RSS

Tag Archives: კურსები

გინდა გახდე მაღალკვალიფიციური წუწუნოლოგი? მოდი ჩვენთან.

პროგრამის დასახელება: წუწუნოლოგია;
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: წუწუნოლოგიის  მაგისტრი (MA in Bitch);
პროგრამის ხანგრძლივობა: 120 კრედიტი (4 სემესტრი);
პროგრამის ხელმძღვანელი – მარი ახსიაშვილი. ასოცირებული მაგისტრანტობის კანდიდატი.

 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები

წუწუნოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ნებისმიერ სფეროში. მან უნდა ჩააბაროს საერთო სამაგისტრო გამოცდა 7-8 ივლისს, ტესტებს და სწორ პასუხებს უნდა ელოდოს ორი კვირა, ქულებს – ერთი თვე, სტატისტიკურ ანალიზს თვენახევარი, ხოლო საბოლოო რეიტინგებს ორი თვე. ამის შემდეგ, მაგისტრანტობის კანდიდატი გაივლის  გასაუბრებას სპეციალობაში და 11 დღე დაელოდება ჩარიცხვის შედეგებს. აქედან კი,  ჩვენს პროგრამაზე მოსახვედრად ერთი თვეღა რჩება – მაგისტრანტობის მსურველი უნდა დაელოდოს ჩარიცხვის სიების გადაგზავნას გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის და  დამსახურებული თუ დაუმსახურებელი დაფინანსების ამბის გაგებას.

 

პროგრამის მიზანი

სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური წუწუნოლოგი, რაც ქართულ მოწუწუნეთა სისტემას  შემატებს განათლებულ, პროფესიული ჩვევების თვალსაზრისით კარგად მომზადებულ, კონკურენტუნარიან კადრს, რომლისათვისაც წუწუნოლოგობა გაცნობიერებული არჩევანი იქნება.პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან წუწუნის წარმოშობის თეორიებს, მის საფუძვლებს და  განვითარების სხვადასხვა ეტაპებს, წუწუნის გადაცემის განსხვავებულ ხერხებს, მოწუწუნეებთან მუშაობასა და  სხვადასხვა სახის წუწუნის  სტრუქტურირებას. სტუდენტები გამოიმუშავებენ კვლევით უნარებს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს იმუშაონ წუწუნის კვლევების მიმართულებით. მაგისტრანტები შეისწავლიან  წუწუნის მენეჯმენტს და წუწუნისთვის სპეციფიკურ გამომსახველობით ფორმებს, ასევე, წუწუნის გადაცემა-დამუშავების  სხვადასხვა პრინციპს. პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს წუწუნოლოგიური ეთიკის სტანდარტების შესწავლას სხვადასხვა ქვეყნებში და მისი განვითარების ტენდენციების შესწავლას საქართველოში.

 

 

 

სწავლის შედეგები

კურსდამთავრებულს აქვს წუწუნოლოგიაში ღრმა და სისტემური ცოდნა, შეუძლია საწუწუნო მასალის მოპოვება, დამუშავება, წუწუნის სტრუქტურირება, მიზნის გათვალისწინებით სხვადასხვა სახის წუწუნი , იყენებს მრავალგვარ მხატვრულ და ტექნიკურ ხერხს ეფექტური წუწუნოლოგიური  პროდუქტის შესაქმნელად, შესწავლილი აქვს ინტერნეტწუწუნოლოგია, შეუძლია საწუწუნო სტატუსის თუ ჩანაწერის სოციალურ ქსელებში განთავსება და შემდგომ მართვა.მაგისტრს  შეუძლია ანალიტიკური მასალის მომზადება წუწუნის თემაზე, მისი კრიტიკა, წუწუნის  კვლევების დამოუკიდებლად დაგეგმვა და განხორციელება უახლესი მეთოდების გამოყენებით. კურსდამთავრებულს გააზრებული აქვს სახელმწიფოში წუწუნის როლი, მისი მნიშვნელობა თანამედროვე საზოგადოების ფორმირების პროცესში, შესწავლილი აქვს წუწუნოლოგიური  ეთიკის სტანდარტი, წუწუნის  სამართალი და შეუძლია სწორად განსაზღვროს, რა არის დაშვებული საკანონმდებლო რეგულაციით და სად არის დაწესებული შეზღუდვა.

 

 

შეფასების წესი (100 ქულიანი)

 

(A) 91 -100 ფრიადი

(B) 81 -90 ძალიან კარგი(

C) 71 -80 კარგი

(D) 61 -70 დამაკმაყოფილებელი

(E) 51 – 60 საკმარისი

(FX) 41 – 50 ვერ ჩააბარა, სტუდენტს ეძლევა საბოლოო გამოცდის ერთხელ გადაბარების უფლება

(F) 0 – 40 ჩაიჭრა, სტუდენტმა კრედიტის მიღებისთვის თავიდან უნდა გაიაროს კურსი

 

 

 

კურსები:

 

I სემესტრი ( გაზაფხულის)

წუწუნოლოგიის შესავალი – 6 კრედიტი; ( სავალდებულო);

წუწუნის საფუძვლები და წარმოშობის თეორიები – 6 კრედიტი; ( სავალდებულო);

წუწუნის სამართლებრივი საფუძვლები – 6 კრედიტი; ( სავალდებულო);

წუწუნი და მისი  მენეჯმენტი – 6 კრედიტი; ( სავალდებულო);

საუნივერსიტეტო არჩევითი კურსი – 6 კრედიტი;

 

 

II სემესტრი ( შემოდგომის)

 

ინტერნეტწუწუნოლოგია 1 – 6 კრედიტი; ( სავალდებულო);

წუწუნის წარმოება ჯგუფში 1 – 6 კრედიტი; ( სავალდებულო);

წუწუნის კვლევის მეთოდები – 6 კრედიტი; ( სავალდებულო);

წუწუნის პოლიტიკა – 6 კრედიტი; (სავალდებულო-არჩევითი);

წუწუნის ეკონომიკა – 6 კრედიტი; (სავალდებულო-არჩევითი);

წუწუნის კულტურა – 6 კრედიტი; (სავალდებულო-არჩევითი;)

საუნივერსიტეტო არჩევითი კურსი – 6 კრედიტი;

 

 

III სემესტრი ( გაზაფხულის)

 

ინტერნეტწუწუნოლოგია 2 – 6 კრედიტი; ( სავალდებულო);

წუწუნის წარმოება ჯგუფში 2 – 6 კრედიტი; ( სავალდებულო);

წუწუნის კრიტიკული ანალიზი – 6 კრედიტი; ( სავალდებულო);

წუწუნის კარგად დაცდა – 6 კრედიტი; (სავალდებულო-არჩევითი;)

საწუწუნო მასალის თემატური დახარისხება და მისი მართვა  – 6 კრედიტი;(სავალდებულო-არჩევითი;)

საუნივერსიტეტო არჩევითი კურსი – 6 კრედიტი;

 

 

IV სემესტრი ( შემოდგომის) – სამაგისტრო ნაშრომი წუწუნის თემაზე.

 

წუწუნოლოგიის პროგრამაზე სწავლის საფასური შეადგენს 1500 ევროს. ვინც კარგად იწუწუნებს, გადასახადი გაუნახევრდება. წარმატებულ მოწუწუნეებს დაენიშნებათ სტიპენდია.

 

P.s. პროგრამა არის რეალური სამაგისტრო პროგრამის ( ჟურნალისტიკა) მოდელირებული ვარიანტი.

 

 

ტეგები: , , , , , ,