RSS

Tag Archives: შეზღუდვა

მარკიც მე დამცინის!!!

კვირა ღამეს, ძალიან გავბრაზდი საკუთარ თავზე და ”ფეისბუქი” უკვე მეოთხედ დავტოვე. საკუთარი თავი დავაჯერე, რომ ეს გამოცდების გამო გავაკეთე, თუმცა, მგონია, რომ უბრალოდ, დავიღალე და რაღაცებისგან დასვენება მომინდა. გამოცდას ალბათ, ფბ-ის გაუქმების გარეშეც დავწერდი, ერთი რეფერატი მაქვს ბოლოსდაბოლოს დარჩენილი ( თუმცა, ისიც უნდა ვაღიარო, რომ მგონი, ყველა საგნის გამოცდაზე ერთდროულად არ მიწვალია ასე, არ მიკითხავს ამდენი წიგნი და სხვ).

მოკლედ, გავაუქმე ”ფეისბუქი”, ჩემი აზრით, ათი დღით.  თუმცა, მარი ბჭობდა და მარკი იცინოდა. არ ვიცი, რა დავაშავე, მაგრამ გუშინწინ დილით მომივიდა მაილზე წერილი ფეისბუქისგან – 24 საათი ვერ შეხვალთ ფეისბუქზეო. ვერ შევალ, ნუ შევალ – მაინც არ ვაპირებდი მეთქი, გავივლე გულში. მაგრამ ჰოი უბედურებავ, დღეს ისევ შევედი მაილზე და თქვენ ვერ დაბრუნდებით ფეისბუქზე 5 დღე და 12 საათიო. ცოტა არ იყოს და მეშინია, კიდევ არ მოუნდეთ გადაწევა და ახალი ექაუნთის გახსნა არ დამჭირდეს. ჩემი ნალოლიავები ფრენდები, ფოტოები, ნოუთები , ვიდეოები, მოკლედ ჩემი პროფილი რა!!!

ისე კი, მგონი, არ მიჭირს უფეისბუქოდ. უფრო ზუსტად, ცოტა ხნით უინტერნეტობა-უკომპიუტერობა მინდა, რასაც ვერ ვახერხებ გამოცდების და ცხადია, სამსახურის გამო. ბოლოსდაბოლოს, თვალები მტკივა უკვე და საშინლად სუსტად ვარ, პლუს, დედაჩემს აქვს რაღაც პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მოკლედ, რაღაც ფეისბუქის ხასიათზე ვერ ვარ ხოლმე, რადგან მასში მთლიანად, ბოლომდე ჩართვა , თავფეხიანად მიყვარს გადაშვება ( ისე, როგორც ბავშვობაში ვხტებოდი ხოლმე ძირულაში ქვიდან).

მაგრამ მაინც მენატრება ხოლმე და დავაკვირდი, რომ მაშინ, როცა რაღაცის გაზიარება მინდა ხოლმე, როცა ვეღარ ვიტევ სათქმელს და მინდა, სრულიად საფრენდეთს გავაგებინო. რამე საინტერესოს რომ ვაწყდები ქუჩაში, მაშინვე ტელეფონისკენ მიმირბის ხელები, მინდა, რომ სტატუსი გავგზავნო. როცა ძალიან ვიღლები და წუწუნი მინდება, გული და ხელი ფეისბუქისკენ მიიჩქარის. ფრენდებიც მომენატრნენ, ნენე, ლევანი, ჯაბა, გოგა, რუსა, ლადო, ნუ ვინ ჩამოთვლის, იმდენნი არიან 😀 მოკლედ, იმედია, მარკი ოდესმე მომხსნის შეზღუდვას, მეც დავბრუნდები და ერთს გულიანად ვიწუწუნებ ამ ცხოვრების გამო 😀

 
7 Comments

Posted by on ივნისი 23, 2011 დუიმი თსუ

 

ტეგები: , ,