RSS
შენიშვნა

მივხვდი – არაფერს თუ არ დავწერდი, მოვკვდებოდი. არც ის მინდოდა, კიდევ მეტად მომეხვია სხვებისთვის ჩემი ტრაგედია, ამიტომ ნოუთის სეთინგებში ჯერ „ONLY ME“-მოვნიშნე, თუმცა, შემდეგ გადავწყვიტე დამეპაბლიშებინა, მაგრამ ნათესავების გარდა, არავინ დამეთაგა სათაურიც ისეთი შევურჩიე, რომ ყველა მიხვდებოდა, რას ეხებოდა და ვისაც არ უნდოდა წაკითხვა – მარტივადაც ჩაუვლიდა.

მეგონა, რომ ყველაზე მძიმე პერიოდი ჩემს ცხოვრებაში 2005 წლის 14-21 ივნისი იყო – ჩემი დეიდაშვილის, თემურ მოდებაძის დაკრძალვა-პანაშვიდები. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ამ ტკივილს მისი ძმის სიკვდილი გააასმაგებდა. 7 წელი გავიდა და თემურის დაღუპვა კიდევ არ მქონდა ბოლომდე გააზრებული, მისი სიმაღლის ბიჭს ან ვინმეს მასავით ხუმარას ვნახავდი, ის მახსენდებოდა და ყელში ბურთი მებჯინებოდა.. ახლა კი.. ახლა ორი ძმა უნდა მოვიგონოთ ხოლმე, თემური და მიშიკო.. მიშიკო და თემური..

ოთხი დეიდა და ერთი ბიძა მყავს. პატარა რომ ვიყავი, მეგონა, რომ ძალიან ბევრი დეიდაშვილი მყავდა, ორ ხელზე ვითვლიდი და ვამბობდი – ბევრნი ვართ. მერე, თემო რომ აღარ გვყავდა, აღმოვაჩინე, რომ სულ ათნი ვყოფილვართ და ცხრანი დავრჩით. პლუს, სამი ბიძაშვილი.

მიშიკო და თემური ბავშვობაში განსაკუთრებით მიყვარდნენ. იმიტომ, რომ პატარაობაში ხშირად ვიყავი მათთან სოფელში, ჭიათურაში, კაცხში. მახსოვს, როგორ დამაქროლებდნენ სოფლის ორღობეებში „ტაჩკით“ მორიგეობით. თან, ორივეს სურდა, რომ სწორედ მას ვეკატავებინე. მეც მეტი რა მინდოდა.

მახსოვს, ღუმელთან ვსადილობდით. მე 3 წლის ვიყავი, ისინი 8-ის და 10-ის.

–         მარიკა, მე უფრო გიყვარვარ თუ მიშიკო? – შემეკითხა თემური.

–         მიშიკო – ნაგლად ვუპასუხე მე.

–         დამაცადე, ლობიოს აღარ გაჭმევ. (კეთილი ჯიჯღინა იყო).

–         არა, შენ უფრო-უფრო მიყვარხარ. (ლობიომ თავისი ქნა..)

–         მაცადე, ტაროს აღარ მოგიტეხავ.. – არ ჩამორჩა მიშიკო.

ჰო, ტარო, სხვადასხვა მცენარის ყლორტი, ყვავილი, შურდული, სალამური – ჩემი იყო.. კისერზე შემოსმულს დამატარებდნენ ჩემი „აჩუები“, მეც გახარებული დავყვიროდი – უფრო ჩქარა მეთქი. ხან რომელ მწყემსთან მიმიყვანდნენ, ხან რომელ მეწისქვილესთან. დეიდაჩემი ბოსტანში იყო ხოლმე, მარტო ვერ დამტოვებდნენ – აკრძალული ჰქონდათ. ამიტომ, ძმაკაცებთან თუ საბანაოდ წასულებს, ატატებული დავყავდი ხან ერთს, ხან მეორეს. შესაბამისად, ერთად ვიკარგებოდით ხოლმე შუაღამემდე, მეც ბედნიერი ვიყავი, რომ „დიდ ბიჭებთან“ ერთად, ხან კოცონთან ვიჯექი და კარტოფილს თუ ტაროს ველოდი ნაკვერჩხლიდან, ხანაც მათი გაკეთებული „ტივით“ მივყვებოდი მდინარე კაცხურას. ღამის „ბირჟებსაც“ ცხადია, ვერ გამომატოვებინებდნენ, შეიძლება ითქვას. მისჯილი ვყავდი ორივეს  მთელი ზაფხული. დილაუთენია წამოვფრინდებოდი და შევუგორდებოდი მიშიკოს ლოგინში. აჯიჯღინდებოდა და გაბრაზებული თემურის ვსტუმრობდი. ისიც არ იზარებდა ჩემს გაწვალებას და ფეხებით დაკიდებას.

მერე წამოვიზარდეთ და ცოტა დავშორდით ერთმანეთს. ვერ ვახერხებდით ხშირ კონტაქტს. თუმცა, ზოგჯერ რამდენიმე დღით ვრჩებოდი მათთან სახლში და ხან მტკვარზე წამოყვანდნენ ხოლმე სათევზაოდ და თემური დიიდი „პაკრიშკის“  კამერით მაცურავებდ-მაყვინთავებდა, ხანაც ავჭიჭყინდებოდი – თუთა მინდა მეთქი, მიშიკო ჭიქით ხელში იპარებოდა მეზობლის ავტოფარეხზე და მასზე გადმოსულ თუთას მიკრეფდა.

ინტერნატში როცა ვსწავლობდი, რაღაც ღონისძიება გვქონდა და ფეხსაცმელი არ მქონდა. მახსოვს, გაკვეთილზე როგორ შემოაღო მიშიკომ კარი და გარეთ გამიხმო, ვარდისფერი „წკაპუნები“ ჰქონდა გახვეული. მე ამაყი ვიყავი, რომ „ჩემმა დიდმა დეიდაშვილმა მომაკითხა“. იმ წელს კაცხში ვიყავით კიდევ მე და ჩემი და. სოფელში ბიჭებმა გამაბრაზეს, ბურთი წამართვეს და მაპამპულავეს, თმის სამაგრები ჩამიყარეს წყალში.. საღამოს, დავინახე, მიშიკო როგორ გამოვიდა სახლიდან, ის ბიჭი გაიხმო და ძალიან ცივილიზებულად და სერიოზულად უთხრა – ჩემი დეიდაშვილია და პატივი ეციო. ბოდიში მომიხადეს იმ ბავშვებმა და წლების მანძილზე იხსნებებდნენ, როგორ შეგვარცხვინაო.

მერე კიდევ უფრო გავიზარდეთ და კიდევ უფრო დავშორდით ერთმანეთს. „ათასში ერთხელ ვხვდებოდით“, თემომ ცოლი მოიყვანა.. უფრო მამის სანათესაოსკენ, კაცხისკენ ილტვოდნენ, პრინციპში, იქ იყვნენ გაზრდილები. ჩვენც ვერ ვიჩენდით ინიციატივას, უამრავი პრობლემა იყო გარშემო და თან ბავშვები ვიყავით..

2005 წელს მიშიკო უცხოეთში წავიდა და დაიკარგა.. თემური ძალიან ნერვიულობდა ძმაზე. დედაჩემის დაბადების დღეზე დარეკა მიშიკომ, თემო მთვრალი იყო და ვერ დაელაპარაკა, გაწყდა კონტაქტი, მხოლოდ ცრემლები სდიოდა – ჩემი ძმა ცოცხალიაო და ღვინო ექცეოდა.

იმ დღეს და მეორე დილით ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რომ ხშირად უნდა ვნახოთ ერთმანეთი, რომ უკვე თითქმის ტოლები ვართ, რომ მე დიდი გოგო ვარ.. მთხოვა, გამოდი ჩემთან და ვილაპარაკოთ, თან, კარგადაც ვიქეიფოთო.

ამ ლაპარაკის მერე სკოლაში წავედი.. მას შემდეგ თემური აღარ მინახავს, სამ კვირაში მოკლეს და მოკლეს იმის გამო, რომ იქვე, სახლთან ახლოს, მდინარე გლდანულაზე აგროვებდა ჯართს. იმავე უბნელმა კაცმა – ეს ჩემი ტერიტორიააო. შვილებმა დააკავეს, მამამ მუცელში დანა ჩაარტყა. მამამ აიღო თავზე, იმათმა არაფერი იციანო.. რვა წელი მისცეს და გაცილებით ადრე გამოუშვეს, ახლა თავისუფალია.

მიშიკო წლების მანძილზე ავსტრიაში იყო, იქ დაოჯახდა, იქაური ქალი მოიყვანა ცოლად. უფროსი გოგო 5 წლის ჰყავს, უმცროსი – თვენახევრის. დიდი ხნის მანძილზე მხოლოდ ტელეფონით ვკონტაქტობდით. პირველ კურსზე ვიყავი, რომ ჩამოვიდა -ცოტა ხნით და უკან გაბრუნდა – აქ ვერ იცხოვრებს ადამიანიო.

წლების მერე სკაიპი გაჩნდა ჩვენს ცხოვრებაში. ზოგჯერ ნერვებს მიშლიდა, ზოგჯერ ნერვებს ვუშლიდი. მაგალითად, მოძღვარი რატომ არ გყავსო – ერთ ღამეს ამიშარდა. დავოფლაინდი ცოტა ხანში, მეორე დღეს მომიბოდიშა – ნასვამი ვიყავი და ავურიეო, თან, დამცინოდა – როგორ „დატყდი“ სკაიპიდანო. როცა ვლაპარაკობდით, ცოლს და გერს ეძახდა და მაჩვენებდა – ნახე, რამხელა გოგო გავზარდეო.

სულ გვირჩევდა – ბევრი ისწავლეთ, ხედავთ, მე რამდენი დავკარგე, რომ არ ვსწავლობდი. ახლა ისე ვნანობ, ვერ წარმოიდგენთ. ვერაფერს მიაღწევთ.. არ გათხოვდეთ, რათ გინდათ ჯერ, რა გეჩქარებათ, რაც შეიძლება ბევრი ისწავლეთ და წამოდით ევროპაშიო.

დეკემბერში თბილისში ჩამოვიდა. ჩვენთან მოვიდა დილის 5-ის ნახევარზე.. მეძინა, მესმოდა, ჩემი და როგორ ალაგებდა რაღაცებს და ვიღაც კაცი როგორ წუწუნებდა – არ მინდა, ნუ მიშლი, მხოლოდ დამაძინეო..

დილით გავიღვიძე და სასტუმრო ოთახში, დივანზე კაცი დავინახე.. მაშინღა მივხვდი, რომ 4 წლის უნახავი მიშიკო იყო. სამსახურში უნდა წავსულიყავი, საღამოს ისევ სახლში დამხვდა, დეიდაშვილთან ყოფილან.. ნასვამი იყო და ისევ დავტოვეთ ჩვენთან. ციოდა და წუწუნებდა – ეს გამათბობელი მე დამიდგით ოთახში და ჩართული დამიტოვეთო. დედაჩემს და დედამისს რომ ველაპარაკებოდით იტალიაში სკაიპით, რა უნდათ ამათო, გაოცებით იყურებოდა ნასვამი. დასაძინებლად ვუშვებდი ოთახში და – რა გინდა, რატომ მაგდებ, მინდა თქვენთან ყოფნა ცოტა ხანსო.

7 დეკემბერს მიფრინავდა ავსტრიაში. 6-ში ჩემი დის დაბადების დღე იყო. გავათენეთ თითქმის, (მე ცოტა ადრე დავიძინე). მთელი ღამე გვკოცნიდა – „თქვენ შემოგევლეთ, უფრო უნდა დავახლოვდეთ, ხშირად უნდა ვიყოთ ერთად. ერთმანეთის მეტი ვინ დაგვრჩენია“. მთელი ღამე ვეხუტებოდით და ფოტოებს ვიღებდით, თან, „ვბლატაობდით“, რამდენი ვართ თქო.  ვიდექით ექვსნი ჩახვეულები, ხელებჩაჭიდებულები, თავები ერთმანეთისთვის მიგვედო და ვყვიროდით – ვარლამიჩებს (ვარლამი ბაბუას ერქვა) გაუმარჯოს თქო. ჩემი დეიდაშვილი ზურა ამბობდა – მოდი, ჩავუთქვათ და როცა ყველა ასე შევიკრიბებით, სულ ასე ვიყვიროთ ხოლმეო. ძმაკაცი ახლდა და ყოველ წუთას  ეუბნებოდა ნასვამი – ეს ჟურნალისტია…

დილით ლექციაზე გავრბოდი, სასწრაფოდ ჩავრთე ფენი და თმას ვიყენებდი. იმ საღამოს გაფრინდა მიშიკო, რომ ჩავიდა, სკაიპში მომწერა – არასოდეს გაპატიებ, ბურანში მყოფს თავი თვითმფრინავის ტრაპზე რომ მაგრძნობინე იმ ფენის ხმითო…

მას შემდეგ აღარ მინახავს… ახლა რომ ჩამოდიოდა,  ჩემს დას წერდა –  რომ ჩამოვალთ, მაგრად დავლიოთ, იმდეღევანდელი გავიმეოროთო. წინა თვეში ჩამოდიოდა, უკან გააბრუნეს თურქებმა, მანქანის ნომრები არ მოეწონათ. ახლა ჩამოვიდა და თბილისიდან ისევ თურქეთში დაბრუნდა გაფუჭებული მანქანის გასაკეთებლად და წამოსაყვანად, იქვე დარჩა…  ცხრადღიანი კომის შემდეგ, გული გაჩერდა.

თემური რომ დაიღუპა, მამამისმა სმა დაიწყო,  მიდიოდა იქ, სადაც თემო მოკლეს და ტიროდა.. მიშიკომ გამოიყვანა მდგომარეობიდან ორივე.. დედა წაიყვანა საქართველოდან. მამას დაემუქრა – თუ სმას არ დაანებებ თავს, არასოდეს დაგირეკავო. ახლა მასაც საბუთებს უკეთებდნენ, ისიც უნდა წაეყვანათ. რამდენიმე თვეა, რაც ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა ბიძაჩემი.

ახლა ვგრძნობ, რომ მიშიკოსთან ერთად, მის მშობლებსაც ‘დავასაფლავებთ’. იმის წარმოდგენაც მიჭირს, რომ კაცხში, იმ სახლში, სადაც მე, მიშიკო და თემური დაჭერობანას ვთამაშობდით და თხილს ვარჩევდით, კიდევ უნდა დავჯდე ჭირისუფლად, იმის წარმოდგენაც მზარავს, როგორ უნდა შევხედო დეიდაჩემს და ბიძაჩემს, ადამიანებს, რომლებმაც მართლა სიმწრით გაზარდეს ორივე შვილი – რა ავადმყოფობა, რა გაჭირვება არ გადალახეს და ახლა, გაზრდილი შვილები დაკარგეს, ერთი 24-ის, მეორე 28-ის..

იმის წარმოდგენაც სისხლს მიყინავს, რომ თემურის ფოტოს გვერდით, მიშიკოს ფოტოც უნდა მიემატოს.. იმის გააზრებაც ცუდად მხდის, რომ თემურის ორმეტრიან  საფლავის ქვას და მის მომღიმარე-გაბრაზებულ გამომეტყველებას, მიშიკოსიც გვერდით უნდა ამოუდგეს.

ცხოვრება ერთი დიდი ტრაგედიაა მგონი..

13.03.2012

მიშიკო და თემური…

 

ტეგები: , , , ,

ლევან ბუთხუზი – “აფრიკის შვილობილი”

ველური ბუნების მოყვარული, დახვეწილი იუმორის პატრონი, ენერგიული და  კონტაქტური… თითქმის ყველა თემაზე  შეუძლია ლაპარაკი. შეუძლია და უყვარს კიდეც. ამიტომ ხუმრობით  მეგობრები „ლოგონევროზიანსაც“ ეძახიან. ამბობენ, რომ ზოგჯერ მისი გაჩერებაც კი ჭირს. თუმცა, თხრობის დიდებული მანერისა და მრავალფეროვანი ისტორიების გამო, გაჩერების სურვილი არც უჩნდებათ.

ლაპარაკი ბავშვობაშიც უყვარდა. ადრეც დაიწყო. როგორც დედა ამბობს, უპრობლემო ბავშვი იყო და ეს დიდობამდე გამოჰყვა. ეგ არის, სკოლაში ცელქობდა. დამრიგებელი ჯავრდებოდა, მიცვალებულს რომ დაუსვა, აალაპარაკებსო.

მგელთან ერთად - ფეისბუქის პროფაილის ფოტო.

მგელთან ერთად. ფეისბუქ პროფაილის ფოტო.

ჩემი პორტრეტის გმირი ლევან ბუთხუზია, პროფესიით ბიოლოგი. სახასიათო იმიჯი აქვს: ბლანჟე და გადაპარსული თავი, წლებია, მისი განუყოფელი ნაწილია. 41 წლის გახლავთ. ძაღლთან – ბელონასთან – ერთად ცხოვრობს, დროდადრო დედას სტუმრობს  ვერაზე და დღეებს მასთან ატარებს. მუშაობს სახეობათა კონსერვაციის ცენტრ ”ნაკრესში“, რომლის ერთ-ერთი დამაფუძნებელიც თავად არის. ბედნიერია იმ გუნდით, ვისთანაც მუშაობს.  კარგი ატმოსფეროს შექმნა უყვარს და ადამიანებთან ურთიერთობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

„ნაკრესი“, პროექტები, დონორების მოზიდვა, ”ფეისბუქი”,  კვირაში ერთხელ სატელევიზიო გადაცემა, საღამოს მეგობრებთან ერთად რომელიმე ბარი ან რესტორანი – ეს მისი ყოველდღიურობაა.

ლევანს დედა ნაკლად უთვლის იმას, რომ დაოჯახების სურვილი არ აქვს. თუმცა, ამას მისი  თავისუფლების სიყვარულით ხსნის.

„არ უყვარს ჩარჩოებში ყოფნა. თავისუფლებაზე გიჟდება. როცა უნდა მიდის-მოდის, მეუღლე რომ ჰყავდეს, დილის 4-5 საათზე მომსვლელი ქმარი არავის უყვარს. დადის და დროს ატარებს,“ – ამბობს ქალბატონი გიული.

არატიპურ ქართველ კაცად ახასიათებენ და ამბობენ, რომ მისი აზროვნება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებში ჯდება. მეგობრების თქმით, ლევანს მიაჩნია, რომ ყველას თავისი წარსული აქვს. შესაბამისად, ქალსაც უნდა ჰქონდეს წარსული და გამოცდილება. თუმცა, ამას ისე არ ამბობს, რომ ვინმემ თავი შეურაცხყოფილად იგრძნოს.

შრომისმოყვარეობას უქებენ. პასუხისმგებლობასაც. იმასაც, რომ დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს. რაც მთავარია, ერთი საქმის გასაკეთებლად, არასოდეს აფუჭებს მეორეს.

„ვთქვათ, გაკვეთილები არ ჰქონდა ნასწავლი და  უნდა წასულიყო დაბადების დღეზე. აუცილებლად წავიდოდა, მაგრამ შინ დაბრუნებული  თავის საქმეს გააკეთებდა, სულ რომ დილამდე მჯდარიყო,“ – ამბობს დედამისი.

ნაცნობებს არ ახსოვთ, რომ ლევანს დანაპირები არ შეესრულებინოს, თუმცა, საქმის ბოლო წუთისთვის მოტოვებაც არ ყოფილა მისთვის უცხო.

საკურსოს აგვიანებდა და სულ ვეკითხებოდი – როდის გააკეთებ-მეთქი.  პასუხი იყო – დღეს-ხვალ. ბოლოს გავბრაზდი და გადავწყვიტე, საერთოდ აღარ მეკითხა.  საბოლოო ჯამში, გააკეთა ძალიან ნორმალური, ოღონდ, ბოლო წუთებში, – ეს ლევანის ყოფილი ლექტორის, ნათია კოპალიანის სიტყვებია.

კაცთმოყვარეობას,  სიკეთესა და ხელგაშლილობას უწონებენ. ამას  მრავალი მაგალითითაც  ამყარებენ. თავად არ უყვარს საკუთარ სიკეთეებზე ლაპარაკი და არც ლაპარაკობს. სხვისგან თუ გაიგებ შემთხვევით.

„ზოგი ხომ დაიწუწუნებს, იმან  ეს მთხოვა, ის მთხოვაო… ლევანისგან მასეთს ვერ მოისმენ. გეგონება, კაციშვილი არაფერს სთხოვს ან არავის ეხმარება.  მერე სხვისგან ვიგებთ – ლევანმა ეს გამიკეთა, ლევანმა  ის გააკეთა…“ – ამბობს მისი მეგობარი ნინო ქურიძე.

ჯაბა გერსამიამ ლევანთან ერთად სამი დღე გაატარა – როცა იგი ლექციას კითხულობდა ზუგდიდში.  სწორედ იქ ნახეს ჯაბას ნაცნობი, რომელსაც  მძიმე დაავადება – თავის სიმსივნე აქვს. სოციალურად დაუცველისთვის დაზღვევა  შეუჩერებიათ.  ლევანმა ჯაბას უთხრა, რომ   ფინანსურად დახმარება შეეძლო,  თუმცა, კატეგორიულად მოითხოვა, რომ  მისი სახელი არ გამოჩენილიყო.

„ფულს დაგიტოვებ და თბილისში რომ წავალ, მაშინ გადაეციო. ვერ დავითანხმე, რომ ერთად მივსულიყავით. ჩემი მიღწევა ის იყო, რომ თავად დაიმალა და მე მივუტანე იმ კაცს ფული.  არასოდეს დამავიწყდება, ბანკნოტსა და ჩემს თითებს ერთად როგორ მოუჭირა ხელი… ორი თუ სამი თვის წინ დამირეკა იმ ბიჭმა და მეგრულად მკითხა, ის ღვთიური კაცი როგორ არისო?“ – ყვება ჯაბა.

მას ახასიათებენ, როგორც ემოციურ, თუმცა, არაკონფლიქტურ ადამიანს. დიპლომატობას უქებენ. ამბობენ, რომ თავშეკავებულია და მისი გაბრაზება ადვილი არ არის. როგორც კარგ მენეჯერს, შეუძლია მარტივად დაალაგოს არეული სიტუაცია. გაგა გობრონიძე, მისი მამიდაშვილი, ამბობს, რომ ლევანის გაბრაზება საზარელი საყურებელია, თავად, ამის მნახველი, შეშინებულა კიდეც.

სხვა  სულ  რომ ღრიალებს, შეჩვეული ხარ. მშვიდი ლევანისგან კი  მოულოდნელია.  კორექტულად ლაპარაკობს, მაგრამ მკაცრი ტონი. პასუხისმგებლიანი და შრომისმოყვარე  – სხვებისგან საწინააღმდეგო ქცევებს ვერ იტანს,“ – შენიშნავს გაგა.

დედას სულ ორჯერ ახსოვს ძალიან გაბრაზებული ლევანი და ამბობს, რომ ასეთ დროს ერიდება კიდეც მას. ქალბატონი გიული იხსენებს, თავიანთ ახლობელთან როგორ მოიხსენია მცირედ ხელაკვრით  ამავე ახლობლის ძმა. თან, ამ ქალბატონს სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა და ტრავმაგადატანილი იყო.

„იქ არაფერი მითხრა, შინ კი, კატეგორიულად და ხმამაღლა გამომიცხადა – ძალიან გთხოვ, ამ გაუბედურებულ ქალთან მის ძმაზე აუგს ნუღარ იტყვი, უყვარს  ის  და თუ არ შემოგეპასუხა, არ ნიშნავს, რომ  გულში ხინჯად არ დარჩაო. მე მივხვდი, რომ ლევანი მართალი იყო და მოვიბოდიშე,“ – დასძენს  დედა.

განიცდის მისდამი უსამართლო დამოკიდებულებას და მოტყუებას.  მაგრამ  როგორც გარშემომყოფები ამბობენ, გულში არ იხვევს,  ამაზე ლაპარაკი უნდა, თუ არ თანხმდები,  წერილს მოგწერს და  ბოლომდე გაარჩევს საკითხს. პრობლემას არ ტოვებს. უკირკიტებს, რომ  როგორმე გადაწყდეს და პოულობს კიდეც გამოსავალს. მიიჩნევს, რომ ქრონიკული პრობლემა მდორედ მიდის, ამიტომ, მედიცინასა და ბიოლოგიაში გავრცელებული მეთოდის მსგავსად, მწვავე მოქმედებაში გადაჰყავს,  რომ მკურნალობას დაუქვემდებაროს.

”ბავშვობიდან ნიჭიერი” – ასე ახასიათებენ ნაცნობები. ლევანის ბავშვობის ახლობელი, ნენე კვინიკაძე ჰყვება ამბებს, რომლებიც, თავისივე შეფასებით, მითებს ჰგავს.

„ხუმრობასავით დადიოდა, რომ  წლინახევრის ლევანი „მერანს“ თავიდან ბოლომდე გამოთქმით, ძალიან სერიოზულად  ამბობდა. მამიდაჩემი იხსენებდა, პეტერბურგში,   ერმიტაჟში რომ შევიდნენ,  3 წლის ლევანმა კატალოგებიდან თეორიულად იცოდა, რომელ ოთახში რა იყო და ეს ბავშვი მიუძღვოდა ამხელა ქალებს გიდივით. თავად ძალიან არ უყვარს, ასეთ რაღაცებს რომ ვიხსენებთ ხოლმე, მაგრამ  ეს  დადასტურებული ფაქტი იყო,“ – ამბობს ნენე.

„ბუასი“ და „გუდიანი კაცის“, სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, არ ეშინოდა. აი, მამამისის დახატული მიკი-მაუსისა – კი. მამის შექმნილ პასტერნაკის პორტრეტისაც. სწორედ მათი მუქარით აჭმევდნენ საჭმელს.

ბავშვობიდან ზოოლოგობას აპირებდა,  მე-9 კლასში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლა გადაწყვიტა. ვერ ჩააბარა, ოცნების პროფესიას დაუბრუნდა და დაეუფლა კიდეც. მის მამიდაშვილს  კი ეგონა, რომ თეატრალურში ჩააბარებდა, რადგან  მიბაძვის ნიჭი ჰქონდა, ყველაფერს აჯავრებდა, ხმასა და მიმიკებს იცვლიდა. ეს უკანასკნელი ახლაც გამოჰყვა.

რასაც იტყვის, აუცილებლად ასრულებს. მაგალითად, კენიაში არ შეუშვეს –  საქართველო არასტაბილურ ქვეყანათა სიაში გვყავსო. სხვა გზებით, სხვა ქვეყნებით შეეცადა, ბრიტანეთის საელჩო დაიხმარა ვიზების აღებაში და მაინც წავიდა. ფიქრობს, რომ ყველაფერი ადამიანის ხელშია და მიუღწეველი არაფერია.

კოორდინაცია შენს ხელთაა, გააჩნია, რა გინდა. თუ 60 მილიონი ადამიანის ამოწყვეტა გსურს, მიაღწევ. ვიღაც ამერიკელს კოსმოსში გაფრენა უნდოდა.  არ ყოფილა კოსმონავტი. გადაიხადა 20 მილიონი და გაფრინდა. რეალურად შესაძლებელი ყოფილა. ის მილიონერი იმიტომ გახდა, რომ გაფრენილიყო. ბლოკს აქვს ფრაზა – “თუ რაღაც გინდა, აუცილებლად ახდება”.  თუ არ ასრულდა, დიდი სურვილი არ გქონია, თუ სხვა რამ აგისრულდა, იმედგაცრუება მხოლოდ მოჩვენებითია, რადგან ასრულდა სწორედ ის, რაც გინდოდა“, – ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში.

ლევანის ოპტიმიზმზე ოჯახის წევრებიც საუბრობენ.  უფასებენ, რომ არასოდეს ეშინია და  სულ წინ იყურება.

გვქონია მატერიალური სიდუხჭირეც, თუმცა სულ მეუბნებოდა,  ნუ გეშინია, მე დამატებით ვიმუშავებ, თარგმანებს შევასრულებ და არ გაგვიჭირდებაო. მართლა ასე იყო, ათენებდა ღამეს და რაღაცებს აკეთებდა. შრომის უნარი აქვს ძალიან დიდი, ზარმაცი არ არის,“ – ესეც დედამისის სიტყვებია. თან წუხს, რომ ქება გამოსდის; ლევანი შავ დღეს დამაყრისო, ხუმრობს და შვილის უარყოფით თვისებებსაც ეძებს. პოულობს კიდეც: სიჯიუტე. მაგალითად, რომ სთხოვო, ტელეფონი  აქეთ გადამიდგიო, თუ არ სურს ამის გაკეთება, დაგისაბუთებს კიდეც, რატომ არ სურს და არაფრით არ გააკეთებს. დედა ამას  მთიულის ხასიათსაც აბრალებს.  უწესრიგობასაც უწუნებს –  სადაც დებს, ყველაფერს იქვე ტოვებსო. ამას ლევანიც აღიარებს და, ამ მხრივ, თავს მოუწესრიგებელ კაცად მიიჩნევს. ნივთებთან  ისედაც საკრალური ურთიერთობა აქვს. ბავშვობაში სჯეროდა, რომ ისინიც სულიერები იყვნენ და უჭირდა მათი  გადაყრა.

სათამაშოებიდან დაწყებული, დაძონძილი  მაისურით დამთავრებული, მიჭირდა შელევა და მუდამ ჩხუბი მქონდა სახლში. ეს ჩვევა შემრჩა და ახლაც, ამ ოთახშიც იმდენ უაზრო ნივთს იპოვი, რომელსაც არც ესთეტური დატვირთვა არ აქვს და არც შინაარსობრივი,”  – იცინის და მაგიდას ათვალიერებს, ქაღალდების შეკვრას იღებს და ხსნის.

–         აი, ამერიკიდან ჩამოვედი ცოტა ხნის წინ და ეს არის  ჩემი საჭმლის ჩეკები, რომელიც არაფერში არ მჭირდება.  უამრავი სავიზიტო ბარათი ისეთი ადამიანებისა, რომლებიც არც ვიცი, ვინ არიან. აი, ბილეთები, რა ქვეყნისაა, არ ვიცი და როდინდელია, არ ვიცი. ყველაფერი ქაოტურად ყრია.

ლევანი კონვერტს ხსნის და იქვე „იგებს“, რომ 2009 წელს 15-დან 29 სექტემბრამდე  სტრასბურგში ყოფილა. ტუმბოდან ”ნაკრესის” ლოგოიან მაისურს იღებს და იზომავს.

–         ათი წლის წინანდელი მაიკაა,  ფაქტობრივად, ძონძია, ყველა მეუბნება რომ გადააგდეო, მაგრამ იყოს რა.

არ უყვარს ფულის ხარჯვა ტანსაცმელში. „შოპინგს“ ვერ იტანს. ამბობს, რომ მეგობრები სულ ეჩხუბებიან – გარდერობი გამოცვალეო. თუ მათთან ერთად მიდის უცხოეთში, სწორედ ისინი ურჩევენ და აცმევენ, ისიც, დიდი ომის შემდეგ. სამაგიეროდ, სიამოვნებით ხარჯავს ქეიფებში, ოღონდ არა  ქართული გაგებით – რომ ოცი კაცი დაპატიჟოს. ძალიან უყვარს საზღვარგარეთ  სიარული და  ყოველთვის აგროვებს ფულს, რომ წელიწადში ერთხელ მაინც, რომელიმე  ქვეყანაში წავიდეს დასასვენებლად. სუვენირების ყიდვაც უყვარს და მას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ცდილობს,  ყველას რაღაც ჩამოუტანოს, რაც საბოლოო ჯამში, დიდ თანხას შეადგენს.

„ერთდოლარიანი ნივთიც რომ იყოს, ანიშნებს იმას, რომ 1000 კმ-ის იქით მე შენზე ვფიქრობდი. ერთია, როცა მეგობარს ეუბნები – გამახსენდი სადღაც, მაგრამ ეს ყალბი შეიძლება გახდეს თუ ამ გახსენებას რაღაც მატერიალური არ ახლავს,“ – მეუბნება ლევანი და თავის მაგიდაზე მიმოფანტულ ნივთებს მათვალიერებინებს.

ღორი, მისი საყვარელი ცხოველი; აუტიზმით დაავადებული ბავშვების მიძღვნილი სპილო; ხოჭოები პატარა ყუთში, რომელიც კობა კოსტავამ სახეობის გასარკვევად მიუტანა, მან კი სუვენირად დაიტოვა; ეგვიპტური მზის სიმბოლო და ეგვიპტურივე პერგამენტი; კალამი, რომლითაც მხოლოდ ხელს აწერს. კალამს გიშერი აქვს თავზე და მეგობარმა, რომელმაც აჩუქა,  უთხრა, რომ ეს ფინანსურ დოკუმენტებზე ხელის მოწერისას მნიშვნელოვანია.  ამბობს, რომ ეს არ აინტერესებს, მაგრამ მაინც „დარიგებისამებრ“ მოქმედებს; ჩინური ბურთებიც უწყვია, რომლებიც ისე უნდა ატრიალო ხელში, რომ ზარის ხმა არ ისმოდეს. როგორც ამბობს, კონცენტრაციას უწყობს ხელს, მაგრამ ნერვები არასდროს ჰყოფნის ამისთვის. ოთახში მაგიდის გარშემოც და შემოსასვლელის კედელზეც თაბახის ფურცლები აქვს გაკრული – ფრანგული ზმნები უწერია. ამბობს, რომ მე-3 ჯგუფის ზმნა  წესის მიხედვით არ იუღლება და სულ იზეპირებს.

მაგიდაზე 9×13-ზე დაბეჭდილი ძველი ფოტოებიც უდევს. 15-20 წლის წინანდელებიც და შედარებით ახლებიც – მეგობრებთან: გიგი თევზაძესთან, ირაკლი მაჭარაშვილთან, ბეჟან ლორთქიფანიძესთან, ლაშა ბაბუაძესთან ერთად გადაღებული.

– ეშ ნიკოლოჟია, ჩემი ნათლული, შაყვარელი – იჩლიქავს ენას და ღიმილით დაჰყურებს ბავშვის ფოტოს.

კარადის თავზე პლუშის ლეოპარდი აქვს შემოდებული. კოლექცია ჰქონდა, თუმცა, ერთი სათამაშოღა შემორჩა. ბავშვები რომ შედიოდნენ, მოსწონდათ და უარს ვერ ეუბნებოდა.

ბავშვს ვერ ეტყვი, რომ იცი რა, 40 წლის კაცის კოლექციაა და ხელი გაუშვიო, ამიტომ ვჩუქნიდი,“ – ასე ხსნის თავის საქციელს.

ლეოპარდი მისი ტოტემია. დარწმუნებულია, რომ ან წინა ცხოვრებაში იყო ლეოპარდი, ან შემდეგში იქნება, რადგან შინაგანად ეს ცხოველია. სიცოცხლის მოტრფიალე – თავის აფრიკულ ჩანაწერებში, რომელიც მეგობრებისთვის მიძღვნილი წერილის სახით დაიბეჭდა – წერს, რომ თუ ოდესმე მაინც მოუნდება სიკვდილი, ისურვებდა, რომ ის სწორედ ლეოპარდის სახით მივიდეს მასთან.

„ სხვანაირი სიკვდილი არ მინდა. როცა დავბერდები და ფეხზე ძლივს ვიდგები, მოვკიდებ ხელს ჩემს ჯოხს, ვიყიდი ბილეთს, შვილებს დავუწერ მოკლე წერილს, არ მეძებოთ, სახლში წავედი-მეთქი და აქ ჩამოვალ. დავიქირავებ ერთ დანჯღრეულ მანქანას, ძლივს გავატარებ სადმე სავანაში, ვიპოვი აკაციის ტოტზე გაწოლილ ლეოპარდს, ნელა გავაჩერებ მანქანას და გადმოვალ. ახლოს რომ მივალ, ცოტას წავიბანალურებ, რომ ეფექტურად წავიდე და ცოტა თავიც შემეცოდოს; მზის სათვალეს მოვიხსნი და, ჯოხთან ერთად, გვერდზე მივაგდებ. ხელებს გავშლი, ძია რადიარდის სიტყვებს მოვიშველიებ და ზემოდან თვალებში მაყურებელს ვეტყვი: “ლეო, შენთან დასარჩენად მოვედი, we be of one blood! Thou and I – ჩვენ ერთი სისხლისანი ვართ! მე და შენ!“.

ბევრს მოგზაურობს – ცხოველებზე დაკვირვება მისი სტიქიაა. დიდი ხანია, ჩაალაგა ჩემოდანი და წავიდა.  თავგადასავლებიც მისი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.  ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს ველურ ბუნებას უკავშირებს. აფრიკაში პირველი ჩასვლა და ზოოპარკში, იასონ ბადრიძის მგლებთან პირველი ურთიერთობა – ორივე ახდენილი ოცნება იყო. ”ნაკრესის” ჩამოყალიბების შემდეგ,  პროექტი დაუფინანსეს და აფრიკაში წავიდა საკვლევად. ამ საოცნებო ჰარმონიულ მიწაზე  ჩასვლა მიზნად ჰქონდა დასახული და აიხდინა კიდეც, თუმცა თავიდან უტოპიაც ეგონა. ფიქრობს, რომ ეს გარდატეხა იყო – ცხოვრების ერთი  ეტაპი  დაასრულა და სხვა განზომილებაში გადავიდა. ადამიანის წარმოშობის ადგილს თავის ბიოლოგიურ სამშობლოს უწოდებს. პერიოდულად აქვს  ნოსტალგიური შემოტევები იმ სავანასი, რომელიც სულ იხმობს.

სავანის ეს ძახილი  აუტანელი რომ ხდება, ვტოვებ ყველაფერს და იქ მივდივარ. რომ ჩავდივართ, მეგობრები დამცინიან ახლა დაწვება.  მართლაც, პირველი გასვლისას გადმოვდივარ მანქანიდან და ვწვები მიწაზე. მთელი ზურგით ვეხები და ძალიან სასიამოვნო გრძნობა მეუფლება. მაშინ ვგრძნობ – I’ve come home at last!. იქ რომ ვწვები, რაღაც მაგიური მოდის სამშობლოსგან. საქართველო სოციალური სამშობლო.  აქ რომ ჩამოვდივარ, სხვა განცდა მაქვს. აქ მყოფი ადამიანები რომ იგრძნო, ეხუტები და კოცნი. შეხება მნიშვნელოვანი, გრძნობ, რომ სამშობლოში ხარ. იქაური სოციუმი და საზოგადოება ჩემთვის არაფერია, სამაგიეროდ,  ის ადგილები ადამიანის სამშობლო და როგორ უნდა შეიგრძნო, თუ არ გაწექი მიწაზე და შეეხე. რასაც დაქალებთან და ძმაკაცებთან გამოხატავ ჩახუტებით, იქ – იმ მიწასთან გადახვევით. როგორც შენი ძმაკაცისგან, დაქალისგან თუ დედისგან გადაკოცნის დროს სითბოსა და მაგიურ ძალას გრძნობ, ისე, იქ რომ დაწვები, გრძნობ სითბოსა და მაგიურ ძალას” – ამბობს ლევანი. ექსპედიციის გუნდის შეკრებას კი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ისეთ ადამიანებთან ერთად დადის, ვინც, მაგალითად, ნასესხებ ფულს არ დაუბრუნებს და ამის გამო მასთან  ურთიერთობისა არ მოერიდება,  ახლობლური ლექსიკონით გააგრძელებს ურთიერთობას. თავად რომ არ შეეცვლება მის მიმართ დამოკიდებულება, დარწმუნებულია. ამბობს, რომ ასეთი ურთიერთობის მქონე ადამიანთან  ერთად ჯუნლებში წასვლაც შეიძლება.

თხრობის უნარს უქებენ. ამბობენ, რომ შესაძლოა, ისე არც იყოს ამბავი, როგორც ჰყვება, თუმცა, გარწმუნებს. ყოფილი „ნაკრესელი“ ნათია კოპალიანი ტანზანიაში ვიზიტს იხსენებს, სადაც თავად, თავისი ქმარი, ირაკლი შავგულიძე და ლევანი იყვნენ. ტერიტორია,  სადაც კარავი დასცეს, დიდი პარკივითაა, საერთო დგუშებით და სხვადასხვა ეროვნების ადამიანებით. მათ  კარავთან  მამა-შვილს დაებანაკებინა, ორივე დაღვრემილი ჩანდა.

„ჩვენ ბედნიერები ვიყავით ტანზანიაში ყოფნით და ესენი – მოწყენილები. ლევანი მოვიდა და მაგათი ამბავი არ იციო? მოყვა, რომ შვილს მამასთან ჰქონია კონფლიქტი, სამი წელია, წასულია სახლიდან, მამამ არ იცოდა შვილის შესახებ არაფერი, არ ეგონა ცოცხალი და ბოლოს შვილმა  გადაწყვიტა რომ დაბრუნებულიყო.  მამამ კი, დიდი შერიგების ნიშნად, მოაწყო ეს ტური აფრიკაში. პატარა ნოველა დაწერა ერთ წუთში, თან თავად ხატოვნად ჰყვებოდა. იმდენად კომუნიკაბელურია, რომ ჩასვლისთანავე  ყველას  მეგობარი ხდებოდა, იცოდა დეტალური ამბები მათზე, მერე გვიყვებოდა ეს იქ მუშაობს, ეს იმისი შეყვარებულია, ყველაფერი 5 წუთში. ამიტომ არ გაგვკვირვებია. ორი დღე გვეგონა, რომ ყველაფერი ასე იყო. ჩავუვლი ამ ტიპებს, საინტერესოები გახდნენ ჩემთვის და ორი დღის შემდეგ თქვა ლევანმა – მოვიგონე ყველაფერი, საერთოდ არ ვიცნობ ამათო. სამ კაცს ეჭვი  არ შეგვპარვია, რომ შეიძლებოდა ტყუილი ყოფილიყო“.

ბევრ განსხვავებულ სოციალურ წრეს ერგება, შეუძლია თან საოცრად მეცნიერული იყოს, თან „ფეისბუქში“ სრულიად გასაგებად ილაღოს. საკუთარ მრავალმხრივ განათლებას კი ყველგან იშველიებს. მოგზაურობა, ლიტერატურა, ბიოლოგია, მუსიკა, პოლიტიკა, ფოტოგრაფია – ყველაფერზე შეუძლია საუბარი ფეხბურთის გარდა, რაც მის „რუსთავი 2-ელ“ თანამშრომელს, დიმა ობოლაძეს მოსწონს კიდეც, რადგან მშვიდად საუბარს ახერხებენ. მისი ფოტოები ცალკე თემაა: ჩახუტებული მგელთან, აფთართან, ლომთან.. „We love each other deeply“ – ამ წანამძღვარს უკეთებს ცხოველებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. საკუთარ ალბომებს კი, სადაც მხოლოდ ველური არსებები ჰყავს გადაღებული – My Life – My Animals“- უწოდებს.

–         ძაღლს ჩავკეტავ, თორემ ცუდი ამბავი დატრიალდება – მეუბნება და რამდენიმე წუთში სახლში მეპატიჟება.

ძაღლთან მისი ურთიერთობა ყველასთვის ცნობილია. „მას რომ ენა ჰქონდეს, ყველაზე მეტს მოგიყვებოდა ლევანზეო,“ – მეუბნებიან. დიდი და სხვებისთვის მონსტრი ბელონა – ლევანის ჩემოდანს რომ ხედავს,  მიდის და თავისთვის წვება.  არც ემშვიდობება, რომ ეძახის.  ჩამოსვლის დღეს კი ხალისიანია.

„ბელონა ახალგაზრდა როცა იყო, შემოსულ ლევანს ახტებოდა და ლოკავდა, გული  ისეთ დღეში ჰქონდა, მეშინოდა,  ინფარქტი არ დამართნოდა. ახლა  ვეღარ ახტება, იწყებს კანკალს და ლევანი ეხუტება – აქ ვარ ბელონა, ნუ კანკალებ, ნუ კანკალებ..  მას კი გული უცემს.. „ – ამბობს ლევანის დედა.

როგორც ამბობენ, მისთვის ცხოველი მთელი ცხოვრებაა – გიჟდება გორილებზე და მათ არაფრით არ განასხვავებს ბავშვებისგან. ახალდაბადებულ ბევრ ბავშვს რომ ნახავ და აღფრთოვანებული მოყვები მათ საყვარლობაზე, აურასა და სუნზე,  დაახლოებით, ასე ჰყვება გორილებზე.

პოლიტიკური თანამდებობის დაკავების ინტერესი არასოდეს ჰქონია და, როგორც ამბობს, არასოდეს ექნება. კმაყოფილია საკუთარი საქმით და ცდილობს დატკბეს. ყველაფერში ერთვება, მაგალითად, ვიკიპედიაში „უგვანი“ სტატიის განხილვაც არ ეზარება და ფაქტობრივ უზუსტობებსა და არააკადემიურ ქართულს უსწორებს ავტორს.

ბავშვებთანაც პოულობს საერთო ენას, მათი ტოლი ხდება. ამას ერთი ზუგდიდური ეპიზოდიც მოწმობს.

„ორ დღეს კითხულობდა ლექციებს. ცაიშში ზრდასრული ადამიანები უსმენდნენ. ზოოლოგიური ტერმინებით ისაუბრა. მეორე დღეს, ჯვარში უნდა წაეკითხა იგივე ლექცია. ისე მოხდა, რომ სკოლის ბავშვებიც შემოიყვანეს, მათთან კი, მეცნიერულად ვერ ისაუბრებდი. ამხელა კაცი გახდა ბავშვი და ისე ჩანდა, რომ ბავშვი უკითხავდა ბავშვებს ლექციას. დიალოგში შემოიყვანა, ელაპარაკებოდა დათვებზე, მგლებზე.  ვუყურებდი და მეცინებოდა, რადგან იმავე ლექციას ვუსმინე წინა დღეს, იყო სულ სხვანაირი და ახლა ჰყვებოდა ბავშვების დონეზე.  მულტფილმებზე ლაპარაკობდნენ. როლში შევიდა, უხსნიდა ძალიან გასაგები, მარტივი მაგალითებით. ვთქვათ, „ახლა გორილა და ჯაბა რომ იყვნენ“  და სხვა…“ – ამბობს ჯაბა გერსამია.

ლევანი „რუსთავი 2-შიც“ მუშაობს. გადაცემა „შუადღეს“ ერთერთი თანაწამყვანია. სკანდალური თემებითაც გამოირჩევა. ორგაზმსა თუ – სექსზე ორსულობის პერიოდში – ხშირად არ ლაპარაკობენ, მითუმეტეს, დღის საათებში. მისი პროდიუსერი ნენე კვინიკაძე ფიქრობს, რომ რითიც შეიძლება გადაცემამ იამაყოს, ლევან ბუთხუზია.

„მას შეუძლია ის, რასაც ტელესივრცეში ძალიან  ბევრი გამოცდილი ვერ  შეძლებს. ლევანს არ ზღუდავს და არ უშლის ხელს ის, რომ პროფესიით ბიოლოგი, პირიქით, ყველაზე მეტი რესურსი აღმოაჩნდა, რომ  ყველაზე სპეციფიკური თემებიც კი, გასაგები და საინტერესო გახადოს რიგითი მაყურებლისთვის,“ – ამბობს ის.

„შუადღეს“ წამყვანი, დიმა ობოლაძე ლევანს არაორდინალურ გიჟს უწოდებს და იქვე შენიშნავს, რომ ხუთშაბათი (ლევანის გადაცემის დღე) ყველაზე საინტერესოა – თოფებიც მიუტანია, ეთერშიც უსროლიათ,  მონადირეები და ძაღლებიც მიუყვანია, თუმც, პრობლემა არასოდეს შექმნიათ.

„კვერცხუჯრედები გააკეთა პლასტელინით და მოიტანა – უნდა ავუხსნა ხალხს ადვილად – ეს რა არის, როგორ ნაყოფიერდებაო. რაღაცები  შეუშვა – სპერმატოზოიდებიაო, მერე მოკუჭა.. ეთერიდან გამომდინარე რაღაცებისგან თავს იკავებს ხოლმე მაინც, მაგრამ მთლიანობაში თავის სათქმელს  ამბობს.  გადაცემის მზადების პროცესში კი პედანტია. უნდა, რომ მთელი გადაცემა ბოლომდე გავიაროთ და თავის მონოლოგებს რეპეტიციაზე ბოლომდე კითხულობს,“ – ყვება დიმა ობოლაძე.

ადაპტური და შემგუებელია, თუმცა, ცდილობს, სიტუაცია მოირგოს და არა – მიერგოს.

„გოსტიბეში გვქონდა ბანაკი. დამავიწყდა საძილე ტომრის ქვეშ დასაგები თხელი ნოხი, რეზინის მასალაა. მის გარეშე, იატაკზე უნდა დადო საძილე ტომარა, რაც მოუხერხებელია წესიერი ძილისთვის. გია თოდუას ჩაეძინა, მე ვფოჩიხობ, ერთ ამბავში ვარ.  ავიღე ტანსაცმელი, დავაგე, ერთი საათი მივუძღვენი ამას და გია მეუბნება – გარემოს სიტუაციას ისე ირგებ, როგორც შენ გინდაო. ეგრეა ანუ სიტუაციას ვერგები, მაგრამ ჩემი კომფორტით. მაგალითად, თქეშში ხელებს კი არ ჩამოვყრი და გავაგრძელებ გზას, იმ წუთას დავიწყებ ქოხის აშენებას, რომ შევეგუო, მაგრამ კორექტივები შევიტანო. მოულოდნელი ცვლილებები ძალიან მიყვარს და თუ საკითხი ვინმეს ჯანმრთელობას არ ეხება, პრობლემებიც მიყვარს. მათი გადაჭრა ჩემი სტიქიაა. სპორტული ინტერესი მიჩნდება ამ სიტუაციის ბოლომდე დაძლევის,“ – ამბობს ლევანი.

ღმერთის არ სწამს, ბიბლიას კი კარგად იცნობს. ამბობს, რომ ათეისტობა არასოდეს დაუმალავს და ფარისევლობა იქნებოდა ეთქვა, რომ სწამს.

„ყველაფრის მოთმენა შემიძლია, მაგრამ ფარისევლობას ვერ ვეგუები. როდესაც ჩემი ზოგიერთი მორწმუნე მეგობარი მეუბნება, რელიგიას დასცინიო, მე ვპასუხობ – რელიგიას არა, შენ დაგცინი, როცასამარხვო ხაჭაპურს ჭამ მეთქი. თუ მას მართლა სწამს და მისდევს რელიგიურ ცხოვრებას, მაშინ კარგად უნდა იცოდეს, რომ მარხვა ჭმუნვაა და ამ დროს მარტო ხორცეულზე კი არ უნდა თქვას უარი, არამედ ზოგადად სიამოვნებაზე. უნდა ილოცოს, იაროს ეკლესიაში, მოიშოროს ფუფუნების ატრიბუტები, მოინანიოს, ღვთის ჭვრეტით იყოს დაკავებული…“

ნებისმიერი საყვარელი საქმის კეთებას ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიასთან აიგივებს. იხსენებს რადიოდანიშვნის მეთოდს, რომლის დროსაც, მის ქცევაზე დასაკვირვებლად, ცხოველს აძინებენ და სპეციალურ აპარატს ყელზე აცვამენ:

„შენ გაქვს მიმღები, ის იჭერს ყელზე მიბმული აპარატის ტალღებს, განსაზღვრავს, სად არის იმ კონკრეტულ დროს დათვი და სვამს რუკაზე წერტილს. თავიდან  არის აბრაკადაბრა, რაღაც ხაზები, წერტილები.. მაგრამ ნელ-ნელა ამ ქაოსიდან ხვდები, რას აკეთებს ცხოველი. აქ რომ გაჩერდა 20 წუთით –  ჭამდა, 5 წუთი რომ გაჩერდა და  გაიქცა, ფერმაა და ალბათ, ძაღლებმა დაუყეფეს.. აქ რომ გაჩერდა, მეორე დათვი იყო. ამეებს რომ ალაგებ, დათვის ერთი დღეა ანუ ქაოსიდან მოწესრიგებული ამბავი დგება. პირველად რომ აღმოვაჩინე, ჰგავდა ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიას, სადაც რამდენიმე წამს არის სრული კაკაფონია და მერე ჰარმონია იწყება.  გენიალური მიგნებაა. როცა კაიფობ საქმეზე, სხვა ვარიანტი არ არსებობს. ჯერ ქაოსია და მერე შენ ძერწავ და ქმნი რაღაცას, ხედავ პროდუქტს. ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია –  დასაწყისი ქაოსიდან და შემდეგ უკვე აპოთეოზი – უჰარმონიულესი რამ“.

ვერ იტანს სხვის წუწუნსა და ტრაგიკულობის განცდას. არც თავად უყვარს დარდის გამოხატვა. როგორც ახლობლები ამბობენ, თავისთვის იკეტება, არ იმჩნევს წუხილს, იმიზეზებს, დაღლილი ვარო. ალბათ, ამ დროს, ისევ იმაზე ფიქრობს, რომ „კოორდინაცია თავის ხელთაა“ და პრობლემიდან გამოსავალს ეძებს.

 

ტეგები: , , , , ,

სითბო და ღიმილი დაგ-ვე-ბე-დე-ბააა…

ანონსი: ორშაბათს, 2 იანვარს, “ფეისბუქის” პრესკლუბში, მარი ახსიაშვილი 2011 წელს შეაჯამებს და 2012 წლის პრიორიტეტებზე ისაუბრებს.

ბედობაა, მესამე წელია, 2 იანვარს ბლოგზე პოსტს ვდებ – აქაოდა, წერა დამებედოს მეთქი, მაგრამ კი აბა…

მაგრამ ტრადიციას მაინც არ დავარღვევ. შემაჯამებელი ბრიფინგი უნდა გამემართა 31-ში და ვერ მოვასწარი. რა მიშლის, რომ ახლა შევაჯამო – არც არაფერი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რომ გადავხედე, საკმაოდ დატვირთული წელი ყოფილა. ბევრი კარგი და ახალი რამ მომხდარა. პრინციპში, თუ ექიმთან ბოდიალებს არ ჩავთვლით, ყველაფერიც კარგი ყოფილა.

სიახლე იანვარშივე დაიწყო და ავიღე ბაკალავრის დიპლომი 😀 ასევე, პირველად ვიყავი სამეგრელოში და გავიცანი ფეისბუქელი ფრენდი, უუსაოცრესი ადამიანი – ჯაბა გერსამია. დავაგემოვნე მეგრული სამზარეულო, ვინახულე ფოცხოეწერის დევნილები და მოვამზადე რეპორტაჟი მათ ყოფაზე. (სამიოდ თვეში კი, თავად ჯაბა იყო თბილისში და მასთან, ჩემს სოციალურ დედა- ნენესთან და სოცნათლია – ლევანთან ერთად, მშვენიერი საღამო გავატარე).

თებერვალში იყო წიგნის, „ფეისბუქმა რა ჰქმნა“ პრეზენტაცია. სადაც ჩემი „ფბ-ტყაოსანი“ „საპატიო 34-ე გვერდზე“ იყო 😀 TBC-მ მოაწყო პრეზენტაცია “თუ საიდში” და პრინციპში, კარგი იყო.

მარტში დავიწყე სწავლა მაგისტრატურაზე – ჩემი წუწუნით კი არადა, შრომით მოპოვებული გრანტით. ასევე, საკუთარ თავს სარვამარტო საჩუქარი გავუკეთე და ლეპტოპი ვუყიდე.

აპრილში გავიმარჯვე სტუდენტურ კონკურსში „სოციალური მედია და ქართული საზოგადოება“, ავიღე პირველი ადგილი და ფულადი ჯილდო.

მაის-ივნის-ივლისში ვიყავი ძალიან საინტერესო სემინარებზე – ყვარლის ტბაზე, სიღნაღში, ანაკლიასა და კვარიათში. შესაბამისად, 2011 წლის ზაფხულს პირველად ვიხილე ზღვა და შევედი მასში, თუმც მიძალიანდებოდა და აღელვებულ ზვირთებს მახვედრებდა, შავ ღრუბლებს და წვიმის მსხვილ წვეთებს იხმობდა მეშველად…..

ანაკლიის სემინარი ბევრად კარგად მახსენდება, უფრო იმიტომ რომ საღამოს ჯაბა გერსამია ჩამოვიდა და ზუგდიდში, შემდეგ კი განმუხურში არაჩვეულებრივი დრო ვატარეთ მის შეყვარებულთან და მეგობართან ერთად.

აგვისტოში ვიყავი სოფელში, სექტემბერში დედაჩემი წავიდა იტალიაში 😐

ოქტომბერში ავირჩიე ანალიზური ჟურნალისტიკა ჩემს უძველეს ლექტორთან და გავიცანი არაჩვეულებრივი ადამიანები – ახალი ჯგუფელების სახით.

წლის ბოლოსკენ ჩავერთე ახალ პროექტში, რომელსაც ვიწყებთ იანვარში და იმედი მაქვს, რომ ბევრ საინტერესო დღეს მიქადის. მითუმეტეს, რომ იქ არის ჩემი ძველი გუნდიც, ე.წ ღია რადიო-ს ჩემი ქვეჯგუფი – სრული შემადგენლობით.

დეკემბრის ბოლოს, ერთი კვირის წინ, ცხოვრებაში პირველად დავთვერი გათიშვამდე 😦 თან, მაინცდამაინც ლექტორების და ჯგუფელების თვალწინ 😀 კიდე კარგი, როგორც მითხრეს, ჭკვიანად ვიჯექი და მეძინებოდა :)) „ზატო“, ალკოჰოლს აღარ ვეკარები 🙂
საინტერესო წელი მქონდა ლიტერატურული კუთხით, ბევრი კარგი წიგნი წავიკითხე. აქ დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ლექტორს, დათო პაიჭაძეს. ბუკინისტთანაც ბევრი წიგნი შევიძინე. ახლა გააძვირა იმ „საზიზღარმა კაცმა“ 😦

მოკლედ, 2012 წელი არის დრაკონის ანუ ჩემი წელი. შესაბამისად, სრული უფლება მაქვს ჩემი წლისგან მოვითხოვო და ველოდო:

ექიმების მოშორებას!!!

ახლობლების კარგად ყოფნას.

ფინანსურად მომძლავრებას ანუ ხელფასის მინიმუმ გაორმაგებას 😐 ამაზეა დამოკიდებული, ქინდლს და ფოტოაპარატს ვიყიდი თუ არა.

ბევრ კარგ ადამიანურ ურთიერთობას.

მაგისტრატურის ბოლო სემესტრის ლაზათიანად მომთავრებას და სამაგისტრო ნაშრომის ღირსეულ ჩაბარებას 😀

და რაც მთავარია: ჩემი ტკივილის, ინგლისურის მოხრჩობას. დაუნ ვიდ დიქტეიტე!!!

 
2 Comments

Posted by on იანვარი 2, 2012 დუიმი მე:-)

 

ტეგები: , , , ,

“ანთროპოლოგიასთან მეგობრობის დასაწყისი”

გუშინ, მეორე სემესტრის პირველი ლექცია მქონდა – კულტურულ ანთროპოლოგიაში. როგორც მოველოდი, ძალიან საინტერესო კურსია – ლექციებით, ვიდეოლექციებით, თეორიის და კვლევის კომპონენტებით.

ქეთიმ (ლექტორმა) გვითხრა, რომ ეს ერთადერთი კურსი იქნება, რასაც ანთროპოლოგიაში ვისწავლით და მოგვიწევს კვლევის ჩატარებაც. ამან ცოტა დამაფრთხო, მერე დამაინტერესა და მერე მომინდა კიდეც. აი, რის კვლევას გადავწყვეტ, ამაზე კი, კარგი ფიქრი მომიწევს – უნდა შევარჩიოთ რამე კულტურა ან სუბკულტურა.. ბევრი საინტერესო რამის მოფიქრება შეიძლება, თუმცა, გამოხატულად და მკვეთრად არაფერი მახსენდება.
(ახლა ჩემს თანამშრომელს ვეუბნებოდი, ფეისბუქში საკუთარ პოსტებს თავადვე რომ ალაიქებთ, რა არის, ცალკე სუბკულტურა ხართ მეთქი? საკვლევია ესეც, აბა, რა არის 🙂

ანთროპოლოგთა საკვლევი თემები ვნახეთ მაგალითებად, ძალიან მაგარია, ვთქვათ, ”შეხუმრებული დამოკიდებულებები ბიძა-დისშვილებს შორის” და მსგავსი.

ჰო, ვისწავლით სხვადასხვა თეორიას, მერე შევარჩევთ ერთს და მის ჭრილში განვიხილავთ საკუთარ კვლევას. პირველი ლექცია ევოლუციონიზმის თეორიაზე იყო – გადმონაშთების იდეა, ჯეიმს ფრეზერი, ედუარდ ბერნეტ ტაილორი, დარვინის თეორიები, სწორხაზოვანი ევოლუცია, კაცობრიობის სულიერი ერთიანობა, პრიმიტიული სექსუალური თავისუფლება, განვითარების საფეხურები. კულტურების დეგენერაცია, პროგრესივიზმი და სხვ. მოკლედ, ”ჩვენში დარჩეს” და მეინტერესება.

ქეთი თავის მაგალითს გვიყვებოდა სხვადასხვა კულტურაში ”გამჯდარ” წესჩვეულებებსა და ”სადაც მიხვალ, იმ ქვეყნის ქუდი უნდა დაიფაროს” ’ინსტიტუტზე’. მაგალითად, გერმანიაში მისალმებასა და სტუმრის არგაცილებაზე. ლექცია რომ დაგვიმთავრდა, მე და ჩემი ჯგუფელი ანა გამოვდიოდით, დერეფანში, გასასვლელთან, უცხოელი სტუდენტი ბიჭი შეგვხვდა, კარი გამოაღო, გაგვატარა და შემდეგ შევიდა თავად.
”ამან ქართული კულტურა შეითვისა და აქაური ქუდი დაიფარა, თორემ ალბათ, თავის ქვეყანაში ასე არ უთმობს გზას ქალებს” – თქვა ანამ. მართალია :დ

ჰო, კვლევის გარდა, მნიშვნელოვანი კომპონენტია პორტფოლიოს წარმოებაც – რას ვისწავლით, რა პროგრესი გვექნება, ეს ყველაფერი უნდა ’აღვნუსხოთ’. პორტფოლიოც არ გამიკეთებია არასდროს და ბარემ, ბლოგზეც ხომ არ ’ვღნუსხო’ მეთქი, ვფიქრობ.

ხვალ მორიგი ლექცია მაქვს, უკვე ანალიზურ ჟურნალისტიკაში. აი, ხუთშაბათ-პარასკევს კი, უმძიმესცხრილიანი დღეები მელის.

 
8 Comments

Posted by on ოქტომბერი 4, 2011 დუიმი ილიაუნი

 

ტეგები: , ,

მაგისტრატურის მეორე სემესტრი – ფიქრები და არჩევანი

ხვალ სწავლა მეწყება – მაგისტრატურის მეორე სემესტრი. ისე ვნერვიულობ, ისე ვნერვიულობ, რომ ზოგჯერ სული მეკვრის 😀

არადა, სანერვიულო რა არის – აბსოლუტურად ყველა საგანი მომწონს, ყველა ლექტორი მომწონს, უბრალოდ, რა რთულია, სამსახურის და სწავლის შეწყობა :() ცხრილი მაქვს ძალიან ცუდი – ხუთშაბათს და პარასკევს 5-დან 9-მდე ლექციები მაქვს, მე კი, 4საათი გადაბმულად უნიში არ ვყოფილვარ :|)

ვნერვიულობ და სუნთქვა მეკვრის იმის გამოც, რომ ზამთარი მოდის, მე კი, ჭირივით მეზიზღება და მძულს სიცივე, ბევრი ტანსაცმელი, ადრე დაღამება, ავტობუსის ლოდინი, გაყინული თითები და აშშ.

მესიკვდილება, რომ ლეპტოპის თრევა ისევ მომიწევს ( ცხადია, დამტენითურთ), ამას მივამატოთ ის ნივთები, რაც ყოველდღიურად დამაქვს (წიგნი, რვეული, დიქტოფონი, საბუთები და სხვ) და თავი ჯარისკაცი მგონია, რომელმაც გმირულად უნდა ათრიოს თავისი ტვირთი ჭირსა თუ უბედურებაში :(( თან, ჩემი ხერხემლის გადამკიდე 😐

ხო, უცხოენოვან სამეცნიერო ლიტერატურაზეც ვნერვიულობ ❤

სხვა მხრივ კი, სხვა მხრივ აღმაფრენით ველი, ძალიან საინტერესო საგნებია. ნუ, ცოტა კი შევაწუხე დეკანი, მაგრამ მაინც :)) და ამ სემესტრში ჩემი არჩევანი ასეთია:

1. „კულტურული ანთროპოლოგია“ – ქეთი გურჩიანი. თავდაპირველად ავირჩიე ლექტორის გამო. წინა სემესტრშიც მასწავლიდა და ვიცი, ვისთან მაქვს საქმე, ვიცი, რომ „ხალტურას“ ადგილი არ ექნება და ვიცი, რომ კურსის ბოლოს იმაზე ბევრად და ნამდვილად მეტი მეცოდინება, ვიდრე ვიცი. მერე სილაბუსსაც გავეცანი – ჩემთვის უცხო და ძალიან საინტერესო კურსი მგონია. დღეს პირველ ვიდეოლექციას მოვუსმინე – ევოლუციონიზმის თეორიებზე.. მასალა ვეძებე ინტერნეტში, რაღაცები წავიკითხე, თუმცა, თვალები მეტკინა ძალიან და ხვალისთვის გადავდე.

2. „ძალაუფლების ლეგიტიმაცია: იდეოლოგია და სიმბოლიკა“,
ზურა კიკნაძე. ზურაც ჩემი ლექტორი იყო წინა სემესტრში და იმთავითვე ვაპირებდი ამ საგნის არჩევას. ჯერ სახელწოდებაა ძალიან საინტერესო და მერე სილაბუსსაც რომ გავეცანი, კიდევ უფრო მომეწონა. მართლა საინტერესოა, გავეცნობით ძალაუფლების ლეგიტიმაციის სხვადასხვა ხერხებს ძველი წინა აზიის, ანტიკური საბერძნეთის, რომის, ბიზანტიური და დასავლური შუასაუკუნეების, მათ შორის, საქართველოს გამოცდილებაზე დაყრდნობით.

3. „ჰეგელის გონის ფენომენოლოგია“, გურამ თევზაძე. ამაზე დიდხანს ვფიქრობდი, ამერჩია თუ არა. ცხადია, არა იმიტომ, რომ მისი ცოდნა და სიძლიერე მეეჭვებოდა. პირიქით, მეშინოდა – ამ კურსის წარმატებით დაძლევას ახლა შევძლებ თუ არა მეთქი. მაგრამ გავრისკე. (გიგი თევზაძის „იდენტობის თეორია“ მინდოდა ძალიან, მაგრამ ჯერ საერთოდ ამოიღეს ეს კურსი და მერე, რომ ავჭიჭყინდით, კი დაამატეს, მაგრამ ლევან ღამბაშიძე კითხულობს. მე რო გიგი მინდოდა? :D)

4. „რელიგიის სოციოლოგია“, ემზარ ჯგერენაია. ემზარი ძალიან ჭკვიანი და განათლებული ადამიანია. მასზე მხოლოდ კარგი მსმენია. მჯერა, რომ სემესტრის ბოლოს, მისი საგნიდანაც ბევრი მეცოდინება. ხო, ჯაბას მოკითხვა უნდა გადავცე 😀

5. „ანალიზური ჟურნალისტიკა“,
დათო პაიჭაძე. ნუ, კაიხნიანი წყვეტის გამო, ცოტა ხანს კიდევ მივუბრუნდები ჟურნალისტიკის ლექციებს. რაღაც განტვირთვა და სიხალისეც იქნება ალბათ ამდენი ფილოსოფია-თეორიების შემდეგ. ისე, ცოტა მაინც მეშინია – ვაიდა, ვერ გავქაჩო მეთქი:D

ახლა ნერვიულობას უნდა შევეშვა და მხოლოდ შემართებით ^_^

 
დატოვე კომენტარი

Posted by on ოქტომბერი 2, 2011 დუიმი ილიაუნი

 

ტეგები: , , , , , , ,

10 მიზეზი ჰოსტელის სასარგებლოდ

Boombully Beach Hostel-სა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს „გაუჩნდათ კითხვა“ : რატომ სჯობს ჰოსტელში დასვენება დასვენების სხვა ალტერნატივებს ბათუმში. და  გადავწყვიტე, მეც შემეტანა წვლილი ბლოგერების ერთობლივ შრომაში – ამ ამოცანის ამოსახსნელად.

#1. ვართ  ინტერნეტზე მიჯაჭვული თაობა? ვართ.  გვჭირდება მასთან მუდმივი კონტაქტი? გვჭირდება.  ჰოსტელში არასოდეს ამოვა  ნომერში სასტუმროს თანამშრომელი და საკუთარი  ხელით არ შეგიყვანს ვაირლესის პაროლს  ლეპტოპში  –  შენ რომ არ დაინახო. ჰოსტელში უფასო wi-fi-ა.

#2. ჰოსტელში არ იქნები იძულებული,  ხუთ წუთში ერთხელ გამოიძახო ადმინისტრატორი მიზეზებით – შხაპი გაიჭედა,  შუქი აღარ არის.. არ გაიყინები ტელეფონის ყურმილით ხელში ცივი შხაპის ქვეშ და აძაგძაგებული არ შეეხვეწები ადმინისტრატორს, ცხელი წყლის გამოშვებას.

#3.   Hostel -ში არასოდეს ჩაგეკეტება ტუალეტის კარი და ამოსულ კარისკაცს საპირფარეშოში არ დახვდები მომლოდინე. და მაინც, თუ ჩაგეკეტა, ოთახში იმდენნი იქნებით, რომ არავის გამოძახებაც არ დაგჭირდებათ ❤

#4. ბათუმში ხშირად წვიმს 😦  ნომერში კი, როგორი მოსაწყენია ყოფნა 😦  მაგრამ ჰოსტელში მაინც ძალიან მაგრად გაერთობი. ხალმხრავალ კამპანიაში წვიმაც კი, როგორი სასიამოვნოა… წარმოგიდგენია, რამდენ რამეს მოიფიქრებთ და ითამაშებთ?

#5 . რამდენ უცხოელთან ერთად იცხოვრებ, გაიცნობ მათ, კონტაქტებს დაამყარებ..  სასტუმროში კი, მაქსიმუმ , ლიფტში ნახო… თან, ჩემი ინგლისურისთვის  რა კარგი პრაქტიკა იქნება…

# 6. ბარბიქიუს სპორტით  სასტუმროში არ დავინტერესდებოდი, არც ნაქირავებში გამახსენდებოდა..  და საერთოდაც, მხოლოდ ახლა გავიგე, რომ არსებობს „რაღაც“ ბარბიქიუს სპორტი და ის Hostel-შია. მმ, სიამოვნებით  დავკავდებოდი…

#7. Hostel-იში შეგიძლია ბოლომდე დაისვენო, იგიჟო, დაიხარჯო – იცეკვო და სვა გათენებამდე, უყურო, გაეცნო და შეუერთდე სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლების მრავალფეროვან გართობას.

# 8. იძენ ახალ და უცხოელ მეგობრებს – ყველაზე ფასეულ რამეს. იქნებ, ამ ათ დღეში მათ ქართულით შეძლონ გაქცეულის მობრუნება, შენ კი, ფრანგულით, გერმანულით თუ ესპანურით..

# 9.  Hostel-ი ბათუმში კარგად დასვენების ყველაზე იაფი საშუალებაა. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა სიკეთე ღამეში, მაქსიმუმ 35 ლარი დაგიჯდება.

#10.  როგორც ჩვენი პრეზიდენტი ამბობს – ბათუმია ჩვენი რეალური გამარჯვება, ის ასევე ამბობს, რომ ევროპაა ჩვენი რეალური გამარჯვება, ევროპული დასვენება ჰოსტელში კი, მართლაც ჩვენი, (ყოველ შემთხვევაში ჩემი), რეალური გამარჯვება იქნება..

 

მარკიც მე დამცინის!!!

კვირა ღამეს, ძალიან გავბრაზდი საკუთარ თავზე და ”ფეისბუქი” უკვე მეოთხედ დავტოვე. საკუთარი თავი დავაჯერე, რომ ეს გამოცდების გამო გავაკეთე, თუმცა, მგონია, რომ უბრალოდ, დავიღალე და რაღაცებისგან დასვენება მომინდა. გამოცდას ალბათ, ფბ-ის გაუქმების გარეშეც დავწერდი, ერთი რეფერატი მაქვს ბოლოსდაბოლოს დარჩენილი ( თუმცა, ისიც უნდა ვაღიარო, რომ მგონი, ყველა საგნის გამოცდაზე ერთდროულად არ მიწვალია ასე, არ მიკითხავს ამდენი წიგნი და სხვ).

მოკლედ, გავაუქმე ”ფეისბუქი”, ჩემი აზრით, ათი დღით.  თუმცა, მარი ბჭობდა და მარკი იცინოდა. არ ვიცი, რა დავაშავე, მაგრამ გუშინწინ დილით მომივიდა მაილზე წერილი ფეისბუქისგან – 24 საათი ვერ შეხვალთ ფეისბუქზეო. ვერ შევალ, ნუ შევალ – მაინც არ ვაპირებდი მეთქი, გავივლე გულში. მაგრამ ჰოი უბედურებავ, დღეს ისევ შევედი მაილზე და თქვენ ვერ დაბრუნდებით ფეისბუქზე 5 დღე და 12 საათიო. ცოტა არ იყოს და მეშინია, კიდევ არ მოუნდეთ გადაწევა და ახალი ექაუნთის გახსნა არ დამჭირდეს. ჩემი ნალოლიავები ფრენდები, ფოტოები, ნოუთები , ვიდეოები, მოკლედ ჩემი პროფილი რა!!!

ისე კი, მგონი, არ მიჭირს უფეისბუქოდ. უფრო ზუსტად, ცოტა ხნით უინტერნეტობა-უკომპიუტერობა მინდა, რასაც ვერ ვახერხებ გამოცდების და ცხადია, სამსახურის გამო. ბოლოსდაბოლოს, თვალები მტკივა უკვე და საშინლად სუსტად ვარ, პლუს, დედაჩემს აქვს რაღაც პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მოკლედ, რაღაც ფეისბუქის ხასიათზე ვერ ვარ ხოლმე, რადგან მასში მთლიანად, ბოლომდე ჩართვა , თავფეხიანად მიყვარს გადაშვება ( ისე, როგორც ბავშვობაში ვხტებოდი ხოლმე ძირულაში ქვიდან).

მაგრამ მაინც მენატრება ხოლმე და დავაკვირდი, რომ მაშინ, როცა რაღაცის გაზიარება მინდა ხოლმე, როცა ვეღარ ვიტევ სათქმელს და მინდა, სრულიად საფრენდეთს გავაგებინო. რამე საინტერესოს რომ ვაწყდები ქუჩაში, მაშინვე ტელეფონისკენ მიმირბის ხელები, მინდა, რომ სტატუსი გავგზავნო. როცა ძალიან ვიღლები და წუწუნი მინდება, გული და ხელი ფეისბუქისკენ მიიჩქარის. ფრენდებიც მომენატრნენ, ნენე, ლევანი, ჯაბა, გოგა, რუსა, ლადო, ნუ ვინ ჩამოთვლის, იმდენნი არიან 😀 მოკლედ, იმედია, მარკი ოდესმე მომხსნის შეზღუდვას, მეც დავბრუნდები და ერთს გულიანად ვიწუწუნებ ამ ცხოვრების გამო 😀

 
7 Comments

Posted by on ივნისი 23, 2011 დუიმი თსუ

 

ტეგები: , ,

Aliquando praeterea rideo, jocor, ludo, homo sum – როცა ვიცინი, ვთამაშობ, ვხუმრობ, ადამიანი ვარ

„გინახავთ ადგილი, სადაც ღმერთი მოხერხებულად გრძნობს თავს?“ – ეს ფრაზა უმბერტო ეკომ უილიამ ბასკერვილელს ათქმევინა  რომანში, „ვარდის სახელით“.  წიგნი გუშინ დავამთავრე, უფრო ზუსტად, მისი მეორედ კითხვა. რომ ვთქვა, უბრალოდ მომეწონა მეთქი, მოვიტყუები, ეს ალბათ, მოწონებაზე მეტიც იყო.

სიმართლე რომ ვთქვა, ეკოსი აქამდე არაფერი მქონდა წაკითხული, მხოლოდ რამდენიმე სტატია. როდესაც ჩემმა ლექტორმა ნოდარ ლადარიამ დანტეს კლუბში, ლექციაზე ბენედიქტელთა და ფრანცისკელთა ორდენები ახსენა, შემდეგ კი მოაყოლა – „თუ მეტად გაინტერესებთ, შეგიძლიათ წაიკითხოთ უმბერტო ეკოს „ვარდის სახელით“-ო, წიგნის უსიკვდილოდ მოძიება განვიზრახე.

”გუგლში”  ვნახე, რომ ქართულად უთარგმნია ”დიოგენეს”, თუმცა, 29 ლარი  მაინც მეძვირა. მეც ”ფეისბუქზე” დავასტატუსე, კეთილი ადამიანი – ნოდარ მენიც მალე გამოჩნდა და სუუუულ ახალთახალი, ჯერწაუკითხავი  ”ვარდის სახელით”  „ჩამახუტა“.



მოზრდილი წიგნია.  850 გვერდამდე. კაი ხანს ვიკითხე, დაახლოებით, ორი კვირა მოვანდომე – ძირითადად, ტრანსპორტსა და სამსახურში ვახერხებდი. თარგმანი კარგია – ადვილად გასაგები, კარგი ენით ნაწერი, იმის მიუხედავად, რომ  ეკოს შუასაუკუნეების სტილით უწერია,  ერთობ სასიამოვნოდ და მუსიკალურად მიდის. ფონტის ზომაც და სტრიქონებს შორის ადგილიც თვალისთვის კარგად არის  აღსაქმელი. მხოლოდ ერთი რამ არ მომეწონა –  ბერს, რომელიც ამბავს ყვება, ქართულ თარგმანში ჰქვია „ადსო“, ხოლო ორიგინალში ყოფილა „ადსონი“ – ეს შეცდომა კი, შერლოკ ჰოლმსის უოტსონთან პარალელებს ოდნავ, მაგრამ მაინც ასუსტებს. ამას გარდა, ”ხორხეც” შემოკლებული სახით არის გადმოტანილი ქართულ თარგმანში. ჩემმა ლექტორმა ქეთი გურჩიანმა მითხრა, რომ ორიგინალში გვარიც აქვს და ერთიანად  – ბორხესის სახელს და სახეს გვაგონებს.

ჰო, თავად წიგნზე მინდოდა საუბარი. „ვარდის სახელით“ არის რომანი, არის ისტორიული რომანი, არის დეტექტიური რომანი, არის  შუასაუკუნეების ერთი ეტაპის მემატიანე, არის ეკლესიის ისტორიის ერთგვარი სახელმძღვანელოც და ცხადია, პოსტმოდერნული ლიტერატურის ერთერთი უმაღლესი წერტილიც. დეტექტიურ სიუჟეტში შერწყმულია დიდი ფაქტობრივი ინფორმაცია მედიევისტიკის და თეოლოგიის ძალზე საინტერესო საკითხებზე.  განსაკუთრებით, დამწყებთათვის 😀

სიუჟეტი მიმდინარეობს  1327 წლის ნოემბრის მიწურულს ერთერთ მონასტერში შვიდი დღე-ღამის განმავლობაში, რომელიც გაცილებით მეტად გეჩვენება ადამიანს. ალბათ იმიტომ,  რომ ინფორმაციულად ძალიან დატვირთული 7 დღეა. აღმაფრთოვანა არქიტექტურულმა ძიებებმა. ავტორს  შენობებს შორის მანძილიც კი ”გაზომილი” აქვს. დასასრულს, თავად ეკო ამბობს, რომ  დიალოგის წერისას მონასტრის გეგმა ედო წინ და როცა მისი პერსონაჟები დანიშნულების ადგილას მიდიოდნენ, საუბარს სწორედ მაშინ ამთავრებდნენ.

მონასტერში ჩადიან  უილიამ ბასკერვილელი (მისი გვარი მაშინვე ასოციაციას აჩენს შერლოკ ჰოლმსთან) და მისი მოწაფე ადსონი. უილიამს სპეციალური დავალება აქვს,  მან მონაწილეობა უნდა მიიღოს  პაპის გაგზავნილ დელეგაციასა და ფრანცისკანელებს შორის გამართულ შეხვედრაზე.

თუმცა, ჩასვლისთანავე, მონასტერის წინამძღვარი მას ერთობ საინტერესო დავალებას აძლევს. სთხოვს, გამოიძიოს მონასტერში მომხდარი ფაქტი – ბერი ადელმუსის მკვლელობა/თვითმკვლელობა, რასაც მომდევნო შვიდი დღის მანძილზე  უილიამი მოწაფესთან ერთად ცდილობს. მაგრამ კვანძი როგორც კი თითქოს გახსნისკენ მიდის, უფრო იხლართება – მკვლელობა მკვლელობას მოსდევს, თუმცა, ყველა გზა ბიბლიოთეკას უკავშირდება. ”გამოძიებას” კი,  ფონად გასდევს იაონეს ” გამოცხადების” შვიდი საყვირი, რადგან  მკვლელობები სწორედ ამ წინასწარმეტყველების მიხედვით ხდება.

ბოლოს ვიგებთ, რომ ეს მხოლოდ ერთგვარი მახეა, მსხვერპლთა ნაწილი ერთმანეთს კლავს ეჭვიანობის გამო ( ჰომოსექსუალიზმი მონასტერში), ხოლო ნაწილს აკრძალული წიგნის შხამით გაჟღენთილი ფურცლები წამლავს. აკრძალული წიგნი კი, არისტოტელეს „პოეტიკის“ მეორე ნაწილია, სადაც ფილოსოფოსი სიცილზე წერს. ხოლო სიცილს  უხუცესი ბერი, ყოფილი ბიბლიოთეკარი და მოქმედ ბიბლიოთეკარსა და წინამძღვარზე ”ზემოქმედი” – ხორხე ეწინაღმდეგება. მას ცოდვად და ფუჭსიტყვაობად მიაჩნია სიცილი და ხუმრობა და ამის თაობაზე  უილიამთან მუდმივი კონფლიქტიც აქვს.

წიგნში გამუდმებით გვხვდება შუასაუკუნეების თუ ანტიკური დროის სწავლულთა მოსაზრებები და ციტატები, უმრავლესად ლათინურ ენაზე, რაც გაიძულებს მეტად გაისარჯო და განმარტებები ეძებო. ხშირად გუგლისთვისაც მიმიკითხებია უფრო ვრცელი დეფინიციების საპოვნელად. შედეგად, ამ ზაფხულს ბევრი წასაკითხი დამიგროვდა – მედიევისტიკა ჩემი სამაგისტრო სპეციალობის ერთერთი მიმართულებაა, ეკომ კი,  ამ სფეროში მეტი ცოდნის დაგროვების მცდელობისკენ მიბიძგა.

უილიამის მოყვანილი ციტატებიდან ერთი დამამახსოვრდა, აბატ ბუკუას -„შეიძლება ადამიანს ჯერ წაუკითხავი წიგნების ხილვაც ეწვიოს“, ალბათ იმიტომ,  რომ ბავშვობაში სულ მესიზმრებოდა უზარმაზარი ბიბლიოთეკა, სადაც უთვალავი წიგნი იყო და რომელშიც შევდიოდი წასაკითხად, დავეძებდი სასურველ წიგნს, მაგრამ ჭექა-ქუხილი ტყდებოდა, შუქი ქვრებოდა, (მაშინ, შუქი სწორედაც რომ სიზმარში უნდა გენახა) ყველაფერი ნადგურდებოდა, მე კი კვლავ წიგნების გარეშე ვრჩებოდი.

სწორედ ასე სრულდება „ვარდის სახელით“. ყოფილი ბიბლიოთეკარი  ხორხე ცეცხლს მისცემს მთელ ბიბლიოთეკას და  მთელ მონასტერსაც.  კითხვისას, ცხადია, ვიცოდი, რომ არისტოტელეს „პოეტიკის“ მეორე ტომი დაკარგულია ან არც დაწერილა, მაგრამ მაინც ხელებმომუჭული და გულაჩქარებული  ვნატრობდი, უილიამს ემარჯვა, არ დაენებებინა წიგნი ხორხესთვის, არ შეეჭმევინებინა შხამით გაჟღენთილი ფურცლები ( ხორხე წიგნის დაგლეჯვას და ჭამას იწყებს მისი და საკუთარი თავის განადგურების მიზნით, არ სურს, რომ წიგნმა დღის სინათლე იხილოს და სხვამ წაიკითხოს) და როგორმე ჩაექრო ცეცხლი, რაც ანადგურებდა უზარმაზარ ბიბლიოთეკას. მაგრამ  ეკო ბჭობდა და მე სულ არ მეცინებოდა..

რაც შეეხება პერსონაჟებს, ხშირად, უხერხულად ვგრძნობდი თავს, როცა ავტორი მოულოდნელად ანაფორებს ახსენებდა , რადგან მეძნელებოდა უილიამის და ადსონის წარმოდგენა ბერის შავ, კაპიუშონიან ტანსაცმელში.  მე უკვე ვხედავდი მოსახერხებელ პიჯაკში გამოწყობილ უილიამს, რომელსაც სიგარაღა აკლდა, ხოლო ადსო ”სპორტულტანსაცმელმორგებულ”  ცნობისმოყვარე ბიჭად მესახებოდა.  დიდად არც უილიამის გარეგნობა  მიგითითებს მაინცდამაინც შავი სამღვდელოებისკენ:

„საშუალოზე მაღალი იყო და სიგამხდრისგან კიდევ უფრო მაღალი ჩანდა. მახვილი, გამჭოლი მზერა ჰქონდა, თხელი, კეხიანი ცხვირი კი, მის სახეს მარად ფხიზელ გამომეტყველებას სძენდა. ნიკაპიც ურყევ ნებისყოფაზე მიუთითებდა“ –  თქვენი არ ვიცი და მე ამ აღწერილობამაც გამახსენა შერლოკ ჰოლმსი.

ცალკე შემთხვევაა უილიამ ბასკერვილელის იუმორის გრძნობა. არ შეიძლება, არ გაგეღიმოს, როცა ფრანცისკელთა ორდენის საპატიო წევრი მერლინის წვერს იფიცებს.   ან პასუხზე, როცა ადსონს  სამზარეულოში ლამპრის მოძიებას ავალებს,

–         მოვიპარო?

–         ითხოვე ღვთის სადიდებლად.

მაშინაც, როდესაც ძალზე მოწადინებული უხსნის მორჩილს ლაბირინთიდან გამოსვლის ერთადერთ წესს, ხოლო ადსონის კითხვაზე – რამდენად დაეხმარებათ ეს შეღწევაში, პასუხობს – ამ წესს ჯერ არავისთვის უშველია, მაგრამ მაინც ვცდით. ანდაც მიმართვა ადსონისდამი – “სულიწმინდას ცოტა ტვინიც მოეცა შენთვის შვილო ჩემო”  და სხვა.

ასევე, ძალიან საინტერესო ტიპაჟია სალვატორე თავისი  ბაბილონური ენით – ყველა ენა იცის და არც ერთი კარგად.

და ბოლოს, ერთ რამეზე გავამახვილებ ყურადღებას. ეს არის ქალის რაობა ანუ რას ფიქრობენ შუასაუკუნეებში მდედრობითი სქესის წარმომადგენელზე.  ფაქტობრივად, ყველა ამბობს, რომ ქალია ყველაფრის საცთური, ქალი ბილწი, ქალი უბედურება.. თუმცა, საინტერესოა უილიამის მსჯელობა, როვა ადსოს ეუბნება, რომ არის რამდენიმე ფაქტი, რაც ქალს უფრო ”მაღლად” წარმოაჩენს.

„ღმერთმა მამაკაცი ამ მუხთალ სამყაროში შექმნა, თანაც ტალახისგან. ქალი კი, შემდეგ სამოთხეში კეთილშობილური ადამიანური მასალისგან გამოძერწა, თანაც – ადამის ფეხების ან შიგნეულისგან კი არა, ნეკნისგან..  უფალს ყოვლისშემძლეს, ხომ შეეძლო პირდაპირ მამაკაცად გარდასახულიყო რაიმე სასწაულებრივი გზით, მან კი, ქალის მუცლად ყოფნა არჩია, რაც იმის ნიშანია, რომ ქალი არც ისე ბილწია, მკვდრედით აღდგომის შემდეგ კი, იესო სწორედ ქალს გამოეცხადა და დასასრულ, ზეციურ სასუფეველში მამაკაცი კი არ იმეფებს, არამედ დედოფალი, ქალი, რომელსაც არასოდეს შეუცოდავს”..

 სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა. წიგნზე პირველად დავწერე. სულ მიმაჩნდა, რომ მასზე  ”დიდებს” უნდა ეწერათ, მე მხოლოდ მეკითხა. ახლა ძალიან მომინდა და მკაცრადაც ნუ გამნსჯით 🙂

 
დატოვე კომენტარი

Posted by on ივნისი 14, 2011 დუიმი თსუ

 

ტეგები: , , , , , , , , , , , ,

ტრაგედია “სტატისტიკიადა”

მოქმედნი პირნი –

მარი.

მაგდა.

მარიტა.

მაცნე (ნიკოლოზი)

ქორო.

 

პროლოგოსი:

ვარკეთილი, მარი კომპიუტერთან ზის,  გახსნილი აქვს სტატისტიკის დავალებები და გმინავს.

 

მარი

ჰოი ნიკოლოზ, ნუ გვიმუხთლებ და ნუ გაგვწირავ,

ჩვენ ბევრს არ ვითხოვთ, მხოლოდ ახსენ თუ თქმა გსურს რამის,

პროცენტილებმა წარიღო ძილი დილის თუ ღამის,

და დისპერსიას ჩვენი ნერვების მაქსიმუმს ვწირავთ.

 

ქორო

სტროფი I

ვაი, ვუი, ვაი, ვუი, ვუიმე და ვაიმე,

გულმა როგორ გაუძლოს თქვენს სტატუსებს დარდიანს,

მარი, მაგდა, მარიტა – ვეღარ გხედავთ მადიანს.

 

ანტისტროფი II

 

იქნებ რამე გეშველოთ და ჰისტოგრამა გაიგოთ,

მერე ეგებ გაგეხსნათ ოგივასთვის გონება,

რვა კვირაც გაუძელით, თქვენი ჭირი წაიღოს,

და იქნას სტატისტიკის ტკბილ-მწარე მოგონება.

 

ეპიზოდი I

მაგდა, მარი და მარიტა ც კორპუსიდან გამოდიან. საღამოს 9 საათია.

 

მაგდა

ახლა მეც დავიღალე, გამიცრუე იმედი,

კითხვა არ დამისვაო – შენს პირს როგორ წამოცდა,

ღმერთო ჩემო, ოჰ რა ვქნა, ეს სადამდე მივედი,

ნუთუ ჩამივარდება სტატისტიკის გამოცდა.

 

ქოროს გამძღოლი ქალი

 

ვაი, ვუი, ვაიმე, ვუიმე და ვაიმე

რა დღეში ხართ ბავშვებო, დავიხოკე ღაწვები,

რამდენ მაგისტრს მოვსწრებივარ, ოხ, გასულა რა წლები.

 

 

ქორო

სტროფი I

არ არსებობს სხვა გზა და ხსნა, არ არსებობს საშველი?

სულ არ გიხსნით, სულ ვერ იგებთ? იქნებ სცადოთ ძალიან

ათარგმნინოთ მასალები, დაიხმაროთ მაშველი,

იქნებ მაინც ყველაფერი სტუდენტების ბრალია?

 

ანტისტროფი II

 

ჩამოჯექით ერთი ღამე, დაახალეთ თავები,

შეისწავლეთ ცვლადები და ცხრილი განაწილების,

სამმა უნდა გაიყოთ სათარგმნელი თავები,

და ერთმანეთს აუხსენით ნასწავლი ნაწილები.

 

 

ეპიზოდი II, მარიტა და მარი დგანან გაჩერებაზე და გოდებენ.

მარიტა

რატომ უნდა მოვითმინოთ, სად არის სამართალი

პროგრამაში არ ეწერა ენა წინაპირობად,

დავალებას ვერ ვიგებთ, განგვიმარტოს პირობა,

მოვითხოვოთ,  აგვიხსნას ტყუილი და მართალი.

 

მარი ჩანთიდან იღებს ჰისტოგრამის ფორმის რკინის იარაღს

მარი

მე მეტს ვეღარ გავუძლებ. დავიღალე ძალიან,

დამიკარგეს ყოველი ნდომა-მოტივაცია,

აღარ მინდა ჰისტოგრამ-გადახრ-ოგივაცია.

 

ეპილოგოსი

სცენაზე შემოდის მაცნე ნიკოლოზი

 

მაცნე

ეს რა შავ დღეს მოვესწარ, მეც ხომ დამნაშავე ვარ,

ჩემ გამო მოისწრაფა, ახალგაზრდამ სიცოცხლე,

გავასწორებ შეცდომებს, სხვაგვარად ვერ ვიცოცხლებ.

 

ჰისტოგრამა ჩაიცა გულში, წვერწამახული,

ტრაგედია ასეთი, ჯერ არა მაქვს ნახული,

ისტორიას ექნება, მუდამ გადანახული.

 

ქორო მღერის. ფარდა იხურება.

 

 

ტეგები: , , , , ,

შენ ფიქრობ, რომ მე ვარ ურჯულო!!!

შთაგონების წყარო: მანქი, მერე დრიმარი , მერე საბუნია, მერე გეი ბიჭი – მეტი მე არავინ მინახავს :დ
გამარჯობა, შენ ჩემ გვერდით ზიხარ, ავტობუსში.  მე სამსახურში მივდივარ, წიგნს ვკითხულობ ან შერლოკ ჰოლმსს ვუსმენ ინგლისურად, თუმცა, ათიდან ცხრა სიტყვას ვერ ვიგებ. შენ საათს მეკითხები, მე  მობილურიდან „ფეისბუქს“ ვთიშავ, რომ საათის რეჟიმზე გადავიყვანო,  თუმცა, არ გესმის, რადგან ეკლესიასთან ვართ, ვაჟაზე და პირჯვარს იწერ.  გიკვირს,  მე რომ არა და საათს ხელახლა მეკითხები.  შენ ფიქრობ, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ ტაქსის მძღოლი ხარ. შენს მანქანას ნაკურთხი(ალბათ) ჯვარი აკრია, სალონში კი,  ხატები გიკიდია. მე გეუბნები, რომ ჯობს, უსაფრთხოების ქამარი შეიკრა და რომ,  მხოლოდ ეს ჯვარი ვერ გადაგარჩენს. შენ სარკეში იყურები და ფიქრობ, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ ჩემი და ხარ. ახლა მარხვაზე ხარ და აღასარების ჩასაბარებლად ემზადები. მე მეცინება სამარხვო კატლეტზე, შოკოლადსა და ხინკალზე, გეუბნები, რომ პატრიარქი არ უნდა წყვეტდეს, შენი შეყვარებული ჯარს სად მოიხდის. შენ მიყვირი, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ ჩემი ბიძაშვილის ძმაკაცი ხარ. მასთან ერთად ამოხვედი ჩემთან. შეესწარი ჩემსა და ჩემი დის კამათს.  ვუთხარი, რომ საერო და საეკლესიო ხელისუფლება სხვადასხვაა და არ უნდა ერეოდნენ.  შენ არაფერი გითქვამს, თუმცა, გაიფიქრე, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ მღვდელი ხარ. მე თსუ-ს სტუდენტი, რადიოსამონტაჟოს ოთახებში ვზივარ და დავალებას ვაკეთებ.  შენ ლოცვანებს და დისკებს არიგებ აუდიტორიებში, ამჯერად, სამონტაჟოშიც ამოხვედი. თან, ნაკურთხ წყალს აპკურებ კომპიუტერებს, ორჯერ მომხვდა წყალი – ღიმილით გითხარი, რომ ვმუშაობ. შენ ფიქრობ, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ სანთლების გამყიდველი ქალი ხარ. კომპიუტერების ოთახში შემოდიხარ, მეორე სართულზე. არავინ არ ყიდულობს, თუმცა, მაინც ჯიუტად იმეორებ, რომ უნდა ვიყიდოთ. მეთვალყურე გთხოვს, გახვიდე. შენ ამბობ, რომ ყველას ღმერთი დაგვსჯის. შენ ფიქრობ, რომ ჩვენ ვართ ურჯულოები.

გამარჯობა, შენ ვარკეთილის მეტროსთან საღამოობით მოწყალებას ითხოვ. ყოველ საღამოს გხვდები მიწისქვეშა გადასასვლელში. „დამეხმარე, ღმერთი არა გწამს? – მეუბნები და ჯოხს მიქნევ. შენ არ ფიქრობ იმას, რომ შეიძლება მე მეტად მიჭირდეს, უბრალოდ, შენ ფიქრობ, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ ქაშუეთთან ტკბილეულს და სიგარეტებს ყიდი. მე პარლამენტიდან ჩამოვდივარ, მოულოდნელი ინტერვიუ მქონდა, სახლში ჭამა ვერ მოვასწარი და ძალიან მშია. სნიკერსს ვაფასებ: დიდი სამი ლარი, პატარა – ორი – მეუბნები შენ. მსწრაფლ გაქციე ზურგი. “ეკლესიასთან ფასზე როგორ ფიქრობ?” – მადევნებ შენ. ცხადია, ფიქრობ, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ დედაჩემი ხარ. გიხარია, ჩემი და რომ ეკლესიაში დადის. ნეტა შენც დაჯდებოდე  მარხვაზე – მეუბნები მე. ჩემს სიტყვებს –  არ მინდა მარხვა მარხვისთვის და რომ მე მეტი მწამს, ვიდრე ეკლესიაა –  შენ ეთანხმები. თუმცა, როცა ნაკურთხ წყალს ასხამ ოთახში და მეც მწუწავ, ვბრაზობ – შენ  ფიქრობ, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ ჩემი ოცი წლით უფროსი დეიდაშვილი ხარ. ჩემი დის დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, ისტორიაზე ვბჭობთ, ამჯერად, უახლესზე. შემდეგ, მე გითხარი, რომ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა საპატრიარქოს და ხელისუფლებას კითხვები გაუგზავნა და რომ, მეც ერთერთი ხელმომწერი ვარ. შენ დედაჩემს ეუბნები – გაათხოვე, თორემ დაიღუპება. შენ ფიქრობ, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ ჩემი თანამშრომელი კაცი ხარ. ამასწინ გაიგე, რომ თეოლოგი ლექტორი მყავს, შენთვისაც ნაცნობი. შენ ამბობ,  რომ ის ათეისტია და  იმიტომ სწავლობს თეოლოგიას, რომ უკეთ ებრძოლოს ქრისტიანობას. მე არ გეთანხმები, შენ  ფიქრობ, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ ჩემი ყოფილი ლექტორის სტუდენტი ხარ. ის არ მოგწონს და მეკითხები – მე რა „ვიპოვნე მასში“. მხრებს ვიჩეჩავ და მთავარ  მიზეზებს გეუბნები. მაგრამ შენ ამას არ უსმენ, შენ მაინც ფიქრობ, რომ ის არის ათეისტი და მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ ერთერთი სააგენტოს ჟურნალისტი ხარ. მე მესამე კურსის სტუდენტი. მე პირველი არხის შენობის წინ ვდგვარ ‘ტრანსპარანტით’ – “დავიცვათ სარედაქციო დამოუკიდებლობა”, შენ კითხულობ, რას ვაპროტესტებ. მე გეუბნები, რომ “დიდი ათეული” არ უნდა დაიხუროს. – საპატრიარქოს მოთხოვნის მიუხედავად?” – კითხულობ შენ. – რა თქმა უნდა. – გპასუხობ მე. შენ სახეზე გაწერია, რასაც ფიქრობ. შენ გგონია, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ ჩემი ფეისბუქელი ფრენდი ხარ. შენ დალაიქებული გაქვს გვერდი – „მე მიყვარს ჩემი პატრიარქი“. მე – არა. შენ უკანასკნელი  სიტყვებით იგინები „მე არ მიყვარს ჩემი პატრიარქის“ გვერდზე, მე არაფერს არ ვაკეთებ. შენ ხედავ, რომ მე „ათეისტზე უარესების“  პოსტებს ვალაიქებ და შენ ფიქრობ, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენც ჩემი ფეისბუქელი ფრენდი ხარ. არასოდეს გვიკონტაქტია. არც ერთმანეთის სტატუსი დაგვილაიქებია ოდესმე, კომენტარზე არაფერს ვამბობ. ფრენდობის მერამდენიღაცა თვეზე, ჩატი ამოხტა, შენ ლოცვას მიგზავნი და მეუბნები, რომ ეს 15 ცალად უნდა გავავრცელო, თორემ უბედურება შემემთხვევა. მე გეუბნები, რომ ფეისბუქი ამისთვის არ მაქვს. შენ ფიქრობ, რომ მე ვარ ურჯულო.

გამარჯობა, შენ ეს პოსტი წაიკითხე, და ფიქრობ, რომ მე ვარ ურჯულო???

 

ტეგები: , , , , , , , ,

ილიაუნის პირველი კვირა

ჩემი ილიაუნელობის პირველი კვირა დასრულდა. საბოლოო ჯამში, შეიძლება თამამად ვთქვა, რომ კმაყოფილი ვარ.  ( იმედია, თვალი არ მეცემა :დ)

ჯერჯერობით, ოთხი საგანი ჩამიტარდა, უქმე დღის გამო, ყველაზე შიშისზარისმცემი სტატისტიკა გამიცდა. მგონი, ერთი ამას შეუძლია ჩემთვის ხასიათის წახდენა.

მომწონს – პირველ რიგში ლექტორები, კურსები და მათი შინაარსი. ასევე,  ძალიან პატარა ჯგუფები – სპეციალობის  საგნებზე  4-6 კაცი ვართ, რაც ძალიან მოსახერხებელია – ხარ თითქმის სულ ჩართული  და ლექტორსაც აქვს მეტი დრო, უპასუხოს შენს  კითხვებს.

პლუსია – ლექციები – პრეზენტაციების, დიალოგის და კითხვა-პასუხის რეჟიმში.

მომწონს ბიბლიოთეკა. ძალიან მოსახერხებელია  უკაბელო ინტერნეტი დერეფნებშიც კი – სწორედ ამან გადამაწყვეტინა, რომ ვიყიდო ლეპტოპი. ფანი ვარ ილიაუნის მეილის, რომელშიც მთელი უნივერსიტეტის მისამართთა ბაზაა მოთავსებული. არგუსი – რომლითაც კონტაქტობ  ლექტორებთან და იღებ სასწავლო მასალას მისი მეშვეობით, იქვე გაქვს ლექციების ცხრილი.

რაც შეეხება საგნებს და ლექტორებს, გასაკუთრებით, ნოდარ ლადარიას „ქრისტიანული ეკლესია და ევროპის დაბადება“  მომწონს.  ჯგუფში ხუთნი ვართ  – მათგან მხოლოდ მე და მარიტა ვართ ჟურნალისტები, სხვებს ფილოსოფია-თეოლოგია აქვთ დამთავრებული და ცოდნის ბაზისი ცხადია,  აქვთ. ჰოდა, ყველაზე ნაკლები ამ საგანში, ვიცით მე და მარიტამ. თავიდან დავიგრუზე, მერე სხვანაირად დავფიქრდი და ახლა, მე და მარიტა ასე ვხალისობთ კიდეც – ეს ლექცია ყველაზე მეტად გვეკუთვნის ჩვენ, უნდა დავსვათ რაც შეიძლება მეტი კითხვა, არ მოგვერიდოს აზრის გამოთქმა, დასაწყისში თუნდაც  სისულელის – მეორედ ხო აღარ ვიტყვით :დ

ლადარია რომ ძალიან მცოდნე და ღრმაა, ამაზე, ორი აზრი არ მგონია არსებობდეს. ჰოდა, კურსს ხომ სწორედ იმიტომ უძღვება, რომ ჩვენც გვასწავლოს რაღაცები. ჩვენც  ხომ სწორედ ამიტომ ავირჩიეთ, რომ ვიცოდეთ უფრო მეტი, ვიდრე ვიცით ახლა. ის კი, პირდაპირ არაფერს გეუბნება და მინიშნებებით მიდიხარ  სწორ პასუხამდე. სწორედ ეს არის მისი კიდევ ერთი ხიბლი. თან, პირველ ლექციაზევე აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი რამ არ ვიცი, პრინციპში, ჩემი ბაკალავრის სპეციალობიდან გამომდინარე, არც მქონია შანსი, რომ მცოდნოდა.  ხოდა, არ შეიძლება ერთი წუთის დაკარგვაც :დ

ჰო, გული მწყდება, რომ  ვერ ვატარებ იმდენ დროს უნივერსიტეტში, რამდენიც მინდა. ფაქტობრივად, დღეში ორი საათი ვარ მხოლოდ, რადგან სამსახურიც ხო გინდა ადამიანს :დ  აღმოვაჩინე, რომ ეს კვირა ერთგვარ ექსტრიმში მიწევდა ცხოვრება – რედაქცია-უნივერსიტეტი-რედაქცია.. და რაღაცნაირად დაძაბული ვარ სულ. იმედი მაქვს,  მალე შევეჩვევი.

და მინდა, მომავალი კვირები კიდევ უფრო უკეთესი იყოს ❤

 

ტეგები: , ,

“ჩემი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში”

ხვალ მაგისტრატურაზე სწავლა მეწყება და პირველკლასელივით ვარ. 1 სექტემბერი მგონია. ის მახსენდება, სკოლაში რომ უნდა წავსულიყავი და გახსნაზე მოსაყოლ ლექსს რომ ვიმეორებდი,  მასწავლებლისთვის მისატან ყვავილებს და „ბანბანერკას“ ( ოღჩ – რა მარაზმი იყო) მაგიდაზე რომ დავაწყობდი, სკამზე „ზიზიებს“ ( რომელსაც მაქსიმუმ,  ერთი კვირისთვის ვყიდულობდით )  და  ჩანთას რომ მოვათავსებდი და ძილშიც ნერვიულობას რომ განვაგრძობდი.

ნუ, ნერვიულობა რა, უბრალოდ, აგერ უკვე ერთი სემესტრი გავიდა , არაფერი მისწავლია. გადავეჩვიე ლექციის ფორმატში ცხოვრებას, ის კი არა, უნივერსიტეტშიც, ბოლო წელი ძალიან მიჭირდა აუდიტორიაში გაჩერება. ( ნუ, მაშინ  მიზეზები მქონდა.). ახლა  ვნერვიულობ იმაზეც, რომ სრულიად ახალი პროფესიის შესწავლას ვიწყებ ახალ უნივერსიტეტში ( ორი წელი ვოცნებობდი  ილიაუნის სტუდენტობაზე :D)

„პოლიტიკის ანთროპოლოგია“ – ყოველი ხუთიდან, ვისაც კი ეს სახელწოდება ესმის, ოთხი მისი შინაარსის ახსნას მთხოვს. მეც ვიწყებ, რომ აქ შევისწავლი  პოლიტიკის აგებულებას, ძალაუფლების ფორმირების პროცესებს, ძალაუფლებისა და კულტურის, ძალაუფლებისა და რელიგიის ურთიერთმიმართებას  და ატც.

– ააა, მერე სად უნდა იმუშაო? რა უნდა გამოხვიდე?

ნუ, არ ვიცი. ჯერჯერობით, ჟურნალისტიკის მიტოვებას არ ვაპირებ. ისე კი, ამ პროფესიით მაქვს შანსი  ( იდეაში) დავსაქმდე „საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სამთავრობო სტრუქტურებში, პოლიტიკურ ორგანიზაციებში, სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში“.

პრინციპში, ეს სამაგისტრო პროგრამა უმეტესად ზოგადი/დამატებითი განათლებისთვის+კარგი ლექტორები – ავირჩიე და არა პროფესიის შესაცვლელად. თუმცა, გამორიცხული ცხოვრებაში ხომ არაფერია. (იქნება, ორი დიპლომით მეც დავიწყო ტაქსაობა).

ამ სემესტრში სიამოვნებით ვიწავლი „ქართულ მითოლოგიურ გადმოცემებს“, „ქრისტიანულ ეკლესიას და ევროპის დაბადებას“, „ანტიკურ თეტრსა და მის რეცეფციას“, „სოციოლოგიური კვლევის მეთოდებს“  და…  დამტანჯავს სტატისტიკა. [ბაკალავრიატის გამოცდილება].

განსაკუთრებით კი, კარგი ლექტორები მიხარია. ახლა ნოდარ ლადარია, ზურაბ კიკნაძე და ქეთი გურჩიანი მეყოლება. ამბობენ, რომ თამარ ბრეგვაძე და ნიკა მაღლაფერიძეც კარგები არიან. შევხედოთ, ამას რა სჯობს :დ

ჰო, სხვა რამეზეც  ვნერვიულობ. სამსახური – უნივერსიტეტის შეწყობა-ვერშეწყობისდა გამო. პრინციპში, მე ხომ ყველაფერზე ვნერვიულობ. ოდნავი საბაბი და უკვე პანიკას ვტეხ. ცოტათი,  ჩემი თანამშრომელი და ყოფილი კურსელი, მაგდა მამშვიდებს ხოლმე – მასაც ხვალ ეწყება სწავლა და მასაც მაგისტრატურაზე – მოვასწრებთ  „ხსუნაო“, ( :D) ამბობს ხოლმე და გულს ეფონება :D.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ხვალიდან „ჩემი საინტერესო ცხოვრება იწყება იქ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

ტეგები: , , , , , ,

„საბჭოთა ბავშვი“

ქვემოთმდებარე ნოუთის წერა რამდენიმე თვის წინ დავიწყე, მაშინ, როცა აკაკი ბაქრაძის „მწერლების მოთვინიერებას“ ვკითხულობდი. მაგრამ ძალიან გამეწელა, მრავალფეროვანი  ინფო-დოკუმენტაციის ჩადება მინდოდა წიგნებიდანაც, საქმე კი, ბევრი მქონდა, მოკლედ, ვერ დავასრულე. დღეს, საბჭოთა ოკუპაციის 90 წლისთავზე, ფეისბუქზე რამდენიმე ფრენდმა „დააშეარა“ კოლაუ ნადირაძის „25 თებერვალი“:

“თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით,
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!“

და ისევ გამახსენდა აკაკი ბაქრაძე, მისი მოთვინიერებული და პირიქით, მოუთვინიერებელი მწერლებიც და მასთან ერთად, ეს არქივში „დადრაფტული“ , დაუსრულებელი ჩანაწერიც. სამსახურიდან  შინ რომ დავბრუნდი, მოვძებნე, თუმცა, არ დავასრულე,  მინიმუმამდე შევამცირე და მხოლოდ ძირითადი წუხილი დავტოვე.

„რამდენიმე დღის წინ ვკითხულობდი აკაკი ბაქრაძის მწერლობის მოთვინიერებას და გულზე ვსკდებოდი. რა მხეთქავდა გულზე, ალბათ, ადვილი მისახვედრია. მაგრამ ყველაზე მეტად იმაზე ფიქრი მაცოფებდა – ეს მოთვინიერებული მწერლები თავიანთი იდეოლოგიური ნაღვაწით რამხელა გავლენას ახდენდნენ ადამიანებზე. (ნუ, „უმწიფარებზე“ და მოზარდებზე მაინც.) სიმართლე რომ ვთქვა, არავის განსჯას არ ვაპირებ. ალბათ, საბჭოთა კავშირის  ტერორს ვერ გაუძლეს, მაგრამ მე უბრალოდ,  ბავშვობა გამახსენდა და ის, თუ რამხელა გავლენას ახდენდა ჩემს ცნობიერებაზე „მოთვინიერებული ლიტერატურის“ კითხვა.

კითხვა ძალიან ადრე დავიწყე. სკოლაში შესვლამდე უკვე „წასერიოზულო“ წიგნებს ვკითხულობდი – დეტექტივებს, ისტორიულს თუ სათავგადასავლოს, პრინციპში,  არც ვარჩევდი. რაც მხვდებოდა, ეგრევე ვშთანთქავდი. ედმუნდო დე ამიჩისის „გულში“ ერთი ბიჭია, რომელიც ძირს ნაპოვნ გაზეთის ფურცელსაც არ ტოვებს წაუკითხავს – ხარისხიანს და უხარისხოს არ უყურებს –  მეც დაახლოებით ასე ვიყავი.  მაგრამ „ჰოი, საშინელებავ“, მხოლოდ ‘გაცნობიერებულმოზრდილობაში’ აღმოვაჩინე, რომ ჩემი წაკითხული წიგნების ( განსაკუთრებით, „შინმდებარე“) უდიდესი ნაწილი, სწორედ მოთვინიერებული მწერლების და მათი მსგავსების შემოქმედება იყო. ორი წიგნი ვერ წავიკითხე ბავშვობაში და ცუდად დამრჩა მეხსიერებაში. ალექსი მირცხულავას „პარტიული მშენებლობა საქართველოში 1921-1928 წლები“ და ამავე სახელწოდების ”დამხმარე სახელმძღვანელო”, ასევე, „ახალგაზრდობის შრომის პრობლემები საქართველოში , რომელსაც ლენინის ორდენოსან ახალგაზრდებს უძღვნიდნენ.  ახლა მიდევს გვერდით და ვათვალიერებ, ვფიქრობ, დავუთმო თუ არა, ჩემი ცხოვრების რამდენიმე საათი.

ამის წერა რატომ დავიწყე, იმიტომ, რომ აღმოვაჩინე – მე საბჭოთა მენტალიტეტით გაჯერებული ბავშვი ვყოფილვარ. როცა ვკითხულობდი ოსტროვსკის ”როგორ იწრობოდა ფოლადი” – ვფიქრიბდი, რა მაგარი იყო პავკა კორჩაგინი. როცა ვკითხულობდი  ვალენტინა ოსეევას ”დინკას”, მახსოვს, როგორ ვგულშემატკივრობდი რევოლუციონერ ნიკოლოზს და თავად დინკას მამას. რამდენი ქართველი მწერლისა თუ პოეტის  სულისკვეთებით ანთებულს მეგონა, რომ წითლები ”ჩვენები” იყვნენ. ბოლშევიკები –  მაგრები ”ვიყავით”, მენშევიკები „ის ცუდები, ბოროტები“.  პატარა ვიყავი, რომ მასწავლეს იოსებ ნონეშვილის – ”შენ სამშობლოს შუქმა გზარდა” –  ზოაია კოსმონდემიასკაიასადმი მიძღვნილი ლექსი და სკამზე შემართებით ვჭექდი – „მე ვარ თვითონ ატამანი, იყო შენი პასუხი“ და სხვები.

მოზრდილ კლასებამდე,  „ძია სტალინი“ საუკეთესო ადამიანი მეგონა. პრინციპში, ბევრი გარეშემომყოფიც აღვივებდა ამ აზრს. ”როგორი კარგი ცხოვრება იყო მაშინ, ყველა მუშაობდა, ყველას ბინებს აძლევდნენ, პური ხუთი კაპიკი ღირდა, სტალინს და ლენინს ვუყვარდით…  და ა.შ. მწარედ მახსოვს, მეორე კლასის ბოლოს ექსკურსიაზე ვიყავით – წიწამურსა და საგურამოში. ილიას სახლ-მუზეუმი ვნახეთ. ჰოდა, ჩემი დამრიგებელი ნინო მამუჩიშვილი ილიას ღვაწლზე გვიყვებოდა. მე მივედი მასწავლებელთან და  ჩუმად ვუთხარი – ილია ხომ ცუდი კაცი იყო, ის ხომ ღარიბებს მტრობდა მეთქი. ( არ მახსოვს, სად წავიკითხე ეგეთი წერილი თუ მოთხრობა.). მხოლოდ მასწავლებლის გაოგნებული სახე მახსოვს.

ნუ, მადლობა ღმერთს, წამოვიზარდე. ბიბლიოთეკიდან არასაბჭოური წიგნების გამოტანაც დავიწყე, სათავგადასავლოზე მეტად „ჩავიციკლე“ და საყვარელ ძია სტალინზე ფიქრსაც შევეშვი,  მაგრამ  ზოგჯერ მაინც მიტივტივდება ხოლმე ის განცდა, როგორი გაბიაბრუებული ვიყავი ზოგიერთი მოთვინიერებული მწერლის მეშვეობით.

 

ტეგები: , , , ,

ნაკითხი გინდა მოკვდე?

ბოლო ერთი თვის  განმავლობაში, რატომ ათმა  ფბ-ელმა ფრენდმა მაინც არ მკითხა ინბოქსში, ჩატსა თუ სტატუსზე მსგავსი :

– წიგნებს რომ კითხულობ, მაგით რა? გგონია,  უკეთესი გამოჩნდები?

–  რას პოზიორობ მაგ წიგნების კითხვით? ( ამაში ჩემი სტატუსები იგულისხმება)

–  რა ხდება, თავის გამოსაჩენად კითხულობ?

წიგნებთან ჩემს ურთიერთობაზე,  პატარა პოსტის გამოცხობას ადრევე ვაპირებდი, მაგრამ ვერ მოვახერხე, ხოდა, რაკი Ira facit poetam (რისხვა ქმნის პოეტს), ახლა დავწერ.

კითხვა როდის დავიწყე, არ მახსოვს. ვიცი, რომ ძალიან ადრე იყო, რადგან ბებიაჩემი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და „რწყილსა და ჭიანჭველას“ ვუკითხავდი ( ბებია იმ წელს გარდაიცვალა, 1991-ის ბოლოს. მე 1988-იანი ვარ, გამოდის, სადღაც სამი წლისამ კითხვა ვიცოდი.).

პატარა რომ ვიყავი, დედაჩემი ბევრ  წიგნს ყიდულობდა ჩემთვის. სამწუხაროდ, ძალიან ველური ბავშვი ვიყავი და ვანდალურად ვექცეოდი ყველაფერს. დამტვრეულ სათამაშოებსა და „ზელიონკით“ დასვრილ-თვალებდაჩიჩქნილ ჩემს ფოტოებთან ერთად, დახეულ-დაფურცლული საბავშვო წიგნებიც შემომრჩა.  დუმბაძის ლექსების დიდი, ფერადსურათებიანი წიგნი, ორი დავხიე, ასევე პატარ-პატარა ზღაპრები. ცოტა რომ მოვიზარდე, კი შევწუხდი და დაწებებულ-დაკერებული შემოვინახე,  რაც ჩემს მსახვრალ ხელს გადაურჩა.

ცოტა რომ მოვიზარდე, ასე ხუთი წლიდან, წიგნი მართლა ჩემი მეგობარი შეიქმნა. თან, მაშინ ჩემი და დაიბადა და დედაჩემს ჩემთვის „აღარ ეცალა“ . ცოტა ხანში, ბინაც შევიცვალეთ, ამიტომ ბიჭებთან სათამაშოდაც ვეღარ დავრბოდი ისე ხშირად.  პირველ კლასში ვიყავი, დაწყებითი კლასების ბავშვთა კონკურსში რომ  გავიმარჯვე და წიგნი მაჩუქეს, „კითხვის ტექნიკის შეჯიბრებაში გამარჯვებისთვის, გისურვებ წარმატებებს პატარა ანგელოზო“ – წამიწერა ალვინა მასწავლებელმა, რომელიც კარგა ხანია, ცოცხალი აღარ არის. მახსოვს, წიგნი გახარებულმა მივიტანე სახლში, დედაჩემიც ბედნიერი იყო, მამაჩემმა კი, დახედა და გაიცინა – მერე რა, თავიდან ყველას მოსწონს წიგნი და კითხვა, მერე კი მიავიწყდებათ. ისინიც ( შვილები პირველი ცოლისგან) მაგრები იყვნენ, მაგრამ ხომ ხედავ, ცხრა კლასიც არ დაუმთავრებიათო. მეწყინა და გავიძურწე. იმ წელს მამაჩემი სულ წავიდა სახლიდან ( და ხელიდან :დ), ჩემი და ბაგაში შეიყვანეს, დედაჩემმაც იქ დაიწყო ძიძად მუშაობა. დავრჩით მე და წიგნები.

მასთან ურთიერთობა მართლაც დაუვიწყარი იყო. განცდას, როცა მასთან ერთად ხვდები გათენებას, არც ერთ სხვა გრძნობას არ შევადრიდი. ძალიან ხშირად, დასრულებული წიგნი დამიდევს მაგიდაზე, ჩამიცვამს და პირდაპირ სკოლაში წავსულვარ. თან, ჩანთაში სხვა წიგნიც ჩამიდევს და შესვენებებზე მიკითხია.

ღამე წიგნთან ერთად, სხვადასხვაგვარი იყო. თუ ბოლომდე მყოფნიდა სანთლები, ხომ კარგი. თუ ვერა, რამდენჯერმე გადაზელილ-გადამდნარი და „დაწნულძაფჩადგმული“ სანთელი მიწევდა დახმარებას. ხშირად,  ნავთგამოცლილ ლამფას მხოლოდ ფითილზე ვწვავდი იმისთვის,  რომ „ეს გვერდიც წაიკითხო“, მერე ისიც, ისიც და ასე ბოლომდე…

მერე დედაჩემი მეჩხუბებოდა, ერთი –  სად არის ამდენი ნავთიო, მეორე – გაგიჟდები ამდენი კითხვით და თვალებს დაიავადებო. გაამოსავალი მაინც მოვძებნე, დასატენი დიდი წითელი ფარანი გვქონდა. საღამოს რვაზე შუქი რომ მოდიოდა, ვტენიდი, რომ ქვრებოდა და ვწვებოდი, საბანს მოხერხებულად გადავიფარებდი, წიგნს მის ქვეშ ვდებდი და ზედ ფარანს ვანთებდი, სანამ მყოფნიდა, მყოფნიდა..

სამწუხაროდ, შინ დიდი ბიბლიოთეკა არასოდეს  მქონია, ორას-სამას წიგნამდე მექნება თავისი პარტ.ისტორიით და „ახალგაზრდობის შრომის პრობლემებით“. მალე ვშანთქე ჩემი წიგნები და საახლობლოს მივადექი. სტუმრობის ობიექტს იმ პრინციპით ვირჩევდი, ვის მეტი წიგნი ჰქონდა სახლში. ყოფილ მეზობელთან, დალი ბებოსთან წასვლაც ამ მიზნით უფრო მიმიხაროდა. უფროსები ლაპარაკობდნენ, მე კი, ჩარლზ დიკენსს ან მარკ ტვენს ვკითხულობდი. დედაჩემის ყოფილი თანამშრომელი ძალიან მკაცრი ქალი იყო, „ზედმეტ ხმას“ ვერ ამოიღებდი მასთან და გვეშინოდა კიდეც, მაგრამ პირველი მე მივიჩქაროდი, რადგან მის სახლში ჩემთვის უცხო წიგნები მოიპოვებოდა და თუ კარგად მოვიქცეოდი, მთხოვნიდა კიდეც.  ანჟელიკას და ჟოფრეს ამბები სწორედ მის წიგნებში წავიკითხე. ასევე,  ლევან გოთუას „გმირთა ვარამის“ მესამე-მეოთხე ტომი. (პირველი ორი –  მეზობელმა მაჩუქა.  ძირითად, რუსი და სომეხი ეროვნების მეზობლები მყავდა. მათაც სმენოდათ –  წიგნებზე შეყვარებული „დარეჯანის გოგოს“ ამბავი და ქართული წიგნები თუ ჰქონდათ საიდანღაც, ჩემთან მოარბენინებდნენ ხოლმე – უნდა გადაგვეყარა და გქონდესო, ასე გაჩნდა ჩემთან – მიხეილ კეკელიძის  „ბრწყინვალე ვარსკვლავის მაძიებელნი“, მარკო მარჩევსკის „კუნძული ტამბუქტუ“, შერლოკ ჰოლმსის“ პირველი ტომი, „იანოშ რაინდი“, „ფრეგატების მატარებელი“, „მარგალიტი“ და სხვ.

ჩემი ნათესავების წიგნებიც შესუნთქული მქონდა. უკვირდათ დ ზოგჯერ მიბრაზდებონენ ხოლმე – არც თამაშობს და არც სუფრასთან მოდის, მხოლოდ წიგნის თაროებს უტრიალებსო. შევარჩევდი წიგნებს, მერე დედაჩემს მივაგზავნიდი დეიდასა თუ ბიძასთან ( მე მააინც ხათრიანი ვიყავი) და ვეთხოვებოდი წიგნებს , შინ  დატვირთული მივდიოდი და იწყებოდა ჩემი ზეობა.

წიგნს დედაჩემის თანამშრომლებიც მიგზავნიდნენ, ედმუნდო დე ამიჩისის „გული“ მზარეულმა ომარ ფოცხვერაშვილმა მაჩუქა. იმის მიუხედავად, რომ მინიმუმ ერთი ათეული წელია, აღარ მინახავს ის კაცი, წიგნის წყალობით, ყოველთვის თბილად მახსენდება. წიგნიც ხომ ძალიან თბილი იყო, ყველაზე მეტად, იმ ბიჭის მშურდა, საკუთარი ბიბლიოთეკა რომ ჰქონდა, მამამ წიგნები სხვადასხვა ფერის ყდაში რომ ჩაუსვა და თავად, ყოველდღე ფრთხილად წმენდდა წიგნებს დაა თაროს მტვერს ნამდვილი ბიბლიოთეკარივით.

წიგნი გაცილებით ბევრს ნიშნავდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ. იმ წლებში, როდესაც ხშირად საჭმლის ფულიც არ იყო და სკოლაში ვიღაცის გამონაცვალი და დახეული ფეხსაცმლით დავდიოდი,  როგორღაც ვახერხებდი და მეორად წიგნებს მაინც ვყიდულობდი. ყველამ იცოდა, რომ დაბადების დღეზე თუ ჩემი გახარება უნდოდათ, წიგნი  ეჩუქებინათ. ისინიც ასე იქცეოდნენ, წიგნს მჩუქნიდნენ ან ფულს მის საყიდლად. მეც მეორე დღესვე გარბოდი მათ შესაძენად. ასე გაჩნდა ჩემთან ტომ სოიერი, ჰეკ ფინი და პატარა უფლისწული, რობინზონ კრუზო, „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“ და „სადუმლო კუნძული“. ეს უკანასკნელი თავისუფლების  მოედანზე ვიყიდე. „ისე“ ვიყავით მე და დედაჩემი წასულები, მგონი ქაშუეთში. მეტროსთან ბუკინისტების მაგიდებს გულგრილად ვერ ჩავუარე, დავდექი და თვალიერება დავიწყე.  ჟიულ ვერნის „საიდუმლო კუნძული“ ვიკითხე, ისე, უიმედოდ, რადგან წინა დღეს ყველა მაღაზია მოვიარე, ვერ ვიშოვნე და რობინზონ კრუზო ვიყიდე 6.90-ად. „კი,  მაქვს და სამი ლარი ღირსო“ – მიპასუხა გამყიდველმა. კინაღამ ცუდად გავხდი, ორი ლარი მქონდა მორჩენილი მხოლოდ. დედაჩემმა ჩემი შოკირებული სახე რომ დაინახა, რაღას იზამდა, ამოიღო ბოლო ლარიანი და მომცა. საკუთარი ბუკინისტიც მყავდა, ვარკეთილის მეტროსთან. იაფი წიგნები ჰქონდა – ლარად, 50 თეთრად, ორ ლარად. 10 წლის გავხდი, ჩემი 4 წლის და რომ წავიყვანე, „საჩუქარი უნდა ეყიდა“ ჩემთვის ლარად.  ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობები ვიყიდე. ბუკინისტმა რომ გაიგო, დაბადების დღე მქონდა, „შენ ჩვენი კლიენტი ხარ და აიღე ერთი წიგნი, ჩემგან გქონდესო.“ ჟოლის კუნძული ავიღე ( ბიბლიოეკაში მქონდა წაკითხული და მინდოდა, მქონოდა :დჟანრი – ყველანაირი მიყვარდა, დაწყებით კლასებში მსოფლიოს ხალხთა თითქმის ყველა ზღაპარი მქონდა წაკითხული. ერთი პერიოდი სამოგზაურო წიგნებმა გამიტაცა, ჟიულ ვერნი ჩემს სამაგიდო წიგნად იქცა, ჯეიმს კუკის, კაპიტან ლაპერუზის, მაგელანის და სხვათა მოგზაურობა ჩემი ცხოვრების თანამგზავრი ხდებოდა. მეზღვაურობა მინდოდა და ჟოლი კოვაჩთან ერთად ვოცნებობდი საკუთარ კუნძულზე.

ასტრიდ ლინდგრენი ცოტა გვიან, მეოთხე კლასში გავიცანი, ტკბილეულის მოყვარულ კარლსონისა და პეპის დღესასწაულებტან ერთად, ვილი ვონკას შოკოლადის ქარხანაზეც ვფიქრობდი ხოლმე. ჩარლის ვადარებდი თავს, რომელსაც წელიწადში ერთხელ ჩუქნიდნენ შოკოლადის ფილას და თავს ვიმშვიდებდი, რომ მე სამჯერ და ოთხჯერაც ვჭამდი.

მეოთხე კლასში ვიყავი, სკოლასთან მდებარე ბიბლიოთეკაში რომ ჩავეწერე და მალე მეტისმეტად „პოპულარული“ გავხდი. ბიბლიოთეკის გამგემდე „გავარდა“ ჩემი სახელი და რაკი, ჩვეულებრივი სამკითხველო ოთახის წიგნები უკვე წაკითხული მქონდა, სპეციალურ წიგნთსაცავში შევყავდი და „დიდურ წიგნებს“ მაძლევნენ. თავიდან არ ეჯერათ, რომ ასე სწრაფი მკითხველი ვიყავი, დღეში რამდენიმე თხელტანიან ან ორ სქელტანიან წიგნს ვკითხულობდი ( ახლა გავფუჭდი :D) მერე გამოცდებიც მომიწყვეს, რაღაც ჟურნალში გამოჭენება მომინდომეს და ბიბლიოთეკის „საპატიო მკითხველის“ ტიტულს დამპირდნენ. (ახლა ჩემს დას ჰპირდებიან ჩემი ხათრით და საუკეთესო მკითხველი ხარო – ეუბნებიან( წელიწადში ორი წიგნი გამოაქვს და იმასაც, მე ვკითხულობ:D).  ორ წელიწადში წამოვედი იქიდან.

ბევრი მეუბნება, რომ ფილმის ყურება სჯობს წიგნის წაკითხვას, რასაც ვერაფრით ვერ ვეთანხმები. ჯერ ერთი,   მე-9 კლასამდე ტელევიზორი არ მქონია სახლში და ფილმებს ნამდვილად ვერ ვუყურებდი ( მას შემდეგ კი, ვერ დავუდე გული და თითო-ოოლა კომედია თუ მაქვს ნაყურები, რითაც არ ვამაყობ, ცხადია) და მეორეც, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ეკრანიზაცია ჯობდეს წიგნს. მეუბნებოდნენ, რომ „იქ ხედავ ყველაფერს“, მაგრამ რა, წიგნში ვერ ვხედავ? პირიქით, ყველაფერს ხედავ.  ზუსტად ვიცოდი, როგორი უნდა ყოფილიყო კაპიტანი ნემო  თუ ინჟინერი სმიტი, ჯონ ჰატერასი თუ გრაფი მონტეკრისტო, დ არტანიანი თუ გიორგი სააკაძე, მამლუქის ბიჭები თუ ილიას გაბრიელი და ოთარაანთ ქვრივი. ვხედავდი ლუარსაბსაც და მის მოჯამაგირე დათასაც, აკაკის ჰაჯი-უსუბსაც და ფრანსუა რაბლეს გარგანტუას და პანტაგრუელსაც.. მათ მეტი ეკრანიზაცია არ სჭირდებოდათ ჩემს თვალში.

კიდევ ბევრი რამის დაწერას ვგეგმავდი, მაგრამ იმდენად გამიგრძელდა, რომ იმაზეც დავფიქრდი – ღირს კი ატვირთვა მეთქი. წიგნების ასეთი გიჟი მკითხველი 14 წლამდე ვიყავი, მერე გარდატეხის ასაკმა თავისი ქნა და რამდენიმე წელს მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურასღა ვკითხულობდი. ბოლო ორი თუ სამი წელია, ისევ დაავუბრუნდი ჩემი ბავშვობის სიყვარულს, ამ დროს მოდის ვიღაცა და მეუბნება, რომ ვპოზირებ და თავი ვინმეზე უკეთესი მგონია.

ისე ვერ წავიკითხავ წიგნს საპოზიოროდ,  როგორც ვერ შევჭამ მაწვნის სუპს ვერასოდეს, იმის მიუხედავად, რომ ყველა გიჟდება,  როგორც ვერ შევჭამ აჯიკას სხვის დასანახად.  როგორც არ შემიძლია, რომ არაჟანი ვჭამო უშაქროდ ან ბორშში. როგორც მაიონეზს ვერ მოვასხამ ყველაფერს –  იმიტომ, რომ ასეა „მიღებული“,  ისე არ შემიძლია წიგნის წაკითხვა იმიტომ, რომ „ნაკითხი  გამოვჩნდე“.

 
 

ტეგები: , , , , , ,

დასრულდა ესე ბედობა

დღევანდელ დღეს ანუ ორ იანვარს ერთგვარ „მაგიურ“ მნიშვნელობას ანიჭებენ.  ამბობენ, როგორც გაატარებ ამ დღეს, ისე იქნები მთელი წელიო. თუ ეს მართალია – მაწყობს 😀

  • დამებედა ძალიან კარგი ფეისბუქელი ხალხის კამპანიაში ყოფნა. პირადად გავიცანი თეა და  ნათია ქოიავა, ზელიმხან უძილაური.  ნოდარ ლადარიას აქამდეც ვიცნობდი, მაგრამ ამდენი ხანი არ გამიტარებია მასთან ერთად :-)))
  • გაავაგრძელე წინა წლების ტრადიცია და დავიბედე ბიძაშვილებთან ყოფნა. მათთან გასვლა კი, აუცილებლად დალევას ნიშნავს და ესეც დამბედებია. როგორც ჩანს, ლოთობას ამ წელსაც ვაგრძელებ.
  • დამებედა მეტროში წიგნის კითხვა ( ამჯერად, ნაყლაპზეც). დასკვნა –  „იმ იებიან ბიჭს“  წელსაც ვერ შევამჩნევ, ვატყობ.
  • სახლში შემოსვლა ვერ მოვასწაარი და მეზობლებიც შემომივიდნენ. მათთან ყოფნაც დამებედა ( ჩემი და უკვე იქ არის ჩაწერილი და იმედია, მეც არ მომიწევს :D) მართალია, ნახევარჯერ ფბ-ში ვიჯექი, მაგრამ მაინც.
  • „სიტყვამ მოიტანაო“ და ფბ-ც დამებედა. მთელი დღე არა, მაგრამ მაინც. არ არის ცუდი,  ფეისბუქის მეგობრები ბევრს ნიშნავს ჩემთვის 😀
  • კიდევ ერთი მთავარი, მოვაბი თავი და ახლახან ძლივს გავასრულე სამოტივაციოს წერა, რომელსაც უკვე ერთი თვეა – მეორე დღისთვის ვდებ.

 

ყველას ბედნიერებით და წარმატებით განოყიერებულ წელს გისურვებთ.

 

 

ტეგები: , ,

ჩემი ბავშვობის ახალი წლები ანუ „კიდევ ერთ წელს უნდა ველოდო“?

დღეს, რომ გავიღვიძე, ჩემს დას უკვე მოვლილი ჰქონდა „ბაზარი“  და სამზარეულოშიც „ფუსფუსებდა“. მე  თხილის დამტვრევა დამავალა. ვტეხდი და თან ვუსმენდი – რა და როგორ იყიდა და გააკეთა. მერე რაღაცები გავახსენე სიცილით –  ბუშტებს რომ ვყიდულობდით და ვკიდებდით მეთქი. – მე ახლაც ვაპირებდი, რა იყოვო. გამეცინა და  მომახალა – რა უხალისო ადამიანი გახდი, მაშინ იყავი კარგი და სიცოცხლით სავსე, ამეებს რომ აკეთებდიო.  ხოდა, ხმა ვერ ამოვიღე :)))  გამახსენდა, როგორ მიყვარდა ხოლმე ახალი წელი.

  • იმდენად მიყვარდა, რომ სექტემბრიდან  კალენდარს ვაკეთებდი   რვეულში  და ყოველდღე თითო უჯრას ვხაზავდი ახალ წლამდე.
  • ჩემს დასთან და მეზობლის ბავშვებთან ერთად, დავაარსე „კლუბი დელფინი“ ( არ მახსოვს, სახელის წარმოშობა. უფროსი კი, მე ვიყავი :)), ხოდა, ორი რვეული მქონდა სავსე. სადაც კი რამე საახალწლო ლექსი და დადგმა არსებობდა – ყველაფერი მეწერა როლების და დროის განაწილებით. დიალოგიან ლექსებს და მოთხრობებს „პიესებად“ ვაკეთებდით.  ჩვენც ვიგონებდით.   რეპეტიციებს ორი თვით ადრე ვიწყებდით  და 31 დეკემბრის საღამოს, საზეიმოდ მორთულ-მოკაზმულები დედაჩემს და მეზობლის უფროსებს წარვუდგენდით ხოლმე ჩვენს მომზადებულ პროგრამას. გვქონდა „ლუარსაბი და დარეჯანი“, „წითელქუდა“,  „ფიფქია“, „ახალი წელი პრაღაში“ ( იოსებ ნონეშვილის გავლენა ეტყობოდა ყოველთვის ჩემს ბავშვობას ::)) და სხვა მრავალი.
  • მე და ჩემი და ორი თვით ადრე ვიწყებდით ფულის შეგროვებას  ნახევარლიტრიან მოხუფულ ქილაში.  დედაჩემი რომ პურის ფულს გვიტოვებდა, 10-20 თეთრი რჩებოდა ხოლმე ხურდა. ლიმონათის ფულს თუ მოგვცემდა ხანდახან, არ ვყიდულობდით. პლუს მეზობლის მოხუცები  გვგზავნიდნენ ხოლმე მაღაზიაში და ჩვენი დამიჭი-გამიშვის მიუხედავად, „მზესუმზირის ფულს“  მაინც  გვაძლევდნენ ხოლმე J)) ხოდა, ამეებს ვაგროვებდით და ვაგროვებდით. სადღაც 20 დეკემბრისკენ გავხსნიდით ამ ყულაბას და ამოვყრიდით ჩვენი მოგროვილი თეთრებიდან გადაქცეულ ლარებს.  ვყიდულობდით 20-30 ცალ ფერად-ფერად ბუშტს ( ხუთი თეთრი ღირდა ცალი), ასაფეთქებლებს ( და ახლა როგორ  ვერ ვიტან, მაგრამ მხოლოდ 31-ში ვაფეთქებდით ხოლმე :))) ჩვენ გვერდით მაღაზიაში იყიდებოდა  ყვითელ და ლურჯქაღალდიანი „პავიდლოიანი“ კანფეტები ცალობით ( ორი ცალი – ხუთი თეთრი ღირდა და კგ – 2.25. ). ცოტა მოგვიანებით, „ოლივიეს“ მასალის ნაწილზეც გვყოფნიდა ფული და 30-ში გამოვუჩენდით ხოლმე დედაჩემს :)))
  • ხო, ერთი თვით ადრე ვწერდით სიას – რა უნდა გვქონოდა ახალ წელს, ნუ მართალია, ეს სია 10-20ჯერ იკვეცებოდა, მაგრამ ხო გვიხაროდა :))
  • მთელ სახლს ვრთავდით ბუშტებით, ფერადი ქაღალდებისგან გამოჭრილ-დაწებებული ჯაჭვებით, საახალწლო წვიმებით და შრომის გაკვეთილზე ნასწავლ-შინგაკეთებული „ფიფქებით“.
  • რადგან დედაჩემი 25 დეკემბრამდე ნაძვის ხეს არ გვადგმევინებდა და ჩვენ კი მოუთმენლობა გვჭირდა, 15 დეკემბრიდან მოყოლებული ყოველდღე, ე.წ სხვენიდან ( თუ განჯინიდან) ჩამოვიღებდით ნაძვის ხეს თავისი ატრიბუტიკით, ავაწყობდით, მოვრთავდით, ჩავიცვამდით ჩვენც ფორმებს ( თოვლის ბაბუას ფორმისთვის, რაღაც წითელი კაბა მივჭერ-მოვჭერ-დავკერე :)) და  ცხოვრება გვიხაროდა.  საღამოს, დედაჩემის დაბრუნების ჟამი რომ დგებოდა, დავშლიდით ამ ძლივსაწყობილ ნაძვის ხეს და ავაფართხუნებდით ისევ ზემოთ.
  • ახალ წელს კიდევ ის ჰქონდა დადებითი, რომ 31-1-2  სულ იყო შუქი.  მიყვარდა ის, რომ საახალწლოდ, ჩვენს „რეკორდის“ თუ „ვესნას“ ტელევიზორს ვაკეთებინებდით ხელოსანს ( გამოგვართმევდა 15-20 ლარს, გვეტყოდა, იმუშავებს კაცოვო და ერთ კვირაში ფუჭდებოდა ისევ 😦 , მიყვარდა საახალწლო რეკლამები, გადაცემები. ცალი ფეხი გაზქურასთან გვქონდა და ცალი –  სასტუმრო ოთახში. ( აბა, გვინდოდა ყურება და:)
  • ყველაზე მეტად 31 დეკემბერი მიყვარდა, პროცესი მიყვარდა, თხილის თუ კაკლის ტეხვის, მაღაზიაში სირბილის.  ისიც მიყვარდა, გოზინაყის გაკეთებას რომ ვცდილობდი თამარ ლომიძის წიგნიდან – „კულინარიის ხელოვნება და ქართული კერძების სამზარეულო“, მაგრამ თაფლი ყოველთვის  იწვებოდასავით, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ხის დაფას შენივთულ გოზინაყს, ვერაკაიდედმამიშვილი ვერ ააგლეჯდა. ხოდა,  ვედექით „ნაჯახით“ და ეგ იყო.
  • ისეთი 31 დეკემბრებიც მიყვარდა – მხოლოდ მოხარშული კვერცხი, რამდენიმე მანდარინი და კანფეტი რომ გვქონდა და მე „პლიტასთან“  მჯდომი ხმამაღლა ვკითხულობდი არსენა ოძელაშვილს ( მაშინ მე-2 კლასში ვიყავი).  ისე, 31-ში საახალწლო მოთხრობების კითხვა მიყვარდა ძალიან, ეკატერინე გაბაშვილს ჰქონდა მასეთები „ბლომად“.
  • 31-ში,  ღამე ბედნიერი ვიძინებდი, მაგრამ ეს ბედნიერება  1-ში დილით სრულდებოდა.  ვიღვიძებდი შემდეგი ფიქრით – ახლა კიდევ ერთ წელს უნდა ველოდო???

გილოცავთ დამდეგს. ჯანმრთელობა, სიხარული, სიყვარული, ახლობელი ადამიანების კარგად ყოფნა, სიმხნევე, ფული და სასურველი  სიამენი არ მოგაკლდეთ.

 

 
დატოვე კომენტარი

Posted by on დეკემბერი 31, 2010 დუიმი თსუ

 

ტეგები: , , ,

ინტერნატში სწავლობდა – იცი, მანდ რეები ხდება?

მთელი დღეა, ”ნოსტალგიურ” ტალღაზე ვარ. ისეთი არაფერი, უბრალოდ, 1999-2000 წლების პერიოდი გამახსენდა. პერიოდიც არა,  სკოლა, სადაც ერთი წელი გავატარე. ამ ტალღაზე სულ ”უბრალო რაღაცამ” დამაყენა, გაჩერებაზე მესმოდა გვერდით მდგომი ორი გოგო როგორ ელაპარაკებოდა ერთმანეთს:

– გაიგე? გოცირიძეს ადრე ინტერნატში უსწავლია.

– ვიცი, მაგრამ არ იყო ის ინტერნატი.

– რა მნიშვნელობა აქვს, ღამე იქ რჩებოდა. შენ იცი, მანდ რეები ხდება?

და გადავწყვიტე დამეწერა :

მაშინ, როგორც თითქმის ყველას, ჩვენც ძალიან გვიჭირდა. მამაჩემისგან ოთხი წელი არაფერი გვსმენოდა,  დედაჩემი ძალიან გვიან ღამემდე მუშაობდა. 10 წლის ”მე”  და 5 წლის ჩემი  და მთელ დღეს მარტოები, ნუ, ჩვენი მუხუცი მეზობლის ანაბარა ვიყავით. ჩვენი სხვა მეზობლის,  მარინას რჩევით , რომელიც წითელი ჯვრის რომელიღაც ორგანიზაციაში მუშაობდა, დედაჩემმა  ”რევაზ ბოჭორიშვილის სახელობის ცხრაწლედში”  შეგვიყვანა. სკოლაში ”ჩვულებრივი” ბავშვებიც დადიოდნენ, რომლებიც გაკვეთილების შემდეგ შინ ბრუნდებოდნენ, მაგრამ ძირითადად,  ”პანსიონ-ინტერნატის” ფუნქციას ასრულებდა.  ანუ იქ ვრჩებოდით სამუშაო დღეები და პარასკევ საღამოს ვბრუნდებოდით სახლში.

სიმართლე რომ ვთქვა კარგად, არა, ძალიან კარგად მახსენდება იქაურობა, იქაური მასწავლებლები, კლასელები.  მართალია, პირველ კვირაში  ”თავის დამკვირდებისთვის ბრძოლაშიც ჩავერთე”  და კარგად მიმასისხლიანეს, მაგრამ მაინც. მიმასისხლიანეს რა, ბავშვები თამაშობდნენ , მე ორი დღის მისული ვიყავი და  ”შევეტენე”  მეც მინდა თამაში მეთქი. –  არ გათამაშებთო ერთმა გოგომ. გავჯიქდი – მაინც ვითამაშებ მეთქი.  გამოიწია, მეც გავიწიე , (მაშინ მაჩხუბარა ბავშვი ვიყავი), მაგრამ ეს გოგო კარატისტი აღმოჩნდა და წიხლის რამდენიმე მოძრაობით ლამის ძვლები დამილეწა :D)

იმ კვირაში, სამ დღეში ( ოთხშაბათს სწავლა დავიწყეთ და პარასკევამდე) ვშფოთავდი, ვღშფოთავდი, მე აქ არ გავჩერდები მეთქი – დედაჩემს განვუცხადე. იმანაც, ეს ერთი კვირაც ნახე და წამოგიყვანო ( რომ მიმტყიპეს, არ მითქვამს, ცხადია 😀

ვითარება იმდენად მალე შეიცვალა, რომ არც ველოდი.  მანამდე მსმენოდა, რომ ”ხუთოსან”  ბავშვებს კლასელები  უარყოფითად ეკიდებიან, მაგრამ ეს მითი მაშინ დაიმსხვრა ჩემთვის. ყველა მასწავლებელს ”შევუყვარდი”, მაგალითად მოვყავდი, ამან კი ბავშვებზეც იმოქმედა. ყველა ბავშვს ჩემთან მეგობრობა უნდოდა :D) ”კუტოკები” იყვნენ და ყველა თავისთან მეპატიჟებოდა. მე ცალკე ”გრუფი” შევქმენი, მაგრამ სხვებთანაც კარგად ვიყავი.  არ მახსოვს მაშინ რა მერქვა :დ ანუ მარიკას მეძახდნენ, მარინას თუ კიდევ სხვა რამეს. ეჭვი მაქვს, რომ მარის  – არა. ”მარი”  ცოტა გვიან გავხდი.

საკონტროლოებსა და გამოცდების წინ, მასწავლებლები ბავშვებს ”მამაგრებდნენ”, ინგლისურში, ქართულში, მათემატიკასა და ისტორიაში ვამეცადინებდი. ამ დროს, ბავშვებიც  ძალიან ინდომებდნენ  ხოლმე, მეც მასწავლებლის როლი მიყვარდა და ყველაფერი კარგად მთავრდებოდა. რამდენიმე წლის წინ, დედაჩემს ჩემი დამრიგებელი მერი მულაძე შეხვდა, თავად იცნო. ძალიან თბილად გავუხსენებივარ – კლასში კონკურენცია შემოიტანა და ყველა ცდილობდა ესწავლა, რაც შეეძლოთო.

ხო, მართლა ძალიან კარგი მასწავლებლები და  აღმზრდელები მყავდა. მკაცრები, სამართლიანები, გულისხმიერები..  ნელი სამხარაძე და მისი შვილი, ნინო კაპანაძე. კლასის დამრიგებელი მერი მულაძე, ინგლისურის მასწავლებელი ნანა კიკოზაშვილი, ისტორიის – ნანა ტაბლიაშვილი, მათემატიკის – ნათელა ვარშალომიძე..  ( ჰმ, არადა, ზოგი ლექტორის სახელ-გვარი თუ მახსოვდეეეს..). იმ წელს დავიწყეთ ინგლისური და მახსოვს, როგორი შემართებით , წრეზეც დავდიოდი და მაშინ რაც ვისწავლე ახლაც მახსოვს –  დიალოგები და რაღაცები. რომ წამოვედი სკოლიდან, ”ნანა თიჩამ”  იტირა – ასეთი კარგი მოსწავლე ჯერ არ მყოლიაო. იცოდეს ახლა ჩემი და ინგლისურის დამოკიდებულება –  გული გაუსკდებოდა.

იქ პირველად და ( შემდეგ წლებში მივხვდი,  რომ  უკანასკნელად)  ჩამიტარდა ნამდვილი ფიზკულტურის გაკვეთილი. მასწავლებელი ვალიკო, ულვაშიანი ზორბა კაცი გვაცოცებდა ბაგირებზე, ”ვხტუნაობდით”  ათასნაირ ბალიშებზე, ვძვრებოდით რაღაც რკინის სავარჯიშოებზე ( სახელები აღარ მახსოვს), ვთამაშობდით ფრენბურთს, კალათბურთს, ფეხბურთს. კალათბურთი მიყვარდა ძალიან. ჩემი გუნდი სულ იგებდა ხოლმე :D)

ცოოოტა ცუდად რუსულის მასწავლებელი მახსენდება, ალბათ, ამიტომ აღარ მახსოვს მისი სახელი და გვარი. ნუ, სახელად მგონი, ნატა ერქვა. მე და რუსულს ყოველთვის ცუდი, არა, საშინელი დამოკიდებულება გვქონდა. ვიჯექი ხოლმე,ქართული ასოებით ვწერდი რუსულს და ვიზუთხავდი და ვიზუთხავდი, ხშირად ამაოდ. მომავალ კლასებში კი, საშვილიშვილო შეცდომა ჩავიდინე და ინგლისურის ”სწავლაც” მასე დავიწყე.

ასევე ცოტა ცუდად, ღამის აღმზრდელები მახსენდებოდა, გოგოების სართულზე ორნი იყვნენ – ქეთინო ძიძა და ცისანა ძიძა. ქეთო უფრო მაგრად ყვიროდა, ცისანა უფრო მწარედ ირტყმეინებოდა. ჩუმად უნდა ყოფილიყავი, თორემ მოვიდა ჯოხი… ერთს სქელი და მაგარი ჯოხი ჰქონდა, მეორეს წვრილი და მწარე. ორივე მომხვედრია , ერთხელ ვლაპარაკობდი და ამის გამო, მეორედ სხვა ლაპარაკობდა და მე მომხვდა, აუ, ის მეორე უფრო მწარე იყო, ალბათ, იმიტომ, რომ დაუმსახურებელი იყო.

მე-8 და მე-9კლასელი გოგოები ძიძებისგან პრივილეგიებით სარგებლობდნენ, მათ გვიანობამდე შეეძლოთ ელაპარაკათ და სხვ. ვოცნებობდი – მალე გადავსულიყავი მეცხრე კლასში.

დილით 7-ზე გაჰყვიროდნენ ძიძები – ავდექით, ჩქარა, ჩქარაო. რვა რომ ხდებოდა, ჩვენი აღმზრდელი მოდიოდა და დაბლა ჩავყავდით.  ნახევარს საათს ვვარჯიშობდით, დავრბოდით. ცხრის ნახევარზე კი, სასადილოში შევდიოდით, ფაფა, ჩაი და კარაქიანი პური ( ორშაბათობით, მოხარშული კვერცხი) გვხვდებოდა.  ზოგჯერ, ბავშვები ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვინ უფრო მეტს შეჭამდა, მოვიტანდით ხუთ-ექვს თეფშ ”მანის ქაშას”  და მიდიი.

ათის წუთებზე უკვე კლასში ვიყავით, ათის ნახევრამდე ის დრო იყო,  როდესაც უნდა გაკვეთილისთვის უნდა მოვმზადებულიყავით, გაგვემეორებინა დავალებები და ასე შემდეგ. 10-ის ნახევარზე უკვე გაკვეთილი გვეწყებოდა. მესამე  გაკვეთილის შემდეგ, ”ლანჩის” დრო იყო, დიდი შესვენება გვქონდა, ბულკები, პეჩენია და კაკაო.

გაკვეთილების დასრულების შემდეგ, ისევ ნელი ან ნინო აღმზრდელები მოდიოდნენ, ვთამაშობდით ბურთს, კლასობანას და სხვას. ნაძვებიანი დიიდი ეზო ჰქონდა შემოსასვლელში , სადაც სულ გამხმარი წიწვები ეყარა, იმ წიწვებით სახლს ვაგებდით და დედა-შვილობანას ვთამაშობდით.

სამ საათზე სადილი იწყებოდა, ყველაზე მეტად ხუთშაბათი დღე მიყვარდა, რადგან ძალიან გემრიელი თევზის კონსერვი მოჰყვებოდა პირველს და მეორეს ( საჭმელზე მაქვს ლაპარაკი) . რაღაც ძალიან გვეგემრიელებოდა.  თევზი იყო, ოღონდ გატარებული, დაშლილი, უფხო, პურზე გადავისვამდით ხოლმე. მისი გემო წლების მანძილზე გამომყვა და ვერც ერთ მაღაზიაში ვერ ვიპოვნე. ამასწინ  გავიგე, რომ ჰუმანიტარული დახმარების პროდუქტი ყოფილა.

ხუთშბათობითვე, სადილზე ორ ცალ კოწახურის კანფეტს გვაძლევდნენ.

სადილის შემდეგ ცოტას კიდევ ვთამაშობდით, ხუთ საათზე კი კლასში ავდიოდით.  ხუთიდან შვიდამდე მეცადინეობის საათები გვქოდნა. მეორე დღისთვის უნდა მოვემზადებინა გაკვეთილები. თუ დრო გვრჩებოდა, ნელი (ზედსართავი სახელი არ არის) აღმზრდელი სახალისო ამოცანებს გვეკითხებოდა და ”ვსაუბრობდით” J)

7-ზე დაბლა ჩავდიოდით, თუ სასადილოს მორიგეები ვიყავით, აღდგომა მქონდა, რატომღაც მიყვარდა იმხელა სასადილოს ჩვენ რომ ვაწყობდით.

ვახშმის შემდეგ , ”კლუბში” მივდიოდით და ”გვადალუპეს” ვუყურებდით, მართალია ფეხზე მდგომები ( აბა, იმდენ ბავშვს რა დაიტევდა), მაგრამ მაინც.

9 საათზე კი ნანა-ნანა.

იმ კორპუსში, სადაც გვეძინა,  ერთი ნაწილი დევნილთა დასახლება იყო, მეორე კი,  საავადმყოფო. საშინლად, საშინლად მინდოდა ერთხელ მაინც მოვხვედრილიყავი იქ, (საავადმყოფოში.). სულ მშურდა ხოლმე ჩემი კლასელების – ერთს ბატონები ჰყავდა, მეორეს ყური სტიკოდა და იქ იყვნენ. აღარ ვიცოდი, რა მექნა. ერთხელ გამოვუცხადე ძიძას,  მუცელი მტკივა და გული მერევა მეთქი, იმდენად მინდოდა, რომ თავიც კი დავირწმუნე ამაში. ჩამიყვანე ექიმთან, ეხ, მე იმ ღამეს სოდიანი წყალი მაყლაპეეეეს, მის შემდეგ ასეთი ტყულის თქმა აღარ მომდომებია.

იმ სკოლა-ინტერნატში მხოლოდ ერთი წელი გავატარე, მაგრამ ხშირად ვფიქრობდი, რომ  ჩემს 11წლიან ”სკოლა-მოღვაწეობაში” ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული წელი იყო. მასწავლებლებს დავყავდი სხვადასხვა კონკურსზე, ძალიან ხშირად ვაწყობდით ლიტერატურულ ღონისძიებებს, დადგმებს.  ალბათ, კიდევ რამდენიმე წელი სიამოვნებით დავრჩებოდი  ( ცხრაწლედი იყო), მაგრამ ჩემი და გახდა ავად. იმ ერთი ზამთრის მანძილზე სამჯერ მოიხადა ფილტვების ანთება, ხოდა, დედაჩემმა გამოგვიყვანა. მასწავლებლები  ეხვეწებოდნენ – ეს მაინც დაგვიტოვეო, მაგრამ ვინ დამტოვებდა :D)

მას შემდეგ 11 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ჩემს ბავშვობაში ერთერთ ნათელ წლად მიმაჩნია იქ გატარებული დრო. მათ სანახავად მხოლოდ ერთხელ ვიყავი, სულ, სულ მინდოდა მისვლა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ მოვახერხე. ახლა რომ მივიდე, არ ვარ დარწმუნებული, რომ ისევ ფუნქციონირებს. იქაური მეგობრებიც დავკარგე, ხშირად ვეძებ ხოლმე სოციალურ ქსელებში, მაგრამ ვერ ვნახე ვერავინ. რამდენჯერმე დამირეკეს, მაგრამ მაშინ არათუ მობილური, სახლის ტელეფონიც შორეულ ოცნებად მიმაჩნდა,  მეზობელთან მეხმიანებოდნენ. მერე აღარც..

 

ხო, ბავშვობაში ცოტა მიტყდებოდა მეთქვა, რომ ”მე ინტერნატშიც მისწავლია”, მაგრამ ახლა აღარ. სიმართლე რომ ვთქვა, პირიქითაც , მეამაყება 😀

 

 
4 Comments

Posted by on დეკემბერი 8, 2010 დუიმი მე:-), სხვადასხვა, უბრალოდ ამბები

 

ტეგები: , ,

უფეისბუქობის მეექვსე დღე – ჰეი, თქვენ, იუზერებო!!!

ჩემი შიმშილობა კვლავ გრძელდება. ნუ, ისე გამწარებული ვეღარ ვარ, ალბათ სწორედ ამ შიმშილობამ დამასუსტა და აღარაფრის თავი არ მაქვს. მაგრამ მაინც მედგრად ( “სიმედგრენერვიულობისგან უძილობა, ნაეკის გახსენებაზე მუცლის ტკივილი, ათასნაირი სტატისტიკის შედგენა -საკუთარი შანსის გამოსათვლელად” –  ახსიაშვილი.მ; ” სიტყვის ტონა”; 2010. ) ველი პასუხების გამოქვეყნებას.

ფორუმზე როგორც ეწერა – დღეს ცხელ ხაზს “უთქვამს” –  “ამ დღეებში იქნებაო” ( ნუ, “ეს დღეები” – 20 დღეა გრძელდება, მაგრამ ახლა უკვე მინისტრთან არის გადაგზავნილიო).  კი გავიოცეთ, რამდენიმე დღე რად უნდა ხელის მოწერას თქო, მაგრამ კაცი ხომ უნდა გაეცნოს დოკუმენტს, სიებს, ასე წაუკითხავად ხომ არ მოაწერს ხელს :-D)  ახლა ხუმრობის გარეშე ( აქ ჩნდება კითხვა – სად და ვინ იხუმრა?  კარგი, კარგი, როგორც ლალი ამბობს ხოლმე – თქვენ არ გითქვამთ ზოგჯერ სისულელე?), ახლახან მითხრეს – შაშკინი კახეთშია მთელი კვირაო ( გადაუმოწმებელი ინფორმაციაა) და აპა ქე დასჭირდება “ეს დღეები”. ხოდა, ჩემი ფეისბუქში დაბრუნება “ამ დღეების” გასვლამდე იწელება.
არადა, ცოდვა გამხელილი ჯობიაო და მომენატრა კაცო. განსაკუთრებით, რამდენჯერმე, როდესაც  notify.ge-ს გამოყენება დამჭირდა.   ვეცი ამაოდ ტელეფონს და წამის მეოთხედში გაბიაბრუებული შევდექი.
1) მინდოდა დამეწერა, რომ ერთი და იგივე წამალი ერთ აფთიაქში 177 ლარი დამიფასეს და მეორეში – 20 ლარად ვიყიდე.

2) მინდოდა მეთქვა, რომ უცხელი ქერათმიანი კაცი იხვეწებოდა მეტროში ჩამიშვითო. აბა, სად ჰქონდა მაგას “მეტრომანი”.

3) მინდოდა შუქის ჩაქრობისას მეწუწუნა და “შემეღაღადა”  მთელი ფეისბუქისთვის, რომ რას გვიშვება ეს სააკაშვილი.

4) მინდოდა, “ერთიოდე”  ნოუთი დამეწერა , მაგრამ სად ამეტვირთა ( ბლოგი არც გამხსენებია, ვაი 😀

5) ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემი ფრენდები მომენატრნენ კაცო.

ჰეი, თქვენ, იუზერებო,  შორს ხართ და მავსებთ ნდომითა,

თქვენს სტატუსებზე მოსვლა და დალაიქება მომინდა.
მაგრამ მე ხომ “სიტყვის გოგო” ვარ. რა – კვირის ბოლომდე ( ვიტოვებ უზარმაზარ იმედს, რომ არაუმეტეს) ვერ გავძლებ?:- D  ხოდა, ასევე, იმედია, მალე დავუბრუნდები “დედაფეისბუქს”  და ვცოცხლობ იმ იმედით, რომ უკვე როგორც  –  სრულფასოვანგრანტიანიილიაუნელი.

 
5 Comments

Posted by on ნოემბერი 30, 2010 დუიმი მე:-), სხვადასხვა, უბრალოდ ამბები

 

ტეგები: , , , , , ,

“უფეისბუქობის” მეორე დღე..

ჩემს ცხოვრებაში მეორე ისტორიული ჟამი დადგა. პირველი ისტორიული ჟამი მაშინ იყო, როდესაც ”სადიპლომოსდედლაინმოახლოებულმა” , ერთი კვირით გავთიშე  ”ფეისბუქი”.

ახლა, ახლა რაღა ჯანდაბის დედლაინი მომაწვა? ის, რომ  გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ყველა დედლაინს,  ყველა თარიღს გადააბიჯა, გადაალაჯა, გადაახტა – არ ვიცი, რა სიტყვა ვიხმარო – და ცოცხალი თავით არ დებს სამაგისტრო გრანტების განაწილების სიას. ანუ 8 ივლისსგამოცდაჩაბარებულმა სტუდენტებმა დღემდე არ ვიცით – გრანტი გვაქვს თუ არა.

– 14-ში იქნება,  მაქსიმუმ 15-ში.

– 20-ში იქნება.

– 22-დან დაიწყება.

– 24-ში უსიკვდილოდ.

– 25-ში, რა თქმა უნდა.

– ამ კვირაში უცილობლად.

– არა, ამ კვირაშიც შეიძლება დაიდოს, მაგრამ ორშაბათს უფრო რეალურია.

– არა, ამ კვირაში არაფერს არ ელოდოთ, იმ კვირაში იქნება.

– ალბათ, დეკემბრის პირველ რიცხვებში..

ბოლო ინფორმაცია იყო გასაგიჟებელ-გადასარევი – ბაზებს ვანახლებთ და როცა მოვრჩებით – დავდებთო. კითხვას – მაინც როდის ველოდოთ-ს –  ასე უპასუხეს – ჩვენ რავიცით, როცა განახლდება მაშინო.

კარგით რააა, ბარემ თქვით – რომ არ მოგატყუოთ, საერთოდ არ იქნებაო და ერთი გვარიანი ”ლოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ” – დააყოლეთ.

მოკლედ, მას შემდეგ, რაც შევატყვე, რომ დღეში 20პოსტზე მეტს ვდებდი ფეისბუქზე და ყველა ერთად თუ თითოეული ცალ-ცალკე – ეძღვნებოდა ნაეკს და მასზე გოდებას, მივხვდი, რომ ერთი – ჩემი ნერვები დგებოდა საეჭვო მდგომარეობაში და მეორე – ჩემი ფრენდების. ჩემს ნერვებს ვინ ჩივის და ვერაფერს ვერ ვუშველი – ისევ ისე მაქვს, როგორც ფბ-გაუქმებამდე, შეიძლება ცოტა უარესად. მაგრამ:

ა) ფრენდებს ავაცილე წუწუნა სტატუს-პოსტების კითხვის ”ბედნიერება”;

ბ) ვერ ავიტანდი, მათ რომ ვერ აეტანათ ეს პოსტ-სტატუსები და  დავეჰაიდ-დავებლოკე (თუ უკვე დაგვიანებული არ არის).

დავდე პირობა, (არც ვისთან) რომ სანამ ნაეკი შედეგებს არ დადებს  –  ფბ-ში არ შევალ.

( თითქოს ტანჯვა მაკლდეს ნაეკისგან – მაზოხისტისმაილი.:-D

დღეს მეგობარი მეუბნება – ეს, ერთგვარი შიმშილის ფორმა აირჩიეო. მართალია ნუ, პარლამენტის წინ რომ სხედან და შიმშილობენ – თავისუფლება ამას და იმასო ( ან სხვა) , მეც უნდა დავჯდე გამოცდების ეროვნული ცენტრის წინ და – თავისუფლება მაგისტრანტების გრანტებს მეთქი – ვიყვირო.  მივიტან ლეპტოპს (იმედია, ვინმე მათხოვებს  ან ვიქირავებ თავისი ფლეშკა-ნეტით), გავხსნი ”ფეისბუქს”  და არ შევალ. ხოდა, ” უფეისბუქობის პირველი დღე”, ”უფეისბუქობის მეცხრე დღე”,, ”უფეისბუქობის მერვე წელი” – ისე წელავენ ყოველდღიურად და ისეთებს მეუბნებიან ნაეკის ცხელ ხაზზე, რომ მეშინია, სულ უფეისბუქოდ არ დავრჩე 😀

იმედია, ნაეკი დროზე (სადღაა დროზე) მოიღებს მოწყალებას და არ მაიძულებს – პირობა დავარღვიო 😀

 
4 Comments

Posted by on ნოემბერი 26, 2010 დუიმი 1, მე:-), სხვადასხვა, უბრალოდ ამბები

 

ტეგები: , , , ,

ქართველური ადამიანობა

ტერმინთა განმარტება:

კონტროლიორი – თბილისის მერიის მიერ დაქირავებული პირი, რომელსაც ევალება ბილეთის შემოწმება, მისი არქონის შემთხვევაში კი – მგზავრის დაჯარიმება. კონტროლიორს აცვია ყვითელი პერანგი, გულზე ”ჰკიდია” ვინაობის დამადასტურებელი ლამინირებული საბუთი, ხელში უჭირავს  ოქმის ფურცლებით სავსე შავყდიანი დავთარი  და დგას ავტობუსის გაჩერებაზე. ამბობენ, რომ აქვს საკმაოდ მაღალი ხელფასი ( ჩემთან შედარებით მაინც 😀 ) და ამ ხელფასს იღებს ზემოთ, პირველ   წინადადებაში თქმულ საქმიანობაში.

ყვითელი ავტობუსი – სამგზავრო საშუალება, სადაც ბოლო წელიწადნახევრია, დამონტაჟებულია ბილეთის ასაღები აპარატები. მასში ადიან მგზავრები და კონტროლიორები, მართავს მძღოლი, რომელსაც დე კატეგორიის მართვის მოწმობა აქვს.

ავტობუსის მგზავრი – ადამიანი, რომელიც იყენებს მგზავრობის ამ საშუალებას და იღებს ბილეთს. მისი ტიპებია – მოსწავლე – უფასობილეთიანი მგზავრი; სოციალურად დაუცველი – მგზავრი, რომელიც 10თეთრიან ბილეთს იღებს. პენსიონერი, მასწავლებელი და სტუდენტი – მგზავრები, რომლებიც 20თეთრიან ბილეთს იძენენ,  ”ჩვეულებრივი” მოქალაქე, რომელიც იყენებს ”მეტრომანს” და სხვანი…

………..

ზუსტად ნახევარი საათის წინ, დელისიდან ნუცუბიძეზე ამოსასვლელად შევახტი ავტობუს ნომერ 99-ს. მეტროდან ჩემს სამსახურამდე სულ სამი გაჩერებაა –  ხშირად ფეხითაც დავდივართ ხოლმე, მაგრამ დილაობით ყოველთვის მაგვიანდება და ამიტომაც ავტობუსს მივმართავ.

ზუსტად ერთ გაჩერებაში, გზაჯვარედინზე, სადაც კანდელაკის ქუჩიდან, დელისიდან და ნუცუბიძიდან მომავალი ავტობუსები ერთმანეთს ხვდებიან (თუ პირდაპირ არა, ირიბად მაინც),  ყოველთვის დგას ერთი-ორი კონტროლიორი.  მართლა ძალიან კარგად მოიფიქრეს მე და ჩემმა ღმერთმა,  რადგან ერთგვარი საკვანძო ადგილია ასე ვთქვათ და  ”ვინუჟდენი” ხარ, რომ ბილეთი აიღო. თუმცა, როგორც წესი, ”დელისთან” ამოსულ მგზავრთა  უმეტესობა  პირველივე გაჩერებაზე არ იღებს ბილეთს და როდესაც კონტროლიორს დალანდავს, მხოლოდ შემდეგ  იწყებს ფაცი-ფუცს.

დღეს დილითაც ასე მოხდა.  მძღოლის გვერდითა სკამის უკან მჯდომი ქალბატონი ( დაახლოებით 50-55წლის) მას შემდეგ რაც ორი ახალგაზრდა კონტროლიორი დაინახა ფანჯრიდან –  დაფაცურდა. ამოიღო საფულე, რომელშიც ჩემი ღრმა რწმენით ”მეტრომანი”  იდო და დასცხო აპარატს –  არ  ჩამოვიდა ბილეთი, მეორედ დასცხო, შემდეგ გახსნა საფულე და ამოიღო ბარათი –  დაარტყა. ისეთ ხმას გამოსცემდა, რომ ვუთხარი, ალბათ, ანგარიში არ გაქვთ მეთქი. ამასობაში, ორი კონტრლიორიც ამოვიდა – ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ ( ჰო, ვიცი, რომ ბიჭი თავისთავში გულისხმობს ახალგაზრდას:-D ) – ბილეთები წარმოადგინეთო. წარმოვადგინეთ.  ამ ქალმა – აი, ვერ ვიღებო. კონტროლიორმა ბარათი გამოართვა და თავად დაადო აპარატს – 10 თეთრი გაქვთ მხოლოდო – უთხრა და დაუბრუნა პატრონს.

– აბა რა ვქნა,?

– ხურდით გადაიხადეთ ქალბატონო.

– არც ხურდა არ მაქვს.

– მაშინ ჩამობრძანდით.

– არა, სად უნდა ჩამოვიდე, არა მაქვს მეთქი, თორემ ხომ გადავიხდიდი, თქვენთან სალაპარაკო რა მჭირს ( ადამიანი გულღრძოა და მე გამახსენდა, ეს ქალი დელისამდე რომ იყო ავტობუსში ამოსული და ბილეთის ასაღებად კონტროლიორების დანახვის შემდეგ გაიწია, ისიც გამახსენდა, რომ განცხადებაა გაკრული – ამოსვლისთანავე უნდა აიღოთ ბილეთიო).

–   ქალბატონო ჩამობრძანდით ( არ დაგავიწყდეთ, რომ ავტობუსი გაჩერებულია მთელი ეს დრო, ხალხს ( ყოველ შემთხვევაში მე) კი გვეჩქარება.

– არსადაც არ ჩამოვალ, რატომ უნდა ჩამოვიდე, არ ჩამოვალ მეთქი.

–  ქალბატონო,  ჩამობრძანდით ახლა, სადამდე ვალოდინოთ ეს ავტობუსი ( ჩაერთო მეორე კონტროლიორი).

–  არსად არ ჩამოვალ მეთქი, თქვენ ადამიანები არ ხართ, ჰიტლერები ხართ ყველა. მაინც არაფერს არ ჩაგაწერინებთ, აი, არ ჩამოვალ – ქალმა ზურგი შეაქცია კონტროლიორებს და ფანჯრისკენ მიბრუნდა.

–   ქალბატონო, მეც კონტროლზე ვარ, თქვენ რა გგონიათ – ხმას აუწია პირველმა კონტროლიორმა.

–   არ მაინტერესებს თქვენი კონტროლი. არ ჩამოვალ და ვსიო, არა მაქვს და ვერ ავიღე. – კივის ქალი.

ამ დროს ავტობუსის უკანა ნაწილიდან მამაკაცი მოიწევს, ალაგმელოტ-ალაგშეჭაღარავებული თმა აქვს და გრძელი, ლურჯი ლაბადა აცვია.  – რამდენია გადასახდელი, მე ავიღებ მის ბილეთს.- ამბობს ის და ხურდებს აჩხრიალებს.

 

– გეუბნებით, არაადამიანები ხართ თქვენ, მაინც არ ჩამოვალ, არა. – არ ჩუმდება უბილეთო ქალი.

– ქალბატონო, ბილეთი არ გაქვთ, ჩვენ რა ვქნათ? – კონტროლიორი.

– ბატონებო, არ გვინდა,  შევწყვიტოთ, მე გადავიხდი  ამ ქალბატონისას –  მიმართავს მშვიდი ხმით ალაგმელოტ-ალაგშეჭაღარავებულთმიანი და გრძელლურჯლაბადიანი მამაკაცი – ყვითლებს, ორ ოცთეთრიანს იღებს, ერთს აპარატში აგდებს, მეორე ძირს უვარდება, იხრება, იღებს და კვლავ აგდებს აპარატში, შემდეგ ბილეთს ხევს და ქალბატონს უწვდის.

–  კი ბატონო, ჩუმად ჩაილაპარაკა პირველმა კონტროლიორმა და ჩავიდა. ავტობუსი დაიძრა, ქალმა მადლობა გადაუხადა ”მხსნელს” და გააგრძელა – ესენი არ დაესწრონ ახალ წელს, ამათმა არ გაიხარონ ცოლ-შვილში, ეს უოჯახო და უგულო ხალხი.

–   ქალბატონო, ამათ რა ქნან, სამუშაოს ასრულებენ – ამოვიკნავლე მე.

ეტყობა ჩემი კნავილი  მოწმენდილზე მეხის გავარდნასავით გაისმა, რადგან თუ აქამდე ეს ქალი ლაპარაკობდა მხოლოდ, ახლა მთელი ავტობუსი აყვა.

”ესენი ადამიანები არ არიან, ფაშისტებზე უარესები, ადამიანის გამწარებაზე არიან გამეცადინებულები, ურჯულოები, არაფერი ადამიანური მათ არ ესმით” – მომდევნო ორი გაჩერება ”დედის ნანასავით”  ჩამესმოდა ეს და ბევრი ამგვარი ფრაზა..

ხოდა, მე მაქვს კითხვა: კონტროლიორი ვალდებულია იყოს ”ადამიანი” ( ადამიანის ქართველური მნიშვნელობით)  ყოველ ჯერზე? მჯერა, ”მას” ასეთი ხვდება დღის მანძილზე ათობით და ასობით და ყველას პრობლემა უნდა გაითვალისწინოს? ეს ხომ იგივეა, პოლიციელს რომ ვუთხრა – კი კაცო, მართალი ხარ, ბინა ( სახელმწიფო) გავქურდე , მაგრამ ადამიანობა გამოიჩინე და მაპატიე რააააა…

 

 

ტეგები: , , , ,

ვინ, რას, სად, როგორ, რატომ გვიშვება ანუ ყვითელმთმმუსვრელი მთავრობა..

დღეს ახალ ამბებს ვეცნობოდი და ერთი ინფორმაცია მოხვდა თვალს და გულს ცუდად – ”ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემცირება იგეგმებაო”. ცუდად მოხვდა რა, პირველად არ გამიგია, ცხადია.  ერთი, მაქსიმუმ ორი კვირაა, ყველა  ავტობუსში (რომელსაც მე და ჩემი ნაცნობები ვიყენებ(დი)თ) ,არის წარწერა, სადაც ღრმად პატივცემულ მგზავრებს აუწყებენ, რომ  ნომერი ესა და ეს  1 ნოემბრიდან სულს განუტევებს. უკეუთუ ეს არ მოხდება, მაშ  მივა მხოლოდ ამა და ამ წერტილამდე, ”იქიდან კი საგანგებოდ თქვენთვის დავნიშნეთ ერთი ნომერიიოოოო”..

ახლა რა ხდება:

ვინ არის ავტობუსის ძირითადი მომხმარებელი? ალბათ, პენსიონერი, საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქე და სტუდენტი. პენსიონერი ალბათ, უფრო იშვიათად იყენებს, საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეების უმეტესობაც სამარშრუტო ტაქსს და მეტროს უფრო ანიჭებენ უპირატესობას,  ჩემი აზრით. ”ყვითლების” ყველაზე ხშირი  მომხმარებელი უნდა იყოს სტუდენტი, ალბათ, ამიტომაც ქალაქის სხვადასხვა ნაწილიდან წამოსული ავტობუსების  ძალიან დიდ ნაწილს,  ჰქონდა ბოლო გაჩერება მაღლივ კორპუსთან.

რა გინდათ, ალტერნატივა ხომ გაქვთო, სულ ხომ არ გაუუქმებიათო – იკითხავს მავანი. კი, ჩემო ბატონო, გვაქვს. როდესაც დადიოდა ვთქვათ, ხუთი ავტობუსი, ახლა ივლის ერთი და ისიც  არ გაივლის ( უფრო ზუსტები რომ ვიყოთ – აღარ ექნება ) ”სრულ” მარშრუტს, ჩამოგაგდებს შუა გზაზე ( ამჯერად, ბოლო გაჩერებაზე) , მერე კეთილი ინებე და  სხვა ( ასევე შემცირებული რაოდენობის და ”არჩევანის”) ავტობუსს დაელოდე.

გელა ბოჩიკაშვილის ფოტო

უფრო ნათელი რომ გახდეს, რასაც ვამბობ, განვიხილავ ერთ დილას ერთი ”უბრალო” სტუდენტისას, რომელსაც ლექცია ეწყება დილის 9 საათზე და რომლის დღიური ”შემოსავალი”  თუ ”ჯიბის ფული”  1 ლარია. ( ახლა ნუ დაიწყებთ, დღეში 1ლარიანი სტუდენტი არ არსებობსო, სანამ მუშაობას დავიწყებდი, ჩემთვის ერთი ლარი ძალიან ხშირად მაქსიმუმი იყო 😛 ) .

ეს X სტუდენტი ცხოვრობს ვარკეთილში ( დიდ დიღომში, გლდანში) არ აქვს მნიშვნელობა და სწავლობს მაღლივ კორპუსში. ( ჰა, ილიაუნიში ( გეპეის ”ხაზი” კარგად არ ვიცი). ის აქამდე , დილის 8 საათზე, ერთ (ამ შემთხვევაში N71) ავტობუსს  მოახტებოდა და მიდიოდა პირდაპირ. თანხას  იხდიდა ერთხელ და ”გადაჯდ-გადმოჯდომაც” არ სჭირდებოდა.  ახლა, ( როცა, N 71 მოხსნეს), ფეხით ( ან მარშუტკით) უნდა ავიდეს N 39-ის გაჩერებამდე, ეს უკანასკნელი მიიყვანს კოლმეურნეობის მოედნამდე, ( აქამდე, ზემოხსენებული N39 ბაგებში მიდიოდა). ჩვენი X სტუდენტი ჩავა კოლეურნეობაზე ( აბა, ბოლო გაჩერებაა და)  ვაკეში მიმავალ არც ისე ცოტა მგზავრთან ერთად, მათთან და არა მხოლოდ მათთან ( როგორც წესი, კოლმეურნეობაზე სხვა –  არავარკეთილიდან და არაN39-ით მოსული ხალხიც დგას და არც ისე ცოტა) ერთად დაელოდება  N61-ს და საგანაგებოდ ამისთვის დანიშნულ  ახალ N140-ს. ( ორივე მიდის ბაგებში), შემდეგ ( თუ ჯანსარად ავიდა ყველა) გადმოხტეს კიდევ ვაკის პარკთან და დაელოდოს ”რამეს” მაღლივამდე. ან აქვს მეორე ვარიანტი, ”მარშუტკით” ჩავიდეს ვარკეთილის მეტრომდე, მერე წავიდეს მეტროთი რუსთაველამდე და თუ ილიაშია, ”აჰყვეს”  რამეს. ( თსუ-ში ფეხითაც შეიძლება არბენა) ან დელისზე (თუ მაღლივში მიდის) და იქიდან ”რამეს”.

მოკლედ, ამ ახალი ”ინიციატივით” მინიმუმ ორმაგი და ჩვეულებრივ, სამმაგი თანხა იხარჯება. ამასთან, აქამდე თუ ველოდით 15-30 წუთი თითო ავტობუსს, ახლა ეს ლოდინი ორზე ან სამზე უნდა გადამრავლდეს.

და ეს დაემართა ყველა მიმართულებას. მე ”ვმსახურობ” ნუცუბიძეზე , ვვცხოვრობ ვარკეთილში, ვსწავლობ ვაკეში. ვაკიდან ჩემს სამსახურამდე მიდიოდა 67 ნომერი ავტობუსი. ამასწინ, ვნახე განცხადება, რომ 67 გაუქმდება, მის ნაცვლად ნუცუბიძის მესამე პლატოელები ( ისინი კიდევ შორს არიან) ვაკემდე მივლენ კოსტავას ქუჩიდან N51-ით,  ხოლო თამარ მეფის გამზირიდან – N9-ით. მაღლივის მიმართულებით კი, ვაჟადან იმოძრავებს ახალი N150 მარშრუტი. ( ვაჟადან მიდიოდა თითქმის ყველაფერი და ეს ყველაფერი  ორნიშნა რიცხვს აღწევდა). ანუ ნუცუბიძიდან რითიმე ( ალბათ, მარშუტკით) ჩახვალ დელისამდე, მერე რითიმე მიხვალ კოსტავამდე ან თამარ მეფემდე ( კოსტავა საზოგადოებრივთან მახსენდება და ახლა ვფიქრობ, ”სად”  არის კიდევ, თამარ მეფე არც ვიცი), მერე იქიდან ხო დამხვდება ის ”თითო” ნომერი (სპეციალურად რომ დამინიშნეს) და წამიყვანს კაცო, რა მიჭირს.

ხოდა, დრო დროდ მეხარჯება, რომელიც ფულს უდრის და ფული ფულად ანუ თუ თანხის გადახდით სამმაგ ფულს ვხარჯავ, ამას ემატება ჩემი სამმაგი ( ლოდინში გატარებული) დრო, რომელიც ასევე  ფულია და გავიყვლიფე გენაცვალე!!! ( ნერვები შეუფასებელია.).

ეს არ ხდება მხოლოდ, ვარკეთილელი X სტუდენტის თავს.  ყველა ამ დღეშია. თემქა, დიდი დიღომი, სამგორი, გლდანი… ”პერიფერიებიდან” – აბსოლუტურად ან თითქმის აბსოლუტურად ყველა მარშრუტი არის გაუქმებული ან ორად და სამად  გახლეჩილი.

ამოცანა გვეკითხება:

ვინ გვიშვება ამას? – მთავრობა.

რას გვიშვება ეს მთავრობა – ავტობუსებს გვართმევს.

სად გვიშვება? – ზურგზე.

როგორ გვიშვება – არანებაყოფლობით.

რატომ გვიშვება? – მე რავიცი.

ჰო, ახლა გავარჩიოთ, რატომ გვიშვება:

ერთმა სთქო – აი, ბილეთებს რომ არ ვიღებდით, ღირსები ვაართო. უკაცრაული პასუხია და ის 500 ლარიანი კონტროლიორ-კონტროლიორშები რასა შვებიან? არაერთხელ შევსწრებივარ ერთმანეთთან  საუბარში ისე გართულს, რომ ავტობუსი არც დაუნახავთ ან დაუნახავთ და ოდენ მზერა ამოუყოლებიათ.  (ეს ნუცუბიძეზე, რადგან მალე ჩავდივარ და ფეხზე ვდგავარ) .

მეორეც, თუუ აქამდე არ იღებდნენ რა,  ვინც არ იღებდა , ახლა აიღებს?  ( ახლა ნუ მეტყვით – არ აიღებს ძმაუ და ააღებინებენო, რადგან თუ 1ნოემბრის მერე ააღებინებენ, 1 ნოემბრამდეც არაუჭირდათ რა).

მესამეც, რატომ უნდა ვიხადოთ იმათმა, ვინც ვიღებთ (ბილეთს) იმათი, ვინც არ იღებდა და არც აიღებს?

მეოთხეც, რეისი რომ გახლიჩეს , ლოგიკურად უფრო ახლო-ახლო მოუწევთ მანდატურების დანიშვნა, ვინაიდან და რადგანაც, თუ აქამდე, ვარკეთილიდან მომავალ ავტობუსს ვაკემდე არ აწუხებდა ”ყვითელი”, ახლა თუ კოლმეურნეობამდე მივა, ხომ ცხადია, რომ მანამდე უნდა დახვდეს, ისიც ცხადია, რომ კოლმეურნეობიდან მერეც უნდა დახვდეს, იქითაც, იქითაც და სხვა. ეს მეტი ხარჯი არ არის? აააარა, ეს მეტი სამუშაო ადგილია.

მოკლედ, მე არ ვიღებ მაგ ლოგიკას.

შემდეგი და ოფიციალური, ”ჯი-ეიჩ-ენ”-თან საუბარში თბილისის მერიამ სთქოო, რომა იმ რეისებს ვაუქმებთ, რომელზეც მოთხოვნა არ არისო. უკაცრავად და არც ერთ რეისზე არ იყო მოთხოვნა? ხო, მართალია, ვარკეთილი-ვაკე , დიღომი-ვაკე, გლდანი-ვაკ –  ვის რათ უნდოდა და რა მოთხოვნა მაგაზე იქნებოდა.  მოთხოვნაა – მელიქიშვილი-ვაკე, ვაჟა-ვაჟა… მდაჰ..  4 წელი, რაც თსუ-ში დავდიოდი, დილის საათებში ვერ ავდიოდი 71-ში ( იმის მიუხედავად, რომ ბოლო გაჩერებიდან ძალიან ახლოს ვარ) იმიტომ, რომ კარი რომ იღებოდა, ხალხი პანტა-პუნტით ცვიოდა, იმდენად დახუნძლული იყო.

მოკლედ, ამ ლოგიკას ხომ არ ვიღებ და არ ვიღებ.

კიდევ ორი არაოფიციალური, ”ჭორისდონეზე”  მიზეზი ვიცი – საწვავს ვერ აუდიანო და ავტობუსები გაფუჭდაო. ამას ვიღებ ( თუმცა, არ მჯერა) , მაგრამ ჩემი რა ბრალია? საწვავს ცხადია, აუვლენ, რადგან ერთმა ავტობუსმა უნდა ზიდოს ხუთი ავტობუსის მგზავრები და უნდა გაიაროს  იმ  მანძილის მესამედი (შესაბამისად, დაწვას იმ საწვავის მესამედი) რასაც გადიოდა (რასაც წვავდა).

მაგრამ იმაზე თუ უფიქრიათ, რომ ცხრაჯერ გადახტომ-გადმოხტომა არ მოუნდება ამ საყვარელ ადამიანებს და წავლენ მეტროთი ( ნუ, ეს ფულიც მაგათ შედით, მაგრამ ავტობუსის საწვავს ვანაზღაურებთო – რაია) და ერთი-ორი ”მარშუტკით” ( მერიაზე გაბრაზებულები – ამათ მაინც არ გადვუხდითო).

მოკლედ, მე მაქვს ინიციატივა. გაგვიკეთონ ველოსიპედის ბილიკი თუ რაც არის და შევიძინოთ ”ორლიონოკები”, მაგრამ ახლა ამის მართვის მოწმობას და მის ჯარიმებს  მოიგონებენ ესენი:-|

 

ტეგები: , , , , , ,

გინდა გახდე მაღალკვალიფიციური წუწუნოლოგი? მოდი ჩვენთან.

პროგრამის დასახელება: წუწუნოლოგია;
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: წუწუნოლოგიის  მაგისტრი (MA in Bitch);
პროგრამის ხანგრძლივობა: 120 კრედიტი (4 სემესტრი);
პროგრამის ხელმძღვანელი – მარი ახსიაშვილი. ასოცირებული მაგისტრანტობის კანდიდატი.

 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები

წუწუნოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ნებისმიერ სფეროში. მან უნდა ჩააბაროს საერთო სამაგისტრო გამოცდა 7-8 ივლისს, ტესტებს და სწორ პასუხებს უნდა ელოდოს ორი კვირა, ქულებს – ერთი თვე, სტატისტიკურ ანალიზს თვენახევარი, ხოლო საბოლოო რეიტინგებს ორი თვე. ამის შემდეგ, მაგისტრანტობის კანდიდატი გაივლის  გასაუბრებას სპეციალობაში და 11 დღე დაელოდება ჩარიცხვის შედეგებს. აქედან კი,  ჩვენს პროგრამაზე მოსახვედრად ერთი თვეღა რჩება – მაგისტრანტობის მსურველი უნდა დაელოდოს ჩარიცხვის სიების გადაგზავნას გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის და  დამსახურებული თუ დაუმსახურებელი დაფინანსების ამბის გაგებას.

 

პროგრამის მიზანი

სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური წუწუნოლოგი, რაც ქართულ მოწუწუნეთა სისტემას  შემატებს განათლებულ, პროფესიული ჩვევების თვალსაზრისით კარგად მომზადებულ, კონკურენტუნარიან კადრს, რომლისათვისაც წუწუნოლოგობა გაცნობიერებული არჩევანი იქნება.პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან წუწუნის წარმოშობის თეორიებს, მის საფუძვლებს და  განვითარების სხვადასხვა ეტაპებს, წუწუნის გადაცემის განსხვავებულ ხერხებს, მოწუწუნეებთან მუშაობასა და  სხვადასხვა სახის წუწუნის  სტრუქტურირებას. სტუდენტები გამოიმუშავებენ კვლევით უნარებს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს იმუშაონ წუწუნის კვლევების მიმართულებით. მაგისტრანტები შეისწავლიან  წუწუნის მენეჯმენტს და წუწუნისთვის სპეციფიკურ გამომსახველობით ფორმებს, ასევე, წუწუნის გადაცემა-დამუშავების  სხვადასხვა პრინციპს. პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს წუწუნოლოგიური ეთიკის სტანდარტების შესწავლას სხვადასხვა ქვეყნებში და მისი განვითარების ტენდენციების შესწავლას საქართველოში.

 

 

 

სწავლის შედეგები

კურსდამთავრებულს აქვს წუწუნოლოგიაში ღრმა და სისტემური ცოდნა, შეუძლია საწუწუნო მასალის მოპოვება, დამუშავება, წუწუნის სტრუქტურირება, მიზნის გათვალისწინებით სხვადასხვა სახის წუწუნი , იყენებს მრავალგვარ მხატვრულ და ტექნიკურ ხერხს ეფექტური წუწუნოლოგიური  პროდუქტის შესაქმნელად, შესწავლილი აქვს ინტერნეტწუწუნოლოგია, შეუძლია საწუწუნო სტატუსის თუ ჩანაწერის სოციალურ ქსელებში განთავსება და შემდგომ მართვა.მაგისტრს  შეუძლია ანალიტიკური მასალის მომზადება წუწუნის თემაზე, მისი კრიტიკა, წუწუნის  კვლევების დამოუკიდებლად დაგეგმვა და განხორციელება უახლესი მეთოდების გამოყენებით. კურსდამთავრებულს გააზრებული აქვს სახელმწიფოში წუწუნის როლი, მისი მნიშვნელობა თანამედროვე საზოგადოების ფორმირების პროცესში, შესწავლილი აქვს წუწუნოლოგიური  ეთიკის სტანდარტი, წუწუნის  სამართალი და შეუძლია სწორად განსაზღვროს, რა არის დაშვებული საკანონმდებლო რეგულაციით და სად არის დაწესებული შეზღუდვა.

 

 

შეფასების წესი (100 ქულიანი)

 

(A) 91 -100 ფრიადი

(B) 81 -90 ძალიან კარგი(

C) 71 -80 კარგი

(D) 61 -70 დამაკმაყოფილებელი

(E) 51 – 60 საკმარისი

(FX) 41 – 50 ვერ ჩააბარა, სტუდენტს ეძლევა საბოლოო გამოცდის ერთხელ გადაბარების უფლება

(F) 0 – 40 ჩაიჭრა, სტუდენტმა კრედიტის მიღებისთვის თავიდან უნდა გაიაროს კურსი

 

 

 

კურსები:

 

I სემესტრი ( გაზაფხულის)

წუწუნოლოგიის შესავალი – 6 კრედიტი; ( სავალდებულო);

წუწუნის საფუძვლები და წარმოშობის თეორიები – 6 კრედიტი; ( სავალდებულო);

წუწუნის სამართლებრივი საფუძვლები – 6 კრედიტი; ( სავალდებულო);

წუწუნი და მისი  მენეჯმენტი – 6 კრედიტი; ( სავალდებულო);

საუნივერსიტეტო არჩევითი კურსი – 6 კრედიტი;

 

 

II სემესტრი ( შემოდგომის)

 

ინტერნეტწუწუნოლოგია 1 – 6 კრედიტი; ( სავალდებულო);

წუწუნის წარმოება ჯგუფში 1 – 6 კრედიტი; ( სავალდებულო);

წუწუნის კვლევის მეთოდები – 6 კრედიტი; ( სავალდებულო);

წუწუნის პოლიტიკა – 6 კრედიტი; (სავალდებულო-არჩევითი);

წუწუნის ეკონომიკა – 6 კრედიტი; (სავალდებულო-არჩევითი);

წუწუნის კულტურა – 6 კრედიტი; (სავალდებულო-არჩევითი;)

საუნივერსიტეტო არჩევითი კურსი – 6 კრედიტი;

 

 

III სემესტრი ( გაზაფხულის)

 

ინტერნეტწუწუნოლოგია 2 – 6 კრედიტი; ( სავალდებულო);

წუწუნის წარმოება ჯგუფში 2 – 6 კრედიტი; ( სავალდებულო);

წუწუნის კრიტიკული ანალიზი – 6 კრედიტი; ( სავალდებულო);

წუწუნის კარგად დაცდა – 6 კრედიტი; (სავალდებულო-არჩევითი;)

საწუწუნო მასალის თემატური დახარისხება და მისი მართვა  – 6 კრედიტი;(სავალდებულო-არჩევითი;)

საუნივერსიტეტო არჩევითი კურსი – 6 კრედიტი;

 

 

IV სემესტრი ( შემოდგომის) – სამაგისტრო ნაშრომი წუწუნის თემაზე.

 

წუწუნოლოგიის პროგრამაზე სწავლის საფასური შეადგენს 1500 ევროს. ვინც კარგად იწუწუნებს, გადასახადი გაუნახევრდება. წარმატებულ მოწუწუნეებს დაენიშნებათ სტიპენდია.

 

P.s. პროგრამა არის რეალური სამაგისტრო პროგრამის ( ჟურნალისტიკა) მოდელირებული ვარიანტი.

 

 

ტეგები: , , , , , ,

ჩემი ომი ანუ 2008 წლის 8 აგვისტოს მცირე რეპორტაჟი

ამ წერილის დაწერა , უფრო ზუსტად ატვირთვა 8 აგვისტოს მინდოდა, მაგრამ დღეს ლაშა ბერულავას და სხვების ჩანაწერები წავიკითხე და გული დამიმძიმდა. ამიტომ, არ მოვითმენ კიდევ სამ დღეს და ჩემი თვალით დანახულ 2008 წლის 8 აგვისტოს ახლავე გაგიზიარებთ.

2008 წლის 8 აგვისტოს სოფელში მივდიოდი. წელსაც ძალიან მინდოდა, დამემთხვია და ორი წლის შემდეგ ( ომის მერე იქ აღარ ვყოფილვარ), ისევ 8 აგვისტოს წავსულიყავი, მაგრამ მარი ბჭობდა და ლოვა (სტომატოლოგი) იცინოდაო, “რომ იტყვიან ხოლმე” და გადამედო სამი დღით წასვლა.

შარშან, ბლოგზე ერთი პოსტი დავწერე, სადაც იმ დღის შესახებ მქონდა მოთხრობილი. ვიცი, რომ არც ისე ორიგინალურია, ომზე ბევრმა დაწერა, ბევრი დაწერს და პრინციპში, მე ომი არც კი მინახავს, მაგრამ საჩხერეში, (სადაც რუსული თვითმფრინავები არც თუ ისე იშვიათი იყო) , სრულ იზოლაციაში, ინფორმაციულ ვაკუუმში გატარებული 21 დღე, (სადაც მე და ჩემი დეიდაშვილი ვიყავით ყველაზე უფროსები – სოფო 21-ის, მე 19-ის) – ჩემი ცხოვრების კოშმარულ დღეებად ნამდვილად დარჩება.

ქვემოთმოყვანილი პოსტი შარშან ავტვირთე ბლოგზე, მგონი, არ დაძველებულა და ყველა 8 აგვისტოსაც გამოდგება.

”დღეს ვფიქრობდი , რომ ომის წლისთავია, რომ ერთი წელი გავიდა “აგვისტოს მოვლენებისა” და “რუსული აგრესიის” შემდეგ და გამახსენდა შარშანდელი რვა აგვისტო..
სოფელში მივდიოდი, სოფელი მაქვს საჩხერეში, ზუსტად ჯავის საზღვართან, როგორც ამბობენ ერთი ქედი , ტყე თუ გორა გვყოფს.
ჩემი და, ბიძაშვილი და დეიდაშვილი (14, 17 და 21წლის გოგოები) იყვნენ უკვე იქ.
მეც რამდენიმე დღის ჩამოსული ვიყავი თბილისში. კბილზე შემექმნა პრობლემები და გული ისევ იქით მიმიწევდა:-D

7აგვისტოს ტელევიზორისთვის საერთოდ არ მიყურებია (მეც ჟურნალისტი ვარ რაღა), რაღაც კი თქვეს, მაგრამ ვერ წარმომედგინა , რომ ამდენად სერიოზული საფრთხე იყო, ვერ წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა ომი დაწყებულიყო.

ხოდა, 8 აგვისტოს სამგორის სადგურში ვიყავი ”ბარგაკიდებული” და ჩემი სოფლის მარშუტკას ველოდი. (ეს არის ცამეტადგილიანი , ყვითელი ფერის, მგზავრობისთვის ყოვლად შეუფერებელი ტრანსპორტი, რომელიც ლიჩი-თბილისის რეისით კვირაში მხოლოდ სამჯერ დადის და რომელზე ადგილის დაკავებაც წინა დღეებში იწყება).

ხალხი ბლომად იყო შეკრებილი და მეც გასული წლების მსგავი შიში , ნაცნობი გრძნობა – “ვაი, ადგილები რო არ იყოს და დარჩენამ მომიწიოს”? – დამეუფლა.

ამ დროს ერთი მგზავრი (ჩემს უბანში უნდა ჩამოსულიყო), მორბის ყვირილით – ვაიმე, გორი დაბომბეს, ვერავის ვუკავშირდებით, მობილური ქსელებიც გათიშულიაო. დავიწყე წვალება, იმ დროს, უფრო აქტიურად ლაი-ლაის ნომერს ვხმარობდი, რომლითაც ვერაფრით ვერ დავრეკე. ჩავდე ბალის კარტა და როგორც იქნა მოვახერხე სოფელში ” გასვლა” – ცოტა დავაშინე “ბიძაშვილ-დეიდაშვილ-და” – შეიძლება ვერ ჩამოვიდე მეთქი..

ამასობაში მოვიდა როგორც იქნა ჩვენი მარშრუტკა, მძღოლს შემოვეხვიეთ – აბა რა ხდება თქო.
მისი პასუხი: – არაფერი კაცო, უბრალოდ რომ მოვდიოდი, იგოეთთან ჭურვი ჩამოაგდეს და მანქანის უკან აფეთქდა.

ხალხი დაფეთდა..

დედაჩემი და დეიდაჩემი ცდილობენ გადამარწმუნონ წასვლაზე – ამას ჯობს, ჩვენ წავიდეთ და ისინიც წამოვიყვანოთო.

მე ცივი უარით ვიკავებ ადგილს და “ფეხებს ვაფიჩინებ” – უნდა წავიდე მეთქი. (ნუ, ერთი მხრივ , კარგად მოვიქეცი, რადგან ისინი რომ წასულიყვნენ, ჩარჩებოდნენ მთელ თვეს და იქით თავად მოკვდებოდნენ შიმშილით, აქეთ მე:)დედაჩემი მაინც არ წყვეტს ხვეწნას, მე “ვამშვიდებ” – ხო იცი, იმათ საჭმელი უთავდებათ და მე რომ არ ჩავიდე, შეიძლება ისე დარჩნენ.
ცოტა გაჭრა..

მგზავრობის მოსურნეთა რიცხვმა შესამჩნევად იკლო, ადამიანებიდან, რომლებისგანაც სამი მარშუტკა გაივსებოდა, რვა კაცი ვრჩებით.

მძღოლი გვამშვიდებს – თუ გადაკეტილი იყო გორთან, უკან მოვბრუნდებით, რა პრობლემაა.
როგორც იქნა, გავედით.

ფანჯარასთან მჯდომს უფრო მიტანს შიში, გზაზე დაუსრულებელი კოლონებია – რეზერვისტების, “ორხიდიანების – სავსე ჯარისკაცებით”, სხვადასხვა ტექნიკის.

“ღმერთო, შენ დააბრუნე ყველა მშვიდობით” – პირჯვარს იწერს მარშუტკაში მყოფი ერთადერთი ქალი. ნუ, ჩემს გარდა). ის ჩემს სოფლამდე ცხოვრობს და თბილისში მოტეხილი ფეხის სამკურნალოდ იყო ჩამოსული.

მანქანაში მყოფი შვიდ ი მგზავრი+მძღოლი მოსალოდნელ საფრთხეებზე იწყებს მსჯელობას, მე რადიოს ვრთავ და ვცდილობ ახალი ამბები გავიგო.

“რუსების ერთი თვითმფრინავი ჩამოაგდეს”, უკვე ორი, უკვე სამი . . – ვამშვიდებ გზადაგზა ჩემს “თანამოინახეებს”, ისინი თავიანთ ოჯახზე და ახლობლებზე იწყებენ ლაპარაკს , პრეზიდენტმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა – “რა გვეშველება” – როდის მორჩება ყველაფერი” – ატირებული კითხულობს მარშუტკაში მყოფი ერთადერთი ქალი. ნუ, ჩემს გარდა). ის ჩემს სოფლამდე ცხოვრობს და თბილისში მოტეხილი ფეხის სამკურნალოდ იყო ჩამოსული.

“ხვალვე წავალ ომში და რუსებს დედას ვუტირებ”: – აღგზნებული სახით ყვირის ვასიკო – მარშრუტკის პატრონი და მძღოლი (ის აფხაზეთის ომშია ნამყოფი და ყოველ წელს, ყოველ მგზავრობისას აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნებას განიხილავს.

“მიშამ თქვა – დავიბრუნებთო და დავიბრუნებთ. ძალით, ნებით, მაგრამ შევალთ, ჩვენს ადგილს მაინც დავიბრუნებთ” – ეს მისი საფირმო ფრაზაა. (კიდევ ერთი, ამბობენ, რომ აფხაზეთის ომის დროს ვასიკოს ძმა დაეღუპა და მისი ცხედარი ერთ კვირას ზურგით ატარა, სანამ სოფელში ჩაიყვანდა და მიწას მიაბარებდნენ.)

გორის გზა გახსნილი დაგვხვდა, თუმცა მოძრაობა ძალიან გაძნელებულია. . ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით მოძრავ რეზერვისტებით სავსე ათეულობით ავტობუსს და მსუბუქ მანქანას რამდენიმე საცობი აქვთ შექმნილი . ყველგან პატრული დგას, გორის ცენტრში დაბომბილი ადგილი ჩანს, ქალაქის გარეთაც მოჩანს მინდვრებზე დამწვარი ადგილები.
რატომღაც, პირველად “ვასოს მარშუტკით მგზავრობის” ისტორიაში, მანქანა არ გაფუჭებულა და სამი საათი შესაკეთებლად არ “წაგვიყვანია””, ერთი ეგ იყო, ერთერთი მგზავრის წამოღებულ ბალონს გაზი გაუვიდა და გაგუდვა-აფეთქებას ბეწვზე გადავრჩით.

მობილურ ოპერატორებს უფრო და უფრო უჭირთ მუშაობა. მხოლოდ გამოტოვებული ზარებიღა მომდის,. ძლივს მოვახერხე მესიჯის გაგზავნა.

ჭერათხევიდან აღარც რადიო იჭერს. სწორედ აქ იწყება ჩემი ინფორმაციული ვაკუუმი, რომელიც ზუსტად 21დღეს გაგრძელდა. ამ პერიოდის მანძილზე ტელევიზორის (კურიერის) ყურება მოვახერხე სამჯერ. მიზეზი – ჩემი სოფელი არის (მაშინ იყო) ნამდვილი სოფელი, ანუ ჯუნგლები, სადაც ცივილიზაციას თითქმის არ შეუღწევია. ტელევიზორი იჭერს იმ ოჯახებში, სადაც “ანტენა-თეფშები” აქვთ.

წკოტთან თვითმფრინავები შევნიშნეთ ცაზე. მგზავრები ლოცვას იწყებენ, აფეთქების ხმა ისმის და ფანჯრიდან ცეცხლმოკიდებული ადგილი ჩანს მინდორზე. ჭურვი ჩამოაგდეს.

მძღოლი (ისედაც ძალიან სწრაფად დაჰყავს მანქანა) უფრო უმატებს სიჩქარეს, უსწრებს წინ მიმავალ “ოპელს” და ლამის ეჯახება ცისფერ “ვოლვოს”, რომელიც “ოპელის” წინ მიდიოდა.
ვასიკო მარჯვნივ ატრიალებს მანქანას და მკვეთრად ამუხრუჭებს, მარშუტკა ტროტუარიდან გადადის და მარჯვენა ნახევრით გადაღმა თხრილში დგება, მარცხენა კი თითქმის ჰაერში აქვს. მძღოლი სასწრფოდ ასწორებს და აჩერებს მანქანას.

“შე სამიწე, ბომბს გადავრჩით და შენ უნდა მოგვკლა? სახლში მაინც ჩაგვიყვანე ცოცხლები ” – ყვირის მარშუტკაში მყოფი ერთადერთი ქალი. ნუ, ჩემს გარდა). ის ჩემს სოფლამდე ცხოვრობს და თბილისში მოტეხილი ფეხის სამკურნალოდ იყო ჩამოსული.

ბოლოსდაბოლოს ჩავდივართ ლიჩში. სოფელში დამხვედრები მძღოლს შემდეგ რეისზე ეკითხებიან – “არ ვიცი, ხვალ ომში მივდივარ, დავხოცავ რუსებს და ჩამოვალ” – იცინის ვასიკო.

მერე კი.. 21დღე სრულ იზოლაციაში, შიშში , ღამე გათიშული სინათლე – დაბომბვისას რომ არ დაგვინახონ.

მეზობელ სოფელში (6კმ-ში) გადასვლა – პურის თუ ერთი კგ შაქრის საყიდლად. ყოველ ახალ ჭორზე – ”საფიხვნოზე” შეკრებილი სოფლის მკვიდრნი და მათი ბჭობა – აგერ მოსულა ჯარი, დაბლა ნახეს სამხედროები, ტყეში გავიქცეთ, გავიხიზნოთ.

თბილისიდან ზარები – ვაიმე, მაქეთ მოდის ჯარი, ვაიმე, თბილისში შემოდიან რუსები.

ჩემი ბიძაშვილის მუდმივი წუწუნი და ზარები დედამისთან – როგორც გინდა წამიყვანე, მე აქ მოვკვდები. ჩვენი ჩხუბი მასთან – არა პანიკას.. ტყიდან შეშის მოტანა, ნაჯახით ატკიებული მკლავები, საჭმლის დამთავრებისას ბალახეულზე (დანდურზე) გადასვლა. თბილისიდან მოსული ახალი ინფოს მერე სოფელში “თეფშიანი” ტელევიზორის ძიება, ზოგჯერ უიმედობა – ვაი, თუ, არ გავიდნენ, ვაი თუ, სულ აქ ჩავრჩეთ.. რუსებისთვის კაი გინება.. და მაინც იმედი – რომ მალე დამთავრდება ის საშინელება , რასაც ომი ჰქვია.

ახლა მესმის, იმ ტრადიციულ ქართულ სუფრებზეც კი (რომლებიც ასე არ მეხატება გულზე), რატომ ამბობენ პირველს – მშვიდობის სადღეგრძელოს.

 

ტეგები: , , , , ,

მე ვიცავ საერთო სამაგისტრო გამოცდას ანუ რა არ უნდა გააკეთო გამოცდა(მდე)(ზე)(შემდეგ)

გუშინ საღამოს, სიკო ჯანაშიას ნოუთზე მცირედ ”წავიკამათეთ” მე, ნინო დათაშვილმა და კიდევ ერთმა ჩემმა არაფრენდმა – Anana Fok-ის სახელით დარეგისტრირებულმა იუზერმა. კამათი გააღვივა ერთიანმა ეროვნულმა თუ ერთიანმა სამაგისტრო გამოცდებმა. იმან, რომ თურმე ”მე თეოლოგს”, ”მე ფილოლოგს”, ”მე ხელოვნებათმცოდნეს”, (იქ საერთაშირისო ურთიერთობების სპეციალისტსაც თურმე) – არ მჭირდება მათემატიკა, არ უნდა გადავლახო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (20-დან 5.1 ქულა), მერე რა, რომ მე მათემატიკაში არ ვარ მაგარი, სამაგიეროდ, ჩემს პროფესიაში ვარ მხეცი და მსგავსი. არ მჭირდება ლოგიკური ამოცანები, რადგან დებილობაა”, ”სისულელეა ერთიანი სამაგისტრო და ეროვნული გამოცდები” და ა.შ.

რა მათემატიკა? რომელი მათემატიკა?

”რამდენი გრამი წითელი საღებავი უნდა შევურიოთ 15გ ლურჯ საღებავს, რომ
მიღებული ნარევის 75% იყოს წითელი საღებავი?
(ა) 30გ (ბ) 45გ (გ) 50გ (დ) 75გ (ე) 85გ

ამას რა მათემატიკა და 11 წლის მასალა უნდა? ( მე, მათემატიკაში მეექვსე კლასის მერე სამოსან ადამიანს წამომაძახეს – გეტყობა, მათემატიკაში ძლიერი იყავი, 11 წლის მასალა ზეპირად იცი და ამიტომ მოგწონს ეროვნულებიო 🙂

ახლა ეროვნულების განსჯას არ დავიწყებ, სიკო ჯანაშიას ნოუთზე წერია კომენტარების სახით არგუმენტები თუ კონტრარგუმენტები. აქ დავწერ იმას, რაც ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ტიპის გამოცდაზე გასვლისას. რაც მე და ბევრ ჩემნაირს დააკლდა..

რა არ უნდა გააკეთოთ გამოცდა(მდე(ზე)(შემდეგ) ?

1) ნუ გექნებათ საკუთარი თავის რწმენა გარკვეულ საკითხში იმ დონეზე, რომ ტესტის ნიმუშის ნორმალურად გადაშლაც დაგეზაროთ . მაგალითად, წინასაგამოცდო რამდენიმე დღე შევიკალი ყველაფერი გოდებით – მათემატიკაში რა მეშველება, რაის ლოგიკა და რაის წაკითხულის გააზრება – მაგაში ხომ ეროვნულებზე 50/50 ავიღე მეთქი. ხოდა, ბოლო საღამომდე წაკითხულის ტესტი არ გავაკეთე ( იმასაც თუ გაკეთება ერქვა – რამდენიმე წუთში მივაფუჩეჩე). საბოლოოდ კი, რა გამოვიდა? მათემატიკის 20ქულიან ტესტში – 4 შეცდომა (ანელის ორი საღამოს დამსახურებას ვერ დავუკარგავ) და ლოგიკის 17ქულიანში – 5.. წაკითხულის გააზრების 4 შეცდომაზე აღარაფერს ვამბობ.

2) არ ინერვიულო – რაც იქნება, ის იქნება – ვერაფერს უშველი თუ არ დააკლებ 🙂

3) დროის სწორად დაგეგმვა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ნუ ”დახამდებით” ჩემსავით, საათსა და 10 წუთს. ნუ გაიფიქრებთ – ამას რა უნდა. ნუ ეცემით სამივე ტექსტს ერთად, ნება-ნება ნუ დაიწყებთ კითხვას, მერე ნუ მიუბრუნდებით სათითაოდ ყველა კითხვას – ხუთი სავარაუდო პასუხიდან ორ-ორს ნუ გამორიცხავ და სხვა კითხვაზე ნუ გადახვალ. ასე გააკეთებ? მერე არ გაგიკვირდეს – 20 წუთი და 21 გასაცემი პასუხი თუ დაგრჩა.

3) კარგად გაიგე წესები!!!

ჰკითხე კურატორს (თუ არ გითხრა) – ანალიტიკური წერის ორივე ნაწილისთვის ერთად არის 70 წუთი თუ, სათითაოდ – 35-35. მერე ისე არ დაგემართოთ, რომ პირველი თემის დროზე ადრე მორჩენის შემთხვევაში, კურატორის მიერ მეორე თემის დაწყებისთვის ”გონგის დარტყმის” მოლოდინში – მეორე თემისთვის განკუთვნილი დროის ნახევარი შემოგეფცქვნათ ჭერში ყურებით და იმაზე ფიქრით – შენს თავზე მოციმციმე ნათურას, რომელიც წამში თითქმის ათი პარპალის სიჩქარით ”მოძრაობს” – როგორ აარიდო თვალი.

4) დააკვირდი ყველა კითხვას და ნუ დატოვებ წაუკითხავს მაინცდამაინც სწორ პასუხს. ხუთ სავარაუდო პასუხში ვეძებდი ვარიანტს, რომელიც სწორად მიმაჩნდა და რომელიც ”არ იყო” – მერე შემოვხაზე პასუხი, რომელიც არასრულად მეჩვენებოდა თავიდანვე, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. მეორე დღეს – ჯგუფელთან საუბრისას გავიკვირვე – არა, რას ამბობ, ეგ როგორ შემოხაზე, იმდენი ვეძებე და არ იყო მეთქი და შემდეგ, ნაეკზე რომ დაიდო ტესტები და ჩემი შემოხაზულის დაბლა, სწორედ ის პასუხი რომ დამხვდა, რომლის შინაარსის შემცველ ვარიანტსაც დავეძებდი – შემომეყარა გულს.

5) ეს შეცდომა მე არ მომსვლია, მაგრამ ჩემს ნაცნობებს მოუვიდათ – გაუფრთხილდით პასუხების ფურცელს – ნუ გადაშლით სწორ პასუხებს შემთხვევით და ნუ დაიკლებთ ამით ქულას…

6) უკვე გამოცდის მერე – იპოვნე რაც შეიძლება ბევრი შეცდომა და ნუ შეიქმნი ილუზიას, რომ ძალიან კარგად დაწერე – რადგან მერე უფრო მაგრად გაგიტყდება 🙂 როგორც დაემართათ ასევე ჩემს ნაცნობებს – მე ამ მხრივ, გამიმართლა – ტესტების გამოქვეყნებამდე, გულგატეხილი ვვარაუდობდი 16 შეცდომას, გამოქვეყნების შემდეგ – გულგატეხილმა დავთვალე 14 შეცდომა, დღეს – შედეგების გაცნობისას ასევე გულგატეხილმა აღმოვაჩინე, რომ 13 შეცდომა მაქვს 58-დან. მაგრამ მიუხედავად ჩემი გულგატეხილობისა, საბოლოოდ, ისე არ გამტეხვია გული, როგორც მათ, ვინც უმაღლესს ელოდა და საკმაოდ ბევრი შეცდომა აღმოაჩნდა 😦

ზემოთჩამოთვლილ მიზეზებს, მწამს, კიდევ ბევრი აკლია. იმისც მჯერა, რომ აქედან ყველა არ მოსვლია ერთ ადამიანს ( ჩემს თავას არ ვთვლი), მაგრამ ნაკლებად დამაჯერებენ, რომ ერთერთი მაინც – არა. ( არ ვგულისხმობ, მაღალქულიან და კმაყოფილ მაგისტრანტებს ;))

ხოდა, შეცდომები და ნაკლოვანებები ვეძებოთ ჩვენს თავებში და არა – საერთო სამაგისტრო გამოცდაში, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უკმაყოფილო ვარ ჩემი შედეგით ( ასევე მიუხედავად იმისა, რომ ბევრზე ბევრად უკეთესი შედეგი მაქვს) – მაინც ვთვლი, რომ ჩემი ბრალია და არა – გამოცდების ეროვნული ცენტრის, მაია მიმინოშვილის, დიმიტრი შაშკინის თუ ჩემი მეზობელი მაყვალასი.. ასე რომ, ჩვენს შეცდომებზე ჩვენ ვიფიქროთ , დროის უკეთ განაწილება, თავის ხელში აყვანა და ნაშრომზე მობილიზება ვისწავლოთ. განათლების სისტემას ისედაც ბევრი ხარვეზი აქვს, ჩვენი ცოდვებიც მას რომ არ გადავაბრალოთ 😉

( ეს ნაწერი ეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებსაც 🙂

 

ტეგები: , , , ,

რამდენიმე წუთი სტომატოლოგის კაბინეტში

დღეს, როგორც იქნა გავრისკე და სოფლის ხათრით მაინც ( შარშანწინდელივით ორ დღეში არ გავხდე გამოსაბრუნებელი მეთქი) დანტისტთან მივედი. ხუთზე ვყავდი დაბარებული, თუმცა, რენტგენზე ბოდიალის გამო, სხვა პაციენტმა დამასწრო და ლოდინმა მომიწია.

ექიმმა – დამელოდეო მითხრა, იქვე დავაპირე დაჯდომა, მაგრამ გვერდით ოთახისკენ მიმითითა. როგორია სტომატოლოგის კაბინეტში შენს მოსალოდნელ წამება-უბედურებაზე ფიქრი, ამიტომაც ვეცადე ”შავი აზრები” გულიდან გადამეყარა და + რეპორტაჟის წერა გამეხსენებინა : )

ოთახი, სადაც ჩემმა მომავალმა, ყოფილმა და ძირითადმა დანტისტმა გამომიშვა, ასევე სტომატოლოგიური კაბინეტია, ოღონდ ამ ოთახში კბილს მხოლოდ იღებენ და სვამენ. საიდანაც გამოვედი იქ კი – პლომბავენ. ორივე კაბინეტი მოსკოვის პროექტის ოროთახიანი ბინის შემადგენელი ნაწილია. ახლა სადაც ვარ, მას ჩვეულებრივ, სასტუმრო ოთახის დანიშნულება აქვს ხოლმე.

ოთახი 18 კვ.მეტრია (სტანდარტია ამ ბინების). კედელთან სამი სკამი დგას, ოთახის ბოლოში კი ტახტი, რომელზეც ახალგაზრდა ქალი ზის და ”მალბოროს” კოლოფს ხელში ათამაშებს. მან ქერად შეღებილი თმა გვერდზე გადაიწია და ექიმს გასძახა – არტიომ, მალე მორჩები?

სტომატოლოგი არტიომა სავარძელში მჯდომ პაციენტთან დგას. ჩემ გვერდით სკამზე მჯდომი ჭაღარა , შავოსანი ქალის მზერით, რომელიც აშკარა დაუფარავ შიშს გამოხატავს და მას არც ”ვაიმე, მეც ეგრე უნდა მიქნას” – კომენტარით მალავს, თავიდან მგონია რომ კბილს უღებს, თუმცა ორიოდ წუთში მიხვდი, რომ კი არ უღებს – უსვამს. პაციენტი სამოც წლამდე ქალია, რომელიც შიგადაშიგ წითელ მარაოს აფრიალებს და ამ უკანასკნელს არც თუ იშვიათად ექიმსაც ურტყამს ცხვირთან ახლოს.

– არტიომ, მალე მორჩები? იმეორებს ტახტზე მჯდომი ახალგაზრდა ქერათმიანი ქალი, რომელიც ახლა უკვე სიგარეტის ღერს აწვალებს თითებით.

– არ ვიცი რა, ესა და კიდე ერთი. – თავაუწევლად პასუხობს ექიმი და წვრილი ბურღით თუ ქლიბით აგრძელებს ქალის პირის ღრუში მუშაობას. შემდეგ ჩერდება და გვერდით ოთახში გადის. სავარძელში მჯდომი უკან ტრიალდება , ცისფერ თვალებს მაპყრობს და ჩლიფინით მეუბნება – ნუ გეშინია, კარგი ექიმია, ტკბილი ხელი აქვს. მერე კი სომხურად აგრძელებს რაღაცას ხმამაღლა ( არტიომამაც რომ გაიგონოს). მე მხოლოდ რამდენიმე სიტყვას – ”ცავატანემ”, ”ჰა”, ”ელი”, ”ცაუმა”, ახჩიკა” – ვარჩევ.

ექიმი ოთახში ბრუნდება, ხელში ვარდისფერი ქვედა ყბა უჭირავს, პროტეზი – ცხადია. პაციენტს წინ უდგება , პირს აღებინებს და აზომებს , შემდეგ ხელში იღებს და ქლიბვას უწყებს, ამ დროს ჭაღარა, მაღალი კაცი შემოდის, ცისფერ პერანგზე გამჭვირვალე ბადის პარკში გახვეული ორი პური და არაყი აუხუტებია და ექიმს მიმართავს: არტიომ, ის ნახე? დღეს იყო მოსული.

– ვინ, ლენაჩკა?
– ხო ეგა.
– კი, ინსტრუქცია ვაჩვენე, ამბობს სემიჩკას ვერ ვჭამო, 20 ცალის შეჭმას ვუნდები მთელი დღეო. – არტიომა რაღაც ხსნარს ასხამს ქალს პირში, ”ნერწყვი არ გადაყლაპო და გადააფურთხე ” – აფრთხილებს პაციენტს. თავად კი სათვალეს იხსნის, სალფეთქს იღებს და წმენდას უწყებს.

ტახტზე მჯდომი ქერათმიანი ქალი ფეხზე დგება და მაგიდასთან მიდის, რომლის ზედაპირი მთლიანად დაფარულია ”საგუშაგო კოშკის” სხვადასხვა ნომრით და იეღოველთა რამდემიმე წიგნით.

მე კი ჩემი ექიმი მიხმობს. პაციენტი არ გაუშვია, თუმცა, ამჯერად თავის კაბინეტში მთხოვს დაჯდომას.

ექიმი ახალგაზრდა, შავგვრემანი, მაღალი და სრული, რომ იტყვიან ახოვანიო, ისეთი სომეხია. სახელად – ლოვა. დავჯექი თუ არა, პირბადე აიფარა, ცალ ხელზე ხელთათმანი წამოიცვა და სავარძელზე გადაწოლილ პირდაღებულ მამაკაცს მიუბრუნდა.

ჩემსა და ექიმს შორის გორგოლაჭებიანი, ორსართულიანი პატარა მაგიდა დგას, რომელზეც ბურღები, ნემსები, პინცეტები, მაკრატლები და სხვადასხვა ზომის თუ სახის რკინის ჩხირები აწყვია. ასევე – დოლბანდი, ბამბა, 95%-იანი ეთილის სპირტი, ბანკით რაღაც ქაფიანი წყალი, წვრილი შპრიცი და სხვადასხვაწარწერიანი შუშები.

ჩემ გვერდით კი, მინის კარადა დგას, რომელშიც ზუსტად ანალოგიური საგნები ალაგია, ლოვამ სკამიდან წამოიწია, ხელთათმანი მოიხსნა და პაციენტის მარცხნივ და მისი თავის გასწვრივ მდებარე სპეციალურად მოწყობილ სანერწყვე ურნაში ჩააგდო, შემდეგ სქელ მინაზე ორი შუშიდან გადმოყრილი ფხვნილი დაყარა, სქელი სითხე შეურია და რკინის პიპეტით დაუწყო არევა. მიღებულ მასაში ასევე რკინის ვიწროაწეულპირიანი რკინის ”ჩხირი” ჩაყო და პაციენტის კბილისკენ წაიღო. რამდენიმე წამში ჩხირი მიაბჯინა და ჯაჯგური დაუწყო კბილს, ცაუმა? ბალიტ? – ეკითხება პაციენტს. შემდეგ წამოდგა, რაღაც მითხრა ორჯერ რუსულ-სომხურად, ვერ გავიგე, გაეცინა და გავიდა.

სავარძელში მწოლი კაცი წამოიწია, ირგვლივ მიმოიხედა, ჟღალი ულვაშები მაჯით მოიწმინდა და მის გვერდით მდებარე სარკეს დასწვდა. კბილს უწყებს თვალიერებას, თუმცა, ოთახის განათებამ არ დააკმაყოფილა და სავარძლის თავზე დაკიდებული აპარატი ჩართო. ჯერ საკუთარ თავს გაუცინა სარკეში, მერე მე შემომხედა და : კარგი ვინმეა არა? – გაიღიმა.

ამ დროს, ლოვას ტელეფონი აწკრიალდა, ემინემი უყენია ზარად, ექიმი შემორბის, პურის ლუკმას პირში იტენის და ჩქარ-ჩქარა ყლაპავს. საუბრის დამთავრების მერე კი, კვლავ პაციენტს უჯდება. ოღონდ ძალიან ცოტა ხნით – კიდევ ერთხელ ჩახედა პირში, გაუცინა და სავარძელი დაბლა დასწია. ჟღალულვაშიანი, მწვანეთვალება და ლოყაზეხალიანი 35-40 წლის კაცი ფეხზე დგება, საფულიდან ასლარიანს იღებს და ლოვას უწვდის. ხურდის მიღების შემდეგ, ექიმის ნომერს იწერს და გვემშვიდობება.

ორიოდ წუთში კი, იმ სავარძელში, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ, ორი მეტრის მანძილიდან ვუყურებდი, უკვე მე ვზივარ.

 

ტეგები: , , ,

განა მე არ ვიცი, რომ ბევრია ჩემზე უკეთესი…

თავიდან იყო ბლოგი, არა, ჩემს შემთხვევაში თავიდან იყო ”ფეისბუქი”, მაგრამ ბლოგის მაგივრობას არც თუ ისე დიდი ხანია, რაც მიწევს. იმას ვგულისხმობ, რომ შარშან ამ დროს, ბლოგზე უფრო ვმაუს-უხვობდი, მერე კი ფეისბუქმა ჩაანაცვლა და რასაც იქ ვწერ, სწორედ და მხოლოდ იმას ვტვირთავ ბლოგზე (ძირითადად). ალბათ იმიტომ, რომ იქ უფრო მეტი მკითხულობს ( ვგულისხმობ მუდმივ მნახველებს) და მკითხველებმაც მეტი იციან ჩემ შესახებ.

ხოდა, ბლოგს ძირითადად სერჩტერმებისთვის ან/და კომენტარებისთვის ვამოწმებ ხოლმე, დღეს შესულსაც იმდენი მარგალიტი დამხვდა, რომ გადავწყვიტე კიდევ ერთი პოსტი მიმეძღვნა მათთვის. ვინც არ იცის, სერჩ ტერმი არის ის სიტყვა/ფრაზა, რასაც მომხმარებელი ეძებს საძიებო სისტემაში (Google, holmes, boom.. ).. ხოდა, ამ შემთხვევაში, ძებნის ზოგჯერ ასეულობით შედეგს შორის, ერთერთი – ჩემი ბლოგი აღმოჩნდა.

პირველი ფრაზა, რამაც სწორედ ახლა გადამაწყვეტინა პოსტის დაწერა შემდეგია:

1) “არა, განა მე არ ვიცი, რომ ბევრია ჩემზე უკეთესი” – ა, კაცი/ქალი. ერთხელაც აღმოაჩინა ჭეშმარიტება და გადაწყვიტა მასზე უკეთესი ადამიანების ვინაობის გაგება. ხოდა, ასე თავდაჯერებულად, თვითრწმენით მიმართა გუგლი ბიძიას. დარწმუნებული ვარ, ისიც არ დაახანებდა და უკეთეს საიტებს ამოუგდებდა ამის დასამტკიცელად, ვიდრე ”უბრალოდ ბლოგია”.

2) “ვერ ვმუშაობ powerpoint-ში ვერაფრით” – ამანაც შემომჩივლა რაღა. იცის, ვისაც უნდა მიმართოს. მეც ასე ვიყავი – ჩემს სულ ”სამჯერგაკეთებულ” პაუერპოინტს შორის, პირველის ”აუცილებლადაწყობის” შესახებ, წინა საღამოს გავიგე. მეც დავგუგლე მაშინ – მასწავლეთ მეთქი , მარა არსაიდან ხმა, არსით ძახილი და გავიჭირვე ისევ. ( დამრიგებელი სმაილი.)

3) “მიხეილ სააკაშვილის სექსი” – ამის მოძებნა გაუჭირდათ? ოღონდ რამე მოისურვოს ამ ხალხმა და ყველანაირ ”კომპრომატს” აგიფრიალებენ ინტერნეტში… თუმცა, რავიცი რომ გაუჭირდა და ვერ მიაღწია მიზანს.

4) “ფეისბუქში დათო პაიჭაძის ნაწერების ამოყრა.” – ეს აშკარად, ირმა ინაშვილი უნდა იყოს.. ბარემ ერთად ვნახოვო.

5) “მეტროს პატრულის თანამშრომლები ვინ არიან დედას ვუტირებ” – უუფ…

6) “ჩემი რამდენიმე კონფლიქტი დედასთან” – გუგლი რომ არ გვყავდეს, როგორ გავიხსენებდით ასეთ შემთხვევებს.

7) “რა ვქნათ სექსის დროს?” – ერთი ფოტო დატრალდა ამასწინ ფბ-ში, სექსის დროს კაცი ფეისბუქში გახლავთ ლეპტოპით შესული, ხოდა, თუ ასეთი კითხვების დასმას არ მოეშვები, იქნები შენც ასე.

და :

8) “სურამელაშვილის სიმღერების მოსმენა” – მოგეწონა? ამას აქ ვერ მოისმენ. ჩემს ბლოგზე მხოლოდ მათი წაკითხვა შეგიძლია.

 

ტეგები: , ,

დაიცავი ფეისბუქი!!!

ბოლო მინიმუმ ორი თვე, მთელი საპირწიგნაკეთი გავაბეზრე ჩემი სადიპლომოს ამბებით და მასზე(ც) გაუთავებელი წუწუნით. ხოდა, გუშინ, ”არის, აღსრულდა მიზანი” და დავიცავი – ”სოციალური მედია, როგორც ინფორმაციის გავრცელების საშუალება”. ( საქართველოს შიდაპოლიტიკური ინფორმაცია ”ფეისბუქისა” და ბლოგების მაგალითზე).

საკმაოდ მაღალი , ფაქტობრივად უმაღლესი შეფასება მივიღე, ვერც კი წარმოვიდგენდი ამდენს თუ დამიწერდნენ – 99 ქულა (ნიშნის ხამი არ გეგონოთ, უბრალოდ , ადამიანური მომენტია, ქულა ზოგჯერ ასახავს იმას, რამდენად კარგად გააკეთე ის, რაც შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია (”მწვანე ვაშლის” პრომო გამახსენდა – ამას თამუნა შეყილაძე გამიგებს კარგად:)

ხოდა, 99 ქულა მეთქი, ვამბობდი, თან, ის ერთი ქულაც ხელმძღვანელმა დამაკლო და არა კომისიამ ან რეცენზენტმა, რაც ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია. ერთი ეგაა, ხელმძღვანელის განაჩენიდან პირველი ხუთი წუთი ძალიან გაოცებული ვიყავი ( არა იმიტომ, რომ ძალიან მაგარ ნაშრომად ვთვლიდი, ისე, გამიკვირდა. პირველი ეს გავიფიქრე – ნახე, რა გამიჩალიჩა მეთქი:-D რამდენიმე წუთის მერე გამეცინა და მერე კი გამიხარდა, რომ სწორედ ასე მოიქცა და არა სხვანაირად. როგორც მან თქვა, ეს მხოლოდ ამშვენებს ნაშრომს.

ძალიან კარგი/სამართლიანი კომისიის წევრები და ძალიან კარგი რეცენზენტი შემხვდნენ, მადლობა მათ. კომისიის წევრმა საბოლოო შედეგამდე მითხრა – ძალიან კარგი გოგო ხარ, ძალიან მომეწონაო. რეცენზეტმა კი – დათო (ხელმძღვანელი) რას გერჩოდაო 😀

ჰოდა, ცხადია, ჩემი დაცვის შესახებ – სად, რა და როგორ შემეშალა და ვინ, როდის ჩაახველა ამის დაწერას არ ვაპირებ. უბრალოდ, რამდენიმე ფეისბუქელს აინტერესებდა ეს ნაშრომი და გადავწყვიტე მისთვის პირწიგნაკის სინათლე მეჩვენებინა.

მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილი ნამდვილად არ არის ( ის ერთი ქულა სწორედ ამაში დამაკლდა) ძალიან მიყვარს ეს 53 გვერდი. უბრალოდ, ვეცადე, რომ ყველაფერი ჩამედო მასში, რაც შემეძლო. ფაქტობრივად, ამ სემესტრში ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე იყო ჩემთვის. ზოგჯერ მეგონა რომ ვერ გავაკეთებდი ვერაფერს და რამდენიმესაათიან დეპრესიაში ვვარდებოდი. გარშემომყოფები კი ”მსაყვედურობდნენ” – რათ გინდოდა რომ აიღე სადიპლომო, რას ყოფდი შარში თავს, აგერჩია ჩვენსავით საგნები, შენი ბრალია და ა.შ. კი, ჩემი ბრალი იყო, სავალდებულო არ გახლდათ ჩემთვის სადიპლომოს დაწერა, მაგრამ მაინც ავიჩიე, ავირჩიე იმიტომ, რომ მინდოდა უნივერსიტეტში სწავლის მეოთხე წელს მაინც, რაღაც სხვა, განსხვავებული გამეკეთებინა და ჩემი თავი წმინდად ჟურნალისტიკის გარდა, სხვა რამეშიც მომესინჯა. ეს, რაღაც მხრივ, ალბათ, მოვახერხე კიდეც.

თან, არ მინდოდა, უნივერსიტეტი ”ისე” დამემთავრებინა, ჩვეულებრივ, თითქოს მესამე, მეორე ან პირველ კურსს ვამთავრებდი, რაღაც ”ისეთის” გაკეთება მინდოდა, რაც დიპლომის აღებასთან უფრო ახლოს იყო და სადიპლომოს გარდა, განა რა შეიძლება ყოფილიყო 😀

გარდა ამისა, თემა იყო ძალზე საინტერესო. სოციალურ მედიაზე კვლევები თითქმის არ არის, ესეც არ არის განსაკუთრებით ბევრის მომცველი – პრინციპში, ვერც იქნებოდა, მაგრამ რაღაც მცირე სიახლე ალბათ, მაინც დევს ამ 53 გვერდში – სულ მცირე, “ფეისბუქის” შესახებ.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო დათო პაიჭაძეს, თემის ხელმძღვანელს. ყველაზე ”ისეთ” დროსაც კი, როდესაც ვფიქრობდი, რომ აღარაფერი გამოვიდოდა , მასალას ვერ მოვერეოდი ( არადა, ჩემი აჩემებული თემა იყო და ვერც ვერაფერს ვიტყოდი 😀 ) , მეგონა, რომ “ვერგაგებას” ვერაფერი ეშველებოდა და მაინც მივწერდი კითხვას. ვიღებდი თუნდაც სულ რამდენიმესიტყვიან ისეთ პასუხს, რომ თავში მაშინვე ყველაფერი ლაგდებოდა და ვხვდებოდი – თურმე როგორი მარტივი ყოფილა და თურმე როგორ ვართულებდი ყველაფერს. ( ის კიდევ იტყვის, მარადონა ”თლა” მართალიაო?!:-D

ღაღადს მოვრჩი, ნაშრომი კი, ამ ლინკზეა, მსურველებს – შეგიძლიათ  გაეცნოთ 🙂 (საავტორო უფლებები დაცულია 😀

 

ტეგები: , , , , , ,

როგორ გავიაროთ ადაპტაცია სოფლელებმა ქალაქში ანუ ინციდენტი ვაკის პარკში

მთელი დღე ვგეგმავდი –  სახლში როგორც კი მივალ,  ეგრევე ”წითელ წიგნს” ჩავუჯდები და თუკიდიდე-ჰეროდოტე-პინდაროს-პლავტუს-ტაციტუსს მივახრჩობ მეთქი, მაგრამ სანამ გადაუვლია სიბრაზეს – მანამდე დავწერ 😀

დღეს საღამოს, ჩვეულებისამებრ, რედაქციიდან ილიაუნიში გავუარე დეიდაშვილს. ვაკის პარკში დამხვდნენ ის და მისი სამი ჯგუფელი – თათია, ხატია და ნინო. ( შემდეგში სახელებს ვახსენებ და ამიტომ,  აქვე ჩამოვთვლი ). სურათებს იღებდნენ. მერე ატრაქციონებიც მოისურვილეს, რაკი ადრენალინის მატების სურვილი არ მქონდა, ოდენ ფოტოგრაფობას დავჯერდი და ჯერ კარუსელის, მერე კი – ”გონკების” შესასვლელში დავდექი თათიას ფოტოაპარატით ხელში.

სიმართლე რომ ვთქვა, ყურადღებას არ ვაქცევდი, ვინ რას ამბობდა – სკაიპში ვიყავი შესული, (ლალის ვეძებდი – მაგრამ სადაა. ), მხოლოდ ხატიას და ნინოს თითოოროლა ფრაზა მესმოდა – “მარტო სამი ცალი რატომ მუშაობს, ბილეთებს რომ ვყიდულობთ, არ უნდა გვითხრანო?”.

რამდენიმე წამში მესმის ქალის ხმა – შენ გოგო, დაუფიქრდი რეებს ამბობ, შენ იცი მე ვინ ვარ? – ნუ, თუ სიტყვასიტყვით არა – მსგავსი შინაარსის მაინც.

გავიხედე, ვერ მივხვდი, რა ხდებოდა და მხოლოდ ყურებას დავჯერდი. ხატიას მიმართავდა ვიღაც ქერათმიანი, 40-50-ს გადატანებული , “ადიდასისსპორტულშარვლიანი” ქალი – შენ როგორ მითხარი, შე თავხედო, იცი, ვის ელაპარაკები – და მასეთები. ხატიას არაფერი უთქვამს, წინ გადაიწია – ”გონკების კაცისკენ” და გადააწოდა ბილეთები.

თუუურმე რა ყოფილა საქმე. ამ ქალს ხელში სჭერებია ბილეთები და ხატიას უკითხავს: თქვენ იღებთ ბილეთებსო? სწორედ ამაზე ამტყდარა ერთი ამბავი – ეს როგორ მკადრეო.

ნუ, ბავშვები ხმას არ იღებენ, მეც ჩუმად ვარ. ეს მაინც აგრძელებს:
– ეს სოფლელები, რეებს ბედავენ, შეენ გოგო, აქ რომ ჩამოდიხარ, აქაურ წესებს უნდა მოერგო, გაიგე?

ნინო მიმართავს : ქალბატონო, დიდი ბოდიში თუ შეურაცხყოფა მოგაყენეთ, მაგრამ ბილეთები გეჭირათ და იმიტომ გკითხეთ, რა დაინახეთ ამაში შეურაცხყოფის მსგავსი, არ მესმის.

– შენ სადაური ხარ გოგო?
– აქაური ვარ.
– აქაური? არ გეტყობა აქაურობა, წესებს მოერგე გოგო, ეს თბილისია, ის კი ნუ გგონია..  – გიორგი, წავედით , გიორგი, წამოდი – უყვირის მანქანაში მჯდომ – 7-8 წლის ბიჭს.

ნუ, არ ჩერდება ეს ქალი რა, იქ თათია ცდილობს აუხსნას – რა და როგორ. ისმის: ”შეურაცხყოფას ნუ გვაყენებთ” და მსგავსი კომენტარები.

ეს ქალი კი, ჩადის ”საგონკაო მინდორზე”, მანქანასთან მდგომ ხატიას მიენთო ყვირილით – შეენ გოგო, აქ რომ ჩამოდიხარ, ადაპტაცია უნდა გაიარო, გაიგე? პირდაპირ აქ კი არ უნდა მოხვიდე, წესებია აქ, წესები – და ზურგით მდგარი შემოატრიალა.

აი აქ ამომასხა. სამწუხაროდ ( ყველაფერს პირდაპირ რომ ვამბობ, ნერვებს ვიშლი, დიპლომატიის სრულ დეფიციტს განვიცდი… არც ღირს ასეთებს თავი გაუყადრო…) თუ საბედნიეროდ ( აღარ ვიბოღმები საკუთარ თავზე – ეს როგორ შევარჩინე მეთქი ) ასეთ დროს და ასეთებთან კამათს არ ვერიდები და პირდაპირ ვეუბნები, რასაც ვფიქრობ, თუნდაც, ცუდად შემომიბრუნდეს. ხოდა, გავეჯგიმე წინ და ვეუბნები:

– რა გაჩხუბებთ?
– იცოდე, როგორ უნდა მომართო შე სოფლელო.
– და თავად, ვაკელი?
– აბა რა ვარ. ( სახეზე აწერია – ვაი, შე უბედუროვო);
– და რაკი ვაკელი ხარ, ანუ ძალიან მაგარი  ხომ?
– გეტყობა, რომ ”გამოთლილი სოფლელი” ხარ, ვერ ხვდები, რომ ქალაქელობას სხვა რამე ჭირდება, რასაც ვერასოდეს შეიძენ – აქ უნდა იყო დაბადებული და გაზრდილი.
– ოოო, მე რომ ვარკეთილელები მირჩევნია შენნაირებს?
– ხოდა, სოფლელი ხარ, შე უბედურო.
– რაო, სად იყო თბილისში პირველი სოფელიო, სადაო?
– ვინ მოგატყუა შე უბედურო, წიგნი წაიკითხე მეტი, შე ჩამოსხმულო სოფლელო. რა უნდა გელაპარაკო შენ.

აი, აქ ამასხა 😀 როგორც ჩემი მეგობარი პასუხისმგებელი მდივანი, პატიკა იტყოდა – იმით ”მომაქს თავი”, რომ ბავშვობიდან ძალიან ბევრ წიგნს ვკითხულობდი ( ამაში სწრაფი კითხვის ჩვევაც მიწყობდა ხელს). ბოლოსდაბოლოს, მეხუთე კლასის არდადეგებზე 147 წიგნი წავიკითხე ( დავალებად გქვონდა – უნდა ჩამოგვეწერა რა წიგნებს წავიკითხავდით ზაფხულში), უბნის ბიბლიოთეკაში ჩემზე “ლეგენდები” დადიოდა და ჩემს დას , ჩემი ხათრით ”აქტიური მკითხველის წოდება აქვს” ( არადა, წელიწადში ერთი წიგნი გამოაქვს და იმასაც მე ვკითხულობ), ხოდა, ეს ვიღაც სნობი მეუბნება – მეტი წიგნი წაიკითხეო. ნუ, არც ვაციე, არც ვაცხელე და ნეტა, ჩემი წაკითხული წიგნების მეასედი დაგსიზმრებოდეს მეთქი ( მეც ვითავმდაბლე რაღა). წამოვიდა პასუხად: შეე უზზზზრდელო, შეე თააავხედო, შეე სოოფლელო, რა უნდა გელაპარაკო. ( ”მიხედე შენს შნურუკებს”-ღა აკლდა, მაგრამ ეს ხომ ქალაქელია 😀

– ვარკეთილელი ხარ არა? რომელ მიკრორაიონში ცხოვრობ? ( თან ძალიან ახლოს დგას, ხელებს აქნევს –  აი, ისე დაახლოებით – ეეე, ჩვენი ძმა ( ეფიცხები იამაიკის მზეს? – არა), ქურდი ხარ ძმაკუუუშ, ბიჭებს ამოვიყვან და შევხვდეთ.. ) . ერთი გაფიქრება კი გავიფიქრე – ახლა თუ დამარტყა, მზად ვიყო მეთქი.
– რა მიკრორაიონში , დამპალოს სასაფლაოს ბოლოს ვცხოვრობ, ვარკეთილის მეურნეობის უკიდურესში მეთქი ( მოვატყუე ოღონდ, მეტროსთან ვარ ახლოს 😛

– გეტყობა, მეტი სად იცხოვრებ, სოფლელო შენ – იმეორებს მაინც თუ როგორი გოიმები ვართ, ქალაქი რომ ვნახეთ, მადლობას უნდა ვიხდიდეთ , მაგრამ მკვიდრ ქალაქელებს კი არ უნდა ვაწუხებდეთ. ჩვენი ადგილი უნდა ვიცოდეთ…

ბოლოს, თქვენ რა უნდა გელაპარაკოთო და წავიდა, თუმცა, მოგვაყოლა: თქვენი ნაბიჭვარი დედებიო :)) მერე უკვე გვეცინებოდა ( ნინომ მიაძახა – ნაბიჭვრები სახლში მოიკითხეო – მობრუნებას აპირებდა) და რომ მობრუნებულიყო, ალბათ, გვნახავდნენ პატრულში თქვა:)))

ხოდა ახლა ვფიქრობ.. მაინც ვერ მოვიფიქრე რა სამაგისტრო პროგრამას მივანიჭო უპირატესობა და ის ქალი უნდა მოვძებნო – ეგებ მოკლე კურსი მაინც გამატაროს, როგორ გავიარო მე, ვარკეთილში დაბადებულმა?! ( ამდენი არ ვიცი, მგონი, თემქაზე დავიბადე, ერთი ვკითხო დედაჩემს), მოსკოვის პროსპექტსა და ვარკეთილში გაზრდილმა თავხედმა და რავიცი კიდევ როგორმა – ადამიანმა ვაკეში ადაპტაცია, რომ მერგოს პატივი – ვაკის პარკში გავლისა!!! ( დანარჩენებიც შემომიერთდებიან :-D)

 
6 Comments

Posted by on ივლისი 2, 2010 დუიმი მე:-)

 

ტეგები: , , , ,

დეიდა ზიიიზი ყვეელას უყვაარდა….

მას, ვისთვისაც მეტრო მგზავრობის ერთერთი ძირითადი საშუალებაა, ალბათ, ერთხელ მაინც ეყოლება ნანახი პატარა, გამხდარი, ქერათმიანი ქალი. ის ვაგონში, ყოველთვის განაპირას ზის, კართან ახლოს. მუდამ დიდი ჩანთით დადის, რომელსაც დაჯდომისას ხსნის, A4 ზომის თაბახის ფურცლების დასტას და უბრალო ფანქარს იღებს, აქეთ-იქით მიმოიხედავს და მგზავრების ხატვას იწყებს. ფანქრის რამდენიმე მოსმით, ”პორტრეტი” მზად არის, შემდეგ ხელს მოუწერს ( ოდენ – ”ზიზის” ვარჩევ ხოლმე) და ადრესატს – ან სხვისი ხელით გაუგზავნის, ანდაც თავად მიართმევს. თან, ჩუმადაც წასჩურჩულებს – ხურდა ხომ არ გექნებაო…

მე ეს ”ბედნიერება” ბოლო ათი თვის მანძილზე, სამჯერ მხვდა წილად. სწორედ ამდენჯერ გავხდი მისი ”ფანქრის მსხვერპლი”. პირველი ორი ფოტო კიდევ ჰო – ჩემს თავს ვერა, მაგრამ ერთმანეთს ოდნავ მაინც მივამსგავსე. დღევანდელზე კი რა ვთქვა. აი, სამივე ფოტო 😉

2009 წლის 12 აგვისტო. ხელში ტელეფონი მიჭირავს. მესიჯობა არ დამაცადა - ჩვენი პირველი შეფეთება.

2009 წლის 12 აგვისტო. ხელში ტელეფონი მიჭირავს. მესიჯობა არ დამაცადა – ჩვენი პირველი შეფეთება.

2009 წლის 10 ნოემბერი. ”ვეფხისტყაოსანს” ვკითხულობ გამწარებული.

და დღეს – ანტიკური ლიტერატურის ისტორიის დიიიიდი, წითელი წიგნი მიპყრია ხელში და ანაკრეონს ვიმეორებ 🙂

ნუ, მე ვარ რა!!!

 

თოვლი გახეხილი თხილით

რა უნდა ქნა, როდესაც ზაფხულის სიცხე გთანგავს, და როდესაც ჟურნალისტისთვის საინტერესო არაფერი არ ხდება? ცხადია, ნაყინზე, ყინულზე, “ცივზე” უნდა იფიქრო და არა მარტო – იფიქრო, გახვიდე ნუცუბიძეზე მდებარე მაღაზიაში და შოკოლადის “ქებული” იყიდო.

ცოტა თუ შემხვედრია ადამიანი, ვისაც ეს ნუგბარი არ უყვარს, პრაქტიკულად, თითზე დასათვლელი. აქედან, ერთი – დედაჩემია.

ჰო, მას არ უყვარს მაინცდამიანც ნაყინი, თუმცა, ჩვენ გვყიდულობდა “კალორიულია და ცუდი არ არისო” ( ძალიან გამხდარი ვიყავი, ვერ წარმოგიდგენიათ ჰო? )

მაგრამ ვაი, უბედურებავ და… დღეში ერთ ცალზე მეტს არა. ეს ერთი მხრივ, სოციალური შეჭირვებით იყო გამოწვეული, ( რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი უნაყინო)) და მეორე – ჩემი და მუდამ ცუდად იყო, ქრონიკული ფილტვების ანთება ჰქონდა და დედაჩემსაც ამით შეშინებულს, ერთი რომ ჩაფუთნულები დავყავდით ( კიდევ კარგი, რომ გავიზარდე :/ და მეორეც, ცივი წყლის დალევასაც კი გვიშლიდა.

მე კი, ყველაფერი სწორედ ცივი და გაყინული მიყვარდა. ერთი, ჰაჰა ორი ნაყინი დღეში ( ესეც ზაფხულში, თორე ოდნავ აგრილების მერე, ვინ რას მაღირსებდა) არ მყოფნიდა, სულ ნაყინი, სულ ცივი მინდოდა, მეც მოვიფიქრე გამოსავალი.

თოვლი გიჭამიათ?? გეცინებათ თუ თავს შეშფოთებით იქნევთ – ეს ვერ არისო?
ისეთ ჭამას არ ვგულისხმობ, გუნდაობისას რომ ძალით გატენიან პირში.
აი ისე, როგორც ნაყინის შემცვლელი. ჰო, ახლა მეც მეცინება, მაგრამ ბავშვობაში, ნუ რა ბავშვობაში, 13-14 წლამდეც კი, თოვლის მოსვლის პირველ დღეს ( “ქორფა” და “სუფთა” რომ იყო) ნაყინის დღესასწაული მქონდა. დედაჩემი დილიდან საღამომდე მუშაობდა, ჩემს დას სკოლაში ან ეზოში გავისტუმრებდი და მე “ვბაირამობდი”.

მეცხრე სართულზე ვცხოვრობ, აივანზე ხის “კომოდივით” რაღაც მუდამ გვედგა ხოლმე, სადაც მურაბებს და კომპოტებს ინახავდა ხოლმე დედაჩემი, სწორედ მასზე დადებულ თოვლს ავაცლიდი ნახევარ ფენას, ( აქაოდა, ზემოდან სუფთაა მეთქი)) გავიტანდი ღრმა თეფშით, მანამდე მომზადებული მქონდა შაქარი, ყავა, დანაყული თხილი, მოვაფრქვევდი ამ ყველაფერს და “ვგულაობდი” რა.

მაგრამ როცა თოვლი არ იყო? მაშინაც ვპოულობდი გამოსავალს, მაცივარი.. დედაჩემი დიდის ამბით გამორთავდა ხოლმე აცივებისას მაცივარს, ცივი წყალი არ დალიონო, მე კი ჩავრთავდი რამდენიმე საათით ( ჩემნაირი შვილი რომ “შემხვდეს” 14 წლამდე, თავასაც მოვიკლავ) – საყინულეში შევდგამდი ორი ჯამს, ერთ კუბებიან ფორმას და ერთსაც, “ზაპასად” – ლიტრანახევრიან ბოთლს მივაყოლებდი.

მაგრამ ერთფეროვნება არ მიყვარდა, ერთს ლიმონათით გავავსებდი და იმას ვყინავდი, რაც მაინცდამაინც კარგი არ იყო. რადგან გაყინვისას გემოს არომატიზატორი იკუმშებოდა, მხოლოდ ერთ პატარა ადგილას იყინებოდა და დანარჩენი წყალი რჩებოდა, რაც ჩვეულებრივ წყალზე ბევრად უგემური იყო, ამიტომ ამას შევეშვი და ისევ “ყავა-შაქრის” ხსნარს ვყინავდი. ან არადა, გაყინულს კოვზით ვჩეხავდი და მერე ვაყრიდი შაქარს, ყავას, თხილს თუ რამე გასახსნელ წვენს. (უფრო ცოცხალი და ნატურალური იყო ). ბოთლის შემთხვევაში ცოტა რთულად იყო საქმე, რადგან უნდა დამეტეხა ყინული, თან მაგარი ყინული. ვჭრიდი ამ ბოთლს, ვატეხდი ნაწილება, ამ ცოდვილობისას კარზე დააკაკუნებდნენ და მეც ამ ნაწვალებს ურნაში მოვისვრიდი, ვინმეს ფაქტზე რომ არ დავეჭირე..

მერე კი, გავიზარდე და შევეშვი, როგორც ანელი იტყოდა, გახეხილთხილიანი თოვლის ჭამას, მაგრამ ნაყინის გიჟური სიყვარული ბოლომდე გამყვა. (მხოლოდ ერთი სეზონი ვერ ვიტანდი, როდესაც გლანდების ოპერაცია გავიკეთე და მაშინ მაჭმევდნენ ბევრ ნაყინს) – მეგონა, რომ გაფუჭებულ მაწონს ან ხაჭოს ვყლაპავდი:-/).

ზაფხული მოვიდა და სწორედ ნაყინსა და ყინულში მიდის ჩემი ხელფასის საგრძნობი ნაწილი. შემიძლია გაუჩერებლად მივაყოლო ერთს მეორე, მესამე, მეოთხე და ასე უსასრულოდ ). მიყვარს, როდესაც გაყინული პეპსის და ფანტის სმისას, ყინულის ნატეხებსაც ვყლაპავ. მერე რა, რომ ყელის ქრონიკული ტკივილი მაქვს..
“რომელიღაც” რეკლამა მიყვარს: დალიე ცივი…

 

ტეგები: , , ,