შემოვიდა 31 დეკემბერი, გახდა ღამის სამი საათი. 21 საათში ახალი წელიც მოვა, ხოდა მოვასწრო – გუშინ ყველა სამინისტრომ და პოლიტიკურმა პარტიამ შეაჯამა გასული წელი და მე ვისზე ნაკლები ვარ ვითომ?
მოკლედ, გასული წელი თავისუფლად შემიძლია სამ ეტაპად დავყო – იანვრიდან ივლისის შუა რიცხვებამდე, ივლისის შუა რიცხვებიდან სექტემბრამდე (რაღაც კვეთები კი იყო პირველ და მეორე ეტაპებს შორის, მაგრამ ეგ არაფერი – გადავიტანთ) და სექტემბრიდან აქამომდე.
პირველ ეტაპზე დაუვიწყარი ”ღია რადიო” რომ არ ვახსენო, არაგულწრფელი ვიქნები : მართლაც საუკეთესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში:-) არაჩვეულებრივი ჯგუფი, საყვარელი და საინტერესო საქმე – რაც გინდა და როგორც გინდა ისე აკეთე, უსაზღვრო თავისუფლება, სასიამოვნო გადაღლილობამდე მისული დაკავებულობა (ამის გამო ძალიან ბევრ რამეზე უარის თქმა, ნათესავების საყვედურები : დაგვკარგე სულ) ბევრი იდეა, შესანიშნავი ხელმძღვანელი და შედეგი:-)
გავხსენი ბლოგი, რაღაცებს ვპოსტავდი, წერის ჟინსაც ვიკმაყოფილებდი და მეგობრებსაც ვართობდი. ვიწრო წრეში (ნუ, ოთხ კაცში მაინც:)) ფართოდ აღიარებული ბლოგერი ვიყავი:-)
მეორე ეტაპი – სრული სიგიჟე. ზაფხულის ვერგაგება. გაოცება სიგიჟის და პარანოიის უკიდურესობის გამოვლინების გამო, ურთიერთობა არანორმალურებთან..
მესამე ეტაპი – ” 24 საათი”. ახალი ნაცნობები, ახალი სისტემა, შრომა და ხტომა, მისტერ დუგლასი, ხუთშაბათობით სამეულის შეხვედრები მეექვსეს დარბაზში, თსუ-ს მიერ ნერვების წყვეტა, დრო – ნული და ისევ ნათესავების საყვედურები : ”დაგვკარგე სულ”.. მერე ჩემი ახსნა – აი, რა ვქნა…..
რა გამოვიდა საბოლოოდ. ასე თუ ისე, კმაყოფილი ვარ ამ წლით (პროფესიული თვალსაზრისითაც და ისეც:) ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ვგრძნობ – შევიცვალე, კანი გამისქელდა, ისეთი ხათრიანი აღარ ვარ, როგორც ადრე ვიყავი (ნუ ყველაფერი კი შედარებითია – ლალი კი იტყვის – ”ეს მორიდებული გოგოაო”, მაგრამ მან არ იცის, მე როგორი მორიდებული ვიყავი;))) ხოდა, წავთამამდი, სკეპტიკოსი გავხდი, ისე იოლად გული აღარ მიჩუყდება (თუმცა, ტელეფონით ლაპარაკს მაინც ვერ ვიტან და აჰააა:))
რა მინდა მომავალ წელს – პროფესიულად ამ შედეგების მეტად გაზრდა, სიახლეები და იმ საქმის გაკეთება, რაც მინდა. კიდევ მინდა ცოოოტა მეტი დრო მქოონდეს, რომ ”რაღაცებისთვის” და ”ვიღაცებისთვისაც” დამრჩეს დრო;)))
ყველას გილოცავთ ახალ წელს.