RSS

არქივი

შენიშვნა

მივხვდი – არაფერს თუ არ დავწერდი, მოვკვდებოდი. არც ის მინდოდა, კიდევ მეტად მომეხვია სხვებისთვის ჩემი ტრაგედია, ამიტომ ნოუთის სეთინგებში ჯერ „ONLY ME“-მოვნიშნე, თუმცა, შემდეგ გადავწყვიტე დამეპაბლიშებინა, მაგრამ ნათესავების გარდა, არავინ დამეთაგა სათაურიც ისეთი შევურჩიე, რომ ყველა მიხვდებოდა, რას ეხებოდა და ვისაც არ უნდოდა წაკითხვა – მარტივადაც ჩაუვლიდა.

მეგონა, რომ ყველაზე მძიმე პერიოდი ჩემს ცხოვრებაში 2005 წლის 14-21 ივნისი იყო – ჩემი დეიდაშვილის, თემურ მოდებაძის დაკრძალვა-პანაშვიდები. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ამ ტკივილს მისი ძმის სიკვდილი გააასმაგებდა. 7 წელი გავიდა და თემურის დაღუპვა კიდევ არ მქონდა ბოლომდე გააზრებული, მისი სიმაღლის ბიჭს ან ვინმეს მასავით ხუმარას ვნახავდი, ის მახსენდებოდა და ყელში ბურთი მებჯინებოდა.. ახლა კი.. ახლა ორი ძმა უნდა მოვიგონოთ ხოლმე, თემური და მიშიკო.. მიშიკო და თემური..

ოთხი დეიდა და ერთი ბიძა მყავს. პატარა რომ ვიყავი, მეგონა, რომ ძალიან ბევრი დეიდაშვილი მყავდა, ორ ხელზე ვითვლიდი და ვამბობდი – ბევრნი ვართ. მერე, თემო რომ აღარ გვყავდა, აღმოვაჩინე, რომ სულ ათნი ვყოფილვართ და ცხრანი დავრჩით. პლუს, სამი ბიძაშვილი.

მიშიკო და თემური ბავშვობაში განსაკუთრებით მიყვარდნენ. იმიტომ, რომ პატარაობაში ხშირად ვიყავი მათთან სოფელში, ჭიათურაში, კაცხში. მახსოვს, როგორ დამაქროლებდნენ სოფლის ორღობეებში „ტაჩკით“ მორიგეობით. თან, ორივეს სურდა, რომ სწორედ მას ვეკატავებინე. მეც მეტი რა მინდოდა.

მახსოვს, ღუმელთან ვსადილობდით. მე 3 წლის ვიყავი, ისინი 8-ის და 10-ის.

–         მარიკა, მე უფრო გიყვარვარ თუ მიშიკო? – შემეკითხა თემური.

–         მიშიკო – ნაგლად ვუპასუხე მე.

–         დამაცადე, ლობიოს აღარ გაჭმევ. (კეთილი ჯიჯღინა იყო).

–         არა, შენ უფრო-უფრო მიყვარხარ. (ლობიომ თავისი ქნა..)

–         მაცადე, ტაროს აღარ მოგიტეხავ.. – არ ჩამორჩა მიშიკო.

ჰო, ტარო, სხვადასხვა მცენარის ყლორტი, ყვავილი, შურდული, სალამური – ჩემი იყო.. კისერზე შემოსმულს დამატარებდნენ ჩემი „აჩუები“, მეც გახარებული დავყვიროდი – უფრო ჩქარა მეთქი. ხან რომელ მწყემსთან მიმიყვანდნენ, ხან რომელ მეწისქვილესთან. დეიდაჩემი ბოსტანში იყო ხოლმე, მარტო ვერ დამტოვებდნენ – აკრძალული ჰქონდათ. ამიტომ, ძმაკაცებთან თუ საბანაოდ წასულებს, ატატებული დავყავდი ხან ერთს, ხან მეორეს. შესაბამისად, ერთად ვიკარგებოდით ხოლმე შუაღამემდე, მეც ბედნიერი ვიყავი, რომ „დიდ ბიჭებთან“ ერთად, ხან კოცონთან ვიჯექი და კარტოფილს თუ ტაროს ველოდი ნაკვერჩხლიდან, ხანაც მათი გაკეთებული „ტივით“ მივყვებოდი მდინარე კაცხურას. ღამის „ბირჟებსაც“ ცხადია, ვერ გამომატოვებინებდნენ, შეიძლება ითქვას. მისჯილი ვყავდი ორივეს  მთელი ზაფხული. დილაუთენია წამოვფრინდებოდი და შევუგორდებოდი მიშიკოს ლოგინში. აჯიჯღინდებოდა და გაბრაზებული თემურის ვსტუმრობდი. ისიც არ იზარებდა ჩემს გაწვალებას და ფეხებით დაკიდებას.

მერე წამოვიზარდეთ და ცოტა დავშორდით ერთმანეთს. ვერ ვახერხებდით ხშირ კონტაქტს. თუმცა, ზოგჯერ რამდენიმე დღით ვრჩებოდი მათთან სახლში და ხან მტკვარზე წამოყვანდნენ ხოლმე სათევზაოდ და თემური დიიდი „პაკრიშკის“  კამერით მაცურავებდ-მაყვინთავებდა, ხანაც ავჭიჭყინდებოდი – თუთა მინდა მეთქი, მიშიკო ჭიქით ხელში იპარებოდა მეზობლის ავტოფარეხზე და მასზე გადმოსულ თუთას მიკრეფდა.

ინტერნატში როცა ვსწავლობდი, რაღაც ღონისძიება გვქონდა და ფეხსაცმელი არ მქონდა. მახსოვს, გაკვეთილზე როგორ შემოაღო მიშიკომ კარი და გარეთ გამიხმო, ვარდისფერი „წკაპუნები“ ჰქონდა გახვეული. მე ამაყი ვიყავი, რომ „ჩემმა დიდმა დეიდაშვილმა მომაკითხა“. იმ წელს კაცხში ვიყავით კიდევ მე და ჩემი და. სოფელში ბიჭებმა გამაბრაზეს, ბურთი წამართვეს და მაპამპულავეს, თმის სამაგრები ჩამიყარეს წყალში.. საღამოს, დავინახე, მიშიკო როგორ გამოვიდა სახლიდან, ის ბიჭი გაიხმო და ძალიან ცივილიზებულად და სერიოზულად უთხრა – ჩემი დეიდაშვილია და პატივი ეციო. ბოდიში მომიხადეს იმ ბავშვებმა და წლების მანძილზე იხსნებებდნენ, როგორ შეგვარცხვინაო.

მერე კიდევ უფრო გავიზარდეთ და კიდევ უფრო დავშორდით ერთმანეთს. „ათასში ერთხელ ვხვდებოდით“, თემომ ცოლი მოიყვანა.. უფრო მამის სანათესაოსკენ, კაცხისკენ ილტვოდნენ, პრინციპში, იქ იყვნენ გაზრდილები. ჩვენც ვერ ვიჩენდით ინიციატივას, უამრავი პრობლემა იყო გარშემო და თან ბავშვები ვიყავით..

2005 წელს მიშიკო უცხოეთში წავიდა და დაიკარგა.. თემური ძალიან ნერვიულობდა ძმაზე. დედაჩემის დაბადების დღეზე დარეკა მიშიკომ, თემო მთვრალი იყო და ვერ დაელაპარაკა, გაწყდა კონტაქტი, მხოლოდ ცრემლები სდიოდა – ჩემი ძმა ცოცხალიაო და ღვინო ექცეოდა.

იმ დღეს და მეორე დილით ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რომ ხშირად უნდა ვნახოთ ერთმანეთი, რომ უკვე თითქმის ტოლები ვართ, რომ მე დიდი გოგო ვარ.. მთხოვა, გამოდი ჩემთან და ვილაპარაკოთ, თან, კარგადაც ვიქეიფოთო.

ამ ლაპარაკის მერე სკოლაში წავედი.. მას შემდეგ თემური აღარ მინახავს, სამ კვირაში მოკლეს და მოკლეს იმის გამო, რომ იქვე, სახლთან ახლოს, მდინარე გლდანულაზე აგროვებდა ჯართს. იმავე უბნელმა კაცმა – ეს ჩემი ტერიტორიააო. შვილებმა დააკავეს, მამამ მუცელში დანა ჩაარტყა. მამამ აიღო თავზე, იმათმა არაფერი იციანო.. რვა წელი მისცეს და გაცილებით ადრე გამოუშვეს, ახლა თავისუფალია.

მიშიკო წლების მანძილზე ავსტრიაში იყო, იქ დაოჯახდა, იქაური ქალი მოიყვანა ცოლად. უფროსი გოგო 5 წლის ჰყავს, უმცროსი – თვენახევრის. დიდი ხნის მანძილზე მხოლოდ ტელეფონით ვკონტაქტობდით. პირველ კურსზე ვიყავი, რომ ჩამოვიდა -ცოტა ხნით და უკან გაბრუნდა – აქ ვერ იცხოვრებს ადამიანიო.

წლების მერე სკაიპი გაჩნდა ჩვენს ცხოვრებაში. ზოგჯერ ნერვებს მიშლიდა, ზოგჯერ ნერვებს ვუშლიდი. მაგალითად, მოძღვარი რატომ არ გყავსო – ერთ ღამეს ამიშარდა. დავოფლაინდი ცოტა ხანში, მეორე დღეს მომიბოდიშა – ნასვამი ვიყავი და ავურიეო, თან, დამცინოდა – როგორ „დატყდი“ სკაიპიდანო. როცა ვლაპარაკობდით, ცოლს და გერს ეძახდა და მაჩვენებდა – ნახე, რამხელა გოგო გავზარდეო.

სულ გვირჩევდა – ბევრი ისწავლეთ, ხედავთ, მე რამდენი დავკარგე, რომ არ ვსწავლობდი. ახლა ისე ვნანობ, ვერ წარმოიდგენთ. ვერაფერს მიაღწევთ.. არ გათხოვდეთ, რათ გინდათ ჯერ, რა გეჩქარებათ, რაც შეიძლება ბევრი ისწავლეთ და წამოდით ევროპაშიო.

დეკემბერში თბილისში ჩამოვიდა. ჩვენთან მოვიდა დილის 5-ის ნახევარზე.. მეძინა, მესმოდა, ჩემი და როგორ ალაგებდა რაღაცებს და ვიღაც კაცი როგორ წუწუნებდა – არ მინდა, ნუ მიშლი, მხოლოდ დამაძინეო..

დილით გავიღვიძე და სასტუმრო ოთახში, დივანზე კაცი დავინახე.. მაშინღა მივხვდი, რომ 4 წლის უნახავი მიშიკო იყო. სამსახურში უნდა წავსულიყავი, საღამოს ისევ სახლში დამხვდა, დეიდაშვილთან ყოფილან.. ნასვამი იყო და ისევ დავტოვეთ ჩვენთან. ციოდა და წუწუნებდა – ეს გამათბობელი მე დამიდგით ოთახში და ჩართული დამიტოვეთო. დედაჩემს და დედამისს რომ ველაპარაკებოდით იტალიაში სკაიპით, რა უნდათ ამათო, გაოცებით იყურებოდა ნასვამი. დასაძინებლად ვუშვებდი ოთახში და – რა გინდა, რატომ მაგდებ, მინდა თქვენთან ყოფნა ცოტა ხანსო.

7 დეკემბერს მიფრინავდა ავსტრიაში. 6-ში ჩემი დის დაბადების დღე იყო. გავათენეთ თითქმის, (მე ცოტა ადრე დავიძინე). მთელი ღამე გვკოცნიდა – „თქვენ შემოგევლეთ, უფრო უნდა დავახლოვდეთ, ხშირად უნდა ვიყოთ ერთად. ერთმანეთის მეტი ვინ დაგვრჩენია“. მთელი ღამე ვეხუტებოდით და ფოტოებს ვიღებდით, თან, „ვბლატაობდით“, რამდენი ვართ თქო.  ვიდექით ექვსნი ჩახვეულები, ხელებჩაჭიდებულები, თავები ერთმანეთისთვის მიგვედო და ვყვიროდით – ვარლამიჩებს (ვარლამი ბაბუას ერქვა) გაუმარჯოს თქო. ჩემი დეიდაშვილი ზურა ამბობდა – მოდი, ჩავუთქვათ და როცა ყველა ასე შევიკრიბებით, სულ ასე ვიყვიროთ ხოლმეო. ძმაკაცი ახლდა და ყოველ წუთას  ეუბნებოდა ნასვამი – ეს ჟურნალისტია…

დილით ლექციაზე გავრბოდი, სასწრაფოდ ჩავრთე ფენი და თმას ვიყენებდი. იმ საღამოს გაფრინდა მიშიკო, რომ ჩავიდა, სკაიპში მომწერა – არასოდეს გაპატიებ, ბურანში მყოფს თავი თვითმფრინავის ტრაპზე რომ მაგრძნობინე იმ ფენის ხმითო…

მას შემდეგ აღარ მინახავს… ახლა რომ ჩამოდიოდა,  ჩემს დას წერდა –  რომ ჩამოვალთ, მაგრად დავლიოთ, იმდეღევანდელი გავიმეოროთო. წინა თვეში ჩამოდიოდა, უკან გააბრუნეს თურქებმა, მანქანის ნომრები არ მოეწონათ. ახლა ჩამოვიდა და თბილისიდან ისევ თურქეთში დაბრუნდა გაფუჭებული მანქანის გასაკეთებლად და წამოსაყვანად, იქვე დარჩა…  ცხრადღიანი კომის შემდეგ, გული გაჩერდა.

თემური რომ დაიღუპა, მამამისმა სმა დაიწყო,  მიდიოდა იქ, სადაც თემო მოკლეს და ტიროდა.. მიშიკომ გამოიყვანა მდგომარეობიდან ორივე.. დედა წაიყვანა საქართველოდან. მამას დაემუქრა – თუ სმას არ დაანებებ თავს, არასოდეს დაგირეკავო. ახლა მასაც საბუთებს უკეთებდნენ, ისიც უნდა წაეყვანათ. რამდენიმე თვეა, რაც ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა ბიძაჩემი.

ახლა ვგრძნობ, რომ მიშიკოსთან ერთად, მის მშობლებსაც ‘დავასაფლავებთ’. იმის წარმოდგენაც მიჭირს, რომ კაცხში, იმ სახლში, სადაც მე, მიშიკო და თემური დაჭერობანას ვთამაშობდით და თხილს ვარჩევდით, კიდევ უნდა დავჯდე ჭირისუფლად, იმის წარმოდგენაც მზარავს, როგორ უნდა შევხედო დეიდაჩემს და ბიძაჩემს, ადამიანებს, რომლებმაც მართლა სიმწრით გაზარდეს ორივე შვილი – რა ავადმყოფობა, რა გაჭირვება არ გადალახეს და ახლა, გაზრდილი შვილები დაკარგეს, ერთი 24-ის, მეორე 28-ის..

იმის წარმოდგენაც სისხლს მიყინავს, რომ თემურის ფოტოს გვერდით, მიშიკოს ფოტოც უნდა მიემატოს.. იმის გააზრებაც ცუდად მხდის, რომ თემურის ორმეტრიან  საფლავის ქვას და მის მომღიმარე-გაბრაზებულ გამომეტყველებას, მიშიკოსიც გვერდით უნდა ამოუდგეს.

ცხოვრება ერთი დიდი ტრაგედიაა მგონი..

13.03.2012

მიშიკო და თემური…

 

ტეგები: , , , ,