე, რომ ეს გამოცდების გამო გავაკეთე, თუმცა, მგონია, რომ უბრალოდ, დავიღალე და რაღაცებისგან დასვენება მომინდა. გამოცდას ალბათ, ფბ-ის გაუქმების გარეშეც დავწერდი, ერთი რეფერატი მაქვს ბოლოსდაბოლოს დარჩენილი ( თუმცა, ისიც უნდა ვაღიარო, რომ მგონი, ყველა საგნის გამოცდაზე ერთდროულად არ მიწვალია ასე, არ მიკითხავს ამდენი წიგნი და სხვ).

მოკლედ, გავაუქმე ”ფეისბუქი”, ჩემი აზრით, ათი დღით.  თუმცა, მარი ბჭობდა და მარკი იცინოდა. არ ვიცი, რა დავაშავე, მაგრამ გუშინწინ დილით მომივიდა მაილზე წერილი ფეისბუქისგან – 24 საათი ვერ შეხვალთ ფეისბუქზეო. ვერ შევალ, ნუ შევალ – მაინც არ ვაპირებდი მეთქი, გავივლე გულში. მაგრამ ჰოი უბედურებავ, დღეს ისევ შევედი მაილზე და თქვენ ვერ დაბრუნდებით ფეისბუქზე 5 დღე და 12 საათიო. ცოტა არ იყოს და მეშინია, კიდევ არ მოუნდეთ გადაწევა და ახალი ექაუნთის გახსნა არ დამჭირდეს. ჩემი ნალოლიავები ფრენდები, ფოტოები, ნოუთები , ვიდეოები, მოკლედ ჩემი პროფილი რა!!!

ისე კი, მგონი, არ მიჭირს უფეისბუქოდ. უფრო ზუსტად, ცოტა ხნით უინტერნეტობა-უკომპიუტერობა მინდა, რასაც ვერ ვახერხებ გამოცდების და ცხადია, სამსახურის გამო. ბოლოსდაბოლოს, თვალები მტკივა უკვე და საშინლად სუსტად ვარ, პლუს, დედაჩემს აქვს რაღაც პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მოკლედ, რაღაც ფეისბუქის ხასიათზე ვერ ვარ ხოლმე, რადგან მასში მთლიანად, ბოლომდე ჩართვა , თავფეხიანად მიყვარს გადაშვება ( ისე, როგორც ბავშვობაში ვხტებოდი ხოლმე ძირულაში ქვიდან).

მაგრამ მაინც მენატრება ხოლმე და დავაკვირდი, რომ მაშინ, როცა რაღაცის გაზიარება მინდა ხოლმე, როცა ვეღარ ვიტევ სათქმელს და მინდა, სრულიად საფრენდეთს გავაგებინო. რამე საინტერესოს რომ ვაწყდები ქუჩაში, მაშინვე ტელეფონისკენ მიმირბის ხელები, მინდა, რომ სტატუსი გავგზავნო. როცა ძალიან ვიღლები და წუწუნი მინდება, გული და ხელი ფეისბუქისკენ მიიჩქარის. ფრენდებიც მომენატრნენ, ნენე, ლევანი, ჯაბა, გოგა, რუსა, ლადო, ნუ ვინ ჩამოთვლის, იმდენნი არიან 😀 მოკლედ, იმედია, მარკი ოდესმე მომხსნის შეზღუდვას, მეც დავბრუნდები და ერთს გულიანად ვიწუწუნებ ამ ცხოვრების გამო 😀

 
7 Comments

Posted by on ივნისი 23, 2011 დუიმი თსუ

 

ტეგები: , ,

უფეისბუქობის მეექვსე დღე – ჰეი, თქვენ, იუზერებო!!!

ჩემი შიმშილობა კვლავ გრძელდება. ნუ, ისე გამწარებული ვეღარ ვარ, ალბათ სწორედ ამ შიმშილობამ დამასუსტა და აღარაფრის თავი არ მაქვს. მაგრამ მაინც მედგრად ( “სიმედგრენერვიულობისგან უძილობა, ნაეკის გახსენებაზე მუცლის ტკივილი, ათასნაირი სტატისტიკის შედგენა -საკუთარი შანსის გამოსათვლელად” –  ახსიაშვილი.მ; ” სიტყვის ტონა”; 2010. ) ველი პასუხების გამოქვეყნებას.

ფორუმზე როგორც ეწერა – დღეს ცხელ ხაზს “უთქვამს” –  “ამ დღეებში იქნებაო” ( ნუ, “ეს დღეები” – 20 დღეა გრძელდება, მაგრამ ახლა უკვე მინისტრთან არის გადაგზავნილიო).  კი გავიოცეთ, რამდენიმე დღე რად უნდა ხელის მოწერას თქო, მაგრამ კაცი ხომ უნდა გაეცნოს დოკუმენტს, სიებს, ასე წაუკითხავად ხომ არ მოაწერს ხელს :-D)  ახლა ხუმრობის გარეშე ( აქ ჩნდება კითხვა – სად და ვინ იხუმრა?  კარგი, კარგი, როგორც ლალი ამბობს ხოლმე – თქვენ არ გითქვამთ ზოგჯერ სისულელე?), ახლახან მითხრეს – შაშკინი კახეთშია მთელი კვირაო ( გადაუმოწმებელი ინფორმაციაა) და აპა ქე დასჭირდება “ეს დღეები”. ხოდა, ჩემი ფეისბუქში დაბრუნება “ამ დღეების” გასვლამდე იწელება.
არადა, ცოდვა გამხელილი ჯობიაო და მომენატრა კაცო. განსაკუთრებით, რამდენჯერმე, როდესაც  notify.ge-ს გამოყენება დამჭირდა.   ვეცი ამაოდ ტელეფონს და წამის მეოთხედში გაბიაბრუებული შევდექი.
1) მინდოდა დამეწერა, რომ ერთი და იგივე წამალი ერთ აფთიაქში 177 ლარი დამიფასეს და მეორეში – 20 ლარად ვიყიდე.

2) მინდოდა მეთქვა, რომ უცხელი ქერათმიანი კაცი იხვეწებოდა მეტროში ჩამიშვითო. აბა, სად ჰქონდა მაგას “მეტრომანი”.

3) მინდოდა შუქის ჩაქრობისას მეწუწუნა და “შემეღაღადა”  მთელი ფეისბუქისთვის, რომ რას გვიშვება ეს სააკაშვილი.

4) მინდოდა, “ერთიოდე”  ნოუთი დამეწერა , მაგრამ სად ამეტვირთა ( ბლოგი არც გამხსენებია, ვაი 😀

5) ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემი ფრენდები მომენატრნენ კაცო.

ჰეი, თქვენ, იუზერებო,  შორს ხართ და მავსებთ ნდომითა,

თქვენს სტატუსებზე მოსვლა და დალაიქება მომინდა.
მაგრამ მე ხომ “სიტყვის გოგო” ვარ. რა – კვირის ბოლომდე ( ვიტოვებ უზარმაზარ იმედს, რომ არაუმეტეს) ვერ გავძლებ?:- D  ხოდა, ასევე, იმედია, მალე დავუბრუნდები “დედაფეისბუქს”  და ვცოცხლობ იმ იმედით, რომ უკვე როგორც  –  სრულფასოვანგრანტიანიილიაუნელი.

 
5 Comments

Posted by on ნოემბერი 30, 2010 დუიმი მე:-), სხვადასხვა, უბრალოდ ამბები

 

ტეგები: , , , , , ,

“უფეისბუქობის” მეორე დღე..

ჩემს ცხოვრებაში მეორე ისტორიული ჟამი დადგა. პირველი ისტორიული ჟამი მაშინ იყო, როდესაც ”სადიპლომოსდედლაინმოახლოებულმა” , ერთი კვირით გავთიშე  ”ფეისბუქი”.

ახლა, ახლა რაღა ჯანდაბის დედლაინი მომაწვა? ის, რომ  გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ყველა დედლაინს,  ყველა თარიღს გადააბიჯა, გადაალაჯა, გადაახტა – არ ვიცი, რა სიტყვა ვიხმარო – და ცოცხალი თავით არ დებს სამაგისტრო გრანტების განაწილების სიას. ანუ 8 ივლისსგამოცდაჩაბარებულმა სტუდენტებმა დღემდე არ ვიცით – გრანტი გვაქვს თუ არა.

– 14-ში იქნება,  მაქსიმუმ 15-ში.

– 20-ში იქნება.

– 22-დან დაიწყება.

– 24-ში უსიკვდილოდ.

– 25-ში, რა თქმა უნდა.

– ამ კვირაში უცილობლად.

– არა, ამ კვირაშიც შეიძლება დაიდოს, მაგრამ ორშაბათს უფრო რეალურია.

– არა, ამ კვირაში არაფერს არ ელოდოთ, იმ კვირაში იქნება.

– ალბათ, დეკემბრის პირველ რიცხვებში..

ბოლო ინფორმაცია იყო გასაგიჟებელ-გადასარევი – ბაზებს ვანახლებთ და როცა მოვრჩებით – დავდებთო. კითხვას – მაინც როდის ველოდოთ-ს –  ასე უპასუხეს – ჩვენ რავიცით, როცა განახლდება მაშინო.

კარგით რააა, ბარემ თქვით – რომ არ მოგატყუოთ, საერთოდ არ იქნებაო და ერთი გვარიანი ”ლოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ” – დააყოლეთ.

მოკლედ, მას შემდეგ, რაც შევატყვე, რომ დღეში 20პოსტზე მეტს ვდებდი ფეისბუქზე და ყველა ერთად თუ თითოეული ცალ-ცალკე – ეძღვნებოდა ნაეკს და მასზე გოდებას, მივხვდი, რომ ერთი – ჩემი ნერვები დგებოდა საეჭვო მდგომარეობაში და მეორე – ჩემი ფრენდების. ჩემს ნერვებს ვინ ჩივის და ვერაფერს ვერ ვუშველი – ისევ ისე მაქვს, როგორც ფბ-გაუქმებამდე, შეიძლება ცოტა უარესად. მაგრამ:

ა) ფრენდებს ავაცილე წუწუნა სტატუს-პოსტების კითხვის ”ბედნიერება”;

ბ) ვერ ავიტანდი, მათ რომ ვერ აეტანათ ეს პოსტ-სტატუსები და  დავეჰაიდ-დავებლოკე (თუ უკვე დაგვიანებული არ არის).

დავდე პირობა, (არც ვისთან) რომ სანამ ნაეკი შედეგებს არ დადებს  –  ფბ-ში არ შევალ.

( თითქოს ტანჯვა მაკლდეს ნაეკისგან – მაზოხისტისმაილი.:-D

დღეს მეგობარი მეუბნება – ეს, ერთგვარი შიმშილის ფორმა აირჩიეო. მართალია ნუ, პარლამენტის წინ რომ სხედან და შიმშილობენ – თავისუფლება ამას და იმასო ( ან სხვა) , მეც უნდა დავჯდე გამოცდების ეროვნული ცენტრის წინ და – თავისუფლება მაგისტრანტების გრანტებს მეთქი – ვიყვირო.  მივიტან ლეპტოპს (იმედია, ვინმე მათხოვებს  ან ვიქირავებ თავისი ფლეშკა-ნეტით), გავხსნი ”ფეისბუქს”  და არ შევალ. ხოდა, ” უფეისბუქობის პირველი დღე”, ”უფეისბუქობის მეცხრე დღე”,, ”უფეისბუქობის მერვე წელი” – ისე წელავენ ყოველდღიურად და ისეთებს მეუბნებიან ნაეკის ცხელ ხაზზე, რომ მეშინია, სულ უფეისბუქოდ არ დავრჩე 😀

იმედია, ნაეკი დროზე (სადღაა დროზე) მოიღებს მოწყალებას და არ მაიძულებს – პირობა დავარღვიო 😀

 
4 Comments

Posted by on ნოემბერი 26, 2010 დუიმი 1, მე:-), სხვადასხვა, უბრალოდ ამბები

 

ტეგები: , , , ,

განა მე არ ვიცი, რომ ბევრია ჩემზე უკეთესი…

თავიდან იყო ბლოგი, არა, ჩემს შემთხვევაში თავიდან იყო ”ფეისბუქი”, მაგრამ ბლოგის მაგივრობას არც თუ ისე დიდი ხანია, რაც მიწევს. იმას ვგულისხმობ, რომ შარშან ამ დროს, ბლოგზე უფრო ვმაუს-უხვობდი, მერე კი ფეისბუქმა ჩაანაცვლა და რასაც იქ ვწერ, სწორედ და მხოლოდ იმას ვტვირთავ ბლოგზე (ძირითადად). ალბათ იმიტომ, რომ იქ უფრო მეტი მკითხულობს ( ვგულისხმობ მუდმივ მნახველებს) და მკითხველებმაც მეტი იციან ჩემ შესახებ.

ხოდა, ბლოგს ძირითადად სერჩტერმებისთვის ან/და კომენტარებისთვის ვამოწმებ ხოლმე, დღეს შესულსაც იმდენი მარგალიტი დამხვდა, რომ გადავწყვიტე კიდევ ერთი პოსტი მიმეძღვნა მათთვის. ვინც არ იცის, სერჩ ტერმი არის ის სიტყვა/ფრაზა, რასაც მომხმარებელი ეძებს საძიებო სისტემაში (Google, holmes, boom.. ).. ხოდა, ამ შემთხვევაში, ძებნის ზოგჯერ ასეულობით შედეგს შორის, ერთერთი – ჩემი ბლოგი აღმოჩნდა.

პირველი ფრაზა, რამაც სწორედ ახლა გადამაწყვეტინა პოსტის დაწერა შემდეგია:

1) “არა, განა მე არ ვიცი, რომ ბევრია ჩემზე უკეთესი” – ა, კაცი/ქალი. ერთხელაც აღმოაჩინა ჭეშმარიტება და გადაწყვიტა მასზე უკეთესი ადამიანების ვინაობის გაგება. ხოდა, ასე თავდაჯერებულად, თვითრწმენით მიმართა გუგლი ბიძიას. დარწმუნებული ვარ, ისიც არ დაახანებდა და უკეთეს საიტებს ამოუგდებდა ამის დასამტკიცელად, ვიდრე ”უბრალოდ ბლოგია”.

2) “ვერ ვმუშაობ powerpoint-ში ვერაფრით” – ამანაც შემომჩივლა რაღა. იცის, ვისაც უნდა მიმართოს. მეც ასე ვიყავი – ჩემს სულ ”სამჯერგაკეთებულ” პაუერპოინტს შორის, პირველის ”აუცილებლადაწყობის” შესახებ, წინა საღამოს გავიგე. მეც დავგუგლე მაშინ – მასწავლეთ მეთქი , მარა არსაიდან ხმა, არსით ძახილი და გავიჭირვე ისევ. ( დამრიგებელი სმაილი.)

3) “მიხეილ სააკაშვილის სექსი” – ამის მოძებნა გაუჭირდათ? ოღონდ რამე მოისურვოს ამ ხალხმა და ყველანაირ ”კომპრომატს” აგიფრიალებენ ინტერნეტში… თუმცა, რავიცი რომ გაუჭირდა და ვერ მიაღწია მიზანს.

4) “ფეისბუქში დათო პაიჭაძის ნაწერების ამოყრა.” – ეს აშკარად, ირმა ინაშვილი უნდა იყოს.. ბარემ ერთად ვნახოვო.

5) “მეტროს პატრულის თანამშრომლები ვინ არიან დედას ვუტირებ” – უუფ…

6) “ჩემი რამდენიმე კონფლიქტი დედასთან” – გუგლი რომ არ გვყავდეს, როგორ გავიხსენებდით ასეთ შემთხვევებს.

7) “რა ვქნათ სექსის დროს?” – ერთი ფოტო დატრალდა ამასწინ ფბ-ში, სექსის დროს კაცი ფეისბუქში გახლავთ ლეპტოპით შესული, ხოდა, თუ ასეთი კითხვების დასმას არ მოეშვები, იქნები შენც ასე.

და :

8) “სურამელაშვილის სიმღერების მოსმენა” – მოგეწონა? ამას აქ ვერ მოისმენ. ჩემს ბლოგზე მხოლოდ მათი წაკითხვა შეგიძლია.

 

ტეგები: , ,

დაიცავი ფეისბუქი!!!

ბოლო მინიმუმ ორი თვე, მთელი საპირწიგნაკეთი გავაბეზრე ჩემი სადიპლომოს ამბებით და მასზე(ც) გაუთავებელი წუწუნით. ხოდა, გუშინ, ”არის, აღსრულდა მიზანი” და დავიცავი – ”სოციალური მედია, როგორც ინფორმაციის გავრცელების საშუალება”. ( საქართველოს შიდაპოლიტიკური ინფორმაცია ”ფეისბუქისა” და ბლოგების მაგალითზე).

საკმაოდ მაღალი , ფაქტობრივად უმაღლესი შეფასება მივიღე, ვერც კი წარმოვიდგენდი ამდენს თუ დამიწერდნენ – 99 ქულა (ნიშნის ხამი არ გეგონოთ, უბრალოდ , ადამიანური მომენტია, ქულა ზოგჯერ ასახავს იმას, რამდენად კარგად გააკეთე ის, რაც შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია (”მწვანე ვაშლის” პრომო გამახსენდა – ამას თამუნა შეყილაძე გამიგებს კარგად:)

ხოდა, 99 ქულა მეთქი, ვამბობდი, თან, ის ერთი ქულაც ხელმძღვანელმა დამაკლო და არა კომისიამ ან რეცენზენტმა, რაც ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია. ერთი ეგაა, ხელმძღვანელის განაჩენიდან პირველი ხუთი წუთი ძალიან გაოცებული ვიყავი ( არა იმიტომ, რომ ძალიან მაგარ ნაშრომად ვთვლიდი, ისე, გამიკვირდა. პირველი ეს გავიფიქრე – ნახე, რა გამიჩალიჩა მეთქი:-D რამდენიმე წუთის მერე გამეცინა და მერე კი გამიხარდა, რომ სწორედ ასე მოიქცა და არა სხვანაირად. როგორც მან თქვა, ეს მხოლოდ ამშვენებს ნაშრომს.

ძალიან კარგი/სამართლიანი კომისიის წევრები და ძალიან კარგი რეცენზენტი შემხვდნენ, მადლობა მათ. კომისიის წევრმა საბოლოო შედეგამდე მითხრა – ძალიან კარგი გოგო ხარ, ძალიან მომეწონაო. რეცენზეტმა კი – დათო (ხელმძღვანელი) რას გერჩოდაო 😀

ჰოდა, ცხადია, ჩემი დაცვის შესახებ – სად, რა და როგორ შემეშალა და ვინ, როდის ჩაახველა ამის დაწერას არ ვაპირებ. უბრალოდ, რამდენიმე ფეისბუქელს აინტერესებდა ეს ნაშრომი და გადავწყვიტე მისთვის პირწიგნაკის სინათლე მეჩვენებინა.

მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილი ნამდვილად არ არის ( ის ერთი ქულა სწორედ ამაში დამაკლდა) ძალიან მიყვარს ეს 53 გვერდი. უბრალოდ, ვეცადე, რომ ყველაფერი ჩამედო მასში, რაც შემეძლო. ფაქტობრივად, ამ სემესტრში ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე იყო ჩემთვის. ზოგჯერ მეგონა რომ ვერ გავაკეთებდი ვერაფერს და რამდენიმესაათიან დეპრესიაში ვვარდებოდი. გარშემომყოფები კი ”მსაყვედურობდნენ” – რათ გინდოდა რომ აიღე სადიპლომო, რას ყოფდი შარში თავს, აგერჩია ჩვენსავით საგნები, შენი ბრალია და ა.შ. კი, ჩემი ბრალი იყო, სავალდებულო არ გახლდათ ჩემთვის სადიპლომოს დაწერა, მაგრამ მაინც ავიჩიე, ავირჩიე იმიტომ, რომ მინდოდა უნივერსიტეტში სწავლის მეოთხე წელს მაინც, რაღაც სხვა, განსხვავებული გამეკეთებინა და ჩემი თავი წმინდად ჟურნალისტიკის გარდა, სხვა რამეშიც მომესინჯა. ეს, რაღაც მხრივ, ალბათ, მოვახერხე კიდეც.

თან, არ მინდოდა, უნივერსიტეტი ”ისე” დამემთავრებინა, ჩვეულებრივ, თითქოს მესამე, მეორე ან პირველ კურსს ვამთავრებდი, რაღაც ”ისეთის” გაკეთება მინდოდა, რაც დიპლომის აღებასთან უფრო ახლოს იყო და სადიპლომოს გარდა, განა რა შეიძლება ყოფილიყო 😀

გარდა ამისა, თემა იყო ძალზე საინტერესო. სოციალურ მედიაზე კვლევები თითქმის არ არის, ესეც არ არის განსაკუთრებით ბევრის მომცველი – პრინციპში, ვერც იქნებოდა, მაგრამ რაღაც მცირე სიახლე ალბათ, მაინც დევს ამ 53 გვერდში – სულ მცირე, “ფეისბუქის” შესახებ.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო დათო პაიჭაძეს, თემის ხელმძღვანელს. ყველაზე ”ისეთ” დროსაც კი, როდესაც ვფიქრობდი, რომ აღარაფერი გამოვიდოდა , მასალას ვერ მოვერეოდი ( არადა, ჩემი აჩემებული თემა იყო და ვერც ვერაფერს ვიტყოდი 😀 ) , მეგონა, რომ “ვერგაგებას” ვერაფერი ეშველებოდა და მაინც მივწერდი კითხვას. ვიღებდი თუნდაც სულ რამდენიმესიტყვიან ისეთ პასუხს, რომ თავში მაშინვე ყველაფერი ლაგდებოდა და ვხვდებოდი – თურმე როგორი მარტივი ყოფილა და თურმე როგორ ვართულებდი ყველაფერს. ( ის კიდევ იტყვის, მარადონა ”თლა” მართალიაო?!:-D

ღაღადს მოვრჩი, ნაშრომი კი, ამ ლინკზეა, მსურველებს – შეგიძლიათ  გაეცნოთ 🙂 (საავტორო უფლებები დაცულია 😀

 

ტეგები: , , , , , ,

ეძღვნება ფეისბუქს ანუ ფბ-ტყაოსანი :)

რომელმან შექმნა ვებგვერდი, მაუსით მით ძლიერითა,
ზეგარდმო არსნი სულითა, ყვნა კიბერ მონაბერითა,
ჩვენ კაცთა მოგვცა ფეისბუქ, ვიზუალით ცისფერითა, 
მისგან არს ყოვლი იუზერ, ანგარიშ – მის მიერითა.

ჰე, ცუკერბერგო, შენ შეჰქმენ ექაუნთ პირწიგნაკისა,
შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა,
მომეც პოსტვისა სურვილი, სტატუს-ლინკთა გატანისა,
ჩემგან შორს, ადნაკლასნიკი, არის ეშმაკის ტანისა.

ვის ჰშვენის, – ფბ იუზერს, ხმარება პოსტის, ლინკისა,
დაშეარება ფრენდების კარგისა ანატვირთისა, 
სიამე არის რის კითხვაც – არ არის მგვანი ტვირთისა, 
როს არის ინფორმაცია , სტატუსთა, ლინკთა ზვირთისა.

ვადიდებ ფბ ექაუნთს, მისთვის ვარ ცრემლ-დათხეული,
ვაქებ ამ სოციალურ ქსელს, მყავს მუდამ გამორჩეული.
მელნად და კალმად ავიღე კლავიატურა რჩეული,
და ვპოსტავ მათთვის, ვინცა მყავს ამ ნოუთში არჩეული.

მიბრძანეს ფრენდთა საქებრად, თქმა ლექსებისა ტკბილისა,
ქება ლინკთა და ნოუთთა, ვიდეოების თბილისა,
ატვირთულ ფოტოებისა, მის მიჯრით მიწყობილისა.
გასტეხს ქვასაცა მაგარსა, ინფო იუზერთ ლბილისა.

ნოუთით მინდა გამოვთქვა, ფეისბუქ ხელოვანება, –
ძალი მომეც ცუკერბერგო, არ დამიბნელდეს გონება;
მით შევეწივნეთ ფრენდებსა, ტურფადცა უნდა ხსენება,
მიყვარს მათთან დისკუსია და თუნდაც ღამის თენება.

მო, ვლინკოთ, ჰოუმ-ვოლებზე , ინფო ჯერშეუშრობელი;
სტატუსნი დავდოთ მხოლოდა პირწიგნაკისთვის შობილი,
და იუზერმა გავლექსე, მისთვის გულს ლახვარ-სობილი,
აქამდის ამბად ნათქვამი, აწ კი ნოუთი წყობილი.

მე, ჟურნალისტი ხელობით, ვიქმ საქმესა ამა დარი:
ვცდილობ ფეისბუქში ვლექსო, თუმც პოეტებს არ ვედარი,
ამა თუ იმ რითმის წყობა სიხარული ჩემთვის არი,
და ერთი – ორი Like საამებლად არის კმარი.

ფეისბუქი პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი,
საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, იუზერებისთვის მარგი,
კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი;
გრძელი პოსტი მოკლედ ითქმის, სტატუსია ამად კარგი.

ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა,
მობურთალსა – მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა,
მართ აგრევე იუზერსა – ნოუთ-ლინკთა პოსტვა-ბნევა,
ფრენდებისა დათაგვა და მათთვის კომენტების პნევა.

იუზერი არა ჰქვია, თუ friend – ი ჰყავს ერთი-ორი,
მხოლოდ, Happy Pet – ისა და Farmvil – ისთვის Fb – ს მდომი, 
Chat – ში ლაგამის და კვერცხის თხოვნას ფიქრობს მისი გონი,
Facebook– ი სხვა რამეა, გაცილებით მეტი, მგონი.

და ცოტა სხვაც :

ფეისბუქიდან პოსტი აფრინდა,ჰოუმი, ვოლი გადაიარა,
იუზერი კი ჩასაფრებული,თაგავს სასურველს, ცუდებს კი არა.
არაერთხელ გაზიარებული,ლინკი წააგავს უკვე იარაღს,
და ფრენდებს ენამწარე სტატუსი,კიბერგულზე უტოვებს იარას.

******
ვოლიდან ვოლზე გამოგედევნე, გავიზიარე პოსტი ტიალნი, 
ლინკებს ვუტოვე კომენტარები, ვტვირთე ნოუთნი ფრიენდიანნი.

******
ვაჟკაცურად პოსტავდნენ და ვაჟკაცურად თაგავდნენ,
სტატუსებით, ნოუთებით ჰოუმს და ვოლს ქარგავდნენ. 
სიხალისით ივსებოდა მათი ვოლის მნახველი,
პირწიგნაკი იყო მათი საოცნებო სახელი.

******

დავჯექ, ნოუთი დავწერე, სტატუსს აფდეით მივეცი, 
დავაშეარე ლინკი და უმალვე ნიუს ფიდს ვეცი. 
გროუპ და ივენტ საგეშენს, კონფირმი მივუსადაგე, 
ფეთის და ფერმის რიკვესტებს უმალ იგნორი ვატაკე. 
ინბოქსი გავასუფთავე, ფეიჯს მივეცი ლაიკი, 
პრივატში ფრენდი მოვნიშნე – ვინ მეფეა, ვინ პაიკი.
ფრენდო იმრავლე, იმრავლე, და კარგ პოსტებზე დამტაგე, 
მარკ ცუკერბერგო, მე მგონი, თავით ფეხამდე დამდაგე.

******
ბევრისთვის პირწიგნაკია , ჰაერი, პური და წყალი,
უფეისბუქოდ მომკვდარა,ვოლზე აგდია საწყალი.
ვისაც აწუხებს პოსტები,ჩემი ნაწერი მრავალი, 
დამაჰაიდეთ, გაწმინდეთ-ჰოუმი ჩემგან ნავალი.

 

ტეგები: , , , , ,

გვეშველება რამე კი არადა , ვაიუშველებელი ილიაუნისთან

“ლიგამუსთან” აქცია რომ უნდა ყოფილიყო, ფეისბუქზე გავიგე. თუმცა, ”მაგნიტური დღე” მქონდა და ესეც, ისევე როგორც ბევრი რამ, რაღაცნაირად ამომვარდა მეხსიერებიდან. მხოლოდ ”განათლების ადმინისტრირების” პრეზენტაციიდან გამოსულმა დავამარცხე ”ამნეზია” და თვალი შევავლე ფეისბუქელებს..

რადგან ერთი საათი დრო მქონდა ლექციამდე და სამსახურში მისვლასაც აზრი აღარ ჰქონდა, გადავწყვიტე დავრჩენილიყავი. თავიდან ჩვეულებრივ, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე – ჩანდა რამდენიმე ბანერი – ”არა ფაშიზმს” და ”ჩვენ ვიცავთ გამოხატვის თავისუფლებას” – შინაარსით. ისმოდა ფრაზები, რომ ”ვისაც რის პრეზენტაციასაც უნდა იმას გამართავს”, და ასე შემდეგ. აი, მალე კი…

ჯერ მოვიდა რამდენიმე ტიპი, რომლებიც ილიაუნის სტუდენტებს უწოდებდნენ თავს და გააპროტესტეს ის, რომ მათ გააპროტესტეს მათი პროტესტი… მმკ – მაც სუნზე მოაგნო და ეს სამგზის პროტესტი ძალიან უხეშ ფორმებში გადაიზარდა. რამდენიმე ადამიანზე ხელითაც გაიწიეს, მაგალითად, ბექა მინდიაშვილი, ვასო გაბუნია. კიდევ ერთი ბიჭს, რომლის სახელ-გვარი არ ვიცი, მაგრამ თუთბერიძის პრესკონფერენციაზე მინახავს – გზაზე გაეკიდა ქერაწვერიან-გაყინულცისფერთვალება მმკ-ელი, რომელიც ასევე თუთბერიძის პრესკონფერენციაზე მინახავს..

სიტყვიერი შეურაცხყოფა ( მერე სადღაც წავიკითხე, რომ ფიზიკურიც და ეს, არ ვიცი) მიაყენეს სიკო ჯანაშიას. ორი მართლმადი – დებლი დასდევდა – წადი ამ ქვეყნიდან, შვილებს გამირყვნიო. ესეთი ხარ, ისეთი ხარო.
ნუ რადგან, უკვე ყველგან ყველაფერი დაიწერა. მე მხოლოდ ჩემთვის დასამახსოვრებელ რამდენიმე დეტალს დავამატებ:

1) შავგვრემანი, ხშირგადაბმულწარბებიანი ბიჭი გვერდით მდგომს ყვირილით უხსნის: აი, ისინი არიან, თუბერიძე და პატრიარქი, ვიდეო, მამაბუასილი..
– ესენი არიააან? ვაააჰ, ჩემიიიი.. წააამო, ბიჯოუ, წამოოო… ( მირბიან აქციის შუაგულისკენ..) – მოვკლავ ამათ. ამათ დედას მოვ… ავ ჩემიიიი…

2) მმკ ”მასონებს” დაერია. გზაზე დარბიან, მოვკლავ დედას, მოვკლავ მამას, თუ ”იეღოვა” მიბრძანებს ამას” პრინციპით, ”შეამჩნია რა” , რომ ”მდგომარეობა სტაბილიზაციას არ ექვემდებარებოდა”, პატრული ბიძიამ , ( რომელიც აქამდე ძალიან მიყვარდა) დაიწყო ვითომდა გაშველება. დავთვალე ექვსი შემთხვევა, როდესაც იმ შემთხვევაში თუ ”მასონს” ცემდნენ – არავითარი რეაგირება, თუ ”მასონი” ცემდა – სასწრაფოდ გაშველება.

3) იგივენი – პატრული ბიძიას ყელზე კაი მოზრდილი ნაფხაჭნი აქვს , მმკ-ელი ( ოხ, იმის სახელი არ უნდა ვიცოდე?:-/ ხელს უქნევს ყბაში , ამხანაგი პატრული ალერსიანად უღიმის და მხარზე ხელს უთათუნებს. მმკ-ელი შეჰვედრის : შენც ხო მართლმადიდებელი ხარ?
– აბა ვინ ვარ – (შეურაცხყოფილი პატრულის სახე).
– მერე, მოდი რა მოგვეხმარე, სულ ეს ფორმა ხომ არ გექნება.
– ნუ გეშინია, ყველაფერი მესმის…

4) ილიას უნივერსიტეტის ”პროტესტანტი” სტუდენტი დეისაძის წიგნის შინაარსზე :
რეები დაწერა, ამის დედა მოვ… ან, როგორ შეიძლებოდა, დედაზე ეს როგორ დაწერა, მე მხოლოდ ამონარიდები მაქვს წაკითხული, მაგრამ ეს როგორ დაწერა, მრცხვენია ამის გამეორება ჩემი დედას შე . . ცი. ( თუ ვინმე განიმარტავს განსხვავებას ნაგულისხმევ ამონარიდებსა და ამ ფრაზას შორის, დავუმადლი).

5) მმკ და ”მასონები” ერთმანეთს ურტყამენ. გოგო ( ბლოკნოტი უჭირავს და რაღაცას იწერს) და ბიჭი ( სამოყვარულო კამერით იღებს აქცოას) ბორდიულისკენ მიდიან. რა ვქნათ? ( გოგო), ”წამოდი რა, არ გკიდია?” – ( ბიჭი).

6) პროტესტის პროტესტის ერთერთი გამპროტესტებელი რეკავს ტელეფონზე – ჰომოსექსუალისტების აქციაა, მოდით ბიჭო, დედა უნდა მოვ—ათ, სხვა რა შეგვიძლია. ტელეფონს თიშავს და გვერდით მდგომს ეუბნება – აუ, თუთბერიძე რატომ არ არის? სიამოვნებით დავლევდი მის სისხლს. მოვკლავ, მოვკლავ..

7) ერთი ბლოკნოტიან-კალმიანი გოგოს და ერთი ბლოკნოტიან-კალმიანი ბიჭის საუბარი:
გოგო – რაღაცების გარკვევა მინდა.
ბიჭი – მაინც რეების?
გოგო – იმის, რომ რამდენსაც არ ვკითხე არ არიან ილიას სტუდეენტები.
ბიჭი – როგორ არ არიან, მე ვცნობ.
გოგო – მე აქ ვსწავლობ რააა და სახეზე მაინც ვცნობ ხალხს. არ არიან ესენი ჭავჭავაძის სტუდენტები და რატომ მართავენ ჩემს უნივერსიტეტთან აქციას, არ მესმის.
ბიჭი – რომელ კურსზე ხარ?
გოგო – მეოთხეზე.
ბიჭი – გეტყობა, იშვიათად დადიხარ და ვერ ცნობ ხალხს.
გოგო – ბოდიში მოიხადე, სტიპენდია მაქვს, ისე კარგად ვსწავლობ.

როგორც მარიკა იტყოდა – გავზქურეთ რა…

 

ტეგები: , , , , ,