RSS

Tag Archives: ქებული

თოვლი გახეხილი თხილით

რა უნდა ქნა, როდესაც ზაფხულის სიცხე გთანგავს, და როდესაც ჟურნალისტისთვის საინტერესო არაფერი არ ხდება? ცხადია, ნაყინზე, ყინულზე, “ცივზე” უნდა იფიქრო და არა მარტო – იფიქრო, გახვიდე ნუცუბიძეზე მდებარე მაღაზიაში და შოკოლადის “ქებული” იყიდო.

ცოტა თუ შემხვედრია ადამიანი, ვისაც ეს ნუგბარი არ უყვარს, პრაქტიკულად, თითზე დასათვლელი. აქედან, ერთი – დედაჩემია.

ჰო, მას არ უყვარს მაინცდამიანც ნაყინი, თუმცა, ჩვენ გვყიდულობდა “კალორიულია და ცუდი არ არისო” ( ძალიან გამხდარი ვიყავი, ვერ წარმოგიდგენიათ ჰო? )

მაგრამ ვაი, უბედურებავ და… დღეში ერთ ცალზე მეტს არა. ეს ერთი მხრივ, სოციალური შეჭირვებით იყო გამოწვეული, ( რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი უნაყინო)) და მეორე – ჩემი და მუდამ ცუდად იყო, ქრონიკული ფილტვების ანთება ჰქონდა და დედაჩემსაც ამით შეშინებულს, ერთი რომ ჩაფუთნულები დავყავდით ( კიდევ კარგი, რომ გავიზარდე :/ და მეორეც, ცივი წყლის დალევასაც კი გვიშლიდა.

მე კი, ყველაფერი სწორედ ცივი და გაყინული მიყვარდა. ერთი, ჰაჰა ორი ნაყინი დღეში ( ესეც ზაფხულში, თორე ოდნავ აგრილების მერე, ვინ რას მაღირსებდა) არ მყოფნიდა, სულ ნაყინი, სულ ცივი მინდოდა, მეც მოვიფიქრე გამოსავალი.

თოვლი გიჭამიათ?? გეცინებათ თუ თავს შეშფოთებით იქნევთ – ეს ვერ არისო?
ისეთ ჭამას არ ვგულისხმობ, გუნდაობისას რომ ძალით გატენიან პირში.
აი ისე, როგორც ნაყინის შემცვლელი. ჰო, ახლა მეც მეცინება, მაგრამ ბავშვობაში, ნუ რა ბავშვობაში, 13-14 წლამდეც კი, თოვლის მოსვლის პირველ დღეს ( “ქორფა” და “სუფთა” რომ იყო) ნაყინის დღესასწაული მქონდა. დედაჩემი დილიდან საღამომდე მუშაობდა, ჩემს დას სკოლაში ან ეზოში გავისტუმრებდი და მე “ვბაირამობდი”.

მეცხრე სართულზე ვცხოვრობ, აივანზე ხის “კომოდივით” რაღაც მუდამ გვედგა ხოლმე, სადაც მურაბებს და კომპოტებს ინახავდა ხოლმე დედაჩემი, სწორედ მასზე დადებულ თოვლს ავაცლიდი ნახევარ ფენას, ( აქაოდა, ზემოდან სუფთაა მეთქი)) გავიტანდი ღრმა თეფშით, მანამდე მომზადებული მქონდა შაქარი, ყავა, დანაყული თხილი, მოვაფრქვევდი ამ ყველაფერს და “ვგულაობდი” რა.

მაგრამ როცა თოვლი არ იყო? მაშინაც ვპოულობდი გამოსავალს, მაცივარი.. დედაჩემი დიდის ამბით გამორთავდა ხოლმე აცივებისას მაცივარს, ცივი წყალი არ დალიონო, მე კი ჩავრთავდი რამდენიმე საათით ( ჩემნაირი შვილი რომ “შემხვდეს” 14 წლამდე, თავასაც მოვიკლავ) – საყინულეში შევდგამდი ორი ჯამს, ერთ კუბებიან ფორმას და ერთსაც, “ზაპასად” – ლიტრანახევრიან ბოთლს მივაყოლებდი.

მაგრამ ერთფეროვნება არ მიყვარდა, ერთს ლიმონათით გავავსებდი და იმას ვყინავდი, რაც მაინცდამაინც კარგი არ იყო. რადგან გაყინვისას გემოს არომატიზატორი იკუმშებოდა, მხოლოდ ერთ პატარა ადგილას იყინებოდა და დანარჩენი წყალი რჩებოდა, რაც ჩვეულებრივ წყალზე ბევრად უგემური იყო, ამიტომ ამას შევეშვი და ისევ “ყავა-შაქრის” ხსნარს ვყინავდი. ან არადა, გაყინულს კოვზით ვჩეხავდი და მერე ვაყრიდი შაქარს, ყავას, თხილს თუ რამე გასახსნელ წვენს. (უფრო ცოცხალი და ნატურალური იყო ). ბოთლის შემთხვევაში ცოტა რთულად იყო საქმე, რადგან უნდა დამეტეხა ყინული, თან მაგარი ყინული. ვჭრიდი ამ ბოთლს, ვატეხდი ნაწილება, ამ ცოდვილობისას კარზე დააკაკუნებდნენ და მეც ამ ნაწვალებს ურნაში მოვისვრიდი, ვინმეს ფაქტზე რომ არ დავეჭირე..

მერე კი, გავიზარდე და შევეშვი, როგორც ანელი იტყოდა, გახეხილთხილიანი თოვლის ჭამას, მაგრამ ნაყინის გიჟური სიყვარული ბოლომდე გამყვა. (მხოლოდ ერთი სეზონი ვერ ვიტანდი, როდესაც გლანდების ოპერაცია გავიკეთე და მაშინ მაჭმევდნენ ბევრ ნაყინს) – მეგონა, რომ გაფუჭებულ მაწონს ან ხაჭოს ვყლაპავდი:-/).

ზაფხული მოვიდა და სწორედ ნაყინსა და ყინულში მიდის ჩემი ხელფასის საგრძნობი ნაწილი. შემიძლია გაუჩერებლად მივაყოლო ერთს მეორე, მესამე, მეოთხე და ასე უსასრულოდ ). მიყვარს, როდესაც გაყინული პეპსის და ფანტის სმისას, ყინულის ნატეხებსაც ვყლაპავ. მერე რა, რომ ყელის ქრონიკული ტკივილი მაქვს..
“რომელიღაც” რეკლამა მიყვარს: დალიე ცივი…

 

ტეგები: , , ,